პროზა (თარგმანი)

დილსუზი – მობილური ტელეფონი

 

აზერბაიჯანელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. სამოცდაათიანელთა თაობას განეკუთვნება. ავტორია ერთი

პროზაული წიგნისა, “ცხენოსანი ჭაბუკი “. მისი ლექსები და მოთხრობები არაერთ ენაზეა თარგმნილი.

აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

როგორც კი სანუბარ ხანუმმა მობილური ტელეფონის ეკრანს დახედა, მაშინვე მიხვდა ვინც ურეკავდა: თერანე იყო, მისი მული. მწვანე ღილაკს უხალისოდ დააჭირა თითი:

– გისმენ… ხო, მე ვარ… ხმა შემცვლია? შემეცვლებოდა, აბა, რა

იქნებოდა… ამხელა უბედურება გადავიტანე და… როგორ თუ რა მოხდა?!…

აბა, არ გაგიგია?… შენი ძმა გარდაიცვალა… არა, ჯალილა არა,

თემურა… ჰო, აბა, უფროსი კაჟივით არის და უმცროსი წავიდა…

სიკვდილმა ხომ ასაკი არ იცის… დღეს, გარიჟრაჟზე… შენ სადა ხარ?…

დუბაიში?!… ჰოო… გალანდარაც არ ჩანდა… ცუდად გესმის?…

გალანდარა-მეთქი… შენი ქმარი გალანდარა… არ ჩანდა მეთქი… ისიც

დუბაიშია?… ყოჩაღ… როგორ მოხდა?… რა ვიცი, ქაა…

მოულოდნელად… მე უბედური მაღაზიაში წასასვლელად

ვემზადებოდი… ვფიქრობდი, იქიდან პარიკმახერთანაც შემევლო… ის

კი ოთახში იჯდა და კასეტას უყურებდა, თანაც ჩაის სვამდა…

ქალმა უეცრად ხმის ტონი შეიცვალა:

– ხომ იცი, შენი ძმა რომელ კასეტებს უყურებდა ხოლმე?.. იცი,

კარგად იცი… მე ნუ მალაპარაკებ… თანაც ახალი მდივანი ჰყავდა

აყვანილი… ძველი?… ძველი გაუშვა. რატომ? რა ვიცი… ვითომ ბევრს

ჭამდა და გასუქებულაო, – ოცდაათი გრამი… კარგი რა, ნუ იქნება

ოცდაათი გრამი და ჰა, იყოს სამასი გრამი, ათჯერ მეტი… ასე, თუ ისე,

კონფიგურაცია დარღვევია, სტანდარტს აღარ შეესაბამებოდაო… ახალ

ლამაზმანს შეეწირა, მაგ უბედურმა თავი ხომ დაიღუპა და ჩვენც

გაგვაუბედურა… ეშმაკმა იცის, რას ეძებდა კასეტაში საშუადღეოდ…

ამ დროს ტელევიზორი გაფუჭებულა… მოთმინება არ ეყო იმისთვის,

რომ ხელოსანი გამოეძახა… თურმე თვითონ უჩხიკინებდა… და

სწორედ ამ დროს დენმა დაარტყა… დასაფლავებიდან ახლახანს

დაბრუნდნენ… ვინ?… ჯალილა – თქვენი ძმა, გუნდუზა – სოფლელი

ნათესავი რომ გყავთ, ისა, ქამილა – შენ ალბათ იცნობ, – ცხონებულის

ბავშობის მეგობარი, თაბრიზა – თქვენი სიძე და ერთი-ორი

მეზობელიც იყო… თქვენ, ალბათ, ორმოცისთვის ჩამოხვალთ… აბა, მე

რა ვიცი, ორმოცი როდის უსრულდება, ეგ შენ თვთონ გამოთვალე…

საშუალება თუ გექნება, ჩამოდი… ირონიით რატომ გელაპარაკები…

ძმა შენია და… როგორც მოგეხერხება… თუ ჩამოხვალ, ჩამოდი, თუ არ

ჩამოხვალ და ნუ ჩამოხვალ… რა? ვერ გავიგე… კომპანიის

საწარმოებიდან სამი შენ გეკუთნის?… თემურას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი

უთქვამს… ხელშეკრულება გაქვს? როგორ თუ და-ძმას შორის რომელ

ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი? ქა, შენ რომელ ეპოქაში ცხოვრობ?

მისმინე, ნუ ყვირიხარ. მე არაფრის მომცემი არა ვარ. თემურა აღარ

არის… გაიგე?! მე ქვრივი ქალი ვარ, კისერზე ამხელა ჯალაბობა

მაწევს… როგორ თუ ერთი გოგო მყავს?! აბა, შვილიშვილი? სიძე?

მაგათ სათვალავში აღარ აგდებ?… თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე,

ჭირისუფლობა მაინც მაცალე…

გაბრაზებულმა სანუბარმა წითელ ღილაკს თითი გამეტებით

დააჭირა:

– აი ამას ჰქვია, თხა სიცოცხლეს მისტირის, ყასაბი კი – ქონსაო…

– ესა თქვა და განრისხებულმა შეჰყვირა, – კაცი არ გაციებულა და მის

ქონებას უკვე გლეჯენ და ინაწილებენ!

თაბრიზამ თვალები გადმოკარკლა:

– დე, შენ იცი, სამი საწარმო რამხელა თანხაა?!

სანუბარმა კიდევ უფრო აუწია ხმას:

– მაგ ფულების იმედზეა, რომ მოკალათებულა დუბაიში…

ოტელში ერთი ნომერი ორიათასი ევრო ღირს. თვითონ, ქმარი და

ბავშვები… ნახე ერთ თვეში რამხელა თანხაა! ჯერ სხვა ხარჯებზე

არაფერს ვამბობ…

თაბრიზმა თავი გააქნია:

– დე, ღმერთმა აცხონოს, მისი სული ნათელში ამყოფოს, მაგრამ

სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა: ერთი შენი მოწონებული მანქანა

ვნახე, გული შემივარდა. სულ რაღაც, ორასი ათასი ღირდა. რამდენი

არ ვეხვეწე, მიყიდე მეთქი, არ მიყიდა, კაპიკი არა მაქვსო.

ქალბატონმა სანუბარმა სიძეს მედიდური მზერა სტყორცნა:

– მაცა, ორმოცი გადავუხადო, მაგ მანქანას მე გიყიდი.

სანუბარი უცებ მიხვდა, რომ ისეთი რამ წამოსცდა, რაც

ჭირისუფალს არ შეჰფერის და ნათქვამის გამო სინანულის გრძნობით

აქვითინდა:

– ვაი სირცხვილო, იმხელა კაცი მიწას მივაბარე და ნახე რეებს

ვბოდავ?! განა ახლა მანქანის ყიდვის დროა?!…

მერე დარდგარეული მზერით გახედა დაკრძალვიდან

დაბრუნებულებს:

– თქვე ულმებლებო, თქვენა, თემურა დასამარხად როგორ გაიმეტეთ?!

ხმა არავინ გაიღო.

სანუბარმა თავი აღმართა და ხმამაღლა თქვა:

– მის საფლავზე ისეთი ძეგლი უნდა ავღმართო, რომ ეიფელის

კოშკივით მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩანდეს…

არც ახლა ამოიღო ვინმემ ხმა.

მაშინ ქალბატონმა სანუბარმა მწარედ ჩაიცინა:

– ბედმა მიმტყუნა…

ქამილმა სიტყვა ჩაურთო:

– ქალბატონო სანუბარ, ღმერთმანი, ეს ისეთი მძიმე დარდია, რომ

კაცმა არ იცის, რა თქვას. მაგრამ ასეთი გამოთქმა არსებობს:

წამსვლელს ვერ გამოეკიდები, დამრჩენს ვერ ჩამოეკიდები. რას იზამ… თავი

გიცოცხლოთ…

ამ სიტყვებმა სანუბარს გული აუჩუყა:

– ძმაო ქამილ, შეუნდეთ, თქვენც, ჯალილ, გუნდუზ, თაბრიზ,

შეუნდეთ მის სულს… ამ სიცხეში რამდენი ხანი იყურყუტეთ

სასაფლაოზე, ჯაფა გაწიეთ…

ქამილმა სიტყვა ჩაურთო:

– ეგ ჩვენი ვალია. ღმერთმა შეუნდოს.

დანარჩენებმა შეთანხმებულებივით ერთდროულად თქვეს:

– ამინ!

ქამილამ იგრძნო, რომ დაძაბულობა ცოტათი მაინც განიმუხტა,

ამიტომაც გაბედა და თქვა:

– ქალბატონო სანუბარ, ჩვენთან ბაღში მუშები მუშაობენ, წავალ,

მათ დავხედავ და დავბრუნდები.

სანუბარმა და გუნდუზმა ერთმანეთს შეხედეს.

ქვრივმა ცალყბად ჩაილაპარაკა:

– ნუღა შეწუხდები…

– უცებ რამეში რომ დაგჭირდეთ…

გუნდუზმა პასუხი არ დაუგვიანა:

– ჩვენ აქ არა ვართ?

ქამილის წასვლის შემდეგ დუმილი ჯალილმა დაარღვია:

– გუნდუზი და თაბრიზი ერთი-ორი საათი კარავში მოლასთან

დასხდნენ, მე წავალ მაღაზიას მივხედავ… დავკეტავ და მოვალ…

სანუბარი მოულოდნელად წამოენთო:

– გინდა, ამხელა დარდს შემატოვო და წახვიდე!? ეგებ ეს ქელეხი

არც შენ გეხება, როგორც შენს დაიკო თარენეს?

ჯალილმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია:

– მომენტს არ გაუშვებ ხელიდან, რომ ადამიანს უკბინო. ხომ

გითხარი, მოვბრუნდები… სულ ბევრი, ნახევარ საათში…

მერე პიჯაკის ჯიბეები მოიქექა:

– ჩემი ტელეფონი სადაა? – მაგიდა შეათვალიერა, – მგონი, წეღან

აქ დავდე…

სანუბარმა თავისი ტელეფონი მიაწოდა:

– აჰა, დარეკე, ხმაზე მოძებნი.

ჯალილმა მობილური ტელეფონი გამოართვა და დარეკა:

– რეკავს…

სანუბარმა გაიკვირვა:

– ხმა რატომ არ ისმის? უხმოზე ხომ არ გაქვს გადართული?

ჯალილმა თავი გააქნია:

– არა… აჰა, მპასუხობენ… ალო, ვინაა?

ჯალილი უცებ შეკრთა. გაფითრდა და ხელები აუკანკალდა. იქ

მყოფებს დაბნეული და შიშჩამდგარი თვალებით შეხედა.

აღელვებულმა სანუბარმა მოუთმენლად ჰკითხა:

– რა მოხდა? ვინ არის?

ჯალილი ძლივსძლიობით მოეგო გონს და ენის ბორძიკით თქვა:

– თემური…

სანუბარი ჩაეკითხა:

– რომელი თემური?

– ჩვენი თემური…

– რეებს ლაპარაკობ? განა თემური ახლა არ დაასაფლავეთ?

– როგორც ჩანს, მიწაში დენი განიმუხტა და გონს მოეგო…

– აბა, შენი ტელეფონი მაგას საიდან აქვს?

– ალბათ, მიცვალებულს საფლავში რომ ვუშვებდით, ჯიბიდან

დამიცურდა და დავარდა…

სწორედ ამ დროს სანუბარის ტელეფონმა დარეკა. ჯალილმა

თვალები ისე დაჭყიტა, ლამის გუგებიდან გადმოუცვივდა:

– რეკავს!

სანუბარმა უნებლიედ იკივლა:

– არ უპასუხო! არ უპასუხო!

ზარი კარგა ხანს ისმოდა, მერე კი ტელეფონი გაჩუმდა. სანუბარმა

კვლავ იყვირა:

– გათიშე! მოვიფიქროთ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?…

ჯალილმა ტელეფონი გათიშა, მერე ნახევრად ჩურჩულით თქვა:

– მაშინ ყველამ გათიშეთ ტელეფონები… თუმცა…

შეძრწუნებულმა სანუბარმა ჰკითხა:

– რა თუმცა?

– დავუშვათ, ჩვენ გავთიშეთ… ის? ის ხომ დარეკავს… სადაც ხელი

მიუწვდება… ნათესავებთან… მეგობრებთან… ნაცნობებთან…

თანამშრომლებთან…

ამაზე სანუბარმა დაბეჯითებით მიუგო:

– მაგან ზეპირად არავის ნომერი იცის… მეხსიერება

ღალატობს…. მაგრამ შენ რომ ვინმემ დაგირეკოს…

ჯალილმა ცალი თვალი აზიდა:

– ეგ ნომერი არავინ იცის. ახალია… დღეს დილას ვიყიდე…

ქალბატონმა სანუბარმა ყველას სათითაოდ შეხედა და

თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა:

– ჯალილი მართალს ამბობს, ჯერ-ჯერობით ტელეფონები

გამორთეთ, გავიცნობიეროთ, ეს რა უბედურება დაგვემართა… შინ,

თუ გარეთ, ყველგან იმ კაცის ქვრივს დამიძახებენ, სუდარა რომ

გაფხრიწა და საფლავიდან ამოძვრაო. თითით საჩვენებელი გავ-

ხდები. მაღაზიასა და საპარიკმახეროში ვერ გამოვჩნდები,

სირცხვილით შინიდან გარეთ ცხვირს ვერ გამოვყოფ…

ჯალილმა დაბოღმილი სახით აუბა მხარი:

– ესღა გვაკლდა… საფლავი თუ მოვარღვიეთ, საქვეყნოდ

მოგვეჭრება თავი…

გუნდუზამ, რომელიც წეღანდელს აქეთ მუნჯივით იჯდა,

როგორც იქნა საუბარში ჩაერია:

– მასხარად აგვიგდებენ…მეზობელი სოფლები „ნასიკვდილარებს“

დაგვიძახებენ….

თაბრიზიც ოთახში გამეფებულ საერთო განწყობას აჰყვა:

– დე, თემურლენგის საფლავი რომ გახსნეს, მაშინვე ომი დაიწყო…

ახლა…

სანუბარმა სიტყვა გააწყვეტინა:

– ის, შვილოსა, თემურლენგი იყო, ეს კი…

თაბრიზმა სანუბარს ფიქრის დამთავრება არ აცალა:

– რა მინიშვნელობა აქვს, დე, თემურლენგი იქნება, თუ

ბიზნესმენი თემური, თემური თემურია. გარწმუნებთ, რაღაც

ხათაბალა მოხდება.

უცებ თემურისა და სანუბარის დედისერთა ასულმა თავისი

პირმშო სევა (მისი ნამდვილი სახელი სევდა გახლდათ) გულში ჩაიკრა

და ტირილი დაიწყო:

– დე, შენ ხომ ნახე, სევა პაპის კუბოს როგორ გადაეკრა და რარიგ

აქვითინდა. ახლა მაგან რომ გაიგოს, პაპა საფლავში გაცოცხლდაო,

ფსიქიკა ისე დაუმახინჯდება, რომ ვერც ექიმი და ვერც წამალი ვერ

უშველის. ყველანი გავუბედურდებით… – წამიერი დუმილის შემდეგ,

თითქის თავისთვის ლაპარაკობსო, დასძინა, – ისე, კაცმა

რომ თქვას, საწყალი ბავშვისთვის წესიერად პაპობაც კი არ გაუწევია.

ამის გაგონებაზე ჯალილმაც ჩაიბუზღუნა:

– ვისთვის რა გაუწევია, რო მაგისთვის პაპობა გაეწია?!

აფეთი დაიბოღმა:

– დაბადების დღეზე სათამაშოც კი არ უყიდა.

ახლად დაქვრივებულმა სანუბარმაცვერ დამალა

გულსმოწოლილმაბოღმა:

– ძუნწი და წუწურაქი იყო… ორი-სამი კაპიკის გულისთვის

მედავებოდა ხოლმე: ძვირიანი კარტოფილი რატომ იყიდე?… ხახვი რა

ღირდა?… კოჭლი მამიშას ცოლი იხვივით დაცურავს ფინლანდიის

ტბებში… ჩვენ კი სიცოცხლეში ერთხელ ირანში ვიყავით, ისიც თავ-

პირაკრულები… სწორედ ამაზე იტყვიან, ალი სხვისი, კვამლი ჩვენიო…

რა გინდა, თუ მოკვდი, მოკვდი, რაღა!… საფლავშიაც ვერ მოუსვენია…

სახლში რომ გონს მოსულიყო, რა გვიჭირდა, ვიტყოდით, სუდარა

დახიაო… ახლა რა ვთქვათ, რა გამართლება მოვუძებნოთ? ვთქვათ,

რომ საფლავი ამოარღვიაო?…

აფეთს გული აუჩუყდა:

– დე, ის, რაც მისდღემში არავის დამართვნია, მაინც დამაინც ჩვენ

უნდა დაგვმართოდა?

თაბრიზმა ფილოსოფიური მანერით მიმართა თავის მეუღლეს:

– ვინ იცის, ეგებ სხვებსაც დამართვნიათ, მაგრამ მალავენ…

ამის თაობაზე სანუბარმა დუმილი არჩია.

ჯალილი ყოყმანობდა, მაგრამ როცა ნახა, რომ ყველა სდუმს,

გაბედა და სთქვა:

– როგორც ჩანს, საერთო აზრი ასეთია, რომ არ ამოვთხაროთ.

სწორი დასკვნა გამოვიტანე?

არავინ უპასუხა.

ჯალილმა ჩაახველა:

– გასაგებია. მაგრამ ეს ერთობ სარისკო ამბავია… კარგად

დაფიქრდით… როგორც იტყვიან, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ

გაჭერით…

კვლავ არავინ უპასუხა.

მაშინ ჯალილმა ხმას აუწია:

– ესეიგირა გამოდის, დღეიდან ჩვენ ვინ ვართ?

– ვინ? – სანუბარმა ეჭვნარევი ხმით ჰკითხა.

-– მესაიდუმლენი. – უპასუხა ჯალილმა. – მაგრამ ეს

საიდუმლოება რომ უკუნისი უკუნისამდე არ გამჟღავნდება, ამისი

გარანტია უნდა გვქონდეს.

– ხელწერილი უნდა მოგცეთ? – იკითხა შეშინებულმა თაბრიზმა.

ამ შეკითხვით გაღიზიანებულმა ჯალილმა მიუგო:

– ხელწერილი კი არა, ისა!… მთელი ქონება ჩვენს შორის

თანაბრად უნდა განაწილდეს…

თაბრიზი დამშვიდდა:

– ჰო, მივხვდი. იქ, სადაც პირადი ინტერესია, საიდუმლო

არასოდეს გამჟღავნდება…

სანუბარმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

– ქონებაო, რომ ამბობთ… არც იმდენი…

ჯალილმა სიტყვა გააწყვეტინა:

– ეგრე არ შეიძლება, ქალბატონო სანუბარ, შენ ამთავითვე

ჯანჯლობ და მესაიდუმლოების გაცურებას ცდილობ… თანხა

ცნობილია… იქიდან თერანეს რაც გინდა მიეცი, დანარჩენი…

სანუბარი უცებ წამოენთო:

– არაფერსაც არ მივცემ თერანეს!

ამის საპასუხოდ ჯალილმა მბრძანებლური ტონით მიუგო:

– უნდა მისცე, თორემ, გარწმუნებთ, ჩეჩნებს დაგვაყენებს თავზე…

– წუთიერი დუმილის შემდეგ თავი მოისაწყლა და დასძინა, –

საკუთარ თავზე მიწვნევია და ვიცი…

სანუბარმა სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, თანხმობა განაცხადა:

– ჯანი გავარდეს, როგორც საჭიროა, ისე იყოს. მაგრამ ერთი

საკითხი ძლიერ მაშინებს. თუ არ ვცდები, თემურმა ქამილის

ტელეფონი ზეპირად იცის, იმას რომ დაურეკოს…

ამაზე ჯალილიც შიშმა შეიპყრო:

– რას ამბობ, დავიღუპებით. ამ საქმეში შეცდომის დაშვება არ

შეიძლება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ის ტელეფონი ხელში უნდა

ჩავიგდოთ. სასწრაფოდ დაურეკეთ, დაუძახეთ, მოვიდეს. უთხარით,

ვითომ მისი დახმარება გვჭირდება, რაღაც უნდა დავეკითხოთ… როცა

აქ მოვა, იოლია, ტელეფონს შევაწერთ… გუნდუზ, ამ საქმეს პირადად

მიხედე, ოღონდ შენი ტელეფონი არ ჩართო, სხვისი ტელეფონიდან

დარეკე. გასაგებია?

– გასაგებია. მძღოლის ტელეფონიდან დავრეკავ.

გუნდუზი ოთახიდან გავიდა.

ქალბატონმა სანუბარმა მოწილეების დათვლა დაიწყო:

– ესე იგი, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი… თერანეს გამოკლებით

ხუთი წილი…

ჯალილმა გაიკვირვა:

-– რატომ ხუთი?

სანუბარმა თითებზე ჩამოთვალა:

– მე – ერთი, შენ – ორი, გუნდუზი – სამი, აფეთი – ოთხი და

თაბრიზი – ხუთი.

ამ ჩამონათვალმა ჯალილი წონასწორობიდან გამოიყვანა:

– ეს როგორ, შვილოსა, აფეთი და თებრიზი ერთი ოჯახი არაა?

– ერთი ოჯახია, – სანუბარმა კატეგორიული ტონით მუგო, –

მაგრამ ღმერთმა არ ქნას და ხვალ რომ რაიმე საბაბით გაიყარონ…

– მაშინ შენ და გუნდუზა მაინც იყავით მოწილენი.

სანუბარი მიხვდა, ჯალილი საითაც უმიზნებდა და უპასუხა:

– არა ჯალილ, ქაჯსა და ეშმაკს ერთმანეთში ნუ აურევ.

ჯალილმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი;

– სანუბარ, უკვე აღარ ვიცი რა გითხრა…

თითქოს თაბრიზი ახლაღა მიხვდა საქმის ვითარებას,

მოულოდნელად ჩაურთო სიტყვა:

– ერთი ამათ უყურე! ამათ მე ბავშვი ვგონივარ! გგონიათ, ვერ

ვხვდები, რომ თქვენ აქ მიცვალებულს სძარცვავთ?! მარადიორებო!

ჩემი წილი…

ჯალილმა ტონი შეიცვალა და ხმადაბლა მიმართა:

– კარგი, კარგი, ნუ ღელავ, ერთი წილი შენ, ერთი წილი კი – შენს

მეუღლეს…

– თანაც დაუყვედრებლად.

– კარგი, დაუყვედრებლად.

ამ დროს გუნდუზი დაბრუნდა:

– ტელეფონი რეკავს, მაგრამ არ პასუხობს…

ჯალილი:

– შენ განუწყვეტლივ ურეკე, ადრე თუ გვიან გიპასუხებს.

გევედრები, მალე ქენი, თუ არა, დავიღუპებით…

თაბრიზმა მოულოდნელად იკითხა:

– ბატონო ჯალილ, თქვენი აზრით, სამართლებრივად რა ჰქვია იმ

საქმეს, რომელსაც ახლა ჩვენ ჩავდივართ?

ჯალილი დაიბნა:

– არ ვიცი, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა ჩავიხედოთ.

– ჩაიხედეთ, რას უცდით?

– თავად რატომ არ ჩაიხედავ? – ჯალილმა მკაცრი ტონით მიუგო.

ამაზე კი თაბრიზმა ირონიულად უპასუხა:

– მე არც საშუალო სკოლაში და არც ინსტიტუტში წიგნი არ

გადამიშლია.

ჯალილი გაბრაზდა:

– არც მე!

ამან სანუბარი წონასწორობიდან გამოიყვანა:

– კმარა! ერთმანეთს კი არ უნდა ეკამათებოდეთ, თქვენ ახლა

მუშტივით უნდა იყოთ შეკრულები! მესაიდუმლეებს დამიხედეთ, ერთი!…

გაჩუმდით, ანდა წადით, ის უბედური საფლავიდან ამოთხარეთ და

მოიყვანეთ! არა უჭირს, თავი მოგვეჭრება და მოგვეჭრას!

ჯალილი და თაბრიზი დადუმდნენ.

გუნდუზიმ თქვა:

– რა ვქნა, შვილოსა, ამდენს ვურეკავ და არა მპასუხობს…

გულმოსულმა ჯალილმა ცალყბად მიუგდო:

– აცალე, ეგებ კაცი ტუალეტშია, ან სულაც აბაზანაშია… იქ ხომ არ

დარჩება, გამოვა და გიპასუხებს… ურეკე… ბოლო-ბოლო,

ერთი ღილაკია… მალ-მალე დააჭირე თითი…

უეცრადგაყურსულმა სანუბარმა წამოიძახა:

– სიჩუმე, მგონი ვიღაც მოდის!

კარი გაიღო და სანუბარის უფროსი ძმა – თეიუბი შემოვიდა. მან

შემოსვლისთანავე გაკვირვებულმა იკითხა:

– ტელეფონები რატომ გათიშეთ? წეღანდელს აქეთ ვრეკავ და

ვერავის დავუკავშირდი…

სანუბარი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჯალილმა დაასწრო:

– ბატონო თეიუბ, იძულებულები ვართ, გავთიშოთ, ზოგ

ტელეფონში მაიკლ ჯეკსონი მღერის, ზოგში კი სიბელ ჯანი. აქ

ქელეხია, თუ კონსერვატორია?! კინოში, ან თეატრში რომ მიდიხართ,

ან თათბირზე რომ ხართ, ტელეფონს არ თიშავთ? ახლა მთასავით კაცი

გარდაიცვალა, თქვენც გირჩევთ, გამორთოთ ტელეფონი, ორმოცი

დღე რომ არ ილაპარაკოთ, ქვეყანა არ დაიქცევა.

თეიუბმა ტელეფონიგათიშა:

– კარგით, მე ქელეხს მივხედავ.

ჯალილი:

– წადი, – უთხრა, მერე სიგარეტს მოუკიდა, შუბლი მოისრისა და

დასძინა. – ცხონებულს…

თაბრიზმა აზრის დაბოლავება არ აცალა და ჰკითხა:

– რა, გარდაიცვალა?

ჯალილმა უნებლიედ შეუღრინა:

– ბიჭო, შენ სხვა საქმე არაფერი გაქვს? – მერე სანუბარს მიუბრუნდა, –

სანუბარ, ამას პირი მოუკუმე, თორემ აღარ შემიძლია…

სანუბარი გაგულისდა:

– თაბრიზ, გაჩუმდი, გეყოფა!…

– მა, მე ცუდი არაფერი მითქვამს, ვკითხე, მეტი არაფერი მიქნია, –თაბრიზმა

ჩაილაპარაკა. –ტელეფონები ხომ გამოვრთეთ. ახლა რა ვქნათ, თავადაც

გავჩუმდეთ? ჩვენ ხომ არ ვიცით, იმ ტელეფონის ბატარეიკა როდისდაჯდება?

ამაზე ჯალილმა უპასუხა:

– ერთ კვირაში დაჯდება. ხშირად თუ დარეკავს, შეიძლება, უფრო

ადრეც დაჯდეს.

მიუხედავად შენიშვნისა თაბრიზმა კვლავ იკითხა:

– საინტერესოა, ის იქ საფლავში უჭმელ–უსმელი რამდენ ხანს

გაძლებს.

გუნდუზმა მიუგო:

– მიწისძვრის დროს ქვა–ღორღის ქვეშ ოც დღეს

სძლებენ, ყოფილა შემთხვევა, რომ ოცდა ათი დღეც გაუძლიათ… ეს

იმაზეა დამოკიდებული, ვინ რამდენს გაუძლებს…

საუბარში სანუბარიც ჩაერთო:

–მაგან ორმოც დღეს, შეიძლება, მეტსაც გაუძლოს… ჯანმრთელი

ადამიანია, ყოველ დილით ათ კილომეტრს დარბოდა, აუზში

ბანაობდა… თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევდა….

თაბრიზმა მეუღლეს გახედა:

– ესე იგი წამმზომი უნდა ჩავრთოთ და სულ ცოტა, ორმოცი დღე

უნდა დაველოდოთ… თანაც ცუდის მოლოდინში, ვაიმე, ღმერთო!…

ჯალილი ამჯერად უკიდურესად გაბრაზდა:

– შენ შიშს რატომ გვინერგავ? ცხოვრებაში რისკის გარეშე

არარფერი არსებობს… წეღან შენ არ იყავი, მანქანაზე რომ

ოცნებობდი?!…

თაბრიზმა არაფერი უპასუხა.

გუნდუზმა ტელეფონის ღილაკს კვლავ გაბრაზებულმა დააჭირა

თითი და თქვა:

– ვრეკავ, მაგრამ არ მპაუხობს… ეს ყურუმსაღი რატო შვრება ასე?!

ამაზე ჯალილმა მიუგო:

– მოთმინება იქონიე, ადრე, თუ გვიან გპასუხებს. იქნებ ბატარეა

დაუჯდა, ანდა მომსახურეობის ზონიდანაა გასული? მალ-მალე

ურეკე, არ წაუყრუო.

გუნდუზი რაღაცის თქმას აპირებდა, ამ დროს კარი გაიღო და

მოსამსახურე შემოვიდა. მან მორიდებულად თქვა:

– ქალბატონო სანუბარ, დილას აქეთ არაფერი გიჭამიათ. ეგებ

ჩაი…

სანუბარი წამოენთო:

– რას ლაპარაკობ, ფირზა? ოჯახის ბურჯი წამექცა, ახლა მე ყელში

ლუკმა გადამივა? რადენი ვეხვეწე, თმები დავიგლიჯე, სამი დღეც კი

არ დამიტოვეს ცხონებული… წაიღეს და საფლავში ჩააგდეს. რამდენი

ვიძახე, ბევრი გამიგია, მეხდაცემული, დენდარტყმული, ორი-სამი

დღის მერე გონს მოეგებია-მეთქი… მაგრამ ვინ გისმენს… შე პირშავო

შავო მიწავ, ეგეთი კაცი როგორ ჩაყლაპე?

ფირზამ ამ სიტყვების შემდეგ თავი ვერ შეიკავა და

გულამოსკვნილი აქვითინდა.

სანუბარმა ხმას ოდნავ დაუწია:

– ნუ ტირი, ფირზა, ნუ ტირი, ეს ისეთი იარა არ არის, რომ

ცრემლებით განიკურნოს. წადი სახლში, დაისვენე… წინ უამრავი საქმე

გველოდება…

ფირზამ ხელის ზურგით ცრემლები მოიწმინდა და ოთახიდან

გავიდა.

ჯალილმა ძლივს შეიკავა სიცილი:

– სანუბარ, შენ ხომ ნამდვილი არტისტი ყოფილხარ…

სანუბარმა ჩვეული სახე მიიღო:

– აბა,რა უნდა მექნა?! შენ არ იცი, ეგ რა ჩიტია… აქ რომ სამი

წუთით შეყოვნებულიყო, ყველაფერს მიხვდებოდა. ექსტრასენს თოფიგ

დადაშოვს არაფრით ჩამორჩება… სახეზე თუ შემოგხედა, შენი საქმე

წასულია, მაშინვე ხვდება, რას ფიქრობ…

გუნდუზმა კიდევ ერთხელ დააჭირა თითი ტელეფონის ღილაკს.

– უკვე შუაღამეა, ეს კი ჯერაც არ მპასუხობს, ხომ არ სძინავს

ნეტავ?

სანუბარმა იკითხა:

– რომელი საათია?

–თორმეტის ოცი წუთია.

ჯალილი წამოდგა:

– მე წავალ, მოლას გავისტუმრებ.

სანუბარმა მარაოთი სახე გაიგრილა:

– თაბრიზ, აფეთ, გვიანია, თქვენც წადით, დაისვენეთ,

ხვალარ დააგვიანოთ…

 

* * *

მას შემდეგ, რაც ყველანი წავიდნენ, სანუბარი და გუნდუზი

მარტონი დარჩნენ. ერთხანს ერთმანეთს უჩუმრად შესცქეროდნენ.

თითქოს არ იცოდნენ, საუბარი საიდან დაეწყოთ. ბოლოს დუმილი

სანუბარმა დაარღვია:

– რაც რომ მოგსურვებია, ღმერთმა აგისრულაო.

გუნდუზს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა:

– ცუდია, რო!

– რატოა ცუდი. უნარისა და იღბლის საქმეა.

გუნდუზი წამოდგა, სანუბართან მივიდა და თმაზე მოუალერსა.

– ეგენი რად გინდოდა?! რატომ არ ისტუმრებდი?

– ვარტისტობდი.

გუნდუზმა ტუჩები სანუბარის ცხვირის წვერს მიუახლოვა.

– ფორმაში არა ვარ. ქალი კოსმეტიკის გარეშე და ძონძი – ერთი

და იგივეა.

გუნდუზმა გაიღიმა:

– შენ ასეც ლამაზი ხარ.

– გმადლობ კომპლიმენტისთვის.

სანუბარმა საუბრის თემა მოულოდნელად შეცვალა.

– ამბობენ, მისი ერთ-ერთი საყვარელი იყო მოსულიო.

– მოვიდეს, რა!

– ქელეხში კარგა ხანს მჯდარა.

– დაჯდეს რა! მერე რა?

– არაფერი! თუნდაც საფლავზე ეწვიოს, იქიდან მის ხმას მაინც

ვერ გაიგონებს.

– ვის ხმას?

–თემურის ხმას. საყვარელმა რამდენიც გინდა, იკივლოს, რა

ხეირი აქვს?!

სანუბარი ერთხანს დადუმდა, მერე ხმადაბლა, თითქმის

ჩურჩულით თქვა:

– ბოლო დროს შენზე ეჭვიანობდა, ამბობდა, ის სოფლიდან

ტყუილა ჩამომაყვანინეო…

– შენზეც ეჭვიანობდა?

კარგა ხნის დუმილის შემდეგ სანუბარმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

–კი, ეჭვიანობდა.

ამჯერად კი გუნდუზმა საუბრის თემა მოულოდნელად შეცვალა:

– ჯალილი როგორ იოლად დათანხმდა ამ საქმეს…

– ეგ ისეთი ვირთხაა, ფულისთვის ყველაფერზე წავა. რომ

შეეძლოს, იმ ტელეფონის ფულსაც გამომართმევდა, საფლავში რომ

ჩარჩა.

– აფეთა და თაბრიზი?

– მათთვისაც არაფერი გაუკეთებია. ძუნწი გამიგია, მაგრამ ასეთი

– არა. მეტისმეტად ძუნწი იყო. მე მგონი, საყვარლებისთვისაც არ

იმეტებდა. ფულს აგროვებდა… ხარჯვა არ უყვარდა…

გუნდუზმა მრავალმნიშვნელოვნად მიუგო:

– ნათქვამია, დასახარჯს თუ არ დახარჯავ, სხვანი დახარჯავენო.

– ზედ ცივ წყალსაც დააყოლებენ… დღეიდან ხდები კომპანიის

დირექტორი, თაბრიზს კი მოადგილედ აიყვან, კარგი?

– ეგებ ორმოცამდე დაველოდოთ?

– ორმოცი თავისით გავა… შენ საქმეს მიხედე…

გუნდუზმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მერე კი ტელეფონი

მოიმარჯვა და ქამილს კიდევ ერთხელ დაურეკა, მიაყურადა და თავი

უკმაყოფილოდ გადააქნია:

– არ მპასუხობს. ჯანდაბას! შუაღამეგადავიდა… ამის მერე აღარ

ღირს დარეკვა. ვთიშავ ტელეფონს,დავწვეთ…

 

* * *

თემურა ტელეფონის ხმაზე გონს მოეგო. ტელეფონის მქრქალ

იისფერ შუქზე დაინახა, რომ სადღაც ვიწრო ადგილასაა და თეთრ

სუდარაშია გახვეული. ბუნდოვნად გაიხსენა ის, თუ როგორ შეეხო

მავთულის მოშიშვლებულ ადგილს, დენმა როგორ დაარტყა, როგორ

მოისროლა და დავარდა ძირს, ცოლ-შვილმა როგორ შეჰკივლა და

ბოლოს მოლა როგორ დაადგა თავზე და ლოცვანი წარმოთქვა…

სუდარა სწრაფად გაფხრიწა და ტელეფონი აიღო – სანუბარი რეკავდა:

– ალო! ალო!

– ალო! ალო, ვინ არის?

– მე ვარ, თემური!

პასუხი არ გაისმა და ტელეფონიც სასწრაფოდ გაითიშა. ვერ

მიხვდა, რატომ, რის გამო მოხდა ასე. თავად აკრიფა ნომერი და

ოპერატორი გოგონას ლენტზე ჩაწერილი ხმა გაიგონა:

– ამ დროისთვის აბონენტი მიუწვდომელია. ტელეფონი

გათიშულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. გთხოვთ,

დარეკოთ მოგვიანებით.

თემურიმ კვლავ დარეკა… კვლავ…. კვლავ… მაგრამ უშედეგოდ…

თემური ფიქრს მიეცა: ნეტავ ვინ რეკავდა სანუბარის

ტელეფონით? ეს ტელეფონი ვისია? აქ რატომ დაუდეს, ვერაფერი

გაიგო,

უეცრად ფეხის მხარეს რაღაც ფაჩუნი მოესმა. გაიფიქრა, ემანდ

გველი არ იყოსო და შიშმა მოიცვა. საფრთხის მოლოდინში თვალები

დახუჭა და ერთხანს სულგანაბულმა მიაყურადა. მერე მიხვდა, რომ

სცდებოდა, ჩამოშლილი მიწაა, ბეტონის ფილის სიმძიმეს ვერ უძლებს

და თანდათან იფშხვნევა და დაბლა ცვივა. ახლა რა ქნას, როგორ

მოიქცეს? აჰა, ქამილი! ქამილის ნომერი როგორ იწყებოდა?

ორმოცდაათით, თუ ორმოცდათხუთმეტით? არა, სამოცდაათით…

პირველი სამი ციფრი კარგად მახსოვს… მერე ერთს მივუმატებ და

ბოლო ოთხ ციფრს ავკრეფ.

ნომერი სწრაფად აკრიფა:

– აჰა, რეკავს, მიპასუხე, ძმაო, მიპასუხე!… აქედან მხოლოდ შენ

შეგიძლია, დამიხსნა… მიპასუხე!

ერთხანს დაელოდა.

– არ მპასუხობს, არც ეს მპასუხობს…

გვერდის მონაცვლება გადაწყვიტა, არაფერი გამოუვიდა.

–ეს ოხერი ისე გაუთხრიათ, რომ ვერც კი გაინძრევი. ანგელოზმა

რომ განკითხვისათვის ჩამომაკითხოს, იმისთვისაც კი არ დაუტოვებიათ

ადგილი.

უეცრად ზემოდან წყლის წვეთები ჩამოვარდა. ხელი შეუშვირა.

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი… მუჭი პირთან მიიტანა და ტუჩები

დაისველა:

–ნეტავ წვიმს, თუ ბეტონის გამონაჟონია? წვიმა რომ იყოს, საფლავი

ამოივსება, დავიღუპები…

მადლობა ღმერთს, წვეთები ნელ-ნელა შეწყდა. ქამილს ხელახლა

დაურეკა.

– ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხობს… სხვა ვის შეიძლება

დავურეკო? ქემალეს… ის კიდე ნომერს მალ-მალე იცვლის… ყოველ

შემთხვევაში, მოვსინჯავ… ნომერი ხელის კანკალით აკრიფა.

– ზარი გავიდა… აჰა, მპასუხობს!.. ქემალე, შენ ხარ?

– კი, მე ვარ!

– თემური ვარ!

– გიცანი. შე მატყუარავ, შენა, აკი შუბას გიყიდიო?…

– გიყიდი…

– როდის მიყიდი?… ზამთარი გავიდა… ახლა ზაფხულია… ხალხი

საპლაჟე საქონელს ყიდულობს, „ლიფს“, „პლავკასა“ და მისთანებს…

– „პლავკასაც“ გიყიდი და „ლიფჩიკსაც“

– არა მჭირდება! რა ნომრიდან მირეკავ, ახალია?

– ქემალე, მომისმინე, მე საფლავში ვარ, საფლავში…

– მივხვდი, ანუ აბაზანაში ხარ… ახალგაზრდა ქალითურთ… ჩემს

ჯინაზე აკეთებ, ხომ?… გახსოვს, ეს ოინი სხვის მიმართაც გამოიყენე…

მე და შენ აბაზანაში ვიყავით, შენ ვიღაცას დაურეკე და უთხარი,

საფლავში ვარო…

– ქემალე, დამიჯერე, ამჯერად მე მართლაც საფლავში ვარ,

ღმერთმანი მართალს გეუბნები…

– ვერ გავიგე, ანუ გაკოტრდი?…

– არა, არა, არა! მომისმინე! დენმა დამარტყა, მაგათ მკვდარი

ვეგონე, აიღეს და დამმარხეს…

–კიდევ დაიწყე ზღაპრების მოყოლა… გინდა დამარწმუნო, რომ

მარტო ხარ და ქალი არ გახლავს…

– არა!

ქემალემ მცირე პაუზის შემდეგ დასძინა:

– სამწუხაროდ, მე მამაკაცი მახლავს… რომელიც უკვე გაბრაზებას

იწყებს… მეტად აღარ დამირეკო!.. – მიუგდო და ტელეფონი გათიშა.

თემურამ კვლავ ქამილს დაურეკა:

– ზარი გადის… მაგრამ არ მპასუხობს…

შემდეგ მან შემთხვევით მოფიქრებული რამდენიმე ნომერი

აკრიფა. ყველა ნომერზე ავტომატმა უპასუხა, რომ ასეთი ნომერი არ არსებობსო.

გაიფიქრა, ნეტავ ახლა ღამეა, თუ დღე? რა მნიშვნელობა აქვს? არა,

მნიშვნელობა აქვს. ღამით ადამიანებს სძინავთ და ტელეფონს არ პასუხობენ.

უეცრად გონება გაუნათდა:

– ისეთებიც არიან, რომელთაც არ სძინავთ! მაგალიტად სასწრაფო

დახმარებას,მეხანძრეებსა დაპოლიციელებს!.. რატომღაც გადაწყვიტა, სასწრაფო

დახმარებაშიდარეკოს:

– ალო!

– გისმენთ!

– სასწრაფო დახმარებაა?

– დიახ!… სახელი, გვარი, მისამართი, ასაკი…

– არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე საფლავიდან გირეკავთ…

– საიდან რეკავთ?

– საფლავიდან…

– ვერ გავიგე? თქვენ რა, მკვდარი ხართ?

– არა, ვერ ხედავთ, რომ ცოცხალი ვარ?! დენმა დამარტყა,

ახლობლებს ეგონათ, რომ მოვკვდი, აიღეს და დამმარხეს…

დუმილი ჩამოწვა, მაგრამ თემურმა ორი ექიმის საუბარი გაიგონა:

– რაო, რა მინდაო?

– ამბობს, დენმა…

– ეგ გავიგე. ახლა ჩვენ რა უნდა ვქნათ, საფლავს თავი ავხადოთ?

– ალბათ…

– მაგას ექიმმა გარდაცვალების შესახებ ცნობა ხომ მისცა… ვინც

არ უნდა იყოს, ჩვენი კოლეგაა… ეგ რომ ამოვიყვანოთ, მაგ ექიმს ცუდი

დღე დაადგება… დაკიდე ყურმილი!…

თემურიმ მხოლოდ ამის თქმა მოასწრო:

– ექიმებს დამიხედეთ! თანაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ

დადებული!…

იგი ოდნავ გონს რომ მოეგო, 101-ზე მეხანძრეებს დაურეკა:

– ძმებო, დამეხმარეთ!

– რა ხდება?

– დენმა დამარტყა. ეგონათ, მოვკვდი, დამმარხეს, ახლა

საფლავში ვარ დარჩენილი…

– ეე, ეგებ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვი… ვერ დაგეხმარებით… ეგ

ჩვენი სფერო არაა, ეშმაკს დაურეკე!..

უშედეგო სატელეფონო საუბრებმა თემური დაქანცა. იგრძნო,

რომ სული ეხუთებოდა… ერთხანს ძილბურანში გაეხვია… უცებ გონი

დაუბრუნდა… უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და 102-ზე დარეკა:

– ბატონო პოლიციელო!…

– გისმენთ!

– დენმა დამარტყა…

– ბედმა გაგიღიმა, რომ არ მიგასაკლავა…

– საქმეც იმაშია, რომ ბედმა არ გამიღიმა, ეგონათ, მოვკვდი,

დამმარხეს. ახლაც საფლავში ვარ… მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს,

გთხოვთ, მიშველოთ… – მერე პოლიციელის დაინტერესების მიზნით

დასძინა, – ნახევარ მილიარდამდე კაპიტალი მაქვს, ვალში არ

დაგრჩებით…

– რომელ სასაფლაოზე ხარ.

– არ ვიცი…

თემურიმ პოლიციელებს შორის საუბარიც გაიგონა:

– უფროსო, ამბობს, დენმა დაარტყა, მკვდარი ვეგონე და

დამმარხესო…

– დამმარხესო?

– კი.

– საფლავი და ტელეფონი… შენ რას ლაპარაკობ, კაცო, იქ

სუდარის გარდა ვერაფერს წაიღებ.

– ეგებ ანდერძი ჰქონდა ასეთი?

– ჰქონდა და ჰქონდეს!… ერთი ვინმე მილიარდერი ყოფილა,

სიკვდილის წინ შვილისთვის უთქვამს, ფეხშიშველი არ დამმარხოთო,

ეგრე  ყოფნა არმიყვარსო, წინდები ჩამაცვით და ისე დამმარხეთო.

გარდა ამისა,წერილს მოგცემთო, ოღონდ ჩემი სიკვდილის შემდეგ გახსენითო.

შვილებს მისი წინდებთან დაკავშირებული ანდერძი ვერ შეუსრულებიათ,

რადგან მოლას არ დაურთავს ნება, უთქვამს, სუდარის

გარდა ვერაფერს ჩააყოლებთო. წერილში კი თურმე წერებულა: ხომ

ხედავთ, ამ ქვეყნიდან ერთი წყვილი წინდაც ვერ წავიღეო, ეცადეთ,

ცუდი არავის გაუკეთოთო… სერჟანტო, ის ვინც გირეკავს, სასაფლაოს

ლოთთაგანი იქნება, ალბათ ეგ ტელეფონიც ვიღაცას მოპარა…

– ამბობს, ნახევარ მილიარდამდე ფულის პატრონი ვარო…

– მიჰქარავს! აფსუს, ადრე ყველა რაიონში გამოსაფხიზლებელი

იყო… ასეთებს დაამწყვდევდი და თხუთმეტ დღეში ჭკუას

მოეგებოდა… ტელეფონის პატრონი შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეგეც

მაგას იტყვის, მომპარესო… ამიტომაც გაუთიშე…

თემურას იმედი ამოეწურა. უიმედოდ დარჩენილმა კვლავ

ბავშობის მეგობარს – ქამილს დაურკა. ზარი გავიდა, მაგრამ ისევ

არავინ უპასუხა.

სწორედ ამ დროს ფეხებთან კვლავ რაღაცამ გაიფაჩუნა.

ტელეფონის შუქი იქითკენ მიმართა. გველი იყო. მაგრამ ქვეწარმავალი

ტელეფონის შუქმა და სუდარის შრიალმა დააფრთხო.

შეტრიალდა და თავისი ხვრელისკენ გასრიალდა…

 

***

გუნდუზამ მესაიდუმლეებს – ჯალილს, სანუბარს, თაბრიზსა და

აფეთს ერთ ოთახში მოუყარა თავი:

– ბატონ ჯალილს ვუთხარი და თქვენც იცოდეთ, მე ქამილს

დაველაპარაკე, მაგრამ მას ჩემამდე თემურათნ ულაპარაკია, უფრო

სწორად თემურს დაურეკავს მისთვის. ახლა ქამილი აქ მოდის…

სანუბარმა მეჩხერი, მშვილდისმაგვარი წარბი აზიდა:

– ამ საქმეში მისი მოზიარეობა შეუძლებელია.

ჯალილმა კვერი დაუკრა:

– არცაა საჭირო.

თაბრიზი შიშმა მოიცვა:

– ხომ გითხარით, სისხლის კოდექსის ცოდნაა საჭირო.

ვიღუპებით…

აფეთმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

– დე, ვიღუპებით… ბავშვის ფსიქოლოგიაზეც ცუდად

იმოქმედებს…

ჯალილმამშვიდი ტონით ჩაურთო:

– ნუ ღელავთ, საქმე მოგვარებულია…

ცოტა ხანში ქამილიც მოვიდა. მის სიხარულს

საზღვარი არ ჰქონდა.

– გილოცავთ! გილოცავთ! თემურა ცოცხალია! იგი სასწრაფოდ

უნდა ამოვიყვანოთ საფლავიდან. საწყალი თურმე რამდენი დღეა,

რეკავს… მე ქალაქგარეთ ვიყავი… ტელეფონი კი შინ დამრჩენია…

შემთხვევით…

სწორედ ამ დროს ოთახში შემოვიდა თეთრხალათიანი ექიმი,

რომელსაც ორიჯანიანი მამაკაცი შემოჰყვა.

ეს რომ დაინახა, ქამილმა თქვა:

– ჭკვიანურად მოქცეულხართ, რომ ექიმი გამოგიძახიათ. ალბათ,

ახლა დასუსტებულიც იქნება. რამდენი დღეა, უსმელ-უჭმელია,

თანაც უჰაერო ადგილას… ცოტა უნდა ვიჩქაროთ…

ექიმმა ჯალილს შეხედა და ქამილზე მიანიშბა:

– ესაა?

ჯალილმათავი დაუქნია.

ექიმმა თქვა:– ესენი მედიუმებივით არიან. ვითომ როცა

მოინდომებენ, მაშინ ამყარებენ მიცვალებულებთან სატელეფონო კავშირს.

ქამილი დაიბნა:

– რას ნიშნავს ეს? გამაგებინეთ!

ექიმმასანიტრებს მიმართა:

– ერთი კარგი დამაყუჩებელი გაუკეთეთ!

ქამილმა მთელი ხმით იკივლა:

– რას სჩადით?!

ექთნებმა ქამილი წამოაქციეს… ნემსის გაკეთების შემდეგ იგი

მალე გაბრუვდა.

ქალბატონმა სანუბარმა ქამილს ფერწასულ სახეში შეხედა და

თავისთვის ჩაილაპარაკა:

– არც კი რცხვენია! თანაც თავს ცხონებულის მეგობრად ასაღებს.

ჯალილმაც ჩაიბუზღუნა:

– თავისი საქციალით ცხონებულს ჩირქს სცხებს, ჩვენ კი თავს

გვჭრის… – მერე კი შეცვლილი ტონით ექიმს მიმართა: – ექიმო, ბოლო

დროს, მგონია, შეშლილების საერთო რიცხვი მატულობს… თუ მე

მეჩვენება ასე?

ექიმმა მისი ეს ნათქვამი ხუმრობაში გადაიტანა:

– გეთანხმებით. დააკვირდით ამინდის გლობალურ

ცვლილებას… ბაქოში ასეთი სიცხეები გინახავთ?… არის ერთი ექიმი

მეტეოროლოგი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის ჭკუას წყალზე

უფრო მეტი აორთქლების უნარი გააჩნია… მართალია, ისიც ოდნავ,

როგორც იტყვიან, აფრენს, მაგრამ რა გინდა, უნივერსიტეტი წითელ

დიპლომზე აქვს დამთავრებული. მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ

უნდა ტარდებოდეს კონფერენცია, მასაც იწვევენ. კონფერენციაზე

გამახსენდა, დღეს მედიუმებსაც კონფერენცია აქვთ… ეს

უბედურ დღეზე გაჩენილიც მიიწვიეს იქ დელეგატად, დროზე უნდა

მივიყვანოთ…

ჯალილმასანიტრებს შეხედა, იგრძნობოდა, რომ რაღაც

აღელვებდა:

– ესენი…

ექიმი მაშინვე მიუხვდა და სათქმელი არ დაამთავრებინა:

– კი, ესენი… ყრუ-მუნჯები გახლავან… შეგიძლიათ, მშვიდად

იყოთ, ჩვენ წავედით… შენც არ დააგვიანო… სამუშაო დღის ბოლომდე

აუცილებლად მოდი… კარგი?

– კარგი.

ექიმის და მედდების წასვლის შემდეგ ჯალილმა სანუბარს

მიმართა:

– ექიმი და სანიტრებიც ჩვენს მესაიდუმლეებად იქცნენ,

სამივესთვის ერთი წილი საკმარისია.

სანუბარმა გაიოცა:

– რას ლაპარაკობ?! ექიმს მაგდენი ფული?!

– აბა რა, ბრმა ნაწლავის ოპერაციას ხომ არ აკეთებს, რომ იოლად

გამოხვიდე. ხუთ პირს შველის, რომ არ დააპატიმრონ… გარდა ამისა,

ღვთის წინაშეც ხომ ცოდვაში დგამს ფეხს.

თაბრიზმა ჩაურთო:

– ჩვენსავით…

ჯალილმა საუბრის თემა შეცვალა და რაღაცნაირად

აღგზნებულმა თაბრიზს მიმართა:

– ბლატიანო, მგონი მანქანის ოცნება აგისრულდა!…- შემდეგ

ხელები ისე გაშალა, თითქოს საჭეს მართავსო, თანაც ხმამაღლა

დააყოლა,– ბჟჟჟჟჟჟ!

თაბრიზმაც მასავით ხელები აღმართა და თითქოს და საჭეს აქეთ-

იქით უხვევსო, შესაბამისი მოძრაობა დაიწყო და ჯალილს შესძახა:

– ბატონო ჯალილ, ბჟჟჟჟჟ კი არა, ვჟჟჟჟჟ!…

სანუბარმა თავი გადააქნია:

– ამის შემდეგ რამდენიც გინდა, გადაეკიდეთ ერთმანეთს, არ

მენაღვლება…

 

***

ორმოცმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მას შემდეგ, რაც ცერემონიალი ჩათავდა, მესაიდუმლოებმა

ოთახში ერთად მოიყარეს თავი. ყველა სდუმდა. უცებ დუმილი

თაბრიზმა დაარღვია:

-ორმოცი დღე გავიდა, ნეტავ მოკვდა?

არავინ უპასუხა.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ჯალილმა თქვა:

–შეგიძლიათ მობილური ტელეფონები ჩართოთ.

© არილი

Facebook Comments Box