ჯორჯ ორუელის „1984″
ჯორჯ ორუელის „1984″ გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი – გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად.
უიმედობა ადამიანის მომავლის გამო მკვეთრ კონტრასტს ქმნის რწმენასთან, დასავლური აზრის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ თვისებასთან. დასავლურ აზროვნებას სწამს ადამიანური საზოგადოების პროგრესისა, ისევე როგორც მისი უნარის – ააშენოს მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიო. ამ რწმენას ფესვები გადგმული აქვს ბერძნულ და რომაულ აზროვნებაში, ისევე როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მესიანურ აზრში. ძველაღთქმისეული ისტორიის ფილოსოფია მიიჩნევს, რომ ადამიანი იზრდება და თვითრეალიზდება ისტორიაში და, საბოლოოდ, ხდება ის, რასაც პოტენციურად წარმოადგენს. ამ კონცეფციით, ადამიანი სრულად ავითარებს აზროვნებისა და სიყვარულის მისეულ შესაძლებლობებს და შეიმეცნებს სამყაროს. ამ დროს იგი ერთიანია თავის მოყვასთან და ბუნებასთან, თუმცა, იმადროულად, ინარჩუნებს თავის ინდივიდუალობასა და მთლიანობას. ადამიანის მიზანია სრული თავისუფლება და სამართლიანობა. წინასწარმეტყველებს სწამთ, რომ ყველა ცოდვისა და ცდომილების მიუხედავად, მესიის სახეში სიმბოლიზირებული „დღეთა დასასრული” გარადუვლად დადგება.
წინასწარმეტყველთა კონცეფცია ისტორიულია იმ აზრით, რომ სრულყოფილების მდგომარეობას ადამიანმა ისტორიულ დროში უნდა მიაღწიოს. ქრისტიანობამ ეს აზრი ზეისტორიულ, პირწმინდად სულიერ კატეგორიად აქცია, თუმცა უარი მაინც არ უთქვამს ურთიერთკავშირზე ზნეობრივ ნორმებსა და პოლიტიკას შორის. შუა საუკუნეების ბოლო პერიოდის ქრისტიანი მოაზროვნეები ხაზს უსვამდნენ, რომ, თუმცა „სასუფეველი” არ მოიაზრებოდა ისტორიულ დროში, საზოგადოებრივი წესრიგი მაინც შესატყვისობაში უნდა ყოფილიყო ქრისტიანობის სულიერ პრინციპებთან და ხორცი შეესხა მათთვის. ქრისტიანული სექტები (რეფორმაციამდეც და რეფორმაციის შემდეგაც) წინ წამოსწევდნენ ამ მოთხოვნებს კიდევ უფრო აქტიურად და რევოლუციურად. შუასაუკუნეობრივი სამყაროს რღვევის შემდეგ ადამიანში გაღვიძებულმა საკუთარი ძალმოსილების შეგრძნებამ, ისევე როგორც მისმა იმედმა არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სოციალური სრულქმნის შესაძლებლობისა, კვლავ მოიკრიფა ძალა და ახალ გზებს დაადგა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო წერილობითი გადმოცემის ახალი ფორმა, რომელსაც საფუძველი ეყრება რენესანსის ეპოქაში. მისი პირველი გამოხატულებაა თომას მორის „უტოპია” (ანუ „არსად”). ეს სახელი შემდგომში ჟანრობრივ დეფინიციად ექცა ყველა ანალოგიური ხასიათის თხზულებას. თომას მორის წიგნში იმდროინდელი საზოგადოების უგუნურებისა და უსამართლობის ყოვლისგამჭოლი კრიტიკა შეწყვილებულია მომავლის იმ საზოგადოების სურათთან, რომელიც, შესაძლოა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ რომელსაც გადაჭრილი აქვს ადამიანურ პრობლემათა უმრავლესობა, გადაუჭრელად რომ მიიჩნევდნენ ავტორის თანამედროვენი. მორის „უტოპიისთვის”, ისევე როგორც მსგავსი განწყობილების სხვა თხზულებებისთვის, სახასიათოა ის, რომ ისინი მხოლოდ ზოგად პრინციპებს კი არ ხატავენ, არამედ იძლევიან ადამიანის უღრმესი მისწრაფებების შესატყვისი საზოგადოებრივი ყოფიერების კონკრეტულ დეტალებს. წინასწარმეტყველთა აზრისგან განსხვავებით, ეს სრულქმნილი საზოგადოებები „დღეთა დასასრულს” კი არ იქმნებიან, არამედ უკვე არსებობენ: მათგან მხოლოდ გეოგრაფიულ-სივრცობრივი მანძილი გვაშორებს, არა დროითი დისტანცია.
თომას მორის „უტოპიას” მოჰყვა ორი ანალოგიური ხასიათის ნაწარმოები: იტალიელი ბერის, კამპანელას „მზის ქალაქი” და გერმანელი ჰუმანისტის, ანდრეას „ქრისტიანოპოლისი”. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ყველაზე უფრო თანამედროვეს სამი ზემოთნახსენები წიგნიდან. შეინიშნება განსხვავებები ამ თხზულებებში მოყვანილ თვალსაზრისებში, ისევე როგორც ზოგიერთ მათს თავისებურებაში, მაგრამ სხვაობა მაინც მინიმალურია იმ დიდ საერთოსთან შედარებით, რაც ტრიადის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. უტოპიები იწერებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისამდე. მათგან უკანასკნელი და ყველაზე გავლენიანი იყო 1888 წელს გამოცემული ედვარდ ბელამის „წარსულის ჭვრეტისას”. „ბიძია თომას ქოხთან” და „ბენ ჰურთან” ერთად, ბელამის თხზულება უდაოდ იქცა საუკუნის მიწურულის ყველაზე პოპულარულ წიგნად, რომელიც მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოიცა ამერიკაში და ითარგმნა მსოფლიოს ოც ენაზე1. ბელამის უტოპია უერთდება დიდ ამერიკულ ტრადიციას, რომლის ფუძემდებლები არიან უიტმენი, თორო და ემერსონი. ეს წიგნი ამერიკული ვერსიაა იდეებისა, რომელთაც მძლავრი გამოხატულება ჰპოვეს სრულიადევროპულ სოციალისტურ მოძრაობაში XIX საუკუნის დამლევს.
რწმენა ადამიანის ინდივიდუალურ და სოციალურ სრულქმნადობაში ფილოსოფიურად და ანთრპოლოგიურად ნათლად გამოიხატა მეთვრამეტე საუკუნის განმანათლებლებისა და მეცხრამეტე საუკუნის სოციალისტურ მოაზროვნეთა ნაწერებში და უცვლელი დარჩა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე. ამ ომმა მილიონები იმსხვერპლა ვითომც თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით, არსებითად კი ევროპის სახელმწიფოთა ტერიტორიული ამბიციების გამო. სწორედ პირველი მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს ადამიანური აზრის ის გეზი, რომელიც შედარებით ხანმოკლე პერიოდში ანგრევს იმედისა და რწმენის ორიათასწლოვან დასავლურ ტრადიციას და ცვლის მას სასოწარკვეთილების აპოთეოზით.
პირველი მსოფლიო ომის მორალური გულქვაობა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მას მოჰყვა სხვა მოვლენები: სოციალისტური იმედების ღალატი და სტალინის რეაქციული სახელმწიფო კაპიტალიზმი; მძიმე ეკონომიკური კრიზისი ოციანი წლების დასასრულს; ბარბაროსობის ტრიუმფი გერმანიაში – კულტურის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში; სტალინისტური ტერორის სიგიჟე ოცდაათიან წლებში; მეორე მსოფლიო ომი, რომელში მონაწილე ხალხებმა მეტ-ნაკლებად ყველამ დაკარგა ზნეობრივი განსჯის უნარი, რამდენადმე მაინც შენარჩუნებული პირველ ომში; ჯერ მშვიდობიანი მოსახლეობის შეუზღუდავი ჟლეტა დაწყებული ჰიტლერის მიერ, შემდეგ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ნგრევა ისეთი ქალაქებისა, როგორიც არის ჰამბურგი, დრეზდენი და ტოკიო, დაბოლოს, ყველაფრის გვირგვინი – ატომური ბომბის ჩაგდება იაპონიაში… ადამიანურ მოდგმას დაემუქრა კიდევ უფრო დიდი საშიშროება: ჩვენი ცივილიზაციის – თუ არა მთელი კაცობრიობის – მოსპობის საფრთხე თერმობირთვული იარაღით: ამ უკანასკნელის სადღეისო პოტენციალი და მისი შემდგომი ზრდის მომაკვდინებელი პროპორციები.
თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს ამ საშიშროებას და საკუთარი მდგომარეობის მთელს უიმედობას. ზოგიერთს მხოლოდ იმიტომ სჯერა ომის შეუძლებლობა, რომ დღევანდელი იარაღი დამანგრეველია მთელი დედამიწისთვის. სხვები იმასაც აცხადებენ, ატომური ომის პირველ ორ დღეში სამოცი-სამოცდაათი მილიონი ამერიკელიც რომ გაიჟლიტოს, მაინც არავითარი მიზეზი არ არის იმის საფიქრებლად, რომ სიცოცხლე უწინდებურად არ გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ომის პირველი შოკი ჩაივლის. ორუელის წიგნის მნიშვნელობაც სწორედ ამაშია: იგი გამოხატავს უსასოობის ახალ განწყობილებას, რითაც გაჟღენთილია ჩვენი საუკუნე, გამოხატავს მანამდე, ვიდრე ეს განწყობილება დაეუფლებოდეს ადამიანთა ცნობიერებას
ამ მცდელობაში ორუელი მარტო არ არის. ორი სხვა თხზულება – რუსი ზამიატინის „ჩვენ”, და ოლდოს ჰაქსლის „დიდებული ახალი სამყარო” – ასევე გამოხატავს აწმყოს განწყობილებასა და სამომავლო გაფრთხილებას. ორივე საკმაოდ ახლოს დგას ორუელის განწყობილება-გაფრთხილებასთან. ეს ახალი ტრიადა, რომლისთვისაც შეიძლებოდა მეოცე საუკუნის შუა პერიოდის „ნეგატიური უტოპია” გვეწოდებინა, უპირისპირდება ზემოთნახსენებ დადებით უტოპიებს, შექმნილს მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში.2 ნეგატიური უტოპია ასახავს თანამედროვე ადამიანის უძლურებასა და უიმედობას, სწორედ ისევე, როგორც უწინდელი უტოპიები ასახავდნენ შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდის ადამიანის თვითრწმენასა და იმედს. ისტორიული თვალსაზრისით, არაფერია ისე პარადოქსული, როგორც ეს ცვლილება:
– ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისში, როცა ადამიანი, არსებითად, არ ფლობდა საშუალებებს ისეთი მსოფლიოს ასაშენებლად, სადაც სუფრა ყველასთვის გაიშლებოდა, ანუ იმ პერიოდში, როდესაც არსებობდა ეკონომიკური მიზეზები მონობის, ომისა და ექსპლუატაციისთვის და როდესაც ადამიანი ჯერ მხოლოდ გრძნობდა ახალი მეცნიერების შესაძლებლობებს ტექნიკურ თუ საყოფაცხოვრებო მიზანთა განსახორციელებლად, – თანამედროვე განვითარების ამ საწყის საფეხურზე ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, იმედით იყო აღსავსე. და აი, ოთხი საუკუნის შემდეგ, როცა ყველა მისი სურვილი აღსრულებადი ხდება, როცა ადამიანს უკვე შეუძლია აწარმოოს ყველასთვის საკმარისი პროდუქცია; როცა ომი აუცილებელი აღარ არის, რადგან ტექნიკური პროგრესის წყალობით ყოველ ქვეყანას შეუძლია იქონიოს იმაზე მეტი სიმდიდრე, ვიდრე სხვისი ტერიტორიის მიტაცება მისცემდა; როცა ეს პლანეტა ისწრაფის იყოს ისეთივე ერთიანი, როგორც რომელიმე კონტინენტი იყო ოთხი საუკუნის წინ, – სწორედ ამ მიჯნაზე, როცა თითქოს ხორცი უნდა შეესხას ადამიანის იმედს, ის სასოწარკვეთილებაში ვარდება. ეს არის არსებითი მომენტი სამივე ნეგატიურ უტოპიაში: სამივე ავტორი არა მხოლოდ აღწერს მომავალს, რომლისკენაც მივექანებით, არამედ თავისებურად ხსნის კიდეც ამ ისტორიულ პარადოქსს.
სამი ნეგატიური უტოპია ერთმანეთისგან განსხვავდება დეტალებში და მახვილების დასმაში.
„1984″-თან სახასიათო შტრიხებით ზამიატინის „ჩვენ” უფრო ახლოა, ვიდრე ჰაქსლის „დიდებული ახალი სამყარო”. პირველ ორში დახატულია მთლიანად ბიუროკრატიზებული საზოგადოება, რომელშიც ადამიანი არის მხოლოდ ნომერი და დაკარგული აქვს ინდივიდუალობის ყოველგვარი გრძნობა. ეს შედეგი მიღებულ იქნა დაუსაზღვრელი ტერორის კომბინირებით იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მანიპულაციებთან (ზამიატინის წიგნში ყველაფერს აგვირგვინებს ტვინის ოპერაცია, რომელიც ადამიანს ფიზიკურადაც კი ცვლის). ჰაქსლის თხზულებაში ადამიანის ავტომატად ქცევის მთავარ იარაღს წარმოადგენს ჰიპნოტური მასობრივი შთაგონება, რომლისთვისაც დასაშვებია თვით ტერორით ზემოქმედებაც კი. შეიძლება ითქვას, ზამიატინისა და ორუელის მაგალითები ჰგავს უფრო სტალინისტურ და ნაცისტურ დიქტატურებს, მაშინ როცა ჰაქსლის თხზულება აირეკლავს ინდუსტრიული დასავლეთის განვითარებას, რომლის დღევანდელ გეზში არავითარი ფუნდამენტური ცვლილება არ ჩანს.
ამ განსხვავების მიუხედავად, სამ უარყოფით უტოპიას აერთიანებს ერთი ძირეული კითხვა. თავისი ხასიათით ეს კითხვა ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიურია, შესაძლოა, რელიგიურიც: შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის ბუნება არსებითად შეიცვალოს, რომ მან დაივიწყოს თავისი სწრაფვა თავისუფლების, ღირსების, მთლიანობისა და სიყვარულისკენ, ანუ დაივიწყოს საკუთარი ადამიანობა? მოსდგამს თუ არა ადამიანურ ბუნებას დინამიზმი, რომლითაც იგი შეეწინააღმდეგება ძალადობას ზემოთჩამოთვლილ ძირეულ ადამიანურ სწრაფვებზე იმით, რომ ეცდება ჰუმანურად აქციოს არაჰუმანური საზოგადოება?
უნდა აღინიშნოს, რომ სამ ავტორთაგანს არცერთი არ დგას ფსიქოლოგიური რელატივიზმის მარტივ პოზიციაზე, ესოდენ გავრცელებულზე დღევანდელ საზოგადოებრივ მეცნიერებაში. არცერთი მათგანი არ იწყებს იმის დაშვებით, რომ არ არსებობს ეგრეთწოდებული „ადამიანური ბუნება”, არ არსებობს ადამიანისთვის თანდაყოლილი თვისებები და იგი, უბრალოდ, იბადება „სუფთა დაფად”, რომელზეც ნებისმიერი მოცემული საზოგადოება წერს საკუთარ ტექსტს. სამივე ავტორი ფიქრობს, რომ ადამიანს მოსდგამს ინტენსიური ლტოლვა სიყვარულის, სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სოლიდარობისკენ, და ამაში ისინი მკვეთრად ემიჯნებიან რელატივისტებს. არსებითად, ისინი უკვე იმით ამტკიცებენ ამ ადამიანურ სწრაფვათა ძალმოსილებასა და ინტენსიურობას, რომ თვითონვე აღწერენ, რა საშუალებები იქნა გამოყენებული ამ სწრაფვათა აღმოსაფხვრელად. ზამიატინის წიგნში აუცილებელი ხდება ჩატარდეს ტვინის საგანგებო ოპერაცია, რათა ადამიანიდან მოიძირკვოს ადამიანური მოთხოვნილებები. ჰაქსლის თხზულებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ხელოვნური ბიოლოგიური სელექცია და აბები. ორუელთან კი სახეზეა სრულებით შეუზღუდავი წამება და ტვინის ამორეცხვა. სამ ავტორთაგან ვერცერთს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, თითქოს ადვილ ამბად მიაჩნდეთ ჰუმანურობის მოსპობა ადამიანში. ამასთანავე, სამივე ერთ დასკვნამდე მიდის: ეს მაინც შესაძლებელია დღესდღეობით უკვე საყოველთაოდ ცნობილ საშუალებათა გამოყენებით.
ზამიატინის წიგნთან ბევრი მსგავსების მიუხედავად, ორუელის „1984″ თავისებურად პასუხობს კითხვას: როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ბუნება? ამჯერად მსურს ვილაპარაკო საკუთრივ ორუელისეულ რამდენიმე კონცეფციაზე.
ორუელის მიგნება, რომელიც განსაკუთრებით მიესადაგება 1961 წელსა და შემდგომ ხუთ-თხუთმეტწლიან პერიოდს, მდგომარეობს კავშირის წარმოჩენაში „1984″-ს დიქტატორულ საზოგადოებასა და ატომურ ომს შორის. პირველი ატომური ომები მოხდა ორმოციანი წლების დასაწყისში. ათიოდე წლის შემდეგ იფეთქებს ფართომასშტაბიანი ომი, რომლის დროსაც ჩამოაგდებენ ასობით ატომურ ბომბს რუსეთში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ ომის შემდეგ ყველა ქვეყნის ხელისუფლება რწმუნდება, რომ ომის გაგრძელება ორგანიზებული საზოგადოებისა და, ამდენად, თვით მათი მმართველობის დასასრულის ტოლფასი იქნება. ამ მოსაზრებით შეწყდა ბომბების სროლა და სამმა დიდმა ძალაუფლებამ, „უბრალოდ, განაგრძო ატომური ბომბების კეთება და შენახვა იმ გადამწყვეტი შანსისთვის, რომელიც, მათი რწმენით, ადრე თუ გვიან სამივეს მიეცემოდა.” მმართველი პარტიის მიზანი კი იმის აღმოჩენა გახლდათ, თუ როგორ უნდა „დაეხოცათ რამდენიმე წამში ასეულობით მილიონი ადამიანი წინასწარი გაფრთხილების გარეშე”. ორუელმა „1984″ დაწერა თერმობირთვული იარაღის აღმოჩენამდე და ისტორიული შენიშვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმოცდაათიან წლებში უკვე შესაძლებელი შეიქნა ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელება. იაპონიის ქალაქებში ჩამოგდებული ატომური ბომბი ჯერ კიდევ უმნიშვნელო და უსუსური ჩანს მასობრივი განადგურების იმ შესაძლებლობასთან შედარებით, რომელსაც გვთავაზობს თანამედროვე თერმობირთვული იარაღი: ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის მოსპობა სულ რამდენიმე წუთში.
ორუელის კონცეფციის მნიშვნელობა ეყრდნობა არაერთ ფრიად გამჭრიახ დაკვირვებას. უპირველეს ყოვლისა, იგი გვიჩვენებს იარაღის განუწყვეტელი წარმოების ეკონომიკურ მნიშვნელობას, ურომლისოდაც ეკონომიკური სისტემა ვერ ფუნქციონირებს. შემდეგ გვიხატავს შთამბეჭდავ სურათს, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, რომელიც მუდმივად ომის სამზადისშია, მუდმივად შიშობს, რომ თავს დაესხმიან, და მუდმივად იმ საშუალებებს ეძებს, რითაც მთლიანად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს. ორუელის მიერ წარმოდგენელი სურათი ერთობ საგულისხმოა: იგი გვთავაზობს ძლიერ არგუმენტს პოპულარული იდეის საწინააღმდეგოდ, თითქოსდა ჩვენ შევძლებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებას გამალებული შეიარაღებით, რაც, თავისთავად, „სტაბილური” შემკავებლის როლს ითამაშებს. ეს დამამშვიდებელი იდეა იგნორირებას უკეთებს იმ საფრთხეს, რომ მზარდი ტექნიკური „პროგრესის” წყალობით (რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ სრულებით ახალი ტიპის იარაღს ქმნის და მალე ათის ნაცვლად ას და ათას მეგატონა სიმძლავრის ბომბს გააკეთებს) მთელი საზოგადოება იძულებული გახდება იცხოვროს მიწის ქვეშ. მაგრამ თერმობირთვული იარაღის დამანგრეველი ძალა ყოველთვის გადააჭარბებს მიწისქვეშა საბინადროს სიღრმეს, სამხედრო ძალაუფლება გახდება წამყვანი (ფაქტობრივად მაინც, თუ არა იურიდიულად) და გამუდმებული შიშ-სიძულვილი პოტენციური აგრესორის მიმართ დაანგრევს დემოკრატიული, ჰუმანისტური საზოგადოების ძირეულ პრინციპებსა და მიმართებებს. სხვა სიტყვებით: თუ გამალებული შეიარაღება არ მიგვიყვანს თერმობირთვულ ომამდე, იმის ნგრევამდე მაინც მიგვიყვანს, რასაც შეიძლება „დემოკრატიული”, „თავისუფალი” ან „ტრადიციულ-ამერიკული” ეწოდოს. დიდი წარმოსახვითი ძალითა და ოსტატობით გვიჩვენებს ორუელი იმ თვალსაზრისის ილუზორულობას, რომლის მიხედვითაც დემოკრატიას შეუძლია იარსებოს ატომური ომისთვის მუდმივ სამზადისში მყოფ საზოგადოებაში.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ჭეშმარიტების ბუნებისOორუელისეული აღწერა, რომელიც გარეგნულად წარმოადგენს ჭეშმარიტების სტალინურ გაგებას, განსაკუთრებით – ოცდაათიან წლებში. მაგრამ ყველას, ვინც ამ წიგნში დაინახავს მხოლოდ სტალინიზმისთვის გამოტანილ მორიგ განაჩენს, მხედველობიდან გამორჩება ავტორისეული ანალიზის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. იგი ლაპარაკობს იმ ტენდენციაზე, რომელსაც ადგილი აქვს არა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში, არამედ დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებშიც, თუნდაც უფრო შენელებულად. ძირეული საკითხი, რომელსაც ორუელი აყენებს, არის ის, არსებობს თუ არა, საერთოდ, „ჭეშმარიტება”. როგორც მმართველი პარტია ამბობს: „სინამდვილე არ არის გარეთ არსებული რამ. ის მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებობს… ჭეშმარიტება არის ის, რასაც მმართველი პარტია სცნობს ჭეშმარიტებად”. თუ ეს ასეა, მაშინ მმართველი პარტია ადამიანთა გონების კონტროლით ჭეშმარიტებასაც აკონტროლებს. პარტიის პროტაგონისტსა და დამარცხებულ მეამბოხეს შორის გამართულ საბედისწერო საუბარში, რომელსაც სიღრმე-მასშტაბით დიდ ინკვიზიტორსა და ქრისტეს შორის გამართულ დოსტოევსკისეულ დიალოგს შევადარებდით, განმარტებულია მმართველი პარტიის ძირითადი პრინციპები. თუმცა, ინკვიზიტორისგან განსხვავებით, პარტიის ლიდერები არცკი აცხადებენ პრეტენზიას იმაზე, რომ მათი სისტემა ადამიანის გასაბედნიერებლადაა შექმნილი, რადგან ადამიანები – ეს მყიფე და მშიშარა არსებები – გაურბიან თავისუფლებას და თვალს ვერ უსწორებენ ჭეშმარიტებას. ლიდერებმა კარგად იციან, რომ სხვა არაფერი აქვთ მიზნად, გარდა ძალაუფლებისა. მათთვის „ძალაუფლება საშუალება კი არა – საბოლოო მიზანია. ძალაუფლება ნიშნავს უნარს – მიაყენო მეორე ადამიანს დაუსაზღვრავი ტანჯვა და ტკივილი.” ამდენად, ლიდერებისთვის ძალაუფლება ქმნის სინამდვილეს, ჭეშმარიტებას.
ის პოზიცია, რომელსაც ორუელი ანიჭებს სახელისუფლებო ელიტას, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ფილოსოფიური იდეალიზმის უკიდურეს ფორმას. მაგრამ უფრო მეტად უპრიანი იქნება ამოვიცნოთ, რომ ჭეშმარიტებისა და სინამდვილის ეს კონცეფცია არის უკიდურესი ფორმა პრაგმატიზმისა, რომელშიც ჭეშმარიტება ექვემდებარება პარტიას. ამერიკელ მწერალს ალან ჰარინგტონს, რომელიც თავის წიგნში „ცხოვრება ბროლის სასახლეში” იძლევა დიდ ამერიკულ კორპორაციაში ყოფნის დახვეწილ და გულშიჩამწვდომ სურათს, მოხელთებული აქვს საუცხოო გამოთქმა ჭეშმარიტების თანამედროვე კონცეფციისთვის: „მოძრავი ჭეშმარიტება”. თუ მე ვმუშაობ დიდ კორპორაციაში, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი პროდუქცია ჯობია ყველა მისი კონკურენტის ანალოგიურ პროდუქციას, მაშინ სრულებით შეუფერებელი ხდება საკითხის დასმა ამ მტკიცების შესაბამისობის თაობაზე სინამდვილესთან. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ რამდენადაც მე ვემსახურები ამ და არა სხვა კორპორაციას, ამდენად ზემოაღნიშნული მტკიცება „ჩემი” ჭეშმარიტება ხდება და აღარ ვაპირებ იმის გამორკვევას, არის თუ არა იგი ობიექტური სიმართლე. თუ ამის შემდეგ გამოვიცვლი სამსახურს და გადავალ მეორე კორპორაციაში, რომელიც მანამდე „ჩემი” კონკურენტი იყო, მაშინ მე მივიღებ ახალ ჭეშმარიტებას, რომ მისი პროდუქცია საუკეთესოა და, სუბიექტურად რომ ვთქვათ, ეს ახალი ჭეშმარიტება ისეთივე ნამდვილი იქნება, როგორც ძველი.
სწორედ ესაა ჩვენი საზოგადოების დამღუპველი სვლის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ნიშანი, რომ ნელ-ნელა ინსტრუმენტად ქცევის გზაზე დამდგარი ადამიანისთვის სინამდვილე კი არ წარმართავს, არამედ ცალსახად ექვემდებარება მის პირად ინტერესებსა და ფუნქციებს. ჭეშმარიტება მტკიცდება მილიონების კონსენსუსით. ლოზუნგს „როგორ შეიძლება მილიონები ცდებოდნენ” ემატება მეორე ლოზუნგი: „როგორ შეიძლება ერთკაციანი უმცირესობა იყოს მართალი”. ორუელი მთელი სიცხადით გვიჩვენებს, რომ იმ სისტემაში, რომელშიც გაუქმებულია ჭეშმარიტების – როგორც სინამდვილის ობიეტური განსჯის – კონცეფცია, უმცირესობაში მოხვედრილი ნებისმიერი კაცი უნდა დარწმუნებულ იქნას საკუთარ შეშლილობაში.
იმ აზროვნების აღსაწერად, რომელიც დომინირებს მის წიგნში, ორუელი იყენებს უკვე თანამედროვე ლექსიკაში დამკვიდრებულ სიტყვას: „ორაზრი”.
„ორაზრი ნიშნავს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენის თანაარსებობას ერთი ადამიანის გონებაში, რომელიც ორივეს ერთნაირად იღებს… ეს პროცესი გაცნობიერებულად უნდა მიმდინარეობდეს, რათა განხორციელდეს საკმარისი სიზუსტით. თუმცა გაუცნობიერებელიც უნდა იყოს, რათა არ დაბადოს სიყალბის და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის გრძნობა..”
სწორედ ორაზრის გაუცნობიერებელი ასპექტია ის, რასაც „1984″-ის ბევრი მკითხველი შეცდომაში შეყავს, რაკი აფიქრებინებს, რომ ამ მეთოდს იყენებენ რუსები და ჩინელები, თვით მისი ქვეყნისგან კი ის ძალზე შორს დგას. რამდენიმე მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეს მტკნარი ილუზიაა.
ჩვენ, დასავლეთის მკვიდრნი, ვლაპარაკობთ „თავისუფალ მსოფლიოზე”, რომელშიც ვგულისხმობთ არა მხოლოდ ამერიკისა და ინგლისის მსგავს, თავისუფალ არჩევნებსა და სიტყვის თავისუფლებაზე დამყარებულ სისტემებს, არამედ სამხრეთამერიკულ დიქტატურებსაც (ყოველ შემთხვევაში, ვგულისხმობდით, ვიდრე ისინი არსებობდნენ). ასევე ვატევდით ამ ცნებაში დიქტატურის ისეთ განსხვავებულ ფორმებსაც, როგორიცაა ფრანკოს და სალაზარის, აგრეთვე სამხრეთაფრიკული, პაკისტანური და აბისინიური დიქტატურები. როცა ვსაუბრობთ თავისუფალ მსოფლიოზე, არსებითად, მხედველობაში გვაქვს რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოები, მაგრამ არა ისინი, რომელთა წეს-წყობილება პოლიტიკურ თავისუფლებას ეყრდნობა.
მეორე თანამედროვე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არსებობდეს ერთსა და იმავე გონებაში ორი ურთიერთსაპირისპირო და ერთნაირად მიღებული რწმენა, არის ჩვენი მსჯელობა შეიარაღების თემაზე. შემოსავლისა და ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენ თერმობირთვული იარაღის წარმოებაში ვხარჯავთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ იარაღს უკვე შეუძლია ჩვენი (და ჩვენი მტრის) მოსახლეობის ერთი მესამედის, ნახევრის ან უმეტესობის მოსპობა. მაგალითად, ჰერმან კანი – სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი ატომური სტრატეგიის სფეროში – განაცხადებს: „…სხვა სიტყვებით – ომი საშინელებაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ასევეა მშვიდობა. კარგი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი გამოთვლებით შეგვედარებინა ომის საშინელება მშვიდობის საშინელებასთან და დაგვენახა, რამდენად უარესია პირველი მეორეზე.”
კანი ვარაუდობს, რომ თერმობირთვული ომი შეიძლება ნიშნავდეს სამოცი მილიონი ამერიკელის მოსპობას, მაგრამ, მისი აზრით, ამ შემთხვევაშიც კი „ქვეყანა სწრაფადვე დადგებოდა ფეხზე” და თერმობირთვული ომის ტრაგედია ვერ დააბრკოლებდა „ნორმალურ და ბედნიერ ცხოვრებას გადარჩენილთა და მათ შთამომავალთა უმრავლესობისთვის”. ეს შეხედულება გულისხმობს: ა) ჩვენ ვემზადებით ომისთვის, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა; ბ) თუ ომი ატყდება და რუსები გაჟლეტენ ჩვენი მოსახლეობის ერთ მესამედს, ჩვენ კი – მათსას (თუ შევძლებთ, უფრო მეტსაც), გადარჩენილი ხალხი მაინც ბედნიერად იცხოვრებს; გ) საშინელებაა არა მხოლოდ ომი, არამედ მშვიდობაც, და აუცილებელია იმის გამოანგარიშება, რამდენად უფრო საშინელია ომი.
ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია მსგავსი მსჯელობა, „ფხიზლებად” იწოდებიან. ისინი, ვისთვისაც საეჭვოა, რომ ამერიკა ერთნაირად „ხელშეუხებელი” დარჩება ორი მილიონი და სამოცი მილიონი მსხვერპლის შემთხვევაში, არ არიან „ფხიზლები”. ისინი კი, ვინც განგაშით მიუთითებს ასეთი ნგრევის პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ შედეგებზე, „არარეალისტებად” ცხადდებიან.
ეს წერილი ვერ დაიტევს ხანგრძლივ დისკუსიას განიარაღების პრობლემაზე. აქ მხოლოდ მაგალითები მოვიხმეთ, რომლებიც დაგვეხმარებიან ორუელის წიგნის გაგებაში, სახელდობრ იმაში, რომ „ორაზრი”, უბრალოდ, ისეთი რამ კი არ არის, რაც მხოლოდ მომავალში და მხოლოდ დიქტატურებში მოხდება, – ის უკვე ჩვენთანაა.
ორუელის განსჯის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მჭიდროდ უკავშირდება „ორაზრს”: გონების ოსტატური მართვით მიიღწევა, რომ ადამიანი აღარ ამბობს იმის საპირისპიროს, რასაც ფიქრობს, მაგრამ რასაც ფიქრობს – ჭეშმარიტების საპირისპიროა. ასე მაგალითად, თუ მას მთლიანად დათმობილი აქვს საკუთარი დამოუკიდებლობა და მთლიანობა, და თავისთავს სახელმწიფოს, პარტიის ან კორპორაციის კუთვნილებად აღიქვამს, მაშინ ორს მიმატებული ორი არის ხუთი, ხოლო მონობა – თავისუფლებაა, და ამის შემდეგ იგი თავს თავისუფლად გრძნობს, რადგან აღარ არსებობს რაიმე განსხვავება ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის. ეს განსაკუთებით მიესადაგება იდეოლოგიებს. ზუსტად ისევე, როგორ ინკვიზიტორებს სწამდათ, რომ მწვალებელთა წამებისას ქრისტიანული სიყვარულის სახელით მოქმედებდნენ, მმართველი პარტიაც ასევე „უკუაგდებს და მიწასთან ასწორებს ყოველ პრინციპს, რომელსაც თავდაპირველად იცავდა სოციალისტური მოძრაობა, და ამას აკეთებს ისევ და ისევ სოციალიზმის სახელით.” სოციალიზმის შინაარსი მისივე საწინააღმდეგო რაობად იქცევა. მიუხედავად ამისა, ადამიანებს სჯერათ, რომ იდეოლოგია გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. ამ მიმართებით, ორუელი სავსებით ცხადად გულისხმობს სოციალიზმის გაყალბებას რუსული კომუნიზმის მიერ. მაგრამ უთუოდ უნდა დავამატოთ, რომ მსგავს გაყალბებაში დასავლეთსაც ედება ბრალი. ჩვენს საზოგადოებას ჩვენ წარმოვადგენთ თავისუფალი ინიციატივის, ინდივიდუალიზმისა და იდეალიზმის საზოგადოებად, სინამდვილეში კი ეს, უმეტესწილად, მხოლოდ სიტყვებია. ჩვენ ვართ არსობრივად ბიუროკრატიული ბუნების მქონე ცენტრალიზებული მენეჯერულ-ინდუსტრიული საზოგადოება, მოტივირებული ისეთი მატერიალიზმით, რომელიც მხოლოდ ოდნავაა შერბილებული ნამდვილად სულიერი თუ რელიგიური მიმართებებით.
აი, „ორაზრის” კიდევ ერთი მაგალითი: ატომურ სტრატეგიაზე საუბრისას მხოლოდ რამდენიმე მწერალს ახსოვს ის ფაქტი, რომ, ქრისტიანული მსოფლხედვით, სხვისი კვლა უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ის, რომ სხვის მიერ იქნა მოკლული. ორუელისეულ აღწერაში მკითხველი ჩვენი დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მრავალ სხვა შტრიხსაც იპოვის, რათა თავისი თავის უკეთ გაცნობიერების შემდეგ საკმარისად დაძლიოს საკუთარი „ორაზრი”.H
რა თქმა უნდა, ორუელის მიერ დახატული სურათი უკიდურესად დამთრგუნველია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკითხველი აცნობიერებს, რომ მასში მხოლოდ მტრის ხატი კი არ ჩანს, არამედ მთელი კაცობრიობა მეოცე საუკუნის მიწურულს. ამ სურათის შემხედვარე ადამიანის რეაქცია შეიძლება იყოს ორგვარი: ან გახდება უფრო უიმედო და ბედს შერიგებული, ან იგრძნობს, რომ ჯერ კიდევ არის დრო და მეტი გონიერებითა და გამბედაობით იმოქმედებს.
სამივე ნეგატიური უტოპია აჩვენებს, რომ შესაძლებელია ადამიანის სრული დეჰუმანიზება და თან ცხოვრების გაგრძელება. ვინმემ შეიძლება ეჭვი შეიტანოს ამ დაშვების სისწორეში და იფიქროს, რომ თუკი შეიმუსრება ადამიანის ჰუმანური გულისგული, მაშინ მთელი კაცობრიობაც განადგურდება. გულამოცლილი ადამიანები ხომ ისეთი არაადამიანურნი და სიცოცხლედაშრეტილნი იქნებოდნენ, რომ ერთიმეორეს მოსპობდნენ ან სრული მოწყენილობისა და შიშისგან დაიხოცებოდნენ. თუ „1984″-ის სამყარო ცხოვრების დომინანტურ ფორმად იქცევა დედამიწაზე, ეს იქნება შეშლილთა მსოფლიო, ანუ არასიცოცხლისუნარიანი ქვეყნიერება (ორუელი ამას ოსტატურად მიანიშნებს გიჟური ნაპერწკლის ხსენებით პარტიის ლიდერის მზერაში). დარწმუნებული ვარ, არც ორუელს და არც ჰაქსლის ან ზამიატინს არ სურდათ იმის მტკიცება, რომ ასეთი მსოფლიო გარდაუვლად მოვა. პირიქით, ამ წიგნებით ისინი გვიჩვენებენ საით მივდივართ და სადამდე მივალთ, თუ არ ავაღორძინებთ ჰუმანიზმისა და ღირსების სულს – დასავლური კულტურის საფუძველთა საფუძველს. ორუელი, ისევე როგორც ორი სხვა ავტორი, უბრალოდ, მიგვითითებს, რომ მენეჯერული ინდუსტრიალიზმის ახალი ფორმა, რომელშიც ჩვენ ვქმნით ადამიანივით მოქმედ მანქანებს და ვზრდით მანქანასავით მოქმედ ადამიანებს, ხელს უწყობს დეჰუმანიზაციისა და სრული გაუცხოების ეპოქის დადგომას, რომელშიც ადამიანები იქცევიან საგნებად, პროდუქციის წარმოება-მოხმარების პროცესის დამატებად. სამივე ავტორი მიანიშნებს, რომ ეს საფრთხე არსებობს არა მხოლოდ რუსულ ან ჩინურ კომუნიზმში, არამედ ნიშნეულია თვით წარმოებისა და ორგანიზაციის თანამედროვე ფორმისთვის და შედარებით დამოუკიდებელია ამა თუ იმ იდეოლოგიისგან. ორუელი, ისევე როგორც სხვა ნეგატიური უტოპიების ავტორები, უბედურების წინასწარმეტყველი კი არ არის, მას ჩვენი გაფრთხილება და გაღვიძება სურს. მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი. მაგრამ დასავლური საზოგადოების ადრეულ პერიოდში შექმნილი უტოპიების ავტორთა იმედებისგან განსხვავებით, ეს იმედი – სასოწარკვეთილი იმედია.
როგორც „1984″ გვასწავლის, იმედი შეიძლება ხორცშესხმულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობიერებთ, რა საფრთხე ემუქრება ავტომატად ქცეულ ადამიანთა საზოგადოებას, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ინდივიდუალობა, სიყვარული, კრიტიკული აზრი და რომელიც – სწორედ „ორაზრის” წყალობით – ვერცკი აცნობიერებს ამას. მსგავსი წიგნები – ძალუმი გაფრთხილებებია. დიდად სამწუხარო იქნებოდა, თუ ჩვენი მკითხველი თვითკმაყოფილად განსაზღვრავდა „1984″-ს, როგორც სტალინური ბარბაროსობის ერთ-ერთ აღწერას, და ვერ დაინახავდა მასში საკუთრივ ჩვენს საზოგადოებას.
—————————————
1 უკანასკნელი გამოცემა დაიბეჭდა „მსოფლიო ლიტერატურის ახალი ამერიკული ბიბლიოთეკის” მიერ ნიუ იორკში, 1960 წელს (ე. ფრომი).
2 აქვე უნდა ითქვას, რომ ჯეკ ლონდონის „რკინის ქუსლი” – ფაშიზმის წინასწარმეტყველება ამერიკაში – არის პირველი თანამედროვე უტოპია.
© ”არილი”