თარგმანი

ენტონი ჰოროვიცის რჩევები – თუკი არ შემიძლია, საკუთარი თავი გავაკვირვო, მაშინ როგორ გავაკვირვებ მკითხველს?

ენტონი ჰოროვიცი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინგლისელი მწერალია, 40-ზე მეტი წიგნის ავტორი, მათ შორის კი ბესტსელერების, რომელთა მიხედვითაც უკვე გადაღებულია ფილმები. მისი წიგნების მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. გარდა ამისა, ის წერს სცენარებს სატელევიზიო სერიალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰოროვიცს დაავალა Conan Doyle Estate-მა ახალი შერლოკ ჰოლმსის რომანების დაწერა. რომანების, რომლებიც 2011 და 2014 წლებში გამოიცა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მან დაწერა Ian Fleming Estate-ის დავალებით ჯეიმს ბონდის რომანის გაგრძელებებიც.

ამ სტატიაში სწორედ მის ხუთ რჩევას წაიკითხავთ; ჰოროვიცი გვირჩევს, როგორ უნდა დავწეროთ კრიმინალური რომანი და გვიზიარებს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიუჟეტის აგებისას.

სათანადოდ შეაფასე დაგეგმვის მნიშვნელობა

ჰოროვიცი აცნობიერებს, რომ ზოგიერთი მწერალი დაჯდება თუ არა საწერ მაგიდასთან, მაშინვე იწყებს წერას და ამბავიც დაუბრკოლებლად მიედინება. მაგრამ ის არაა ერთ-ერთი მათგანი. „ხანდახან დაგეგმვას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე წერას“ – ამბობს ის. „ამის მაგალითია ჩემი Magpie Murders, რომელზეც დაახლოებით ათი წელი ვმუშაობდი და შემდეგ ორი წელი ვწერდი. მაგრამ ეს ძალიან, ძალიან გართულებული წიგნია და ბევრ ფიქრს მოითხოვდა.

ყველაფერს ფურცელზე ვინიშნავ. უამრავ გვერდს ვავსებ ჩანაწერებით, სანამ მზად არ ვიქნები წერის დასაწყებად. ამ დროს ვიკავებ ადგილს მაგიდასთან, რაღაც რუკის მსგავსი მაქვს, სად უნდა წავიდე და როგორ უნდა ვწერო. მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ დარჩენილია პატარა სივრცე, რომელიც გამაოცებს. თუკი არ შემიძლია, საკუთარი თავი გავაკვირვო, მაშინ როგორ გავაკვირვებ მკითხველს?’

დაიწყე მარტივი ფორმულით

დარწმუნებული არ ხარ, როგორ უნდა დაიწყოთ სიუჟეტის დაგეგმვა? „დაიწყე მარტივი ფორმულით“, გვირჩევს ჰოროვიცი. „A-ს პლუს B უდრის C-ს. A არის ერთი ადამიანი, B – მეორე, C არის მიზეზი, რატომ მოკლა A-მ B. ესაა შენი სამიზნე. თუ ეს საკმარისად ორიგინალური და საინტერესოა, მაშინ შეგიძლია, მოგვიყვე, ვინაა A და B. ეს შემდეგი ნაბიჯებია. საბაზისო საფეხურების შემდეგ კი მათ ირგვლივ უნდა ააშენო სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ – უნდა მოჰყვე, ვინ იცნობს მათ და საიდან იცნობენ ისინი ერთმანეთს…“

მკითხველმა უნდა შეძლოს გამოცნობა

საკმარისად აშკარა უნდა იყოს სიუჟეტი იმისათვის, რომ ხალხი პოტენციურად მიხვდეს მას, მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოახერხო მათი გაოცებაც. ჰოროვიცზე დიდი გავლენა აგათა კრისტმა მოახდინა, მწერალმა, რომელიც ყოველთვის ახერხებს შენს გაკვირვებას, მაგრამ თან ისე გაგრძნობინებს თავს, თითქოს შეგეძლო, მიმხვდარიყავი, მთელი იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შენ წინ იყო. „წერისას ამას ჩემზე დიდი გავლენა აქვს. როცა ჩემი გამომცემელი, ან აგენტი, ან ვინმე სხვა კითხულობს ჩემს წიგნს, პირველი კითხვა, რომელსაც ვსვამ, ის კი არაა, ისიამოვნე თუ არა-მეთქი, ვეკითხები „მიხვდი?“ იმიტომ, რომ ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ მიხვდნენ, იმედგაცრუებულად ვიგრძნობ თავს, მაგრამ თუ ვერ მიხვდნენ, არც მაშინ ვიქნები კმაყოფილი. მე მირჩევნია, მითხრან – „არა, ვერ მივხვდი, მაგრამ უნდა მივმხვდარიყავი“. სწორედ ესაა ჩემი მიზანი.“

იცხოვრე საკუთარ წიგნში

რა არის საუკეთესო გზა, წიგნს რომ სიცოცხლე შთაბერო? იცხოვრე მასში. „ესაა რჩევა, რომელსაც მწერლებს ვაძლევ: წიგნის კუთხეში ნუ დადგებით. იცხოვრეთ წიგნში. რასაც ჩემი პერსონაჟები ხედავენ, მეც ვხედავ. რასაც ისინი გრძნობენ – ქარს თუ მზეს – მეც ვგრძნობ. თუ წიგნში ვარ, არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც, რაც შემდეგ თქვენ ან ვინმე სხვამ უნდა წაიკითხოს. მე მთლიანად წიგნის სამყაროში ვარ – დანარჩენი მერე“.

ერთადერთი წესი არის ორიგინალურობა

რაიმე მკაცრ წესს ეძებთ, რომელიც გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა?  ჰოროვიცი ასეთს არაფერს ამჟღავნებს. „თუ მკითხავთ, კრიმინალური ამბის წერისას რისი გაკეთებაა დაშვებული და რისი – არა, მე გიპასუხებთ მარტივად, რომ წესები არ არსებობს. არასოდეს შეზღუდოთ თქვენი თავი. იმის კეთებით, რაც არ უნდა გააკეთოთ და იმის არგაკეთებით, რაც გასაკეთებელია, თქვენ დაწერთ თქვენთვის სრულიად ორიგინალურ წიგნს – და წარმატებასაც მიაღწევთ.“

© არილი

Facebook Comments Box