თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ აბდულრაზაკ გურნასთან – კითხვით სიამოვნება ამბების სიყვარულმა მასწავლა

Nobelprize.org 2021 წლის ლიტერატურის ლაურეატს, აბდულრაზაკ გურნას ესაუბრა. ინტერვიუ გუშინ, 2 აპრილს გამოქვეყნდა. მწერალმა ახალგაზრდობის წლები გაიხსენა და საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულება გაგვიზიარა:

 

შეგიძლიათ თქვენი ბავშვობის შესახებ გვიამბოთ, კითხვამ და წერამ როდის გაგიტაცათ?

კითხვით სიამოვნების მიღება ამბების სიყვარულმა მასწავლა. ბავშვი რომ ვიყავი, ძირითადად ქალები ისტორიებს მიყვებოდნენ. მე დიდ ოჯახში ვიზრდებოდი, ამიტომ ქალებში დეიდებსა და მამიდებსაც მოვიაზრებ. ერთი სიამოვნება იყო მათთან ახლოს ჯდომა და საუბრების მოსმენა. ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ კითხვა ვისწავლე და ჩემს ცხოვრებაში წიგნები გაჩნდნენ. თავიდან ხელი ცოტაზე თუ მიმიწვდებოდა. მაგალითისთვის, ეზეპოს ზღაპრები მახსოვს, რა თქმა უნდა, სუაჰილურ ენაზე ნათარგმნი – პირველი იყო, რისი წაკითხვაც სკოლაში შევძელი. თუმცა ეს მომდევნო პერიოდის კითხვისგან ძალიან განსხვავდება, უფრო ერთსა და იმავე წიგნის გაუთავებლად ვუბრუნდებოდი. ჩემმა შვილებმა დამარწმუნეს, რომ ბავშვებს ერთი ამბის 20-ჯერ წაკითხვაც შეუძლიათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადრეული წლების კითხვის ერთ-ერთი მთავარი სიამოვნება ნაცნობ ამბებთან ინტერაქციაა. მომდევნო წლებში კი ცნობისმოყვარეობა იმძლავრებს და პროცესი ერთგვარ ვარჯიშად, სწავლის სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.

ეზოპეს ზღაპრები ბავშვობაში ყველაზე მეტად გიყვარდათ?

არა მგონია. უბრალოდ, ერთ-ერთი პირველი იყო, რაც წავიკითხე. მაგრამ ილუსტრაციები, რომლებიც საბავშვო წიგნს აფორმებდნენ, კარგად დამამახსოვრდა. ერთგან მელია ეხატა, ყურძნის საჭმელად ჰაერში ხტებოდა – ეს სურათი გონებიდან ვერ ამომიშლია.

როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდობაში წაკითხული წიგნები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანზე?

ნამდვილად. მოსმენილი ამბებიც. კითხვის პროცესი შეიძლება ყოველთვის არ დამამახსოვრდეს, მაგრამ ზოგი ისტორია თან ამედევნა და მოგვიანებით, როგორც მწერლისთვის, ერთგვარ საკვლევ არქივად იქცა. მაგალითად, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კარამალზამანისა და პრინცესა ბიუდურის თავგადასავალი. დიდობაში მივუბრუნდი და ამბის კომპლექსურობამ გამაოგნა.

ბავშვობაში რაზე გსურდათ გეწერათ? ადრეული წლებიდან იცოდით, რომ მწერალი გამოხვიდოდით?

ჩემს ახალგაზრდობაში მწერლობა შესაძლო კარიერათა რიგში არც განიხილებოდა. ამიტომ, უფრო ოცნებას გავდა. არაფერი განსაკუთრებული. მსგავსად, ასტრონავტობაზეც შემეძლო მეოცნება. ზოგჯერ ბავშვებისგან გაიგონებ, რომ მატარებლის მძღოლობა ან პროგრამისტობა სურთ – მე ასეთს ვერაფერს ვასახელებდი. ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში პოტენციური შესაძლებლობებისთვის ღია ვრჩებოდი. სკოლა და სწავლა მიყვარდა. შეიძლება, სწორედ ეს მსურდა – სტუდენტად ყოფნა.

თქვენს შემოქმედებაზე აღზრდამ როგორ იქონია გავლენა?

პროცესში მის ზეგავლენას საერთოდ ვერ ვამჩნევდი. ფიქრობ, ძირითადად ყველა ასეა, თუ ზედმეტად უბედურ პირობებში არ იზრდება. ასევე არა მგონია, რეტროსპექტიულად ამაზე ამდენი მეფიქრა, ჩემი დაბადების ადგილიდან ასე შორს რომ არ მეცხოვრა. აუცილებლობამ, შევგუებოდი ფაქტს, რომ ბრიტანეთისთვის უცხო ვიყავი, თვითრეფლექსიისკენ მიბიძგა. ვფიქრობ, წარსულის დეტალურ და, შესაძლოა, უფრო კრიტიკულ კვლევას ადამიანს დისტანცია აიძულებს. ასე რომ, იძულებითი რეფლექსიის მხრივ, აღზრდამ დიდი როლი ითამაშა.

როგორ ფიქრობთ, წერა კარგი საშუალებაა თქვენს ირგვლივ მომხდარ ამბავთა შესასწავლად? თუ თქვენთვის ეს მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებაა?

არ მგონია, წერა უბრალო გასართობი იყოს. თან აუცილებლობაც ახლავს. ამაზე სანობელე ლექციაში ვისაუბრე. როცა რაღაცებზე ფიქრი დავიწყე, კონკრეტულმა იმპერატივებმა იჩინა თავი. წერას ამიტომაც მოვკიდე ხელი. ხოლო გავაგრძელე, რადგან ყოველ დღე ვაწყდებოდი თემებს, რომლებზეც აუცილებელი იყო საუბარი. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა. ვწერ ჩემს გარშემო მოვლენებზე, რათა, პირველ რიგში, თავად უკეთ გავიაზრო, შემდეგ კი ხმა სხვებსაც მივაწვდინო. თუ აინტერესებთ, რა თქმა უნდა.

წერა მნიშვნელოვანია იდეათა გასავრცელებლად, მაგრამ ეს თავისთავად არ გულისხმობს, მის ინფორმაციულობას. შეიძლება, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ფაქტებზე საუბრობდე. ზოგჯერ სხვების ნააზრევის გასაგებად ვკითხულობთ, ზოგჯერ კი – უკვე გააზრებულის დასადასტურებლად. ასე რომ, როგორც წერის, ისე კითხვის პროცესს სხვადასხვა, რთული პროცესი ახლავს თან, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წერით სიამოვნების მიღებას – შენს თავს კი არ ელაპარაკები, არამედ ბაასობ წარმოსახვით მკითხველთან, რომელიც ჩემს შემთხვევაში არც თუ ისე კონკრეტულია. დღიურს კი არ ვწერ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ხალხს ვესაუბრები. ამბებით უსამართლობაზე, ტკივილსა და სიყვარულზე საკუთარ აზრს ვაფიქსირებ.

მრავალფეროვნება რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურაში?

ალბათ, სხვა ადამიანების ცხოვრება, მოტივები და სიხარული რომ შეიმეცნო, მათ კარგად უნდა იცნობდე. ასე, მარტივად – უნდა იცოდე. ამისთვის კი უნდა უსმინო და არა მათ მაგივრად ილაპარაკო. ამიტომ, ლიტერატურა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ან სულაც განსხვავებული კულტურული, სოციალური, გენდერული პერსპექტივიდან საუკეთესო საშუალებაა, სხვების ხმის გასაგებად.

როგორ ფიქრობთ, ლიტერატურა სხვა ადამიანის ხმის მოსმენისა და სხვა სამყაროსა თუ კულტურებზე წვდომის მნიშვნელოვანი საშუალებაა?

ლიტერატურა თავისთავში არაერთ ფუნქციას იტევს. ასე იმიტომ გვხიბლავს, რომ კომპლექსურ სიამოვნებას გვანიჭებს. თავისთავად, გააჩნია რას კითხულობ. მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წიგნს სიახლე მოაქვს და კომფორტის ზონიდან გამოჰყავხარ. ამ მხრივ, გააჩნია ადამიანი ცვლილებისთვის რამდენადაა მზად. ზოგიერთი ხომ გამოწვევათა მიღებას უბადლოდ უძალიანდება.

წერისას იდეები საიდან იღებთ?

იდეები თავად მეწვევიან ხოლმე. ამაზე ღელვა საჭირო არაა. თუმცა, მგონია, რომ ზოგ მწერალს მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის იდეების ხმა ესმის. განსაკუთრებით, მათ, ვინც თვითრეფლექსიითაა დაკავებული. რაღაც თემები კი გამუდმებით ბრუნდება. ძირითადად, რომელთა ბოლომდე გაშლაც თავის დროზე ვერ მოახერხე.

როგორც წესი, რომანზე მუშაობის დასრულებისას აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ვერ თურმე ესა თუ ის საკითხი არ ამომიწურავს. შეიძლება დაუყოვნებლივ მას ვერც მივუბრუნდე, მაგრამ ვიცი, გონების რომელიღაც კუნჭულში  თავისით მომწიფდება და შემდეგ, როცა დრო იქნება, ფურცელზეც გავშლი.

დამწყებ მწერლებს რამე კონკრეტულს ხომ არ ურჩევდით?

საუკეთესო რჩევაა, რომ უბრალოდ უნდა წერონ. მარტივი გზა არ არსებობს. არც რამე მაგიური ფორმულა – დღეში ორჯერ ყირაზე გადასვლა ან რამე მსგავსი. ყველაფრის მიუხედავად უნდა წერო და წერო. შეიძლება ეს საქმე შენთვის სულაც არ იყოს, მაგრამ ამას პროცესში აღმოაჩენ. ლოდინით ვერაფერს გაიგებ. თუ შენი ნაწერებით ვერავინ დააინტერესე, შესაძლოა თავი დაანებო. მაგრამ პირადად მე, ესეც ვერ შემაჩერებდა.

ყველაზე მეტად რა გიყვართ თქვენ საქმიანობაში?

ოჰ, არ ვიცი – ალბათ, დასრულების მომენტი! პროცესიც სასიამოვნოა, მაგრამ დამღლელი დღის შემდეგ, როცა სკამიდან ადგები და იტყვი, რომ კარგად გიმუშავია, ამას ვერაფერი შეედრება.

რა ტიპის წიგნების კითხვა გიყვართ და ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი?

რამდენიმე საყვარელი ავტორი მყავს. 10 წლის წინ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებდი. ამჟამად კი აფრიკელი მწერალთა შემოქმედება მიტაცებს: მააზა მენგისტე ან ივონ ადჰიამბო ოვუორი. ორივემ ახლახან მეორე ნამუშევარი გამოაქვეყნა, შესაბამისად, თითოეულმა სამწერლობო კარიერა ახლახან დაიწყო. მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვარ ისეთი მწერლებით, როგორებიცაა:  ჯ.მ. კოეცი, ნურუდინ ფარაჰი, მაიკლ ონდაატი. ღია ვარ ყველა ამ ბრწყინვალე ავტორის შემოქმედებისადმი და ვკითხულობ იმდენს, რამდენის საშუალებასაც დრო ან სიტუაცია მაძლევს. საყვარელ ავტორთა სია დიდია.

და წერის მიღმა რისი კეთება გსიამოვნებთ?

კრიკეტის ყურება, მებაღეობა, საჭმლის მომზადება, კითხვა, მუსიკის მოსმენა. მოკლედ, ყოველდღიური წვრილმანები.

დაჯილდოების შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

თავისთავად, პრემია დიდი პატივია, რაც ძალიან მეამაყება. ხოლო, რადგან დაჯილდოება ასეთი გლობალურია, ჩემი გაცნობისა და ჩემთან საუბრის ბევრი მსურველი გამოჩნდა. ასევე არაერთი გამომცემლობა დამიკავშირდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩემი წიგნები ბევრ ენაზე პირველად ითარგმნა. ჟურნალისტებს ჩემზე სტატიების წერა სურთ, ამიტომ დაჯილდოების შემდეგ უამრავ ადამიანს ვესაუბრე, რამაც, თავისთავად, ბევრი დრო წაიღო. რადგან მთელ ენერგიას ხალხთან საუბარს ვუთმობ, ჯერ მიჭირს ვთქვა, კონკრეტულად რა შეიცვალა. ერთი ის ვიცი, რომ ამ პერიოდში წერის შესაძლებლობა არ მომცემია. მაგრამ არა უშავს, ვიცი, რაღაც დრო ასე იქნება, შემდეგ კი მოვახერხებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას.

ნობელის პრემია ხშირად ადამიანებს შთააგონებს. თქვენ წერისკენ ვინ ან რამ გიბიძგებთ?

შესაძლებლობამ, გულწრფელად ვილაპარაკო იმაზე, რაც მაწუხებს და რასაც ვხედავ. არ ვგულისხმობ, რომ უბრალოდ თვალებს ვაცეცებ და ვწერ ყველაფერზე, რაც ჩემი მხედველობის არეალში მოხვდება. უბრალოდ, არის რაღაცები, რაც არ მასვენებს… მაგალითად, ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებენ ადამიანები ტრავმისგან რეაბილიტაციას. ასე რომ, ვფიქრობ არა მხოლოდ თავშესაფართა მაძიებლებზე, არამედ იმ ადამიანთა ცხოვრებაზეც, ვინც მოახერხეს და მომხდარი უბედურებისგან რაღაც სარგებელი მიიღეს.

ყოველთვის მხიბლავდა მექანიზმი, რომლითაც ოჯახები ფუნქციონირებენ. განსაკუთრებით, ძალაუფლებისა და სიყვარულის შეთავსებადობა. ცხადია, უმეტესად ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ პარალელურად ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყველგან შეიმჩნევა. ყოველგვარ სიკეთეს თან ახლავს ერთგვარი სიავე – მორჩილების აუცილებლობა, რაზე წერაც მსიამოვნებს. განსაკუთრებით, ჩვენს კულტურაში ქალების მიმართ დამოკიდებულება მაინტერესებს. რაღაც არ მაძლევს უფლებას, ასეთ საკითხებზე გავჩუმდე. და, თავისთავად, მეორე მხრივ რაც წერისკენ მიბიძგებს, სილამაზისა და სიამოვნების მსახურებაა.

© არილი

Facebook Comments Box