ხშირად ჰგონიათ, რომ ვხუმრობთ დრამატურგები, როდესაც დრამატურგიას ლიტერატურის გერს ვეძახით. არა, მეგობრებო, ეს ძველი დებატია ლიტერატურის თეორიაში, არის თუ არა დრამა „ბოლომდე“ ლიტერატურა, „წმინდა“ ლიტერატურა და ა.შ. და არც ჩემი და არც თქვენი დაწყებული არაა ამ საკითხზე მსჯელობა. მთლად უარესს გეტყვით, არც დამთავრებულა და, ალბათ, ვერც დამთავრდება. ერთი რამ კი ცხადია, ვინც არ უნდა მოგატყუოთ ან როგორც არ უნდა მოგატყუოთ, დრამა არის ლიტერატურის გვარი, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება აქვს და ჰქონდა ყოველთვის – დადგმულიყო თეატრის სცენაზე და არა ფურცლიდან (თუ რაზედაც წერდნენ ან კაწრავდნენ) ეკითხათ, როგორც რომანები, მოთხრობები, პოემები და ა.შ. ცხადია, ლიტერატურის ისტორიის მცოდნეები სასწრაფოდ შემოგვედავებიან, რომ არსებობს ე.წ. „საკითხავი“ დრამებიც, მაგრამ აქ სწორედ რომ მნიშვნელოვანია ეს ნაწილაკი „ც“, კი, არსებობს ასეთებიც, მაგრამ დრამატურგიული ტექსტების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სცენისთვის იწერებოდა და იწერება ახლაც. დღევანდელობაში კი, როცა დრამამ, პირდაპირი გაგებით, მრავალსაუკუნოვანი ტრანსფორმაციები გამოიარა და თეატრის ცვლილებების კვალობაზე, ცხადია, ისიც იცვლებოდა, ტექსტი, რომელიც დღეს თეატრისთვის იწერება, ათასგვარია, ზოგი არის დრამა, ზოგი – არა. ერთი სიტყვით, ლიტერატურაა, თუ არ არის ბოლომდე ლიტერატურა, დრამა თეატრის გარეშე არ არსებობს. ამიტომ, დრამის განვითარება და მისი შეფასება/რეცეფციაც სათეატრო პროცესის განვითარებასა და შეფასებასთან ერთად ხდება ხოლმე, როგორც წესი, რაც მის „წმინდად ლიტერატურულ“ შეფასებას, ცოტა არ იყოს, ართულებს.
ამ შესავალს მოვრჩეთ და საქმეზე გადავიდეთ, რთულ და სახიფათო საქმეზე – გავიხსენოთ ნომინაცია წლის საუკეთესო დრამატურგია ლიტერატურული პრემია „საბას“ ისტორიაში. ყველაზე მიწიხლულიც (არც მთლად სამართლიანად, მაგრამ ამაზე მოგვიანებით) და პრობლემურიც.
2003 წელს პირველი გამარჯვებული გახდა დათო ტურაშვილის პიესა „ორი კუნძული შავ ზღვაში“, რომელიც, როგორც ყველაფერ ახალს შეეფერება, კარგი ეგზერსისი უფროა, დრამატურგიაში ძალების მოსინჯვა ავტორისგან, რომელმაც მეტწილად დოკუმენტური პროზით გაითქვა სახელი. ალბათ, ტურაშვილის, როგორც აღიარებული ფიგურისთვის 2003 წელს ამ პრიზის გადაცემა სულ არ იყო მოულოდნელობა, კარგი იუმორი და სიუჟეტის მოულოდნელი შემოტრიალებები დრამატურგიას უყვარს და მაყურებელს/მკითხველს – მით უფრო. თან ტურაშვილია.
2004 წელს კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დავიწყეთ ქართული თანამედროვე დრამატურგიის კანონის შექმნა. ვინ როგორადაც არ უნდა აღიქვამდეს ლაშა ბუღაძის საზოგადოებრივ საქმიანობას, მის პოლიტიკურ პრეფერენციებსა თუ საჯარო გამოსვლებს, ლიტერატურული „უსინდისო“ იქნება, მის ტალანტს თუ ვერ ან არ შეიმჩნევს (ხშირად ხდება ხოლმე). სხვათა შორის, ლაშა ბუღაძე ერთადერთი ცოცხალი ქართველი დრამატურგია, რომლის ერთი პიესა მაინც დადგმულა ყველა (!) ქართულ თეატრში. იმ წლის ლაურეატი პიესა – „ნუგზარი და მეფისტოფელი“ ბუღაძის ერთ-ერთ საფირმო ტექსტად იქცა, დაოსებამდე სასაცილოა, როცა აკვირდები, თბილისელ ლუზერთან ბედის უკუღმართობით აღმოჩენილ მეფისტოფელს რა დღე დაადგება. ქართული სტერეოტიპების ასეთი დახვავება, ორ-სამ რეპლიკაში ასე ზუსტად დაჭერილი პერსონაჟების ხასიათი და კიდევ ბევრი სხვა რამ – ბუღაძეს ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ აქცევს უახლესი ქართული დრამატურგიის ჩემპიონად. სატირა ის სტიქიაა, რომელშიც ბუღაძე ყველაზე კარგად დაცურავს და უნდა ითქვას, რომ უამრავი უკან ადევნებული ავტორიც ჰყავს ამ გზაზე. უბრალო ეპიგონებიც და კარგებიც.
2005 წლის გამარჯვებული გახდა ირაკლი სამსონაძის პიესა „ბებო მარიამი“, პასტორალური მონათხრობი, მოხუცი სოფლელი ქალის გულშიჩამწვდომი და სევდიანი ამბავი. საინტერესოა, რომ ეს პიესა სამსონაძე-დრამატურგის ტექსტს ნაკლებად ჰგავს და სამსონაძე-პროზაიკოსის სტილთან უფრო ახლოს დგას. თავისი ბუნებითაც ტექსტი სინამდვილეში ერთი ვრცელი ნარატიული მონოლოგია, სპეციფიკურად დრამატურგიული მასში დიდად არაფერია და, ალბათ, ამიტომაც; და თუ გადავხედავთ სამსონაძისვე სხვა, უფრო ცნობილ პიესებს, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ განსხვავებული ენა, სულ სხვანაირი იუმორი, საკმაოდ ხშირად გროტესკიც და კარნავალურობაც, „ბებო მარიამი“ კი სულ სხვა ამბავს ჰყვება და სულ სხვანაირად. დროს გავუსწრებ და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ირაკლი სამსონაძე შემდგომ წლებშიც არაერთხელ იყო ნომინირებული საუკეთესო დრამატურგიისათვის, თუმცა ეს პრიზი მეორედ აღარ აუღია. ასე მოხდა.
2006 წელს კიდევ ერთი აღიარებული ახალი ავტორის „კორონაცია“ ხდება, პრემიას იღებს ბასა ჯანიკაშვილი პიესების კრებულისთვის. მართალია მთლად ბუღაძის კალიბრის და ელფერის სატირა არა, მაგრამ ასევე მიდრეკილი მძაფრი სოციალური და პოლიტიკური თემების ირონიული აღწერისკენ. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ეს ორივე ავტორი დაახლოებით ერთსა და იმავე ნავში იჯდა. საინტერესოა ისიც, რომ ნომინაციაში ჯანიკაშვილი შედარებით უფროსი თაობის და უკვე კარგა ხნის აღიარებულ დრამატურგთან, ლაშა თაბუკაშვილთან ერთად იყო. ჟიურიმ ამჯერად ახალი ხმის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
და აი, 2007 წელს იწყება დრამატურგიის ნომინაციის წყევლა – ნომინანტები იყვნენ ლაშა ბუღაძე, ნუგზარ შატაიძე, ირაკლი სამსონაძე და გურამ ბათიაშვილი. პრემია არ გაიცა. იმ წელს ეს ამბავი უმტკივნეულოდ გადაგორდა. ეს ხომ რომანი არ არის ან მოთხრობების კრებული. არადა, რამდენ არც ისე კარგ რომანს მიუღია „საბა“ და არც ისე კარგ მოთხრობების კრებულს. მაგრამ დრამატურგია გერია, დრამატურგიის გამოტოვება მოსულა. დანარჩენების – ღმერთმა დაგვიფაროს. როგორ ვაღიარებთ, რომ წელი ისე გავიდა, ერთი კარგი რომანი არ დაწერილა. არადა, გულზე ხელი დავიდოთ.
2008 წელი, პრემიას იღებს დათო ტურაშვილი პიესისთვის „შავი კედები“, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლიტერატურულმა ჟიურიმ ტექსტში მეტი ღირსება დაინახა, ვიდრე თეატრალურმა სამყარომ, რადგან პიესა, სამწუხაროდ, ვერ იქცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თეატრალური დადგმების წყაროდ. სხვა ჟანრებში აღიარებული ავტორისადმი რევერანსიც შეიძლება დავინახოთ ამ გადაწყვეტილებაში. ან არც არაფერი, უბრალოდ იმ წელს ჟიურიმ ასე გადაწყვიტა.
2009 წელს პრემიას კვლავ ლაშა ბუღაძე იღებს პიესისთვის „ნაფტალინი“, რომელიც ფრიად მოურიდებლად დასცინის ქართულ პანთეონომანიას, ისევ სატირა, ისევ განუმეორებელი ტიპაჟები – ამჯერად ნაფტალინის სურნელით – სასაცილოა ეს ყველაფერი, უაღრესად სასაცილო და ისევ საფირმო სტილი – შეუდარებელი ენის გრძნობა, პერსონაჟი იწყებს ლაპარაკს და ორი-სამი წინადადებით ყველაფერი გასაგებია – ვინ არის, სად დაიბადა, სად იზრდებოდა, ჭამდა თუ არა ხიზილალას ბავშვობაში, ემსახურებოდა თუ არა მამამისს ვოლგა და ა.შ.
2010 წელს ქართული თეატრების კიდევ ერთი ფავორიტის, თამარ ბართაიას ჯერი დგება, მას პრემია გადაეცა პიესისთვის „მთავარი როლი“. ბართაია პირველი ქალი დრამატურგია, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა და ალბათ, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ არა მხოლოდ ეს ტექსტი, არამედ მისი თითქმის ყველა ძირითადი პიესა სწორედ ქალის ბედს, ქალურობას, ქალთა გამოცდილებას უტრიალებს. ვფიქრობ, ბართაიას, როგორც ქალი ავტორის გამარჯვებას ამ ნომინაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, თითქოს მამაკაცებით დომინირებული, მოჯადოებული წრე გაარღვია. თუმცა, ასემც დარჩა ერთადერთ ქალ დრამატურგად, რომელმაც „საბა“ მოიპოვა.
2011 წელი ყველაზე პარადოქსული წელი იყო ამ ნომინაციის ისტორიაში. პრემია გადაეცა თამაზ ექვთიმიშვილს პიესად გადაკეთებულ მცირე მოთხრობისთვის „პუანტები“… ჭეშმარიტად პარადოქსული გადაწყვეტილება იყო, თუ გადავხედავთ ნომინანტებს. 2011 გამოდგა იშვიათად პროდუქტიული წელი ქართული დრამატურგიისთვის, ამდენი ნომინანტი აქ არასოდეს ყოფილა – ლაშა ბუღაძე, თამარ ბართაია, მანანა დოიაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, ზურაბ კანდელაკი, შოთა იათაშვილი და ამ წერილის ავტორიც, დავით გაბუნია. ვის აღარ უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას და ჩემი პირადი და გასაგები მიკერძოებულობა რომ გვერდით გადავდოთ, ასე ვიტყოდი: სწორი და სამართლიანი იქნებოდა ნებისმიერი ნომინანტის გამარჯვება, ექვთიმიშვილის გარდა, რადგან ყველა დანარჩენმა პიესა ან პიესები დაწერა, გამარჯვება კი წილად ხვდა რამდენიმეგვერდიან მოთხრობას. თუმცა დიდი სკანდალი და გარჩევა ამას არ მოჰყოლია, ეს ხომ დრამატურგიის ნომინაციაა, ლიტერატურის გერის. ჰოდა, ჩვეულებრივად ჩაიარა. დრამატურგია ყოველთვის იყო ნომინაცია, რომელიც დიდად არავის აინტერესებდა ან აღელვებდა ათიოდე დრამატურგის გარდა ან იმ ავტორების, რომლებიც სხვა ნომინაციებს მოილევდნენ და საერთო გადანაწილებაში იმ წელს დრამატურგის პრიზს წაიღებდნენ სახლში. ერთიც და მეორეც უკვე ვნახეთ წინა წლების გამოცდილებებში.
2012 წელს „საბას“ მერილ სტრიპი, ლაშა ბუღაძე იღებს პრემიას პიესისთვის „ნავიგატორი“, რომელიც მანამდე ბიბისის რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებულიც გახდა და ბრიტანელი მსახიობების შესრულებით გადაიცა კიდეც ამ არხზე. სხვათა შორის, ცნობილი ამერიკული ფილმი „HER” შედარებით გვიან გამოვიდა და არარსებული ქალის ხმაზე შეყვარებული მამაკაცი ბუღაძეს უფრო ადრე ჰყავდა, ვიდრე ხოაკინ ფენიქსი ასე გადაეშვებოდა მიჯნურობაში. თუმცა, რას ვიზამთ, თემები და მოტივები ხომ ვირუსებივით ტრიალებს ჰაერში, ხან ვის შეეყრება და ხან ვის… ერთი სიტყვით, ლაშა ბუღაძის მესამე „საბა“ დრამატურგიის ნომინაციაში მოსალოდნელი იყო და ზუსტად აღწერს ლაშას, როგორც წარმატებული თეატრალური ავტორის მნიშვნელობას. თეატრებში მის პიესებს ისევ ისე მონდომებით დგამდნენ, როგორც ადრე.
2013 წელს ახალი ხმის ჯერი დგება, პრემიას იღებს ალექს ჩიღვინაძე მოკლე პიესების კრებულისთვის „ქალაქის მერის ცოლის საყვარელი“ და თან მასზე გაცილებით გამოცდილ და ასაკოვან ავტორებთან კონკურენციაში. ეს თამამი, შეიძლება ითქვას, თავხედური ტექსტები ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან, აქ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ავტორი ცდილობს, რაღაც გამაღიზიანებელ ნერვს მიაგნოს, ტექსტები თითქოს მაჭარივითაა და პრემიაც ამ ახალი ხმის, ამ დუღილისთვის გაიცა, ალბათ. შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, 2013 წლის ჟიურიმ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა, ჩიღვინაძე დღესდღეობით ნამდვილად ყველაზე საინტერესო ავტორთა შორისაა ქართულ დრამატურგიაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მცირედმა ავანსმა ძალიან გაამართლა.
2014 წელს ნომინაციაში ამ სტატიის ავტორმა, დავით გაბუნიამ გაიმარჯვა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული პიესების კრებულით. საკუთარ ტექსტებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, ორ მომენტს აუცილებლად აღვნიშნავდი – პრემია უშუალოდ მანანა დოიაშვილმა გადმომცა, ჟიურის წევრმა და სრულიად უსამართლოდ დაჩაგრულმა, ძალიან კარგმა დრამატურგმა და მეორე – ობიექტურობის ღმერთი რომ არ გამინაწყენდეს, უნდა ვთქვა, რომ იმ წელსაც ლაშა ბუღაძეს ეკუთვნოდა ეს პრემია პიესისთვის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“, მაგრამ, ალბათ, გაუმართლა ამ სტატიის ავტორს და ჟიურიმ ჩათვალა, რომ სამჯერ გამარჯვება ერთი ავტორისთვის უკვე საკმარისია და მოდი, ახლა სხვა დავაჯილდოოთო. სხვათა შორის, ბუღაძის პიესა დაიდგა ლონდონის როიალ ქორთ თეატრში, იმიტომ, რომ კარგი პიესაა. თუ დამეჯერება, ღირს მისი ხელახლა გადაკითხვა.
2015 წელი – პრემია არ გაიცა. უკვე მეორედ. ნომინანტები იყვნენ, მაგრამ პრემია არ გაცემულა.
2016 წელი – მთლად კატასტროფა – ჟიურიმ ნომინანტებიც კი ვერ აარჩია შემოსული ტექსტებიდან, არათუ – გამარჯვებული. ძალიან საგულისხმო ამბავია, რადგან ყველა წარდგენილი ტექსტის წამკითხავობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ იმ წელს გამოვიდა ოთარ ქათამაძისა და პაატა ციკოლიას ერთობლივი პიესების კრებული, ვფიქრობ, არც მთლად ხელწამოსაკრავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჟიურიმ ვერ დააფასა ავტორთა პოსტდრამატული ტენდენციები და ეს ტექსტები უბრალოდ ვერ ან არ დაინახა. სამწუხაროა. მაგრამ ისევ – ეს ხომ დრამატურგიაა, დიდი ამბავი, თუ სამი კაკალი თეატრის მოყვარული განაწყენდება.
2017 წელი, იმარჯვებს კლასიკა, ომაჟი დრამატურგს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა და დღემდე უყვარს ქართველ მაყურებელს, ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“. რომანტიკა არსადაც არ წასულა და ისევ ისე სწყურია ყველას, მაყურებელსაც და, როგორც აღმოჩნდა, იმწლევანდელ ჟიურისაც.
2018 წელი განსაკუთრებული იყო, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიიწვიეს საპატიო სტუმრის სტატუსით და „საბაც“ იქვე, ფრანკფურტში ჩატარდა. დრამატურგია სეკვესტრში მოყვა, იმ წელს ასეთი ნომინაცია საერთოდ არ ყოფილა. რატომ? იმიტომ.
2019 – კიდევ ერთი ახალგაზრდა ხმა ჯილდოვდება, ალექსანდრე ლორთქიფანიძის კრებული „დისტოპიესები“, შედარებით მოკლე და სხვადასხვა ფორმით, ესთეტიკითა და თემატიკაზე შექმნილი პიესების კრებული, ახალ, განსხვავებულ და აღმოსაჩენ ავტორს სთავაზობს ქართულ თეატრს. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ტელეწამყვანობასა და პოეტობასთან ერთად, სულ პირველი პროფესიით მსახიობია, ორგანული კავშირი აქვს თეატრთან, ტექსტებზეც აისახება. ასეა, ტექსტს ყოველთვის ეტყობა, რომ ავტორმა იცის, რა სჭირდება თეატრს და აქედან ამოდის, რადგან დრამატურგია მხოლოდ ლიტერატურული ამბიციის დაკმაყოფილების ასპარეზი ნამდვილად ვერ იქნება ავტორისათვის.
2020 წელი – ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევია“, ტრადიციული, კლასიკური ფორმით აწყობილი, გამართული, სრულმეტრაჟიანი დრამატურგიული ტექსტი, რომელიც უკვე სამჯერ დაიდგა სხვადასხვა ქართული თეატრის სცენებზე და სამივეჯერ დიდი წარმატებით. ჩიღვინაძეს ქართულ თეატრში უკვე ყველა იცნობს და „მარინა რევია“ სწორედ ის ტექსტია, რომელმაც ასეთი საერთო აღიარება მოუტანა. თემურ ჩხეიძის სახელოსნოში შექმნილი პიესა ციხიდან მრავალი წლის შემდეგ გამოსული ქალის ამბავს გვიყვება, ქალისა, რომელიც ცდილობს, აწუკვე გაზრდილ და დაოჯახებულ შვილებს ისევ დედად მოევლინოს. ტრაგიკული წარსული და საიდუმლოებები კი ამ ყველაფერში ხელს უშლის. ეს უკვე ძლიერი, გამართული „საბაა“ დრამატურგისთვის და ვერავინ დაგვაყვედრებს, რომ ნომინაცია სუსტი იყო და პრემია უნდა გაეცათ, თორემ სკანდალი მოხდებოდაო (ასეც უთქვამთ, ხანდახან).
2021 წელი – აქაც ვერ ავცდებით სუბიექტურობას, რადგან სტატიის ავტორი ამჯერად ჟიურის წევრი იყო. პრემია გადაეცა პაატა ციკოლიას პიესისთვის „მედეა სეზონი 01, ეპიზოდი 06“, თვისებრივად განსხვავებულ, არავის მსგავს ავტორს ქართულ დრამატურგიაში, რომელიც სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს ხოლმე. ეს ტექსტიც ასეთია, ამაზრზენად სასტიკი, ნატურალისტური, არ მიჰყვება დრამატურგიულ კონვენციას, გაჯერებულია ეპიკური ელემენტებით და მედეას მითის ისეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რომელიც მას სადღეგრძელოებიდან ან პროვინციული „ქართველი ქალი ამას არ იზამდა“ დისკურსიდან აგდებს. იზამდა, თან როგორ იზამდა. ვერ წარმოიდგენთ, რისი მაქნისი იყო და ამის მიზეზი სულაც არ იყო იასონი. ერთი სიტყვით, ორი მედეა შეხვდა აქ ერთმანეთს – ბუღაძის „ანტიმედეა“, როგორც თანამედროვე ევროპული საიმიგრაციო პოლიტიკის მწვავე კრიტიკა და ციკოლიასი, როგორც მითების მსხვრევა და უსიამოვნო ემოციების სახეში მოხლა. ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა მეორემ.
ვნახოთ, რა მოხდება 2022 წელს, ამ ტექსტის წერისას ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული წლევანდელი მოკლე სია, ასე რომ, პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ.
© არილი