ესე,  რეცენზია

თეა თოფურია – ერთი დავიწყებული წიგნის ამბავი

tea tipuria lazare

„ორი ლაზარეს ზღაპარი“, ავტორი ირაკლი უგულავა – ეს წიგნი 1988 წელს  „ნაკადულმა“ გამოსცა, 40 000-იანი ტირაჟით. მანეთი და 20 კაპიკი ღირებულა. მაშინ ასე იყო, ტირაჟი – დიდი, ფასი – პატარა. ორივეს ერთად თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ  ბევრს უნდა ჰქონდეს წაკითხული, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ მახსოვს ეს წიგნი ვინმეს ეხსენებინოს. ავტორს ვერ მივაკვლიე, ირაკლი უგულავა ინტერნეტშიც ვეძებე, ლიტერატორებშიც გავიკითხე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ კაცმა წლების წინ ერთი ძალიან კარგი წიგნი დაწერა.

მე როცა წავიკითხე, ალბათ 12-13 წლის ვიყავი. მომეწონა და დამამახსოვრდა. ახლახან ბუკინისტებში გადავაწყდი, ვიყიდე, კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ უფრო მომეწონა. ასე მგონია, გამომცემლობები თუ დაინტერესდებიან  და ხელახლა გამოსცემენ, ამ თაობასაც ექნება საშუალება ეს მართლა კარგი წიგნი გაიცნოს.

როდესაც ინტერნეტით ავტორზე რამე ინფორმაციის მოძებნას ვცდილობდი, მხოლოდ ჩემსავით გაუგებრობაში მოხვედრილი ხალხი ვიპოვე,  ერთ-ერთ ფორუმზე მივიწყებულ მწერლებზე მსჯელობდნენ.

„ბავშვობიდან რაც მახსოვს და მერე აღარსად შემხვედრია – ირაკლი უგულავა. „ორი ლაზარეს ზღაპარი“, „ფერი ფერსა“, „მგლის ლეკვი“, საინტერესოდ იკითხებოდა.

აუ, ათასჯერ მაქვს წაკითხული. როგორ მიყვარდაა. გამიხარდა, მე მეგონა მარტო მე ვკითხულობდი“. 

„„დურდანში არის საფლავი“ მისი დაწერილია“

„ეს, მე მგონი, წაკითხული მაქვს, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. პატარა ვიყავი, ალბათ ასე 25 წლის წინ წავიკითხე. რომელიღაც სოფელში თუ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია გვალვაა, მოსავალი აღარ მოდის და ქუჩებში მლოცავები დადიან და ასე ლოცულობენ:

„ღმერთო, მოგვეც ტალახი,

აღარ გვინდა გოროხი!“

ამის მეტი არაფერი მახსოვს, ჰო ეს არის?“

„ორი ლაზარეს ზღაპარი“ მართლა ასე იწყება. გადახრუკულ სოფელში გოგოები დადიან და ელიას წვიმას სთხოვენ. წიგნის ბოლოს თავსხმა წვიმა წამოვა, მანამდე კი უსინათლო მეფანდურე დასიცხული ხალხის გასართობად ორი ლაზარეს ამბავს ჰყვება. ამბავს ვამბობ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარი ჰქვია, ამ რომანში ზღაპრული ელემენტები თითქმის არ არის, არც ხალხი დაფრინავს და არც ცხოვეელბი ლაპარაკობენ, უბრალოდ პერსონაჟებია გამოგონილი და ამბავიც, რომელიც ვითომდა თბილისში მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა.

ორიოდე სიტყვა წიგნის შინაარსზე.

ლაზარე  ჩხუბიანი ბერის ჩოხაში ჩაცმული ღონიერი და ჭკვიანი კაცია, ბერის ანაფორა მხოლოდ იმის გამო აცვია, რომ ეპისკოპოსის ხურჯინში, რომელიც გზად მოიპარა, მხოლოდ ეს ტანსაცმელი იდო.

„ – ბერი ხარ?

როგორც ხედავთ.

ჭიდაობაც იცი?

თუ მიბრძანებთ.

იკუნკულიძე!

ის ვიღაც იკუნკულიძე ბუღას რომ ჰგავდა, ერისთავს წარუდგა და თავი დახარა“.

ლაზარე სოფლის შეჯიბრზე საჯილდოო ქვას ასწევს და  მანუჩარ ერისთავის რაზმში მოხვდება. ერთხელაც მეფეზე განაწყენებული მანუჩარი თბილისზე წამოვა, მთელ სამეფო ოჯახს ამოწყვეტს. აქედან იწყება ამბავიც. ლაზარე, გუდაში ჩასმული ორი წლის უფლისწულით მთა-მთა გარბის, რომ როგორმე ბავშვი გადაარჩინოს. ხან ნათესავებს აფარებს თავს,  ხან მწყემსებს, ხან ფშავშია, ხან მონასტერს მიადგება. ერთგან ერთგულ ძაღლსაც კი გაატანენ სახვევებში გამოკრულ ბავშვს, მდევრისგან თავის დასაღწევად.

უფლისწული გლეხებში გაიზრდება და დაკონკილი შარვლით ბოლოს ტახტზეც ავა, მეფანდურე ზღაპარს დაამთავრებს და წვიმასაც გამოგზავნის ელია, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის.

რატომაა ეს რომანი განსაკუთრებული? „ბეჭდების მბრძანებელი“ ხომ ყველამ ვიცით?! რამდენჯერ გვიფიქრია, რატომ ჩვენთან არ წერენ მსგავს რამესო, არადა, ესეც დაახლოებით ეგეთივე წიგნია. კარგი საბავშვო ფილმის გადაღება რომ შეეძლოთ საქართველოში, უკეთეს მასალას ვერ იპოვიდნენ. გარდა იმისა, რომ „ორი ლაზარეს ზღაპარი“ საინტერესოდ და ადვილად იკითხება, ყველა სხვა საჭირო „ატრიბუტიც“ აქვს: ეტყობა, რომ მწერალი  კარგად იცნობდა  საქართველოს ისტორიას, შინაომებს,  მეურნეობას, ხალხურ წესებს, საეკლესიო ცხოვრებას, უბრალოდ, თუნდაც იმას, რა ეცვათ და რას ჭამდნენ მაშინდელ საქართველოში, როგორ ლაპარაკობდნენ…

„- აბა ერთი, შენ გაზრდას, დაწვრილებით მიამბე, რა მოხდა?

-მენა, შენი ჭირიმე, ნათქვამის ნათქვამი ვიცი.

-რაც იცი, დაყაჭე“.

რომანში ყველა საჭირო პერსონაჟია, რომელთა მსგავსნიც ამ ტიპის წიგნებში გვხვდებიან ხოლმე – თავგასული ერისთავი, რჩეული უფლისწული, ბრძენი და ღონიერი ლაზარე, ტროლივით დიდი და შტერი იკუნკულიძე,  ჭკვიანი ძაღლი და  ფერდებჩაცვენილი დათვის ბელი.

ეს საკმაოდ გულახდილი რომანია, არც ღალატს მალავს ავტორი, არც ომის ბატალიებს, არც  სისხლს არიდებს თვალს, არც ორსულ გოგოს, რომელსაც სოფელი ჩაქოლვას უპირებდა. თუმცა ეს ყველაფერი უფრო საინტერესოს ხდის რომანს, ვიდრე სასტიკს.

 „… ამ დროს აღათაანთ ხევის ფერდობებს ცეცხლი მოედო, ოცი ყუთი  და ათი ტომარა დენთი გრიალით ფეთქდებოდა, კლდე ინგრეოდა, ხევის ფსკერზე განლაგებულ ლაშქარს თავზე ეყრებოდა და მუსრს ავლებდა. ახლა აღალს გაუჩნდა ხანძარი, განათდა მიდამო…

და მოალყეებმა გალავანზე აღმართული ჯვარცმა შენიშნეს, შემდეგ ისიც შენიშნეს, როგორ აიყვანეს გოლა-ფაშა ჯვარზე და გააკრეს“. 

მეეჭვება საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ წიგნს, თუნდაც ზღაპრის სახით, დღის სინათლე ეხილა, თუმცა, როგორც ჩანს, არც 1988 წელი გამოდგა მისთვის ძალზე წარმატებული. საყოველთაო არეულობისა და ომების ფონზე ეს წიგნი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რაც კულტურას ეხებოდა, დაიკარგა და უკანა პლანზე გადავიდა.

წიგნში ორი რომანია შესული, უშუალოდ  „ორი ლაზარეს ზღაპარი“ და  „ფერი ფერსა“. ეს ორი რომანი ერთმანეთს ჰგავს.  „ფერი ფერსაში“  ერეკლეს პერიოდის საქართველოა აღწერილი, მთავარი გმირი კი ფხაჭნიაა,  ობოლი ბიჭი, რომელიც სოფელმა ლეკებს ხელიდან გააგდებინა და თავად გაზარდა. ფხაჭნია ისეთი ბიჭია, ერეკლე ნატრულობს, ნეტა ამისთანა ბევრი მომცა, ომს მოვიგებდიო. აქ ბევრს იბრძვიან და ხანდახან რაღაც თავშესაქცევიც ხდება:

 „ -უი, ნემსიყლაპია!

-სადა ხედავთ, ქალბატონო?

-ზურგში, ზურგში ჩამიძვრა, არ გესმის, ბიჭო?

-მესმის, მაგრამ რა ვქნა?

-ჩამიყავ ხელი და ამომიღე, თორემ გავგიჟდი… რა ერთ ადგილას აფათურებ ხელსა…. გვერდზე ნახე, აი მანდ, ჰო კიდევ იქით, იქით…

იქით ფხაჭნიას ხელში ისეთი რამ მოჰყვა, რომ თვალთ დაუბნელდა. ასეთივე დღეში ჩავარდა ქალბატონიც“.

ეს ამბავი ფხაჭნიასა და ბატონის ცოლს შორის მოხდა. ბატონმა ახალგაზრდა ლამაზი ბიჭის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და ის ორმოცდაათი წლის ქვრივზე, მოკლე კატოზე დააქორწინა. ტაძარში ნეფე ხელფეხშეკრული და პირამოქოლილი მიიყვანეს.

„როგორც კი პირსახვევი მოხსნეს, ფხაჭნიამ ჯერ ღრმად ამოისუნთქა, მერე ძველებურად გაიღმა და იყვირა:

ბატონო, პირველი ღამის უფლება ხომ შენია, მიჩუქნია მოკლე კატო, შენი იყოს საუკუნოდ.

ამოუქოლეთ პირი მაგ მუტრუკსა! – იღრიალა მათურელმა“.

საბოლოოდ ფხაჭნია ძალით შერთულ ცოლს თბილისში გაეპარება და იქ თავის სიყვარულსაც იპოვის, მეფე ირაკლისაც და მტრის ჯარსაც.

იმედი მაქვს, მკითხველიც იპოვის გზას ამ წიგნისკენ, ან ძველს მოიძიებს, ან ახალს გამოსცემენ.

დასაკარგი წიგნი ნამდვილად არაა.

© არილი

Facebook Comments Box