პოეზია

თემურ ჩხეტიანი – წერილი თბილისელ მეგობარს, რომელიც ახლა, იქნებ, არც არის თბილისში

 

«Посылаю тебе, Постум, эти книги».

იოსიფ ბროდსკი, «Письма Римскому Другу»

რა ვთქვა ისეთი, მოსასმენად ღირდეს, გამოდგეს?..
მაინც ვიტყვი და იქნებ ცოტა გულზე მომეშვას.
იქნებ, რამეთი გავამართლო უღიმღამო დღე,
იქნებ, როგორმე გავუმკლავდე სიმარტოვესაც.

წერილად მოგწერ – ამ საქმეში გამოცდილი ვარ,
შენ კი იყავი რუფინუსი(1), გინდა – პოსტუმი…
ივლისია და შემოსილი ვარ მეც შილიფად,
ჯანდაბას ყველა ჰალსტუხი და ყველა კოსტუმი!

არ მიძებნია საგანგებოდ ფორმა მიმართვის,
გვერდს ვუვლი მოდერნს – ვერლიბრსა თუ აპლიკაციას,
და ასე, უფრო გულახდილად, ჩემი სიმართლით,
ვანდობ ჩემს სათქმელს რითმიანს და თოთხმეტმარცვლიანს.

შენ გწერ ამ წერილს, მეგობარო, ხუმრობით ვიწყებ:
ახლახან იყო, რომ გაგვყარა ჟამმა მედინმა.
გაგისტუმრე და დარდად დამრჩა – ნასვამი იყავ,
საჭესთან ხომ არ ჩაგთვლიმა და ჩამოგეძინა?

ხუმრობით ვიწყებ და ღიმილით ვიხსენებ ჩვენი
ურთიერთობით გამოვლილ გზას – განვლილ პერიოდს,
და, მომიტევე, თუ ჩემივე ოდინდელ ჩვევით
აქაც ტკივილი და ნაღველი გამომერიოს.

“რა გჭირსო?” – მკითხავ და მოსხეპავ საფირმო ღიმილს.
“ო, არაფერი, მუზამ ხელი მომითათუნა!”
ნაღველი ჰო და, არ ვაპირებ წუწუნს და ჩივილს,
არ შეგაცბუნოს “გაუთლელმა” ჩემმა ქართულმა.

ძნელია ახსნა, რატომ ხდება ან ვინ ვინ არის,
ან რას გაუგებ განგების და ბედის სამართალს? –
შენ გღლის საქმე და საქმის გამო გზად ხეტიალი,
მე კი უაზრო მოლოდინმა გამასავათა

და მარტოობამ – ცარიელი დღეების ფურცვლამ.
თანაც, ხომ ნახე, ჩემო პოსტუმ, ჩემო რუფინუს,
აქაურობა ისე მთრგუნავს, რომ ვეღარ ვუძლებ,
ვეღარ ვუძლებ ამ სიდუხჭირეს და მკაცრ რუტინას.

და ისევ, ისევ მოიწყინა ჩემმა კარავმა,
თუმც არ მწყურია, არ მშია და ვარ გაპარსულიც.
ვინმე ჭაბუკი ხომ არა ვარ? – არა, არა ვარ,
ორმოცდაათის ფინიშზე ვარ უკვე გასული.

აქ არაფერი იცვლება და არც რამე ხდება,
თუ ვხედავ რამეს – ეკრანზე ან ისევ სიზმარში.
არის სასჯელი, მაგრამ არის ერთგვარი შვებაც,
ცხოვრობდე ჩუმ და უღიმღამო პროვინციაში.

შორს იმისაგან, რითაც ცხოვრობს დიდი ქალაქი:
შოუ-ბიზნესი, პოლიტიკა, სპორტი, თემიდა
(კარგად დასწავლილ მანერებით და ლაპარაკით).
შორს ყველაფრიდან – ჭორებიდან, ინტრიგებიდან.

შორს, მაგრამ ამათ, აბა, როგორ დაემალები? –
მავანთა ლაქლაქს, მასკულტურის როკვას ვნებიანს.
შორს, მაგრამ ტელე-ეკრანების საშუალებით
არ გვასვენებენ, აქაც სახლში გვივარდებიან.

აქ – არაფერი. ის კი არა, სულაც რომ მკითხო,
ჩვენს კამათელზე ახატია მხოლოდ “იაქე”.
აქ არაფერი, მაგრამ სხვაგან რაც ხდება, ის ხომ
ჩვენამდეც აღწევს, გვაღელვებს და გვაფორიაქებს.

ჩვენია და ამ სადარდებელს ვერ შევეშვებით,
ვერ გავექცევით ვერსად წუთებს მწარე ფიქრიანს,
ნერვებს გვიშლიან შინაურნიც და გარეშენიც:
აგერ იქ – საზღვარს, სხვაგან – ძვირფას ფრესკას გვიშლიან.

არ ამთავრებენ ავყიანი ბურტყუნს და როშვას
და გვიყურებენ ისე, როგორც საკლავს ყასბები.
ფიქრობ და სიმწრით წამოგცდება: “მამულო, როსღა
აყვავდები და მართლა როდის აკაშკაშდები?..”

ვეღარ დალაგდა ეს ქვეყანა. ბევრი ცუდი რამ
დაგვატყდა თავზე ბოლო წლებში მძიმედ, ზედიზედ.
აწეწილია მსოფლიო და გახიდულნი ვართ
აღმოსავლეთი-დასავლეთის გზაჯვარედინზე.

და კავკასიის ჭრელ დაფაზეც მიდის თამაში,
საქართველოსთვის დიდებს შორის მიდის ბაზრობა.
ასეთ წეწვაში როგორ გინდა იყო ლამაზი? –
ახლა ყველაზე მთავარია საღად გაძრომა

ამ ამბებიდან და დადგომა სასურველ გზაზე.
დღეს კი ჩვენ ისევ მიგვაყენეს საშიშ ფერდობთან.
უნდა გავუძლოთ, უნდა გავძვრეთ – ამ შემთხვევაშიც
იმედით ვიყოთ, არ ეგების უიმედობა!..

ჩქარობს მსოფლიო, ეჩქარება სხვა დროში გასვლა.
ცვივა ამბები შავ კადრებად, თუ კარტ-ბლანშებად.
გაქრა სივრცე და თითქმის ყველა დრამა და ფარსი
ჩვენს თვალწინ ხდება, ვითარდება და თამაშდება.

ეს ყველაფერი გვეხლება და თანდათან გვბზარავს,
და უსაშველოდ გაზრდილია სტრესის ტირაჟი.
აქ არაფერი, მაგრამ მაინც, მინდა თუ არა,
მეც ჩართული ვარ ამსოფლიურ ორომტრიალში.

სულის მოთქმა კი, რა თქმა უნდა, კვლავაც მჭირდება:
ვკითხულობ, ვფიქრობ და უნარიც შემრჩა ოცნების.
რა წიგნი მოდევს მაგიდაზე? – გაგიკვირდება, –
“აღორძინების ესთეტიკა”, ანუ ლოსევი(2).

იყო დრო წიგნის და ყველაფერს წიგნით ვზომავდით,
ვკითხულობდით და გვიხროდა, თანაც – გვიკვირდა.
ახლა კი ლამის ვიფიქროთ, რომ ძველი ხომალდი
სულ მალე გავა გუტენბერგის გალაქტიკიდან.

და საით წავა? კურსს, ნეტავი, საით აპირებს? –
კაცობრიობა საით წავა და გაფრინდება?..
ღმერთმა თუ იცის! – ეს საწყალი Homo Sapiens
იქცა ნომრებად, მესიჯებად, ვებ-საიტებად.

პოეზია ხომ, რა ხანია, გადადო გვერდზე
(ნაღდი საზომი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფულია).
უხერხულია, კაცი იჯდე და ლექსებს წერდე,
პოეტი გერქვას – ახლა მართლა უხერხულია.

რა არის სიტყვა? – აღარ თვლიან მას გროშის ფასად,
რაღა დროსია ეს გრძნობები, ეს სიმარტოვე?..
სხვა ტალღაზეა გადართული ხალხი და მასა
პატივს მიაგებს მასხარებს და გლადიატორებს.

მაინც წერენ და, რა ვქნა, მეც ვწერ, კვლავ წერად ვზივარ,
ოღონდ არ ვიცი, ვიტირო თუ უნდა ვიცინო.
თითქოს მრცხვენია, რომ ვწერ და მეც პოეტი მქვია,
მრცხვენია, მაგრამ განა რა მჭირს მე სასირცხვილო?

და ერთი რამეც უნდა გითხრა: ჯერ კიდევ მიკვირს,
უბრალოდ, მიკვირს და აღარ მგვრის უკვე სიბრაზეს,
რომ ეს ამდენი ვიგინდარა, ხეპრე და ბრიყვი
რატომ წერს “ლექსს” და პოეტობას რატომ იბრალებს?!

თუმცა… შევეშვათ, ვის რა წესით ეთვლება “გოლი”,
ვინ რა იკისრა, ვინ რა თქვა და ვინ ვის უსარმა.
შევეშვათ ასეთ გადახვევას, რადგანაც, მგონი,
ისეც დაგღალა “სიცხიანმა” ჩემმა უსტარმა.

მიდის ივლისი… სადაც ვიყავ, მე ისევ იქ ვარ,
იქ, სადაც ღვინო ვიცით კარგი და სმა – ნდომაზე.
დაგელოდები – შემოდგომა ორივეს გვიყვარს,
და რაღა დარჩა, რაღა დარჩა შემოდგომამდე?..

აქ დავამთავრებ, მეგობარო. თუ ვერ გახარებს,
არც რაიმეთი დაგაღონოს ჩემმა ნაწერმა.
მოდი, გარეთაც გავიხედოთ; რა ხდება გარეთ?..
ალბათ იწვიმებს – ელვამ ღრუბლის კალთა გასერა.

1 რუფინუსი – ადრესატი გივი გეგეჭკორის ლექსისა “პიტიუნტის რომაელთა სამხედრო ბანაკის პრეტორის წერილი მეგობრისადმი რომში”.
2 А.Лосев, «Естетика Возрождения»

ხუთი მარტივი შაირი

ვლადიმერ საყვარლიშვილს

1. თებერვლისა

კაციც მე ვარ და სახლში
მევე ვდიასახლისობ,
და ერთი და იგივე
ლამის სიქას მაცლისო.
არსად აღარ გავდივარ,
დაე, მომისაკლისონ;
დაე, თუნდაც ერთისთვის
ვიქცე საგნად ნატვრისო.
თქვას თუ: “ნეტავ რასა იქმს?”
ანთუ: “კიდევ ჯღაბნისო?..”
დაე, ვინმემ იფიქროს,
დაე, მომისაკლისოს.
მე კი ახლა მხოლოდ ერთს –
ველოდები აპრილსო.

2. არაფრისა

ზაფხულის დღე,
მაგრამ მაინც
მოწყენილი კარმიდამო.
არაფერი არ მიზიდავს,
არაფერი არ მინდაო;
არ მაქვს რამე სადარდელი,
არც სალხინო, არც სადავო…
კვალში ვდგავარ,
მიწას ვთოხნი,
ამოაგდო თოხმა ქვაო.
მერე რაღაც მემართება,
თითქოს ზღუდე მოირღვაო –
მოვისროლე თოხი გვერდზე,
შევიკურთხე ხმამაღლაო.
იქით მამალს გაუკვირდა,
აქოთქოთდა: “რა მოხდაო?!..”
ჩამოვჯექი.
სივრცეს გავცქერ
და არ ვიცი, რა მინდაო.

3. შემოდგომისა

მორჩა მზიანი სეზონი,
ნათელმა იწყო კლებაო
და წვიმიანი დღეები
ერთმანეთს გადაებაო.
გატკბა დილ-დილით არაყი
და თბილ ღუმელთან გდებაო;
მერე, ხომ იცი, სადილი
უღვინოდ არ იქნებაო…
დღე კი ძალიან მოკლეა,
საცაა, დაღამდებაო.
თვალ-გულს მაკლია ვიღაცა
და ძალზე მენატრებაო.

4. წყენისა

უნდა გავყიდო სახლ-კარი
და ერთი აბგა ვიყიდო –
უნდა ჩავიწყო საგზალი
და მხარზე გადავიკიდო;
უნდა წავიდე აქედან
ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქითო,
ისე გავბეზრდი ამათი
სირეგვნით და სიბრიყვითო.

5. თვითდამშვიდებისა

მერე რა, თუ ასე შევრჩი
ამ საქმეს და ამ ძნელ გზასო;
მერე რა, თუ ჩემი ლექსი
ჩუმია და წყნარად ვალსო.
დღესაც არის ხალხი, ვინაც
სწორად იგებს ჩემს ნათქვამსო;
ვისთვისაც მე რამედ ვღირვარ,
ვისთვისაც მე რამედ ვფასობ…
მე ამ ფიქრით ვივლი კვლავაც
და არ წარვიკვეთავ სასოს,
ვიდრე ამქვეყნიდან გავალ
და გავყვები სულ სხვა ქარსო.


© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box