პროზა

ნიკოლოზ ცისკარიშვილი – სიკვდილი არც ისე რთულია

 

უსიამოვნო ამბები მეტისმეტად ადრე ან მეტისმეტად გვიან იწყება. ეს უცნაურზე უცნაური ისტორიაც დილაუთენია დაიწყო, ადრიანი ზაფხულის ერთ ძალზე მშვიდ, ცხელ და მტვრიან დღეს.

ეს თითქოს დაუჯერებელი ამბავი, გარწმუნებთ, მართლაც მოხდა და თვითმხილველებიც საკმაოდ ჰყავს: ახალგაზრდა ქალი, შუა ხნის ექიმი, ავტომობილის მძღოლი, საავადმყოფოს ადმინისტრაციის და მორგის თანამშრომლები და სხვა მრავალი. ვეჭვობ, ჩამონათვალმა შესაძლოა დააბნიოს და ამბავზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს, ამიტომ აქედანვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარ დანაშაულთან, კრიმინალთან ან რთულ დაავადებასთან საქმე არ გვაქვს. რაც მთავარია, ყოველი ფაქტი, თვით უმცირესი დეტალიც კი, შესაბამისი ოქმებით და ჩვენებებით არის განმტკიცებული, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი მოწმე საკმაოდ უჩვეულო და არაორდინალურია. თავად მე ამ ამბავში მხოლოდ და მხოლოდ მთხრობლის როლით ვკმაყოფილდები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასალების შეგროვებამ და თვითმხილველთა გამოკითხვამ გვარიანად დამღალა და ახლა ისღა დამრჩენია, ყოველივე დალაგებით, დეტალურად აღგიწეროთ.

ჩვენი მთავარი გმირისთვის ოთხი ივნისი ძალიან უცნაურად დაიწყო. ჯერ კიდევ ძილში ჩაესმა სირენების გაბმული ხმა, რომელიც არა და არ მიჩუმდა, პირიქით, თავიდან შორიდან მოისმოდა, შემდეგ კი მოახლოვდა და ახლა თითქოს შიგ ყურში უკიოდა. ეცადა, არ გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ხმაურმა იმდენად გააღიზიანა, რომ იძულებული გახდა, თვალი გაეხილა. ოთახი რომ მოათვალიერა, ჩურჩულით შეიგინა, რადგან დარწმუნდა, ხმაური რეალური იყო. მის გვერდით მშვიდად ეძინა ქალს და არა უბრალოდ ქალს, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, მის ცოლს.

დაკითხვის ოქმში, რომელიც მოგვიანებით შეივსო, ცოლი აცხადებს, რომ მოვლენათა უცნაურ განვითარებას არაფერი მოასწავებდა. წინა დღით ადრიანად დაწვნენ, თუმცა შუაღამემდე ვერ შეძლეს დაძინება ქუჩიდან შემომავალი ხმაურის გამო. შენობის ქვეშ გაშენებულ ბაღში ახალგაზრდების ჯგუფი შეკრებილიყო და ხმაურიანად აღნიშნავდა ერთ-ერთის დაბადების დღეს. ცოლ-ქმარი ნატრობდა, ნეტავ სულ არ დაბადებულიყო ის ვიღაცო.

დილით კი გარშემო ყველაფერი სრულყოფილად დუმდა, თითქოს სამყარო ეს-ესაა იბადებოდა, მხოლოდ იმ ავბედითი სირენის ხმა არღვევდა სიჩუმეს. კაცი შეიშმუშნა და საწოლზე წამოჯდა. მისმა მოძრაობამ ქალი გააღვიძა.

– ყველაფერი რიგზეა?

– ჰო. – უპასუხა კაცმა, – არა! –  სწრაფადვე გამოასწორა შეცდომა, – ამ წყეული სირენის ხმამ გამაღვიძა.

– გაივლის და მიჩუმდება. ნუ ბრაზობ. – დაამშვიდა ქალმა.

– გუშინ გვიანობამდე ვერ დავიძინე, ახლა კი მზე ხეირიანად არ ამოსულა, რომ გამაღვიძეს. ეს არასდროს დასრულდება. რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!

– დამშვიდდი, დამშვიდდი. – უპასუხებდა სანახევროდ მძინარი ცოლი და ნელა ეფერებოდა ხელზე.

მოკლე საუბრიდან ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სირენის ხმა ერთბაშად შეწყდა.

– მადლობა ღმერთს! – ამოიგმინა კაცმა, – მადლობა ღმერთს!

– ხომ გეუბნებოდი, – ღიმილით უპასუხა ცოლმა, – ყველაფერი მოგვარდა.

როგორც დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, ქალს თითქმის იმავე წამს ჩაეძინა, თუმცა, დროდადრო მაინც ესმოდა ქმრის ღრმა სუნთქვის, ოხვრის და ჩუმი გინების ხმები. კაცი საწოლში ბორგავდა და დაძინებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

– ჯანდაბას თქვენი თავი! ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.

ბოლოს, როგორც იქნა, ბუზღუნი შეწყვიტა და აღარც გაუჩერებლად ბრუნავდა საწოლში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩათვლიმა. ქალიც უფრო ღრმად მიენდო ძილს და ის-ის იყო, სიზმრების გზას დაადგა, რომ კარიდან ძლიერი, უხეში ბრაგუნის ხმა გაისმა.

– ეს რაღა უბედურებაა? – ამოიოხრა კაცმა, – როგორც ჩანს, ძილი აღარ მეღირსება.

– ახლავე გავაღებ.

– არა, არა. – შეეწინააღმდეგა ქმარი, – მე ავდგები.

ხალათი მოისხა და კარისკენ წალასლასდა. ჭუჭრუტანაში გაარჩია შუა ხნის ქალი, ყვითლად შეღებილი თმით და წითელი ტუჩსაცხით. თეთრი ხალათი მოესხა და სერიოზული სახით იყურებოდა აქეთ-იქით. როგორც ჩანს, მარტო არ იყო, მის გვერდით სხვა ადამიანის მხარი მოჩანდა. როგორც აქედან შეეძლო გაერჩია, იმ მეორესაც თეთრი მოსასხამი ეცვა.

„უცნაურია!“ – გაიფიქრა კაცმა, – „ძალზე უცნაურია. ვინ არიან?“

სანამ იდგა და ფიქრობდა, ქალმა სამჯერ კვლავ ძლიერად დააკაკუნა კარზე. სახეზე უკვე მოუთმენლობა ეწერა.

სიტუაცია საკმაოდ უცნაური იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, კარი გაეღო, რაც არაერთხელ ინანა მოგვიანებით.

– გამარჯობა, – მიესალმა ქალი, – ბატონი კაფკა ბრძანდებით?

– მე გახლავართ. – უპასუხა დაბნეულმა.

მოსულთაგან მეორე კაცი აღმოჩნდა, მასაც თეთრი ხალათი ეცვა და ხელში რკინის ყუთი ეჭირა, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული.

– თუ შეიძლება, შემოგვიშვით.

– ვინ ბრძანდებით?

– ვერ ხედავთ? სასწრაფო დახმარებიდან ვართ. თქვენთან გამოგვიშვეს.

– გამოგიშვათ? ვინ?

– არ ვიცი, ეს მე არ მეხება. თქვენ არ დაგირეკავთ?

– არა, არ დამირეკავს. იცით რა, მგონი ეს შეცდომაა. მე და ჩემს ცოლს გვეძინა, როდესაც თქვენ დააკაკუნეთ.

– ასეა თუ ისე, – საქმეში ჩაერთო კაცი, ჭაღარა თმით და ჩაწითლებული თვალებით, – მაინც უნდა გაგსინჯოთ.

– როგორ თუ – გამსინჯოთ?

– ჩვენი მოვალეობა უნდა შევასრულოთ, ოქმი შევადგინოთ, დავრწმუნდეთ, რომ ჯანმრთელი ხართ.

–  კი მაგრამ, მე არაფერი მჭირს და არც სასწრაფო დახმარება გამომიძახებია.

– თუ ასეა, აქ რას ვაკეთებთ? – ჰკითხა ქალმა, – თქვენ თუ არა, სხვა გამოიძახებდა.

– როგორ? ჩვენ გარდა სახლში არავინ ცხოვრობს.

ამასობაში კართან ქალბატონი კაფკაც გამოჩნდა და საუბარში ჩაერია:

– რაშია საქმე?

– ეს ხალხი ამბობს, რომ ვიღაცამ ჩვენს სახლში გამოიძახა.

– რაო?

– დიახ, ქალბატონო, – უპასუხა სტუმარმა კაცმა, – სწორედ ასეა. გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მოვსულიყავით ამ მისამართზე და ბატონი კაფკა გაგვესინჯა.

– ვინ გითხრათ ეს?

– ოპერატორმა, ცხადია. სხვა ვინ გვეტყოდა? – ამჯერად ქალმა უპასუხა. – მისმინეთ, მთელი ღამეა ქალაქში დავდივართ, უამრავ ოჯახს ვესტუმრეთ. სიმართლე გითხრათ, დავიღალეთ. ეს ჩვენი ბოლო გამოძახებაა და შინ წასვლას შევძლებთ. დაბლა ავტომობილი და მძღოლი გველოდება. მერწმუნეთ, ისიც არანაკლებ დაღლილია. შეხედეთ ჩემს დამხმარეს – მას ძლივს დააქვს ეს მძიმე, რკინის ყუთი. ოქმს ცარიელს ვერ დავტოვებთ, აუცილებელია, რომ გაგსინჯოთ და მით უკეთესი, თუ მართლა არაფერი გჭირთ! სულ ხუთიოდე წუთს წაგართმევთ, მცირე გამოკვლევას ჩაგიტარებთ და წავალთ.

ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა. სტუმრები მართლაც მეტისმეტად დაღლილები ჩანდნენ, ქალს თვალები ჩასცვივნოდა და უპეები ჩაშავებოდა, კაცი კი ხშირად ინაცვლებდა ფეხს, ყუთი ხელიდან ხელში გადაჰქონდა და ხვნეშოდა.

– თუ ასეა, – თქვა ქალბატონმა კაფკამ, – შემობრძანდით.

მისაღებ ოთახში შევიდნენ და სტუმრებს სავარძლებში დაჯდომა შესთავაზეს. ქალბატონი კაფკა ჩასაცმელად წავიდა, ბატონმა კაფკამ კი ყავის მომზადება დაიწყო. ექიმი და მისი დამხმარე მშვიდად ისხდნენ და ელოდებოდნენ. სამზადისს სულ ხუთი წუთი დასჭირდა, ასე რომ ცოლ-ქმარი თითქმის ერთდროულად დაბრუნდა მისაღებ ოთახში. კაცს ოთხი ფინჯანი მოჰქონდა ლანგრით, ქალი კი საშინაო კაბაში გამოწყობილიყო და სტუმრებს უღიმოდა.

– ვწუხვარ, რომ ასე ადრიანად შეგაწუხეთ, – წამოიწყო ქალმა და ყავა მოსვა, – მაგრამ მისამართი ნამდვილად სწორია და თქვენც, დამეთანხმებით, ნამდვილად ხართ ბატონი კაფკა.

– ნამდვილად! – უპასუხა კაცმა და ხალათი შეისწორა, – ალბათ ვიღაცამ ბოროტად იხუმრა.

– თუ ასეა, ნამდვილად დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს! – თქვა დამხმარემ, – ყავა ძალიან გემრიელია, გმადლობ.

ნელა სვამდნენ ყავას და ქალბატონ კაფკას გამომცხვარ ნამცხვარს აყოლებდნენ. თან ოთახს და მასპინძლებს ათვალიერებდნენ.

– ჯერ ხუთი საათია! – საუბრის წამოსაწყებად შენიშნა კაფკამ, – ასეთ დროს გაღვიძებას ჩვეული არ ვარ. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემაშინეთ.

– მესმის, ყოველივე ეს ჩვენთვისაც უცნაურია. – უპასუხა ექიმმა.

– იცით რა, – საუბარში ჩაერთო დამხმარე, რომელსაც, ეტყობოდა, ძილი ერეოდა, – ძალიან უცნაური გვარი გაქვთ.

– დიახ, – დაეთანხმა კაცი, – ეს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, მწერალ კაფკასთან არაფერი მაკავშირებს, მისი მოთხრობებიც კი არ წამიკითხავს.

– ნუთუ მართლა? არასდროს გაგჩენიათ ამის სურვილი?

– არა, არასდროს! საერთოდ, ძალზე ცოტას ვკითხულობ. ის ჩემი მოგვარე კი, როგორც ვიცი, მთლად დალაგებული ვერ იყო.

– შეიძლება, ასეც ითქვას. – გაიცინა დამხმარემ. – მე საერთოდ არ ვიცნობ კარგ მწერალს, რომელსაც თავში ყველაფერი რიგზე აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ წაიკითხოთ.

კაცი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ექიმმა შეაწყვეტინა:

– უკვე საკმაოდ შეგაწუხეთ! – მკაცრი ხმით თქვა მან, – თანაც, მგონი, დაძინებას კიდევ მოასწრებთ. სჯობს, პროცედურა დავიწყოთ. მე გაგსინჯავთ და კითხვებს დაგისვამთ, პასუხებს ჩემი დამხმარე ჩაიწერს ოქმში.

– კეთილი, კეთილი. – საჩქაროდ უპასუხა კაფკამ და პროცედურისთვის მოემზადა.

ექიმი პულსს და წნევას უსინჯავდა, რეფლექსებს უმოწმებდა, ყელში ჩაჰყურებდა, ფილტვებს და გულს უსმენდა და გაუთავებლად უსვამდა შეკითხვებს. კაფკა პასუხობდა, დამხმარე კი ყველაფერს სიტყვა-სიტყვით იწერდა.

– არა, გულით ავადმყოფი არავინ მყოლია… ვეწეოდი, მაგრამ თითქმის ათი წლის წინ დავანებე თავი… ახლახან, სულ რამდენიმე თვეა, კვლავ განვაახლე… სამი წელია, რაც დავქორწინდი… შვილები არ გვყავს, არ ვჩქარობთ… სუნთქვის პრობლემა არ მქონია, არც გული წამსვლია ოდესმე… სათვალეს არასდროს ვატარებდი, მხედველობას არ ვუჩივი… ხანდახან თავი მტკივა ხოლმე, თუმცა ამ ბოლო დროს – ძალზე იშვიათად. ტკივილს მსუბუქი გამაყუჩებლებიც მიამებენ, სერიოზული არაფერია… დედას დიაბეტი აქვს, თუმცა არც ისე რთულ ფორმებში, ასე თუ ისე სხვა ყველა ჯანმრთელია… ძალზე იშვიათად ვსვამ, შესაძლოა, თვეში ერთხელ, ისიც ცოტას… ნარკოტიკებთან არასდროს მქონია შეხება…

უინტერესო კითხვები იყო და ასეთივე პასუხები. დამხმარე ყველაფერს საგულდაგულოდ აღნუსხავდა ოქმში. შემოწმება და გამოკითხვა გაიწელა თითქმის ათ წუთს გაგრძელდა, შემდეგ ექიმმა ხელსაწყოები მოაგროვა და ყუთში ჩაალაგა, ნელა დაახურა თავზე და სიტყვის უთქმელად ჩაეშვა სავარძელში. სამივე მას უყურებდა, მაგრამ იგი ჯიუტად დუმდა. სახეზე უცნაური შეშფოთება ეწერა.

– რას იტყვით, ექიმო? – ღიმილით სცადა დაძაბულობის განმუხტვა ქალბატონმა კაფკამ, – ყველაფერი რიგზეა?

ექიმი კიდევ რამდენიმე წამს დუმდა, შემდეგ კი დაბნეულმა წამოიწყო:

– საქმე ის არის, რომ თქვენს ქმარს…

სიტყვა გაუწყდა.

– რა ხდება, აღარ იტყვით? – მოუთმენლად შესძახა ბატონმა კაფკამ,  – დარწმუნდით თუ არა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ?

– საქმე ის არის, ბატონო კაფკა… – წამოიწყო ექიმმა და თვალებში შეხედა, – საქმე ის არის, რომ თქვენ მკვდარი ხართ.

 

სასწრაფო დახმარების მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა ცარიელ ქუჩებზე, შუქნიშნებზე არ ჩერდებოდა და სირენის გამაყრუებელი ხმით ლამის მთელ ქალაქს აწუხებდა. მძინარე ადამიანები იშმუშნებოდნენ, წრიალებდნენ, გვერდზე მწოლს მუჯლუგუნებს უთავაზებდნენ, მარტოსულები ხმამაღლა იგინებოდნენ, ბავშვები ტიროდნენ; მაგრამ არავინ ღელავდა მთელ ქალაქში ისე, როგორც ავტომობილში მსხდომნი: მძღოლი, რომელიც, უნდა ითქვას, მთელი არსებით განეცვიფრებინა უჩვეულო ამბავს, ექიმი და მისი დამხმარე, პაციენტს რომ შესცქეროდნენ და გამოსავლის საპოვნელად მდუმარედ იჭყლეტდნენ ტვინებს, ბოლოს კი ცოლ-ქმარი, ბატონი და ქალბატონი კაფკა, რომელთაგან პირველი გამალებით იკვნეტდა ფრჩხილებს და იქვე, საკაცეზე აფურთხებდა, უკანასკნელი კი ნერვიულად აცეცებდა თვალებს და ისე სწრაფად სუნთქავდა, ექიმი უკვე ფიქრობდა, რომ მასაც მოუწევდა საავადმყოფოში დარჩენა.

ბატონი კაფკა ჯერ კიდევ იმ სიტყვებზე იქრობდა, ექიმმა რომ წარმოთქვა: „თქვენ მკვდარი ხართ“. ამ წინადადებას ვრცელზე ვრცელი, დაძაბული და უცნაური დუმილი მოჰყვა, თითქოს სამყარო გაჩერდა და მხოლოდ ღრუბლები მისრიალებდნენ ცაზე ნელა. დაიფიცებდა, რომ ამ წამების განმავლობაში მათი ხმა თუმცა შორიდან და სუსტად, მაგრამ მაინც ჩაესმოდა. დუმილს კიდევ უფრო ვრცელი და მეტად ინტენსიური საუბარი მოჰყვა, რომელიც ხან კამათში გადაიზრდებოდა, ხან ხვეწნა-მუდარაში, უფრო ხშირად კი – ახსნა-განმარტებაში. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პაციენტი საავადმყოფოში წასვლასა და დამატებითი ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს. თუმცა კაფკას გულს უკლავდა ის ფაქტი, რომ ექიმების ხმაში მკაცრი უიმედობა გამოსჭვიოდა, რაც არწმუნებდა, რომ ანალიზები მხოლოდ ფორმალობად თუ გამოდგებოდა და აღარაფერი შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ მკვდარი იყო. მკვდარი. მაგრამ როგორ?

როგორ?

ავტომობილი იმდენად სწრაფად უხვევდა, რომ მგზავრები საკაცეს და ერთმანეთს ეჭიდებოდნენ. რამდენჯერმე მიუკაკუნეს კიდეც მძღოლს, მაგრამ მან, სიგნალი, როგორც ჩანს, არასწორად გაიგო და კიდევ უფრო უმატა სვლას.

– ნეტავ გამაგებინა, რა ეჩქარება! – გაცხარებით ჩაილაპარაკა ექიმმა და მაშინვე ინანა, რადგან კაფკას უსასოო თვალებს გადააწყდა, რომელიც საბოლოოდ მიმხვდარიყო, რომ მკვდარი სამუდამოდ მკვდარია და მისი უკან მობრუნება შეუძლებელია. მხოლოდ იმას ვერ ხვდებოდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში რა ესაქმებოდა. „რა ეჩქარება“ ხომ სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მის მკურნალობაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ თავიდან მოცილებაზე, ფორმალობის შესრულებაზე, ოქმების და ანკეტების შევსებაზე. ამის თქმა მდგომარეობის უიმედობის აღიარებას ნიშნავდა და კაფკამ ერთი ღრმად, სევდიანად ამოიოხრა. ამასობაში მისი ცოლი ისე ნერვიულად იყურებოდა აქეთ-იქით, რომ ცხადი იყო, შექმნილი ვითარების ვერაფერი გაეგო და მისი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ამ უსიამოვნებიდან როგორმე თავად უნდა დაეხსნა თავი, თუმცა ჯერ არ იცოდა – როგორ. საუკეთესო გამოსავლად გაქცევა ესახებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავტომობილში აღმოჩნდა და საკაცეზე წამოწვა (სწორედაც რომ წამოწვა), ამის შანსები შემცირდა. ალბათ სხვა რამის მოფიქრება დასჭირდებოდა. აქვე ვიტყვით, რომ საავადმყოფოს ეზოში ჩამოქვეითებულმა სცადა კიდეც ექიმის დამხმარის ხელკავისგან თავის დახსნა და გაქცევა, მაგრამ თავისუფლება ორიოდ წამს გაგრძელდა, კაცი გრძელი, სწრაფი ნახტომით დაეწია, მკლავებში მოიმწყვდია და ძალით წაიყვანა შენობისკენ. ასაკის მიუხედავად კარგ ფორმაში იყო და უნდა ითქვას, კაფკა მისი ფიზიკური მომზადებით აღფრთოვანებული დარჩა. გამოდის, მკვდრებს აღფრთოვანების უნარიც აქვთ? მთელ ამ სანახაობას ექიმი მშვიდად ადევნებდა თვალს, მხოლოდ დროდადრო აქანქარებდა თავს უკმაყოფილების ნიშნად და რაღაცას ბურტყუნებდა.

საავადმყოფოს მაღალი და ფართო შენობა თეთრად ბზინავდა. ფანჯრებიდან კაშკაშა ნათელი იღვრებოდა. ხის მძიმე კარი გააღეს და შიგნით შევიდნენ. პაციენტი ფეხს ითრევდა, ექიმის დამხმარე მუჯლუგუნებს უთავაზებდა, უკმაყოფილო ექიმი ბუტბუტებდა, ქალბატონი კაფკა კი ისე უყურებდა ამ ყველაფერს, თითქოს სპექტაკლს ესწრებოდა და სიუჟეტში არ მონაწილეობდა. ის მხოლოდ მაყურებელი იყო.

მიმღებში მოხუცი ქალი იჯდა და შემოსულებს ეჭვიანად, დაკვირვებით ათვალიერებდა.

– გამარჯობა. – მიესალმა ექიმი.

– გამარჯობა. – უპასუხა მოხუცმა, – აბა, რაშია საქმე?

– მეტისმეტად უცნაური შემთხვევაა.

– ბრძანეთ. – შეაგულიანა ქალმა, – ვერაფრით გამაკვირვებთ.

– აი, ინებეთ, თავად ნახეთ. – დაღონებულმა უპასუხა ექიმმა და პაციენტის ანკეტა გაუწოდა.

მოხუცი დიდხანს ჩასჩერებოდა ფურცლებს, ცერს ენით ისველებდა, ფურცლავდა, ხვნეშოდა, უკვე წაკითხულ გვერდზე ბრუნდებოდა, უკირკიტებდა, პაციენტისკენ თვალს აპარებდა და დროდადრო ხმადაბლა ზმუოდა. პირს აწკლაპუნებდა, წარბებს იჭმუხნიდა, ასლოკინებდა, ნერვულად იფხანდა ცხვირს და კვლავ და კვლავ აპარებდა თვალს პაციენტისკენ.

– გასაგებია, გასაგებია. – თქვა ბოლოს.

– აქ ანალიზების გასაკეთებლად მოვიყვანე. ვფიქრობ, სჯობს, ცალკე პალატა გამოვუყოთ.

– პალატა?

– დიახ. ალბათ ხვდებით, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

– მითხარით, – მოულოდნელად წამოიწყო მოხუცმა, – თქვენი აპარატურა წესრიგშია?

– დიახ, ცხადია, წესრიგშია.

– მაშასადამე, მონაცემებიც, რომლებიც ახლახან გამაცანით, სწორია.

– ვფიქრობ, ასეა.

– მაშინ, ამიხსენით, რა ესაქმება მას საავადმყოფოს პალატაში და საერთოდ, რატომ უწოდებთ პაციენტს? თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ მისი ადგილი აქ არ არის.

– კი მაგრამ, შეხედეთ…

– არავითარი მაგრამ! აპარატურა გამართულად მუშაობს, მონაცემები სწორია, ეს კაცი კი, როგორც თავად წერთ დასკვნაში, მკვდარია.

– დასკვნა მხოლოდ პირველადია და გადამოწმება სჭირდება. – გაჯიუტდა ექიმი.

– ცხადია, ამაზე არავინ გედავებათ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მკვდრებს საავადმყოფოში არაფერი ესაქმებათ. ვფიქრობ, იგი იქ უნდა მიაბრძანოთ, სადაც მისი ადგილია, ხოლო შემდეგ, როდესაც მთავარი ექიმი მოვა, ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ.

– ქალბატონო, – საწყალობლად წამოიწყო ამასობაში ბატონმა კაფკამ, თვალებში ასცრემლიანებოდა და მუხლები ეკვეთებოდა, – ვფიქრობ, სანამ სიტუაციაში ბოლომდე გავერკვევით, ისიც საკმარისი იქნება, თუ აქვე, დერეფანში დამტოვებთ. გპირდებით, მშვიდად ვიჯდები და მოვიცდი. შემდეგ კი, როდესაც განმეორებით ანალიზებს ჩამიტარებთ, სწრაფად და უხმაუროდ მოგშორდებით.

– ასე არ გამოვა. როგორც უკვე ვთქვი, მიცვალებულს ამ შენობაში ვერ გავაჩერებ. თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ, სადმე აქვე, ვთქვათ, იატაკზე, გვამი რომ ეგდოს?

– მაგრამ მე ხომ გვამი არ ვარ!

– ამას თქვენ ამბობთ, ანკეტა კი სხვაზე მეტყველებს! – გამკაცრდა მოხუცი, – ჩემთან კამათი სრულიად უადგილო და უშედეგოა. ერთადერთი გზა არსებობს: მორგში უნდა მიბრძანდეთ და იქ მოიცადოთ.

იმედგაცრუებული და გაბრაზებული ცოლ-ქმარი ეზოში გამოვიდა. ექიმის დამხმარეც თან გამოჰყვათ და ეზოს კუთხისკენ გაუძღვა მათ, იმ ადგილისკენ, სადაც დაბალი, ერთსართულიანი შენობა უერთდებოდა საავადმყოფოს დიდ კორპუსს. მორგი, როგორც წესია, ნახევრად სარდაფში მოეწყოთ. ამ შედარებით მომცრო შენობაში კიბე დაბლა, მიწისქვეშ ჩადიოდა.  დამხმარემ ქალბატონი კაფკა გააჩერა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– სამწუხაროდ, თქვენ აქ მოგიწევთ დარჩენა. იქ ცოცხლების ადგილი არ არის. – მერე ბატონ კაფკას მიუბრუნდა და მშვიდად განაგრძო, – თქვენ კი მე უნდა გამომყვეთ.

ბატონი კაფკა სასოწარკვეთილი სახით შებრუნდა ცოლისკენ, არ იცოდა, რა ექნა, გამომშვიდობებოდა თუ არა მას. მისკენ ნერვიული, მოკლე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა, უფრო ახლოს მისასვლელად გამბედაობა არ ეყო. აკვირვებდა ის შიში, ცოლის თვალებში რომ ხედავდა. მაინც რისი ეშინოდა? ქმრის გარეშე დარჩენის თუ იმის, რომ მის წინ გვამი იდგა? არადა, თავს სულაც არ გრძნობდა გარდაცვლილად. დადიოდა, ფიქრობდა, ახლა უკვე, ამდენი ხნის შემდეგ, მოშივდა კიდეც, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა. საერთოდ ეჩვენებოდა, რომ დღეს მის მიმართ ყველა მეტისმეტად მკაცრად იყო განწყობილი. ვერ მიმხვდარიყო იმ აგრესიის მიზეზს, სხვები რომ ავლენდნენ.

– მგონი, ერთმანეთის კვლავ ნახვას მალევე შეძლებთ. – საქმეში ჩაერია კაცი, რომელიც მიხვდა, თუ რა ფიქრები ტრიალებდა კაფკას თავში – არ მგონია, დამშვიდობება საჭირო იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა. განმეორებით გამოკვლევას დღესვე ჩაატარებენ. ახლა კი წამომყევით, დროს ნუ მაკარგვინებთ. ჩემი მორიგეობა უკვე დასრულდა. – გამკაცრდა ბოლოს და კაფკამ ისღა მოასწრო, რომ ხელი ჩამოართვა თავის ცოლს.

გამომშვიდობებისას თბილი მზერა შეავლო ქალს, მაგრამ ის, რატომღაც, თვალს არიდებდა და არავითარ სითბოს ან თანაგრძნობას არ გამოხატავდა. უფრო გაოცება, შეშფოთება და შიში ედგა თვალებში.

ქალბატონი კაფკა მორგის შესასვლელთან დარჩა, თავად კი, ექიმის დამხმარის მხარდამხარ, მიწისქვეშ ჩამავალ კიბეს ჩაუყვა. ათიოდე საფეხური ჩაიარეს და ძველი, რკინის, ჟანგიანი კარი ჭრიალით გააღეს. გრძელ, ბნელ დერეფანში აღმოჩნდნენ, სადაც უკვე წამლის კი არა, ობის და ნესტის სუნი იდგა, რის გამოც კაფკას რამდენჯერმე დაახველა, მაგრამ მეგზურმა გაღიზიანებით შემოხედა და შემდეგ მთელი გზა ცდილობდა, ხველა შეეკავებინა. ბოლოს, როდესაც ცუდად განათებული დერეფნის ნახევარზე მეტი გაიარეს, ექიმის დამხმარე კართან შეჩერდა.

– მოვედით, – უხერხულად უთხრა კაფკას, – აქ უნდა შეხვიდეთ. თავისუფალი მაგიდა ბევრია, რომელიც გინდა, აირჩიეთ. მე უნდა წავიდე, სახლში მელოდებიან. დღეს თქვენს წასაყვანად კვლავ მოვლენ, გამოკვლევებს ჩაგიტარებენ და იქნებ საშუალებაც მოგეცეთ, თავი დაიცვათ, მაგრამ მე პირადად გირჩევთ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ. მთელი თქვენი ფიზიონომია და ხასიათი რატომღაც გაღიზიანებას იწვევს გარშემომყოფებში. მე მაგალითად საკმაოდ მომთმენი ვარ, მაგრამ რამდენჯერმე კინაღამ წყობილებიდან გამომიყვანეთ. თქვენს ცოლსაც რაღაც სჭირს, ნუთუ ვერ ამჩნევთ? თვალს ვერ გისწორებთ, მგონი ეშინია თქვენი. რას იტყვით, ასე არ არის? – კაფკამ ძლივსშესამჩნევად დაუქნია თავი და ექიმმა განაგრძო, – მე თქვენთვის მხოლოდ კარგი მინდა. არავითარი მიზეზი არ მაქვს, მძულდეთ, მაგრამ არც მიყვარხართ. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად გაეჩხიროთ თვალში ექიმებს და იქნებ თავის დაძვრენაც შეძლოთ, მაგრამ თქვენს ადგილზე რომ ვიყო, თავს არ დავიიმედებდი. სანამ მოგაკითხავენ, ეცადეთ კარგად დაისვენოთ. ვინ იცი, იქნებ ყველაფერი გადაღლილობის და უძილობის ბრალია? იქნებ ნერვებმა გიმტყუნათ? არ ვიცი, არ ვიცი. – ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მერე სწრაფადვე განაგრძო, – სახლში მელიან, როგორც გითხარით. იჩქარეთ, შედით. – თქვა და თეთრი, სქელი ფარდა გადაწია, რომელიც ოთახის შესასვლელში, კარის უკან ჩამოეკიდათ, მაგრამ გადადგა თუ არა კაფკამ ნაბიჯი, მოულოდნელად წამოიძახა: – შეჩერდით. აი, ეს გამომართვით. არ გეგონოთ, რომ უგულო ვარ, თქვენზე გულწრფელად ვღელავ. აიღეთ, გულს გადააყოლებთ. – უთხრა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. – თითქმის სავსეა, მთელი დღე გეყოფათ, მაგრამ მაინც გირჩევთ, გამოიზოგოთ. შესაძლოა, იმაზე დიდი დროის გატარება მოგიწიოთ აქ, ვიდრე ვფიქრობთ. ახლა კი მშვიდობით!

– ასანთი? – თითქმის იყვირა კაფკამ, – ასანთი არ მაქვს.

– ასანთს ოთახში ნახავთ. – უხეშად უპასუხა ექიმის დამხმარემ და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

შემდეგ გაისმა გასაღების და საკეტის ხმა. კაცის ნაბიჯი ნელ-ნელა მიწყდა და კაფკა მდუმარე წყვდიადში აღმოჩნდა.

გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, ოთახი ბნელს მოეცვა, მაგრამ არ ეშინოდა. თუმცა აქ ყოფნა სულაც არ სიამოვნებდა და ახლა, როდესაც ექიმი როგორც იქნა წავიდა, შეძლო და თავის გემოზე დაახველა. დიდხანს ხმაურობდა კარებს მიბჯენილი, ხროტინებდა, ახველებდა, იფურთხებოდა, აბოყინებდა, რამდენჯერმე დააცემინა კიდეც. ყველაფერს რომ მორჩა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, წყვდიადიდან ხმა შემოესმა:

– ჩამრთველი თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს, დაახლოებით ჭიპის სიმაღლეზე, კარის გვერდით. თუ გინდათ, სინათლე აანთეთ.

კაფკას არც ამ უცნაური, ბებრული ხმის შეშინებია. დიდხანს აცეცებდა ხელებს კედელზე და ბოლოს როგორც იქნა მიაგნო ჩამრთველს. ოთახი ერთბაშად, ძალზე სწრაფად და თვალისმომჭრელად განათდა თეთრი სინათლით. თავი დღესასწაულსა თუ წვეულებაზე ეგონა.

დიდ დარბაზში იყო, სადაც ორმოცდაათამდე საკაცე თუ მაგიდა იდგა. ამ მაგიდათაგან უმეტესობა ცარიელი იყო, დაახლოებით ათზე კი ვიღაც იწვა.

აქაურობა მასავით მოუსვენარი, მოძრავი გვამებით იყო სავსე, რომლებიც მდუმარედ შესცქეროდნენ და თვალებს სწრაფად აფახურებდნენ.

– სიგარეტი ხომ არ გაქვთ? – იკითხა ერთ-ერთმა, სწორედ იმან, წეღან რომ შუქის ჩართვა ურჩია.

– დიახ, მაქვს. ექიმმა დამიტოვა აქ შემოსვლამდე. – სიხარულით უპასუხა კაფკამ და მისკენ წავიდა.

– ძალიან კარგი! – არანაკლებ გაუხარდა მიცვალებულს, – ჩემი უკვე გამომელია.

მერე ისხდნენ და ერთად აბოლებდნენ. დროთა განმავლობაში სხვებიც შემოუერთდნენ, ზოგს თავისი სიგარეტი ჯერ კიდევ შემორჩენოდა, ზოგიც მათგან თხოულობდა. ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.

კაფკამ გაარკვია, რომ გვამებს, თურმე, ფილოსოფოსობა ჰყვარებიათ და რაიმე კონკრეტულზე იშვიათად ლაპარაკობდნენ. თავადაც თითქმის სრულად მიივიწყა დღევანდელი დღე, უჩვეულო თავგადასავალი და გაკვირვებისა და უსიამოვნების გრძნობაც გაუქრა. სხვებთან საუბრისას გაიგო, რომ არავინ მოვიდოდა მასთან, ყოველ შემთხვევაში დამატებითი ანალიზების გასაკეთებლად. ცხადია, რამდენიმე დღეში ეწვეოდნენ, მაგრამ არა ამ მიზნით, არამედ იმისთვის, რომ წაეყვანათ ოთახში, სადაც დიდი ღუმელი ჰქონდათ. დარბაზიდან ყოველდღე ერთი ან ორი მიცვალებული მაინც მიჰყავდათ და წვავდნენ, ფერფლს კი ოჯახის წევრებს ატანდნენ. კაფკას გაუხარდა, მისი ფერფლი რომ არ დაიკარგებოდა. ალბათ ლამაზ, ყვავილებიან ლარნაკში ჩადებდნენ და მისაღებ ოთახში დადებდნენ. შესაძლოა, ცოლს საძინებელში დაედგა და ძილის წინ სასიყვარულო სიტყვებიც ეთქვა მისთვის. ამის წარმოდგენაზე სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.

დიდხანს ისხდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ თავიანთ ისტორიებს არ ჰყვებოდნენ, არც ოჯახს იხსენებდნენ, არც ღმერთის შესახებ უთქვამს ვინმეს რამე. ძირითადად პოლიტიკაზე, ხელოვნებასა და მედიცინაზე საუბრობდნენ. უკვდავება არ ადარდებდათ. ერთ-ერთი მათგანი ექიმი აღმოჩნდა და დიდხანს უმტკიცებდა კაფკას, რომ ნამდვილად მკვდარი იყო.  მაგრამ მას ეს მტკიცება აღარ სჭირდებოდა, რადგან ისედაც სჯეროდა. ახლა ისღა უკვირდა, აქამდე ცოცხლად რომ მიაჩნდა თავი. იმდენ ხანს ილაპარაკეს, რომ სასაუბრო თემა ამოეწურათ და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ასე ხდება ხოლმე, როდესაც უცნობები ხვდებიან ერთმანეთს – საუბარი სწრაფად ეწყობა და მალევე წყდება, თითქოს ხმელი ტოტი იწვის. სანამ დუმილი უხერხულ სიჩუმედ გადაიქცეოდა, ყველაზე ხნიერმა (იმან, შუქის ანთება რომ ურჩია) თქვა, მგონი სჯობს კვლავ ჩავაქროთ შუქიო. კაფკა დათანხმდა, მაგრამ დაინტერესდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ბნელ ოთახში.

– უბრალოდ დაწექით. – უპასუხა მოხუცმა, – აი, თუნდაც აქ, ჩემს გვერდით. ეს მაგიდა მშვენიერ ადგილზე დგას. აქ არც სიცივე შეგაწუხებთ და არც ხმაური. ზოგიერთ ჩვენგანს ჩურჩულით საუბარი შეიყოლიებს ხოლმე, მაგრამ მე არა. გპირდებით, არ შეგაწუხებთ.

კაფკა დათანხმდა და მაგიდაზე დაწვა. ესიამოვნა რკინის ცივი შეხება ზურგზე.

– ხომ კარგია?

– ო, დიახ, შესანიშნავია. რა მშვენიერი საწოლები გქონიათ აქ! – აღფრთოვანებით წამოიძახა კაფკამ და დაინახა, როგორი სიამაყით დაიქნია თავი რამდენიმე მიცვალებულმა.

შემდეგ შუქიც ჩააქრეს. ეს საქმე კართან ყველაზე ახლოს მწოლიარე გვამმა ითავა.

დიდხანს იწვა სიჩუმეში, საათები და დღეები გადიოდა, მას კი ხან ეძინა, ხან ეღვიძა და მიცვალებულების შორეულ ჩურჩულს უგდებდა ყურს, აქა-იქ რომ გაისმოდა ფართო დარბაზში. არსაიდან ისმოდა ქვითინი ან შეწყალების თხოვნა. არავის სურდა გაქცევა. არც თავად მას. მხოლოდ დროდადრო შეირხეოდა, ჯიბიდან სიგარეტს ამოიღებდა და მოხუცის ნაჩუქარი ასანთით უკიდებდა. ნელა, სიამოვნებით ეწეოდა და ფიქრობდა. მერე, ბოლომდე ჩამწვარ სიგარეტს იატაკზე მოისროდა და კვლავ გაუნძრევლად იწვა საათების განმავლობაში.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მორგის თანამშრომლებმა არ წაიყვანეს ოთახში, რომელშიც ღუმელი იყო განთავსებული. გზაში სიამოვნებით ფიქრობდა იმ ლარნაკზე, რომელსაც მისი ფერფლით გაავსებდნენ.

© არილი

Facebook Comments Box