პროზა (თარგმანი)

ელის ბ. ტოკლასი – გერტრუდ სტაინის ავტობიოგრაფია

gertrude-stein-and-alice-toklas_bkig

(ფრაგმენტი)

“კანადიდან რომ დავბრუნდით… მაშინ წარმოთქვა მისს სტაინმა თავისი ცნობილი სიტყვები დაკარგული თაობის შესახებ. ძველებურ ფორდს, რითაც მაშინ მისს სტაინი დადიოდა, ძრავაში რაღაც გაუფუჭდა, და ახალგაზრდა მექანიკოსმა, რომელსაც მთელი ერთი წელი ფრონტზე გაეტარებინა, ახლა კი გარაჟში მუშაობდა, ვერაფერი გაუგო; ან იქნებ, არც ინდომა მისს სტაინის “ფორდის” შეკეთება, რადგან რიგში წინ სხვები იყვნენ. ასე იყო თუ ისე, serieux არ აღმოჩნდა ეს ყმაწვილი და გარაჟის პატრონისგან მაგრადაც მოხვდა, როცა მის სტაინმა მას პორტესტი გამოუცხადა. “თქვენ ყველანი generation perude ხართ”, – უთხრა გარაჟის პატრონმა მექანიკოსს. – აი, რა ხართ თქვენ! აი, რა ხართ თქვენ ყველანი, – მითხრა მისს სტაინმა, – ომში ნამყოფი ახალგაზრდები. თქვენ დაკარგული თაობა ხართ”. ესაა ამონარიდი ერნესტ ჰემინგუეის რომანიდან, “განუყრელი დღესასწაული” (ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ), სადაც ავტორი გვიამბობს, როგორ გაჩნდა ტერმინი “დაკარგული თაობა”, ომისშემდგომი ხანის მწერლებს რომ აერთიანებს. გერტრუდ სტაინის სახელი საბჭოეთში ფართო საზოგადოებამ პირველად სწორედ ამ წიგნით შეიტყო. “განუყრელი დღესასწაულის” ფურცლებზე ცოცხლადაა აღწერილი მწერალი ქალის სახლი ფლერიუსის ქუჩაზე, თბილი, მყუდრო, ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, სადაც კედლებზე შედევრები ჰკიდია და საღამოობით გერტრუდ სტაინი და მისი მეგობარი ელის ტოკლასი მასპინძლობენ თითქმის ყველა გამორჩეულ მხატვარსა და მწერალს, ვინც იმხანად პარიზში ცხოვრობს. ამ სახლში ხშირი სტუმრები არიან სეზანი, პიკასო, მატისი, ბრაკი, გიიომ აპოლინერი, მარი ლორანსენი, შერვუდ ანდერსონი, სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი… გერტრუდ სტაინი (1874-1946) პენსილვანიაში დაიბადა. ბავშვობა ავსტრიასა და პარიზში გაატარა. შემდეგ მისი ოჯახი ამერიკაში დაბრუნდა და კალიფორნიაში დასახლდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ თვრამეტი წლის გერტრუდ სტაინი ბალტიმორში გადავიდა, სადაც ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლაში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე მიატოვა, რადგან “მოსწყინდა, აშკარად ძალიან მოსწყინდა”. 1903 წლიდან გერტრუდ სტაინი ძმასთან ერთად პარიზში დამკვიდრდა. როგორც აღვნიშნეთ, აქ მის სახლში თავს იყრიდა იმ დროს ბევრი საინტერესო ადამიანი. სწორედ მათთან ურთიერთობა, მათი ცხოვრების ეპიზოდებია აღწერილი გერტრუდ სტაინის წიგნში “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია”. მანამდე გერტრუდ სტაინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები დაწერა – ნოველების კრებული “სამი სიცოცხლე”, რომანი “ამერიკელების ჩამოყალიბება”, “ნაზი კვირტები”, პორტრეტები – “მატისი”, “პიკასო”, “სეზანი”, “აპოლინერი”… სტაინის პროზა იმ დროისათვის ახალი, ექსპერიმენტული მწერლობა იყო, და ბევრი მიიჩნევს, რომ დიდი გავლენა იქონია ამერიკელ მწერალთა თაობებზე. თუმცა ერთი კრიტიკოსის თქმით, სტაინი საუკუნის ყველაზე რეკლამირებული მწერალია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად კითხულობენ. “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფიაში” მკითხველს სრული შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამბავს გერტრუდ სტაინის მეგობარი, მის ტოკლასი ჰყვება. წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი თვით სტაინია. წიგნის ბოლოს ირკვევა, რომ მწერალს გადაუწყვეტია, თავის მეგობრის მაგივრად დაეწერა მისი ავტობიოგრაფია. „როგორც დეფომ დაწერა რობინზონ კრუზოს ავტობიოგრაფია”. ამ წიგნის ფრაგმენტები დაბეჭდილია ჟურნალში “XX საუკუნე” (№10, 1999) და გაზეთში “ქომაგი” (№16, 2000). გთავაზობთ კიდევ ერთ მცირე ნაწყვეტს.

მთარგმნელი ნინო ქაჯაია

როგორც გითხარით, rue de Fleurus-ის ხშირი სტუმარი რომ გავხდი, პიკასოები – პაბლო და ფერნანდა – ისევ ერთად იყვნენ. იმ ზაფხულს ისევ ესპანეთში გაემგზავრნენ და იქიდან რამდენიმე ესპანური პეიზაჟი ჩამოიტანეს. ამ პეიზაჟებიდან ორი დღესაც rue de Fleurusზე შეიძლება ნახოს კაცმა, მესამე კი მოსკოვშია, შჩუკინის დაარსებულ კოლექციაში, რომელიც ახლა სახელმწიფოს საკუთრებაა. ამ სურათებით დაიწყო კუბიზმი. მაშინ აფრიკული ქანდაკების გავლენის ხსენებაც არ იყო, აშკარად იგრძნობოდა სეზანის ძლიერი გავლენა, კერძოდ, სეზანის გვიანდელი აკვარელებისა, სადაც ფონი იყოფოდა არა კუბებით, არამედ ინტერვალებით. თუმცა ძირითადად, სახლების აღქმის არსი ესპანური იყო და ამდენად, პიკასოსეული. ამ სურათებში მან პირველად გაამახვილა ყურადღება ესპანური სოფლების შენობებზე. სახლების ხაზი პეიზაჟს კი არ მიჰყვება, არამედ ჰკვეთს მას, შიგ იჭრება და ერწყმის. ეს იყო საომარი აღჭურვილობისა და გემების კამუფლიაჟის პრინციპი. ომის პირველ წელიწადს, ზამთრის ერთ ცივ საღამოს, სასპელის ბულვარს მივუყვებოდით მე, გერტრუდ სტაინი, პიკასო და ევა, ვისთანაც ცხოვრობდა მაშინ პაბლო. ქვეყნად არსად არ ცივა ისე, როგორც რასპელის ბულვარზე ზამთრის სუსხიან საღამოს. ამ ბულვარს მოსკოვის ქუჩას ვეძახდით. უეცრად ვეება ზარბაზანი გამოჩნდა. პირველად ვნახეთ მოხატული იარაღი, ანუ კამუფლიაჟი. პაბლო გაჩერდა. მონუსხული შესცქეროდა. C’est nous que avons fait ca, თქვა მან, ეს ჩვენი გაკეთებულია, ჩვენ შევქმენითო. მართალიც იყო, იმან შექმნა. აქამდე სეზანიდან მოვიდნენ პიკასოს გავლით. რაღაცები წინასწარ დაინახა და გამართლდა. მაგრამ მოდი, იმ სამ პეიზაჟს დავუბრუნდეთ. პირველად რომ ჩამოვკიდეთ კედელზე, ბუნებრივია, არავის მოეწონა. ისე მოხდა, რომ პიკასოსა და ფერნანდას გადაუღიათ დახატული სოფლების ფოტოები და პაბლოს ეს სურათები გერტრუდ სტაინისთვის მიუცია. როცა ამბობდნენ, ეს რა პეიზაჟია, რამდენიმე კუბი დაუხატია, კუბებია და სხვა არაფერიო, გერტრუდ სტაინი იცინოდა და ამბობდა, ამ პეიზაჟებს მეტისმეტი რეალისტურობით თუ იწუნებთ, საფუძველიც გაქვთო. მერე ფოტოსურათები გამოჰქონდა საჩვენებლად, და ყველა ხედავდა, რომ მართალი უთქვამს, ნახატები მართლაც ბუნების ფოტოგრაფიული ასლი იყო. გავიდა წლები და ელიოტ პოლმა, გერტრუდ სტაინის წინადადებით, ერთსა და იმავე გვერდზე მოათავსა პიკასოს ნახატის ფოტო და ამ ნახატზე გადატანილი სოფლის პეიზაჟის ფოტო. ძალიან საინტერესო გამოვიდა. კუბიზმი სწორედ მაშინ დაიწყო. ფერი თვისობრივად ესპანური იყო, მკრთალი, მოვერცხლისფრო ყვითელი, ოდნავ გადაჰკრავდა მწვანე ელფერი; ფერი, რომელიც შემდგომ პიკასოს კუბისტური სურათებისა და მისი მიმდევრების დამახასიათებელი გახდა. გერტრუდ სტაინი სულ იმას ამბობს, კუბიზმი წმინდა წყლის ესპანური კონცეფციაა, მხოლოდ ესპანელს შეუძლია კუბისტობა და ნამდვილი კუბიზმი მხოლოდ პიკასოსა და ხუან გრიზის ნახატებიაო. კუბიზმი პიკასომ შექმნა და ხუან გრიზმა გაამდიდრა თავისი სინათლითა და ეგზალტაციით. ამის გასაგებად გერტრუდ სტაინის „ხუან გრიზის სიცოცხლე და სიკვდილის“ წაკითხვაც კმარა, რომელიც სტაინმა თავისი ორი უძვირფასესი მეგობრის, პიკასოსა და ხუან გრიზის სიკვდილის შემდეგ დაწერა. ორივე ესპანელი იყო. გერტრუდ სტაინი სულ იმას ამბობს, ამერიკელებს შეუძლიათ ესპანელების გაგება; მხოლოდ ამ ორ ერს ესმის აბსტრაქციაო; ამერიკელებში აბსტრაქცია საკუთარ თავს გამოხატავს განსხეულების გარეშე, ლიტერატურასა და მექანიზმებში, ესპანეთში კი იმდენად აბსტრაქტული რიტუალებითაა წარმოდგენილი, რომ არაფერს არ უკავშირდება, გარდა რიტუალისაო. არ მავიწყდება, ერთხელ ვიღაც გერმანელებს უთქვამთ, ხართან ბრძოლა მოგვწონსო. მოეწონებათ, აბა რაო, – ამრეზით განაცხადა პიკასომ, – მაგათ სისხლისღვრა უყვართო. ესპანელისთვის კორიდა სისხლისღვრა არ არის. ესპანელისთვის ეს რიტუალია. ამერიკელები, გერტრუდ სტაინის თქმით, ესპანელებს ჰგვანან, აბსტრაქტულად აზროვნებენ და სასტიკები არიან, უხეშები ან ტლანქები კი არა, სასტიკები, მიწაზე ისე არ არიან მიბმულები, როგორც ევროპელთა უმეტესობა. მათი მატერიალიზმი არ არის არსებობის, საკუთრების მატერიალიზმი. ესაა მოქმედებისა და აბსტრაქციის მატერიალიზმი. ასე რომ, კუბიზმი ესპანურია. კუბიზმის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მე და გერტრუდ სტაინი პირველად რომ წავედით ესპანეთში, გაგვაოცა იმის ნახვამ, თუ როგორ ბუნებრივად ყალიბდებოდა კუბიზმი ამ ქვეყანაში. ბარსელონაში, მაღაზიებში, საფოსტო ბარათების მაგივრად იყიდებოდა პატარა ჩარჩოები, შიგ მოთავსებული იყო სიგარა, ნამდვილი სიგარა, ჩიბუხი, ცხვირსახოცის ნაკუწი და ა.შ. ყველაფერი ზუსტად ისე იყო განლაგებული, როგორც კუბისტურ სურათში, გაფორმებული ჰქონდათ დაჭრილი ქაღალდით, სხვა საგნებს რომ განასახიერებდა. ესაა თანამედროვე ნიშანი იმისა, რაც გაკეთდა ესპანეთში საუკუნეების განმავლობაში. ადრეულ კუბისტურ სურათებში პიკასო, ისევე როგორც ხუან გრიზი, ბეჭდურ ასოებს იყენებდა ნახატით დაფარული ზედაპირის გასამძაფრებლად და რამე მტკიცესა და მკვეთრთან გასათანაბრებლად. ასეთი მტკიცე რამ ბეჭდური ასო იყო. თანდათანობით ნაბეჭდის გამოყენების ნაცვლად ასოების ხატვა დაიწყეს და ყველაფერი დაიკარგა. მხოლოდ ხუან გრიზს გამოსდიოდა ისეთი სიმძაფრით ხატვა, რომ მკვეთრი კონტრასტი რჩებოდა. ერთი სიტყვით, კუბიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც მოვიდა. სწორედ იმ დღეებში დაუკავშირდნენ ერთმანეთს ბრაკი და პიკასო. სწორედ იმ დღეებში ჩამოვიდა მადრიდიდან პარიზში ხუან გრიზი, გამოუცდელი, საკმაოდ თავშეუკავებელი ახალგაზრდა. პიკასოს cher maitre-ს უძახდა, რაც პიკასოს არ სიამოვნებდა. სხვათა შორის, ამიტომაც მიმართავდა პიკასო ბრაkს – mon maitre-ით და ხუმრობად აქცევდა ამ სიტყვებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ სულელს ამ ხუმრობის გამო ეგონა, პიკასო ბრაკს ოსტატად მიიჩნევდა და ქვემოდან შეჰყურებდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვუსწრებ წინ იმ ადრეულ პარიზულ დღეებს, როცა ფერნანდა და პაბლო გავიცანი. იმ დღეებში მხოლოდ სამი პეიზაჟი იყო დახატული და პიკასო იწყებდა გაბრტყელებული თავებისა და დიდი პურების ხატვას. იმხანად მატისის სკოლა ისევ მუშაობდა. მატისი თანდათანობით ცნობილი ხდებოდა, იმდენად ცნობილი, რომ ერთმა საშუალო დონის ფირმამ „ბერნჰეიმმა“ შესთავაზა, ხელშეკრულების საფუძველზე კარგ ფასად შეესყიდა ყველა მისი ნამუშევარი. ამ ამბავმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ამაღელვებელი მომენტი იყო. ეს ხდებოდა ერთი კაცის გავლენით. იმ კაცს ფენეონი ერქვა. Il est tres fin, თქვა მატისმა, რომელზეც ფენეონმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ფენეონი ჟურნალისტი იყო, ფრანგი ჟურნალისტი, რომელმაც გამოიგონა ის, რასაც დაერქვა feuilleton en deux lignes, ესე იგი, ფენეონი იყო პირველი, ვინც დღის ახალი ამბების ორი სტრიქონით აღწერა დაიწყო. ძია სემის ფრანგულ კარიკატურას ჰგავდა. ეს კაცი ტულუზ-ლოტრეკის ცირკშია დახატული, სურათზე იგი ფარდის წინ დგას. ჰოდა, ბერნჰეიმებმა, არ ვიცი, როგორ და სად, ფენეონი თანამშრომლად აიყვანეს და გადაწყვიტეს მხატვრების ახალ თაობასთან დაკავშირება. მერე რაღაც მოხდა. ასეა თუ ისე, ეს ხელშეკრულება დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ამ ამბებმა მატისის ცხოვრება შეცვალა. ახლა მყარი მდგომარეობა ჰქონდა. იყიდა სახლი და პატარა მიწა კლამარში და გადაბარგვას შეუდგა. ნება მიბოძეთ, აღვწერო ის სახლი. სახლი კლამარში ძალიან კომფორტული იყო. აბაზანა, რომელსაც ამერიკელებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი დიდად აფასებდა (ისიც უნდა ითქვას, რომ მატისები ყოველთვის სიფაქიზითა და სისუფთავით გამოირჩეოდნენ) პირველ სართულზე ჰქონდათ, სასადილო ოთახის გვერდით, თუმცა, ურიგო არ ჩანდა. ეს იყო და არის ფრანგული წესი, ფრანგულ სახლებში ასეა. პირველ სართულზე აბაზანა უფრო განცალკევებულია და მყუდრო. არც ისე დიდი ხნის წინ ბრაკმა ახალი სახლი აიშენა. აბაზანა იქაც ქვემოთაა, ამჟამად სასტუმრო ოთახის ქვეშ – როცა ვიკითხეთ, რატომo, გვიპასუხეს, ღუმელთან ახლოს სჯობს, მეტი სითბო იქნებაო. კლამარში მიწები არ აკლდათ. ბაღს მატისი ხან ამაყად და ხან გულისტკივილით უძახდა uu petit Luxemburg. საყვავილე სათბურიც ჰქონდათ. იქ მოგვიანებით ბეგონიები გაახარეს, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო და უფრო პატარები იზრდებოდა. სათბურს იქით იასამნები იყო, კიდევ იქით – დიდი სახელოსნო. მატისებს ძალიან მოსწონდათ. მადამ მატისი ყოველდღე შეშლილივით გადიოდა თვალის შესავლებად და ყვავილების დასაკრეფად. გარეთ კი ტაქსი ელოდებოდა. იმხანად მხოლოდ მილიონერებს ელოდებოდათ სახლთან ტაქსი და ისიც ხანდახან.

© “ჩვენი მწერლობა”

Facebook Comments Box

One Comment

  • Anonymous

    რატო გაგვაშეშეთ ამ გერტრუდ სტაინზე, აგერ უკვე მესამე დრეა შემოვდივართ და ამ ტექსტს ვუყურებთ 🙂