ახალი წიგნები,  რეცენზია,  ხსოვნა

,,თვალი თვალში’’ ანუ დავით წერედიანის ლიტერატურული რეფლექსიები

ავტორი გუგა მგელაძე

ამ წერილის იდეა ჯერ კიდევ დავით წერედიანის სიცოცხლეში დაბეჭდილი წიგნის ,,თემა და ვარიაციები’’ წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. მიზეზთა და მიზეზთა გამო ტექსტი ვეღარ დავწერე, თუმცა მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვის წინ ,,ინტელექტმა’’ დავით წერედიანის დიალოგების, სატირული ესეების, მოგონებებისა და ლიტერატურული სტატიების ვრცელი კრებული გამოსცა.

ჩემი წერილიც სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის მნიშვნელობის შეფასების მოკრძალებული მცდელობაა.

 

***

1999 წელს ჩაწერილ ინტერვიუში დავით წერედიანი ლირიკის თარგმნის სპეციფიკაზეც საუბრობს: ,,ლირიკაში უნდა ითარგმნოს შეგრძნებები, ნიუანსები, ინტონაცია, სიტყვის, ასე ვთქვათ, ეთერული სხეული, ეს კი ძნელი მოსახელთებელია, თუკი საერთოდ შეიძლება მოხელთება. ამას უმეტესად რითმის სიძნელეც თან ერთვის. ამიტომ აქ უფრო ხშირია დანაკარგები. ხდება ხოლმე, სიტყვებს ზუსტად გადმოიტან, მთავარი სათქმელი კი განზე დარჩება, რადგან იგი ქვეტექსტში დევს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ქვეტექსტი შეინარჩუნო და დანარჩენს თავისუფლად მოეპყრო.’’

მოდით, ერთი წუთით მაინც დავაკვირდეთ წერედიანისეულ თარგმანებს და ვიგრძნოთ შესაბამის ინტონაციათა გრადაცია და შეგრძნებათა  ფარული ჟრჟოლა:

,,ბრმა იყო ღმერთი, მკვდარი იყო ანგელოზი, მფარველი აკრის.

არავინ ჩანდა, მშვიდი ძილით დამეძინა, ჩამდგმოდა ფესვად.

ხმლით აჩეხილი იყო მთვარე, ფერფლისფერი ყვავილი აკრის

და ძეძვნარებდ გაწვდილ თითებს დაჟანგული ბეჭდები ეცვათ.’’ ( პაულ ცელანი)

ან

,,გულსა ჩემსა ატირს,

როგორც აწვიმს ქალაქს,

წამის მოცრიატის

რა ნაღველი ატირს?’’ (პოლ ვერლენი)

კიდევ:

,, და სურნელოვან სიჩუმეში ისმის ფახული

მათ შავ წამწამთა, და ტკცანი ცივი და წვრილი,

ხმა ელექტრული თითებისა წვერწამახულის –

სამეფო ფრჩხილქვეშ აღესრულა პაწია ტილი.’’ (არტურ რემბო)

გრძნობთ, არა, რთულად მოსახელთებელ ჟრუანტელს? სწორედ ამგვარი ფარული ვიბრაციებით ,,დამუხტვის’’ დიდოსტატია დავით წერედიანი.

კრებული ,,თვალი თვალში’’  სამ ვრცელ სექციადაა დაყოფილი. პირველ სექციაში სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილი ინტერვიუებია მოთავსებული, ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ  ინტერვიუს ფორმატიც მისთვის კვლევის, დაეჭვებების, ძიებების, უკან მიბრუნებების და განსჯის ინსტრუმენტია.

მეორე სექცია ლიტერატურული წერილებისა და უნიკალური პორტრეტების პუბლიკაციებს ეთმობა. აქ მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ესეისტისა და გამძაფრებული კრიტიკული ხედვის მქონე, ლიტერატორის მხარე კიდევ უფრო მკაფიოდ და სრულფასოვნად ჩანს. ჯერ მარტო ინტერესის დიაპაზონს დააკვირდით: ჯემალ ქარჩხაძე, ვახტანგ ჯავახაძე, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, გოეთე, ლორკა, ვახტანგ როდონაია, პოლ ვალერი, ვიიონი, ბესიკ ხარანაული… აქვეა ორი ვრცელი ნარკვევი: ,, ახალი ქართული ლირიკის ჩამოყალიბების გზები’’ და ,,ჯადოსნური ზღაპრის ჟანრულ თავისებურებები’’, რომლებსაც ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდები.

მესამე სექციაში გაზეთებში გაბნეული სატირული ესეებია თავმოყრილი. წერედიანისეული ირონია დაუფარავად ამხელს სიბრიყვის, გაუნათლებლობისა და ყოყლოჩინობის მეტად კომიკურ გამოვლინებებს.

 

***

მანანა კვაჭანტირაძის შეკითხვას: ,,ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ მეოცე საუკუნის ქართული პოეზია გალაკტიონის ხაზს გაჰყვა’’ დავით წერედიანი ასე პასუხობს: ,,გალაკტიონის პოეტური ხმა ძალიან სპეციფიკურია, მისი მთრთოლვარე ლირიკული ტენორი მომნუსხველია, მაგრამ ბარიტონისა და, მით უმეტეს, ბასის სიმღერას ვერ იმღერებს, ყოველ შემთხვევაში, კარგად ვერ იმღერებს. ვხედავ ურთიერთგავლენებს, ვხედავ გალაკტიონისა თუ სხვათა და სხვათა ეპიგონებს, მაგრამ გამოკვეთილ დინებებსა და მაგისტრალებს ვერ ვხედავ.’’

სხვათა შორის, ჩანაწერების კრებულში ,,თემა და ვარიაციები’’ გალაკტიონზე დაწერილი საკმაოდ ვრცელი წერილია დაბეჭდილი. დავაკვირდეთ: ,,გალაკტიონი მწვერვალია, მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა და დღემდე ახდენს, მაგრამ თუ მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ერთიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მას არსებითად გალაკტიონის გზით არ უვლია. (…) შეუძლებელიც იყო, მთელი პოეზიის მთავარი მაგისტრალი წმინდად ინტუიტურ საწყისზე გასულიყო, სიზმრისეულ ჩვენებებზე, ბგერათა და ფერთა განუწყვეტლივ ლივლივზე, როცა მთავარი სათქმელი დიდ შემთხვევაში აზრით მოუხელთებელია.”

ამ, ერთი შეხედვით, საკამათო თვალსაზრისის ჭეშმარიტებაში რამდენიმე წლის წინ დაბეჭდილი ანთოლოგიების გაცნობის დროსაც დავრწმუნდებით (იხ. 1. ,,ქართული ლექსი XX საუკუნე” / შემდგ. ზვიად რატიანი/,,დიოგენე”. 2015 წ. და 2. ,,მასალები ქართული პოეზიის სხვა ანთოლოგიისთვის: მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი”/ შემდგ. დათო ბარბაქაძე/ ,,მერწყული”. 2018 წ.).

საერთოდ, პოეზიის  მოყვარული მკითხველისთვის (გემოვნებიან მკითხველს ვგულისხმობ, ცხადია, და არა კერპთაყვანისმცემელ ბრიყვებს!) ისედაც  ცხადზე  უცხადესია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთი პოეტი (მიუხედავად იმისა, რომ  ეს პოეტი  გენიოსია და თან ყველაზე მეტი შედევრის ავტორი!) მთელი მეოცე  საუკუნის   საპირწონე  ვერ იქნება. ამდენად, სავსებით სამართლიანად ამბობს დავით წერედანი, რომ მისი ,,სიყვარული მკაცრი და თვალხილულია’’.

 

***

,,თარგმანმა შეიძლება სიტყვები ზუსტად არ გაიმეოროს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიმეოროს დედნისეული ეფექტი’’- ამბობს 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. მისი ყველა თარგმანი ამ პრინციპის ერთგულებას ადასტურებს.

რამდენიმე ინტერვიუში უშუალოდ ,,ფაუსტის’’ თარგმანის სირთულეზე საუბრობს და აღნიშნავს: მასში ,,ბრწყინვალე პასაჟების გვერდით გვხვდება გერმანული პედანტიზმით დაწერილი გრძელი, ემოციურად მკვდარი ადგილები, და მათი რიცხვიც არც ისე მცირეა. მათი თარგმნა იმავე ენერგიასა და ოსტატობას მოითხოვს და განსკუთრებით დამღლელია, რადგან ხედავ, რომ დახარჯულ შრომას ჯეროვანი მხატვრული უკუგება არა აქვს. საჭიროა ძალთა ხელახალი მობილიზება, რაც ძალაუნებურად პაუზებთანაა დაკავშირებული.’’

 

***

კრებულის ერთგვარ  მაგნუს ოპუსებად შეგვიძლია 1981 და 1986 წლებში დაწერილი ორი ვრცელი ლიტერატურული ნარკვევი: ,,ახალი ქართული ლირიკის ჩამოყალიბების გზები’’ და ,,ჯადოსნური ზღაპრის ჟანრული თავისებურებები’’ ჩავთვალოთ, რომელთა ბადალი, მე პირადად, უახლეს ქართულ  ლიტერატურისმცოდნეობაში მხოლოდ რამდენიმე (2-3) ტექსტი თუ მახსენდება.

ზღაპრის ჟანრული და სტრუქტურული ნიუანსების დეტალური ანალიზისას, ერთ ასეთ დაკვირვებასაც ვეცნობით: ,,ჯადოსნური ზღაპრის სამყარო ირეალური სამყაროა. ,,იყო და არა იყო რა’’, ასე იწყება ყველა ქართული ჯადოსნური ზღაპარი, რაც ცხადად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოთხრობილი ამბავი დროისა და სივრცის გარეთაა გატანილი. ნიშანდობლივია, რომ ჯადოსნურ ზღაპარში დრო არ იძვრის. ახალშობილი გმირი უცებ დავაჟკადება (…), მერე კი მოქმედებას იწყებს და ზღაპრის დასასრულამდე ხანი არ ემატება.’’

არის აქ ასევე საუბრები ეპოსისა და ზღაპრის გმირების განსხვავებებზე, მათ რეალურ ფუნქციებზე, პოლითემატურობაზე, ენაზე, ნარატივზე, სიკვდილის კონცეფციაზე, იმაზე, რომ ზღაპარი მითის დესაკრალიზაციის შედეგად წარმოიშვა და ასევე იმაზეც, რომ ზღაპარი ქმნის ,,საკუთარ და თავის თავში დასრულებულ ფანტასტიკურ სამყაროს, რომელშიც გამჟღავნებულია ადამიანის იდუმალი ლტოლვა ირეალურისაკენ…’’

მეორე წერილის მნიშვნელობაზე საუბრისას კი გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ აქ ესეისტთან ერთად თავად პოეტი საუბრობს ბესიკის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის პოეტიკის და ზოგადად, ლირიკის განვითარების შესახებ. ვფიქრობ, ეს პოეტების (და საერთოდ, ლიტერტურის კვლევით დაინტერესებული მკითხველების) ერთ-ერთ უძირითადეს ტექსტად უნდა იქცეს.

***

,,თვალი თვალში’’ აღმოჩენების წიგნია,  მისი პორტრეტის სრულყოფის კიდევ ერთი მცდელობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ  მხოლოდ ამით ამოიწურება დავით წერედიანის პიროვნება. არა, მის თარგმანებთან, პოეზიასთან და ჩანაწერებთან ყოველი ახალი მიბრუნებისას ახალი შეკითხვები, შეგრძნებები, ემოციური კავშირები ჩნდება, რადგან დავით წერედიანის დრო მარადისობის დროა…

© არილი

Facebook Comments Box