პროზა

გელა ჩქვანავა – შიშის საათი

gela 4903875

– ასე ძალიანაც ნუ დაფრთხებით! – დამყვავებლური ტონით მიმართა ბაჭიამ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში შეკრებილებს, რომლებიც ახლა მისი მძევლებიც გახლდნენ და კიდევ ერთხელ გადათვალა ისინი: სულ ცამეტნი იყვნენ, გოგონა მეთოთხმეტე.

“მეთოთხმეტეა!” – გაიფიქრა ბაჭიამ, საშუალო სიმაღლის, გამხდარმა, შემელოტებულმა და თმაშეჭაღარავებულმა მამაკაცმა.

გოგონა თორმეტისაც არ იქნებოდა. ბაჭიას ისე შეჰყურებდა, რომ თავი, ალბათ, სიზმარში ეგონა.

– დასხედით ბარემ, ხელები მუხლებზე დაიწყვეთ და უნებართვოდ არ ჩამოიღოთ, თუ არ გინდათ რომ გავბრაზდე! – უთხრა ბაჭიამ თავის მძევლებს და ისინიც დასხდნენ პლასტმასის გადაბრუნებულ ყუთებზე, ბაჭიას მითითებით კედლის გასწვრივ რომ ჩაამწკრივეს ცოტა ხნით ადრე.

გოგონა ისედაც იჯდა – მას ბაჭიამ გაუღიმა, შემდეგ მძევლების მუხლებზე დაწყობილ ხელებს გადახედა.

– მშვენიერია! – თქვა მან.

მისი მზერა კუბოკრულ პერანგში გამოწყობილმა, შავგვრემანმა, ორმოც წლამდე ქალმა მიიქცია, რომელსაც ფრჩხილებიც წითლად შეეღება და ტუჩებზეც წითელი საცხი გადაესვა.

ქალი აიმღვრა.

– ნუ გეშინია, ლამაზო! – მიმართა მას ბაჭიამ.

სარდაფს ქუჩის მხარეს ჭერთან განლაგებული ერთადერთი კვადრატული, მომცრო სარკმელი ანათებდა.

– ყოველი დაბომბვისას თუ აქ ჩამოდიხართ, ბარემ თქვენ-თქვენი ძველი სკამები ჩამოგეტანათ ან ტაბურეტები მაინც. რა უბედურებაა ამ ყუთებზე ჯდომა. პირველად რომ შემოვედი, ასე მეგონა, ღამის ქოთნებზე სხედან-მეთქი! – გაბრაზდა უცებ ბაჭია.

– კრიჟანები ყოფილხართ! – დაასკვნა მან ბოლოს და გოგონას გადახედა: – ეს შენ არ გეხება, ცუნცულ და არც მუხლებზე ხელების დაწყობა გევალება!

ბაჭიამ გოგონას გაუღიმა, შემდეგ ერთ-ერთს, ოცდაათ წლამდე, ქერა, ცისფერთვალება, გამხდარსა და მაღალ მამაკაცს ავტომატის წვერით მის წინ დადებულ თავისუფალ ყუთზე მიანიშნა და თვალებში ჩააცქერდა.

მამაკაცი დაიხარა, ყუთი აიღო და შეყოვნდა.

– ჰო, რას აპირებ? – ჰკითხა მას ბაჭიამ.

– მოგიტანოთ? – იკითხა ქერამ.

– მაინტერესებდა შენით თუ მიხვდებოდი. ბოლოს და ბოლოს მიხვდი და გილოცავ! – კბილებიდან გამოსცრა ბაჭიამ.

მოგვიანებით, როცა ყუთზე დაჯდა და უნებურად ამოიოხრა, მიხვდა, თუ როგორ დაღლილიყო – უფრო სწორად, მოსწყენოდა ეს ყველაფერი, ომი, აქამდე გადატანილი ყველა ბრძოლა ერთად აღებული და ომის თანმდევი სიკვდილის შიში.

იმ საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით, რომლის სარდაფშიც ახლა ის ასე ერთბაშად და თავისდა მოულოდნელადაც მძევლად აყვანილ თოთხმეტ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, მცირეყალიბრიანი ჰაუბიცის ჭურვი დაეცა და ბაჭიამ შეატყო, თუ როგორ შეკრთა ქერა.

– გეშინია დაბომბვის? – ჰკითხა მას ბაჭიამ.

ქერამ დუმილით უპასუხა.

– რაღაცა გკითხე! – მშვიდად შეახსენა ბაჭიამ და ზურგით კედელს მიეყრდნო. – არ მიყვარს, როცა კითხვაზე არ მპასუხობენ!

– დაბომბვის ვის არ ეშინია, შვილო! – ქერას მაგივრად მიუგო გოგონას გვერდით მოკალათებულმა, ღია სალათისფერ სპორტულ შარვალსა და პიჟამოში გამოწყობილმა ჩასუქებულმა ქალმა.

– რამდენისა ხარ? – ახლა სპორტულპიჟამოიან ქალს მიუბრუნდა ბაჭია.

– ორმოცდათოთხმეტის! – თქვა იმან.

– მე კი ორმოცდაერთის! – გაეცინა ბაჭიას. – ჯიში მაქვს ეგეთი – ჩემი გვარის მამაკაცებს ასაკი არ ეტყობათ, სამოცს რომ მიუკაკუნებენ, უცებ მოტყდებიან და სამოცდახუთს ვერ გადასცდებიან – ფეხებს გაფშეკენ ხოლმე!

სპორტულპიჟამოიანი ქალი, რომელიც ყოჩაღი ჩანდა, დაიბნა.

– ყველანი ამ კორპუსში ცხოვრობთ?

მძევლებმა ერთმანეთს გადახედეს.

– ეს გოგონაა მხოლოდ უცხო! – ენა ამოიდგა ისევ სპორტულპიჟამოიანმა. – მე მოვიყვანე. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ჩემი ბინიდან ფანჯარაში რომ გავიხედე, ვნახე, რომ სადღაც გარბოდა, დავუყვირე, გარაჟებს ამოეფარე და დამელოდე-მეთქი და…

– ესე იგი, ამ გოგონას გარდა ყველა აქაურები ხართ, არა?! – გააწყვეტინა მას ბაჭიამ.

– დიახ! – დაუდასტურა სპორტულპიჟამოიანმა.

– ამკორპუსელები და ამსადარბაზოელები?!

– დიახ! – ისევ დაუდასტურა სპორტულპიჟამოიანმა.

– ძალიან კარგი!

ბაჭია კედელს მოშორდა, მსუბუქი ჯავშანჟილეტის გვერდითა თასმებს ოდნავ მოუშვა, ისევ კედელს მიეყრდნო, ქუდი მოიხადა და მუხლისთავზე ჩამოიდო.

– გამიმართლა, თქვენ რომ გადაგეყარეთ. მანამდეც, დილიდან მოყოლებული რამდენჯერმე გამიმართლა, კაცმა რომ თქვას, მაგრამ თქვენთან შეხვედრა ყველაზე დიდი გამართლებაა! – თქვა ბაჭიამ და გაიღიმა. – ახლა აქ, უცებ თქვენიანები რომ შემოცვივდნენ, ხომ არ დაანებებთ ჩემ თავს, ხომ გადამეფარებით მკერდით?!

სიჩუმე ჩამოვარდა.

– იუმორში ჭედავთ! – თქვა ბაჭიამ. – ჭედავთ, ამის დედა ვატირე, მაგრამ არა უშავს!

ბაჭიამ თვალები მოჭუტა და ჰაერი მონდომებით დაყნოსა.

– ვირთხების ფსლის სუნია, მაგრამ ამასაც არ უშავს! – განაცხადა მან ბოლოს. – მეც ასეთ კორპუსში ვცხოვრობდი, ოღონდ იმას სარდაფი არ ჰქონდა, თქვენ კი აქ თითო სადარბაზოზე თითო გქონიათ. კარგია, მშვენიერია!

 

– ეს რამდენი სნაიპერი გყოლიათ! – თქვა ბაჭიამ. – აბა, შემახსენეთ, იმ რაიონს რა ჰქვია, საიდანაც ჩვენ შემოვედით ამ ქალაქში?

ბაჭიამ გაიღიმა და თოთხმეტი მძევლიდან მათ შუა მჯდომ, შუახანს მიღწეულ, მოსული ტანის მამაკაცს მიაჩერდა, რომელსაც ჭაღარა, ხშირი თმები დახუჭუჭებოდა.

– შუქურა! – მიუგო იმან. – ძველად მანდ შუქურა იყო. მერე სხვაგან დადგეს უფრო მაღალი, რაიონს კი სახელი მაინც დარჩა!

– ეგ უკვე ვიცი! – თქვა ბაჭიამ.

– შუქურას რაიონი! – გაიმეორა მან. – არადა, რა დასავიწყებელი ეგ იყო. სიგარეტი თუ გაქვთ?

– გვაქვს! – თქვა ქერამ.

– ძალიან კარგი. ესე იგი, ჩემსას თამამად მოვწევ და რომ დამიმთავრდება, თქვენ მასესხებთ და ომის დამთავრებამდე უკან ჩაგასესხებთ როგორმე!

ბაჭიამ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოუკიდა.

– შენ რატომ არ იბრძვი? – ჰკითხა მან ხუჭუჭას. – რატომ არ ჩადექი ქალაქის გმირ დამცველთა რიგებში?

ხუჭუჭა ჩუმად იყო.

– გული მაწუხებს! – თქვა მან ბოლოს.

– გული გაწუხებს თორემ დაიცავდი ქალაქს ჩვენგან, დამპალი სეპარატისტებისგან, არა?! – ბაჭიამ მაჯის საათზე დაიხედა.

– შუნტირება გავიკეთე! – თქვა ხუჭუჭამ.

– შენ შუნტირება გაიკეთე, ჩვენ კი ამ სირისტიანი ქალაქის შტურმი ვერ გამოგვივიდა! – წარმოთქვა ბაჭიამ და თავის კალამბურზე მხოლოდ თვითონ გაეღიმა.

სადღაც ახლოს კიდევ ერთი ჭურვი აფეთქდა – ამჯერად მსხვილყალიბრიანი ჰაუბიცის.

– ძალიან არეულად კი იქცევიან ჩემები, უსისტემოდ იბომბებიან! – თქვა ბაჭიამ. – წინასწარ იცოდით, რომ შემოგიტევდით, არა?! იცოდით, რომ დესანტი იქნებოდა ზღვიდან?!

– ჩვენ არაფერი ვიცოდით. მართლა არაფერი ვიცოდით, გეფიცებით! – თქვა სპორტულპიჟამოიანმა ქალმა, რადგან ბაჭიამ ყველაზე ბოლოს მასზე შეაჩერა მზერა.

– სამაგიეროდ სადაც საჭირო იყო იქ იცოდნენ ყველაფერი თქვენებმა! – თქვა ბაჭიამ და ქუდი დაიხურა. – იცოდით, ამის დედა ვატირე და ამიტომაც დაგვახვედრეს იქ, სანაპიროზე დაცვის ორმაგი ხაზი, ყველა კორპუსის თუ სახლის სახურავზე კიდევ სნაიპერი, ზოგან წყვილ-წყვილად!

ბაჭიამ სიგარეტის ნამწვი ხუჭუჭასკენ გამიზნა და წკიპურტით მოისროლა, მაგრამ კარგად ვერ გათვალა – ნამწვმა ხუჭუჭამდე ვერ მიაღწია.

– პარდონ, ზედ შენს ფეხებთან მინდოდა დამეგდო, მაგრამ არ გამომივიდა! – უთხრა ბაჭიამ ხუჭუჭას. – ჰოდა, შეიწუხე ახლა თავი, ადექი და ჩააქრე!

ხუჭუჭა შეყოყმანდა, თავისიანებს გადახედა და ადგა. სიგარეტის ნამწვს მიუახლოვდა და მის ასაღებად დახრა დააპირა.

– ფეხით ჩააქრე! – უთხრა ბაჭიამ. – არ მინდა დაგამცირო. ფეხით ჩააქრე და ეგ იქნება!

ხუჭუჭამ ნამწვი თავისი თეთრი ბოტასის წვერით ჩააქრო.

– ესეც ასე! – თქვა ბაჭიამ და ხუჭუჭას ბოტასებს დააცქერდა.

– არ ეწევი, არა? – ჰკითხა ბოტასების პატრონს.

– ხუთი წლის წინ დავანებე თავი!

– ოპერაციაც მაშინ გაიკეთე?

– არა. ოპერაცია ახლახან გავიკეთე, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე!

– რა მაგრა გათვალა იმ თქვენმა გენერალმა, ვინც სნაიპერები ჩამოარიგა სახურავებზე – კარგი ტაქტიკური სვლა იყო. ეგენი რომ არა, ვერ გიშველიდათ თავდაცვის ორმაგი ხაზი და ვერც მაშველი ძალა და ახლა აქ, თქვენ წინ გალოკილი თითივით მარტო არ ვიქნებოდი. ეგ უეჭველია!

ხუჭუჭა დამჯერე ბავშვივით იდგა და ბაჭიას შესცქეროდა.

– სნაიპერებმა ისე დაგვაბნიეს, ლამის პანიკამდე მიგვიყვანეს – რაც მართალია, მართალია!

ბაჭიამ გადააწიტა.

– ბაჭია მქვია! – ხმამაღლა გამოაცხადა მან. – მიცნობდეთ და მწყალობდეთ!

– ჯუმბერი! – თქვა ხუჭუჭამ.

– მე ხუჭუჭას დაგიძახებ, ასე მირჩევნია! – უთხრა ბაჭიამ.

 

– შეიძლება წყალი დავლიო? – იკითხა წვრილთვალება, ოდნავ ელამმა ქალმა, რომელსაც მუხლსზემოთ კაბა ეცვა და კეხიანი ცხვირიც ამშვენებდა.

სანამ ხუჭუჭას სახელს გაიგებდა, ბაჭიამ მხოლოდ ამ ქალის სახელი იცოდა, შემთხვევით გაიგო, როცა მას გვერდით მჯდომმა მიმართა – ნაზი ერქვა.

– რისი დალევა გინდათ? – ჩაეკითხა ბაჭია.

– წყლის!

– მერე და სად არის წყალი?

– აქა მაქვს! – მიუგო ნაზიმ და გვერდზე დაიხედა, სადაც პლასტმასის ყუთთან წყლით სავსე პლასტმასივე ბოთლი დაედგა.

– ჰოდა, აიღეთ და დალიეთ, რა პრობლემაა?!

– თქვენ ხომ თქვით, მუხლებზე გედოთ ხელებიო… – გაუბედავად წარმოთქვა ნაზიმ.

– ჩამოიღეთ ხელები, დალიეთ წყალი და მერე ისევ მაგ მშვენიერ მუხლებზე დაიდეთ! – უთხრა ბაჭიამ. – წყალი რატომ წამოიღეთ თან, გაციებული ბრძანდებით?

– არა, ყველი გამოდგა ძალიან მარილიანი. ვერ გავთვალეთ მე და მარინამ!

– მარინა ვინ არის?

– ჩემი მეზობელი. მშობლებმა გამოუგზავნეს სოფლიდან ყველი და ძალიან მარილიანი გამოდგა!

– აბა ქალბატონი მარინა დამენახოს რომელია! – წარმოთქვა ბაჭიამ.

– აქ არ არის! – თქვა ნაზიმ.

– აბა სად ჯანდაბაშია?

ნაზი ჩუმად იყო.

– სად არის-მეთქი?! – უეცრად გაბრაზდა ბაჭია.

– არ ვიცი, ალბათ, სახლშია!

– თუ სახლშია, აუცილებლად ჩამოვა! – თქვა ბაჭიამ. – თქვენ გაუთხოვარი ბრძანდებით, არა?

ნაზიმ თავი დახარა და მღელვარებისგან სახეზე სიწითლემ გადაუარა.

– სწორად მივმხვდარვარ! – თქვა კმაყოფილმა ბაჭიამ.

ჯუმბერი ისევ იქ იდგა.

– ქალბატონო ნაზი, დალიეთ წყალი თორემ ამდენ ლაპარაკში კიდევ უფრო გაგიშრებოდათ პირი! – უთხრა ნაზის ბაჭიამ.

ნაზიმ მუხლებიდან ხელები ჩამოიღო და წყალი დალია. შემდეგ ხელები ისევ მუხლებზე დაიდო.

– შენ დაჯდომა არ გინდა? – ჰკითხა ბაჭიამ ჯუმბერს.

იმან არ იცოდა რა ეპასუხა – ბაჭიას გაბრაზებას მოერიდა.

– არ გინდა – ნუ გინდა. იდექი – გაიზრდები!

ბაჭიამ კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და სანამ მოუკიდებდა, თითქოს რაღაცაზე დაფიქრებულმა თითებით თავი მოუფშვნა.

– პატარაობისას დამჯერე ბავშვი იყავი თუ ცელქი? – ჰკითხა მან ჯუმბერს.

ის ისევ ჩუმად იყო.

– უფრო თამამად! – გაამხნევა ის ბაჭიამ. – რა ხელობის კაცი ხარ, ჯუმბერ?

– შოფერი ვარ!

– მართლა?… კოლეგები ვყოფილვართ. რომელ მანქანაზე იჯექი?

– სატვირთოზე!

– მე თავიდან ავტობუსზე, მანამდე ტაქსისტიც ვიყავი – წელიწადნახევარი ამ ქალაქშიც ვიმუშავე. ბოლოს ხაზეინს ვემსახურებოდი. კიდევ არის აქ ვინმე შოფერი? – იკითხა ბაჭიამ და შეამჩნია, რომ ორმა სპორტულპიჟამოიანისკენ გააპარა მზერა.

– კიდევ ხომ არ გწყურიათ? – ნაზის მიმართა ბაჭიამ.

– არა! – მიუგო იმან.

– შენ ვინ გყავს ოჯახში შოფერი? – მოულოდნელად სპორტულპიჟამოიანს მიუბრუნდა ბაჭია.

– ქმარი! – თქვა მან მოგვიანებით.

– ჰოდა, ახლა სად არის შენი ქმარი? – კითხვა მოუნაცვლა ბაჭიამ.

– ქალაქში იყო გასული!

– სიგარეტის საყიდლად თუ ბაზარში გააგზავნე კარტოფილისა და პომიდვრის მოსატანად?

სპორტულპიჟამოიანი დუმდა.

– სხვა ქალბატონების სახლეული კაცებიც კარტოფილისა და პომიდვრის მოსატანად იქნებიან წასული! – გაიცინა ბაჭიამ და სპორტულპიჟამოიანს თვალიც კი ჩაუკრა. მაინტერესებს რომელი მიმართულებით იბრძვის შენი ქმარი. ჩვენ ხომ სამი მხრიდან შემოგიტიეთ!

სპორტულპიჟამოიანი ისევ დუმდა.

– ერთ დიდ საიდუმლოს გაგიმხელ – ზღვიდან გადმოსხმულ დესანტზე გვქონდა მთავარი გათვლა, თორემ დანარჩენი ორი მხრიდან ცრუ შემოტევა იყო. ახლა შენც გამიმხილე საიდუმლო და მითხარი, რომელი მიმართულებით იბრძვის შენი ქმარი. უბრალოდ მაინტერესებს, მეტი არაფერი!

სპორტულპიჟამოიანს შიშმა დარია ხელი.

– თქვენგან კარგად ვერ მხედავთ, ჩრდილში ვარ და იმიტომ, არა? – ჰკითხა მას ბაჭიამ.

– ბატონო? – ვერ გაიგო იმან.

– სარკმლიდან შემოჭრილი შუქი გადგათ და ყველას გხედავთ. აი, მე კი თქვენ ისე კარგად ვერა, რადგან ჩრდილი მცემს! – აუხსნა მას ბაჭიამ.

ჯუმბერი, რომელიც თავით ლამის ჭერს ებჯინებოდა, შეირხა – ეტყობა დგომით დაიღალა.

– რაო, ხუჭუჭავ, დაიღალე? – გაუღიმა მას ბაჭიამ. – სხვა სადარბაზოების სარდაფებშიც ეგრე არიან შეკრებილები?

– ალბათ! – თქვა ჯუმბერმა.

– შენ ამბიციური ჩანხარ. ჰოდა, შენი ქმარიც აუცილებლად ოფიცერი იქნება, ჯარისკაცობას არ დაჯერდებოდა! – მიმართ ჯუმბერმა სპორტულპიჟამოიანს. – ოფიცერია და იყოს ოფიცერი. არა უშავს!

სიჩუმე ჩამოვარდა.

– ქალბატონო ნაზი, რომ მომწყურდეს, ხომ მიწილადებთ წყალს? – იკითხა ბოლოს ბაჭიამ და პასუხს არ დაელოდა, გოგონასკენ შებრუნდა. – ახლავე გაგიშვებდი, ცუნცულ, მაგრამ პატარა ხარ ჯერ და წამოგცდება სადმე, რომ აქა ვარ. ჰოდა, მოვლენ და მომკლავენ. ვიცი, რომ ჩემი სიკვდილი არ გინდა. ხომ ასეა?

გოგონამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბაჭიამ თვალი ჩაუკრა და ამით ანიშნა, რომ ვალდებული არ იყო კითხვაზე პასუხი გაეცა და ისიც გაჩუმდა.

– მაგარი გოგოა, არაფრის ეშინია! – თქვა ბაჭიამ. – ან რისი უნდა ეშინოდეს, როცა არავინ არაფერს ერჩის. ისიც იცის, რომ მეც არაფერს დავუშავებ, სრულიად არაფერს და არც სხვას მივცემ უფლებას თუნდაც იოტისოდენი აწყენინოს!

ბაჭია გაჩუმდა.

– მეორე ყუთიც მიმიტანეთ, თუ შეიძლება, ფეხები რომ ჩამოვდო ზედ, თორემ ძალიან დავიღალე! – თქვა მან. – ვერ წარმოიდგენთ როგორ დამეღალა ფეხები. მარტო ფეხები და ცოტათი ტვინიც, თორემ სხვა მხრივ მგელივით ვარ!

პაუზა ჩამოვარდა.

– კარგით, თუ მოხალისე არავინაა, მაშინ ისევ ქერას ვთხოვ შეწუხდეს, აიღოს ერთი თავისუფალი ყუთი და ხუჭუჭას გადასცეს, ხუჭუჭა კიდევ მე მომიტანს კონვეიერული მეთოდით, როგორც არტილერისტები გადასცემენ ჭურვებს ხოლმე ერთმანეთს! – თქვა ბაჭიამ.

ქერასაც და ჯუმბერსაც ვერ გაერკვიათ ბაჭია მათ ემასხრებოდა თუ მართლა ასეთ ბრძანებას აძლევდა. ბაჭია კი მათ მშვიდად შესცქეროდა – კაცი იფიქრებდა, დაავიწყდა კიდეც დამატებით ერთი ყუთი რომ მოითხოვაო.

ბოლოს ქერა ადგა, ცარიელი ყუთი აიღო და ჯუმბერს გადასცა. ჯუმბერმა ყუთი გამოართვა და გაირინდა – ქერა ისევ მის გვერდით იდგა.

– ქერა დაჯდეს, ხუჭუჭამ კიდევ, თუ შეიძლება, ყუთი მომაწოდოს! – თქვა ბაჭიამ.

ქერა დაჯდა, ჯუმბერი ბაჭიასკენ გამოემართა და ყუთი მის წინ დადო, მერე დაბრუნდა და კვლავ წეღანდელ ადგილას დადგა.

ბაჭია მცირე ყოყმანის შემდეგ ადგა მეორე ყუთი პირველს დაადო და ზედ დაჯდა.

– ასე უკეთესია! – თქვა მან. – მოდით ახლა, ყველა ერთად მოვეშვათ, თუნდაც ერთი წუთით მოვდუნდეთ, დავივიწყოთ, რომ გარეთ ომია და ისეთი ამბავი, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში!

ბაჭიას ნათქვამი მძევლებმა ლამის ბრძანებად აღიქვეს, ოღონდ არ იცოდნენ, ეს ბრძანება როგორ შეესრულებინათ.

 

– ჩვენებმა შეიძლება რაღაც ახალი ბომბი გამოუშვან. როცა სკდება, მომწამვლელ გაზს ფანტავს, ადამიანს არ კლავს, არც გუდავს, მაგრამ აბრმავებს. თან სულ დაბლა ილექება, სანგრებში და სარდაფებში ჩადის! – თქვა ბაჭიამ და შეიცადა, თითქოს შეისვენაო. მძევლებს გადახედა და მიხვდა, რომ მისი ნათქვამი დაიჯერეს – გაეღიმა.

– ჰო, ეგრეა. აბრმავებს. თუ ადამიანს თვალებზე შეეხო, დახუჭულიც რომ ქონდეს, მაშინვე ცრემლები წასკდება ღვარად, უნდა არ უნდა უნებურად ტირის, ვეღარ ჩერდება, სანამ ცრემლები არ დაელევა. ჰოდა, ცრემლები რომ დაელევა, თავისთავად თვალებიც გამოუშრება და ბრმავდება. მოკლედ, გაზი თვალებზე არ უნდა შეგეხოს, თუ გინდა რომ არ დაბრმავდე. ჩვენ ჯანდაბას, მაგრამ იმ გოგონას აუხვიეთ თვალები, ანგელოზია, არ შეიძლება მაგისთვის დაბრმავება ჯერ, ძალიან ადრეა, ბევრი რამ უნდა ნახოს კიდევ ამ ცოდვილ მიწაზე!

მძევლები ბაჭიას რაღაც საშინელის მოლოდინში მონუსხულივით შესცქეროდნენ.

– აუხვიე გოგონას თვალები! – უბრძანა სპორტულპიჟამოიან ქალს ბაჭიამ. – ადექი და გოგონას თვალები აუხვიე აგერ, იმ ქერა ქალბატონის თავშლით, მხრებზე რომ აქვს მოხვეული. კარგად აუხვიე, რამდენიმე ფენად გაკეცე, რომ გაზმა არ გააღწიოს და ჩვენი ცუნცულას ლამაზი თვალები არ შეაწუხოს!

სპორტულპიჟამოიანი ადგა და ქერად თმებშეღებილი ქალისკენ გაემართა. ამ უკანასკნელმა სპორტულპიჟამოიანის მოსვლამდე მოიხსნა მხრებიდან შალი და ჯერ კიდევ შორიდან გაუწოდა.

– ვიცი, ძნელი გასაძლებია, მაგრამ მაინც უნდა გაუძლო თავალებახვეულად ყოფნას, ცუნცულ. ახლა შენთვის ასე ჯობია, დამიჯერე! – მიმართა ბაჭიამ გოგონას და ჯუმბერს შეხედა, რომელიც ლამის სმენაზე იდგა.

– ჭკვიანი გოგო ჩანს! – ახლა უკვე ჯუმბერს მიმართა ბაჭიამ.

– ნიჭიერია! – თქვა ჯუმბერმა. – სულ რაღაც სასკოლო ოლიმპიადებზე იმარჯვებდა!

– ძალიან კარგი! – თქვა ბაჭიამ. – ამ ბათქა-ბუთქში ქუჩაში რამ გამოაგდო?

– ალბათ მამას ეძებდა. დედა მოუკვდა, მამას დალევა უყვარს და სულ იმას ეძებს!

– დედა ომის დროს დაეღუპა?

– არა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით. მამიდა ზრდიდა, მაგრამ გათხოვდა და ძმისშვილისთვის ძველებურად ვერ იცლის!

– ომის დროს გათხოვდა? – იკითხა ისევ ბაჭიამ.

– კი, ომის დროს! – დაუდასტურა ჯუმბერმა.

– ძალიან კარგი! – თქვა ბაჭიამ, ქუდი მოიხადა, მუხლზე დაიდო. წამის შემდეგ კი ისევ დაიხურა, თითქოს სადმე წასვლას აპირებსო. ქამარზე დაკიდებული ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო, დამცველიდან ახსნა და გადატენა, ავტომატი კი კედელს მიაყუდა.

– ავტომატი მძიმეა, ჰოდა, ბარემ პისტოლეტს დავიჭერ! – თქვა მან და სანამ სპორტულპიჟამოიანი გოგონას თვალებს აუხვევდა, ამ უკანასკნელს გაუღიმა და ხელიც კი დაუქნია.

– ერთ საათში გადაივლის ეს დაბომბვა და გაგათავისუფლებ კიდეც, ცუნცულ! – მიმართა მას.

 

– ცუდი ამბავია ომი, მაგრამ არა უშავს! – წარმოთქვა ბაჭიამ, როცა სპორტულპიჟამოიანი ქალი საქმეს მორჩა და მაჯის საათზე დაიხედა.

ორი ჭურვის სტვენის შორეულმა ხმამ მოაღწია.

– ტყუპები არიან. აქეთკენ მოფრინავენ! – თქვა ბაჭიამ და გაირინდა.

ჭურვებმა იმ ადგილს, სადაც ბაჭია და მძევლები იმყოფებოდნენ, მაღალზე გადაუფრინა და კარგა მოშორებით დაეცა.

– ასეც ვიცოდი! – თქვა ბაჭიამ და ჯუმბერს გადახედა. – შოფრები ყოველთვის დაჩაგრულები არიან. საკუთარ ტყავზე გამომიცდია და იმიტომ ვამბობ. ზოგს პირადი მსახური გონიხარ, ზოგს კიდევ რობოტი, რომელიც არ იღლება და არც ნერვები აქვს. ავტობუსზე და ტაქსიზე რომ ვმუშაობდი, ხომ გავატარე დრო, მაგრამ არც მერე დამკლებია. ერთი ჭინჭყლი ხაზეინი მყავდა ჩინოვნიკების დინასტიიდან, ძმა, მამა, ბაბუაც რომ ფუნქციონერი ყავდა ისეთი. მტრისას, რაც მან მაწვალა, მაგრამ ბოლოს მაინც ისეთი სიკეთე მიქნა, ზოგიერთი ძმა რომ არ გაუკეთებს ძმას. ჩემს ბიჭს ძვირიანი მკურნალობის კურსი დასჭირდა, ფული მასესხა. ნელ-ნელა გადამიხადე, როგორც გექნება ისეო, მითხრა, მაგრამ ვერ მოვასწარი გადახდა – ომი დაიწყო. ხაზეინი კი მოროდიორებმა დააყაჩაღეს. იმ უბედურმა ოქროები ვერ დათმო და შემოაკვდათ ხელში!

ჯუმბერმა თავი ვალდებულად ჩათვალა ბაჭიასთვის გაეღიმა.

– დაჯექი! – უთხრა ბაჭიამ.

ჯუმბერი მაშინვე შეტრიალდა და დაჯდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ის ბაჭიასთვისაც აუტანელი გახდა.

– რა იყო, ხომ არ შეწყვიტეს ჩემი ცოდვით სავსეებმა დაბომბვა?! – რიტორიკულად იკითხა მან. – არადა, ჩემი გათვლით, ახლა უნდა დასცხონ ქალაქს მასიურად, იმიტომ რომ აწი მაინც უნდა ჰქონდეთ მიღებული სრული ინფორმაცია და იცოდნენ, რომ ზღვის დესანტისგან აღარაფერი დარჩა, ერთი ოციოდ კაცის გარდა ალბათ, რომლებიც ახლა ვირთხებივით სადღაც იმალებიან, ჩემი არ იყოს!

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

ბოლოს კიდევ ჭურვის ფრენის ხმა მოისმა.

– დაიწყეს! – თქვა ბაჭიამ და ჭურვს მიაყურადა.

შემდეგ ჯუმბერს მიუბრუნდა: – სწრაფად ადექი და სადაც წეღან იყავი, იქ მოდი. სწრაფად-მეთქი!

ჯუმბერი ადგა და წინ ორი ნაბიჯი გადამოდგა.

ბაჭიამ სულ რაღაც ერთ წამში მოახერხა მისთვის დაემიზნა და პისტოლეტიდან ესროლა.

პისტოლეტის გასროლის ხმა ჭურვის აფეთქების ხმას დაემთხვა, ამიტომაც მას გარეთ ვერავინ გაიგებდა. ის კი არადა, სარდაფის შიგნითაც იქ მყოფთაგან ნახევარმა ვერც აღიქვა.

ტყვია ჯუმბერს, რომელსაც ნაბიჯის გადადგმა არ ჰქონდა დამთავრებული, შუბლში მოხვდა და წინ გადაქანდა – მოჭრილ ხესავით წავიდა.

სანამ დაეცემოდა, ბაჭიამ კედელს მიყუდებული ავტომატი ბარძაყზე მიიყუდა იმ შემთხვევისთვის, თუ შიშისგან გადარეული მძევლები გაქცევას ან მასზე თავდასხმას მოინდომებდნენ.

– აბა პანიკა არ იყოს, არაფერიც არ მომხდარა! – თქვა ბაჭიამ, გაშეშებული მძევლების დასანახად პისტოლეტის ლულა ტუჩებთან მიიდო და ამ მუქარანარევი ჟესტით ანიშნა მათ, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ.

– ცოტა არ იყოს დამცხა და მომწყურდა, მაგრამ ჯერ არ ვთხოვ ქალბატონ ნაზის წყალს! – თქვა მან და ქერასა და განაპირას მჯდარ, დაახლოებით თავისი ასაკის, ერთიანად გამელოტებულ მამაკაცს ანიშნა ამდგარიყვნენ.

ერთიც და მეორეც ადგნენ. თავმოტვლეპილის გვერდით, მამაკაცურად თმებშეჭრილი, ყვითელ საზაფხულო ჟაკეტში გამოწყობილი ქალი აწრიალდა – ბაჭიამ მანამდეც იცოდა, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

– ყველაფერი რიგზე იქნება, ნუ გეშინიათ! – წარმოთქვა ბაჭიამ და კაცებს ანიშნა გვამთან მისულიყვნენ.

ისინიც დამორჩილდნენ.

– მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბაბუაჩემთან სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა, ცხენები უყვარდა ძალიან, ორი ან სამი ყოველთვის ყავდა თვის კვიციანად და თითქმის ყველა მათგანმა პატარაობიდანვე სახლის კიბეზე ასვლა იცოდა. თითქოს დედის რძით გადაეცემოდათ ეს უნარი და იმ კაცსაც მათ გასაწრთვნელად ზედმეტი გარჯა არ სჭირდებოდა. დათვრებოდა ეს კაცი და ცხენით პირდაპირ მეორე სართულზე ადიოდა, სადაც მისი საძინებელი იყო. ჰოდა, ერთხელაც ისე დათვრა, რომ მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. გადარჩა, მხოლოდ ერთი-ორი ნეკნის ძვალი ჩაემტვრა, მაგრამ მთავარი საოცრება მერე მოხდა: ამ ამბის შემდეგ არა მარტო იმ ცხენმა თქვა უარი პატრონის მეორე სართულზე აყვანაზე, არამედ სხვა ცხენებმაც, რომლებიც კი მაშინ ყავდა! – თქვა ბაჭიამ. – რატომ გამახსენდა ეგ ამბავი, არ ვიცი, მაგრამ გამახსენდა, ჰოდა, არ დავიზარე და თქვენც გითხარით!

ქერა და მელოტი ცხედართან იდგნენ.

– შეგიძლიათ ეგერ იქ გადაიტანოთ! – უთხრა მათ ბაჭიამ და სარდაფის ბნელ კუთხეზე მიანიშნა.

ქერა ცხედრისკენ დაიხარა, მელოტი შეყოვნდა – ჩანდა, როგორ უკანკალებდა ხელები.

– ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი! – გაიმეორა ბაჭიამ.

ქერამ და მელოტმა ცხედარი მითითებულ ადგილამდე მიათრიეს.

ქერამ ბაჭიასკენ გამოიხედა, მზერით ნებართვა აიღო და ცხედარს გულზე ხელები დაუკრიფა, ბოლოს თვალებიც დაუხუჭა.

– დასხედით! – უთხრა კაცებს ბაჭიამ. – სიმართლე გითხრათ, მომშივდა. ხუმრობა ხომ არ არის, დილის ოთხის შემდეგ სულ გაწამაწიაში ვარ. ვინ იცის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს, ოღონდ ეგ არის, რომ ცოლისძმას ვერ ვუშველე. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით. ერთი საათიც არ იქნება, რაც დამეღუპა – თქვენს საპატრულო ჯგუფს გადავაწყდით შემთხვევით. ბლომად იყვნენ. ვეუბნებოდი, გული ცუდს მიგრძნობს და აქეთ ნუ წამოვალთ-მეთქი, მაგრამ არ ქნა, მაინც და მაინც აქეთკენ გამიზნა – საკუთარი სიკვდილის შესახვედრად!

 

– ცუდია, რომ ქალაქი ვერ ავიღეთ, ძალიან ცუდი. არა მგონია აქედან ცოცხალმა გავაღწიო, მაგრამ მაინც მერჩივნა ქალაქი აგვეღო და ისე მოვმკვდარიყავი! – თქვა ბაჭიამ. – რამდენადაც გავიგე, თქვენ შორის ხუჭუჭას სახლეულთაგან არავინაა. ხომ ასეა?

თითქმის ყველამ დააქნია თანხმობის ნიშნად თავი.

– ცუნცულას ახლოს მიუჯექი და მხარზე ხელი მოხვიე, თორემ თავს მარტო იგრძნობს! – მიმართა ბაჭიამ სპორტულპიჟამოინიან ქალს.

ის თითქოს თავიდან ვერც მიხვდა რა უთხრეს.

– შენ გეუბნებიან! – ხმა ოდნავ გაიმკაცრა ბაჭიამ.

სპორტულპიჟამოიანი თავის ყუთიანად მაშინვე გოგონასთან მიჩოჩდა და მხარზე ხელი მოხვია.

– კარგია! – შეაქო ის ბაჭიამ.

– რაღაცნაირი სანახავები ხართ ერთნაირ ყუთებზე რომ სხედხართ! – კიდევ ერთხელ გადახედა მძევლებს ბაჭიამ. – ბაგა-ბაღში ღამის ქოთნებზე რომ დასხამენ ერთდროულად მთელ ჯგუფს… მაგრამ ეგ, მგონი, უკვე გითხარით!

ბაჭია წამოდგა, პისტოლეტი ბუდეში ჩაიდო და ხელში ავტომატი დაიჭირა.

სადღაც ახლოს რამდენიმე ჭურვი ერთმანეთის მიყოლებით დაეცა. კორპუსიც და მასთან ერთად სარდაფის ბეტონის იატაკი შეტორტმანდა.

– ეხ, რა კარგი გენერალი გვყავდა, რა კარგად გეგმავდა ოპერაციებს, მაგრამ დაგვეღუპა! – თქვა ბაჭიამ. – ეს იმან მოგვიყვანა ამ ქალაქამდე, ჰოდა, მერე უცებ ადგა და მოკვდა, დაგვაობლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გაიღვიძა ერთ დილით, დალია ჩაი თუ ყავა და, ფარგალი და რუკები მოწყინდა თუ რა იყო, უცებ წინა ხაზის დათვალიერება მოინდომა, სანგრებშიც ჩავიდა და სწორედ მაშინ ჩავარდა ნაღმმტყორცნის ჭურვი მაინცდამაინც იმ სანგარში.Aარადა, მთელი ამ ომის განმავლობაში არა მგონია ისეთ ვიწრო სანგარში ჩავარდნილიყო ნაღმტყორცნის თუნდაც ერთი ჭურვი, ამის დედა ვატირე!

ბაჭიამ გაიარ-გამოიარა, სისხლის მომცრო გუბეს გვერდი აუარა და ბოლოს სარკმელთან მივიდა.

– ყოფილიყო, რას მიძვრებოდა სანგრებში ის დალოცვილი. ახლა ეს ქალაქიც აღებული იქნებოდა და ჩვენც დავისვენებდით და თქვენც. დაამთავრებდა ის კაცი ომს, ცარიელი ტვინი იყო, მაგრამ ჭკუა იმისთვის მაინც ვერ ეყო, რომ სანგრებში არ ჩასულიყო. ხდება ხოლმე, ძალიან ჭკვიან კაცს ზოგჯერ სულ ელემენტარული რამისთვის არ ყოფნის ჭკუა. ასე მოაწყო რატომღაც უზენაესმა ეს ცხოვრება!

ბაჭიამ ამოიოხრა და ისევ გაიარ-გამოიარა.

– თადარიგიანი ბრძანებულხართ, ქალბატონო, შალის თავშლით რომ ჩამოხვედით! – მიმართა მან ქერა ქალს.

– ჩემს დასთან ვაპირებდი სტუმრად წასვლას… – ქალი აღელდა და სიტყვის გაგრძელება ვერ შეძლო. ოდნავ ჩლიფინებდა, მაგრამ ეს შეიძლება შიშის ბრალი ყოფილიყო.

– სად აპირებდით წასვლას? – ჩაეკითხა ბაჭია.

– ჩემს დასთან. იქ ვაპირებდი დარჩენას. ბავშვები მომენატრა, დისშვილებზე ვამბობ… – ქალი ისევ აღელდა.

– როგორც ვატყობ, ამ სადარბაზოში ორი გაუთხოვარი ქალბატონი ბრძანებულხართ – ქალბატონი ნაზი და თქვენ, არა?!

– დდიიაახ! – ახლა უკვე თითქოს ენაც დაება ქალს.

– დაწყნარდით, ქალბატონო! – დაუყვავა მას ბაჭიამ.

– გუშინ საღამოს დამირეკა როზამ… ჩემმა დამ. დედა მესიზმრაო, თითქოს ჭიდან წყალს იღებდაო და შიგ თავშალი ჩაუვარდაო. ჰოდა, მეც ვიფიქრე, რამე უბედურება ხომ არ მოგველის-მეთქი…

– ნუ ღელავთ, ქალბატონო! – უთხრა ისევ ბაჭიამ.

– ჰოდა, სახლიდან რომ გავდიოდი, ეს თავშალი გამახსენდა და რატომღაც მოვძებნე და წამოვიღე… ეზოში რომ ჩამოვედი, მითხრეს, დესანტიდან გადარჩენილები ქალაქში გაიფანტნენ და ქუჩებში სიარული საშიშიაო. ჰოდა, გავბრუნდი…

– და აქ ჩამოხვედით? – ჩაეკითხა ბაჭია.

– არა, ჯერ სახლში ავედი და იქ ვიყავი ერთი საათი ალბათ…

– მერე დაბომბვა დაიწყო და აქ ჩამოხვედით, თავშალი გამოგყვათ. ასე არ არის?

– არა, განგებ წამოვიღე, იმიტომ რომ როზასთან ვაპირებდი მაინც წასვლას. ხელჩანთა დამრჩა და უკან მინდოდა გაბრუნება, რაღა აღმა-დაღმა ვიარო, დაბომბვა რომ მორჩება პირდაპირ წავალ როზასთან-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ჯუმბერი შემხვდა, არ გამიშვა და აქ ჩამომაბრუნა!

– ხუჭუჭაზე ამბობთ, არა?

– დიახ!

ქალი ატირდა.

– ნუ ტირიხართ, თუ შეიძლება. არაფერია აქ სატირალი! – უთხრა ბაჭიამ. – ხომ არ იტირებთ?

– არა! – თქვა ქალმა და ტირილი შეწყვიტა.

– ქალბატონი მარინა არ მოდის! – თქვა ბაჭიამ. – თქვენს დაქალზე ვამბობ, ქალბატონო ნაზი!

– აქეთ რომ მოვდიოდი, მარინა მე ვნახე. პირველ სადარბაზოში მივდივარო – მაგის ნათესავები ცხოვრობენ იქ! – თქვა სამოცდახუთ წლამდე მამაკაცმა, რომელსაც მოდური, მაგრამ ცოტათი შელახული ზოლებიანი პიჯაკი ეცვა.

– თუ ასეა, აქამდე რატომ არ მითხარით?! – თითქოს გაბრაზდა ბაჭია.

პიჯაკიანმა თავი დამნაშავედ იგრძნო და თვალებიც კი დახარა.

– გადამელია გული მარინას მოლოდინში, თქვენ კი ჩუმად იყავით! – ისევ უსაყვედურა ბაჭიამ. – ეს რომელი სადარბაზოა?

– მეოთხეა! – მიუგო პიჯაკიანმა.

– იყოს მეოთხე, არ ვარ წინააღმდეგი! – თქვა ბაჭიამ და თვალები დახუჭა – თითქოს მძევლებს ცდიდა – შეეცდებოდნენ თუ არა ისინი რამის მომოქმედებას.

– მარტო ხართ? – ჰკითხა პიჯაკიანს, როცა თვალები გაახილა.

პიჯაკიანი დაიბნა, ვერ მიხვდა რომელ მარტო ყოფნაზე ეკითხებოდნენ.

– ოჯახიდან მარტო ხართ-მეთქი, გკითხეთ. აგერ, მაგალითად ეს მელოტი ბატონი და მისი მეუღლე ერთი ოჯახიდან გახლავან!

– მარტო ვარ! – თქვა პიჯაკიანმა.

– იცით, მე და ჩემი ქმარი ჯერ კიდევ გუშინ სატვირთო მანქანას ველოდებოდით, მაგრამ მძღოლმა დაგვაღალატა. დარჩენილი ნივთები უნდა გადაგვეზიდა, ჩემი ძმის ბინაში ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. ჩვენსას ჭურვი მოხვდა ამ ერთი კვირის წინ, ჩემი ძმა კიდევ წასულია და ჩემთან გადადითო, შემოგვთავაზა! – ალაპარაკდა უცებ მამაკაცურად თმებშეჭრილი ქალი.

– დაიწვა ბინა? – იკითხა ბაჭიამ.

– არა, არ დამწვარა, მაგრამ ზალის კედელია გამონგრეული და სააბაზანოსაც უწია!

– სააბაზანოც დაინგრა? – დაინტერესდა ბაჭია.

– დიახ!

– დანგრეული სააბაზანო ეს უკვე კატასტროფაა, ვერ აიტანს კაცი ასეთ ტრაგედიას… და, თქვენ სად იყავით, როცა ბინას ჭურვი მოხვდა?

– აქ!

– ამ სარდაფში?

– დიახ!

– ბედზე გადარჩენილხართ. გილოცავთ!

– გმადლობთ! – თქვა ქალმა.

– ალბათ, ჩაფიქრებული გქონდათ, რომ ომის დამთავრებამდე თქვენი ძმის ბინაში იქნებოდით! – ივარაუდა ბაჭიამ.

– დიახ! – მიუგო ქალმა.

– და თქვენი აზრით, როგორ დამთავრდება ეს ომი, ვისი გამარჯვებით?

მოკლეთმიანი ქალი დადუმდა და თვალებიც დახარა.

– გასაგებია! – წარმოთქვა ბაჭიამ. – დარწმუნებული იყავით, რომ ომს თქვენ მოიგებდით და ეს ქალაქიც თქვენი იქნებოდა, ბებიათქვენის ნაქონი ოქროს საყურესავით შეგრჩებოდათ!

– იცით… – ქერა ქალზე უფრო აღელდა მოკლეთმიანი ქალი.

– შეიძლება ასეც მოხდეს, წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის! – შენიშნა ბაჭიამ. – ხომ გითხარით, რა უცებ მოგვიკლეს უჭკვიანესი გენერალი, წეღან რომ გეუბნებოდით, ჰოდა, უმისოდ, აგერ ხედავთ თქვენც კარგად, ეს სირისტიანი ქალაქიც ვერ ავიღეთ. მაგისთვის კი ეს ამბავი ისეთივე ადვილი იქნებოდა, როგორც მეათეკლასელისთვის თუ მთლად პირველკლასელის არა, მეხუთეკლასელის დავალება მაინც. არ გჯერათ?

ყველანი ჩუმად იყვნენ.

– ხუჭუჭას შვილები ხომ ყავდა? – იკითხა ბაჭიამ. – ბიჭი, ალბათ, იბრძვის. ხომ ასეა?

– გვიან დაქორწინდა. ათი წელი შვილი არ ეყოლათ, მერე იშვილეს. ბავშვი ჯერ სკოლაშიც არ დადის. ამ ერთი თვის წინ ცოლ-შვილი გახიზნა. ასთმიანი იყო მადონა და ცუდად იტანდა დაბომბვას! – უთხრა ბაჭიას თმებმოკლედშეჭრილმა ქალმა, რომელიც ბაჭიასთვის აშკარად რაღაცის თხოვნას აპირებდა.

– რა უბედურებაა, ეს შუნტირებული, ცოლი კიდევ ასთმიანი. დაწყევლილები იყვნენ თუ რა არის! – თქვა ბაჭიამ და თმებმოკლეშეჭრილ ქალს მიაჩერდა.

იმან თვალები დახარა.

– რაღაცის თქმა გინდოდათ, არა? – ჩაეკითხა ბაჭია.

– არა! – თქვა იმან და თავი ასწია.

– ხუჭუჭას მადონა და თქვენ დაქალები იყავით? – ჰკითხა ისევ ბაჭიამ.

– არა!

– არა უშავს! – თქვა ბაჭიამ. – ხუჭუჭას მადონას დაქალთაგან თუ არის აქ ვინმე?

ასეთი მძევალთაგან არავინ აღმოჩნდა.

– თქვენ მაინც რისი თქმა გინდოდათ? – არ მოეშვა ბაჭია თმებმოკლედშეჭრილ ქალს.

– არ შეიძლება გაგვიშვათ? – იკითხა მან.

– ვინ, ყველანი ერთად თუ მარტო თქვენ მეორე ნახევართან ერთად?

თმებმოკლდეშეჭრილმა ქალმა თავი დახარა.

– აი, კიდევ ერთი მოფრინავს! – თქვა ბაჭიამ და მორიგი ჭურვის ფრენის ხმას მიაყურადა.

– ეტყობა, ძალიან გამწარდენენ ჩემები, რომ ქალაქის აღების ოპერაცია ჩაფლავდა. ამ ჭურვებსაც ეტყობათ, რომ გაცოფებული კაცის ნასროლია! – თქვა ბაჭიამ და სპორტულპიჟამოიან ქალს მიუბრუნდა. – ის ბომბი, რომ ვამბობდი, თავისი გაზით აბრმავებს ადამიანებს-მეთქი, ხმაც აქვს ისეთი, თუ ღია ტერიტორიაზე ხარ, მაშინ იმდენად ვერა, მაგრამ დახურულ სივრცეში, ვთქვათ, ბლინდაჟში ან მით უმეტეს სარდაფში, შეუძლია ყურის ბარაბნები დაუხეთქოს ადამიანს და დააყრუოს. განსაკუთრებით ბავშვებზე მოქმედებს თურმე. ხომ მიმიხვდით, რაც გითხარით?

სპორტულპიჟამოიანი ბაჭიას მორჩილად შესცქეროდა – ახლა ის გოგონაზე, როგორც საკუთარ შვილზე ისე ზრუნავდა.

– თავს ვერ დავდებ, რომ ასეა, დაზუსტებით მეც არ ვიცი. მაგრამ სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა. შეიძლება ის ჭურვი სტვენით ვიცნო. ჰოდა, როცა გეტყვით ან განიშნებთ, გოგონას ყურებზე ხელი მიადეთ, კარგი? – მიმართა ისევ ბაჭიამ მას.

უცებ ქერა მამაკაცმა პირჯვარი გადაიწერა.

ბაჭია დაიძაბა.

– ძალიან გთხოვთ, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავოთ! – გამოუცხადა მძევლებს მან და გაიარ-გამოიარა. – ასე შეიძლება დავფრთხე და უნებლიეთ ხელში შემომაკვდეთ, ამის დედა ვატირე!

ბაჭიამ ისევ გაიარ-გამოიარა.

– აი, ხომ ხედავთ, ავღელდი და გავბრაზდი კიდეც! – თქვა მან.

ქერამ გამბედაობა მოიკრიბა და ამჯერად შედარებით ნელა გადაიწერა პირჯვარი.

– ღვთისმოსავი ხარ? – ახლა უკვე მშვიდად ჰკითხა მას ბაჭიამ.

ის ჩუმად იყო.

– ეკლესიაში დადიხარ? – კითხვა მოუნაცვლა ბაჭიამ.

იმან უარის ნიშნად თავი გააქნია.

– ეკლესია კარგია, ამშვიდებს ადამიანს! – თქვა ბაჭიამ და საათზე დაიხედა.

– ზღვის დაავადება მაქვს თუ რა არის, იქ, კატარღაზე ვაღებინე. მერეც თავი მიბრუოდა, მთვრალივით ვიყავი, ძალიან მიკვირს ნაპირზე გადმოსვლისას ტყვია რომ არ მრეკეს შუბლში! – განაცხადა მან.

ბაჭია ქერა მამაკაცის პირდაპირ გაჩერდა.

– კიდევ ერთი რამე უნდა გთხოვოთ. როცა კითხვას დაგისვამთ, თავის ქნევასა და თხებივით ქიცინს ნუ დაიწყებთ, სიტყვიერად მიპასუხეთ. ვინც გაიგო, თავი დააქნიოს!

ყველამ დააქნია თავი გოგონას ჩათვლით.

– შენ არა, ცუნცულ. შენ ეს არ გეხება. შენ არაფერი გეხება საერთოდ, რაც აქ ხდება! – მიმართა მას ბაჭიამ. – შენ რაც აქ ხდება, რაც მოხდა და მოხდება, არაფერი არ გეხება. ჰოდა, ისე ჩათვალე, რომ აქ არა ხარ. თავს შთააგონე, რომ ახლა აქ კი არა ხარ, არამედ იქ, სადაც გინდა რომ იყო და ვისთანაც გინდა იყო. კარგი?

– კარგით! – მიუგო გოგონამ.

– მპირდები?

– გპირდებით!

– თქვენ კორპუსს თუ აქვს ასეთი სარდაფი?

– აქვს! – თქვა გოგონამ.

– ნახე შენ, აქ სარდაფიანი კორპუსები აუშენებიათ ერთმანეთის მიყოლებით. მშურს პირდაპირ და არც ვმალავ!

გოგონას თავი ბაჭიასკენ შეეტრიალებინა და ყურადღებით იყო.

– იმ თქვენს სარდაფშიც ლიმონათის ყუთებზე სხდებიან? – ჰკითხა ბაჭიამ.

– არა, კაცებმა გრძელი სკამები შეჭედეს ძველი ფიცრებისგან!

– აი, ეს მესმის. ეს უკვე სხვა ამბავია! – თქვა ბაჭიამ.

– ჭურვების ხის ყუთებიც არის! – თქვა გოგონამ.

– არა უშავს! – გაეღიმა ბაჭიას. – კარგი, ცუნცულ, მეტს არ შეგაწუხებ!

ბაჭიამ ისევ გაიღიმა.

– აი, კიდევ ერთი მოფრინავს! – თქვა მან. – არა, ბოდიში ორი ერთად. ისევ ტყუპები არიან!

ბაჭიამ სპორტულპიჟამოიან ქალს ანიშნა გოგონასთვის ყურებზე ხელი აეფარებინა.

ქერა მამაკაცი ფეხზე წამოხტა.

ბაჭიამ ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო და ქერას დაუმიზნა. ის დაჯდა.

ბაჭიას პისტოლეტი ისევ მასზე ჰქონდა მიშვერელი.

კიდევ ერთი წამი და ზედიზედ ორჯერ გაისროლა თავმოტვლეპილი მამაკაცისა და მისი ცოლის მისამართით.

ორიოდ წამის შემდეგ მესამედაც გაისროლა, რადგან ცოლს, რომელმაც პირველი გასროლის შემდეგ ფეხზე წამოხტომა მოასწრო, მისთვის საფეთქელში დამიზნებული ტყვია მხარში მოხვდა, მხოლოდ დაიჭრა და არ მოკვდა.

მელოტს ტყვიამ შუბლში უწია, ყუთიდან უკან გადაქანდა, ბეჭებით კედელს მიენარცხა, შემდეგ ქვემოთ ჩაცურდა და ბეტონის კედელზე მელოტი თავით მიდღაბნილი, ოდნავ ირიბი სისხლის ზოლი დატოვა.

მოკლედთმებშეჭრილ ქალს მეორე ტყვია ბაჭიამ გულში დაახალა. ისიც ჯერ მუხლებზე ჩაიკეცა, შემდეგ ჯუმბერივით წინ გადმოქანდა და შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალმა ბეტონის იატაკზე თავი დაარტყა. პირქვე დამხობილს ხელები სხეულის გასწვრივ გაეშვირა, თითქოს წყალში ჩაყვინთვას აპირებსო.

– ეს რა მკვირცხლად წამოფრინდა, სწრაფი რეაქცია ჰქონია, სნაიპერად ივარგებდა! – თქვა მოკლედთმებშეჭრილ ქალზე ბაჭიამ. – სნაიპერად, ან მოკრივედ. კრივს მივსდევდი მეც ერთ დროს. ტაქსისტი რომ ვიყავი, ერთხელ ორი უზრდელი მუტრუკი ვცემე აქ, ამ ქალაქში, და ჩამაყუდეს კიდეც. მერე მუტრუკებს შევუთვალე, აქედან გამომიყვანეთ, თორემ კარგი დღე არ დაგადგებათ-მეთქი და იმათაც გამომიყვანეს!

 

– ადამიანი როცა კვდება, თუ ხელზე საათი უკეთია, ჩერდებაო, ამბობენ, მართალი ყოფილა! – თქვა ბაჭიამ და თავის საათზე დაიხედა. – ნუგზარის საათია, ჩემი ცოლისძმის. საათს რომ ვხსნიდი, მესროლეს და ცოტაზე ამცდა. მაინც შევხსენი და წამოვიღე. გზაში შევაჯანჯღარე და ამუშავდა. მას მერე არ გაჩერებულა!

ხელის ერთი გაწაფული მოძრაობით პისტოლეტიდან მჭიდი გამოაძრო, დახედა, თუ რამდენი ვაზნა იყო შიგ ჩარჩენილი და ისევ პისტოლეტს მოარგო – ყველაფერი ამის გაკეთება თვალისდახამხამებაში მოასწრო.

– წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც ნახულობდა ხოლმე, ოღონდ საკუთარ თავზე ვერ ნახა ვერაფერი. ჩემს ცოლისძმაზე ვამბობ!

ბაჭიამ ამჯერად პისტოლეტი მარჯვენათი შემართა და მჭიდის გამოსახსნელ ღილაკს ჩამოკრა, პისტოლეტის სახელურიდან ჩამოვარდნილ მჭიდს კი მარცხენა შეუშვირა.

– ჭედავდა წინათ მჭიდი ზოგჯერ, ახლა არ ჭედავს! – თქვა მან და მჭიდი ისევ პისტოლეტს მოარგო.

– თითქოს ამათ პატივსაცემადო, კიდევ ორი ბომბი მოფრინავს! – თქვა მან მოგვიანებით.

ახლა ცალ ხელში პისტოლეტი ეკავა, მეორეში ავტომატი და ასე იდგა გარინდებული მას მერეც, რაც აფეთქების ხმა მიწყნარდა.

– იქითა სარდაფში, ალბათ, ქალბატონ მარინას მარილიან ხაჭაპურებს მიირთმევენ! – თქვა ბაჭიამ. – წყალი მოსწყურდებათ უეჭველი, ასე არ არის, ქალბატონო ნაზი?

ნაზი მუხლებზე დაეცა და მუხლებითვე აპირებდა ბაჭიასკენ გახოხვას, მაგრამ ბაჭიამ ავტომატის წვერი მიუშვირა და ისიც დაოკდა.

– დაჯექი! – კბილებიდან გამოსცრა ბაჭიამ.

ნაზის ბრძანების შესასრულებლად ძალა აღარ ეყო.

ბაჭიამ ავტომატის წვერი ახლა მის გვერდით მჯდომ კიდევ ერთ ჩასუქებულ, სათვალიან ქალს მიუშვირა, რომელმაც ხელი ნაზისკენ გაიშვირა.

– მინდოდა დავხმარებოდი! – თქვა ჩასუქებულმა ქალმა, რომელსაც, რამდენადაც გაირჩეოდა, ღია, ცისფერი თვალები ჰქონდა, დიდი ბროში ეკეთა და ხელში სამკუთხა პარკით მზესუმზირა ეჭირა.

– მინდოდა დავხმარებოდი, მეტი არაფერი! – გაიმეორა ცისფერთვალება ქალმა და ბაჭია მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ავტომატი ისევ მისთვის მიეშვირა.

– მჯერა! – თქვა ბაჭიამ, თუმცა ავტომატი არ მოუშორებია – თითქოს ცდიდა ქალს.

– მაპატიეთ! – თქვა ქალმა.

– მზესუმზირას ხომ ვერ მიწილადებთ? – სთხოვა ბაჭიამ.

ქალმა მას პარკი მთლიანად გაუწოდა.

– გმადლობთ! – უთხრა ბაჭიამ და მზესუმზირის გამორთმევა გადაიფიქრა.

– არ შეიძლება ასე! – თქვა უცებ მოდურპიჯაკიანმა მამაკაცმა.

– რა არ შეიძლება? – ჰკითხა მას ბაჭიამ, ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.

– მოდით ბარემ, მორჩით მაგ ავტომატით ყველაფერს! – თქვა პიჯაკიანმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ცისფერთვალება ქალი მოსწონდა, ან უბრალოდ ბაჭიას მოეჩვენა ასე.

– ავტომატით ყველაფერს ვერ მორჩები! – თქვა ბაჭიამ და გაიღიმა. – ასე ამბობენ ხოლმე ეს ომი რომ დაიწყეს ის ჰალსტუხიანი ნაბიჭვარი პოლიტიკოსები, როცა ტელევიზორში გამოდიან!

– ჩემი ბიჭი იბრძვის! – თქვა პიჯაკიანმა.

– არა უშავს! – მიუგო ბაჭიამ და როგორც იქნა შეხედვის ღირსი გახადა. – არა უშავს. ეს ცხოვრებაც ხომ ბრძოლაა საერთო ჯამში?!

პიჯაკიანმა მუხლებიდან ხელები ჩამოიღო და ისევ დაიწყო.

– არ შეიძლება ასე! – თქვა მან ისევ.

– ჰო, გავიგეთ უკვე. თქვენ მარტო ხართ?

– ვერ გავიგე?!

– ოჯახიდან მარტო ხართ-მეთქი?

– კი. ჩემი ბიჭი იბრძვის, ცოლი სოფელში გავხიზნე, რძალთან ერთად შვილიშვილებს პატრონობს. უფრო სწორად გუშინ წავიდა!

– ძალიან კარგი! – თქვა ბაჭიამ.

სიჩუმე ჩამოვარდა.

– ბატონი ბორიას ბიჭი ჰოსპიტალში ოპერაციებს აკეთებს. ქირურგია! – თქვა ბოლოს ცისფერთვალება ქალმა.

– ბორია შენა ხარ? – ჰკითხა პიჯაკიანს ბაჭიამ.

იმან თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

– ხომ გითხარით, თავის ქიცინით ნუ მელაპარაკებით-მეთქი! – მკაცრად წარმოთქვა ბაჭიამ. – აბა ადექი!

პიჯაკიანი ადგა.

ბაჭიამ ჭურვის ფრენის ხმას მიაყურადა.

– ჰაუბიცისაა, მაგრამ ახლოს არ დაეცემა! – თქვა მან და პიჯაკიანს შეხედა.

– აქ ისეთი ამბავია, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, იბომბება ირგვლივ ყველაფერი, ხალხი იხოცება. სადღაც სხვაგან, ძალიან შორს კი არა, თუნდაც ორასი ან სულაც ასი კილომეტრის იქით კი ხალხი ქუჩებში სეირნობს, კაფეებში სხედან, პლაჟებზე ირუჯებიან, ნაყინს ხეთქავენ ბოლო-ბოლო! – თქვა ბაჭიამ. – ეხ, როგორ ძალიან მომინდა ახლა ნაყინი, ვერ წარმოიდგენთ. ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი ერთი პორცია ნაყინისთვის. აი, თუ გინდა თქვენ რომ გქონდათ აქ, ქალაქში, საფირმო ნაყინი, “სანაპიროს პლომბირს” რომ ეძახდნენ, თუნდაც იმაში. ან თუნდაც უფრო ბანძ “სტაკანჩიკ” ნაყინში. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ და ნაყინი მოგინდება, ნაყინის ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს, ოღონდ კი იყოს. უბრალოდ პრინციპის საქმეა! – თქვა ბაჭიამ, როცა აფეთქების ხმამ გადაირა და ცისფერთვალება ქალს მიუბრუნდა: – თქვენ ციალა გქვიათ თუ ციური?

– არა, ნაია! – მიუგო მან.

– ამ ქერა კაცის ნათესავი ხომ არა ხართ?

– არა! – მიუგო ნაიამ და ქერას გადახედა.

– ორივეს ცისფერი თვალები გაქვთ და იმიტომ გკითხეთ! – უთხრა მას ბაჭიამ და სპორტულპიჟამოიანს გადახედა, რომელსაც გოგონასთვის ყურებზე ისევ მიედო ხელები.

ცისფერპიჟამოიანმა ბაჭიას მზერა იმის მითითებად აღიქვა, რომ გოგონასთვის ყურებიდან ხელები მოეშორებინა.

– ციური მე მქვია! – თქვა მან.

– მართლა?! – გაუკვირდა ბაჭიას. – მე უბრალოდ ის სახელები ვთქვი, რაც პირველად მომადგა ენაზე. თუმცა, თქვენში ხომ ეგ სახელი ხშირია!

ბაჭიამ გადააწიტა.

– რამდენი ციური ცხოვრობდით ამ სადარბაზოში?

– მარტო მე ვარ! – მიუგო ციურიმ.

– კორპუსში?

ციურიმ გონებაში რაღაცის დაანგარიშება დაიწყო.

– კაი, ჯანდაბას, არ მაინტერესებს, ჭირსაც წაუღია ყველა, შენ გარდა, რა თქმა უნდა. ის ხომ ვიცი, რომ ქალბატონი მარინა გვერდით სადარბაზოშია, ჰოდა, ესეც მეყოფა! – თქვა ბაჭიამ. – ჩემი ცოლისძმაც ექიმია, სხვათა შორის. ოღონდ რომ დაიღუპა ის კი არა, მეორე, ოღონდ იმან, ეს ომი რომ დაიწყო, ამ თმებშეჭრილი ქალბატონის ძმისა არ იყოს, ამათ ბინას რომ უთმობდა, აქედან დაახვია. დაახვია რა, მანამდეც იქ ცხოვრობდა და ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს. ბათქი რომ ატყდა, იმის უცხოელი ცოლი ბავშვებიანად გაიქცა, ჰოდა, ესეც უკან მიყვა მატარებლის ეშელონს მიბმული ვაგონივით!

ბაჭია ლაპარაკს მორჩა და ამოიოხრა.

– მიხედე ახლა საქმეს, ბორია, თორემ ხუჭუჭა მარტოა იქ, კუთხეში! – მიმართა მან ბორიას. – ობლობაში გაზრდილი კაცი ყოფილა. ობლობაში გაზრდილებს კი მარტოობის ეშინიათ, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. ხომ ობლობაში გაიზარდა, ხომ არ ვცდები?

ბაჭიამ ნაიას შეხედა.

– არ ვიცი! – თქვა მან. – მე ამ კორპუსში შედარებით ახალი გადმოსული ვარ!

– არა, ობლობაში არ გაზრდილა! – თქვა ბორიამ.

– აბა, საიდან მოვიტანე რომ ობლობაში გაიზარდა?! – თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზდა ბაჭია. – ჩემი კოლეგა რომ ყოფილა, შეიძლება იმიტომ ვიფიქრე ასე, ამაშიც მგავს-მეთქი. სიგარეტი რომელს ჰქონდა, დამავიწყდა!

– მე მაქვს! – თქვა ქერა მამაკაცმა.

– მომეცი ერთი ღერი, თუ შეიძლება!

ქერა ადგა და ბაჭიასთან მივიდა. ბაჭიამ სიგარეტი გამოართვა და გააბოლა.

– შეგიძლია დაჯდე! – უთხრა მან ქერას და ისიც დაჯდა.

– ბორია, გაინძერი. აგერ, ქერას სთხოვე დაგეხმაროს და დაგეხმარება! – მიმართა ბაჭიამ ბორიას.

– რა უნდა ვთხოვო? – იკითხა იმან.

პასუხად ბაჭიამ ავტომატის წვერით ჯერ მის მიერ დახვრეტილ ცოლ-ქმარზე მიანიშნა, შემდეგ კუთხეში დასვენებულ ხუჭუჭაზე.

– ჰო! – თქვა ბორიამ.

– რა ჰო?!

– არაფერი! – თქვა ბორიამ და ქერას გადახედა. ქერა ადგა.

– დაჯექი! – უთხრა ბაჭიამ ქერას და ისიც დაჯდა.

– სთხოვე როგორც წესი და რიგია! – უთხრა ბორიას ბაჭიამ.

– გთხოვ! – უთხრა ბორიამ ქერას.

ქერამ ბაჭიას შეხედა – ადგომის ნებართვას ითხოვდა.

– უნდა მიეხმარო, ასაკით ბევრად უფროსმა კაცმა გთხოვა რაც არ უნდა იყოს! – უთხრა ბაჭიამ ქერას.

 

ბორიამ და ქერამ ჯერ ქმარი გადაასვენეს ჯუმბერისკენ და მერე ცოლი. ქმარზე პირველად, ალბათ იმიტომ იზრუნეს, რომ ის ცოლზე უფრო უხერხულ პოზაში იწვა.

ქერამ ცოლსაც და ქმარსაც თვალები დაუხუჭა. მანამდე ბაჭიამ ბორიას თავის ადგილზე დაბრუნების ნება მისცა, რადგან ჩანდა, რომ ცხედრების შემხედვარე ის თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდა.

– ვერ გქონია რომ მეგონა ისეთი მაგარი გული, ბორია. შენი ქირურგი ბიჭი კი, ალბათ, შენს ადგილას წარბსაც არ შეიხრიდა. ჯერ კიდევ ომამდე, ანუ სტუდენტობისას მორგში ექნება პრაქტიკა გავლილი, როგორც ჩემს ცოლისძმას! – უთხრა მას ბაჭიამ.

ის-ის იყო ქერაც თავისი ადგილისკენ უნდა დაძრულიყო, რომ ჯუმბერს გულზე დაკრეფილი ხელები გაეხსნა.

– რატომ გაეხსნა, ჯერ არ გაციებულა? – იკითხა ბაჭიამ.

ქერამ მხრები აიჩეჩა. შემდეგ დაიხარა და ცხედარს ისევ გულზე დაუწყო ხელები.

– კარგი. შენც დაჯექი! – უთხრა ბაჭიამ და ქერასგან წეღან აღებულ სიგარეტს მოუკიდა.

– არაუშავს სიგარეტი გქონია! – უთხრა მან ქერას.

ამ დროს ჯუმბერს ისევ გაეხსნა ხელები.

– ახლაც რომ ვერ ისვენებს! – თქვა ბაჭიამ.

ქერამ ბაჭიას შეხედა – ეგონა, რომ ის უბრძანებდა, ცხედრისთვის ხელები ისევ გულზე დაეწყო.

– მოდი რა, მთელი კოლოფი მომეცი! – უთხრა მას ბაჭიამ.

ქერა ადგა და ბაჭიასკენ გააბიჯა. ბაჭიაც დაიძრა მის შესახვედრად. ქერა დაფრთხა და შედგა.

ბაჭიაც შედგა.

– ბოლო-ბოლო მომე თუ მაძლევ! – დაყვავებით მიმართა მან ქერას.

ქერაც მივიდა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. ბაჭიამ გამოართვა და ჯავშანჟილეტის მჭიდებისთვის განკუთვნილ ჯიბეში ჩაიდო.

– ომმა გაგვაფუჭა ყველანი! – თქვა მან. – აი, ღორი რომ გოჭებს დაყრის… ცამეტ გოჭს, ან თუ გინდა ათს, ერთნაირებს, ჰოდა, პატრონსაც რომ ვერ გაურჩევია, არ იცის, რომელი დაიტოვოს საშობაოდ და რომლები გაყიდოს. ვერც ცოლი რომ ვერ ურჩევს ვერაფერს და ვერც მეზობლები. ბოლოს თავისთვის იტყვის, ჯანდაბას, მივყვები და რომელიც დარჩება ის დარჩესო, ისე გვარჩევს ჩვენც ომი – ამ პრინციპით გამოგვცხრილავს ხოლმე თუ გამოგვხშირავს და გამოგვმარგლავს. არავინ იცის, რომელი დავრჩებით ცოცხალი!

ბაჭია გაჩუმდა, შემდეგ ციურისკენ გაიხედა.

– გული ხომ არ დაგწყდა, რომ მთელი კოლოფი გამოგართვი? – ჰკითხა მან ქერას.

– არა! – თქვა მან.

– მაშინ წადი და დაჯდომამდე ხუჭუჭას მიხედე!

ქერა შეყოყმანდა, ბაჭიას შეხედა, გატრიალდა და ცხედრებისკენ გააბიჯა.

ბაჭია უკან მიყვა.

ქერამ თითქოს იგრძნო, რომ მიყვებოდნენ და მიხედვა მოინდომა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა.

როგორც კი ცხედართან დაიხარა, ბაჭიამ უკნიდან თავში ესროლა, ოღონდ ამჯერად ავტომატიდან.

ქერა ჯუმბერის ცხედარს ზემოდან გადაემხო.

მანამდე კი, ანუ გასროლისთანავე ბაჭიამ გოგონასკენ მიიხედა და ნახა, რომ ის გასროლის ხმაზე შეკრთა და ფეხზე წამოხტომაც მოინდომა, მაგრამ ციურიმ არ გაუშვა.

– არაფერია, ცუნცულ, ვირთხამ გაირბინა და იმას ვესროლე! – მიმართა გოგონას ბაჭიამ. – დამშვიდდი, კარგი?

– კარგი! – უპასუხა იმან.

– ჭკვიანი ცუნცულა! – თქვა ბაჭიამ და ციურის მკაცრად გადახედა – მზერით გაკიცხა იმისთვის, რომ დროზე არ ააფარა გოგონას ყურებზე ხელები.

– მეორეჯერაც ხომ არ განმეორდება ეგეთი? – ჰკითხა მას ბაჭიამ.

ციურიმ გოგოს ხელები უშვა და ადგა. რაღაცის თქმას აპირებდა, მეზობლებს გადახედა.

ამ დროს ნაზის გვერდით მჯდომი შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი წამოდგა. ოცდახუთზე ცოტა მეტის თუ იქნებოდა. მრგვალი სახე ჰქონდა, დიდრონი, წყლიანი თვალები.

მასთან ერთად ხალათიანი, კაფანდარა ქალიც, წამოიჭრა ფეხზე. თითქოს ელოდა, რომ მისი თანმხლები ამას იზამდა და თვითონაც მომზადებული იყო.

ბაჭიასაც თითქოს უგრძნობდა გული, რომ შაოსანი ქალი რაღაცას მოიმოქმედებდა და მანამდე რამდენჯერმე გადახედა.

– მე ამ ომში ძმა მომიკლეს! – თქვა შაოსანმა ქალმა.

– ჩემებმა? – ჰკითხა ბაჭიამ.

– ჰო. ცხედარიც თქვენებს ჩაუვარდათ და ცოცხალ ტყვეში გაგვიცვალეს…

ქალი გაჩუმდა, დედამ აცახცახებული ხელებით მხრებზე მოხვია ხელი (თითქმის ისევე, როგორც ციური მოხვეოდა იმ წუთში გოგონას) და ქალიშვილის ადგილზე დაბრუნება სცადა. ის თავიდან გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს თითქოს დამორჩილდა.

– მერე? – ჩაეკითხა ბაჭია.

– მამაც უკან მიყვა – გულმა უღალატა! – თქვა შაოსანმა ქალმა და დედასთან ერთად დაჯდომა გადაიფიქრა.

– მერე! – ისევ იკითხა ბაჭიამ.

– მეც გამიყენეთ იმათ გზას და დამთავრდება ყველაფერი! – თქვა შაოსანმა ქალმა.

– ყველაფერი არასოდეს არ მთავრდება! – თქვა ბაჭიამ. – თუ ვინმემ გითხრათ ყველაფერი დამთავრდებაო, არ დაუჯეროთ!

შაოსანმა ქალმა თავს ზიზღის გამოხატვის უფლება მისცა.

– დაჯექი ციური! – უთხრა ბაჭიამ ციურის და ისიც ბრძანებას დამორჩილდა.

ბაჭიამ ახალგაზრდა ქალს ხელი ჩაავლო და განზე გაიყვანა.

ბაჭიას უკან ხალათიანი ქალი მიეჭრა და ბეჭებზე თავისი სუსტი ხელები დაუშინა. ბაჭია შეტრიალდა და ყბაში ავტომატის ტარი უთავაზა. ხალათიანი ქალი დაეცა და გონი დაკარგა.

ბაჭიამ შაოსანი ქალი ცხედრებთან ახლოს კედელთან მიაყენა, პისტოლეტი ამოიღო და თავში დაუმიზნა – მეორე ხელში ავტომატი ეჭირა და ყუთებზე ჩამომსხდრებისკენ მიემართა.

– არ გეშინია? – ჰკითხა მან.

ქალი ვერაფერს ამბობდა. ბაჭიას ზურგსუკან სარკმელში შემოჭრილ შუქს თუ რაღაც წერტილს მიშტერებოდა მონუსხულივით.

– ზოგჯერ მგონია, რომ ეს ომი არასოდეს დამთავრდება, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს! – თქვა ბაჭიამ. – უკვე აღარაფერს არა აქვს მნიშვნელობა. ახლა მხოლოდ ჭურვები მოფრინავენ ხოლმე ჩვენკენ არწივებივით თუ სხვა რამე უფრო დიდი მტაცებელი ფრინველებივით, ტელევიზორში რომ მაქვს ნანახი, და ახლა არაფრით არ მახსენდება რა ჯანდაბა ქვიათ!

სიჩუმე ჩამოვარდა.

– აი, მოფრინავს! – თქვა ბაჭიამ ჯერ კიდევ მანამ, სანამ სხვებიც გაიგებდნენ ჭურვის ფრენის ხმას.

ქალი ისევ იმავ წერტილს მიშტერებოდა.

მხოლოდ გასროლამდე ერთი წამით ადრე მოეგო გონს და როცა მიხვდა, რომ ბაჭია არ დაინდობდა, თვალები სინანულით აევსო.

ტყვია მასაც შუბლში მოხვდა. თითქოს სიკვდილის შემდეგ ჩაუსახლდა თვალებში შიში.

გვერდზე გადაქანდა და წაიქცა თავით სარდაფში შემოსასვლელი, შიგნიდან ფიცრის ნაჭრით საგულდაგულოდ გადარაზული კარისკენ.

– მორჩა! – თქვა ბაჭიამ, უკან დაიხია და სარდაფის შუაგულში დადგა.

– მორჩა! – გაიმეორა მან, პისტოლეტი შემართა და მჭიდის გამომგდებ მექანიზმს დააწვა, მაგრამ ცარიელი მჭიდი გაიჭედა.

– რაო, ცუნცულ?! – პისტოლეტის მისამართით წამოსცდა გაღიზიანებულ ბაჭიას და გოგონას გადახედა, მაგრამ მისთვის ციურის ყურზე ხელები აეფარებინა.

– საკმაოდ ვრცელი სარდაფია! – თქვა ბაჭიამ, პისტოლეტის მჭიდი ხელით გამოაძრო და მეორე მოარგო. – აქ ომამდე ალბათ სადარბაზოს პურის მჭამელები იკრიბებოდნენ ზამთრობით – ზედგამოჭრილია ამ საქმისთვის. ვიწრო გარაჟში დასხდომას მაინც აჯობებს!

– ოპაა! – წამოიძახა მან მოგვიანებით, როცა მიხვდა რომ ჰაუბიცის ჭურვი ძალიან ახლოს დაეცემოდა.

აფეთქების ტალღამ ჭერიდან ბათქაში ჩამოყარა. ცოცხლად დარჩენილი მძევლები იატაკზე გაწვნენ. ციურიმ გოგონაც წამოაქცია იატაკზე და თვითონ ზემოდან გადაემხო.

– არ ხუმრობენ ჩემი ბიჭები! – თქვა ბაჭიამ, როცა ყველაფერი მიწყნარდა. – ვატყობ, შეიძლება ყველანი აქ, ამ სარდაფში ჩავიმარხოთ ცოცხლებიც და მკვდრებიც!

– მშვენიერია! – თქვა მან მოგვიანებით, როცა მძევლებმა ბეტონის იატაკიდან წამოდგომა და ყუთებზე ჩამოსხდომა დაიწყეს.

– ცუნცულ, ხომ კარგადა ხარ? – ხმამაღლა იკითხა მან და ციურიც მიხვდა, რომ წამოდგომის დრო იყო.

– ეს ის ბომბი არ იყო, ცუნცულ, კაცს რომ აბრმავებს და აყრუებს! – მიმართა გოგონას ბაჭიამ, როცა ის და ციური ადგილს დაუბრუნდნენ და ბაჭიას მითითებით ციურიმ გოგონას სახვევი შეუსწორა. – ხომ კარგად ხარ, ცუნცულ?

– კარგადა ვარ! – თქვა მან.

– ხომ არ გეშინია? – ჰკითხა ისევ ბაჭიამ.

– არ მეშინია! – თქვა მან.

– ჩემი ყოჩაღი ცუნცულა! – წარმოთქვა ბაჭიამ და გაიცინა. – ხურდებიან ჩემები თანდათან… მაგრამ, ცუნცულას არაფრის არ უნდა შეეშინდეს, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიზმარია ეს ყველაფერი, ცუდი სიზმარი, რომელიც მალე დამთავრდება. გესმის ცუნცულ?

– მესმის! – თქვა გოგონამ.

– აბა გაიმეორე, სიზმარია ეს ყველაფერი-თქო!

– სიზმარია ეს ყველაფერი! – წარმოთქვა გოგონამ.

– მართლა სიზმარია! – თქვა ბაჭიამ. – თქვენ კი არა, მეც სიზმარში მგონია თავი!

– ყველაფერი კარგად იქნება! – თქვა მან მოგვიანებით, ქერას კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, გაიარ-გამოიარა და ბორიას წინ შედგა.

– რას იტყვი? – ჰკითხა მას.

ბორია ჩუმად იყო.

– თქვი, ბორია, რამე! – თქვა ისევ ბაჭიამ, ორიოდ წამის შემდეგ გატრიალდა, თავის ყუთთან მივიდა და იქ დადგა.

– ნუგოსგან წამოვიღე პისტოლეტის სავსე მჭიდები საათთან ერთად – კარგი მიქნია. სანამ აქამდე მოვაღწევდით და დიდ ჯგუფს გადავაწყდებოდით, სამკაციან ჯგუფს შევეფეთეთ. იმათ შორიდან თავისიანები ვეგონეთ. მე დავიბენი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შემეშინდა და იმიტომ, მაგრამ დავიბენი. თუმცა შეიძლება შემეშინდა კიდეც, თავს ვერ დავდებ. ნუგომ კიდევ სამივე მიაწვინა კოხტად და ლამაზად. ჰოდა, მერე თავში აუვარდა ეს ამბავი, უფროსობა დაიწყო, არ დამიჯერა და იქით წავიდა, სადაც მის სიკვდილს გადავეყარეთ. რომ დაეჯერებინა, ახლა ცოცხალი იქნებოდა!

ბაჭიას სიგარეტი ჩაუქრა და ხელმეორედ მოუკიდა.

– ნაბოლარა იყო და-ძმებში, უფრო სწორად ერთ დასა და ოთხ ძმაში. ჩემს ბიჭს დედამისმა მისი სახელი დაარქვა!

ბაჭიამ გადააწიტა.

– არ ყოფილა ისეთი კარგი სიგარეტი, როგორც წეღან მომეჩვენა! – თქვა მან. – ბორია, შენ არ გაქვს სიგარეტი?

– არ ვეწევი! – თქვა მან.

– ჯანმრთელობას უფრთხილდები, არა?!.. გინდა ჯანმრთელი მოკვდე?

ბაჭიამ გაიცინა.

– აბა, ახლა მეჩვენეთ, კიდევ რომლები ხართ ცოლ-ქმარი ან ერთი ოჯახის წევრები?

პასუხი არავის გაუცია.

– ქალბატონო ნაზი, ჩუმად რატომა ხართ?

ნაზის არაფერი უთქვამს.

– გამებუტეთ თუ რა არის?! – ისევ გაიცინა ბაჭიამ და ამჯერად თავისი უზადო კბილები გამოაჩინა.

– ამ შაოსან გოგოზე რას მეტყოდით, ქალბატონო ნაზი? – ისევ ნაზის მიუბრუნდა ბაჭია და მის მიერ ბოლოს დახვრეტილ ახალგაზრდა ქალზე მიანიშნა. – ამის ქმარი სადღაა?

– საქმრო ყავდა, ქმარი – არა! – მიუგო ნაზიმ.

– დედა სადღაა?

– ეს ქალბატონია დედა – ქალბატონი ლამარა! – რადგან მუხლებიდან ხელის აღების უფლება არ ჰქონდა, ნაზიმ ბეტონის იატაკზე უგონოდ მიგდებულ ხალათიან ქალზე მიანიშნა.

– ამას რატომ არ აცვია შავები? – იკითხა ბაჭიამ. – შინაურულადაა გამოწყობილი და იმიტომ?

– ესმას მამას მეორე ცოლი ყავდა. რომ დაეღუპა ის ნახევარძმა იყო, მაგრამ ესმას თავისი ნახევარძმა ღვიძლ ძმაზე უფრო უყვარდა, იმიტომ რომ იმას უყვარდა ძალიან ესმა… ძმის დაღუპვამდე მამას არც დალაპარაკებია…

– უყურე შენ! – წამოიძახა ბაჭიამ. – განაგრძეთ, ქალბატონო ნაზი.

– მეტი არაფერი! – თქვა უცებ ნაზიმ და აღელდა.

– ჰო, კარგი, რაც არის ეგ არის! – დაუყვავა მას ბაჭიამ.

– კერავდა! – თქვა ნაზიმ.

– რას შვრებოდა?

– კაბებს კერავდა… მოდისკობდა, თან უცხო ენებიც ჰქონდა დამთავრებული და სკოლის მოსწავლეებსაც ამეცადინებდა. ომამდე დედას უმკურნალა და ოპერაციაც გაუკეთა!

– უყურე შენ, რამდენი მოუსწრია?! – გაიკვირვა ბაჭიამ. – ოპერაციაც გაუკეთა?

– თვითონ არა, მაგრამ დაუფინანსა… უბრალოდ, ეგრე ითქმის.

– ჰო, მესმის, ეგრე ითქმის! – დაეთანხმა ბაჭია. – მეც ეგრე ვამბობდი, ჩემს ბიჭს ოპერაცია უნდა გავუკეთო-მეთქი, მაგრამ მაშინ ოპერაციას გადავრჩით – წამლებმა გაჭრა. ბატონო ბორია, თქვენი ბიჭი გამახსენდა, ქირურგი!

– ქირურგი არ არის. ქირურგობა ახლა დაიწყო, ომის დროს. ჯერ ანესთეზიოლოგად გაამწესეს, მერე ქირურგობაც დააკისრეს!

– არა უშავს. ყველა იმ საქმეს რომ აკეთებდეს, რაც მოსწონს და გამოუდის, ეს ცხოვრება ნამეტანი კარგი იქნება. ნამეტანი კი არაფერი ვარგა! – თქვა ბაჭიამ. – ქალბატონო ნაზი, ის ხაჭაპურები, ასე რომ მოგაწყურათ, თქვენ გამოაცხვეთ თუ ქალბატონმა მარინამ!

– მე!

– ყოჩაღ, მაგრამ ჯანდაბას ხაჭაპური, ნაყინი მინდა! – თქვა ბაჭიამ. – ძალიან მინდა ნაყინი. რომ იცოდეთ, როგორ მინდა ნაყინი! პრინციპის ამბავია სხვა თუ არაფერი!

 

– ეი, შენ, აბა ადექი! – მიმართა ბაჭიამ ნაიასა და ბორიას შორის მჯდომ, დაახლოებით ბორიას ასაკის ხმელ, ცხვირა მამაკაცს, პირში რომ რამდენიმე ნიკელის კბილი უელავდა.

ნიკელისკბილება ადგა.

– მარტო ხარ ოჯახიდან?

– კი! – თქვა იმან.

– არა უშავს! – თქვა ბაჭიამ. – ეს მაგარი კაცია, შიში არ ეტყობა. რა პროფესიისა ხარ, ძიაკაცო?

– მაცივრის ხელოსანია. ყურს აკლია ცოტათი! – მის მაგივრად გასცა პასუხი ციურიმ.

– არა უშავს! – თქვა ბაჭიამ. – სულ რატომ მიყურებს, პირში რატომ მომჩერებია-მეთქი, მიკვირდა. ეტყობა, ტუჩებზე მაკვირდებდა რომ გაეგო რას ვლაპარაკობდი!

– შეიძლება მოვწიო? – იკითხა ნიკელისკბილებამ.

– ეწევი? – გაიკვირვა ბაჭიამ.

– ეწევიო, გეკითხებიან? – ლამის უყვირა ნიკელისკბილებას ბორიამ.

– ომის დროს დაყრუვდა? – დაინტერესდა ბაჭია.

– არა, ცხრამეტი წელია უკვე ეგრე ვარ. ანთება გადავიტანე და მას მერე! – თვითონ ნიკელისკბილებამ გასცა ბაჭიას შეკითხვას პასუხი.

– ალბათ, რამე მაგარს ეწევა, უფილტროს! – ივარაუდა ბაჭიამ და ხმამაღლა დააყოლა: – დაჯექი ბიძია!

ნიკელისკბილება დაჯდა და პაპიროსის კოლოფი ამოიღო.

– რა ჰქვია ამ კაცს? – დაინტერესდა ბაჭია.

– ნიკო! – რატომღაც ხმამაღლა წარმოთქვა ბორიამ.

– ბატონო? – იკითხა ნიკომ და ბაჭიას მიაჩერდა.

– ერთ ღერს გამოგართმევ! – უთხრა მას ბაჭიამ და პაპიროსის გამოსართმევად მიუახლოვდა. – აქამდე რატომ არ მოწიე?

ნიკომ კითხვა გაიგო, მაგრამ არაფერი უპასუხა.

– მორიდებულია! – თქვა ნაიამ.

­- მოწიე ბიძია! – მხარზე ხელი დაუტყაპუნა ბაჭიამ ნიკოს. – ერთად გავაფუილოთ, დუეტში, რომ იტყვიან!

ბაჭიამ ნიკოს პაპიროსი გამოართვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

– შენი შვილები სად არიან, ბიძია?

– დედაქალაქში! – თქვა ნიკომ. – ორი გოგო მყავს, ორივე იქაა გათხოვილი, ერთ კორპუსში, ოღონდ სხვადასხვა სადარბაზოებში. ბიჭიც მყავდა, მაგრამ ორი წლისა მომიკვდა!

– რამდენსადარბაზოიანი კორპუსია? – იკითხა ბაჭიამ.

– ორი! – მიუგო ნიკომ.

– პატარა კორპუსი ყოფილა! – შენიშნა ბაჭიამ.

– სამაგიეროდ თოთხმეტსართულიანია! – თქვა ნიკომ, პირში პაპიროსი ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ასანთის ძებნას.

– მე მოგიკიდებდი, ბიძია, მაგრამ ამათაც ვერ დავტოვებ უყურადღებოდ. ბავშვებივით არიან, ერთი წამითაც რომ მოაცილო თვალი, რამეს გააფუჭებენ! – თქვა ბაჭიამ.

მშვიდად შესცქეროდა, როგორ ამოიღო ნიკომ შარვლის იმავე ჯიბიდან ასანთი და როგორ მოუკიდა ბებრული სიდინჯით პაპიროსს.

ბაჭიამაც მოუკიდა და გააბოლა.

– არც ეს ვარგებულა, მაგრამ შენი ხათრით ერთ-ორ ნაფაზს დავარტყამ! – წარმოთქვა მან, მაგრამ მეორე ნაფაზზევე ხველება აუტყდა და პაპიროსი იატაკზე დააგდო.

– შენ მე ნუ მიყურებ, მოწიე, ბიძია, არ იჩქარო! – მიმართა მან ნიკოს. – ჩვენ დენის ინკასატორს გავხარ ძალიან. ოღონდ ეგეც იმ დროინდელი ამბავია, ჯერ კიდევ ბავშვი რომ ვიყავი და სოფელში ვცხოვრობდი. ქალაქელი კაცი იყო, მოტოციკლით მოდიოდა ხოლმე. კარგად მახსოვს მისი სახე. აქ რომ შემოვედი და პირველად შეგხედე, ეგრევე ის ინკასატორი მეგონე. მერე ჩემთვის გავიფიქრე, მოიცა, კაცო, ეგ ხომ დიდი ხნის მკვდარი იქნება-მეთქი და უცებ თავი საიქიოში მეგონა!

ბაჭიამ გაიცინა.

– მოწიე, ბიძია, მშვიდად მოწიე!

ბაჭიამ ქერას სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

– პოეტს მეძახდა ის ინკასატორი. რახან პუშკინი ხუჭუჭა იყო, ასე ეგონა, რომ ყველა ხუჭუჭა ბავშვი, როცა გაიზრდებოდა პოეტი დადგებოდა. ხუჭუჭა ვიყავი მეც ერთ დროს! – ბაჭიამ სარკმლისკენ გაიხედა და მხოლოდ ახლა შენიშნა რომ რკინის ცხაურზე კალია იჯდა.

– უყურე შენ! – თქვა მან და გაიფიქრა, რომ შაოსანი ქალი სიკვდილის წინ სწორედ ამ კალიას შესცქეროდა.

– არა უშავს! – თქვა მან.

– ხის კევს აგროვებდა სულ ის ინკასატორი! – თითქოს თავისთვის შენიშნა ბაჭიამ. – სად ხის კევი და სად ლამფის შუშა ან გაზის ბალონია, თუ არ იტყვით, იფიქრებთ მაინც თქვენც, მაგრამ კაცი შეიძლება ისე მოკვდეს, რომ მონატრებული ნაყინი ვერ იგემოს!

ბაჭიამ ავტომატი მხარზე შემოიდო.

– თუ გირეკავენ გოგოები, ბიძია? – ჰკითხა ნიკოს.

– მირეკავენ, როგორ არა! – თქვა იმან. – ხანდახან დღეში ორჯერაც მირეკავენ და სამჯერაც!

– ალბათ, ჯერ ერთი დაგირეკავს, მერე მეორე, მერე ერთმანეთს გადაურეკავენ, შენ ასე თუ გითხრა მე სხვანაირად რატომ მითხრაო და გადასამოწმებლად ისევ დაგირეკავენ და არიან ასეთ ყოფაში! – ივარაუდა ბაჭიამ.

– ჰო! – თქვა ნიკომ, მაგრამ შეეტყო, რომ ბაჭიას ნათქვამისგან ბევრი ვერაფერი გაიგო.

– კარგია! – თქვა ბაჭიამ. – შენც უნდა წაეყვანე დედაქალაქში, უკეთესი იქნებოდა!

– აბა მე სად უნდა წავიდე. სადაც ჩემი ცოლის და ჩემი ბიჭის საფლავია, იქ უნდა ვიყო. ასე დაუწესებია ღმერთს!

– ეგეც მართალია! – დაეთანხმა ბაჭია.

– ხის კევს აგროვებდა იქ, ჩვენთან, სოფელში ის ინკასატორი თავისი შვილიშვილებისთვის-მეთქი, ხომ გითხარი უკვე, ბიძია?

– ბატონო? – ვერ გაიგო იმან.

– არაფერი! – მოჭრა ბაჭიამ.

– ჰო! – თქვა ნიკომ და ამოიოხრა.

– დახვრიტეს ჩემი ბიჭი, ბიძია! – თქვა ბაჭიამ. – თოთხმეტის იყო, მეტის კი არა. სოფელში გავხიზნე დედა-შვილი და მერე ის სოფელი თქვენმა დესანტმა აიღო ნახევარი დღით. საღამოს რომ შევედი სოფელში, დახვრეტილი დამხვდა ორივე. ძირს ეყარნენ!

ბაჭია გაჩუმდა.

ნიკო ბაჭიას უყურებდა – ეს უკანასკნელი ვერც მიხვდა, გაიგო თუ არა მოხუცმა მისი ნათქვამი.

– კიდევ მოწიე, ბიძია, თუ გინდა! – მიმართა მან ნიკოს. – დრო გავა ამასობაში!

– არა, შვილო, არ მინდა, გმადლობთ! – თქვა იმან.

– გმადლობთ! – კიდევ ერთხელ თქვა ნიკომ.

– არაფრის, ოქროს კაცი! – მიუგო ბაჭიამ. – ოქროს კაცს ეძახდა ის ინკასატორი ყველას, ვინც მოეწონებოდა, ოღონდ იმას ნაყინი არ უყვარდა, არც ხის კევი – შვილიშვილებისთვის თუ აგროვებდა მხოლოდ. ბაბუაჩემსაც ოქროს კაცს ეძახდა, იმიტომ რომ ბაბუაჩემი მონადირე კაცი იყო და ერთხელ შვილიშვილებისთვის მელიის ტყავი აჩუქა. მამაჩემს კიდევ სულ ფეხებზე ეკიდა ნადირობა. სამაგიეროდ ხარივით სვამდა, ქეიფის და დროსტარების კაცი იყო. ქონებას ვერ გიტოვებ, მაგრამ უფრო ძვირფასი რამე დაგრჩება ჩემგან – ჩემი სახელიო, მითხრა სიკვდილის წინ. ათის ვიყავი მაშინ. წლების მერე, როცა ტაქსისტი ვიყავი აქ, ამ ქალაქში, მისი საფლავის ქვა რომ შევუკვეთე ხელოსანს, ისე რომ ჩემთვის არც უკითხავს, ორი ყანწი მიუხატავს – დედალ-მამალი. ეგრე ეძახდა მამაჩემი ყანწებს – დედალს მარცხენას და მამალს მარჯვენას, თუ პირიქით. ერთი შეხედვით შემიძლია გამოვიცნო ორი რქიდან ამ რქების პატრონის სიცოცხლეში რომელი რომელი იყოო, ამბობდა და, შენ წარმოიდგინე, ძიაკაცო, უჯერებდნენ. ბედი ჰქონდა ასეთი, რომ ყველაფერს უჯერებდნენ. მოკლედ, სახელი დამიტოვა თავის ჭკუაში მამაჩემმა!

ბაჭია გაჩუმდა.

– აი, ხომ ხედავ, რამდენი გელაპარაკე დროის გასაყვანად! – მიმართა მან ნიკოს.

– ნაყინი კი არადა, ახლა სიგარეტი მინდა, ნორმალური სიგარეტი! – თქვა ისევ ბაჭიამ და პისტოლეტი ამოიღო.

– რამდენადაც ვხვდები, ბორია და ნიკო დაახლოებით ერთი ხნისანი არიან. ნიკო მოტეხილია, ბორია კი არის ბიჭივით! – უთხრა ბაჭიამ ციურის და ნიკოს პისტოლეტიდან თავში ესროლა.

ნიკო კედლისკენ გადავარდა და რადგან ტანად მსუბუქი იყო, კედელსა და ყუთს შორის გაიჭედა.

– უკან გააჩოჩე და თავის ყუთიანად კედელს მიაწვინე! – უბრძანა ბაჭიამ ბორიას. – სხვა აღარავინაა ამის გამკეთებელი – ერთი შენ დარჩი მამაკაცი!

ბორიას სახეზე ფერი წასვლოდა.

– ეს რა დღეში ხარ, ბორია?! – მიმართა მას ბაჭიამ. – თავი ხელში აიყვანე, თორემ ასე შეიძლება გულიც გაგისკდეს!

ბორიამ ჯერ ერთი აკანკალებული ხელი ჩამოისვა სახეზე, მერე მეორე, თითქოს რამე რიტუალს ასრულებსო.

– მომჯობინდი ცოტათი და საქმეს მიხედე! – უთხრა მას ისევ ბაჭიამ. – ვალიდოლი ან ეგეთი რამე ხომ არა აქვს ვინმეს?

– ლამარას შეიძლება ქონოდა! – თქვა ნაზიმ.

– ლამარა რომელია? – იკითხა ბაჭიამ და სანამ პასუხს მიიღებდა, მანამ მიხვდა, რომ საუბარი შაოსანი ქალის ხალათიან დედაზე იყო, რომელიც ისევ იატაკზე ეგდო.

– არა მგონია ამას ჰქონდეს! – თქვა ბაჭიამ. – თუ გინდათ შეუმოწმეთ ხალათის ჯიბეები!

– არა, რას ბრძანებთ! – თქვა ნაზიმ.

– ბორიას ხათრით! – უთხრა ბაჭიამ.

ნაზი უცებ ატირდა.

– აბა, ეგეთები არ იყოს! – მკაცრად თქვა ბაჭიამ.

ნაზი მაინც ვერ ერეოდა თავს და ტიროდა.

– არ იტირო, თორემ გავბრაზდები! – ახლა უკვე კბილებიდან გამოსცრა ბაჭიამ. – ხომ ხედავთ, რა დაღლილიცა ვარ და მაინც გითმენთ, თან სულ ფეხზე ვდგავარ, ამის დედა ვატირე!

ნაზი უცებ წამოდგა და ლამარასთან მივიდა. ხალათის ჯიბეები მუხლებზე დამდგარმა შეუმოწმა, იქიდან მხოლოდ წითელი სავარცხელი და თმის სარჭი ამოუღო და ბაჭიას უჩვენა.

– არ არის წამალი, არა? – ჰკითხა ბაჭიამ.

ნაზიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– არ არის! – დააყოლა მან სიტყვიერადაც, რადგან ბაჭიას გაფრთხილება მოაგონდა.

– არა უშავს. შენ ნუ ინერვიულებ! – უთხრა ბაჭიამ.

ნაზიმ სავარცხელი და თმის სარჭი ბეტონის იატაკზე დააწყო, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

– ოღონდ შენ არ გეტირა! – თქვა ბაჭიამ, ავტომატი ზურგზე მოიგდო, სწრაფი მოძრაობით პისტოლეტი მოიმარჯვა და ნაზის დაუმიზნა.

იმან იგრძნო, რომ მოკვლას უპირებდნენ, ქვითინი შეწყვიტა, ხელები ჩამოუშვა და ბაჭიას შეხედა.

– აი ასე, ყოჩაღ! – უთხრა ბაჭიამ და პისტოლეტი დაუშვა. – ასეთი უფრო მომწონხარ!

ნაზიმ წამით გონი დაკარგა, იატაკზე უნდა დაცემულიყო, მაგრამ თავის შეკავება შეძლო.

– შეიძლება ჩემზე იფიქროთ, რავა ყველას ვიღაცას ამსგავსებსო, მაგრამ რაღაცით ჩვენი გასტრონომის გამყიდველს გავხართ, – უთხრა ბაჭიამ ნაზის. – ოღონდ იმას ლოყაზე ნაიარევი ჰქონდა – ქმარმა დაჭრა დანით, ჯერ მუცელში, მერე სახეც დაუსერა. ქმარი ჩააყუდეს და სულ რაღაც ერთ თვეში ვიღაცამ, მასავით კრამიტდაცურებულმა გაასაღა პირდაპირ საკანში. ეს გამყიდველი კიდევ, არავინ რომ ელოდა ისე, მტარვალ ქმარზე დარდს გადაყვა კინაღამ. ქალისას ხომ ვერაფერს გაიგებო, ამბობდა ყველა. რომ გამოიგლოვა, უცხოეთში დაახვია სამუშაოდ და, როგორც ამბობენ, იქ მილიონერს მისთხოვდა. ამ ამბის მერე ისევ იმას ამბობდნენ, ქალისას ხომ ვერაფერს გაიგებო!

ნაზი ისევ ბაჭიას შეჰყურებდა.

– ქალბატონო ნაზი, გაიგეთ რაც ვთქვი? – ჰკითხა ბაჭიამ.

ნაზიმ თავი დააქნია.

– დიახ! – თქვა მან და მზერა წამიერად შეშლილის გაუხდა.

– მეტსაც გეტყვით! – ახლა უკვე ყველა ცოცხლად დარჩენილს განუცხადა ბაჭიამ, რომელსაც ავტომატი ისევ ზურგზე მოეგდო, ძირს დაშვებული პისტოლეტი კი ორივე ხელით ეჭირა. – ის კი არადა, ციურისაც ნაცნობი სახე აქვს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, არა მხოლოდ ნანახი მყავდეს ოდესღაც და სადღაც, არამედ თითქოს დიდი ხანია ვიცნობ. ეს შეიძლება არც თქვენ და არც თავად ციურიმ არ დაიჯეროს, მაგრამ მართლა ასეა!

ლამის ხუთი წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც ახლომახლო ჭურვი არ ჩამოვარდნილა.

ბაჭიამ საათზე დაიხედა და პისტოლეტი უკვე მხოლოდ მარჯვენათი დაიკავა.

– ბორია ფერზე მოვიდა! – თქვა მან. – თქვენც აბრძანდით, ქალბატონო ნაზი და ადგილს დაუბრუნდით თუ შეიძლება!

ნაზი იატაკს ხელებით დაეყრდნო, ადგა, მაგრამ მუხლებში ძალა არ ეყო და ისევ ჩაიკეცა.

– ასე არ შეიძლება, ქალბატონო ნაზი! – წარმოთქვა ბაჭიამ, თავისი, ერთმანეთზე ახორხოლავებული ყუთიდნ ერთი აიღო და ნაზის მიუტანა.

– ცოტა წინ გამოიწიეთ და დაბრძანდით, გთხოვთ! – მიმართა მან ნაზის.

ნაზიმ მითითება გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეასრულა.

– თქვენ რა გქვიათ? – მიუბრუნდა ბაჭია ქერად თმაშეღებილ შალის პატრონს. – დალი ან ნანული ხომ არა?

– ეთერი! – თქვა მან.

– კარგი სახელია, ლამაზი! – თქვა ბაჭიამ. – თქვენ დას კი როზა ჰქვია, რამდენადაც მახსოვს, არა?

– დიახ! – თქვა ეთერიმ.

– მსახიობს გავხართ. კონკრეტულად რომელიმე მსახიობს კი არა, საერთოდ ვამბობ, მსახიობს გავხართ-მეთქი. მართლა მსახიობი ხომ არა ხართ?

– არა! – თქვა ეთერიმ.

– აბა რა სპეციალობის ბრძანდებით, თუ საიდუმლო არ არის?

– ქიმიის მასწავლებელი ვარ! – თქვა ეთერიმ.

– დასანანია! – უთხრა ბაჭიამ. – მსახიობი რომ გამოსულიყავით, დარწმუნებული ვარ ყველა ჟურნალის გარეკანზე თქვენი ფოტოები იქნებოდა!

ეთერიმ თავი ჩაღუნა.

– მე მიყურეთ ხოლმე, როცა გელაპარაკებით! – მშვიდად წარმოთქვა ბაჭიამ. – აი, როგორც ციური იქცევა ხოლმე!

ეთერიმ თავი ასწია. ბაჭიამ ციურის შეხედა და თვალი ჩაუკრა.

– ქალბატონი ნაია თავს როგორ გრძნობს? – იკითხა ბაჭიამ.

ნაია შეკრთა.

– რა იყო, უბრალოდ გკითხეთ! – თქვა ბაჭიამ. – აი, ჩვენს ბორიას უკვე თითქმის არა უშავს. ალბათ, მიხედავს საქმეს!

ბორია ადგა და პირველ რიგში ნიკოს თვალების დახუჭვას შეეცადა, მაგამ ცხედარს თვალები ეხილებოდა.

– კარგი, გაანებე თავი, არაფრის გამკეთებელი შენ არა ხარ! – უთხრა ბორიას ბაჭიამ.

ბორია წელში გასწორდა, შემდეგ ისევ დაიხარა, ცხედარს ხელებში ჩაავლო ხელი და მისი წამოყენება სცადა.

– საერთოდ გაანებე თავი! – ესროლა ბაჭიამ.

ბორია ისევ წელში გასწორდა. ნელა მოძრაობდა, რობოტივით.

– ეს, მგონი, წერილს წაიღებს! – თქვა ბაჭიამ.

ბორია ნელა დაჯდა და გულზე ხელი მიიდო, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.

ბაჭიამ პისტოლეტი ორივე ხელით დაიჭირა.

– უნდა მომჯობინდე, თორემ არ დაგინდობ! – უთხრა ბორიას.

ბორია ამღვრეული თვალებით შეაცქერდა.

ბაჭიამ პისტოლეტი ნაიასკენ მიმართა, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა და ისიც დადუმდა.

– უნებრათვოდ ხმის ამოღება უნდა აგიკრძალოთ, სხვა გზა არ არის! – თქვა ბაჭიამ.

ბორიამ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.

– დროზე გამოკეთდი, ბორია, თორემ ხომ ხედავ, დაბომბვა შეწყდა და ჩემი წასვლის დროც მოვიდა! – უთხრა მას ბაჭიამ.

ამ დროს ჭურვის ფრენის შორეულმა ხმამ მოაღწია.

– მგონი, შევცდი! – თქვა ბაჭიამ და პისტოლეტი დაუშვა. – გაგვიგრძელეს ბიჭებმა მძიმე დასარტყმელებიანი ანსამბლის კონცერტი!

ჭურვმა კორპუსს გადაუფრინა და მოშორებით გასკდა. იმავ წამს სხვა ჭურვებიც წამოვიდა.

– ნეტა ყოველთვის ასე სასიამოვნოდ ვცდებოდე! – თქვა ბაჭიამ. – აცალეს ხალხს ქუჩებში დაყრილ დაჭრილებთან მოქუჩება და დასცხეს ისევ. ასეთია ომის კანონი!

ბორიამ ყუთიანად უკან დაიხია და კედელს მიეყრდნო.

– ხომ არ იპარები, ბორია? – ჰკითხა ბაჭიამ.

ბორიამ ხელები მუხლებზე დაიდო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე მოითხოვდა ბაჭია, არამედ იმიტომ, რომ ასე უფრო ეადვილებოდა, როგორც ეტყობა, კრიზისული მდგომარეობის დაძლევა.

– თანდათან ფერზე მოდის! – ამცნო ნაიას ბაჭიამ, რომელსაც ბორიასკენ მიხედვის ეშინოდა. – აგერ ქალბატონ ნაზის ჰკითხეთ თუ ჩემი არ გჯერათ!

– ბატონო? – იკითხა ნაზიმ.

– ბორია, თქვი რამე, თორემ შენ გულშემატკივრებს უკვე გაპარული გონიხარ! – მიმართა ბორიას ბაჭიამ. – თქვი რომ აქა ხარ!

– ჰო! – თქვა ბორიამ.

– ლაპარაკობს, ესე იგი კარგადაა! – თქვა ბაჭიამ. – ბორია, იცი ვის მაგონებ?.. ერთ ჩემს მეზობელს, კომუნისტას. ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ისიც, კომუნისტი იყო, ნამდვილი კომუნისტი. სულ პიჯაკით დადიოდა. პიჯაკის ჯიბეში კიდევ მანდატი ედო. ჰოდა, ერთხელ ჩემი ბიჭის ველოსიპედის ქურდს შეებრძოლა. პირდაპირ ეზოდან უნდოდა ველოსიპედის წაყვანა იმ მუტრუკს, დღისით-მზისით. კარტში ჰქონდა, ალბათ, ფული წაგებული და უნდა ეშოვა სასწრაფოდ რამე გზით და ჩვენს კომუნისტას დანა მოუქნია, დაჭრა კიდეც, ოღონდ მსუბუქად. ამასობაში ჩვენი ეზოს კაცებმა მიუსწრეს და ისე ცემეს, ნახევარი სიცოცხლე იქ დაატოვებინეს. მე თვითონ სახლში არ ვიყავი მაშინ!

– ბატონ ბორიას ჰაერი უნდა, შეიძლება სარკმელთან მივიყვანოთ? – იკითხა ნაიამ.

– შეიძლება, ოღონდ ქუჩისკენ დაყვირება და ეგეთები არ იყოს! – მიუგო ბაჭიამ. – თქვენ თვითონ მიიყვანეთ, უფრო ესიამოვნება!

ნაიას წამოდგომის დროს სათვალე დაუვარდა.

– ხომ არ გაგიტყდათ? – ჰკითხა ბაჭიამ.

– არა!

– კარგით, მიხედეთ საქმეს!

ბაჭიამ პისტოლეტი ბუდეში ჩაიბრუნა და ავტომატი მოიმარჯვა.

– ჩემი ცუნცულა ხომ კარგადაა? – ჰკითხა მან ციურის.

– ჰო! – ამოთქვა ციურიმ.

– რა იყო, შენც ცუდად ხომ არა ხარ? – ჰკითხა ბაჭიამ.

– არ ვიცი! – თქვა იმან.

– კარგით, შენც და ცუნცულასაც ჩაგასუნთქებთ ცოტა სუფთა ჰაერს, თორემ აქ დენთის სუნი დაგროვდა! – გადაწყვიტა ბაჭიამ. – ქალბატონო ნაზი, თუ გინდათ თქვენც მიდით სარკმელთან ბორიასთან ერთად!

ნაზიმ სარკმლისკენ გაიხედა, მაგრამ იქ მისვლა რატომღაც გადაიფიქრა.

– არა, გმადლობთ! – თქვა მან.

– მიდით, არ მოგერიდოთ!

– არა, გმადლობთ! – გაიმეორა ნაზიმ.

– როგორც იტყვით! – თქვა ბაჭიამ. – უთო რჩებოდა ყოველთვის გამორთული გასტრონომის გამყიდველს, რომელზეც გეუბნებოდით!

ნაიამ ბორია სარკმელთან მიიყვანა და მის ქვეშ დააყენა. ბაჭია მათ მდუმარედ შესცქეროდა.

ერთი ჭურვი ახლოს გასკდა.

ბაჭია უნებურად შეკრთა.

– ჯანდაბა თქვენს თავს! – თავისიანებსვე შეუკურთხა მან. – კინაღამ გული გამისკდა ამის დედა ვატირე!

ბაჭიამ ავტომატი ზურგზე გადაიკიდა და პისტოლეტი ამოიღო, მორიგი ჭურვის ფრენის ხმას მიაყურადა და მისი აფეთქების ხმა გასროლისას დაამთხვია.

ნაზის ესროლა.

ის უკან გადავარდა და მაშინვე მოკვდა.

ბაჭიამ კიდევ ორი ტყვია ლამარას ესროლა, რომელიც, როგორც ეტყობოდა, გონზე მოდიოდა.

– ჩემი წასვლის დრო მოდის! – თქვა მან, პისტოლეტი ბუდეში ჩაიდო და ავტომატი მოიმარჯვა.

სარკმელთან ბორიამ გულის წასვლა მოინდომა, მაგრამ ნაიამ სილის შემოკვრით გონზე მოიყვანა.

– გეყოფათ მანდ დგომა, დასხედით! – მიმართა მათ ბაჭიამ. – მარტო თქვენ ხომ არა ხართ ამქვეყნად, ჩემს ცუნცულასაც უნდა სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა!

ბაჭია შეტრიალდა და თავის ყუთზე დაჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო.

ნაიამ ბორია ცარიელ ყუთთან მიიყვანა და დასვა. თვითონაც მეზობლად განთავსდა – ციურის გვერდით აღმოჩნდა.

ბორია ისევ ცუდად იყო.

– ციალა, თქვენ თვითონ ხომ კარგადა ხართ? – იკითხა ბაჭიამ და ნაიას შეხედა.

– მე მეკითხებით? – დაიბნა ნაია.

– ჰო, თქვენ ხომ ციალა გქვიათ?

– ნაია! – თქვა ნაიამ.

– პარდონ! – მოიბოდიშა ბაჭიამ. – თავს როგორ გრძნობთ, ქალბატონო ნაია!

– არა მიშავს! – თქვა ნაიამ.

– თქვენ ხომ ვერ მაჩუქებდით თქვენს სახელს? – კუბოკრულპერანგიან შავგვრემან ქალს მიუბრუნდა ბაჭია.

– ლილი! – თქვა მან.

– ლილი! – გაიმეორა ბაჭიამ, თითქოს ამ სიტყვას იმახსოვრებსო და ციურის ანიშნა, რომ შეეძლო გოგონა სარკმელთან მიეყვანა.

ციურიმ გოგონა ააყენა და სარკმელთან მიიყვანა.

– ხომ კარგადა ხარ, ცუნცულ? – ჰკითხა გოგონას ბაჭიამ.

– დიახ! – მიუგო იმან.

– ძალიან კარგი, კიდევ ცოტაც და ყველაფერი მორჩება! – თქვა ბაჭიამ, ჯუმბერის სიგარეტის კოლოფი ამოიღო, იქიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, კოლოფი ჯიბეში ჩაიბრუნა, სიგარტისთვის ცეცხლის მოკიდება გადაიფიქრა, გაბრაზებულმა გადატეხა და მოისროლა.

– უთო ხომ არ დაგრჩათ, ქალბატონებო, რომელიმეს სახლში ჩართული? – იკითხა მან მოგვიანებით. – თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ქალაქში დენი მაინც არ იქნება!

ბაჭიამ გაიღიმა.

– ერთი შტერი გენერალი გვყავდა და ასე თქვა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა შევძლოთ და მტრის ქალაქის ენერგოსისტემა როგორმე მწყობრიდან გამოვიყვანოთ, რომ დენი არ ჰქონდეთ, ჰოდა, დაიცლება ქალაქიც სანახევროდ მაინც, ცარიელ ქალაქს კი მეომრები ძველებური მონდომებით ვერ დაიცავენ, გატყდებიან მორალურადო! – თქვა ბაჭიამ და ისევ გაიღიმა. – ზამთარში ხდებოდა ეს ამბავი. ზამთრის გრძელ ღამეებში უშუქობა ყველაზე მაგარ ნერვებიან კაცსაც დათრგუნავსო. თქვენ თუ გყავთ ასეთი ფსიქოლოგ-სტრატეგი გენერალი?

სადღაც ახლოს ზედიზედ სამი ჭურვი გასკდა. კორპუსი ისევ ამოძრავდა. ციური გოგონასთან ერთად იატაკზე ჩაჯდა.

ეთერიმ თავი ჩაღუნა და საცოდავად მოიბუზა.

მხოლოდ ნაია და ბორია დარჩნენ ადგილზე.

ჭერიდან ბათქაში ისევ ჩამოიყარა.

– ვინ იცის, ამ ომმა რამდენი ტონა ბათქაში ჩამოყარა ჭერიდან! – შენიშნა ბაჭიამ. – მე თუ მკითხავთ, ომის სიმძიმე ჭერიდან ჩამოყრილი ბათქაშის მიხედვით უნდა გაიზომოს!

მძევლებს ბაჭიასთვის არ ცხელოდათ.

– ჩვენც დავსხდებით, თუ შეიძლება! – სთხოვა ციურიმ ბაჭიას.

– რა თქმა უნდა! – მიუგო იმან.

– შეიძლება ცოტათი უკან მივიწიოთ, რომ ბატონი ბორია კედელს მიეყუდოს? – იკითხა ნაიამ.

– რა თქმა უნდა! – მასაც მიუგო ბაჭიამ.

– რა თქმა უნდა! – გაიმეორა მან. – სკამები უნდა ჩამოგეტანათ, თქვენ თქვენი სკამი, საზურგიანი!

სიჩუმე ჩამოვარდა. არც ჭურვების ფრენის ხმა ისმოდა.

ბაჭიამ საათზე დაიხედა.

– იმედია, ამით არ მორჩა ყველაფერი! – თქვა ბაჭიამ. – კარგა ბლომად კი დააყარეს, მაგრამ მაინც, ამ დამარცხებულზე უკმაყოფილების გრძნობამ შემაწუხა, უფრო მეტი მინდა, უფრო მეტი!

– კარგით! – თქვა მან ისევ. – ცხოვრება გრძელდება!

– ბორია, როგორა ხარ? – იკითხა მცირე პაუზის შემდეგ.

ბორიამ, რომელიც კედელს თვალებდახუჭული მიყუდებოდა, თვალები გაახილა და ბაჭიას შეხედა.

– ჩიტივით გული გქონია ამოდენა კაცს! – უთხრა ბაჭიამ. – კომუნისტაც ეგეთი იყო. აი, ჩემი ბიჭის ველოსიპედის ქურდს ხომ ვაჟკაცურად დაუდგა და მაგის დანისაც არ შეშინებია, მაგრამ საღამოს გული ასტკივდა და კინაღამ წერილი წაიღო. პროფესორი მოვუყვანე!

ბაჭია გაჩუმდა, სარკმლისკენ გაიხედა და ნახა რომ მის ცხაურზე კალია უკვე აღარ იჯდა.

– წასულა! – თქვა მან. – მალე მეც წავალ. ალბათ ქუჩაში გამაგორებენ, გმირულად დავიღუპები ჩემი ნუგოსავით. მერე ორივეს ცხედარს დანარჩენი ცოლისძმები გამოისყიდიან, ოღონდ მანამდე მე და ნუგო გავიხრწნებით და თუნუქის კუბოში ჩაგვდებენ, თორემ ცხედრის სუნს ვერავინ უძლებს. ქაქის სუნს შეიძლება გაუძლოს კაცმა, ცხედრისას ვერა!

– შეიძლება ბატონ ბორიას დავუნიავო? – იკითხა ნაიამ.

– როგორ არ შეიძლება! – მიუგო ბაჭიამ და ნაზის წყლიან ბოთლზე მიანიშნა. – თუ საჭიროა, შეგიძლიათ წყალიც შეასხათ სახეზე!

ნაიამ ბოთლისკენ შიშით გაიხედა.

– მგონი, რომ წყალი აჯობებს, უფრო მალე მოვა აზრზე! – თქვა ბაჭიამ.

ნაიამ ეს ბრძანებად აღიქვა, ადგა, ბოთლი აიღო, მუჭში წყალი ჩაისხა და ბორიას პირველ ჯერზე სახე დაუსველა, შემდეგ კი კეფაც.

– ბორია, ეგ პიჯაკი შენი ბიჭის ხომ არ არის? – ჰკითხა ბორიას ბაჭიამ.

ბორიამ მარჯვენა ხელი ასწია. ბაჭია ვერ მიხვდა, თუ რისი თქმა სურდა მას ამით და ნაიას გადახედა, მაგრამ ეს უკანასკნელი იმ წუთას მას არ უყურებდა.

– ვისიც არ უნდა იყოს, ეგ პიჯაკი უნდა მათხოვო, თვალში მომივიდა! – უთხრა ბაჭიამ.

ბორიამ ისევ ხელი ასწია.

– რა იყო, ბორია, პარადს ხომ არ იბარებ! – გაეცინა ბაჭიას და ისევ დასერიოზულდა.

– პიჯაკს შენ გამოგართმევ ბორია, ფეხსაცმელებს და შარვალს – ხუჭუჭას!

– თალიკო ცოტათი უცნაური ქალი იყო, არა? – ციურის ჰკითხა მან მოგვიანებით.

– რომელზე ამბობთ? – თავის მხრივ ჰკითხა ციურიმ.

ბიჭუნამ ლამარას ცხედარზე მიანიშნა.

– ლამარა ერქვა! – თქვა ციურიმ.

– ამის გოგოც ცოტათი უცნაური იყო! – თითქოს თავისთვის შენიშნა ბაჭიამ და ისევ ციურის მიუბრუნდა: – თუ დაიღალე, ნაია შეგცვლის!

– არა, არ დავღლილვარ! – თქვა ციურიმ.

– დღეს მართლა რომ არ გაგიმართლათ! – თქვა ბაჭიამ და ადგა. – რა გახდა მაინც ეს ერთი სირისტიანი ქალაქი!

გაიარ-გამოიარა. შეჩერდა და ჩაახველა.

– მართლა გეგონა, რომ შენს პიჯაკს ჩავიცვამდი და ისე გავიძურწებოდი აქედან?! – მიმართა მან ბორიას. – ვერ მოგართვით!

კორპუსს ზედიზედ რამდენიმე ჭურვმა გადაუფრინა.

– ცდილობენ ბიჭები როგორც შეუძლიათ, თავს არ ზოგავენ! – თქვა ბაჭიამ და ავტომატი მხარზე შემოიდო. – ისიც კი შეიძლება, რომ სადღაც, ახლოს ჩვენი კორექტორიც კი იჯდეს!

– ხომ იცი, რაც არის კორექტორი? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ციურის.

– დიახ! – თქვა ციურიმ.

– თქვენი კორექტორი დაიჭირეს ერთხელ ჩვენმა ბიჭებმა ზამთარში, ჩემი სეხნია. ერთი ციდა იყო, გვარი არ მახსოვს. თავი მოიგიჟიანა, მაგრამ არ გაუვიდა. ისე კი ნიჭიერი იყო, ყველა ჩიტს ისე ბაძავდა, რომ არ გცოდნოდა, ნამდვილისგან ვერც გაარჩევდი. მერე გაქცევა მოინდომა და მოკლეს. ეგრე რომ არ მოქცეულიყო, შეიძლება არც დაეხვრიტათ იმის ხათრით, რომ ჩიტებს ბაძავდა მაგრად! – თქვა ბაჭიამ. – რომელიმე თქვენგანი ხომ არ იცნობდა ეგეთს?

აღმოჩნდა, რომ ასეთს არავინ იცნობდა.

– მაშინ უნდა მეკითხა, როცა ყველანი ფეხზე იყავით! – თქვა ბაჭიამ, ნახევარსარდაფის ყველაზე ბნელი კუთხისკენ გაემართა და იქ დადგა.

– ზამთარშიც ასე იჯექით, ღია სარკმელში? – იკითხა მან.

– ცელოფანი ააკრეს კაცებმა! – მიუგო ციურიმ.

– კიდევ კარგი რომ მოიფიქრეს! – თქვა ბაჭიამ და ავტომატი მოიმარჯვა.

ბორიას ორჯერ ესროლა მკერდში, შემდეგი ორი ტყვიით ლილის გაუმასპინძლდა.

ლილიმ წინასწარ იგრძნო, რომ ესროდნენ და ფეხზე წამოხტომა მოასწრო.

ნაიაც კივილით წამოხტა. ბაჭიამ მასაც მიუშვირა ავტომატი. ნაიამ კივილი შეწყვიტა და მოწყვეტით დაჯდა.

– ასე ჯობია! – თქვა ბაჭიამ.

– ეტყობა, თავისნათქვამა კაცი იყო, ბორიაზე ვამბობ! – თქვა მან ისევ. – ამ კუბოკრულპერანგიან ქალბატონს რა ერქვა, დამავიწყდა!

– ლილი! – უთხრა ციურიმ, ისე, რომ ბაჭიასგან ნებართვა არ აუღია, წამოდგა, სარკმელთან მივიდა და ჰაერი მთელი მკერდით ჩაისუნთქა.

– რა პროფესიისა იყო? – დაინტერესდა ბაჭია.

– წყალბურთელი. სკოლაშიც მუშაობდა ფიზკულტურის მასწავლებლად. ომამდე სილამაზის სალონი გახსნა! – მიუგო ციურიმ.

– გათხოვილი იყო?

– გაექცა ქმარი! – უთხრა ციურიმ.

ბაჭიას უნდოდა ეკითხა, რატომო, მაგრამ ამ დროს ციურიმ ისევ დაინივა.

– წყალს მოგიტანენ ახლავე! – უთხრა ციურის ბაჭიამ და ეთერის ანიშნა, ციურისთვის წყლიანი ბოთლი მიეტანა.

ეთერი გაჭირვებით წამოდგა და ბოთლისკენ ბარბაცით გაემართა.

– რა გჭირთ? – ჰკითხა მას ბაჭიამ.

ეთერი შედგა და თვალებში შიში ჩაუსახლდა.

– ფეხები გამისივდა, ქოშებში არ მეტევა! – თქვა მან.

– კი მაგრამ, რატომ? – ჰკითხა ბაჭიამ.

– მემართება ზოგჯერ ასე! – თქვა ეთერიმ.

– მერედა გაგეხადათ ქოშები და ეგ იქნებოდა! – უთხრა ბაჭიამ.

ეთერიმ ჯერ ერთი ქოში წაიძრო ფეხიდან, შემდეგ მეორე, ბაჭიას შეხედა, დაიხარა და ორივე ფეხსაცმელი ხელში აიღო.

– მე თქვენთვის კი არ მიბრძანებია, გაიხადე-მეთქი, უბრალოდ, გირჩიეთ. შეგეძლოთ არ გაგეხადათ! – თქვა ბაჭიამ.

ეთერი, ქოშებს, რომელიც ხელში ეკავა, საწყლად დააჩერდა.

– მიაწოდეთ წყალი, თუ შეიძლება ციურის და ცუნცულას გვერდით დაჯექით, მარტო დარჩა და მოუსვენრადაა! – უთხრა ბაჭიამ.

ეთერიმ ციურის წყლიანი ბოთლი მიაწოდა, შემდეგ მის ადგილას დაჯდა, ქოშები წინ დაიწყო და გოგონას ხელი მოხვია.

– წყალი სახეზე შეისხი! – ახლა ციურის მიუბრუნდა ბაჭია.

ციურიმ, როგორც წეღან ნაიამ, წყალი პეშვში ჩაისხა და სახე დაისველა.

– ახლა კეფაც დაისველე! – უთხრა ბაჭიამ.

ციურიმ ეს მითითებაც შეასრულა.

ბაჭიამ სიგარეტს მოუკიდა.

– ქალბატონებიდან არავინ ეწეოდა? – იკითხა მან.

არავინ უპასუხა.

– ქალბატონებიდან არავინ ეწეოდა-მეთქი? – ხმას აუწია ბაჭიამ.

– მე ვეწეოდი! – თქვა ნაიამ, სახეზე ხელები აიფარა და მოიბუზა.

– კიდევ? – იკითხა ბაჭიამ.

– ნაზი ეწეოდა, მაგრამ მერე მიატოვა! – მიუგო ისევ ნაიამ.

– უყურე შენ! – გაეღიმა ბაჭიამ. – ნაზიზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეწეოდა. თქვენც მიატოვეთ?

– მე – ვერა! – თქვა ნაიამ.

– ქალბატონი მარინა თუ ეწევა? – იკითხა ბაჭიამ.

ნაიამ უცებ მარინა ვერ მოიგონა.

– აი ის, ახლა მეზობელი სადარბაზოს სარდაფში რომ არის, ნაზის დაქალი! – შეახსენა ბაჭიამ.

– კი, ეწევა!

– ძალიან კარგი. თქვენ თვითონ აქ ხომ არა გაქვთ სიგარეტი?

– აქ არა! – თქვა ნაიამ.

– აბა სახლში?

– დიახ! – თქვა ნაიამ.

– სახლში ბევრი რამე გვაქვს! – თქვა ბაჭიამ და ბორიას ცხედარს შეხედა – კედელზე მიყუდებულს თავი ჩაექინდრა, თითქოს ჩაეძინაო. მის წინ ლილის ცხედარი ეგდო გულდაღმა.

– შენ არ ეწეოდი? – ციურის მიუბრუნდა ბაჭია.

იმან უარის ნიშნად თავი გააქნია და კარისკენ გაექცა მზერა. ბაჭია მიხვდა, რომ გასაქცევად ემზადებოდა – ცოტაც და, იქ, თავში, რაღაც გადაეკეტებოდა, თუ პირიქით, გაეხსნებოდა და შეიძლება გაგიჟებულიყო.

– ციური! – დაუძახა ბაჭიამ ხმამაღლა.

იმან ბაჭიას შეხედა.

– შენ არ ეწეოდი? – მშვიდად გაუმეორა კითხვა ბაჭიამ, სულ ერთი წამით ადრე, სანამ ციური აფეთქდებოდა.

ციურიმ აფეთქება გადაიფიქრა.

– არა! – თქვა მან.

– აბა ჩემთან მოდი! – უთხრა ბაჭიამ.

– არა! – თქვა ციურიმ.

– ჩემთან მოდი! – მშვიდად გაუმეორა ბაჭიამ.

ციური გაირინდა და ბაჭიას მონუსხულივით შეაჩერდა.

– ჭკვიანი გოგო, მოდი ჩემთან! – ახლა უკვე ბავშვივით დაუყვავა ბაჭიამ.

ციურიმ, რომელიც ისევ მონუსხულივით იყო, ბაჭიასკენ ორი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.

– კიდევ მოდი! – უთხრა ბაჭიამ.

ციურიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უცებ აიწყვიტა – კარისკენ გამიზნა, მაგრამ ბაჭიამ დროზე ჩაავლო ხელი ხელში და შეაჩერა.

ციურიმ გაიბრძოლა, მაგრამ ბაჭიამ ხელზე მოუჭირა და დააოკა.

– ნუ ბავშვობ! – უთხრა ბაჭიამ. – ხომ იცი, რომ ვერ მომერევი!

ციური თითქოს ისევ მოინუსხა, მაგრამ მეორე წამს ყვირილი დააპირა.

ბაჭიამ პირზე ხელი ააფარა, უკან დაახევინა და კედელს ააკრა.

– აბა, ახლა თვალებში შემომხედე! – უთხრა ბაჭიამ.

ციური დამორჩილდა.

– ხომ ჭკვიანად იქნები? – ჰკითხა ბაჭიამ.

ციურიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– ყოჩაღ! – უთხრა ბაჭიამ. – ჭკვიანი გოგო ხარ!

ბაჭიამ ქალს ხელი უშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.

– ახლა სიტყვიერადაც მითხარი, რომ ჭკვიანად იქნები და არ გამაბრაზებ! – თქვა ბაჭიამ.

ციურიმ პაუზა დაიჭირა.

– ჭკვიანად ვიქნები! – თქვა მან ბოლოს.

– ძალიან კარგი! – თქვა ბაჭიამაც და კიდევ ორი ნაბიჯით დაიხია უკან.

ქალებისკენ და გოგონასკენ შებრუნდა.

– თქვენც ხომ ჭკვიანად იქნებით? – ქალებს დაეკითხა ის და გაუღიმა.

სანამ ისინი რამის თქმას მოასწრებდნენ, თვალისდახამხამებაში ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო და ციურის გულში ესროლა.

ციური სავარაუდოდ იატაკზე დაცემამდე მოკვდა, მანამდე კი გააჟრჟოლა.

პისტოლეტის ტყვიამ გარეთ ვერ გამოაღწია, მის სხეულშივე ჩარჩა. ბაჭიას ეს ამბავი გაუკვირდა და პისტოლეტი ისე შეათვალიერა, თითქოს ეჭვი ჰქონდა, რომ ვიღაცამ შეუცვალა.

– არა უშავს! – თქვა მან და პისტოლეტი ბუდეში ჩაიდო. – ყველაფერი შეიძლება მოხდეს!

– ჩემი წასვლის დროა! – თქვა მან და ნაიასა და ეთერის ანიშნა ამდგარიყვნენ.

ქალები ადგნენ.

– შენც ადექი, ცუნცულ! – მიმართა გოგონას.

გოგონა ადგა.

– ცოტა წინ წამოიწიე!

გოგონამ ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, შემდეგ კიდევ ორი.

– კარგი, გეყოფა! – უთხრა ბაჭიამ, მივიდა და მისი ხელი ხელში აიღო.

– აი, ცუნცულ, თითქმის ყველაფერი მორჩა! – უთხრა გოგონას და მასთან ერთად კარებისკენ დაიძრა.

გოგონა მორჩილად მიჰყვებოდა უკან.

– ჭკვიანი გოგო ხარ! – უთხრა ბაჭიამ მას და მერე ქალებს მიუბრუნდა: – თქვენც ჭკვიანები ხართ!

გოგონა კართან მიიყვანა.

– აი, აქ გაჩერდი! – უთხრა გოგონას.

გოგონა გაჩერდა.

– შორს ცხოვრობ? – ჰკითხა ბაჭიამ.

– არა, აქვე, გარაჟებს იქით ყავისფერი კორპუსი რომ დგას იქ!

– ძალიან კარგი. გარეთ რომ გავალთ, გარაჟებთან მიირბენ, მერე ეგრევე გაყვები იმ გარაჟებს კედელ-კედელ. თუ ჭურვი გამოფრინდა, დაწვები, თუ არადა პირდაპირ სადარბაზოში შეხვალ და სარდაფში ჩახვალ. გაიგე?

– გავიგე! – თქვა გოგონამ.

– თქვენც ხომ გაქვთ სარდაფი?

– კი, როგორ არა. წეღან ხომ გითხარით, კაცებმა გრძელი სკამები შეჭედეს-მეთქი!

– ჰო, მითხარი, მაგრამ დამავიწყდა! – თქვა ბაჭიამ. – მოკლედ, გავალთ გარეთ და ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, ოღონდ ჩემზე არავის არაფერი უნდა უთხრა, კარგი?

– არ ვეტყვი! – თქვა გოგონამ.

– აბა დედა დაიფიცე!

– დედას გეფიცებით!

– ხომ არ დაგავიწყდება, რომ დედა დაიფიცე? – ჰკითხა ისევ ბაჭიამ.

– არა, როგორ გეკადრებათ! – იწყინა გოგონამ. – დედას გეფიცებით, არ დამავიწყდება!

– ჰო, კარგი! – დაუყვავა ბაჭიამ გოგონას. – ახლა გარეთ გავალთ და სახვევს მოგხსნი!

– სახვევი ეთერი დეიდასია! – თქვა გოგონამ.

– მართალია, სახვევი ეთერი დეიდასია! – თქვა ბაჭიამაც და ქალებისკენ გაიხედა.

– ეთერი დეიდა სად არის? – იკითხა გოგონამ.

– ეთერი დეიდაც მივა იქ, თქვენთან სარდაფში. სტუმრად გადავა. ხომ მიიღებთ?

– როგორ არა! – მიუგო გოგომ. – იქ, ჩვენთან ქალები ზოგჯერ ყავას ადუღებენ ხოლმე!

– სად, სარდაფში? – იკითხა ბაჭიამ.

– კი, სარდაფში. ნავთქურაზე. თუ ვთხოვ, მეც მომადუღებინებენ ხოლმე. ნაია დეიდასაც მოვუდუღებ. ნავთი ცოტა თავისებურ გემოს აძლევს, მაგრამ არა უშავს!

– მდააა! – გაჭიმა ბაჭია და ისევ ქალებს გადახედა.

– აბა წავედით! – თქვა მან ისევ, ჩარაზული კარი გააღო, გოგონას გვერდით ამოუდგა, ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა.

– აი, აქ დადექი, ყურებზე ხელები რაც შეიძლება მაგრა მიიდე და მანამ არ მოიშორო, სანამ არ გეტყვი, კარგი?

– კარგი! – თქვა გოგონამ. – ახლავე მივიდო?

– ახლავე! – მიუგო ბაჭიამ.

გოგონამ ყურებზე ხელი მიიდო.

ბაჭიამ მის ზურგს უკან კარი მიკეტა.

– უნდა მოგვკლათ? – ჯერ კიდევ მანამდე იკითხა ეთერიმ, სანამ ბაჭია მათკენ შებრუნდებოდა.

ნაია აკივლდა.

ბაჭიამ ჯერ მას ესროლა, მერე ეთერისაც, შემდეგ მის წინ ჩამოწოლილი დენთის კვამლი ხელით გაფანტა.

– წავედით! – საკუთარ თავს მიმართა მან.

სარდაფიდან რომ გამოვიდა, სადარბაზოს შემოსასვლელი კარი გაიღო და შუახნის ქალი გამოჩნდა თეთრი პირისახით, დიდრონი თვალებითა და მხრებზე მოსხმული საზაფხულო ჟაკეტით.

“კიდევ ერთი ჟაკეტიანი!” – გაიფიქრა ბაჭიამ.

– თქვენ ქალბატონი მარინა ბრძანდებით? – ჰკითხა მოსულს.

– დიახ! – თქვა იმან და ბაჭიას გაოცებული მიაჩერდა.

– სწორედ რომ თქვენთან მოვდიოდი, იქიდან გამომაგზავნეს! – თქვა ბაჭიამ, გაიღიმა და თავი უკან, სარდაფის მისამართით გაიქნია.

– ჩემთან გამოგაგზავნეს? – საბოლოოდ დაიბნა მარინა.

– კი, ქალბატონმა ნაზიმ გამომაგზავნა! – კვერი დაუკრა ბაჭიამ. – სიგარეტი ხომ არა გაქვთ?

– არა! – მიუგო მარინამ.

– სამწუხაროა! – თქვა ბაჭიამ. – აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება!

– ნაზი ცუდად ხომ არ არის?

– არა, რას ბრძანებთ!

მარინას თავი სიზმარში ეგონა – განცვიფრებული შესცქეროდა თვალებახვეულ და ყურებზე ხელისგულებმიდებულ გოგონას.

– აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება! – დაყვავებით გაუმეორა მას ბაჭიამ და მარინაც დაიძრა – ისევ თავის სიზმარში გააბიჯა.

– სახვევი რაღათ უნდა? – იკითხა მან.

– ასეა საჭირო! – მიუგო ბაჭიამ. – მალე ყველაფერს გაიგებთ!

– ბატონო? – იკითხა მან.

– მალე ყველაფერს გაიგებთ-მეთქი! – მშვიდად გაუმეორა ბაჭიამ და მისი ხელი ხელში აიღო.

– ნუ გეშინიათ! – ლამის ყურში ჩასჩურჩულა ბაჭიამ, სარდაფის კარი გამოაღო და მარინა წინ გაატარა.

ქალმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბაჭიამ მშვიდად უბიძგა ბეჭზე ხელი და ისიც დაჰიპნოზებულივით დამორჩილდა.

– აქ კვამლია, თვალებზე აიფარეთ ხელი, თუ შეიძლება! – უთხრა ბაჭიამ.

მარინამ კინაღამ ეს ბრძანებაც შეასრულა, მაგრამ დენთის სუნთან ერთად საფრთხეც იყნოსა.

– თქვენც უნდა მოსულიყავით და მოხვედით კიდეც! – თქვა ბაჭიამ. – სწორედ რომ საჭირო დროს გამოჩნდით!

– ბატონო? – იკითხა მარინამ და მხრებიდან ჟაკეტი გადმოუცურდა.

ბაჭიამ ერთდროულად კარიც მიკეტა ზურგსუკან და მარინას ჟაკეტიც დაიჭირა ჰაერში.

– თქვენც უნდა მოსულიყავით და ეგ იქნებოდა! – გაიმეორა მან, ქალს შემოუარა და წინ დაუდგა.

– თვალები დახუჭეთ! – უბრძანა მან ქალს და ჟაკეტი პირსახოცივით მხარზე გადაკიდა. – დახუჭეთ-მეთქი!

ქალი თვალებს უკვე ვეღარ დახუჭავდა.

ბაჭიამ მას შუბლში ესროლა ახლოდან. შემდეგ პისტოლეტს მჭიდი მოხსნა და ნახა, რომ იქ კიდევ დარჩენილიყო ერთი ტყვია.

 

ბაჭია და გოგონა გარეთ გამოვიდნენ.

კორპუსების ეზოში არავინ იყო.

– მადლობა, ცუნცულ, დამჯერე გოგო რომ იყავი! – უთხრა გოგონას ბაჭიამ.

– თქვენ არ გინდათ ყავა? – იკითხა მან.

– არა, გმადლობთ! – გაეცინა ბაჭიას. – მორჩა კინო, სახლში წასვლის დროა, თუ მივაღწიე. დღეს იმდენჯერ გამიმართლა, რომ შეიძლება თავშიც კი ამივარდეს ნუგოსავით!

– რაზე ამბობთ? – ჰკითხა გოგონამ.

– ისე, სიტყვას მოჰყვა… აბა, ახლა გაიქეცი და მე აქედან გიყურებ!

– თქვენ საით უნდა წახვიდეთ? – ჰკითხა გოგონამ.

– მეც გავიქცევი სადმე! – მიუგო ბაჭიამ და გაუღიმა. – აბა, მოემზადე და ოთხის დათვლაზე წაცუნცულდი, კარგი?

– ეზოში რომ ვთამაშობდით ბავშვები, სამამდე ვითვლიდით ხოლმე! – თქვა გოგონამ.

– იყოს სამამდე! – დათანხმდა ბაჭია. – შეიძლება მეც სამამდე ვითვლიდი შენი ხნისა. აღარ მახსოვს უკვე. ხომ არ გეშინია?

– არა! – თქვა გოგონამ.

– ყოჩაღ! – შეაქო ის ბაჭიამ.

– უი, აგერ მამა მოდის! – წამოიძახა უცებ გოგომ და ტაშიც კი შემოკრა.

ხელმარცხნივ წვერებიანი, სამოქალაქო შარვალსა და კომუფლიაჟურ საზაფხულო ქურთუკში გამოწყობილი აწოწილი კაცი გამოჩნდა. გოგონას დანახვაზე ხელები გაშალა და გამოიქცა.

– ცუნცულ! – დაუძახა მან შორიდან ქალიშვილს.

– ცუნცულას გეძახის? – ჰკითხა გოგონას ბაჭიამ.

– დიახ! – მიუგო მან.

ახლოს რომ მოვიდა, კომუფლიაჟიანმა ბაჭიას ეჭვით შეხედა და შედგა. გოგონა მისკენ გაიქცა და კაცსაც სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ისევ ხელები გაეშალა და გოგონა გულში ჩაეკრა.

– მალე ისევ დასცხებენ, უნდა იჩქაროთ! – უთხრა ბაჭიამ კომუფლიაჟიანს, რომელსაც შეწითლებულ ცხვირზე ეტყობოდა, რომ ლოთი იყო.

– მართლა? – იკითხა კაცმა და რატომღაც ცაში აიხედა, თითქოს მოსალოდნელი ამინდის გამოცნობას ცდილობსო.

– მართლა! – მიუგო ბაჭიამ. – მაგ ქურთუკს ხომ ვერ მაჩუქებდი?

– რა? – გაოცდა კაცი.

– მაჩუქე ეგ ქურთუკი!

– მიეცი მამიკო, შენ კიდევ გაჩუქებს ოთარი ძია! – უთხრა გოგონამ კაცს და ისიც დამორჩილდა.

ბაჭიამ კაცს ქალაქის დამცველთა უნიფორმად ქცეული ქურთუკი გამოართვა და ჯავშანჟილეტის ზევით გადაიცვა.

– პატარა ხომ არ მაქვს? – ჰკითხა მან გოგონას.

– არა! – მიუგო იმან. – გიხდებათ!

– ვიცოდი რომ მომიხდებოდა! – გაეღიმა ბაჭიას და კაცს მიუბრუნდა: – სიგარეტი ხომ არა გაქვს?

– მაქვს! – თქვა კაცმა და ბაჭიასდა გასაკვირად ჯიბიდან ძვირიანი სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

– მშვენიერია! – ჩაიცინა ბაჭიამ, მაგრამ კოლოფში მხოლოდ ორი ღერი სიგარეტი აღმოჩნდა.

– ერთს ავიღებ! – თქვა ბაჭიამ.

– ორივე თქვენი იყოს! – დათმო მოულოდნელად კაცმა. – მაგრებს ვეწევი და ეს ვერ მაძღობს მაინც!

– მაშინ გავცვალოთ! – შესთავაზა ბაჭიამ და კაცს ქერა მძევალისგან აღებული სანახევროდ სავსე სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. – იმედია ამ ორი ღერის მოწევას მაინც მოვასწრებ!

– რა ბრძანეთ? – ჰკითხა კაცმა, მაგრამ ბაჭიამ არაფერი უპასუხა.

– აი, ხომ ხედავთ, ყველაფერი მოგვარდა, ახლა კი გაიქეცით! – უთხრა კაცს ბაჭიამ, როცა სიგარეტს მოუკიდა და გოგონას თვალი ჩაუკრა.

– თქვენ ვინა ხართ? – იკითხა კაცმა.

– გაიქეცით! – მკაცრად უთხრა ბაჭიამ.

– კი მაგრამ… – რაღაცის თქმა დააპირა კაცმა, მაგრამ ამ დროს გოგონამ სახელოზე დაქაჩა და სიტყვა გააწყვეტინა.

– გავიქცეთ, მამა! – უთხრა გოგონამ მამას. – ამ ძიამ სულ ზეპირად იცის, როდის იწყება დაბომბვა!

– გაიქეცით-მეთქი! – ახლა უკვე ბრძანების კილოთი წარმოთქვა ბაჭიამ.

გოგონამ ბაჭიას გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და პირველი გაიქცა. მამაც მიჰყვა.

გოგონა გარაჟებისკენ გარბოდა, როგორც ბაჭიამ დაარიგა. კაცმაც თავიდან იქითკენ გამიზნა, მაგრამ მერე, მანძილი რომ შეემცირებინა, თავისი კორპუსისკენ პირდაპირი გზით მისვლა გადაწყვიტა და ლამის შუა ეზოში აღმოჩნდა.

გოგონამაც უნებურად მამისკენ გადაინაცვლა.

ბაჭიას უნდოდა კაცისთვის ეყვირა, გარაჟებისკენ გადადიო, მაგრამ გაიფიქრა, რომ მის ყვირილი შეიძლება ვინმეს გაეგო და აქცენტზე მიმხვდარიყო, რომ ბაჭია მათიანი არ იყო.

– წავედით! – მიმართა საკუთარ თავს ბაჭიამ და დაიძრა.

ეზოდან გასვლის წინ მამა-შვილისკენ გაიხედა.

კაცმა ხელი დაუქნია, ანიშნა გაჩერებულიყო, მერე გოგონას უთხრა რაღაცა და ბაჭიასკენ გამოიქცა. გოგონა ადგილზე დარჩა.

– მათარა! – იყვირა კაცმა.

ბაჭიამ უნებურად ქირთუკის შიდა ჯიბე მოისინჯა და იქ მართლა აღმოაჩინა მათარა.

– ფუჰ, შენი ლოთი დედაც!.. – შეიგინა კაცის მისამართით და ლამის ცარიელი მათარა შორს მოისროლა.

– ნაბიჭვარი! – კბილებიდან გამოსცრა მან.

– რატომ გადააგდეთ?! – ჯერ კიდევ შორიდან უსაყვედურა კაცმა.

ბაჭიას მოუნდა ეს კაციც იქ, სარდაფში დარჩენილების გზისთვის გაეყენებინა, მაგრამ ამის მაგივრად შუა ეზოში მდგარ გოგონას დაუქნია ხელი.

იმან უცებ ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა.

ბაჭიამაც პასუხად ზედიზედ ორი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, შეტრიალდა და ეზოდან გავიდა.

მისდა გასაოცრად თავს მშვიდად გრძნობდა – ახლა უკვე დარწმუნებულიც კი იყო, რომ ქალაქიდან გააღწევდა. თითქოს გონება გაუნათდა და თხუთმეტი წლის წინათ დასწავლილი და მერე დროთა განმავლობაში ქალაქის მივიწყებული ყველა ქუჩა გაახსენდა თავის სახელებთან ერთად.

ერთდროულად სხვადასხვა საარტილერიო დანადგარიდან გამოშვებული რამდენიმე ჭურვის ფრენის ხმა გაისმა.

ბაჭია შედგა და ხმას მიაყურადა.

თითქოს საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა და სვლა განაგრძო, მაგრამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის იქით ისევ შედგა და გაირინდა.

წამიც და ასფალტზე გაწვა.

ჭურვი, რომელიც იმ ეზოში აფეთქდა, საიდანაც წეღან გამოვიდა, აშკარად ნაღმმტყორცნისა იყო.

– ოჰო! – წამოიძახა ბაჭიამ. – მოჩოჩებულან ჯიგრები ახლოს!

მანამდე ქალაქს მხოლოდ შორიდან ურტყამდნენ ჰაუბიცებითა და “გრადებით”. ხოლო ნაღმმტყორცნიდან, რომელსაც სროლის სიშორე საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა, ქალაქის დაბომბვა იმას ნიშნავდა, რომ ქალაქზე შემომტევები ვა-ბანკზე მიდიოდნენ და თავიანთი მსუბუქი საარტილერიო დანადგარები ქალაქთან ძალიან ახლოს გადმოიტანეს. აშკარად ახალი შტურმი მზადდებოდა, ოღონდ ახლა ხმელეთიდან.

– უყურე შენ! – აღმოხდა ბაჭიას და თითქოს ფრთები გამოესხა.

ამ დროს მამა-შვილი მოაგონდა. მისი გათვლით ისინი  ჭურვის აფეთქებამდე თავიანთ კორპუსამდე მისვლას ვერ მოასწრებდნენ. ის კი არადა, კაცი, მათარის აღების შემდეგ თავის შვილთანაც ვერ მიასწრებდა მისვლას.

ბაჭია ადგა, დაწოლისას დავარდნილი ავტომატის მჭიდი კურტაკის ჯიბეში ჩაიბრუნა, საათზე დაიხედა, ნახა რომ გაჩერებულიყო. შეყოყმანდა და უკან, ეზოსკენ გაიქცა, გზადაგზა საათიან ხელს ასავსავებდა – ისიც ბოლოს და ბოლოს ამუშავდა.

კორპუსებითა და გარაჟების მწკრივით შემოსაზღვრული ეზოს შორეულ კუთხეში მიწაზე გულაღმა გართხმული გოგონა და მის წინ დაჩოქილი კაცი დაინახა.

კაცმა გოგონა გულში ჩაიკრა, შემდეგ მის ნჯღრევას მოჰყვა. ბოლოს აზმუვლდა.

ბაჭია მიხვდა, რომ გოგონა ცოცხალი აღარ იყო.

– ეი! – დაუძახა მან კაცს, მაგრამ იმან ვერ გაიგო.

ბაჭიას სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა.

– ეი! – იღრიალა მან.

კაცმა მოიხედა.

– ადექი! – უღრიალა ისევ მას ბაჭიამ, მაგრამ ის ვერ მიხვდა რა უთხრეს.

ბაჭიამ ახლა ხელით ანიშნა ამდგარიყო.

გაოცებულმა კაცმა შვილის ცხედარს ხელი უშვა და ფეხზე წამოდგა.

ბაჭიამ მხარზე შემოდებული ავტომატი წამის უმალესად შემართა და დაუმიზნა კაცს თავში, ამავდროულად დამცველი ავტომატურიდან წყვილად სროლის რეჟიმში გადაიყვანა და მიზნისკენ ორი ტყვია გაუშვა.

კაციც შვილის ცხედრის გვერდით დაეცა.

– შენი დედაც, ნაბიჭვარო! – კბილებიდან გამოსცრა ბაჭიამ, ავტომატის დამცველი ავტომატური სროლის რეჟიმში გადაიყვანა, გატრიალდა და წავიდა.

დასასრული

© არილი

Facebook Comments Box