ვორვიკის უნივერსიტეტმა 2017 წელს ლიტერატურული პრემია დააარსა. ჯილდო განკუთვნილია იმ ქალი ავტორებისთვის, რომლებიც თარგმნილია ინგლისურ ენაზე. ის თარგმნილ ლიტერატურაში გენდერულ დისბალანსს მიემართება და მიზნად ისახავს, გაზარდოს რაოდენობა იმ ქალი ავტორებისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა ხმებიც გასაგები იქნება ბრიტანელი და ირლანდიელი მკითხველებისთვის.
ყოველწლიური ჯილდოს გრძელი სია ახლახან გამოქვეყნდა, მასში სულ 14 ავტორია დასახელებული და მათ შორისაა ქართველი პოეტი, დიანა ანფიმიადი და მისი პოეტური კრებული – „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“, რომელიც ნატალია ბუკია-პეტერსმა და ჯინ სპრაკლენდმა თარგმნეს.
წლევანდელ სიაში ვხვდებით არგენტინელ, იაპონელ, კატალონიელ, ინდოელ და სირიელ ავტორებსაც. უკვე მეორედ სიაში მოხვდა ნობელიანტი მწერალი ოლგა ტოკარჩუკიც.
2022 წელს კონკურსმა სულ 137 განაცხადი მიიღო, რომლებიც 33 ენაზე იყო წარმოდგენილი, რაც კონკურსის ისტორიაში ყველაზე დიდი რიცხვია. გრძელი სია კი 11 ენასა და 12 გამომცემელს მოიცავს.
პრიზი არის £1000, ხოლო ჟიურის წევრები ამანდა ჰოპკინსონი, სუზენ ბასნეტი და ბოიდ ტონკინი არიან.
ისინი 2022 წლის გრძელ სიას ასე აფასებენ:
„წლევანდელი გრძელი სია გვიჩვენებს მრავალფეროვნებასა და უზარმაზარ ძალას თარგმნილი ტექსტებისა, რომლებიც ეკუთვნით ქალებს მთელი მსოფლიოდან. ის არა მარტო სხვადასხვა ენასა და კულტურას მოიცავს ჰინდიდან კატალანურამდე, არაბულიდან იაპონურამდე, არამედ ჟანრების მთელ სპექტრს, ზებუნებრივიდან გრძნობადის, ისტორიული ეპოსიდან მიკრობიოლოგიური ძიებების ჩათვლით. ზოგიერთი მათგანი ალტერნატიულ ხმებს გადმოგვცემს; ზოგიერთის პროტაგონისტები სიზმრების, ამნეზიისა და სიჩუმის შემაშფოთებელ და დაუვიწყარ შინაგან სამყაროებს გვიჩვენებენ. ვრცელი და მოკლე ფიქცია, პოეზია, ისტორია და მეცნიერული თხრობა – ყველაფრის ადგილია ლიტერატურული კრეატიულობის ზეიმზე“.
ჯილდოს კოორდინატორი კი აღნიშნავს, რომ მოხარულები არიან ენობრივი მრავალფეროვნებითა და მიღებული განაცხადების რეკორდული რაოდენობით.
მოკლე სია ნოემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, გამარჯვებულს 24 ნოემბერს ლონდონში დაასახელებენ.
© არილი