პოეზია

ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი და სხვა ლექსები

ტელეფას ცხვარი

მრავალი წელია იმ ბალახს ვძოვ,

სადაც არც ჭინჭარი ასცდა ჩემს ღრძილებს

და არც უჯანგარი.

ტელეფას ცხვარივით

უწყინარი და უსუნო შევრჩი ველებს.

იყო დრო,

ბელადები მიჭამდნენ გვერდებს,

და თავიანთ ქალებს

ულვაშის ცმაცუნით აპრეხილ ნესტოებთან ჩასჩურჩულებდნენ:

აბა გამოიცანი, ცხვარი ვჭამე თუ ხბოო.

იმ ხარაჩოზე მინდა ავკუნტრუშდე,

ჩემს წინ

გაფარჩხული ძუკნასავით რომ დგას,

სადაც ბელადი არა,

მაგრამ მოკუნტული ლოთი ლესავს

დაკბეჩილ კედელს.

ყურს ვუგდებ დიდხანს ქაფჩის ხრიწინს,

და ასე, ფეხზემდგომს, ჩამეძინება.

თითქოს სავსე ავტობუსში ვიდგე, მარჯვენა ხელი საყრდენზე მეჭიროს

და უცხო თითები

განგებ მეთათუნებოდეს.

აუცილებლად გაიხსენებ სიტყვებს: თითსაც ვერავინ დამაკარებთ.

გაიქცევი დედამიწისკენ ისე,

რომ ხურდასაც არ გაიმეტებ გამაძღარი მძღოლისთვის,

ჩემს ამოსვლამდე

გადაკეცილი ხორცის ღვეზელით

რომ ჰქონდა ყბა სავსე.

არც ტრანსპორტთან მომდგარი მათხოვარისთვის,

რომელზეც მეტი მათხოვარი

თავად ხარ.

ურიგოდ მივარდები პროვიზორთან,

მუხლებში ჩავარდნილი სთხოვ

ის წამალი დაამზადოს,

ტვინს რომ დაკეტავს,

დაგარქმევენ უტვინოს

და შეგეძლება

ისეთი სისასტიკე ჩაიდინო,

პასუხიც არ მოგეთხოვოს.

დაიკბინო ტანი,

შემდეგ დაისერო,

ეს გააკეთო სწორედ ციკლის დროს,

მოიგონო, რომ აგხადეს ნამუსი.

არადა წლებია ნამუსახდილი დააბიჯებ.

ადგე და იმ მოძღვარს დააბრალო გაუპატიურება,

რომელმაც გაგიმეტა,

ყველა შენი საიდუმლო ილაყბა

სოფლის გრძელ გზაზე,

გზაზე, სადაც ვეღარ დავბრუნდით.

ღმერთს თუ ვკითხავთ, ეს ლაყბობა,

გაუპატიურებაზე მეტი გარყვნილებაა.

ბოლოს აქციო ზურგი და ირონიულად წაუღიღინო:

მე იმ ტაძარში ვგალობ, სადაც ვცხოვრობ,

მე ის ტელეფას ცხვარი ვარ

მამაოები და ბელადები რომ ჭამდნენ.

მორჩა!

ვეღარ ვიწირები,

მორჩა! მჭლეც გამიცვდა,

ახლა დიდი-დიდი ფეხები მომჭამოთ

და ჩემივე ჩლიქებით

დღის მეორე ნახევრისთვის

უცხიმო წვნიანი მოიხარშოთ.

ხმამაღლაც დააბოყინოთ.

განაგრძოთ ლოცვები დილიდან დილამდე,

დილიდან მესამე დილამდეც,

ისევ ჩემნაირებისთვის,

ისევ მისნაირებისთვის,

ისევ მათნაირებისთვის,

ოღონდ არა შენნაირებისთვის,

ოღონდ არა თქვენნაირებისთვის.

უკუნისამდე.

 

ნოემბრის ქალებს

ენ სექსტონს

მან პულიცერის პრემია მიიღო,

მე – რუსთაველის.

მეექვსე ჭიქაში

ფეხებზე გვეკიდა ნობელი.

საშინლად ვხარხარებდით.

ვამჩნევდით,

თუ როგორ წყდებოდა ფრთხილად

ჯაჭვი არაყში.

ყველა ხედავდა ჩვენს გარყვნილებას,

მოგვწონდა ჩვენც ეს,

“ნოემბრის ქალებს”.

 

გგონია გაიზარდე

ეს ის ასაკია,

როცა აღარც კარტოფილს ატან სქელ კანს,

აღარც დანა გიბლაგვდება.

მიცვალებულის შიშიც გადალახე.

შემიძლია, ღამის საათებში,

უცხო საფლავები ვათვალიერო.

არითმეტიკა მიმავიწყდა:

სწრაფად გამოთვლა მიძნელდება იმის,

თუ რა დრო გაატარეს

გარდაცვლილებმა სააქაოში.

როგორ მაბორძიკა ცხოვრებამ,

არც კი ამოუხვენეშია.

ამას წინათ ფეხები ავაწყე კედელზე

მარცხენა წვივთან, ლურჯი ფერის

წვრილი კაპილარი შევნიშნე,

რომელიც ელვას ჰგავს.

წვიმის დროს ქრება,

ადრე არ შემინიშნავს.

ადრე არც ის შემინიშნავს,

როგორ მივატოვე საკუთარი თავი იმ ნაპირთან,

სადაც ჩემს გარდა ყველა გაშიშვლდა,

მე კი ნამშობიარები მუცელი

ქვიშით დავმალე.

გავიფიქრე: რამხელა ქალობაა

ჯერ კიდევ საზიდი,

დღესვე რომ ჩავაკვდე საწოლს:

ან თრომბი მოწყდეს,

ან ჭარბი ორგაზმით,

ან, თუნდაც, წყლის ყლუპი გადამცდეს სასულეში.

იმდენი რამე ნახა თვალმა…

ყურსაც არ ვუჩივი,

ხანდახან, აკლიმატიზაცია მიხშობს

და იმ მცენარეების ხმა არ მესმის,

უხეირო კლდიდან რომ მიმზერენ.

ავიკვიატე:

შინიდან გავდივარ თუ შინ ვბრუნდები,

კარი აუცილებლად სამჯერ უნდა გავაღო და დავხურო,

თითიც კი მოვიყოლე,

იმდენად მწარე არ იყო,

რამდენადაც ქვედა

მეოთხე საღეჭი კბილის ნერვის ციმციმი.

არადა, ხომ მეტკინა.

თუ გგონიათ,

რომ არ განვსხვავდები თქვენგან,

ძალიან ცდებით.

სანამ თქვენ მოიკაზმებით,

მე, თხელ პენუარზე ბამბის ხალათით,

უწინდო და თმაარეული,

სამჯერ შემოვურბენ ქალაქს.

ასე უფრო მამჩნევენ,

ასე უფრო კოხტა ვარ,

თან, ვყვირი:

არცერთ კაცს არ გირჩევთ ჩემს შეყვარებას,

რა აზრი აქვს.

კაცმა, რომელმაც ძვლამდე შემიყვარა, ვერაფრით გამოიცნო,

ჩემი სხეულის რომელი ნაწილი დალპება პირველად მიწაში.

“თქვენობით” მიმართვა მძულს,

მირჩევნია მარილის გარეშე

მივირთვა ნესვი

და მარტოდ გაგრძნობინოთ თავი.

არც ის დედა ვარ,

დილით რომ წამოხტება

და შვილებს სკოლაში კარაქიანი პურით გაისტუმრებს.

მაგ დროს მე მძინავს,

ძილშივე ვზრუნავ მათ დანაყრებაზე.

არავინ ამჩნევს ჩემს სიყოჩაღეს,

არ ამჩნევს არავინ

გარდა იმ ხოჭოსი,

მინის წმენდის დროს შელახული კედლიდან რომ მესალმება.

რამდენი ვწერე, ღმერთო,

ნეტავ არასდროს მეწერა.

არადა, როგორ არ მოვუფრთხილდე იმას,

საიდანაც გასვლა მომერიდება.

განა რამის დარდი მაქვს?!

ერთ თვესაც, ციკლი რომ გადამიცდეს,

დაუგეგმავი შვილი ჩამიჯდეს ტანში,

მესამედაც ავიტან კანის გაწელვას.

მაგრამ რა ვუყოთ ნერვებს,

რომ არ გყოფნის ბედნიერებისთვის?!

რა ვუყოთ

სადაცაა მოსულ ნოემბერს?!

იმ ოცდათხუთმეტ წელს,

სუფრის კოვზით

რომ შეექცევი თავისუფლებას?!

კარგადაც მოილხენ,

ბევრსაც გამოლანძღავ ამ დროებითობას.

აჰა, და გგონია გაიზარდე.

არადა, თავიდან გასაზრდელი ხარ.

 

საძილე

იცის ასე საძილემ:

გესიზმრება მაღალი კიბე,

პირველივე საფეხურზე

საინტერესო კაცი დგას

უინტერესო ფერადი ვარდებით.

მარტივად შეეძლო მოვეხიბლე,

ხელში სჭეროდა

თუნდაც, ხის კუნძზე ამოსული,

ბოროტი სოკო.

ჩაღეჭავდი და ამ მშვენიერ სიზმარშივე ამოხოცავდი საკუთარ თვალებს.

გრძნობ, როგორ გორდები,

კაცამდე ვერ მისულს გაფხიზლებს

შენივე მარჯვენა ფეხის შეხტომა.

პირველი, რაც თვალში გხვდება,

სამხრეთით აჩაჩული ზეწარია.

ეს ის დროა,

როცა ყველა ჩიტს გამორთული აქვს ხმა.

ცდილობ ძილში შეღწევას,

იქნებ მეტი საინტერესო რამ იხილო.

იღიმი, რომ არ გეშარდება.

არადა, წრიალებ.

ახლა მხოლოდ ძილი გინდა,

ჯანდაბა თქვენს თავს!

განა ყველა კაცს შეუძლია რამე საინტერესო ეჭიროს ხელში!?

 

ახლაც იქ ვცხოვრობ

ახლაც იქ ვცხოვრობ, ქვედა სართულზე.

კაბელი, რომელშიც

მოხეტიალე დენია ჩამწყვდეული,

ისევ კორპუსზე კონწიალობს,

ოღონდ ძალა აღარ აქვს,

ვეღარ მარტყამს.

მაშინ ბავშვები არ მყავდა,

არც ნაიარევი მუცელი მქონდა.

მარინისტულ პეიზაჟს ჰგავს მუცელი,

ნაიარევი – ზღვის ჰორიზონტია,

ჭიპი – მზეა.

მოკლედ, მე ჩემი დაისი მაქვს.

სამაგიეროდ ზედა სართულის თოკია

უცვლელი,

რომელზეც ტლანქი მეზობელი

ჯერ -კაბას,

შემდეგ – ზეწარს,

შემდეგ-კოლგოტს,

შემდეგ – ისევ ზეწარს,

ბოლოში კი

ცალ-ცალ წინდებს ჰკიდებს ხოლმე ულამაზოდ.

 

სახლს სამჯერ გამოვუცვალეთ ფანჯრები.

მე იმ ფანჯრისკენ ვიხედები,

რომლის რაფაზეც დღემდე

თურქული რძის შავი ყუთი დევს,

გარედან მშიერი ძროხა ახატია და,

ასე თუ ისე, საყვავილედაა შერაცხული,

ოცი წლის წინანდელი, ქვადქცეული მიწით.

ხანდახან,

რკინის რგოლებზე დაკიდებული

ბანტის ფარდა თუ გადაემხობა,

მთელი ბავშვობა

შავკანიანი ქალის საყურე რომ მეგონა.

ეს კორპუსი ტყვეებმა აგვიგეს,

ვცდილობდი კარგად მესწავლა გერმანული,

რომ წერილი მიმეწერა მათთვის:

“- გმადლობთ, რომ მსხვილი კედლები დაგვიტოვეთ!”

მშობლებმაც იყოჩაღეს,

ოროთახიანი ბინა სამ ოთახად მიქციეს.

სიგარეტიც ჩემი კორპუსის

გრძელ დერეფანში გავსინჯე პირველად,

ნათესავ ქალს მოვპარე,

ჩვენს სახლში

ანგელოზად რომ ჩასახლდა.

პატარა ცელოფანს მალავდა მუდმივად,

რომელშიც მხოლოდ სურათები ჰქონდა.

ომისგან თავდაღწეული,

ამბობენ, დოდო დაიღუპაო,

მაგრამ მე იმ ხალხს არ ვთვლი მკვდრად,

ვინც კუბოში არ მინახავს.

 

მას შემდეგ ყველგან სიძველეს ვეძებ.

საშინლად შევიყვარე ბავშვობის ალბომი,

ხანდახან ვსუნავ

შიგნით გამოკეტილ ჩემს ბავშვობას.

უმეტეს სურათზე

“ბორჯომი” ან “ნუნისია”

გაურკვევლად ამოტვიფრული.

ზოგან ჩოჩორზე ვზივარ,

ზოგან ბაღის პედაგოგს ვუბღვერ.

არც ძველი ნავთის ქურა გაგვიჩუქებია,

არც ხაზის ტელეფონი გაგვიუქმებია.

ამ ტელეფონზე მხოლოდ ბებიაჩემი რეკავს.

ოთხმოცი წლისაა ბებიაჩემი.

იმ დროს რეკავს,

როცა ვკითხულობ ან ვწერ.

იმ დროს,

როცა მარტო ვარ სახლში.

ვიცი, რომ მარტო ვარ სახლში

და მაინც ვყვირი:

“- ეს ქალი ხელს მიშლის,

ვინმემ აიღეთ ყურმილი!”

 

ვასრულებ წერას

და ვიწყებ ნერვიულობას,

რატომ არ გავაგონე,

იქნებ რა უჭირდა?!

ჯანდაბას შენი წერა და ნევროზი!

და ერთ დღეს,

იმ დღეს,

როცა მე ხელს აღარ შემიშლის

და აღარ დარეკავს,

ეს სახლი თავზე ჩამომენგრევა.

 

რა საჭიროა ქმარი

არც თვე მახსოვს,

არც რიცხვი..

სანაპიროზე ლურჯად შეღებილ სამშობიაროს ჩავუარე,

ქალის არაამქვეყნიური ბღავილი ჩამესმა.

ჩემს თავს ვუთხარი:

რა კარგი ვქენი,

რომ ორჯერ დავისვი მუცელზე ლანცეტი,

ისე უხმაუროდ ამოვყარე შვილები,

რომ მეგონა ფილტვები მუცელშივე ჩამიტოვეს.

 

საბარგულზე მიყრდნობილი ორი კაცი

ქალის ყმუილს

შამპანურით აღნიშნავდა.

ჩანთიდან გაზეთში გახვეული ფუნთუშები ამოვიღე

და ორთავეს ვუწილადე.

ვიგრძენი, ესიამოვნათ ჩემი სიჩუმე.

გავიფიქრე:

რა საჭიროა ქმარი?

და მარცხნივ მღოღავ კატაფალკას გავუღიმე.

 

სახლში მისულმა მწიფე კივი დავსერე.

ცხრა საათზე მრავალშვილიანი მამა უნდა მსტუმრებოდა,

რომ მომეყოლა იმ ქალის ჭინთვებზე.

მივხვდი, დაღლილი იყო.

თითქოს მას ემშობიარა თავისი მრავალი შვილი.

ერთხანს ათამაშა დაჭმუჭნული ცხვირსახოცი.

ალბათ, ეს კაცი კატაფალკაში მწოლიარე ის მკვდარი იყო,

ღიმილით რომ გამოვაცოცხლე.

 

შიოდა.

გამახსენდა, რომ ფუნთუშებით სხვა კაცები დავანაყრე.

დილამდე შემაწუხა ფიქრმა…

რა საჭიროა ქმარი?

საძოვრებზეც ვუშვებთ,

მერე რა, თუ სავსე ჯიქნებით ბრუნდებიან?

თუკი საღამოს არც ყველი შეგვრჩა

და არც ის უფერული კვეთი,

რომელსაც

სხვის სათლში დაუფიქრებლად ჩაღვრიან.

 

გოგორწყვილი

საიდუმლო არ გამაჩნია.

იცოდეთ მაინც,

ჩემ წინ რკინიგზაა.

აქეთ მე და ჩემი სახლი.

ნაწვიმარია.

ვწევარ და ვუსმენ,

ჩაქუჩისაგან შეწუხებულ

გოგორწყვილის იდუმალ ხმას.

ამაღამ უთუოდ ასცდება რელსს.

ამაღამ უთუოდ ავცდებით.

გაწვიმდება, ვიცი.

იმ კაცზე მეფიქრება..

ტუჩებიდან ნიჭი რომ გამოვტყუე.

ყველგან სისველეა.

გაგიმართლათ,

ამ ყოველივეს მშრალ ამინდში

არ გაგიმხელდით.

© არილი

Facebook Comments Box