პროზა

გიორგი ფირცხალაიშვილი – ნატურმორტი

naturmort-35777

მარიამობის ლიტურგიულ აღნიშვნამდე, როცა მრევლი ტაძარში მისასვლელ ფეხსაცმელს შემხმარი ტალახისგან ასუფთავებდა, ღვთისმშობლის ხატის წინ მდგარი სტიქაროსანი ადგილზე გაშეშდა და მომდგარი ოფლისგან დაცვარულ ცვილის ქანდაკებას დაემსგავსა. ხატიდან, სადაც მარიამი ყრმა იესოსთან ერთად გამოესახათ, თავად მარიამი გაქრა. მისი ადგილი გამოცარიელებულმა სხეულის მოხაზულობამ დაიკავა.

* * *

მშვენიერება ის კი არ არის, რის მიღმაც ნეხვია, არამედ ნეხვია ის, რის მიღმაც მშვენიერებაა. ნაბიჯებს არჩეული აქვთ მიმართულება, რომელიც მოსალოდნელ შეწეპებას გულისხმობს ნეხვთან. შეწებების აქტი თავის უმაღლეს გრადუსს მაშინ მიაღწევს, როცა გონსმოსული ფეხის პატრონი ნეხვის და ფეხსაცმლის ერთმანეთისგან დაშორებას, ფეხის ნეხვიდან ამოღებას გადაწყვეტს. სტიქაროსანმა, სანამ ტაძარში შევიდოდა, ფეხი შემთხვევით ძროხის ნეხვში ჩააბიჯა და როცა ახალგარდაცვლილი ძმის ნახმარ ფეხსაცმელს ამწვანებულ ბალახს აწმენდდა, გულმა უგრძნო, რომ ეს ცუდის ნიშანი უნდა ყოფილიყო. მნიშვნელობა არ აქვს, ცრურწმენით შთაგონებული სტიქაროსანი ცდებოდა თუ არა და, საერთოდ, თუ არსებობს სხვაობა ცრურწმენასა და რწმენას შორის. მთავარია, თავად ასე ფიქრობდა და ამ ორი ფაქტის – ფეხის ნეხვში ჩაბიჯების და ღვთისმშობლის ხატიდან გაქრობის – მისტიური დაკავშირების საფუძვლიანი უფლებაც გააჩნდა. მით უმეტეს, რომ სხვა ვერავითარ ახსნას ვერ მიაგნო, გარდა მომხდარში საკუთარი თავის, როგორც რაღაც უშუალო რგოლის განცდისა, რამაც მოახერხა იმ მინიმალური ფსიქოლოგიური კომფორტის დაბრუნება, შოკიდან გამოსვლაში რომ დაეხმარა. შესაძლოა, ოდნავ მოფხიზლებული კიდევ დიდხანს მდგარიყო ღვთისმშობლის შერჩენილ შარავანდედს თვალმიჩერებული, მღვდელი რომ არ შემოსულიყო მძიმე ნაბიჯებითა და ასთმისაგან გართულებული, ხმამაღალი სუნთქვით.

* * *

მღვდელმა სტიქაროსანს ეკლესიის კარი დააკეტინა და სთხოვა, არავინ შემოეშვა. თვითონ კი მას შემდეგ, რაც ხატი ყველა შესაძლო მხრიდან შეათვალიერა და ვერავითარ ადამიანურ მავნებლობას ვერ მიაკვლია, თავჩახრილი ხატის წინ დაეცა და მანუგეშებელი ლოცვა დაიწყო. მღვდელი გარემო სინამდვილიდან ამოვარდნილ, ჰიპნოტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეკლესიის კართან მოგროვებული ხალხის ხმაური არ გაუგია. უცებ პირდაპირ ყურთან ძლიერი ტირილის ხმა ჩაესმა. მოულოდნელობისგან გამორკვეულმა და დამფრთხალმა, ინსტინქტურად მიმოიხედა. მღვდლის სახემ გაოცებაც ვერ მოასწრო. ხატზე მარტო დარჩენილი ჩვილი იესო ტიროდა. რელიგიურ პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ხატს უტირია და ეს მოვლენა ეკლესიას სასწაულად შეურაცხავს, ხოლო ხატი სასწაულმოქმედად. მღვდელმა ვერაფრით გაიხსენა შემთხვევა, როცა ხატი ცრემლთან ერთად ხმასაც გამოსცემდა. ხმას, რომელიც ატირებული ჩვილის სლუკუნს ჰგავდა და არა ღვთის მდუმარე, ბრძენ ცრემლებს, ცოდვებით დამძიმებული საწმყსოს გზიდან გადახვევას რომ განიცდის. მიჯრით გამკრთალ უამრავ აზრში, ერთ-ერთმა მღვდელი გამორჩეულად შეაშინა და მისი სწრაფი უკუგდება სცადა. აცრემლებული იესო ჩვილისთვის დამახასიათებელი უმწეობით დედას დასტირის და არა ადამიანებს, – ღვთისთვის დამახასიათებელი მზრუნველობით.

ეკლესიის შესასვლელთან ხმაური სულ უფრო მატულობდა. მართალია, პირდაპირი უკმაყოფილება არავის გამოუხატავს, მაგრამ ადამიანებს შორის სულ უფრო ხმამაღლა გაბმული დიალოგი გამოუთქმელს გამოთქვამდა. მღვდელი, ისე თითქოს სიზმრიდან გამოეღწიოს, ნაჩქარევად წამოდგა ფეხზე, კარს მივარდა, უხეშად გააღო და დაიყვირა: სასწაული! სასწაული მოხდა! ღვთისგან საგანგაშო ნიშანი მივიღეთ; ღვთისმშობელმა მიგვატოვა!.. ქრისტე ტირის!.. – უკანასკნელი სიტყვები პირველადი ენთუზიაზმისგან დაცლილი, ჩავარდნილი ხმით წარმოთქვა, ისე რომ თვითონვე გააჟრჟოლა საკუთარ სიტყვებზე. თითქოს ახლა ჩაწვდა ნათქვამის სიღრმეს და შეტყობინების ნაჩქარეობის საფრთხეს.

„ღვთისმშობელმა მიგვატოვა“, „ქრისტე ტირის“ – ხალხში ეს ორი წინადადება სასწაულის ხილვის პირვანდელ სიხარულს შეელეწა. დაბნეული, შეძრული სახეები სიტყვების მნიშვნელობას ერთმანეთის უსიტყვო მზერაში ეძებდნენ. სიტყვების უკან მდგარი სინამდვილე კი ამაფორიაქებელი და ბუნდოვანი იყო. მით უმეტეს, როცა მათ წინ სახეაწითლებული, უცნაურად გაშეშებული მღვდელი იდგა და ხმას ვეღარ იღებდა. ბავშვიანმა ქალმა ვერ სძლია ცნობისმოყვარეობას, მაგრამ სძლია აკრძალულის შიშს და პირველი შევიდა ეკლესიაში. როგორც კი ხატი იხილა გონება იქვე დაკარგა და იესოს ტირილის ხმას მისი შეშინებული შვილის ტირილის ხმაც შეერია.

* * *

შექმნილ ვითარებაში მღვდელი ლიტურგიას ვეღარ ჩაატარებდა, მაგრამ სასულიერო წოდება ავალდებულებდა ღვთის ჩანაფიქრი მაინც აეხსნა შეკრებილებისთვის. კიდევ კარგი, სოფელი არც ისე მრავალრიცხოვანი იყო. მრევლის ხმაურიან, კოლექტიურ ელეგიას, რომელიც ცხოველმა ცნობისმოყვარეობამ გააღვიძა, შეიძლება ვინმე ემსხვერპლა კიდეც. მღვდელი ცდილობდა განმარტებას, დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, ამიტომაც ღვთიმსშობელმა მიგვატოვა. ახლა აუცილებელია ვილოცოთ და მოვინანიოთო. სიტყვები ნანახით და გაგონილით დაზაფრული მრევლის ყურამდე ვერ აღწევდნენ. მათ ყურებს არაფრის ესმოდა, გარდა ყრმა იესოს ტირილისა, რომელიც სულ უფრო უმატებდა ტირილს. მაშინაც კი, როცა მოთენთილები სახლში საკუთარ საწოლებში ჩაწვებიან, გაყვებათ ეს ხმა, რომელიც ტვინის გათიშვის ბოლო წამამდე არ მოასვენებთ. ორმოცდაათი წლის ქალს, რომელიც ქმართან ერთად უშვილოდ ცხოვრობდა, დაესიზიმრება, როგორ აჰყავს ჩვილი იესო ხელში, მკერდს იშიშვლებს და მოწყურებულ ბავშვს საკუთარ ძუძუს აწოვებს. ბედნიერს ეღვიძება და მთვარის მკრთალ შუქზე ხედავს საბანში გამობურცულ ქმარს, რომლის დაბერებული სხეული, წლებია კუნძივით უწევს გვერდზე და რომც მოკვდეს, სივრცეს უფრო დაეტყობა, ვიდრე გრძნობებს.

ქალი ნანახი სიზმრის შედეგად სხეულში დაგროვებული სასიამოვნო თრთოლვისგან ნელ-ნელა იფიტება და ძილგამტყდარს ფიქრები ეშლება. იქნებ ადამიანები მართლაც ცოდვილები ვართ და ვიმსახურებთ მიტოვებას, მაგრამ ჩვილი დედამ როგორ უნდა მიატოვოს?! რომელი დედა მოიქცევა ასე? ნუთუ დედამაც, როგორც ერთ დროს მამამ შვილი, კეთილშობილი მიზნებისთვის გაწირა? მამალი სადაცაა პირველად დაიყივლებს, ქალს კი მშობლების როლზე და შვილებთან ურთიერთობის ფორმაზე ფიქრში ჩაეძინება. იმ იმედით, რომ სიზმარში დაბრუნდება.

* * *

მღვდელი სტიქაროსანს შეუთანხმდა, რომ მალევე მომზადებულიყო და ახლომდებარე სოფლებში მარიამის ძებნა დაეწყო. თან იმ ხატის მცირე ასლიც გაატანა, რომელზეც ღვთისმშობელი ძველებურად გამოიყურებოდა. მღვდლის თეოლოგიურობისგან დაცლილი ამგვარი მიწიერი გადაწყვეტილება გადაჭარბებული პრაგმატიზმისგან და უმწეო მდგომარეობის სწრაფად დაძლევის სურვილიდან მომდინარეობდა, რომელიც წარსულში ომში ყოფნის დროს შეეძინა და თავი გაახსენა. მაშინ თავისი დროული მოქმედებებით არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. ახლა თავისი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯის გამოსწორებას ცდილობდა, როცა ყველას ერთბაშად ამცნო მომხდარის შესახებ, მასზე იერარქიულად უფრო მაღალ სასულიერო პირებთან განხილვის გარეშე. რა თქმა უნდა, ის ლოცულობდა და შესთხოვდა ღვთისმშობელს დაბრუნებას, თავის დესპანსაც მშვიდობიან გზას უსურვებდა, მაგრამ მხოლოდ ლოცვის იმედად ყოფნა არ იკმარებდა, რადგან ვითარება ერთი მხრივ ძალიან რთული და უცნაური, ხოლო მეორე მხრივ ძალიან მატერიალური და ხელშესახები იყო. ამიტომ ყველა გზა უნდა გამოეყენებინა. მათ შორის მატერიალურიც. ეკლესიის ერთადერთი სტაბილური სტიქაროსანი მღვდლის თხოვნით უმალ მოიხიბლა, დაუფიქრებლად დაემორჩილა უმაღლესი აუცილებლობის ნებას, რადგან თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია, მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ამბავი დილიდანვე გავრცელდა, არამხოლოდ მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში, არამედ დედაქალაქშიც. მსხვილმა ტელევიზიებმა მაშინვე გამოაგზავნეს გადამღები ჯგუფები. ამიტომ საძებრად გასულ სტიქაროსანს ხატის ასლის ამოღება აღარ დასჭირვებია. გარდა ამისა, მართალია, მცირედი სუბიექტური ინტერპრეტაციებით, მაგრამ მაინც ყველა იცნობდა სახეზე ღვთისმშობელს და ეს ამ შემთხვევისთვის პრიმიტიული დედუქციური მეთოდიკა კომიკურად გამოიყურებოდა. ვინც კი სტიქაროსანს გზად შეხვდა, საპირისპირო კითხვებს უსვამდა, მომხადარის შესახებ უშუალო თვითმხილველისგან რომ მოესმინა და ფარულად მის ადგილზე ნატრულობდა ყოფნას. სტიქაროსანს მოეწონა ინფორმატორის როლით გამოწვეული ყურადღების ცენტრში ყოფნა და დროებით თავისი პირველი, მაძებარის როლი გადაავიწყდა, რომელსაც ასევე ბავშვური და გულუბრყვილო აღტკინებით აღიქვამდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე ოცის გახდებოდა. სოფლიდან გამოსვლისას შარაგზაზე გუბეში ჩატოპა. ბავშვობაში, როცა პირველად მოისმინა ქრისტეს წყალზე სიარულის ამბავი, სწორედ ამ გუბეში ცდილობდა იმავეს განმეორებას, მაგრამ სახლში ატალახებული და დასვრილი დაბრუნდა. მაშინ მიხვდა, რომ ქრისტე განსაკუთრებული იყო, რადგან ეს არამხოლოდ უფროსების საუბრით, არამედ საკუთარი უნებლიე ექსპერიმენტითაც დაადასტურა. ამჯერად ის გატალახიანებული კი არა, განწმენდილი უნდა დაბრუნდეს.

* * *

ადრიან დილით სოფელში არქიეპისკოპოსი ჩამოვიდა. რამდენიმე სასულიერო პირიც თან ახლდა. მათ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და სასწრაფოდ შეატყობინეს პატრიარქსაც. ხატი დედათა მონასტერში უნდა გადაესვენებინათ. მათი აზრით, დედათა მონასტერში ჩვილ იესოს მეტ დედობრივ სიყვარულსა და სითბოს მისცემდნენ, იქნებ დაემშვიდებინათ კიდეც. „წამითაც არ შეუწყვეტია, მთელი ღამეა ტირის“ – უთხრა უძინარმა მღვდელმა არქიეპისკოპოსს. – დიდი განსაცდელის ჟამია. უპასუხა არქიეპისკოპოსმა. მან მღვდელი გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში სოფელი არ დაეტოვებინა და საზოგადო ღვთისმსახურება ჩაეტარებინა.

* * *

დედათა მონასტერში ხალხმრავლობა დღითი დღე მატულობდა. მსურველები დილიდან იდგნენ რიგში, რათა ცოცხალი სასწაული საკუთარი თვალით ეხილათ. ხმები, რომ ცრემლები სასწაულებს ახდენდა და რამდენიმე ავადმყოფი განკურნა, მალე დაირხა. რიგში მდგარი ქალბატონი უყვებოდა დანარჩენებს, გუშინ ერთი მამაკაცი ეტლით მოვიდა და აქედან საკუთარი ფეხით წავიდაო. მონაზვნები ხალხის მზარდ მოთხოვნაზე უარს ვერ ამბობდნენ. ამიტომ მთელი ღამე ჭურჭელს ცრემლებით ავსებდნენ. დღის განმავლობაში თუ შემოაკლდებოდათ იქვე ამატებდნენ, მაგრამ ცდილობდნენ მაქსიმალურად ეკონომიურად და თანაბრად გაენაწილებინათ ყველასთვის, ისე რომ რამდენიმე ბოთლი რეზერვში დარჩენილიყო, რადგან წყლით მდიდარ ქვეყანაში, არავინ უწყოდა, როდის შეწყდებოდა ცრემლები. მიღება მხოლოდ დილის ექვსი საათიდან იწყებოდა. ბოლო-ბოლო მონაზვნებსაც სჭირდებოდათ დასვენება, თანაც მუდმივი ხმაური და დაძაბულობა ლოცვაშიც ხელს უშლიდათ.

ერთი კვირის თავზე, მონაზონმა, რომელიც ხატს ღამეს უთევდა, რაღაც დანაკლისი იგრძნო. თავიდან ვერ გაერკვა, მშვიდად აგრძელებდა ბიბლიიდან ერთ-ერთი ამონარიდის კითხვას, თუმცა კვლავ ვერ მოისვენა. რუტინულ გარემოს ჩვეული ერთფეროვნება დააკლდა. ტირილის ხმა აღარ ისმოდა. ხატს რომ დახედა აღარც ცრემლები სდიოდა. მონაზონი შეკრთა, ვერ აეხსნა ეს კარგის თუ ცუდის ნიშანი იყო. „ხომ არაფერი მოუვიდა?“ გაიფიქრა უნებლიეთ. ის ხომ ღვთის ძეა რომელმაც სიკვდილზე იმარჯვა, რა უნდა მოუვიდეს?! ფიქრთა მდინარებას ამაღელვებელი, დინების საპირისპირო ბედნიერება მოჰყვა, რომელიც სხეულში წვრილი თევზივით შეუცურდა. ალბათ ღვთისმშობელი ბრუნდება,- გაიფიქრა მან,- და როგორც კი მკლავზე შესამოსლის ნაკეცი შეისწორა, შემოსასვლელი კარისკენ გაეშურა.

* * *

ზამთრობით სოფელი სახლებჩადგმულ უდაბნოს ჰგავდა, რადგან მარადმწვანე ხეების ერთი ნერგიც არსად იყო. ადგილობრივებისთვის რომ გეკითხათ, რატომო – ნაყოფს არ ისხამს და მაგიტომო – გიპასუხებდნენ. ზაფხულში კი ყველაფერი მწვანედ ყვაოდა. ნახევარი წელი გავიდა, რაც სტიქაროსანი სოფლიდან ღვთისმშობლის საძებნელად წავიდა. წასვლისას უკან იხედებოდა. ჩაკეტილ ჭიშკართან მისი ძაღლი იდგა და ისეთი თვალებით უყურებდა, პატრონის წასვლა წყინდა. სტიქაროსანმა მზერას ვერ გაუძლო. უკან მობრუნდა, ძაღლს მოეფერა, მაგრამ როგორც კი წასვლა დააპირა ძაღლმა, კვლავინდებურად მძიმე, ჩაწყლიანებული თვალებით ამოხედა. სტიქაროსანს სულისშემხუთველი სევდა შემოაწვა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, კარი დახურა და გამოვიდა. უკან აღარ შებრუნებულა. წარმოიდგენდა, როგორ დგას კართან ძაღლი და დანაღვლიანებული თვალებით გასცქერის გზას. სტიქაროსანი ამ კადრის გონებიდან გამოდევნას და ყურადღების იმ მნიშვნელოვან საქმეზე გადატანას ცდილობდა, რისთვისაც სოფელს ტოვებდა. ძაღლი მართლაც ისე იდგა და იყურებოდა, როგორც მას წარმოედგინა.

* * *

საქმიანად გამოწყობილი სოფლის გამგებელი ტაძრის განაპირას მოუსვენრად მოძრაობდა და ცდილობდა, თავი ნებისმიერი ვითარებისთვის მომზადებულ და აქტიურ ჩინოვნიკად წარმოეჩინა. ისეთი კაცი იყო, შარავანდედის გარეშე ვერსად დადიოდა. სანამ სადმე მივიდოდა, მისი შარავანდედი უკვე იქ უნდა ყოფილიყო, როგორც იმ ადამიანების უმრავლესობისა, თავის მიკროსამყაროში წარმატებულად რომ ითვლება ან თავად თვლის ასე. მაგრამ მისი წარმოსახვითი შარავანდედი სოფელში ჩასული პოლიტიკოსების ფონზე – თავაზიანი გულგრილობით რომ ესაუბრებოდნენ – შეიკუმშა და მან თავი კვლავ იმ პატარა ადამიანად იგრძნო, რომელიც ქვეცნობიერად არასდროს ტოვებდა და რომელსაც დიდი მონდომებით მალავდა. ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩამოსულ რამდენიმე სამთავრობო წევრთან შეხვედრამდე, გეგმებს აწყობდა, რომელთა გაზიარებასაც მათთან აპირებდა. გულის სიღრმეში გაბრაზდა, რომ ხატი სოფლიდან გადაასვენეს, რადგან სოფელს ფაქტობრივად წაერთვა შესაძლებლობა ჩრდილიდან გამოსულიყო და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლით ფინანსურადაც გამართულიყო წელში. მას წარმოდგენილიც კი ჰქონდა, ეკლესიის მახლობლად როგორ ააშენებდნენ მცირე ზომის სასტუმროს, რათა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულებს დარჩენა შეძლებოდათ. მაგრამ მის გეგმას აღსრულება არ ეწერა, თან მალევე გადაავიწყდა, როცა რამდენიმე არხმა საღამოს გადაცემებში მიიწვია. ტელევიზიებს რეიტინგული გადაცემი გამოუვიდათ. რელიგიურ გრძნობებზე ლატენტური სპეკულირებით ადამიანები ორი საათით ეკრანებს მიაჯაჭვეს. თუმცა ამჯერად ლამის მთელი სამუშაო პერსონალი თავადაც მიეჯაჭვა თავ-თავიანთ ტელევიზიებში გასულ გადაცემებს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ მეტი რეზონანსულობისა და დრამატიზმისთვის, რამდენიმე ათეისტიც მოიწვია სტუდიაში. ამავე გადაცემაში საპატიოდ მოწვეულმა ბიზნესმენმა სახალხოდ განაცხადა, რომ არ დაიშურებდა რამდენიმე მილიონსაც კი, რათა სოფელში ახალი, უზარმაზარი ტაძარი აეშენებინათ, რასაც ოვაციები და ტაში მოჰყვა. ბიზნესმენს ეგზალტირებული დიდებით შთაგონებული სახე ჰქონდა და ოვაციებით გამხნევებული ფიქრობდა, ცოლი აუცილებლად შემირიგდებაო. ყველა გადაცემაში მსჯელობის ძირითადი და საბოლოო ხაზი მეორედ მოსვლას დაუკავშირდა. შესაძლოა, ანტიქრისტე უკვე დაიბადა კიდეც. ახლოვდებოდა ანტიქრისტეს შვიდწლიანი მმართველობა, რომელიც თავდაპირველად სათნოებისა და საყოველთაო ჰუმანიზმის ნიღაბქვეშ მასობრივ სიმპატიას მოიპოვებდა, ხოლო შემდეგ მსოფლიოზე გაბატონდებოდა. ვიღაცების მოსაზრებით, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული მისია ერგო, რათა ამ საშიშროების შესახებ მთელ მსოფლიოს, მორწმუნე კაცობრიობას ამცნოს. საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ, მოვლენას ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება ვერ მიეცა და როგორც პოზიტიურის, ისე ნეგატიურის კატეგორიებში თანაბრად გაეჩხირა. სასულიერო პირებსაც არ ჰქონდათ ერთმნიშვნელოვანი პასუხი. მას შემდეგ, რაც პირველი ტაში გაისმა, სტუმრებმა მით უფრო უკლეს ობიექტურობას და საკუთარ მონოლოგს პუბლიკის ოვაციებს უსატყვისებდნენ. წამყვანი თავს ჩართული ვიბრატორივით ამოძრავებდა – ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე სტუმრისკენ. ერთ ათეისტს, რომელმაც ირონიულად განაცხადა, ქრისტე დედათა მონასტერში კი არა, პედიატრთან წაიყვანეთო, სტუდიის დატოვება მოუწია, რადგან მის ნათქვამს მღელვარე აგრესია მოჰყვა და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომელიც ობიექტურობის იმიჯსა და ფართო საზოგადოების სიმპატიებზე ერთდროულად ზრუნავდა და ამ იმიჯით საკუთარ კონფორმულობას მოჩვენებითი ნონკომფორმულობით ნიღბავდა, მორწმუნეებს საკუთარი თავის ჩათვლით, დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ღმერთს ვიღაცის უკბილო ხუმრობისგან ჩვენი დაცვა არ ჭირდება, ჩხუბი ღმერთს გვაშორებსო. მაგრამ მის ნათქვამსაც მწვავე შეფასება მოყვა და ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, შემაჯამებელ სიტყვაში მოკლედ შემოიფარგლა, უკეთესის იმედით ვიცხოვროთო. მცხეთიდან ჩამოსულმა დეკანოზმა ბერი გაბრიელის სიტყვები გაიხსენა: “ძველი გველი ამთავრებს დედამიწის შემორკალვას. ის უკვე პირით წვდება თავის კუდს“. გადაცემა აპოკალიპტური განწყობით დასრულდა. ერთ შედარებით დაბალრეიტინგულ არხზე, სპეციალური ინტერაქტივი მოამზადეს: „როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია რომ ღვთის რისხვა დაატყდა ქვეყანას? დასავლეთთან ურთიერთობის, ერთმორწმუნე რუსეთთან კონფლიქტის, არასამთავრობოების თუ ეშმაკის“. ინტერაქტივის ბოლოს არასამთავრობოები ლიდერობდნენ 57%-ით. ეშმაკმა და ერთმორწმუნე რუსეთთან კონფლიქტმა, ბოლო ადგილი გაიყვეს 6-6%-ით.

* * *

სტიქაროსნის მეზობლად ერთი მოზრდილი ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც ხუთი წლის წინ გადმოვიდა სოფელში. ისინი არ გამოირჩეოდნენ ადგილობრივებთან კომუნიკაციით და არც სტუმართმოყვარეობით, არც ეკლესიაში დადიოდნენ და როგორც სოფელში ფიქრობდნენ, ღმერთის არ სწამდათ. მომხდარი ამბის შემდეგ სოფლის ნაწილმა რამდენჯერმე სცადა მათი სოფლიდან გაძევება. ერთხელ სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ მღვდლის და რამდენიმე ადგილობრივის აქტიური ჩარევის შედეგად სახლი გადაწვას გადარჩა. შეკრებილებიც თანდათან დაიშალნენ. მაგრამ გამოუთავისუფლებელი აგრესია არ დამცხრალა. აგრესიის ერთჯერადმა გასროლამ მხოლოდ გააყუჩა და გადაავადა მისგან დაცლა. ნაწილი ჩაშლილი განდევნის გამო მღვდელზე იყო გაბრაზებული. რამდენიმე შეძახილიც გაისმა: „ურჯულოებს იცავ“! „ეკლესიას ვერ უპატრონე“! მღვდელს პასუხი არ გაუცია, არ ეცალა, ხანძარს აქრობდა სახლის გაკიდებულ მოაჯირსა და ადამიანებში. ცოტა ხანში, კვამლის გამო ასთმის შეტევები გაურთულდა.

დილით მაინც ადგა. როდესაც ეკლესიისკენ მიდიოდა თავში ქვა ესროლეს. ზურგსუკან სიამაყეს შეზრდილი შიშნარევი ხმები გაიგონა. კეფიდან სისხლმა იფეთქა. მღვდელი უკან არ შებრუნებულა, პირდაპირ ეკლესიისკენ დაიძრა და სანამ კარს გააღებდა, მუხლებში მოიკეცა და იქვე დაეცა.

როცა მღვდელმა თვალები გაახილა, შეხვეულ თავთან არქიეპისკოპოსი ედგა.

– ხომ გაგაფრთხილე, შენი მრევლის გვერდით ყოფილიყავი?!

– სხვანაირად არც მოვქცეულვარ.

– არა! ვიღაც ურჯულოებს გადაუდექი. დაგავიწყდა, რომ უკანასკნელ ჟამს მკიცხავნი მოვლენ, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი და კაცობრიობას დაემუქრებიან? მათ ჩამოსვლამდე ხომ მშვიდობა იყო სოფელში?! არც ღვთისგან მიგვიღია საგანგაშო ნიშანი. რატომ მოხდა ეს ამბავი მაინცდამაინც აქ? განსაკუთრებული ცოდვა ტრიალებს სოფელში. აღსარებები გაიხსენე.

– არაფერი მნიშვნელოვანი. ადამიანების ყოველდღიური ცოდვები.

– ან არ უთქვამთ, ან მანამდე მოხდა. მამა გაიოზი გარდაცვლილია. ჰოდა, მაგ ოჯახის ბრალია ყველაფერი.

– იქნებ სოფელი არაფერ შუაშია. სხვა ნებისმიერი შემთხვევითი ადგილიც შეიძლება ყოფილიყო. სადმე ხომ უნდა მომხდარიყო.

– როდესაც ქრისტე ბეთლემში გაჩნდა, ამას თავისი დატვირთვა ჰქონდა. სულერთი არ იყო, სად გაჩნდებოდა. უფალი ვერ გაჩნდებოდა სადმე სხვაგან. ღვთის ნებით, ასე იყო ჩაფიქრებული. როცა სოდომს და გომორს რისხვა ეწია, ეს რისხვა ვერ ეწეოდა სხვა, შემთხვევით ქალაქს. მღვდელი არ უნდა ახსენებდეს შემთხვევითობას. უფლის ხელში ყველაფერი კანონზომიერია. უფალი უმიზეზოდ არც სასწაულის ადგილს არჩევს და არც რისხვის დროს.

– სოფელში მშვიდობიანი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. თუ უკანასკნელ მოვლენებს არ ჩავთვლით, ბრაზი არასდროს გამოუხატავთ. შეშინებულები და დაბნეულები არიან.

– არ უნდა აღდგომოდი წინ. ძე განდგომილებისა ვერ მოვა, სანამ თვითონ განდგომილება არ იქნება დედამიწაზე. შენ განდგომილებს გადაეფარე! სამართლიან რისხვას ხელი შეუშალე! განტევების ვაცი ჭირდებათ. ხომ ნახე შენს წინააღმდეგ განეწყვნენ. თუ დამაკმაყოფილებელ ახსნას ან განტევების ვაცს არ მიიღებენ, სულიერად ვერ დამშვიდდებიან და შეიძლება ეკლესიასაც ზურგი აქციონ, ჩვენ მოგვცხონ ტალახი. მთელი ქვეყნის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობენ. დამაკმაყოფილებელი ახსნა ჯერჯერობით არ გვაქვს. შეშინებული ადამიანის დარწმუნება ძალიან ძნელია.

– იმათ არაფერი დაუშავებიათ, თავისთვის ცხოვრობენ. სოფელში ყველა არ ფიქრობს ასე.

– უმრავლესობა ხომ ფიქრობს?! ის ადამიანები ურწმუნოები არიან და კიდევ ამბობ, რომ არაფერ შუაში არიანო?! ხალხის თვალში ეკლესიის ავტორიტეტი არ უნდა დაეცეს.

მღვდელს სურდა შეპასუხება, რომ მთავარი ღირებულება ადამიანია. პავლე მოციქულის სიტყვების მოშველიებაც სურდა. უნდოდა ეთქვა, რომ განდგომილება მაშინ დაისადგურებს, როცა ადამიანები ერთმანეთს მტრებად დასახავენ, მაგრამ აზრებს თავი ვერ მოუყარა. ომში პრაგმატულობასთან ერთად ავტორიტეტებისადმი მორჩილებასაც შეეჩვია და აღარაფერი უთქვამს.

* * *

ქალაქში ჩასულმა სტიქაროსანმა ახალგაზრდა გოგო გაიცნო, რომელიც ადრე მონაზვნობას აპირებდა, მაგრამ ბოლო დროს გადაეფიქრებინა. ის კარვით, მარტო მოგზაურობდა. როცა სტიქაროსანმა თავისი განზრახვის შესახებ მოუთხრო, მასთან ერთად მოუნდა წასვლა. სინამდვილეში მას ამ საქმის არა ღვთაებრივი დანიშნულება, არამედ უბრალოდ თავგადასავალი და სტიქაროსნის გულუბრყვილობა იზიდავდა. მას შემდეგ, რაც თავად დაკარგა გულუბრყვილობა და ცხოვრება ნაივური საბურველისგან გაშიშვლდა, ყოფა უფერული და უინტერესო გახდა. ის არც ლამაზი იყო და არც უსახური, ისევე როგორც სტიქაროსანი და ისევე როგორც ზოგადად ადამიანი. ადრე ხატავდა კიდეც, რამდენიმე წლის წინ მაცხოვრის ხატიც დაწერა. ხატი სტიქაროსანს ფოტოაპარატის ეკრანზე აჩვენა. ამ ფაქტმა სტიქაროსანი ძალიან მოხიბლა. მათ გადაწყვიტეს, რომ ღვთისმშობელი არა ხალხმრავლობაში, რომელიც ისედაც ყოველთვის იყო ეკლესიებში, არამედ განცალკევებით, მარტო იქნება რომელიმე მიუვალ, შორეულ ადგილას, როგორშიც ბერები ცხოვრობენ ხოლმე.

ანამ სინამდვილეში მონაზვნობაზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა მონაზვნობა გადაწყვიტა. მისი ცხოვრება გაქცევების დაუსრულებელი სერიებისგან შედგებოდა. ამიტომ მონაზვნობის გადაწყვეტილება წინდაწინვე კარგად გაცნობიერებული, გაქცევისთვის იდეალური ერთ-ერთი გაჩერება იყო. ზუსტად ასე გაექცა მხატვრობას, თავის პირველ შეყვარებულს, რომელთანაც მხოლოდ ორალური სექსი ჰქონდა, რადგან მონაზვნობისგან გაქცევა საბოლოოდ დასრულებული არ იყო. მან წინასწარ იცოდა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაედგა, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაქცეოდა რაღაც ახალ პუნქტამდე. ახლა ის სტიქაროსანთან ერთად თავის ყოველდღიურობას გაურბოდა. მარტო ხეტიალიც ყოველდღიურობად ექცა. შემდეგ კი მას გაექცეოდა და ასე უწყვეტად ირბენდა, სანამ რაღაც ყოვლისმომცველს და ზოგადს არ იპოვიდა ან ძალა გამოეცლებოდა. ძალის გამოცლა კი ყოვლისმომცველ ზოგადს, სიკვდილს შეერწყმოდა.

ირაციონალიზმისა და რაციონალიზმის თანაბარი შეგრძნებით რამდენიმე დღე იარეს მთებში. ღამით, როცა კარავში ეძინათ, სტიქაროსანი ზურგით ბრუნდებოდა ხოლმე. ერთხელ მოსაღამოებულზე დაღლილები მთის ფერდობთან ჩამოსხდნენ. სტიქაროსანმა ასოზე ანას ხელის შეხება იგრძნო და მაშინვე აღიგზნო. სტიქაროსანი შეხებისთანავე მიხვდა, რომ წინააღმდეგობის თავი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელი იყო გასული, რაც მასტურბაციისათვისაც არ მიუმართავს. ალბათ სწორედ ამიტომ, თვეების განმავლობაში დაგუბებული სექსუალური ენერგია სწრაფად მიაწყდა სისხლში. ისე, რომ სუნთქვა შეეკრა. ანამ შარვლის ელვა ჩაუხსნა და შარდისაგან გაყვითლებული საცვლიდან ასო ამოუგდო. როგორც კი ანამ ასო ენით ალოკა, სტიქაროსანი სიამოვნებისგან აკვნესდა. მას თითქმის ერთი კვირა არ ებანავა და მის ასოს მწკლარტე, დამჟავებული გემო დაყვებოდა, თუმცა ანას უკან არ დაუხევია. ასოს თავი პირში მოითავსა და წოვა დაიწყო. სტიქაროსანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უკვე მოკვდა, ყველა საზვერე გადალახა და სამოთხეში შედგა ფეხი. ის რამდენიმე წამში ჩაიცალა თვეების ნაგროვები, დაგუბებული თესლით. ეგონა თესლთან ერთად რწმენისგანაც იცლებოდა. ანას პირი მთლიანად ამოუვსო, ტუჩის გვერდებიდან წვეთები ღვარად ჩამოსდიოდა. სტიქაროსანმა მასში ქალღმერთის გადაულახავი მშვენიერება დაინახა და საბოლოოდ დანებდა. ქალღმერთმა ასო პირიდან გამოიღო და პირში დარჩენილი თესლი ბალახზე გადააფურთხა.

– ძალიან ბევრი იყო! – უთხრა მან და სტიქაროსანს ტუჩებში აკოცა.

– მაპატიე! შეცბა სტიქაროსანი და დაბნეულობისგან საცვალი სწრაფად ამოიწია.

* * *

მონაზონმა კარი გააღო. გარეთ მონოტონური სიმშვიდე მსუბუქი ნიავის ნაბიჯებით გადაადგილდებოდა და სივრციდან ამოკრეფილ ხმებსაც თან დაათრევდა. შორიდან ჩუმი ლაპარაკი მოისმოდა. როგორც ჩანს, ვიღაცები უკვე ჩამოსულიყვნენ. ისინი, ვინც ჩამოსვლა დააგვიანა და იმედგაცრუებულები გაბრუნდებიან უკან. საკუთარი შრომის ხურდები ერთად შეაგუბეს, იმ იმედით, რომ ცრემლები განკურნავენ მათ, ან მათ შვილებს. რამდენიმე თვეში თავად მოუწევთ ცრემლების დაღვრა და ამ ცრემლებში ხრჩობა. ეკონომიკური ჩაგვრის თუ მავანთა სიხარბის გავლით, ეკრანებიდან მაღალფარდოვნად რომ იმოძღვრებიან. მედიაფოკუსებიდან გამონაჟური რესპექტაბელური ზედაპირულობა სულ სხვაა და მათ არასდროს ეხება. მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიის და სწრაფი კვების ობიექტების მფლობელი თავის ოჯახთან ერთად შესასვლელთან იდგა და მობილური ინტერნეტით ქრისტეს ტირილის mp3 ვერსიას იწერდა. რიგში მდგომებმა საუბარი უცებ შეწყვიტეს, როცა მობილურიდან ტირილის ხმა შემოესმათ. – ათისთვის თბილისში ვიქნები. უპასუხა და გათიშა. – ჰაჰ, ამას მხოლოდ საქმიან ზარებზე დავაყენებ, მამი. თვითკმაყოფილმა გადახედა თავის შვილს და თავზე ხელი გადაუსვა.

მონაზონი, ექსკლუზიური ცნობით გახევებული, ნაბიჯებს აყურადებდა და ყოველ უპასუხო დუმილზე, სასოწარკვეთა იპყრობდა. დილის ცხრა საათისთვის მდგომარეობა საგრძნობლად დაიძაბა. საინფორმაციო საშუალებებში ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მსოფლიო საეკლესიო კრება დაინიშნოს. მაგრამ მთავარი საშიშროება ჯერ კიდევ წინ იყო. საღამოს სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში, წამყვანმა აკანკალებული, ძლივს დამორჩილებული ხმით წარმოთქვა: უღრმესი მწუხარებითა და კრძალვით ვიუწყებით, უწმინდესი და უნეტარესი, ქვეყნის პატრიარქი გარდაიცვალა. მოსახლეობა სრულმა პანიკამ მოიცვა.

* * *

უდაბნოში ქალის უზარმაზარი ქანდაკება იდგა. სფინქსივით მონუმენტური და დიადი. უფრო ზუსტად კი – ბუნებრივად ამოკვეთილი უზარმაზარი კლდის მასივი, რომელიც ქალის ქანდაკებას ჰგავდა. ქანდაკება ქვიშაზე იჯდა და ფეხები სწორხაზოვნად გაეშალა. ხელები მუხლისთავებზე ჰქონდა დაწყობილი. თავი ოდნავ ქვევით დახრილი, ხოლო ფეხებს შორის მსხვილი ღარი მოუჩანდა, საიდანაც წყაროსავით ანკარა მდინარე გამოედინებოდა. იმ ადგილას, სადაც ქალის ბარძაყები იყო, წყალი გუბდებოდა და კლდეებში მოქცეულ მცირე ოაზისს წააგავდა. მუხლისთავებთან წყალი თანდათან ვიწრო და სწორი ხდებოდა და სულ უფრო ემსგავსებოდა მდინარის სტანდარტულ კალაპოტს. მოწყურებული სტიქაროსანი წყალში ჩახტა და თითქმის ერთი წუთი შეუჩერებლად სვამდა წყალს. მერე წყლის ძალით გამოცოცხლებულმა ღარისკენ გაცურა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდებოდა, დინებას უკან გამოყავდა. ძალების უკანასკნელ გამოცლამდე, მეოთხედ სცადა ახლოს მიცურვა, მაგრამ ნაკადი ძალიან ძლიერი და სწრაფი იყო, შიგნით ვერ შეაღწია, ვერ მისწვდა საკრალურ ზონას, საიდანაც განუყოფელ მთლიანობაში შერწყმული სიცოცხლე და სილამაზე,ზოგჯერ შარდიც გამომუშავდება. მხოლოდ დაგუბებული ოაზისის ცენტრს გასცდა ცოტათი. ბოლოს მოშვებული მიჰყვა დინებას და გული კიდევ ერთხელ დასწყდა, რომ წყალზე სიარული არ შეეძლო. დინებამ მოდუნებული სწრაფად წაიღო. ამ დროს გაეღვიძა და სანახევროდ გამოფხიზლებულმა გაიფიქრა, რომ სიზმრებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვთ, ვიდრე სიმბოლური და დახრჩობის სურვილი მოეძალა. ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ანამ მიატოვა და მისგან მხოლოდ ხუთიოდე წიგნი დარჩა, რომელსაც თან დაატარებდა და უკვე მესამე წრეზე კითხულობდა.

ანა თერთმეტი წლის იყო დედ-მამა ერთმანეთს რომ გასცილდა. დედა გაექცა მამას თუ მამა მას და დედას ერთად, არ ახსოვდა. ალბათ დედა გაექცა და ამ გაქცევამ ყველაზე მძიმე დაღი დაასვა. დედას რომ არ დამსგავსებოდა დაგვიანებულ გაქცევებში, გადაწყვიტა ნაადრევად ან დროულად გაქცეულიყო. სტიქაროსნისგან წამოსული ნებისმიერთან გაჩერდებოდა, ვინც უფრო მეტად დააინტერესებდა, ვიდრე ააღელვებდა, და მცირე ხნით მაინც სიახლის ილუზიით, ახალი უცხოს მომხიბვლელობით გააბრუებდა. მაგრამ ნაცნობი არ გაუჩენია. მსუბუქი ფლირტიც კი არ ჰქონია არავისთან და ნებისმიერ ინიციატივას უგულებელჰყოფდა ორივე სქესის მხრიდან. მაშინ პირველად იგრძნო, რომ ძლიერი იყო და სიძლიერისგან გაქცევის დაუოკებელმა წყურვილმა მოიცვა. მაგრამ სიძლიერეს ვერსად გაექცეოდა.

ანა იმ ღამით წამოვიდა, როცა სტიქაროსანმა უცნაური სიზმარი ნახა და შუაღამით მათ შორის მცირე კამათი გაიმართა. სტიქაროსანს კენტავრი დაესიზმრა. თვითონ ონკანთან იდგა და თეფშებს რეცხავდა. ონკანიდან წყალი არ მოდიოდა, მაგრამ სტიქაროსანი მაინც ისე აგრძელებდა ხელში მოქცეული თეფშების ტრიალს, თითქოს ზევიდან წყლის ნაკადი ეცემოდა. ირგვლივ არაფერი იყო. მას ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ის, თეფშები და ონკანი უკანასკნელი საგნები იყვნენ სამყაროში და მალე ისინიც არარად გარდაიქმნებოდნენ. მაგრამ ეს განცდა გაქრა, როგორც კი ზევიდან ქვიშის წვიმა წამოვიდა. ქვიშის წვიმამ თანდათან უმატა. კოკისპირულად წვიმდა. სტიქაროსანი ქვევით იხედებოდა, სურდა ქვიშის გუბეები დაენახა, მაგრამ ქვიშის კრისტალები მისი ფეხების ქვევით ცვიოდნენ და არსად ჩანდა მათი დამიწების კვალი. მოულოდნელად გამოიდარა. მზის ნაცვლად ჰორიზონტზე კენტავრი გამოჩნდა. რაც უფრო უახლოვდებოდა სტიქაროსანს, მით უფრო ნაცნობი სახის კონტურებს ხედავდა მასში. მაგრამ ვერაფრით იხსენებდა ვინ იყო, ან ვის ჰგავდა. კენტავრს მსხვილი, ოდნავ აპრეხილი ულვაშები და მკაცრი, გამჭოლი გამოხედვა ჰქონდა. ისეთი მზერა აქვს, სადაც გიყურებს, გეგონება ის ადგილი ამოგაჭრა, ხელში დაიჭირა და ახლოდან ათვალიერებს. – უფრო გრძნობდა, ვიდრე ფიქრობდა სტიქაროსანი. კენტავრმა ნაბიჯებს აუჩქარა და სტიქაროსანს მალევე ჩაუქროლა. როგორც კი გასცდა, სახე შემოატრიალა და გასძახა: „თქვენ წაშალეთ“!

სტიქაროსანს შეშინებულს გაეღვიძა. ვერაფრით გაიხსენა ამ სახის პატრონი. ბუნდოვან მოგონებაზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ ერთ ფილოსოფოსს ჰგავდა, რომლისაც თავად არაფერი წაეკითხა, მაგრამ მასზე მსჯელობისთვის და ერთი ბიოგრაფიული ეპიზოდისთვის მოუკრავს ყური.

– რაღაც მოვიფიქრე! – მხრის მირტყმით გააღვიძა ანა.

– რა?

– რა და…

-რა?

– შენ დახატავ ღვთისმშობელს.

ანამ ნახევრად მძინარემ, ისე რომ ნათქვამი არც გაუაზრებია, კარგიო და ძილი განაგრძო. სტიქაროსანსაც ჩაეძინა.

ისევ ონკანთან იდგა. ამჯერად თეფშები არ ეჭირა და ანაც თან ახლდა. ონკანიდან რძე წვეთავდა. ანა და სტიქაროსანი ცხარედ კამათობდნენ.

– როგორ უნდა დავხატო? უმწეო რეპროდუქცია იქნება და კვლავ გაქრება. აქ საქმე საღებავებისთვის ფორმის მიცემაში არაა! ამის უკან დგას მთავარი სირთულე, როგორ შეიძლებოდა ასეთი სისულელე აზრად მოგსვლოდა?!

– ვიცი, ვიცი რომ სისულელეა. სხვა რამე ვიგულისხმე. საღებავებით არ დახატავ.

– აბა?

– თესლით!

– გაგიჟდი?

– თესლი ხომ სიცოცხლის საწყისია, ყოველივე ცოცხალის, არსებულის საღებავი. პირველსაწყისი. ჰოდა, აქედან აღმოცენდება ახალი სიცოცხლე… ახალი… – ენა დაება, ვერ თქვა, რის თქმასაც აპირებდა. ხმა ჩაუვარდა და შეშინებულს სწორედ ამ დროს გაეღვიძა. ანას გამხეცებული ეცა.

– არაფერსაც არ დახატავ! არაფერსაც არ დახატავ! ცოდვაა! როგორ შეიძლება მკრეხელობა?! გაიგე? ცხოვრებაში აღარ დახატავ. როგორ შეიძლება! თესლი უფრო ადრე გაჩნდა თუ ადამიანი? რა თქმა უნდა, ადამიანი. ღმერთმა გააჩინა! არაფერსაც არ დახატავ! ღმერთი? ღმერთი უფრო ადრე გაჩნდა თუ თესლი? თავი გამანებეთ! მომინდომა დახატვა! არაფერსაც არ დახატავ!

* * *

სტიქაროსანი წვიმის წყალში ბანაობს. ქვეყანა ცრემლებში დაცურავს. თუ ცურვა არ იცი დაიხრჩობი, თუ იცი – მოგვიანებით. ბავშვები კარტოფილს თლიან. დღეს ერთ-ერთის დაბადების დღეა. დედა პრიალაყდიან ენციკლოპედიას აჩუქებს. პრაქტიკული მიზნები აქვს. მამა დარეკავს. პირდაპირია და უსუსური. საღამოს ყველანი ერთად ლოცულობენ. კარტოფილი ტაფაზე შიშხინებს. ქათამი იხარშება. არ დაიწვას – ფიქრობს ბავშვი. დედა ლოცვით ექსტაზშია. ცრემლები მოსდის. შვილს უცნაურად გახედავს ხოლმე. იმ დღეს დაიბადა, რა დღესაც პატრიარქი გარდაიცვალა. ბავშვი ნაწყენია. გრძნობს, რომ რაღაც დააშავა. სტიქაროსანი დღეებზე ფიქრობს, რომლებიც მნიშვნელობას კარგავენ. ადამიანური ზომები სამყაროს შესახებ. ბავშვი საათს უყურებს. ჩართული ტელევიზორის წინ, ნახევარ საათზე მეტია დედა თავაუღებლად ლოცულობს. მსუბუქად დამწვარ კარტოფილს უგემურად ჭამენ. დღეს ზეიმი აღარ იქნება. თითო ჭიქა ღვინოს უხმოდ წრუპავენ. სტიქაროსანს ბავშვობა აგონდება. ლეღვის ხეზეა შემომჯდარი. ტოტები საჭესავით უჭირავს და ირგვლივ მდგარ კარალიოკის, ატმის, მსხლის, თხილის ხეებს უსიგნალებს. ხეების საცობია. ხიდან ჩამოდის და გზას ფეხით აგრძელებს. სახლში ახალგამომცხვარი, შუაზე გადატეხილი მჭადის ოხშივარია. მაგიდასთან ახალდაკრეფილი კიტრის და პომიდვრის, ჭყინტი ყველის და მწვანილებით შეზავებული სუნელის არომატია. დედამ ძილის წინ მხოლოდ მის დას და ძმას აკოცა. ანტიქრისტე. უკანასკნელი დღეებია მხოლოდ ეს სიტყვა ჩაესმის ტელევიზორიდან. დედა დილით თვალშისაცემი სიფრთხილით უყურებს. და და ძმა სხვაგან იყურებიან. ფანჯრისკენ. თვალებს შეთქმულებივით არიდებენ. აბრაამმა შესაწირად წაიყვანა თავისი შვილი, ახსოვს რელიგიის გაკვეთილებიდან. ვერ ხვდება, რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ახლა. სტიქაროსანი პომიდორს შუაზე გადაჭრის, სუნელს დანით წაუსვამს, ზევიდან ყველის ნაჭერს ადებს და ეზოში გარბის. პომიდვრის წვენი ტუჩებზე ჩამოსდის. ყველის ნამცეცი კბილებში გაეჩხირა. შიმშილი. ბოსტნეული მოენატრა. საღამოს დედა მამასთან ერთად ბრუნდება. მამას ჩავარდნილი თვალები აქვს. სმისგან დანაოჭებული, აჭარხლებული სახე. ახალგაპარსულია. ჯერ კიდევ ქაფის სუნი ასდის. ასე გამოიყურება უსაქმური. დედის ნათქვამს იმეორებს გულში. პირველადაა, რომ მამის ნახვა არ უხარია. ადრე მთვრალიც უნახავს, უფრო დაძონძილი. მაინც უხაროდა. კედლების ღებვისგან და კირისგან დალაქავებულ შარვალზე ეხუტებოდა. საეჭვოდ მოწესრიგებულა. არ უხდება. ყალბად უღიმიან. და-ძმა ზურგით დგანან. მღვდელს არ ეცალა. არ მომისმინა. ჩურჩულებენ მშობლები. მერე სახლიდან მიჰყავთ. დაგვიანებული საჩუქრით აგულიანებენ. სტიქაროსანი ბიოლოგიურ განცხრომაშია. იჭინთება. ბოლო დროს სულ უფრო უკლო დეფეკაციას. ბავშვი კანკალებს. თავდაპირველი შიში მატულობს. ცნობისმოყვარეობას სძინავს. დედა და მამა ცივად დასცქერიან. ზიზღი კიბოსავით იზრდება მათში. დამნაშავე. მათ არშემდგარ ურთიერთობაში. არშემდგარ ცხოვრებაში დამნაშავე იდენტიფიცირებულია. სტიქაროსანი ქალს და კაცს ხედავს. ზანტად მოდიან. ბავშვი მოჰყავთ. წამოხტება. შარვალი ხელით უჭირავს. მათი მიმართულებით გარბის. დამტოვეთ. ხმამაღლა ყვირის. ღმერთთან მარტო დამტოვეთ. დაბნეულები უკან გარბიან. ბავშვზე მეტად მშობლებს შეეშინდათ. ღვთის ანგელოზი. ფრაგმენტებს იხსენებენ. სახლში ბრუნდებიან. ყველაფერი კარგადაა. უკეთესად ვიდრე აქამდე. იქაც და აქაც.

სტიქაროსანი დაუსახლებელ მიდამოებში მარტო დახეტიალობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა ქვეყანაში. კალიებით და ველური თაფლით იკვებებოდა. და არამხოლოდ, ზოგჯერ ნადირობდა და თევზაობდა კიდეც. დროთა განმავლობაში თავისი თავის შემგრძნობი არსებიდან, თავისი თავის უარმყოფელ არსებად გადაიქცა. და ეს გარდასახვა მისთვის ჭეშმარიტების მოხელთების წამი იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვა. სჯობდა ანას მოვფრთხილებოდი ასე. ერთხელ გაეფიქრა. ადამიანებში სულ სამჯერ გავიდა, ხმა არავისთვის გაუცია. ჩუმად და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაუარა ბაზრის გარემოვაჭრეებს, ისე, თითქოს მათ სახეებზე გაცრეცილი ყოველდღიურობის მიღმა მდგარი იეროგლიფების ამოკითხვას ცდილობდა. უცებ შეჩერდა, დახლზე დადებულ ბანანის ასხმულას ერთი ჩამოატეხა და გზა განაგრძო. ბოლოს ეკლესიასთან მივიდა და ერთ საათზე მეტხანს ფეხმოუცვლელად უმზერდა გუმბათს, თან ბანანის ქერქს ხელში კუჭავდა. ეს რიტუალი ერთი წლის შემდეგ ზუსტად იმავე თანმიმდევრობით გაიმეორა. ბოლოს, მესამედ გააკეთა იგივე და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. წლების შემდეგ, სტიქაროსანს, რომელიც ასკეტური, ბერმონაზვნური ცხოვრებით გამოეყოფა ყოფით სინამდვილეს და სალაშქროდ წასული ახალგაზრდები შემთხვევით აღმოაჩენენ მის გვამს გამოქვაბულის შესასვლელთან, წმინდანად შერაცხავენ და კვლავ დააბრუნებენ ყოფით რეალობაში. გვერდით ანას დატოვებული ბლოკნოტი და დაცლილი კალამი ეგდება, ყველაფრის თქმა ვერ მოახერხა, არა დროის, არამედ კალმის გამო. მისი ჩანაწერები მალე წიგნად გამოვა. თავდაპირველად იყო თესლი. სულ პირველ გვერდზე წაწერილი თვითონვე გადაეშალა, ისე, რომ სპეციალური ექსპერტიზის გარეშე ვერავინ გაარჩევდა.

როცა ნაპირზე გამოგდებული ანა იპოვეს, ჯიბეში გაჭედილი ცოცხალი ლიფსიტების გარდა ვერაფერი აღმოუჩინეს. ერთი კვირის მკვდარი იქნებოდა. თვალები, რომლებმაც ზღვასთან მიიყვანეს, ამოჭმული ჰქონდა. ამბობდნენ, თავი მოიკლაო. ხელებზე, მაჯებთან, წყლისგან ოდნავ გაცრეცილი ნაიარევები უჩანდა. რამდენიმე წლის წინაც უცდია თავის მოკვლა, მაგრამ გადაარჩინეს. პირველი თვითმკვლელობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დააპირა. მაშინ უცნობმა გადაარჩინა, როცა მომავალ მატარებელს გაუწვა. იქნებ შიშს მატარებლის მოსვლამდე თავისითაც აეყენებინა რელსებიდან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ ფაქტმა სიკვდილთან თამაშს შეაჩვია. ამის შემდეგ ზუსტად ოთხი თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ოთხივეჯერ უკანასკნელ წამებზე გადაარჩინეს. შეიძლება მისი თვითმკვლელობის მცდელობები აღარავითარ ეგზისტენციალურ ტკივილს აღარ ატარებდნენ, და არც სოციალური მიზეზები განაპირობებდნენ მას. უბრალოდ, თვითმკვლელობა ადრენალინის მიღების ყველაზე მძლავრ საშუალებად იქცა, ერთგვარ სახიფათო სპორტად. ბედი რომ მართლა ირონიული ყოფილიყო,ზღვისკენ სიკვდილთან სათამაშოდ მიმავალს მანქანა გაიტანდა და ადგილზევე მოკლავდა. მაგრამ ბედის ირონია უსაქმური პოეტების ხელმოცარული მიგნებაა. ამიტომ ის საკუთარი ფეხებით შევიდა და საკუთარი ხელებით შეცურა წყალში.

* * *

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჰაერში თეოლოგიურ სასოწარკვეთას შერწყმული მილიტარიზებული სუნი ტრიალებდა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილმა თავიანთი სამსახურეობრივი მანქანები სასწრაფო დახმარების რაზმებს გადასცეს, რომელთა დეფიციტიც განსაკუთრებით შორეულ სოფლებში იყო. საავადმყოფოების უმრავლესობა პაციენტებით გაივსო. ყველაფერთან ერთად აუტანელი სიცხეები იდგა. ერთმა სააფთიაქო ქსელმა მეორეს მიბაძვით, იმ პრეპარატებზე, რომლებიც ხშირად მოიხმარებოდა,  სპეციალური ფასდაკლება დააწესა, როგორც პიარჯგუფის ხელმძღვანელმა მფლობელს განუცხადა, ეს აქცია ერთი მხრივ მომხმარებელთა თვალში აფთიაქისადმი სანდობაას და კეთილგანწყობას, შესაბამისად მომავალში პოტენციურ და ერთგულ მყიდველებს გაზრდიდა და მეორე მხრივ კომპანიას სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩაეთვლებოდა. რამდენიმე პოეტმა დემონსტრაციულად, მთაწმინდაზე მოიკლა თავი. გალაკტიონის ჩრდილში – რომელსაც ეკლესიის გადაწყვეტილებით თვითმკვლელობის უმძიმესი ცოდვა მიეტევა – უპატრონოდ ეწყო მათი გვამები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საჯარო განცხადება გააკეთა და გადადგა. მეორე დღეს მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრიც მიყვნენ. სწორედ ამ ნაბიჯით პირველად დაფიქსირდნენ ამომრჩევლების ცნობიერებაში, ეს ერთადერთი და საუკეთესო რეფორმა იყო მათი მხრიდან. თუმცა სამთავრობო გუნდიდან და ოპოზიციიდანაც ამ ნაბიჯს მწვავე შეფასება მოჰყვა, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო ვითარებაში პოსტის დატოვება ღალატის ტოლფასი იყო. საპასუხოდ მინისტრებმა განაცხადეს, იმდენად განიცდიან უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალებას, რომ შრომისუნარიანობა და სამსახურისთვის აუცილებელი კონცენტრაცია დაკარგული აქვთ. ქვეყანაში ერთი კვირით საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. ტელევიზიებმა უარი თქვეს გასართობ გადაცემებზე და ეთერი სრულად ტრაგედიის შედეგად შეძრულ ადამიანებს, ან თავად პატრიარქზე მოგონებებს და სხვადასხვა ქალაქებში გამართულ პარაკლისებს მიეძღვნა. რამდენიმე ადამიანი, ვინც მანამდე ღიად აკრიტიკებდა პატრიარქს, სასტიკად სცემეს ქუჩაში. პოლიციას საქმის გამოძიება არ დაუწყია და დაზარალებულებს უბრალოდ ურჩიეს, რომ სახლიდან გამოსვლას და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მორიდებოდნენ. მართლმადიდებლების ნაწილმა მოწოდება გაავრცელა, სადაც ისინი ემიჯნებოდნენ ძალადობას და ადამიანებს ქრისტესმიერი სიყვარულისკენ მოუწოდებდნენ. „ერის სულიერების დაცვის კომიტეტმა“ ისინი მოღალატეებად და ურწმუნოების დარაჯებად შერაცხეს, რადგან იმათ იცავდნენ, ვისმა ცოდვებმა და შეხედულებებმაც ქვეყანა გადაგვარების საფრთხემდე მიიყვანა. მათი თქმით, ისინი ღვთის მონები არიან და აღასრულებენ ღვთის სამართალს, ხოლო ღვთისმგმობელები უნდა ძრწოდნენ მათი შიშით. საეკლესიო პირების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ისმოდა. ერთი ბლოგერი წერდა, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის შეუძლებელია კომუნიკაცია, რადგან ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ენა აქვთ, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ თავში, საკუთარ სუბიექტურობაში და მისი ჩაკეტილი კვლავწარმოების პროცესში ერთმანეთთან გადაკვეთას ვერ ახერხებს. ყველა, ვინც ამ ენის მიღმაა, იზოლირებული და განდევნილია მისგან და თუ ასე გაგრძელდება, ჩართულობა და ერთმანეთთან კონტაქტი განწირულია მუდმივი მარცხისა და ანტაგონიზმისთვის. აგრესია და ძალადობა გამოწვეულია ეკონომიკური მიზეზებით და სოციალური უთანასწორობით, ანუ ჩაგვრის სტრუქტურული ფორმებით და გარემოს იმ უარყოფითი ფსიქოსოციალური დეტერმინანტებით, რომლებიც პიროვნების, მენტალობის ფორმირებას ახდენენ. რელიგია კი იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ და აგრესიის, პროტესტის ადრესატი სწორად განსაზღვრონ, დროებითი ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს და ილუზიაში აცხოვრებს მათ. ილუზიაში, რომელშიც უმრავლესობა სწავლების შინაარსსაც არასწორად იგებს და მას ცხოვრებაში დაგროვებული ბოღმის და ბრაზის მორალურ ნიღაბში შეფუთვის შესაძლებლობას აძლევს, ისე, რომ ვერც ხვდება, ადამიანებმა ადამაინებს კი არა, მოცემულობას, მიზეზებს უნდა ებრძოლონ, სადაც სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრა ხორციელდება, განვითარების უთანასწორო პერსპექტივებია, იერარქია, ელიტიზმი, ხელმიუწვდომლობა ხარისხიან განათლებაზე, რაც საზოგადოებას უარყოფითი ემოციებით მუხტავს. სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯგუფებს შორის საწყისი განსხვავებით და არა დამოუკიდებელი ცვლადის გავლენით, იყო პირველი კომენტარი ბლოგზე. რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია, ბნელები არიან და მორჩა, აგრძელებდა „ალუბლის გოგო“. შემდეგ ძირითადად გინებისა და ძახილის ნიშნების ვრცელი ჩამონათვალი იწყებოდა. ბლოგს თანაბრად აკრიტიკებდნენ, როგორც ლიბერალები, ისე კონსერვატორები და მორწმუნეები. ნამდვილ გლოვას დუმილი უხდება, ანგაჟირებულ სიყალბეს ხმაური, ქადაქებდა ერთ-ერთი მღვდელი და Youtube-ის მეშვეობით ცდილობდა ხმა ღვთისა მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა.

* * *

ქალბატონი გუგული ოცდაათი წელია ბაღში მასწავლებლად მუშაობდა. ხელში ყოველთვის ცხვირსახოცი ეჭირა, ზამთრობით შუბლს, ზაფხულისკენ მკერდის შუაგულს იწმენდდა ოფლისგან. გუგული ბაღში მიმდინარე საკადრო პოლიტიკას გადაყვა და დირექტორთან საჩხუბრად იყო მოსული. მის ნაცვლად აყვანილ ახალ მასწავლებელსაც რამდენიმე ალესილი სიტყვით ეამბორა. გუგული ბავშვის ცემის გამო გაათავისუფლეს, არც მანამდე აკლებდა ყვირილსა და ჩხუბს ბავშვებთან. ამჯერად ამბავი გახმაურდა და ბავშვის მშობლებმაც მკაცრი, კრიტიკული პოზიცია დაიკავეს. როგორც კი გუგულის მჭექარე ხმაზე ბავშვები გაისუსებოდნენ, თავმომწონე, თვითკმაყოფილი გუგული ახალგაზრდა პრაქტიკანტებს მრავალმნიშვნელოვანი მზერით ეტყოდა: წესრიგი პატარაობიდან უნდა ისწავლონ! ბაღში ნახევარი წლის წინ აყვანილი ფსიქოლოგი, ცდილობდა გუგულისთვის ავტორიტარული აღზრდის მეთოდების ნაკლოვანებები აეხსნა. შესაძლო ოჯახური პრობლემების პროექცია მათ დევიაციურ ქცევებში. ძალადობის მძიმე, ტრამვატული ფსიქოლოგიური დაღი ბავშვებზე, რომელიც ავითარებს მჩაგვრელობისა და ძალადობრივი ფორმებისადმი მიდრეკილებას, ართულებს სკოლაშიც და სამომავლოდ, თავისუფალ ნებელობაზე, თვითშეგნებაზე დამოკიდებულ ურთიერთობას პედაგოგებთან. ასეთი მეთოდებით ბავშვი არა თვითდისციპლინას, არამედ დასჯის შიშს ეჩვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში ეგრევე მოდუნდება და არაქმედითუნარიანი ხდება. საწინააღმდეგოდ, გუგულის მე-19 საუკუნის ქართველი კლასიკოსის ციტატა მოჰყავდა: „ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი“.  დარწმუნებულმა მოსწრებულ პასუხში, როგორც გამოცდილმა და ბრძენმა გამოუცდელს და ახალგაზრდას, გამარჯვებულთა პედისტალიდან გადახედა ფსიქოლოგს. ფსიქოლოგს გუგულისთვის სურდა ეთქვა, რომ თავად მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და საჭიროებს თერაპიასა და თანადგომას, მაგრამ პროფესიული გამოცდილება და თავდაჯერება ჯერ კიდევ აკლდა და ვერ გაბედა. და საერთოდ, მიხვდა რომ თავიდანვე ურთიერთობის არასწორი სტრატეგია გამოიყენა, ფსიქოლოგს ურთიერთობის ფორმის შერჩევისას მეტი წინდახედულება მართებს. ბაღის დირექტორმა ფსიქოლოგს განუმარტა, რომ მისთვისაც გასაგებია მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ამის გამო მასწავლებლების მოხსნა რომ დაიწყონ,  ბაღების უმრავლესობა მასწავლებლების გარეშე დარჩება. სინამდვილეში თითქმის ყველა ბაღში ასეა, უბრალოდ ხმამაღლა არ საუბრობენ ამაზე და რეფორმების უმრავლესობა, თანამედროვე მეთოდების დანერგვის მცდელობები, ძირითადად ფორმალურად ტარდება. დასაწყისისთვის არც ესაა ურიგო. ტენდენციას ასე სწრაფად ვერ შევცვლით, როცა ბაღში მასწავლებლების ხელფასი ასეთი დაბალია. ფიზიკური მართალია ნაკლებად, მაგრამ ვერბალური ძალადობა თითქმის ყველგან ხორციელდება. გუგული მაშინ სამსახურიდან გათავისუფლებას გადაურჩა.

ახალმა მასწავლებელმა გუგულის ლანძღვაზე საპასუხოდ, ბავშვებს თხოვნით მიმართა:

– აბა, ბავშვებო, ჩავეხუტოთ გუგული მასწავლებელს!

ბავშვები სიცილ-კისკისით და გულწრფელი თამაშით ირგვლივ შემოერტყნენ გუგულის. თუმცა გუგულიმ თავშეკავებული ფუთფუთით გაარღვია ჩახუტების წრე და დერეფანში გავიდა.

– მოხვალთ ჩემს ასაკამდე! ვერ მოესწრებით! ღმერთი ყველაფერს ხედავს. მალე აღსრულდება სამართალი! თქვენ გარყვენით ეს ქვეყანა, თქვენი ბრალია ღვთისმშბობლის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის გარეშე რომ დავრჩით! – ბოლოს მკერდზე ყოველთვის გამოსაჩენად გამოკიდებულ ოქროს ჯვარს ძლიერად აკოცა და დარჩენილი ბრაზის დასახარჯად ბაღიდან გარეთ გავარდა.

ბაღის მასწავლებელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო ბაღში მუშაობა, სახლში ბრუნდებოდა, როცა მას უფლის ანგელოზი შუქნიშანთან შეჩერებულს წამოეწია.

– სად არის შენი ღვთივკურთხეული შარავანდედი?

– დავტოვე, რადგან შარავანდედის გარეშე ვერავინ მცნობს.

– და შენი შვილიც დატოვე, შენი წილხვედრი ქვეყანაც.

– თითქოს იესოს დედობის გარდა არავინ ვიყო! თითქოს ადამიანი კი არა, ფუნქცია ვარ, ქვის კერპი, წინასწარ განსაზღვრული, მიჩენილი როლით.

– აუცილებლად უნდა დაბრუნდე. და იმედებიც დააბრუნო.

– ცრუ იმედები, სიცოცხლის მოძრავ ძალას რომ აფერხებს.

– პირიქით, უიმედობა აფერხებს.

– ჩემი შვილის სახელით ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. ყველაზე დიდი ტირანების წყალობითაც არ დაღვრილა ამდენი სისხლი და არ გაჩენილა  ამდენი შუღლი.

– დღეს უკვე ნაკლებად.

– მისი სახელით იმდენს სპეკულირებენ, ყველაზე ვერაგი მმართველებიც კი განზე დარჩებიან. ჯვარს მაშინ კი არა, მას შემდეგ აცვეს, რაც აღდგა და არათუ სამი დღე, ოც საუკუნეზე მეტია ჯვარსაა გაკრული.

საუბარი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა და ვერ მიაღწევდა ორაზროვნების იმ კონდიციამდე, როცა ერთიც და მეორეც თავისებურად, საკუთარი შინაგანი ჰარმონიის დარღვევის გარეშე გაიგებდა ნათქვამს და კმაყოფილებისა და უკმაყოფილების ზომიერი არევით გაშორდებოდა ერთმანეთს, ეშმაკი რომ არ გამოჩენილიყო. ის შუქნიშანზე ანთებული წითელი ნათურიდან გადმოძვრა და ტროტუარზე შედგმულ მანქანებს შორის სხარტად და მოქნილად გამოიარა.

– დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! პირველი შემთხვევაა, როცა ანგელოზი და ეშმაკი ერთმანეთს ეთანხმება. თავს ნუ იტყუებ. გთხოვ, რომ დაბრუნდე.

მარიამს ხმა არ გაუცია, რაც უფრო თანხმობას ნიშნავდა, ვიდრე უარყოფას.

– წარმოგიდგენია? ექვს პროცენტზე მეტი ვერ ავიღე. კონკურენციას ვერ ვუძლებ, აღარაფრად მთვლიან. თექვსმეტი მაინც ყოფილიყო, რაც მე ამ ხალხისთვის ცუდი გამიკეთებია… სადმე ნორმალურ ქვეყანაში უნდა წავიდე. სხვა მტრები ჰყავდეთ! არა, ამ ხალხზე შენს ადგილას მეც გავბრაზდებოდი. მაგრამ ახლა უნდა დაბრუნდე, ხომ იცი, რომ შენს ნებას საზრისი გამოცლილი აქვს. ზუსტადაც, ფუნქცია ხარ. და შენი ლირიული გაქცევით ფუნქციონირებას ნუ აფერხებ.

მარიამს ეშმაკისთვის არც ამჯერად გაუცია ხმა. ანგელოზს საყვედურიანი, ბრაზიანი თვალებით უყურებდა. დროებით! – ეშმაკი სიმღერის ღიღინით და მუსიკალურ რიტმს აყოლებული თავდაჯერებული ნაბიჯებით გასცილდა მათ. შემდეგ შემოტრიალდა და შორიდან ორივეს გასაგონად წაიღიღინა:

„მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,

სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ,

ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთიიი“.

 * * *

ბაღის დირექტორმა ვაკანტურ პოზიციაზე მოსულ მამაკაცს დემონსტრაციული იმედგაცრუებით ამცნო, რომ ორი კვირის წინ აიყვანეს ახალი მასწავლებელი. სიცოცხლით, ენერგიით და ბავშვებისადმი მზრუნველობით სავსე, რომელმაც რამდენიმე დღეში მოახერხა ყველას კეთილგანწყობის მოპოვება. და უცებ, უცნაურად გაქრა. კვირაზე მეტია აღარ გამოჩენილა. თუ თქვენც რამდენიმე დღით ან თვით აპირებთ მუშაობის დაწყებას, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ კონტრაქტს მინიმუმ ერთი წლით გაგიფორმებთ, რადგან კონკურსის ხელახალ გამოცხადებას და სხვა პროცედურებს ბევრი დრო მიაქვს. მამაკაცმა პირობა დადო, რომ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა და კეთილსინდისიერად იმუშავებდა. როცა პირველ დღეს ბავშვებთან შევიდა, ბავშვები ნაღვლიანი მხიარულებით შეხვდნენ: სად არის მარიამ მასწავლებელი? აღარ მოვა?

ხატზე ღვთისმშობელი გაქვავებული, მარადიულ უძრაობას შენივთებული გამოესახათ, ყრმა იესოთი ხელში, ოდნავ დახრილი თვალებით.

* * *

ღვთისმშობლის დაბრუნებიდან მეორე დღეს ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მთელი ამბავი დადგმული იყო, რათა გარდაცვლილი პატრიარქის გამო გაჩენილი სტრესი და უიმედობა, მალევე შეეცვალათ სინათლით და იმედით. არგუმენტად იმასაც იშველიებდნენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პატრიარქი საჯაროდ არ გამოსულა და მხოლოდ ვიდეომიმართვა გავრცელდა. გარდა ამისა, ამით პატრიარქის უშუალო თავგანწირვა, უფალთან სიახლოვე და მისი დიდების შარავანდედი განამტკიცეს მორწმუნეთა თვალში და მტკივნეული, რთულად გადასატანი მოვლენა საბოლოოდ ზეიმით და ღვთისმშობლის დაბრუნების სიხარულით დააგვირგვინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიარქის გარდაცვალება ხალხისთვის ბევრად მძიმე გადასატანი და უფრო მასშტაბური არეულობის მომტანი იქნებოდა, ახლა კი ადამიანები ტრაგედიის ნაცვლად, ღვთიურ ჩარევას და მადლს ხედავენ მასში. თუმცა ამ ვერსიის პოპულარობა თავად ექსპერტებით და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებით შემოიფარგლებოდა. ხოლო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელსაც ერთ დღეში ათი ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა: პატრიარქი იმიტომ გარდაიცვალა, ღმერთთან პირადად რომ ჩასულიყო და როგორც ერთ დროს ქრისტემ იხსნა სიკვდილით კაცობრიობა, ისე იხსნას ქართველი ერი.

* * *

გუგულიმ სახლიდან გამოსვლისას ფეხი შემთხვევით ძაღლის ნეხვში ჩააბიჯა. წყეული ქუჩის ძაღლები, უნდოდა ეთქვა, მაგრამ გაახსენდა, რომ წინა ღამით ღვთისმშობელი ესტუმრა და გუგული იმის გამოსწორებას შეპირდა, რის გააზრებასაც ახლა იწყებდა. რა მათი ბრალია, თქვა გუგულიმ და საპატრიარქოსკენ გასწია.

© არილი

Facebook Comments Box