გერმანულიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა
– ბატონო პანტერ, გუშინ ისეთი ჩინებული ანეკდოტი მოვისმინეთ, უსათუოდ უნდა გიამბოთ… უფრო სწორად, მე უნდა უნდა გიამბოთ. ჩემმა ქმარმა მანამდეც იცოდა… მართლაც რომ, ჩინებული ანეკდოტია. მაშ ასე, ყური დამიგდეთ!
ერთ კაცს… ვოლტერ, ხალიჩაზე ნუ აფერფლებ! ნახე, მთელ ხალიჩაზე შენი თამბაქოა. ჰოდა, ერთ კაცს, არა, ერთ მოგზაურს გზა აებნა ალპებში. რაო? დოლომიტის ალპებში? მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, მიდის ღამით, სიბნელეში. უცებ სინათლე დაინახა და მისკენ წავიდა… მაცალე მოყოლა! მნიშვნელოვანია ესეც!… მიდის სინათლისკენ და ქოხს გადაეყარა. ქოხში ერთი გლეხი ცხოვრობდა ცოლთან ერთად. კაცი მოხუცი იყო, ქალი – ახალგაზრდა და ლამაზი. ჰო, რა იყო, ახალგაზრდა. უკვე საწოლში იწვნენ. არა, ჯერ არ იწვნენ საწოლში…
– ჩემს ცოლს არ ეხერხება ანეკდოტების მოყოლა. სჯობს მე მოვყვე, შენ შემისწორე, თუ რამე შემეშლება. მოკლედ, მე გიამბობთ:
ესე იგი, ერთ კაცს დოლომიტის ალპებში ხეტიალისას გზა აებნა. ჰოდა, მივიდა… ადამიანს თავგზას ურევ. ეგრე არ არის. სულ სხვანაირადაა. დოლომიტის ალპებში, აი, ასე! დოლომიტის ალპებში მოხუცი გლეხი ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლთან ერთად. საჭმელი გამოელიათ. ამიტომ საქონლის ხორცის კონსერვის შემორჩენილ ქილას იზოგავდნენ ბაზარში წასვლამდე. და აი, მოდის… როგორ?.. სწორედაც რომ, ასეა! გაჩუმდი ოღონდაც… ჰოდა, შუაღამეს კარზე კაკუნია, იქ კი უცხო კაცი დგას, რომელსაც გზა აებნა და ღამის გასათევს ითხოვს. არადა, ადგილი არ აქვთ. ერთი საწოლია და თვითონ წვანან ზედ. როგორ? კი მაგრამ, ტრუდე, რა სისულელეა… ძალიანაც სასიამოვნო იქნებოდა!
– მე ამას ვერ შევძლებდი. ძილში ვიღაც ყოველთვის ფეხს იქნევს. არა, სად შემიძლია!
– არც არავინ გთხოვს, რომ შეძლო. და ნუ მაწყვეტინებ ძალიან გთხოვ.
– თავად არ თქვი, სასიამოვნო იქნებოდაო? ჩემთვის კი არ იქნებოდა სასიამოვნო.
– ჰოდა…
– ვოლტერ! ფერფლი! ნუთუ არ შეგიძლია, საფერფლე აიღო?
– მოკლედ, დგას მოგზაური ქოხში, წვიმისგან ერთიანად გალუმპული და ღამის გასათევს ითხოვს. გლეხმა შესთავაზა, ჩვენთან დაიძინეო, ანუ მასთან და მის ცოლთან.
– არა, ვოლტერ, ისევ გეშლება. შუაშიო, მასა და მის ცოლს შორის – ანუ მოგზაური მათ შორის უნდა დაწოლილიყო!
– ჰო, კარგი, იყოს შუაში. რა მნიშვნელობა აქვს!
– როგორ თუ რა?!.. მთელი ანეკდოტი მაგაზეა.
– ანეკდოტი ნამდვილად არაა იმაზე, კაცი სად დაიძინებს!
– სწორედაც რომ, მაგაზეა. ასე, ბატონი პანტერი თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს. მაცალე, მე მოვყვე! მოკლედ, კაცს სძინავს, ხომ გესმით, მოხუც გლეხსა და მის ცოლს შორის, გარეთ კი ჭექა-ქუხილია… მაცლი თუ არა?
– გეშლება. ჯერ ჭექა-ქუხილი არაა. ჯერ ტკბილად ჩაეძინებათ. უცებ კაცს გამოეღვიძება და ცოლს ეუბნება… ტრუდე, ტელეფონს უპასუხე, ვიღაც რეკავს… არა, მაგას არ ეუბნება. გლეხი ცოლს ეუბნება… ვინაა? უთხარი, მოგვიანებით დარეკოს, ახლა არ გვცალია-თქო. ჰო. არა. ჰო. დაკიდე! დაკიდე რაღა!
– მოგიყვათ უკვე ბოლომდე? ჯერ არა? მოჰყევი, რაღას უცდი!
– ჰოდა, გლეხი ცოლს ეუბნება: გარეთ თხებს უნდა გავხედო, მგონი, აეშვნენ და ხვალ რძე არ გვექნება. ვნახავ, ბოსლის კარი კარგად თუა დაკეტილიო.
– ვოლტერ, ბოდიში, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ პოლი ამბობს, მოგვიანებით ვერ დავრეკავ, მხოლოდ საღამოს შემიძლიაო.
– საღამოს იყოს. ჰოდა, გლეხი… კიდევ მიირთვით ყავა… ჰოდა, გლეხი გარეთ გადის. ჯერ გასულიც არაა, რომ მისი ახალგაზრდა ცოლი მოგზაურს ფეხს გაჰკრავს…
– ცდები. სასტიკად ცდები. პირველ ჯერზე არ გაჰკრავს! გარეთ კი გადის, მაგრამ ქალი ფეხს მესამე ჯერზე გაჰკრავს. კაცი გარეთ სამჯერ გადის. ახლაც ვერ გამიგია, რატომ! მაცალე! მოკლედ, კაცი თხების შესამოწმებლად გადის და თხები რომ ადგილზე დახვდებიან, უკან ბრუნდება.
– არაფერიც, გლეხი კარგა ხანს დარჩება გარეთ. ამასობაში ქალი მოგზაურს ეუბნება…
– არაფერსაც არ ეუბნება, გლეხი უკან შემოდის…
– თავიდან არ შემოდის!
– ჰოდა, გლეხი უკან შემოდის და დაიძინებს. ცოტა ხანში ისევ გამოიღვიძებს და ამბობს, თხებს უნდა გავხედოო და გარეთ გადის.
– იმის თქმა დაგავიწყდა, რომ მოგზაურს საშინლად შია!
– ჰო, მოგზაურმა მანამდე, ვახშმობისას თქვა, საშინლად მშიაო. ცოლ-ქმარმა კი უპასუხა, ცოტაოდენი ყველი კიდევ უნდა იყოს დარჩენილიო…
– და რძე!
– და რძეც. საქონლის ხორცის კონსერვიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბაზარში წასვლამდე იზოგავდნენ და სტუმარს ვერ შესთავაზებდნენ. მერე დასაძინებლად დაწვნენ.
– გლეხი, როგორც კი გარეთ გავა, ქალი ფეხს გაჰკრავს, ანუ მოგზაურს გაჰკრავს ფეხს გვერდში და ეტყვის: აბა…
– არაფერიც! არაფერიც! ვოლტერ, ცდები! ქალი არ ეტყვის, „აბა“-ო…
– რა თქმა უნდა, ეტყვის, აბა, სხვა რა უნდა უთხრას?
– ის ეტყვის: ახლა კი შეგვეძლო…
– პირიქით, ის ეტყვის: აბა… – და მოგზაურს ფეხს გაჰკრავს გვერდში…
– ყველა ანეკდოტს ასე ამახინჯებ, ვოლტერ!
– გადასარევია პირდაპირ! მე ვამახინჯებ ანეკდოტს? მე კი არა, შენ ამახინჯებ. მე არაფერსაც არ ვამახინჯებ! ჰოდა, ქალი ეტყვის…
– კმარა, ახლა მაინც მაცალე მოყოლა! შენ მთავარი გავიწყდება…
– ტრუდე, გირჩევნია, არ გამაბრაზო! როცა ანეკდოტის მოყოლას ვიწყებ, თავადვე ვამთავრებ.
– კი მაგრამ, შენ კი არა, მე დავიწყე! – რა მნიშვნელობა აქვს, მე მსურს დავასრულო, იმიტომ, რომ შენ ამბის მოყოლა არ იცი, ყოველ შემთხვევაში, წესიერად მოყოლა! – რახან ჩემებურად ვყვები და არა შენებურად? თუ არ მოგწონს, ნუ მომისმენ, ბატონო!.. – არც მინდა მოსმენა… მხოლოდ ამბის დასრულება მინდა, რომ ბატონმა პანტერმა ისიამოვნოს! – თუ გგონია, რომ შენი მოსმენა სიამოვნებაა… – ტრუდე! – თქვენ მაინც უთხარით, ბატონო პანტერ, ეს გაუსაძლისია! მთელი კვირაა, ასეთი გაღიზიანებულია… მე… – შენ… – შენი გაუწონასწორებლობა… – ახლა იტყვის კომპლექსებიო! დედაშენი კი ამას უბრალოდ ცუდ აღზრდას უწოდებს… – ჩემი აღზრდა!.. – ვინ გამოითხოვა ადვოკატისგან საქმე უკან, ვინ? მე ხომ არა? ვინ შემეხვეწა, გაყრა არ… – ტყუი! – ბრახ: გაჯახუნდა მარჯვენა კარი; ბრახ, გაჯახუნდა მარცხენაც.
ვზივარ ასე, დაუმთავრებელი ანეკდოტით.
ნეტა, კაცმა რა უთხრა გლეხის ახალგაზრდა ცოლს?
© არილი