ესაუბრა კესო უძილაური
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 2012 წელს დაარსდა და მომხმარებელს ელ. წიგნების ფართო არჩევანს, ხმოვან წიგნებს, პოდკასტებსა და ლექციებს სთავაზობს. დღესდღეობით ქართულ ინტერნეტ სივრცეში SABA READER-ი ყველაზე დახვეწილ და მკითხველზე მორგებულ აპლიკაციას წარმოადგენს.
„საბას“ განვითარების 10-წლიან გზასა და მოსალოდნელ სიახლეებზე ვესაუბრეთ ელექტრონული წიგნების სახლის დირექტორს, ირინა ჯავახაძეს.
– როგორ გაჩნდა ელექტრონული წიგნების სახლის შექმნის იდეა?
– 2012 წელს, როცა პრემია „საბა“ არსებობის 10 წელს ითვლიდა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, რატი ამაღლობელის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით შეიქმნა ელექტრონული წიგნების პლატფორმა და აპლიკაცია SABA Reader, რომლის მეშვეობითაც ქართველ მკითხველებსა და ემიგრანტებს მუდმივი კავშირი ექნებოდათ როგორც ქართულ, ისე – თარგმნილ ლიტერატურასთან. გარდა ამისა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეძლო საბაზე განეთავსებინა მისი ჯერ კიდევ გამოუცემელი ტექსტები და გაეცნო მკითხველისათვის.
– დღესდღეობით „საბა“ ყველაზე ცნობილი პლატფორმაა. როგორ ვითარდებოდა იგი ამ 10 წლის განმავლობაში?
– დღევანდელი შეფასებით, SABA Reader-ს არ გაუვლია მარტივი გზა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ბაზარზე უკვე არსებობდა მსგავსი პლატფორმა, რომელმაც შემოიკრიბა ელექტრონული წიგნების მკითხველები. თუმცა სწორად დასმულმა აქცენტებმა განაპირობა ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს – აპლიკაციის განსავითარებლად მნიშვნელოვანი იყო და არის სამი ძირითადი მიმართულება, ესენია: წიგნებისა და ჟანრების მზარდი ასორტიმენტი, აპლიკაციის ტექნიკური გამართულობა და მისი მუდმივი განვითარება, მარკეტინგული მხარდაჭერა – ჩვენი პროდუქტი გავაცნოთ და შევაყვაროთ მომხმარებლებს. ათი წლის განმავლობაში ელექტრონული წიგნების რაოდენობამ გადააჭარბა 7000-ს, მათ შორის არის ხმოვანი წიგნები, პოდკასტები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. გამორიცხულია, ლიტერატურის მოყვარულმა თავისთვის საინტერესო წიგნი ვერ აღმოაჩინოს საბაზე. დიდი ძალისხმევით ვითარდება SABA Reader, რომელიც მუდმივად ახლდება და ემატება ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში კითხვა სასიამოვნო პროცესი გახდეს ყველა გემოვნების მკითხველისთვის. დღემდე, როგორც Google Play-ში, ისე Apple Store-ში აპლიკაციას მაღალი შეფასებები აქვს. ის ფაქტი, რომ დღეს „საბა“ ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, მიანიშნებს სწორად დაგეგმილ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რომელიც მასთან ერთად ვითარდებოდა ეს 10 წელი.
– „საბას“ მთავარი უპირატესობა?
– ლაკონიურად, ერთ წინადადებაში – მოქნილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული აპლიკაცია.
– თვითიზოლაციის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა ციფრული რესურსებისადმი. ამასთანავე, როდესაც პანდემია მძვინვარებდა, გარკვეული დროით მომხმარებლისთვის საბას 6000-ზე მეტი წიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა. რამდენად გაიზარდა ელ. წიგნების მკითხველთა რიცხვი საქართველოში? როგორი იყო ახალდარეგისტრირებულ მომხმარებელთა სტატისტიკა?
– პანდემიის პირობებში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის აღსრულებაშიც „თიბისი“ დაგვეხმარა. 2 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო უფასოდ ეკითხა და მოესმინა ელექტრონული წიგნები. უამრავი მადლობის წერილი და დადებითი შეფასება მივიღეთ მკითხველისგან. როგორც ჩანს, იმ კარჩაკეტილ, აკრძალვებით სავსე გარემოში „საბა“ ერთგვარი შვება და განტვირთვა აღმოჩნდა ყველასათვის, რაც ძალიან გვახარებს. აპლიკაციას იმ 2 თვეში შემოუერთდა 60 000 ახალი მკითხველი. მათ უკვე არსებულ მომხმარებლებთან ერთად უფასო კითხვის პერიოდში ჯამურად 140 000 წიგნი წაიკითხეს.
– რა კატეგორიის ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას ქართველი მკითხველი?
– ქართველ მკითხველს უყვარს პროზა, განსაკუთრებით თარგმნილი, და ურჩევნია მოუსმინოს, ვიდრე იკითხოს. ბოლო წლების ტენდენცია ასევე ცხადყოფს, რომ არანაკლებია დაინტერესება თანამედროვე ქართული პროზისადმი. ჟანრობრივად კი აპლიკაციაში ყველაზე ხშირად სათავგადასავლო რომანებს, სამეცნიერი ფანტასტიკასა და ფენტეზის კითხულობენ.
– როგორ შეაფასებდით, რა შედეგი მოიტანა პრემია „საბაში“ ელექტრონული წიგნების ინტეგრირებამ და კიდევ თუ იგეგმება რამე ამ მიმართულებით?
– პრემია „საბა“ და აპლიკაცია ერთობლივად აძლიერებენ ერთ ბრენდს, რომლის მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ავტორების ხელშეწყობა, კითხვის პოპულარიზაცია და მკითხველისთვის სასიამოვნო პირობების შექმნა.
– ტრადიციული კითხვა – შეძლებს თუ არა ელ. წიგნი ბეჭდურის ჩანაცვლებას?
– მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობა იზრდება და ახალი თაობებისთვის ტელეფონსა და აიპედში კითხვა უცხო არ არის, მგონია, ჯერ კიდევ შორს ვართ ბეჭდური წიგნების ჩანაცვლებისგან.
– დაბოლოს, სამომავლოდ რა სიახლეებია მოსალოდნელი?
– მოგეხსენებათ, რომ SABA Reader გამოწერის მოდელით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მკითხველი კონკრეტული პაკეტის შეძენის შემდეგ წვდომას სრულ ბიბლიოთეკასა და აპლიკაციის ყველა ფუნქციაზე. ლივინგსტონთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ აპლიკაციის განვითარებაზე და მალე ჩვენ მომხმარებლებს უფრო მოქნილ პაკეტების სისტემას შევთავაზებთ. რიდერს დაემატება ის ფუნქციები, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, ასევე, გაიზრდება ხმოვანი წიგნების რაოდენობა და 2023 წლის დასაწყისში ჩვენს მკითხველებს განახლებულ ვებგვერდზე შევხვდებით, სადაც ბევრი საინტერესო საკითხავის გარდა, მომხმარებლებს გამოწერის სერვისის შეძენაც შეეძლებათ.
© არილი