რეცენზია

ნონა კუპრეიშვილი – “დაკარგული ცხოვრების ტექსტი”

 

გელა ჩქვანავა. კოლორიტები (მოთხრობები). რედაქტორები ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილისა. თბ. “დიოგენე”, 2004.

ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ იმავე ათწლეულში, რომელშიც აფხაზეთი დავკარგეთ, დროის დიდი ნაწილი კი ამ დაკარგვით გამოწვეული დაზაფრვის განელებას მოვანდომეთ, გამოჩნდებოდა სტერეოტიპებისაგან ესოდენ თავისუფალი მხატვრული ტექსტი, როგორიც გელა ჩქვანავას პროზაა.
ვაღიარებ, ამ ახალგაზრდა კაცის მოთხრობებმა ჩემი ყურადღება, პირველ რიგში, ავტორის წარმომავლობის გამო მიიპყრო. წარმოშობით მეც სოხუმელი გახლავართ (უფრო სწორად, სოხუმში – თბილისელი, თბილისში – სოხუმელი). ამიტომ ყველა, ვინც “აფხაზურ მასალას” ეხება, განსაკუთრებით კი ახლა, ომისშემდგომ პერიოდში, ჩემში არა მხოლოდ ჩვეულებრივი მკითხველის, არამედ ერთგვარი “მესაკუთრის” იჭვნეულ დამოკიდებულებასა და აქედან გამომდინარე შესაძლოა რამდენადმე გაუმართლებელ მომთხოვნელობას იწვევს.
ყველაფერი, რაც აქამდე დაწერილა (ძირითადად, პროზაულ ნაწარმოებებს ვგულისხმობ) მეტწილად აფხაზეთიდან მოწყვეტის, როგორც თავზარდამცემი ფაქტის მხატვრულ-ემოციური გააზრების სხვადასხვა ვარიაციას წარმოადგენდა. აღქმის საფუძველს ჯერ კიდევ გაუნელებელი ტკივილი, ცხად-სიზმარში ჩაყოლილი და ურთიერთმონაცვლე ომის შემზარავი სურათები, დამარცხებით გამოწვეული ერთგვარი დაბნეულობის, უფრო მეტად კი შეურაცხყოფის გრძნობა ქმნიდა. მთავარი აქ ნოსტალგიით დამძიმებული და ნოსტალგიითვე გაბუნდოვანებული ხედვა იყო, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულს, ამ წარსულთან ერთად კი ჩვენც, საკმაოდ იდეალიზებულად წარმოგვიდგენდა. მაგრამ მასობრივი თერაპიის ეს ეტაპი არა უბრალოდ გასრულდა, არამედ მხატვრულადაც იქნა დაძლეული.
ამჟამად ჩვენს წინაშეა გელა ჩქვანავას მოთხრობების კრებული “კოლორიტები”, რომელიც ყველა ზემოაღნიშნული განცდისგან დისტანცირებული მოგონებების ახალ პლასტს გვაწვდის. იგი მხოლოდ სტილისტურ-ფუნქციონალური როდია, არამედ რაღაც ბევრად უფრო მეტი. ვიტყოდი, რეალური ცხოვრების იმ დოზით შემცველი, რაც ამ მოთხრობებში მხატვრული გამონაგონისა და სინამდვილის ყველაზე ოპტიმალურ ზღვარს ავლენს. არ ვიცი, იქნებ აქ თავად ცხოვრების შიშია დაძლეული, ან იქნებ მწერალი ყოველგვარ პირობითობაზე მაღლა დგომას ახერხებს. ყოველ შემთხვევაში, მისი პერსონაჟები, სანაპიროს ქუჩაზე მცხოვრები ეს ადამიანები, რომლებიც მოთხრობიდან მოთხრობაში დაუბრკოლებლად გადადიან, ერთსა და იმავე დროს გმირებიც არიან და ანტიგმირებიც.
გელა ჩქვანავა, როგორც მწერალი, თუ არ ვცდები, ძმებმა კალანდიებმა “აღმოაჩინეს”. უფროსმა კალანდიამ (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ბატონმა გენომ), როგორც პოეტმა, შესაძლოა, ამ “ნაივური პროზის” სითამამე და ჯანსაღი გულწრფელობა დააფასა. ზაურ კალანდიამ კი, როგორც პროზაიკოსმა და, საერთოდაც, კარგი პროზის დამგემოვნებელმა, უთუოდ იწამა ნოვაცია, რომელშიც ტრადიციულ მასალაზე სწორად აგებული სტილური იერარქია და ბუნებრივი მეტყველების მარჯვე გამოყენებით მიღწეული უშუალობა იგრძნობოდა.
ასე იყო თუ ისე, მათ დროულად შენიშნეს ახალგაზრდა ავტორი და აგრძნობინეს ის, რაც ასეთ დროს ყველაზე მეტად ესაჭიროება ხოლმე ფართო მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობ დამწყებს – თანადგომა.
ბუნებრივი მეტყველების გამოყენებაზე მივანიშნებდით. მართლაც, ის ერთგვარი ხიბლი თუ ფსევდოუსაფრთხოების ზონაა ხოლმე მწერლისთვის, რომელმაც შესაძლოა ადვილად შეგვიტყუოს, მაგრამ გაყვანით კი სრულიად საპირისპირო მხარეს გაგვიყვანოს. ამასთან, რაც უფრო შენეულია, სისხლ-ხორცეულია მხატვრული ასახვის ესა თუ ის ობიექტი, მით უფრო ძნელად მოსახელთებელია ხოლმე მისი არსებითი ნიშან-თვისებები. შესაბამისად იზრდება სიყალბის დაუშვებლობის უამისოდაც გამძაფრებული განცდა. პროზაიკოსი გარკვეულ რისკზე მიდის და ძალზე ფრთხილად, მოზომილად მხატვრულ ქსოვილში სწორედ ამ ბუნებრივი მეტყველების ყველაზე სახიერ ელემენტებს აქსოვს (“კოლორიტებში” ეს სოხუმური სლენგის, რუსულ-ქართულისა და მეგრულისთვის დამახასიათებელი ინტონაციური ჟღერადობაა). ფაქტობრივად, იგი ახალი ენის შექმნის აუცილებლობის წინაშე დგება, რათა ყველა და ყველაფერი ამ ენით გააცოცხლოს. გელა ჩქვანავა მწერლური ინტუიციით სწორედ ამგვარი ჩარევის აუცილებლობას გრძნობს და ქმნის კიდევაც ისეთ მეტყველებას, იმგვარ განსხვავებულ ენას, რომლითაც მისთვის (და, სხვათა შორიას, ჩემთვისაც) ეგზომ ახლობელი, ერთადერთი და კონკრეტული სამყაროს მოდელირება ხდება.
მაინც როგორი სამყაროს მოდელირებაზე შეიძლება საუბარი გელა ჩქვანავას “კოლორიტების” კითხვისას?
მახვილი თვალი აქვს დოდო ბასილაიას ნაშეგირდალს. “კაცს, რომელიც პოეტად დაიბადა და მეთუნუქედ იქცა”. თვით დოდო ასე ახასიათებს მჭვრეტელად დაბადებულ ამ ბიჭს, გვერდიდან რომ არ შორდება მას, თავისი ასაკისთვის შეუფერებელ საუფროსო საუბრებს რომ ისმენს და არც მეტი, არც ნაკლები – ადამიანების, ზღვისა და დელფინების საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს: “შენგან მართლა გამოვა მწერალი, იმიტომ, რომ ეშმაკის ფეხი ხარ, დაუნდობელი და ჭკვიანი ეშმაკის ფეხი… შენ ქლესაც ხარ და უტიფარი ინტრიგანიც”…
მართლაც, უჩვეულო რაკურსში ხედავს დოდო ბასილაიას აღზრდილი ზღვის სანაპიროზე, სანაპიროს ქუჩაზევე, მწველი მზისა და უხვი სუბტროპიკული წვიმების პირისპირ მდგარ ოდა-სახლებს. ამ სახლების წინ გაშლილი პატარა, დასავლურად მოკოპწიავებული ეზოები ერთგვარი ავანსცენებია, რომლებზედაც სხვათა თვალისთვის განკუთვნილი მოქმედება ვითარდება. იმას კი, ვისაც ხილულზე მეტად ფარული, ზედაპირულზე მეტად კი სიღრმისეული იზიდავს, ცხადია, არა ავანსცენები, არამედ კულისები დააინტერესებს. ჰოდა, გელა ჩქვანავაც სწორედ აქეთ, კულისებისკენ მიუძღვის თავის მკითხველს…
ოტია პაჭკორია – დაწერილზე მეტად დაუწერელი კანონების მცველი უბნის რწმუნებულია, პარმენ გოგია – წყალგარეული ლუდის გამყიდველი და მითქმა-მოთქმის უბადლო კოორდინატორი. სანაპიროს ქუჩის სახელგანთქმული დონ ჟუანი რაჟიკო კეზუაა, ტრადიციებისა და ზნეობრიობის გაუტეხელი გუშაგი კი – დარეჯან კვარაცხელია. ვნების აღმძვრელი ფაშფაშა ქვრივი ნანული შავდია თავის ქალურ ოცნებებს ძირითადად თავისივე ცრემლით დანამული მზესუმზირის ხალვისას ამხელს. ბედნიერების ჩიტს მოსკოვამდე გამოდევნებული გულუბრყვილო ძამია ჩიტივით გასრესილი და დღემოკლე აღმოჩნდება. ლევანია ურჯულო ყავლგასული რომანტიკოსი და თანაც ადგილობრივი ავტორიტეტია, რომელმაც სხვებზე უკეთ იცის ქალის ფასი. ამიტომაც მოღალატე ქალზე შურისძიების მარტივ, მაგრამ უტყუარ ხერხს მიმართავს.
…და ასე შემდეგ. ამ სიის გაგრძელება ერთხანს, მართლაც, შეიძლებოდა, სანამ საკურორტო ქალაქის სრული პორტრეტი არ დაიხატება. ეს კი სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად ემარჯვება ჩვენს ავტორს, თხემით ტერფამდე ზღვისპირელს, აქ აღწერილი ცხოვრების მოწმესა და თანამონაწილეს…
საკურორტო ქალაქში მყარ ზნეობრივ კრიტერიუმებზე საუბარი თითქმის ნონსენსია. საბედნიეროდ, არც გელა ჩქვანავა იბრალებს მორალისტობას. არავის ამხელს ან შეაჩვენებს. მხოლოდ ესაა, ზედმიწევნითი სიზუსტით განსაზღვრავს აქაური კაცებისა და ქალების თავაშვებულობისა და თავშეკავების ხარისხს, რაც ერთმანეთის უკუპროპორციულია. საკურორტო რომანების არასასურველ მოწმეებად ქცეულ ქალებს ოცნებისა და სინამდვილის ურთიერთჩანაცვლების პრინციპი აუთვისებიათ: “სიცოცხლე ყოველთვის გრძელდება და იმად ღირს, მეზობლებზე უკეთ იცხოვრო” – ასეთია საზოგადოების ამ “დისკრიმინირებული” ნაწილის მოქმედების იმპულსი. და იწყება საკუთარი სახლების ავეჯით გადატვირთვის ხანგრძლივი პროცედურა, რომელიც თავად მწერალს “მადადაკარგული ინდაურის ჭუკების ჭინჭრიანი ღომით გამოტენვას” აგონებს.
მოულოდნელი შედარებები, “პარადოქსული ფრაზა”, ანუ როგორც ერთგან ლევან ბრეგაძე იტყვის ჯემალ ქარჩხაძის შესახებ, “აზრის ფორმულირების ხელოვნება” გელა ჩქვანავას პროზის ხერხემალიცაა. მკითხველს საშუალება ეძლევა თვალი მიადევნოს (კულმინაციას ეს ოსტატობა, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ორ მოთხრობაში აღწევს: pen-მარათონის პრემიით აღნიშნულ “Momento mori, ანუ სწავლა სიკვდიდმდე შენია” და “აურზაურში”), ამასთან კი შეიგრძნოს ინფორმატიულად სულ უფრო დატვირთული, რომ იტყვიან ტევადი და, რაც მთავარია, თვითირონიული ფრაზის ზემოქმედების ძალა: “ათოვდა ზღვას, რომელიც თოვლს არ იკარებდა, როგორც ქალი არ იკარებს უფულო მამაკაცს…”, “სიკვდილი ალიმენტი არ არის, რომ გაექცე…”, “ადვილი მოსატყუებელია განათლებული ხალხი, რომანებს კითხულობს ზომაზე მეტს და იმიტომ…”, “სამი კვარტლის იქით ზღვა ფშვინავდა, კმაყოფილი, როგორც დედის რძით გამაძღარი ჩვილი და უხამსი, როგორც გრძნობამორეული, მაგრამ მუზებისაგან მიტოვებული პოეტის ინსტინქტები…”
თხრობა ასოცირდება უცნაურ ტკბობასთან იმით, რაც, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გახსნილია, თავად ავტორის მიერ წინააღმდეგობრივადაც შეფასებული. მხოლოდ წერის პროცესში ამგვარი სუბიექტივიზმი როგორღაც დაწმენდილია, შიგნიდანვე განელებული იმ შეგრძნებით, რასაც კარგი გაგებით მწერლის საკუთარ თემასთან მიკერძოება შეიძლება ეწოდოს. ანუ როგორც “კოლორიტებში” ვკითხულობთ: “მამაძაღლებია, მაგრამ შენი მამაძაღლები”… თანაც ეს გუშინდელობაა, ყველა სხვისი გუშინდელობისაგან განსხვავებული, რომელიც უსინდისო ომითაა წართმეულ-წაგლეჯილი და ამის გამო სხვა, სხვა განზომილებაში გადასული. და წერ შენ “დაკარგული ცხოვრების ტექსტს”, ცხოვრებისა, რომელიც ასეთად არასოდეს განმეორდება და მხოლოდ ამ წიგნის ფურცლებს შემორჩება, როგორც N ქალაქის, იმ სანაპიროს უნიკალური მოვლენა. ნოსტალგიიდან ამოყვინთვა კი ისევე მტკივნეულია, როგორც ახალშობილისათვის ჰაერის პირველი ტალღის ჩასუნთქვა. გელა ჩქვანავას მოთხრობები სწორედ ამ სიძნელეს გვიადვილებენ, ხსოვნისა და “დავიწყების კულტურას” გვძენენ. მივანიჭებდი კიდეც მას ამგვარი თანალმობის უფლებას, რადგან ყველაზე პატიოსანი ეს ახალგაზრდა მწერალი სწორედ უფლებაშელახული პატრიოტის (არ მინდა ვთქვა, დევნილი ადამიანის) პოზიციის გადმოცემის დროსაა. ფაქტობრივად, მის წიგნში ამ პოზიციას ვერც ვერსად იპოვით, რადგან იგი ყველგანაა და იმავდროულად არსადაც არ არის. თუმცა აშკარაა, ჯერ ხორცშეუსხმელ მხატვრულ ჩანაფიქრშივე ჩნდება და ფეთქავს, რათა შემდგომ ერთბაშად და მიზანმიმართულად ისე გაუჯდეს მთელ ტექსტს, როგორც გამომხმარ დაშაშრულ მიწას გაუჯდება ხოლმე მოვარდნილი წყალი.
ნიშანდობლივია, რომ ზღვის მესაიდუმლედ ცნობილი ჯოზეფ კონრადი საუბრობს ზღვაზე და ადამიანებზე არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლიობაში. კერძოდ, იგი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, “თუ როგორ აღწევენ ისინი ერთმანეთში, როგორ შემოდის ზღვა ადამიანთა ცხოვრებაში და ადამიანებმა კი ბევრი რამ, ან სულაც ყველაფერი იციან ზღვის შესახებ”… გელა ჩქვანავამაც (როგორც არაერთმა აფხაზეთიდან ჩამოსულმა მწერალმა) თითქმის ყველაფერი იცის ზღვის შესახებ. მაგრამ მისთვის ეს, ისევე როგორც მისი პერსონაჟებისთვის, არც იდეა ფიქსი და მით უფრო, არც რაიმე უპირატესობის შეგრძნების საბაბია. უბრალოდ, ყოველმხრივ გამართლებული და იმედისმომცემია, როცა სამყაროში მოსული მისი თუნდაც ერთი საიდუმლოს ამოცნობას შეიძლებს.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box