პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი – მერის მარადიული ახალგაზრდობა

ეს უბრალო ლოდი არ გეგონოთ. ძალიან მრავალფეროვანი ლოდია. ზაფხულობით, შუადღისას ნესვივით ყვითელია, საღამოს თითქოს ცეცხლი ეკიდება და წითელ ელფერს იძენს, ღამით კი, თუ სავსე მთვარეა და საკუთარ ჩრდილთან პაექრობით ერთობით, ძლივს, მაგრამ გაარჩევთ იმას, თუ როგორ გარდაისახება მეწამულ იისფრად. საღამოს პირზე, როცა გურჯაანის რაიონის სოფლებში დამწვარი კაკლის ფოთლების და ბადაგის სურნელი აირეოდა, სწორედ ამ ლოდზე და კიდევ მის სამ ტყუპისცალზე სხდებოდნენ მერი მამისაშვილი და მისი დაქალები, ერთად, სულ რაღაც სამას ორმოცი წლისანი. გოგონები ყველას ათვალიერებდნენ, მაგრამ სულაც არ ჭორავდნენ ახალგაზრდა შეყვარებულებს, რადგან საერთოდ არ ჰქონდათ იმის შეგრძნება, რომ თავად აღარ იყვნენ ახალგაზრდა შეყვარებულები. საერთოდ, ამ სოფელში ისე ხდებოდა, რომ ახალგაზრდა შეყვარებულებს მხოლოდ ისინი ჭორავდნენ, ვინც ან ახალგაზრდა არ იყო, ან შეყვარებული. „მერიზმის“ დებულებები უარყოფდა სიბერეს, თუ ქალი არ ხდებოდა ბებია. ზრდასრულობასაც უარყოფდა, თუ ქალი არ ხდებოდა დედა და, საერთოდაც, სამუდამოდ შეყვარებულად ყოფნა, „მერიზმში“ სამუდამო ახალგაზრდობას ნიშნავდა. არ გეგონოთ, რომ მერი მამისაშვილს ძალიან მოსწონდა ის, რომ კვლავაც ახალგაზრდად გრძნობდა თავს. ზოგს უკვდავება არ უხარია. მას კი სამუდამო ახალგაზრდობა არ უხაროდა. კაცმა რომ თქვას, ახალგაზრდობა მერის მთავარი უბედურება იყო. ასე ფიქრობდნენ მისი ახალგაზრდა დაქალებიც. ერთად სულ რაღაც ორას სამოცი წლისანი. დაქალები ყველაფერს უჯერებდნენ მერის და ერთგულნი იყვნენ მისი ორგანიზაციისა. ორგანიზაციისა, რომლის იდეოლოგიაც იყო სიყვარული, მაგრამ თავისებური, მარადიული, უსიცოცხლო, განწირული ოცნებისა და მელანქოლიისთვის. მერი მამისაშვილის ორგანიზაციაში, რომელშიც მის გარდა კიდევ სამი ქალბატონი იყო გაწევრიანებული, მხოლოდ სამამულო ომში დაკარგული, ანდაც მოკლული ვეჯინელების შეყვარებულებს იღებდნენ. ორგანიზაციაში ყოფნის ერთადერთი წინაპირობა კი შეყვარებულის ერთგულება და მასთან ყოფნაზე სამარადჟამო ოცნება იყო… მერი აუცილებლად გააგდებდა ორგანიზაციიდან იმას, ვინც „მერიზმის“ ამ მთავარ პრინციპებს უარყოფდა. გააგდო კიდეც ნინელი მახარაშვილი, როცა გაუგო, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარე აკაკა ოხანაშვილთან დაიარებოდა, ვენახების ბოლოს, ყარაულთა ქოხში. მაშინ ორმოცი წლისა იყო მერი, ნინელი ოცდათვრამეტისა. მაპატიეო, ტიროდა ნინელი. მთელი სოფელი უყურებდა მის ვედრებას. იმ ბანჯგვლიანის საოხრეზე გაცვალე სიყვარულიო, უკიოდა მერი და თვითონაც ტიროდა. დაუჩოქა ნინელიმ, იფიქრა, გული მოულბებაო. არაფრით არ შემოირიგა მერი მამისაშვილმა ნინელი მახარაშვილი. მე თუ შემიძლია ერთგულება, სხვებსაც შეუძლიათო. არავის აპატიებდა მერი იმას, რასაც საკუთარ თავს არ აპატიებდა. საკუთარ თავს კი იმიტომ არ აპატიებდა, რომ ნიკო არ ყოფილიყო მასთან მართალი. ნიკო წავიდა და მოკლეს, მკვდარი ვერ მიღალატებსო. თუ არ მოუკლავთ, პლენში იქნება… თუ მობრუნდება და მეტყვის, გოგო, მერი, დავბრუნდი და მისდღემჩი არ მიღალატნია შენთვინო, მეც თუ იგივე ვერ ვუთხარი, რა იქნება ჩემი ქალობაო?… მოკლედ, თავიდან გადარეული იყო ნინელი და სინდისიც აწუხებდა. რცხვენოდა, შინაგანი ქალობა დავკარგე და გარეგანს გადავყევიო. ოცნებობდა კიდეც, ნეტა მერიმ დამაბრუნოსო. მერე და მერე ისღა ახსენდებოდა, როგორ დასცინა სოფელმა და შეიჯავრა ნინელიმ მერი. თვითონ ვერა ბედავს, გადაჰყვა ნიკოს უნახავ ასოს და მე რო გავბედე, მაგაზე გადაირიაო. ნინელი ისე დაბერდა, სულ იმას უცდიდა, მერის რაიმეთი გული ვატკინო და გავამწაროო. მაგრამ მერის რა გაამწარებდა? რთულია მკვდარზე გიჟივით შეყვარებული ქალის გამწარება. მკვდარი იყო, აბა, რა იყო, რომ არ მოეკლათ, ჰო ჩამოვიდოდა. წლები გადიოდა და მერის ორგანიზაციაში მორჩილად რჩებოდნენ ერთგულების ქურუმები, ანეტა კახნიაური და დები, დოდო და ნინა შალიკაშვილები. ამათი, სამივეს შეყვარებული კურსკში დაუხვრეტია ობერნშტურნფიურერ ჰაინრიხ გროსმიულერს. მერის რა უჭირდა? მაგისი ნიკოს სიკვდილი კაციშვილს არ ჰქონდა გაგებული. ეგ იჯდა და უცდიდა მაინც. ის სამი კი ვერც ვერავის უცდიდა და მაინც იცავდა „მერიზმის“ ერთგულების და სამუდამო ახალგაზრდობის დებულებას. ორგანიზაციას ერქვა „უცნობი ჯარისკაცის შეყვარებული“. შეკრება ჰქონდათ ყოველ საღამოს, მერის სახლის სხვენზე, სადაც გოგონები სანთლებს ანთებდნენ შეყვარებულის ფოტოებთან, მემილიონედ იხსენებდნენ მათთან გატარებულ ძალიან ცოტა დროს და უსმენდნენ მუსიკას ფილმიდან, „ლეტიატ ჟურავლი“. დღისით მერი ნიკოს დასთან მიდიოდა. ნიკოს და იყო მერიზე ათი წლით უფროსი და აღარ შეეძლო ტუალეტში სიარული. ნამდვილი რძალივით უვლიდა მერი მანანა ვარსიმაშვილს. უყვარდა მული და, ეგეც რომ არ ყოფილიყო, ნიკოს რა პასუხი გავცეო, ფიქრობდა.

* * *

ბონასერა სინიორინა ვალერია. როგორ იყოო? მშვიდობით, ლამაზო… დიახ, რა თქმა უნდა, ჩავალთ და, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მალე. არც ჩვენ ვართ მოცლილები. აი, ახლა გავახშმებთ, გაჩვენებთ სად ბანაობდნენ ჩვენი მეფეები და მაშინვე წავალთ. თქვენ კი არა, მეც ვერ ვითმენ. არა, რა აბაზანა… მე სხვანაირ ბანაობაზე გელაპარაკებით. მეფურ ბანაობაზე. როგორც თქვენებური არქანჯელო ლამბერტი ამბობდა… ნუ, მოკლედ, არ ვიცი რას ამბობდა, მაგრამ აქ ვინც ყოფილა, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა და ეგეც იტყოდა რამეს. თქვენ რატომ არ გაქვთ წარმოდგენა ამაზე? რა უინტერესო ხალხი ხართ ეს ევროპელები. აი, ახლა ვივახშმოთ და… არა, ქალბატონო, თქვენ რას გადაიხდით? სად გგონიათ თავი? გაიგე რა მითხრა, ბიჭო?! მე გადავიხდიო. ამ ხნის ქალია, მაგრამ დურაკი. დურაკს არ დაეფიცება, ხო იცი? მოდი, ჭაღარას ვცეთ პატივი. შეღებილია კია, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ჭაღარაა. ნახეთ, ვალერია, ჭაღარა მთაწმინდა. საერთოდ არ ჰგავს თქვენს კოლედელისის უღელტეხილს, მაგრამ ყველა მთას ერთნაირად უნდა ვცეთ პატივი, რადგან ცასთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ჩვენ და ზოგიერთი სულელი ჩიტი. პიცაო? პიცა და პასტა ლომბარდიაში მიირთვით, რამდენიც გნებავთ. აქ რამე ახალს ეზიარეთ. ჩვენც არანაკლებ მძიმე საკვები გვაქვს. რა ლამაზი ხართ, ვალერია. ოცი წლით ადრე რომ დავბადებულიყავი, უეჭველად გაგეარშიყებოდით. როგორ იფიქრეთ, რომ გეკეკლუცებით? მე სიმართლის მთქმელი კაცი ვარ. კამერა აქედანვე ხომ არ ჩაგვერთო. ჩანახატის ელფერი მიგვეცა ჩვენი ამბისთვის. მართალია. მაპატიეთ. რთულია კამერის წინ ჭამა. ხვალ უკვე ადგილზე ვიქნებით.

* * *

იცინეთ, იცინეთ მანამ, სანამ მთავარი თქვენი სიცილია და მას სილამაზის განადგურება შეუძლია. მე კი მჯერა, რომ როგორც მდინარეს ვერ გააჩერებთ, ისე ვერ დააკლებთ ვერაფერს ნაკადულს, რომელიც პატარაა და მიუსაფარი, მაგრამ სადმე მდინარედ იქცევა და თქვენს სიცილსაც ვეღარასდროს გაიგებს საკუთარი ტალღების ხმაურში. მაშინ ყველა დასცინოდა ნიკო ვარსიმაშვილს, ბიბლიოთეკაში დადისო. გიჟი ეგონათ და ზურგს უკან ენას უყოფდნენ. ზოგი ეჭყანებოდა კიდეც. ამ დროს კიდევ უფრო მახინჯი ჩანდა მათი შეუხედავი სახეები. მერის რცხვენოდა, ნიკოს ყველა რომ დასცინოდა, მაგრამ სიყვარული სირცხვილზე ძლიერი გრძნობაა, მაშინ, როცა სირცხვილის მიზეზს იდიოტები შთაგაგონებენ. ხანდახან მერიც კითხულობდა წიგნებს. ეზარებოდა, მაგრამ ნიკო აძალებდა. ეუბნებოდა, ბევრ წიგნს თუ წაიკითხავ, მამაშენს აღარ დაუჯერებო. მერის დიდად არ უყვარდა მამა, მაგრამ ეგონა, რომ უყვარდა, რადგან წესი იყო ეგეთი. გოგონა ვერ ხვდებოდა, რატომ არ უნდა დაეჯერებინა მამისთვის, ნიკოს კი ერიდებოდა იმის თქმა, რომ მერის მამა ამ სოფლის სხვა მამების მსგავსად, შვილებს სულელურ მომავალს უგეგმავდნენ. ნიკოს ძალიან ეშინოდა, რომ მერიც ბრმად დამჯერი არ აღმოჩენილიყო, როგორც ვეჯინის სხვა ახალგაზრდები. ამიტომ ძალიან რომანტიკულად და ცოტა მიამიტურადაც ცდილობდა, რომ გოგონა მეამბოხე ყოფილიყო. ომი რომ დაიწყო, მერის უხაროდა, ნიკოს გაიწვევენ, იქ გმირობას გამოიჩენს და რომ დაბრუნდება, ვერავინ დასცინებსო. სხვები აზრზე არ იყვნენ, მაგრამ მერიმ იცოდა, ნიკო რომ ძალიან უშიშარი ვინმე იყო. მერიმ ისიც იცოდა, გმირებს რომ ვერავინ ვერაფერს უბედავს, ზურგს უკანაც კი. მამასაც მოეწონებოდა სასიძო, რომელსაც გულზე ოქროსფერი ლენინი ექნებოდა მიწებებული. ნიკო რომ წაიყვანეს, სექტემბრის მზე იყო. იმ დღეს ბევრმა ჩიტმა გადაიფრინა ვეჯინის თავზე. სამკუთხედი ჰქონდათ მოხაზული და ბრაზილიაში მიემგზავრებოდნენ. რაღაცას მღეროდნენ კიდეც, პოლიფონიურად, ჩიტების სულელურ ენაზე. ოლია ვარსიმაშვილმა ასი პური გამოაცხო თონეში და შვილს უთხრა, სხვა სალდათებსაც აჭამეო. ნიკოს ეზარებოდა ევროპამდე პურებით სიარული და დედის გამომცხვარი შოთები სოფლის ბოლოს დაურიგა მეზობელ ბავშვებს. ვერავინ ხვდებოდა საიდან მოიტანა ოლიამ იმდენი ფქვილი, მაგრამ კომუნისტებს მაინც არ დაუსჯიათ. ომი იყო და არ ეცალათ ანტისაბჭოთა ელემენტებისთვის. ბავშვებმა კი ძალიან გაიხარეს, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა სახლში საჭმელი. გიჟი კი არა, ჯიგარი ყოფილაო, ამბობდა და ილუკმებოდა თორმეტი წლის ფირუზა ჯამატაშვილი. ნეტა ჯერ ავთამატის სროლა ასწავლონ და მემრე გაუშვან ფრონტზეო, იკრიჭებოდა მეწისქვილე ქარუმა. დედა ენაცვალოი, ნასკები სახში დარჩა, ფეხები არ დააძრესო, იცრემლებოდა ოლია. მერი კი სახლის სხვენზე კითხულობდა ნიკოს დატოვებულ „გრაფინია დე მონსოროს“ და ერთი სული ჰქონდა, ჰიტლერი მისი შეყვარებულის ტყვიით მისიკვდილებულიყო.

* * *

„ერთ დილას, მე გავიღვიძე…

ო, ლამაზო, მშვიდობით,

მშვენიერო, მშვიდობით,

ერთ დილას, მე გავიღვიძე,

რომ მეპოვა დამპყრობელი!

ო, პარტიზანო, წამიყვანე,

ო, ლამაზო, მშვიდობით,

მშვენიერო, მშვიდობით,

ო, პარტიზანო, წამიყვანე, რომ მოვკვდე…“

* * *

მე ცაში ყურება მიყვარს. ჩემს სოფელში ყველაზე წითელი ღრუბლებია. შენ არ გეცოდინება. არც მათ იციან, ჩემმა თანასოფლელებმა, რადგან ზემოთ არასდროს იყურებიან… ასე მეუბნებოდა ხოლმე. მე არ ვიცი… ახლაც არ ვიცი, რას ნიშნავს წითელი ღრუბლები. ალბათ არც არსებობს. ჩემთვის ღრუბლები თეთრია. არა, ჩემთვის კი არა, საერთოდაც ასეა. ვერავინ იტყვის, რომ ღრუბლები თეთრი არაა. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ყმაწვილი იყო. რაგაცო მოლტო ჯენტილე. ბელ უომო. ვერასდროს წარმოიდგენთ, როგორ უხდებოდა გერმანელთა შავი მუნდირი, რომელიც იმიტომ ჩაიცვა, რომ გერმანელებივე მოეტყუებინა. ძალიან უხდებოდა. გერმანელებზე მეტადაც კი. ვერაფერს იტყვი, ძალიან ლამაზი ფორმები ჰქონდათ გერმანელებს. მე ვეუბნებოდი, რომ არ გადაეგდო და როცა აღარ დასჭირდებოდა, ჩემთვის ეჩუქებინა. უარი მითხრა. დამპირდა, რომ ომის შემდეგ თავად მიყიდდა საოცრად ლამაზ ტანსაცმელს და ჩექმებსაც, რომლებსაც პიაცა დუომოზე ჩავიცვამდი, როცა მილანში წამიყვანდა ყავის დასალევად. როგორ გგონიათ, რამდენი დრო სჭირდება ადამიანს, რომ იტალიურად ალაპარაკდეს? მე ვფიქრობ, რომ ერთ წელზე მეტი უნდა დასჭირდეს. ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ. ენის შესწავლა არც თუ ისე ადვილია. ის კი ორ თვეში იტალიურად მესაუბრებოდა. ტუ პუოი იმაჯინარე? სოლო დუე მეზი, ე ლუი ა პარლატო იტალიანო. ისე უნდოდა, ერთმანეთის გაგვეგო, რომ საოცრად სწრაფად შეისწავლა ჩვენი ენა. წიგნის წაკითხვაც კი სცადა. ისეთ წიგნებს მთხოვდა, რაც საკუთარ, ანდაც რუსულ ენაზე უკვე წაკითხული ჰქონდა. ასე კიდევ უფრო კარგად ითვისებდა იტალიურს. მახსოვს, „დეკამერონს“ კითხულობდა და მთხოვდა, რომ მეც იქ ვყოფილიყავი. ეშმაკობდა. ცდილობდა ენიშნებინა ჩემთვის, რომ ჩემი შეცდენა უნდოდა. სულელი. მიო სტუპიდო ბიმბო. მე ხომ უკვე მიყვარდა და სწორედ ამას ველოდი მისგან. დავინახე თუ არა, მაშინვე საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა და შემდეგ ეს ჟრუანტელი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვხვდებოდი, რომ ერიდებოდა იმის გაკეთება, რაზეც ოცნებობდა, რადგან ჩემს ძმასთან, ჯაჩინტოსთან მეგობრობდა. ჯაჩინტო მისი თანამებრძოლი იყო. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ჯაჩინტო ვიტორიო ბლანდინოსთან ერთად ჩანს. ყველაზე ძლიერ პარტიზანთან, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში უბრძოლია. აზრი გამიწყდა. მგონი იმას გიყვებოდი, რომ მას ძალიან უნდოდა ჩემთან დაწოლა, მაგრამ ჯაჩინტოს გამო თავს იკავებდა. მივხვდი, რომ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. როცა დიდხანს ფიქრობ, სულ უფრო და უფრო გჭამს დანაშაულის შეგრძნება და ვიცოდი, რომ ისიც საბოლოოდ მეტყოდა, რომ მისი ძმის და ვარ. ამიტომ, მისთვისაც დედმამიშვილად ვითვლები. ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ თქვენს კულტურაზე ბევრს მიყვებოდა და ვიცოდი, რომ ბოლოს ასე იფიქრებდა. იმ ღამეს ვუთხარი, რომ ომამდე მშობლებთან ერთად ტურინში ვიყავი. ამორე, ინ ტემპო დი პაჩე, იო ო სტატა ა ტორინო კონ ი ჯენიტორი. მოვუყევი, რომ იქ, ტურინში, უამრავი ფოტოატელიე იყო, ყველგან შევიარე და მინდოდა ფოტოები მისთვის მეჩვენებინა. ძალიან გაუხარდა. მე კი ვუთხარი, რომ ეს ფოტოები არა სახლში, არამედ ეზოს ბოლოს, ჩემს ბავშვობისდროინდელ ქოხში მქონდა შენახული. სიხარულით წამომყვა. როცა შევედით, ის სულელივით მელოდა, როდის მოვნახავდი ალბომს. მე კი ვაკოცე. ის მიშორებდა. ამბობდა, რომ ეს არ შეიძლება. გაფითრდა. თითქოს ის საოცრად ხშირი, შავი ულვაშიც გაუთეთრდა. მე მაინც არ ვჩერდებოდი და ვგრძნობდი, როგორ სუსტდებოდა მასში წინააღმდეგობის სურვილი და როგორ ძლიერდებოდა მისი მკლავები ჩემს წელზე. ყელში ვაკოცე. გავიგონე, როგორ ცდილობდა შეეკავებინა ნეტარებისგან აღმოხდენილი ბგერები და მეცინებოდა. შემდეგ… შემდეგ თქვენი საქმე არ არის. ერთ კვირაში აღარ მყავდა. სწორედ იქ, იმ ქოხიდან ასი მეტრის დაშორებით, ვიტუცო ბელანოვას სახლში დახვრიტეს გერმანელებმა. ვიტუცომ თქვა, რომ იქ იყვნენ, ის, ჯაჩინტო, პიეტრო მოსკარდელი და ნასყიდა იმედაშვილი. შეეშინდა ვიტუცოს. იცოდა, რომ თუ არ გასცემდა ბიჭებს, შემდეგ მის სახლში იპოვიდნენ, მასაც მათთან ერთად დახვრეტდნენ. ერთი კვირა ეწყო მათი სხეულები მარცაბოტოში. ასე დაგვიბარეს, რომ თუ მივეკარებოდით, ჩვენც დაგვხოცავდნენ. ალბათ იმის ჩვენება უნდოდათ ყველასთვის, რომ ვინც მათ წინააღმდეგ წავიდოდა, ისიც ასე იწვებოდა, უსიცოცხლოდ და დაუმარხავად… არ მივუახლოვდით? ერთი სული მაქვს ვნახო სად დაიბადა. მართლა? ანუ სადაცაა მივალთ, ხომ? ძალიან ვნერვიულობ. თითქოს ხელახლა უნდა გავიცნო.

* * *

ნუ მიყვები ოპტიმისტურ ზღაპრებს მკურნალი დროის და ახალი ცხოვრების შესახებ, რომელსაც ადამიანის შემგუებლური ბუნება ჰქვია, რადგან მე ვაპირებ მოგიყვე გოგონაზე, რომელიც ვენახებში იმალებოდა და არავის აჩვენებდა მთლად დასველებულ ბოლო წერილს, რომელიც პოლტავადან მიიღო, ათას ცხრაას ორმოცდასამ წელს.

მერი ვერ იტანდა მამას, რომელიც თვეში ერთხელ თვრებოდა ახალ სასიძოსთან ერთად. ამაყობდა, რომ არასდროს უჯერებდა მას. ფიქრობდა, ალბათ ნიკოს წიგნების ბრალიაო და ეტირებოდა. ციცინათელებსაც სწორედ მაშინ აგროვებდა, ატირებული და ოდნავ გაბრაზებული, რადგან შემდეგ ნიკოსთვის ეჩვენებინა როგორ გაანათებდნენ მისი დაბრუნების პირველ ღამეს ათასობით და ასეთი სინათლე, მხოლოდ მათ ექნებოდათ ნანახი. მამაც ვერ იტანდა მერის, რადგან მიაჩნდა, რომ კაცი იყო. მისთვის კაცობა სიტყვის ურყეობას ნიშნავდა. მერი მამისაშვილის მამა ყოველ ახალ სასიძოს აძლევდა სიტყვას, რომ მისი კოხტა გოგონა მალე სასიძოს საძინებელს დაამშვენებდა, როგორც საახალწლო მოსართავები დიდი ქალაქების არც თუ დიდ ლამპიონებს. მერი კი არ აპირებდა ლოდინის შეწყვეტას და ყველა კარს მომდგარ ყმაწვილს მარტოს უშვებდა საძინებელში. მამა ქამრით სცემდა მერის. მწარდებოდა, როცა დასცინოდნენ. იდგნენ სოფლის ცენტრში უსაქმურები და სულ დასცინოდნენ, რადგან მერის მესამე უარის შემდეგ, მთელი ვეჯინი გასართობად ელოდა ხოლმე ახალ სასიძოს, რომელსაც პავლე მამისაშვილი აარჩევდა და სახლში მიიყვანდა, რომ კიდევ ერთხელ გატეხილიყო მისი სიმსუბუქით განთქმული სიტყვა ქალიშვილის უეჭველი გათხოვების შესახებ.

მერი ვერ იტანდა დედასაც, რომელიც საერთოდ ხმას არ იღებდა, მაგრამ ერთი ცხელი ზაფხულის ერთ წითელ დღეს, რატომღაც ლაპარაკი და აზრების ფრქვევა მოუნდა. ქალიშვილს შავი კაბა მიაჩეჩა და უთხრა, რომ თუ არა თხოვდები, ეგ ჩაიცვი და ქვრივად მაინც დაუდექი იმ ბიჭს, ეგ დიდი ხნის მკვდარია და ჩითის კაბებით ტყუილა უცდიო. მაშინ მერიმ რკინის სათლი ცივი წყლით აავსო, აივანზე ავიდა და დედას თავზე გადაასხა. თან გაჰყვიროდა, ტვინი გადაგხურებია, ეგრე უნდა გიმკურნალო, თორემ შენს მეტი ვინა მყავს, დედილოო?! მაშინაც მთელმა სოფელმა გაიგო ეგ ამბავი და პავლე მამისაშვილიც კიდევ ერთხელ შერცხვა დაუმორჩილებელი მერის გამო. ამბობდნენ, მაგ დღეს პირველად იყო, პავლემ მერის კომბლით რო სცემაო. ქამარი ახალი ნაყიდი ჰქონდა გურჯაანში და დაენანა გასაცვეთადო. ტკივილებმა მალე გაუარა, მაგრამ ერთი თვე მაინც არავის ენახვებოდა მერი. ბებრები ამბობდნენ, სუ დალურჯებულია და მაგისი რცხვენიაო. ზოგი თანატოლი იცინოდა, ეხლა მაინც ჰო ვერ იტყვის, რო ჩვენზე კოხტააო.

მერე ყველა საბჭოთა რადიოში ერთი ხმა ისმოდა. ბერლინი ავიღეთო. გოგონები ვენახში გაიქცნენ და მერის დაეხვივნენ, რადიოში ნიკო ლაპარაკობდა და იძახდა ბერლინი დეეცაო. მერიმ იკითხა, ქართულადო? გოგონებმა უპასუხეს, ისე უსწავლია რუსული, ერთი სიტყვა არ ეშლებაო. მერიმ გაიღიმა და კიდევ ერთხელ მიიკრა პოლტავადან გამოგზავნილი წერილი. უნდოდა დაჯერება და დაიჯერა. მარტივად დასცინოდნენ სასოწარკვეთილ გოგოს. თან ამბობდნენ, ნიკოც ჰო გიჟი იყო და როგორ იმსგავსა შეყვარებულიო.

* * *

– საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო! – მიესალმა სოფლის ქალებს ჟურნალისტი.

– სალამი გენაცვ… – თქვა ერთმა მოხუცმა.

– ტელევიზია ხაართ? – იკითხა მეორემ.

– ჰო, დაახლოებით. ბებო, ნიკო ვარსიმაშვილი გახსოვთ თქვენ?

– ნიიკო? რომელი ნიკო?

– აი, ომში რომ წავიდა.

– მერის ნიკოზე იძახის გო… – კისკისით გადაუჩურჩულა ერთმა მოხუცმა მეორეს.

– მახსოვს, როგო არ მახსოვს. – ეშმაკურად იღიმოდა მოხუცი ვეჯინელი ქალბატონი.

– სახლს ვერ მიმასწავლით? -ჰკითხა ჟურნალისტმა.

– რათ გინდა?

– სიუჟეტს ვაკეთებ. აი, მისი იტალიელი შეყვარებულიც გვახლავს.

– შეეყვარებულიი?

– დიახ.

– ჰაჰაჰაჰა… – სიცილი აუტყდა მოხუც ვეჯინელ ქალბატონს.

– რა მოხდა, ბებო?

– მიგასწავლი, მა რას ვიზამ, რატო არ მიგასწავლი?

– მადლობელი დაგრჩებით. თქვენი სახელი?

– ნინელა მახარაშვილი!

– სასიამოვნოა.

– ჩემთვინაც.

* * *

როცა აგვისტოში ღამდება და მზე კავკასიონის უკან იმალება, ამ ეზოდან წითელი ღრუბლების დანახვას შეძლებთ. ასეთი ჯადოსნურია ეს ეზო და ის სულები, რომლებიც მასში ცხოვრობენ და თავს იწონებენ ჰუგო ბოსის შეკერილი ფორმებით, რომლებიც ქერა, ლამაზად დავარცხნილ მტრებს მოჰპარეს. ამიტომ, შენ ამ ეზოში არაფერი გესაქმება, ნინელი მახარაშვილო. იმიტომ, რომ არც ჯადოქრობის გჯერა და არც სიწმინდეების. შენ დიდი ხნის წინ გაგაგდეს აქედან და ახლა რომ გამოჩნდი, ეს მხოლოდ უბედურების ნიშანია. უბედურებაა, როცა შენ იღიმი, რადგან ნახევარი საუკუნეა არავის უნახავს შენი სახე ბედნიერი. შურისმაძიებლებს კი ბედნიერი სახე მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა უბედურების დატრიალებას აპირებენ.

– ამისთვინ იცდიდი მთელი ცხოვრება? – ჰკითხა ნინელიმ მერის.

– თქვენ ამ ოჯახის ახლობელი ხართ? – ჟურნალისტმაც ჰკითხა მერის.

– მეზობელი ვარ… – ხმა უკანკალებდა გოგონას, რომელიც პირველად დაბერდა ოთხმოცი წლის განმავლობაში.

– ამისთვინ გამაგდე? – არ ისვენებდა ნინელი.

სინიორა ვალერია ეხუტებოდა და კოცნიდა ნიკოს დას. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სხვა ქალის ცხოვრება მოიპარა.

– მერი, ვინ არი ე ფირმა ქალი? – დაბნეული კითხულობდა მანანა ვარსიმაშვილი.

– ნიკოს შეყვარებულია მანაან… – სიცილით უთხრა ნინელიმ.

– მა, მერი ვიღაა? – კითხულობდა დაბნეული მანანა.

მერიმ შეუმჩნევლად დატოვა მაგიდაზე ვარსიმაშვილების საგვარეულო ბეჭედი და თავდახრილი წავიდა სახლისკენ. ჭაღარა რომ გაერია, მას შემდეგ თმას მხოლოდ ძილის წინ იშლიდა. იმ დღეს კი, როგორც მომიყვნენ, სახლისკენ მიმავალ გზაზე თეთრი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი და მარჯვენა ხელით ეფერებოდა კიდეც.

თვითმკვლელობა სისულელეა, რადგან სხეულის ფეთქვას არანაირი კავშირი არ აქვს სიცოცხლესთან.

© არილი

Facebook Comments Box