ინტერვიუ

ინტერვიუ რატი რატიანთან – “უმეტესობა პერსონაჟებისა არის ძალიან უინტერესო ადამიანი ცხოვრებაში”

ესაუბრა თაკო წულაია

წელს პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში რატი რატიანს გადაეცა წიგნისთვის „მკვლელობა სადგურის უბანში“. ინტერვიუში გამარჯვებული ავტორი საუბრობს წიგნის პროტაგონისტებისა და იმ პერსონაჟების შესახებ, რომელთა მიღმაც რეალური ადამიანები დგანან. გარდა ამისა, ინტერვიუდან შეიტყობთ, რამდენად ავტობიოგრაფიულია მოთხრობილი ამბები, რით განსხვავდება რომანსა და პროზაულ კრებულზე მუშაობის სპეციფიკა და რომელი თემები აინტერესებს რატი რატიანს, როგორც ავტორს.

საუბარი თქვენი ფსევდონიმით დავიწყოთ. როგორ და რატომ იქეცით რატი რატიანად? ბუნებრივია, რომ მკითხველების უმრავლესობას ტექსტების ავტორი კაცი ჰგონია. ეს ხომ არ ყოფილა ჩანაფიქრი ფსევდონიმის არჩევისას? შეიძლება, რომ გენდერული კონტექსტი დავინახოთ?

რაც უფრო ხშირად მეკითხებიან ჩემს ფსევდონიმზე, განსაკუთრებით ბოლო დროს, „საბას“ მერე, მით უფრო ვამატებ ამ ამბავს დეტალებს და ერთხელაც გამოვა მოთხრობა და, რაც მთავარია, ტყუილებით სავსე. არა, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, ქალის სახელს ავირჩევდი ფსევდონიმად თუ კაცისას (მერე ვერთობოდი, როცა მეუბნებოდნენ, არ მეგონა, ქალმა თუ დაწერეო), უბრალოდ, ჩემი სახელი და გვარი არ მომწონდა. სულ მეგონა, რომ იყო გრძელი, არ ჟღერდა კარგად, ცუდად ჩაგესმოდა, ვერ გამოთქვამდი… თან იმდენი წელი გავიდა, ნამდვილად აღარ მახსოვს, სხვა მიზეზი თუ მქონდა. ისეთი განსაკუთრებული არაფერი, მახსოვრობაში რომ ჩამრჩენოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრებული ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მოთხრობებს აერთიანებს, მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე მოთხრობას (კონკრეტულად კი მოთხრობებს: „კაცი, რომელსაც მამაჩემს ეძახდნენ“, „თუთი“, „მოშეს ხალხი“, „ავარია“, „ლიტვური დღიური“, „თრილერი“) ერთი და იგივე პროტაგონისტი ჰყავს. თქვენი ჩანაფიქრი როგორია, მთხრობელი ყოველთვის სხვადასხვაა თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხრობები ციკლის ნაწილია?

კი, ასეა. ერთი და იგივეა და მე ვარ ეგ პროტაგონისტი. ადრე სულ პირველ პირში ვწერდი. ჩემი პირველი კრებულიც სულ პირველ პირში დაწერილი მოთხრობებია, მაგრამ ახლა ვეღარ. ბოლო დროს პირველ პირში წერას გადავეჩვიე. ეტყობა, გავიზარდე და სხვის ტყავში უფრო მეტად ჩაძრომა ვისწავლე. ადრე ჩემი პერსპექტივიდან ვუყურებდი ხოლმე, მე ვყვებოდი, მე ვიყავი ფონი. მესამე პირში წერა ჩემთვის ყველაზე ძნელია და ეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.

კრებულში შესული ტექსტები ნამდვილად ტოვებს ავტობიოგრაფიულობის შთაბეჭდილებას. ძირითადად, ეს ეხება სწორედ იმ მოთხრობებს, რომელთა მთავარი გმირიც მწერალია და როგორც აღნიშნეთ, თავად ხართ პროტაგონისტი. მოვლენები და განცდებიც რეალურია თუ მხოლოდ დამაჯერებელ თხრობასთან გვაქვს საქმე? არსებობს რაიმე ზღვარი თქვენსა და პროტაგონისტებს შორის?

კი, სამწუხაროდ, ნამდვილად ჩემი ცხოვრებიდანაა. ზღვარს რაც შეეხება, არ არის ამ მოთხრობებში. კიდევ გვხვდება მეორე პერსონაჟი – ჩემს მეორე მეს ვეძახი (ვეძახდი, ყოველ შემთხვევაში), ჩემი უახლოესი მეგობარი. იმდენად ვაიგივებდი თავს ამ ადამიანთან, რომ ხანდახან ისიც კი იყო მთავარი მთხრობელი, ოღონდ უფრო ძველ მოთხრობებში. ამათში ნამდვილად მე ვარ და ამბებიც აბსოლუტურად რეალურია.

რა შეიცვალა, როცა ეს ამბები მოთხრობებად იქცა?

გამოცდილება იმ დროს, როცა იღებ, არის ძალიან გაფანტული, დამაბნეველი. ასეთი პროზა ჩემთვის საკუთარი ცხოვრებისთვის თავის მოყრის საშუალებაა: აი, თურმე ასეა და სხვანაირად არა. შეიძლება, სხვანაირადაც არის, მაგრამ რაღაც ფორმაში აქცევ, როგორც სითხეს ასხამ ჭურჭელში და ჭურჭლის ფორმას იღებს.

რატომ არ აქვთ მთავარ გმირებს სახელები? მათი მეგობრები, ახლობლები თუ შემთხვევითი ნაცნობები მკვეთრად გამოხატული პიროვნულობით გამოირჩევიან და ძალიან სახასიათო ტიპაჟებად გვევლინებიან, მაგრამ მთხრობელი თითქოს გამუდმებით ჩრდილში რჩება და საკუთარ თავს მხოლოდ იმდენად ავლენს, რამდენადაც სხვებთან ურთიერთობა ან რომელიმე მოვლენაზე რეაგირება მოითხოვს.

იმიტომ, რომ ეს ვარ მე. ყოველთვის ვამბობ, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, ვარ მხოლოდ დამკვირვებელი. ეს ყველაფერში ძალიან მიშლის ხელს. არსებობს ცხოვრება, სადაც დამკვირვებელი ხარ და კიდევ უნდა გქონდეს მეორე ცხოვრება, რომელიც შენი იქნება. მე ეს ცხოვრება, ფაქტობრივად, არ მაქვს. როგორც უნდა ვეცადო, შევუწყო ერთმანეთს ეს ორი სამყარო, არ გამომდის. სელმა ლაგერლოფის წიგნში „საგა იოსტა ბერლინგზე“ არის თავი, რომელშიც იოსტა ბერლინგის ერთ-ერთი შეყვარებული ხანძარში დამახინჯდება და თვითანალიზს მიეცემა. ამის მერე მთელი გრძნობები უქრება. მე მგონია, რომ მაგ მხრივ ძალიან რთულად ასატანი ადამიანი ვარ საკუთარი თავისთვის. იმიტომ, რომ თვითანალიზის უნარს ვერასოდეს ვკარგავ. მარტო ძალიან ცოტა ხნით. ჩემთვის დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესში ჩართვა, მონაწილეობა და ეს ჩანს კიდეც. ეგ ჩემთვის კარგია, როგორც მწერლისთვის, მაგრამ როგორც ადამიანისთვის – არა.

როგორ ხდებიან ადამიანები თქვენი პერსონაჟები? შეხვედრისთანავე გაიფიქრებთ ხოლმე, რომ შესაძლოა, თქვენს ტექსტში აღმოჩნდნენ?

ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ზოგი კაშკაშა ვარსკვლავივით არის. მაგალითად, თუთი. ახლა მყავს ერთი ძალიან, ძალიან კარგი პერსონაჟი. პერსონაჟად არის დაბადებული. შეიძლება, სხვა რამისთვის არც გამოდგეს არასოდეს ცხოვრებაში. საოცრებაა მართლა. ზოგი არის მკაფიოდ გამოკვეთილი, ისეთი, რომ ბევრი მუშაობა არ სჭირდება, პირდაპირ შეგიძლია, ადგე და დაწერო. უბრალოდ, ფორმა უნდა შეურჩიო. ზოგს შელამაზება სჭირდება. უმეტესობა პერსონაჟებისა არის ძალიან უინტერესო ადამიანი ცხოვრებაში. გააჩნია, როგორ დაინახავ. მე მგონია, რომ ნაწერი, ლიტერატურა ქმნის პერსონაჟსა და ადამიანს და არა პირიქით.

იმ შეკითხვას გავიმეორებ, რომელიც ერთ-ერთმა ფანატიკოსმა მკითხველმა თქვენი მოთხრობის გმირს დაუსვა: „კარგ რამეებზე წერა არ გიცდიათ თუ მართლა ყოველთვის ყველგან ცუდს ხედავთ?“ უფრო ზუსტად – რას ხედავთ, როცა წერას იწყებთ? რომელი თემები გაინტერესებთ, როგორც ავტორს? როგორ უპასუხებდით იმ მკითხველს, რომელიც „კარგ რამეებზე“ წერას ითხოვს (ან მოითხოვს) ავტორისგან?

მე ვუპასუხებდი დათო გაბუნიას საყვარელი ფრაზით – პრობლემა თუ არ არის, არ არის არც ლიტერატურა. და მოდი, განვავრცოთ ეს თემა, იმიტომ, რომ ყვავილები და პეპლები უინტერესოა. თუმცა იქაც შეგიძლია რამე კომპრომატი ამოჩიჩქნო.

რაც შეეხება იმ რეალობას, რომელსაც ვხედავთ, ჩვენ გარშემო არსებობს სტერილური სამყაროები. რაღაც ტიხრები გვაქვს ირგვლივ. ყველაზე წვნიანი სამყაროები არის ის, რომლებიც ამ სტერილური სივრცეების მიღმაა. გარეუბნები მაინტერესებს ყველაზე მეტად. კარგის განსაზღვრებაც რთულია. მე მიკვირს ხოლმე, ამას როცა მეკითხებიან. მარტო შავი და თეთრი არსებობს? რა არის „კარგი“? ამ კითხვით ვუპასუხებდი.

ბოლო დროს განსაკუთრებით მაინტერესებს ქალების სამყარო. ახალ წიგნში უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე. ქალს არაფრის უფლება არ აქვს, განსაკუთრებით ამ სტერილური სივრცეების მიღმა თუ გაიხედავ.განსაკუთრებით რეგიონებში, გარეუბნებში – იქ, საითკენაც გახედვა არ გვინდა, მაგრამ თეორიულად ვიცით, რომ არსებობს.ამ კონფორმიზმზე ვფიქრობ. რატომ არ გვინდა ამ სისუფთავის აქოთებული სივრცეებიდან გასვლა? იმას მაგონებს, ნაპირთან რომ ჭყუმპალაობ და ზღვის სიღრმეებს ვერასოდეს ვერ ნახავ. ჩემი აზრით, ეს ზღვებია ის, რაც ცხოვრებაა და ჩვენ ნაპირით ვკმაყოფილდებით. მე არ მიყვარს სტერილური სივრცეები. ეს არის ყველაზე ჩაკეტილი, პატარა სამყარო.

მოთხრობების უმრავლესობის კითხვა თბილისის ქუჩებში ხეტიალს ჰგავს. წამიერად გაელვებული კადრები და ადამიანები გამუდმებით ახსენებს მკითხველს იმ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურობას ატარებს. თუმცა პერსონაჟებს ეს ქალაქი არ უყვართ, მასში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ და, შესაძლოა, დროდადრო სძულთ კიდეც. რატი რატიანი რას ფიქრობს ქალაქსა და საზოგადოებაზე, რომლითაც გარშემორტყმულია? ავტორისთვისაც „შავი ჭირის სამეფოა“ აქაურობა?

ბოლო დროს კი. ადრე ახალგაზრდა ვიყავი და ახალგაზრდობა ყოველთვის აფერადებს რაღაცებს. ასაკი რომ გემატება, მერე რაღაცებს სხვანაირად ხედავ, ვეღარ არიდებ თვალს. ახალგაზრდობაში საკუთარი თავი გადარდებს უფრო, ვიდრე სხვები. ახალგაზრდობა ძალიან ეგოისტური რამეა. ასაკთან ერთად, იდეალურ შემთხვევაში, ადამიანს თანაგრძნობის უნარი ემატება. მერე, ეს უნარი რომ გივითარდება, უფრო კარგად ხედავ ადამიანებს შენ გარშემო. აქედან მოდის ქალაქის სიძულვილი. აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძალიან შეიცვალა ქალაქი. ის სივრცეები აღარ არის, რომლებიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო და მიყვარდა. აღარ არის ჰაერი. ჟანგბადი არ არის. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, სერიოზული პრობლემაა. ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე,უჟანგბადო ჯოჯოხეთი.

ახლა უკვე მთრგუნავს მთელი ის სამყარო, სადაც ეს მოთხრობები დაიწერა, უკვე სტერილური მგონია. ამიტომ გადავედი ნელ-ნელა მესამე პირში წერაზე. მესამე პირში რომ წერ, იძულებული ხარ, სხვადასხვა პერსპექტივიდან იფიქრო. ნაკლებად ჩაკეტილი ხარ. მგონია, რომ ვემშვიდობები პირველ პირში დაწერილ მოთხრობებს და უკვე შეიძლება ისეთ სადგურებზე გადასვლა, სადაც გავლით ვართ მარტო – ისეთ სამყაროებში, რომლებზეც ნაკლებად წერენ. მგონი, ისეთ რაღაცებზე დავწერ, რაც ასეთი ნაცნობი არ იქნება და იმედი მაქვს, ტექსტების წყალობით იქცევა ნაცნობად.

მაგალითად, მივიწყებულ რეგიონებზე. სალაღობო ამბებს არ ვგულისხმობ, სადაც კუთხურობის მომენტია. მაპატიეთ თუ ვცდები, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს მთელი დრამა თბილისში ხდება. ისევე მიივიწყა ლიტერატურამ მთელი დანარჩენი საქართველო, როგორც სახელმწიფომ. ერთი ტემპით მიდიან.

თქვენი კრებულის პერსონაჟები „უგემურ ფაფაში გამორეული ქიშმიშები“ არიან. როგორც აღნიშნეთ, მათ მიღმა რეალური ადამიანები დგანან. თუთი, კლაიდი, დალაქი… ვინ არიან და როგორები არიან?

დალაქს ნამდვილი პროტოტიპი არ ჰყავს. ეს ამბავი ასე დაიწყო: მიშა ბახსოლიანმა შეგვკრიბა ფეისბუქ ჯგუფში, მისი ახირება იყო, „1001 ღამიდან“ავიღოთ სიუჟეტები, გადმოვიტანოთ თანამედროვეობაში და გამოვცეთ კრებულიო. ყველა ძალიან აღფრთოვანდა, მაგრამ მარტო სამმა დავწერეთ: მე, ირმა ტაველიძემ და თვითონ მიშამ. ეს არის „1001 ღამიდან“ აღებული სიუჟეტი, ოღონდ დღევანდელობაში გადმოტანილი. ეგ ყველაზე მსუბუქი მოთხრობა იყო, წყალივით წავიდა. ამ კრებულშიც არ მინდოდა ჩასმა.

თუთიზე რომანსაც დავწერდი სიამოვნებით. შეიძლება, ოდესმე გავაკეთო კიდეც. თუთი ნამდვილად არის შედევრი. სრული შედევრი. კლაიდზე უკვე დავწერე მთელი რომანი. დანარჩენებს რაც შეეხება, გააჩნია, როგორ დაინახავ, მათ ამბავს როგორ მოჰყვები. შეიძლება, შენ რომ შეხვდე ქუჩაში, სრულიად უინტერესო იყოს, ჩვეულებრივად ჩაიაროს, როგორც რიგითმა. მაგრამ იძულებული ვიყავი, ზოგთან ურთიერთობა მქონოდა და მერე სხვანაირად ხედავ.

თრილერი თითქოს პასუხობს ყველა კითხვას, რომლებიც სხვა მოთხრობების გაცნობისას გვიჩნდება. „გულზე უსიყვარულობის ცივი ხელები გვიჭერს“, უსიყვარულობა და გულგრილობაა ყველაფრის მიზეზი, არსებობაც და არარსებობაც ამიტომ გვაშინებს; ისაა ყველაზე საზარელი ურჩხული, რომელსაც გავურბივართ. თავად რამდენად იზიარებთ ამ აზრს? სიყვარულის განცდაა გამოსავალი პირქუში, სულისშემხუთველი რეალობიდან? თუ შევიყვარებთ ან შეგვიყვარებენ, სარკეში ისევ ავირეკლებით?

მგონი კი, აუცილებლად. ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი, როცა დამკვირვებელი ვახსენე. რაღაცნაირად მსხვერპლად წირავ საკუთარ თავს (ძალიან ტრაგიკული ნათქვამია, მაგრამ მართლა ასეა, სენტიმენტები არაფერ შუაშია). სიყვარული შეიძლება იყოს ჰაერი -გარემო, რომელიც გაბედნიერებს. ეს ძალიან ზოგადი ნათქვამია და შევეცდები, ავხსნა.

რაღაცებს ხშირად ვაკეთებთ მექანიკურად. იმიტომ, რომ ვალდებულები ვართ; გეგმა გვაქვს ცხოვრებაში შესასრულებელი – ვსწავლობთ, სკოლას ვამთავრებთ; მერე ისევ სადღაც უნდა ჩავაბაროთ, სხვანაირად უჩვეულოდ ვიგრძნობთ თავს, გეგმიდან ამოვარდნილად. მთელი ჩემი ცხოვრება იყო არაგეგმაზომიერი. უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, სკოლა რომ დავამთავრე. მხოლოდ მოგვიანებით, რამდენიმე წლის მერე. რაღაცნაირად ვერ ჩავჯექი ამ მექანიზმში. სწორედ ამ გეგმაზომიერებიდან ამოვარდნაა ირაციონალური შეგრძნებები. რაღაცა მოგწონს ან გიყვარს სრულიად უმიზეზოდ. რომელიმე ადამიანი გიყვარს გამოგონილი სიყვარულით. მე ეს მაბედნიერებს. ვამბობ გამოგონილი-მეთქი, რადგან თავისუფლად შეიძლება, გაგიაროს. არც სიყვარულია მარადიული, რაც არ უნდა მოვიტყუოთ თავი.

მაგრამ სწორედ ეს ირაციონალური გრძნობები გვაკეთებინებს მერე სხვა რაღაცებს, რაც, შეიძლება, ყველაზე კარგი რაღაცები იყოს ჩვენს ცხოვრებაში. გამოდის, რომ აუხსნელზე ვართ დამოკიდებული, რომ რაღაც ისეთი შევქმნათ, რაც დარჩება, გაგვახსენდება. დანარჩენი ცოტა არ იყოს უფერულია. აი, გულგრილობა კი მართლა ურჩხულია.

განსაკუთრებით ტრაგიკული ყველაზე ვრცელი მოთხრობის („მკვლელობა სადგურის უბანში“) პერსონაჟები არიან. გავითვალისწინებ მათ, ვისაც კრებული ჯერ არ წაუკითხავთ და ვინაობას არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ოთარას სწორედ ის ადამიანი კლავს, ვისგანაც, წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა ყოფილიყო საფრთხე მოსალოდნელი. რისი თქმა გსურდათ ასეთი ფინალით? სხვა ტექსტებისგან განსხვავებით, აქ უსიყვარულობითა და გულგრილობით ვერ ავხსნით „ორჯერ მოკლული“ ოთარას ტრაგედიას.

ბევრს ვფიქრობდი, ვინ უნდა ყოფილიყო მკვლელი. მინდოდა, რომ მრავალშრიანი გამოსულიყო. შევეცადე, კლასიკური დეტექტივი დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა, რა თქმა უნდა. მერე კი უკვე იმ მომენტმა ჩამითრია, სიყვარული რომ გაკვლევინებს.

„რომეო იცინოდა“ და „მკვლელობა სადგურის უბანში“ – რით განსხვავდება რომანსა და მცირე პროზაზე მუშაობის სპეციფიკა? რომელი ფორმა უფრო ორგანულია თქვენთვის? როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი გზის გაგრძელება?

რომანი ტექნიკურად რთულად ასაწყობი იყო. მოთხრობა მოკლეა, მყუდრო, წყალივით მიდის ხოლმე. რომანის წერისას ათასჯერ წავიკითხე ტექსტი, ათასჯერ გადავალაგე და გადმოვალაგე, სტრუქტურულად ძალიან რთულად ასაწყობია. ყოველ შემთხვევაში, პირველი გამიჭირდა. სხვა არავითარი განსხვავება არ ყოფილა.

ზოგადად, გააჩნია, რას ვგეგმავ. უკიდურესი პედანტი ვარ – თუ ერთ საქმეს ვაკეთებ, სანამ არ დავამთავრებ, სხვას ხელს ვერ ვკიდებ. თუ ისეთი სიუჟეტი შემხვდა, რომელიც სამოთხრობეა, მოთხრობას ვწერ. ის მასალა იყო სარომანო. ახლაც რომანზე ვმუშაობ. ესეც დიდი მასალაა. იდეალურ შემთხვევაში, მინდა, რომ თითოეული თავი ცალკე მოთხრობაც გამოვიდეს და, საერთო ჯამში, რომანიც შეადგინოს.  

© არილი

Facebook Comments Box