პოეზია (თარგმანი)

კიმბერლი ჯონსონი – სამი ლექსი

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა

კიმბერლი ჯონსონი, პოეტი და რენესანსის ლიტერატურის მკვლევარი, 1971 წელს დაიბადა. ამჟამად სოლტ ლეიქ სითიში (იუტას შტატი, აშშ) ცხოვრობს და ბრაიამ იანგის უნივერსიტეტში (BYU) შემოქმედებითი წერისა და რენესანსის ლიტერატურის კურსები მიჰყავს. მისი აკადემიური ინტერესების სფეროში შედის ჯონ მილტონისა და ჯონ დონის ლირიკული პოეზიის კვლევა. ასევე, თარგმნის კლასიკურ პოეზიას ბერძნული და ლათინური ენებიდან, ნათარგმნი აქვს ვერგილიუსის “გეორგიკები” და ჰესიოდეს პოემები. მისი სამეცნიერო სტატიები მე-17 საუკუნის ლიტერატურის შესახებ იბეჭდება აშშ-ს პერიოდულ გამოცემებში.

დღეისათვის კიმბერლი ჯონსონი 3 პოეტური კრებულის ავტორია: 2002 წელს გამოიცა „ლევიათანი ჰუკთან ერთად“, 2008 წელს – „მეტაფორული ღმერთი, ხოლო 2014 წელს გამოცემული ჯერჯერობით ბოლო კრებულის სახელწოდებაა „უჩვეულო ლოცვა“. კიმბერლი ჯონსონი არის აშშ-ის ეროვნული ფონდის არაერთი გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი.

კიმბერლი ჯონსონის ლექსები პირველად ითარგმნება ქართულად. როგორც თავად შენიშნავს, მისი „ლექსებისათვის დამახასიათებელია უჩვეულო სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები“.

 

ოდა ჩემს ჭიპს

ჩემს იარებში ყველაზე ღრმა ის პირველი იარა იყო:

ნახევარი ინჩის ტოლი ჩაღრმავება, სადაც ეკიდა უსიცოცხლოდ ჭიპლარის ღერო

და გუგუნებდა ყრუ ტკივილი, არასოდეს მოშუშებული,

აქ ჩამოიფცქვნა ჭიპს მოყოლილი ჩემი სახელი,

ახლა უკვე დავიწყებული, ოდესღაც რომ ნიშნავდა „ფლობას“. გავმთლიანდი და

გავმხიარულდი, როცა ჩემი ცხრა თვის მუცელი

გაიბერა გენიალური შიგთავსის გამო, კანდაჭიმული

და ყველაზე გამობერილი იყო ჩემი მუცელი ცენტრში, სადაც მყიფე

ჭიპი გაბრტყელდა და დაფარულმა შიგნით ხორცმა

ამოხეთქა ჩემ ზედაპირზე, ეს მოხდა მანამ, სანამ გაჩნდებოდა ჩემი ტკივილი,

კარგად ნაცნობი და შინაური: მემკვიდრეობით გერგო იარა,

ნაჩქარევი და დაუცველი ჩვენი ორმხრივი (ახლა უკვე შესუსტებული)

კავშირის ფონზე შენი პირველი ნაჭრილობევი.

–  შენი თანდაყოლილი მარტოობა.

 

მწუხრი

გამანადგურებს ეს მზის ჩასვლა! – მისი ბინდბუნდი

ჩემს უმწარეს სინანულებს მოერეკება,

რათა კარგად გამამათრახონ. ეს შემოდგომის შუქის ბრალია,

ალმაცერად და მოყავისფროდ რომ ეცემა სამხრეთისაკენ

სამეზობლოში აყუდებულ შენობებს შორის.

ისე ეცემა შუქი ქვაფენილს, როგორც ხორცის მსხვილი

ნაჭერი, რომელიც თითქოს დაყაჩაღებით ემუქრება გამვლელ გამვლელებს.

ტაძრის ზარები გრუხუნებენ საღამოჟამის ფუტურო ლოცვებს.

განა, არის სადმე სხვა ხმა, უფრო მეტად მიუსაფარი,

ვიდრე ესაა ჩამქრალ ბალახზე სასხურიდან ნაწვიმი წყლის მძლავრი შეხება?

არის სხვაც: სადაც არ უნდა მიდიოდეს, იმ მანქანის შეცბუნების ხმა,

დაქოქვისას რომ ისმის ხოლმე, როცა ფარები ინთება უკან და ისე ღვივის,

როგორც რეზინის წითელი შტამპი გაყრის ქაღალდზე.

თანდათანობით სიჩქარის კლება – მეტაფორაა

მეტაფორების მარცხის აღმნიშვნელად. ეს მანქანა

ის მანქანაა, რომ მიდიოდა. წავიდა უკვე.

 

დასანგრევი ბურთი ამწეონკანზე

 

რა ჯიუტი გაბედულებით მიყვარს

კედელი! – :ისე ნამდვილი არის მისი წითელი დგომა,

 

რომ ითხოვს დარტყმას შეხეთქების არამყარი

დაბნეულობით, ჯაჭვის ჩხარუნით

 

მთვრალივით უნდა გავიარო გზა-პარაბოლა, რათა ვაკოცო

აგურთა წყებას. თუ ეშველება, ნეტავ, კედელს

 

მთელი ძალით რომ ვეკვეთები? ყველა ჩემ სატრფოს, ახლა

მტვერში რომ არიან თავჩარგულები, ერჩივნა, ალბათ,

 

გულგრილობა ეწვნია ჩემგან. რატომ მსურს

ასე? – სიყვარულის დასასრულებლად.

© არილი

Facebook Comments Box