ესე (თარგმანი),  ინტერვიუ

კენ კიზი “მექანიკური ფორთოხლის” შესახებ

kesey2rtt

ფრაგმენტები ინტერვიუდან (1994)

1960 წელს ნილ კესიდი – ბიტ-თაობის სულიერი ლიდერი – პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როდესაც სტენფორდში ვცხოვრობდი, შინ მესტუმრა. არასოდეს განუმარტავს, – არც მაშინ და არც მოგვიანებით, – რატომ მოვიდა ჩემთან… ვაკვირდებოდი ამ ბობოქარ კაცს, რომელიც, ჩემი არ იყოს, ნარკოტიკებით იყო გატაცებული. ვხვდებოდი, რომ არჩევანის წინაშე იდგა… საკუთარ თავს ვეკითხებოდი: იმ გზას გაჰყვება, რომელსაც ბეროუზი, გინზბერგი და კერუაკი დაადგნენ (იმხანად მათ შეშლილებად ჯერ კიდევ არ მიიჩნევდნენ), თუ ჯონ აპდაიკისკენ მიმავალ უხიფათო გზას აირჩევს-მეთქი. კესიდი ჩვენთვის – გზააბნეული ახალგაზრდებისთვის – იყო გმირი. გმირი, რომელსაც უნდა გავყოლოდით.

* * *

კესიდი ჩემზე და “მხიარულ ონავრებზე” უფროსი იყო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩვენი ავტობუსის მესაჭე გახლდათ. როდესაც ავტობუსი მიჰყავდა, გვიყვებოდა იმის შესახებ, თუ რას ხედავდა და ფიქრობდა, რას ვხედავდით და ვფიქრობდით, რა ვნახეთ, რა ვიფიქრეთ და რას ვიგონებდით. მისი ლიტერატურული გმირი პრუსტი გახლდათ. ზეპირად წარმოთქვამდა გრძელ პასაჟებს პრუსტიდან, მელვილიდან და ბიბლიიდან. ჩვენი მოძღვარი იყო. ეს ვიცოდით. ამის გამო დავზარალდით.

* * *

ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა ნილ კესიდი რენდლ მაკ-მერფის პროტოტიპი. ეს მითის ნაწილია… მაკ-მერფი დაიბადა დიდი ხნით ადრე, სანამ ნილ კესიდის შევხვდებოდი. ის, როგორც პერსონაჟი, ჩაისახა საკვირაო სპექტაკლებში, ამერიკულ ვესტერნებში… ინდიელი ბელადის, ბრომდენის ცნობიერებაში მაკ-მერფი არის თითქმის ორგანზომილებიანი – კინემატოგრაფიული – ამერიკული კოვბოი-გმირი.

* * *

რაც შეეხება ნარკოტიკებს, მესკალინსა დაLლსდ-ს ვიღებდი. მაგრამ ნარკოტიკები პერსონაჟთა ხატვის უკეთესი საშუალება როდია, ვიდრე – ფანქრები.

ჩემთვის შეუძლებელია წერა ლსდ-ს ზეგავლენით. ჰანტერ ტომპსონს ეს შეეძლო. მე კი – არა.

“გუგულის” პირველი გვერდების წერის დროს პეიოტს ვსვამდი, თუმცა ჩემი სულიერი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. რომანის სხვა ნაწილების წერისას კი ჰალუცინოგენურ სოკოებს ვეტანებოდი. ნარკოტიკებმა ზეგავლენა მოახდინა უფრო განწყობილებასა და სტილზე, ვიდრე – მსოფლშეგრძნებაზე. ამჟამად ლსდ-სა და სხვა ნარკოტიკებს წერისას, უმეტესწილად, აღარ ვიყენებ.

* * *

ზოგიერთის Aაზრით, ბრომდენი შიზოფრენიკია. ვფიქრობ, ესაა ფილოსოფიური სიშლეგე და არა – კლინიკური დაავადება. მე ვიცნობდი ინდიელებს, რომლებიც ჭამდნენ სოკოებს, შემდეგ კი სხდებოდნენ და უყურებდნენ სანაპიროს, სანამ სანაპირო თვითონ არ დააშტერდებოდა მათ. ეს მდგომარეობა არ წააგავს ყვავილების ბოდლერისეულ აღქმას. ბოდლერმა იცოდა, რომ მის წინაშე ყვავილები იყო, მაგრამ, იმავდროულად, მათ მიიჩნევდა თვალებად, რომლებიც მას აკვირდებოდნენ. ბელადის შეშლილობა კი არის რეაქცია კონტროლის წინააღმდეგ, თუმცა ხშირად მიმართულია თვით სასიკეთო მოვლენების წინააღმდეგაც. თუ ადამიანს არ ახასიათებს ცოტაოდენი სიშლეგე, ის ვერასოდეს დაამსხვრევს კონტროლის კლიტეს, რომელიც წინ ეღობება რეალობას.

* * *

ბოროტება… ჩემს რომანებსა და მოთხრობებში ბოროტება იგივეა, რაც ძალმომრეობა. ასეა “გუგულის ბუდეშიც”.

* * *

ამას წინათ ნიუპორტის ხელოვნების ცენტრში ჭაღარათმიანი მოხუცი ქალბატონი გამომეცნაურა. მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე, ვინ იყო. მითხრა, ლოისი ვარ, უფროსი ექთანიო. ოდესღაც ერთად ვმუშაობდით მენლო-პარკის საავადმყოფოში. ორივენი დავიბენით, მაგრამ გამიხარდა, რომ ეს ქალი გამომეცნაურა. ის ბოროტების განსახიერება კი არ იყო, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ ბებერი მკაცრი ექთანი, რომელიც მთელი ძალ-ღონით ცდილობდა წესებისამებრ ემოქმედა. ბოროტებას ემსახურებოდა და სწამდა ბოროტებისა, მაგრამ, თავისთავად, ბოროტი არ იყო.

* * *

ჩადენილი ბოროტების გამო ვერავის განვიკითხავ. როდესაც გემატება წლები და, ალბათ, სიბრძნეც, ხვდები, რომ დანაშაული და სასჯელი წარმოშობს კიდევ უფრო მეტ დანაშაულსა და სასჯელს. და კიდევ – რწმუნდები, რომ არ არსებობენ ყოველთვის კარგი ან ყოველთვის ცუდი ადამიანები. ლიტერატურას აზრი არ ექნებოდა, ასე რომ ყოფილიყო.

რაც შეეხება დანაშაულს, ადამიანი ან თავს იკავებს მისგან, ან ქვებს ესვრის დამნაშავეს. ვენდელ ბერი ამბობს, რომ ყველას შეგვიძლია ბოროტების ჩადენა. იმისთვის, რომ ურჩხულებად არ ვიქცეთ, არსებობენ ემერსონი, თორო, ბიტლები და ბობ დილანი – დიდი ხელოვანები, რომლებიც გვასწავლიან: გიყვარდეთ ადამიანები და ტკივილი არ მიაყენოთ მათ. რა თქმა უნდა, შეიძლება შემთხვევით გული ატკინო სხვას, მაგრამ არ უნდა შეეცადო მასზე გაბატონებას ან მის შეცვლას – მხოლოდ უნდა გიყვარდეს ის. საბოლოო ანგარიშში, უნდა გვიყვარდეს უფროსი ექთანიც. ის მხოლოდ ემორჩილება გარეშე ძალას, რომელიც აიძულებს მას მოიქცეს ამგვარად და არა სხვანაირად. უნდა ვებრძოლოთ ამ ძალას, მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს უბედური, ტანჯული ადამიანები. თვით ყველაზე უარესნიც კი.

* * *

როდესაც “გუგულის ბუდის” გადაღება დააპირეს, თავდაპირველად კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ ჰოლივუდში მოინდომეს, რომ აქცენტები შემეცვალა, თხრობის ცენტრში კი ყოფილიყო არა ბელადი, არამედ – უფროსი ექთანი. სხვაგვარი უთანხმოებანიც გვქონდა.

* * *

რაც შეეხება ფილმს, ის არ მინახავს. ადვოკატებთან ერთად ვედავებოდი კინოსტუდიას იმის გამო, რომ საკმარისად არ ამინაზღაურეს. მითხრეს, რომ თავდაპირველად ფილმს სწორედ მე მანახვებდნენ. გეფიცებით, არასოდეს ვნახავ ამ ფილმს-მეთქი, ვუპასუხე. ასე აღვუთქვი ჩემს ორ ადვოკატსაც და სულაც არ მინდა, ფიცი დავარღვიო…

© “არილი

Facebook Comments Box