Uncategorized

ლაშა ბუღაძე – პუტინის დედა

putinis deda

შესავლის მაგიერ

საქართველოში ბევრმა იცის, რომ ქვეყნის შუაგულში, კასპთან, იმ ქალაქს შორის, სადაც ოდესღაც სტალინი დაიბადა და სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სამხრეთ-ოსეთის არაღიარებული, უფრო სწორად, მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული და რეალურად კი ოკუპირებული “სახელმწიფო” გაჩნდა, მოხუცი ქალბატონი, ვერა პუტინა ცხოვრობს. ეს ქალბატონი უკვე წლებია ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედაა და უცნაურ, პარადოქსალურად დამაჯერებელ ამბებს ჰყვება რუსეთის ამჟამინდელი მმართველის ბავშვობის შესახებ.

კასპის რაიონში რომ ჩახვიდეთ და პირდაპირ ჰკითხოთ შემხვედრებს, პუტინის დედა სად ცხოვრობსო, არც დაიბნევიან, ხელად მიგასწავლიან მის საცხოვრებელს: “პუტინის დედა? აგერ ცხოვრობს, სოფელ მეტეხში”.

რამდენიმე წლის წინ მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, თუმცა მისი ნაამბობის ნამდვილობა არც არავის დაუდასტურებია და არც არავის უარუყვია. ერთი კია, არცთუ დიდი ხნის წინ რომელიღაც ქართულ გაზეთში  ამოვიკითხე, რომ ქართველ ექსპერტებს ამერიკელთა დახმარებით ჩაუტარებიათ ამ ქალბატონისა და ვლადიმერ პუტინის თმის DNA-ის ანალიზი (თურმე, ამერიკელებს მოუპოვებიათ პუტინის თმის ღერი) და ამ ექსპერინეტის შედეგად ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულა მისი დედობა. 

ვერ გეტყვით, რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, მაგრამ თავისთავად იმის გამოძიებაც საინტერესო იქნებოდა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა პუტინისთვის თმის ჩამოწიწკვნა (თან ისე, რომ მას ვერ გაეგო)? ბუნებრივად ხომ არ დასცვივდა? შესაძლებელია, რომ მისი რომელიმე კოლეგა-პრეზიდენტი წაპოტინებოდა?

ასეა თუ ისე, ეს ამბავი ცალკე გამოძიებას საჭიროებს, ჩემი პიესა კი არა იმდენად კონკრეტულ დედაზე, რამდენადაც მოხუც პენსიონერ ქალზეა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართლიანად ჩივის თავისი სიღატაკისა და დაუცველობის გამო, მეორე მხრივ კი – და სწორედ ამ მიზეზთა გათვალისწინებით! – თუკი ვინმე ეიმედება, ეს მხოლოდ პუტინია; პუტინი, რომელიც წარსულის დაბრუნებას, საბჭოთა კავშირის აღდგენასა და მისი უიღბლობისა და შიშის მთავარი მიზეზის, დასავლეთით მცხოვრები ძველი, ძლიერი და უჩინარი მტრის საბოლოო განადგურებას ჰპირდება.

უკრაინის კრიზისის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა თავად აღიარა, რომ მისი ჯარისკაცები (ციტატა) “ქალებისა და ბავშვების ზურგს უკან იდგებიან”, და მართლაც – ბევრმა ნახა ის კადრები, როცა პუტინის ბეტეერებსა თუ სამხედროებს ფაქტობრივად წინ მიუძღოდნენ უსამართლოდ დაჩაგრული, მაგრამ აწ გამაოგნებლად გასასტიკებული და შურისმაძიებელი ბებიები.

პუტინის დასაყრდენი ახლა შეშინებული, მიტოვებული და მძვინვარე პენსიონერებია.

დესპოტების უკან ხომ ყოველთვის ეს უმრავლესობა დგას.

 ლ. ბ.        

           

მონოპიესა

 

– არ მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, სად მდებარეობს ჩემი საცხოვრებელი ადგილი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს მიწა ცნობილია ვაშლის ხეებით და კიდევ იმით, რომ აქედან ნახევარი საათის სავალზე დაიბადა საბჭოთა კავშირის ბელადი იოსებ სტალინი. მაგრამ ეს ადრე. მე არ ვიცნობდი არც მაგას და არც დედამისს. მე გვიან გავჩნდი.

ეს არაა ჩემი სამშობლო, მე დავიბადე სხვაგან, სხვა ქვეყანაში და სხვა ხალხში, მაგრამ განგებამ ისე ინება, რომ უკვე ათწლეულებია აქ ვცხროვრობ და იმ ენაზე ვსაუბრობ, რომელიც მშობლიური არ არის ჩემთვის, თუმცა მშობლიურზე უკეთ ვიცი ახლა. მაგრამ რად უნდა ენა ძროხას ან ქათამს? მე მათ ვესაუბრები საერთაშორისო ენაზე, რომელიც გასაგებია, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველთა ყველა სახეობისათვის.

თუკი ჩემს ბიოგრაფიას გადავხედავ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს დამკარგვია პირადად ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი რქოსანი ან ფრთოსანი. იყო შემთხვევები, როცა ძროხა გაეტყუებინათ სხვა სოფლიდან მოგზავნილებს, მაგრამ ჩემი პირუტყვი – არასდროს. სხვისი ძროხები, სულო და გულო, მრავალჯერ მომიბრუნებია მშობლიურ სოფელში.

აქ არ არსებობს არც არც ერთი ცოცხალი და ჯანსაღი ცხოველი, რომელიც მე დამემალება. სოფელში იციან – თუკი რქოსანი სამანქანო ტრასაზე გადავიდა და გაქრა, მაშინვე მე უნდა მომიხმონ.

ამაყი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების მანძილზე მიპოვნია ასობით ბოჩილა, თხა, ქათამი და ღორი!

სწორედ მე დავუბრუნე სოფელს ორი წლით გაუჩინარებული კამეჩი და ისიც მე ვიყავი, ვინც ხრამში გადამხტარ ციკანს მიაგნო, მე ვიპოვე მგლის ლეკვები და მე აღმოვაჩინე ჯეირანის ნაკვალევი, რომლის შესახებ დღემდე ამბობს ზოგიერთი უნამუსო პიროვნება, რომ ეს დათვის ნაკვალევი იყო. ამ დროს, სად დათვი, სად ჯეირანი!

რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მოგანიშნო: ყველა და ყველაფერი მიპოვნია შენს გარდა!

უკვე აღარც მახსოვს, რამდენჯერ ვცადე შენთან დაკავშირება, სად

აღარ ვიყავი, ვის აღარ ვთხოვე შველა, მაგრამ მაინც ვერ მოაღწია შენამდე ჩემმა გზავნილმა.

პირველად თხუთმეტი წლის წინ გნახე ტელევიზორში და ხელად გიცანი – კედელ-კედელ რომ მოუყვებოდი გრძივ დარბაზს… მეთქი, ესაა ჩემი შვილი, ეს ბიჭი დავკარგე წლების წინ! სახეც შენია, მიხვრა-მოხვრაც, ფეხის გადგმაც – ოდნავ დაქანებულად მარჯვნისკენ… და უდავოდ სიმაღლეც, რადგან ეს თავიდანვე ნათელი იყო, რომ მეტად არც გაიზრდებოდი. ძილშიც გნახე და ასე მითხარი: “დედა, დამაწინაურეს, არდადეგებზე ჩამოვალ”.

დედის გულს რას მოატყუებ!

დიდი სიზმრების მხედველ-მომყოლი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ 1987 წლის 16 მარტს ცხადად დამესიზმრა ქარელის რაიონში დაკარგული ბოჩოლა. და სადაც დამესიზმრა, მეორე დღეს სწორედ იქ ნახეს ჩემმა თანასოფლელებმა. ეს შემთხვევაც მსგავსია.

ოთხჯერ მყავხარ ნანახი მრავალრიცხოვან საზოგადოებრიობასთან ლაპარაკის დროს: ვიძინებდი და ვიღვიძებდი, შენ კი ისევ ტელევიზორში იჯექი და მოსახლეობას ესაუბრებოდი. ხოდა, მეთქი, ამაშიც მე მგავს, გაჩერება არ იცის, თავს არ დაიზოგავს, იქამდე მოწველის პირუტყვს, სანამ ბოლო წვეთს არ გამოადენს. პირადად მე ძროხის დამჩუტავს მიწოდებნენ სოფელში და შენც ასეთი ხარ: ცხოველს მანამდე არ გაეცლები, სანამ პირწმინდად არ დაუცლი ძუძუებს. მე დამემმგვანე, რას იზამ.

დედის ბუნებაც იმგვარია, რომ როგორი ღობეებიც არ უნდა ამოუშენონ და რამხელა მავთულხლართებიც არ უნდა გაუბან, შვილისკენ გასაღწევ ღარს მაინც მონახავს და თუნდ სიკვდილის ფასად, მაინც მიაწვდენს თავის ხმას.

ახლა ისეთი სურათია, რომ შენმა სამხედროებმა – თუმცა ჩემი და შენი რამ გაჰყო, – ჩვენი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მავთულხლართებით შემოღობეს მიწა. ამ წუთებშიც კი, როცა მე ჩემს ვაჟთან ვცდილობ საუბარს, დიდი მონდომებით მიდის მავთულხლართების ბმა და სასაზღვრო ნიშნების დარჭობა: “სახელმწოფო საზღვარი”.

საზღვრები კი, უნდა მოგახსენო, გადის კერძო ბაღებში, სახლებში, საძოვრებზე, სახნავ-სათესებზე და სასაფლაოებზე. არის შემთხვევები, რომ სამხედრო პიროვნებების მიერ გაწეული სამუშაოების შემდეგ სახლი საზღვარს აქეთ რჩება, ჩეჩმა კი, ესე იგი, ტუალეტი, საზღვრის იქით. მაშასადამე, ძროხა აქეთ და ბოსელი იქით, მძოველი აქეთ და საძოვარი იქით.

ერთი პიროვნება საზღვარს აქეთ დარჩა თავისი მოხუცი ცოლითურთ, ხოლო მისი მშობლების საფლავები მავთულხლართების გადაღმა, ხოდა, როცა სამხედროებს პირდაპირ დაუსვა საკითხი, ვაი თუ მოვკვდე, როგორ დამკრძალონ, ღობეში კუბოიანად ხომ არ გამაძვრენენო, იმათ მიუგიათ – მოსკოვში უნდა წავიდნენ და იქ აიღონ შენი დამარხვის ცნობაო. მაგრამ ახლა უყურე, რა ხდება: სასაფლაო ყურისძირშია, გორაკზე, ხოლო მოსკოვამდე, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც უნდა ჩასვლას. ხუთ დღეში მკვდარი აყროლდება, ჭირისუფალი მოიქანცება, მაგრამ ისე ნუ იფიქრენ, თითქოს კანონიერების წინააღმდეგი ვიყო: მე რომ მკითხო, კარგმა ჭირისუფალმა არათუ ერთ, არამედ ორ და სამ კვირას უნდა გაუძლოს თავის მკვდარს. ამიტომ დიდად არ ვყვები იმ ხალხს, ვინც ამაზე ვიშვიშებს. როდის აქეთ გახდა საწუწუნო და სათაკილო მოსკოვში ჩასვლა? ხალხი მიზეზს ეძებდა ჩემს ახალგაზრდობაში, იქ რომ წასულიყო და აჰა, ამაზე კარგი მიზეზი რაღა გინდა! აქაურებს მანდ ჩამოსასვლელ საშვებს აღარ აძლევენ, თორემ მკვდრის დასამარხს ვის დაუკავებენ. ჩააკრაც პასპორტში შენი მკვდრის ფოტოს და ყველა კარი გაგეღება მოსკოვში. ომს ერთი პატარა ცნობის გამო ხომ არ დაიწყებ!

ბევრიც ჯონჯოლის საკრეფად გადის ტყეში და დღე არ გავა, ვინმე რომ არ დაიჭირონ სამხედრო პიროვნებებმა. მაგრამ განა ტყუილად იჭერენ, – ტყუილად რა, ყაჩაღები კი არ არიან, – საზღვრის დარღვევის გამო იჭერენ. ზოგჯერ იქ ჩნდება საზღვარი, სადაც წინა დღეს არ ყოფილა და ეს ხალხიც ჩვეული გზით დადის ჯიუტად – ვითომ არ იციან, რომ ჯონჯოლის ტყე ერთი საათის უკან, ან, უფრო მეტი, წინა ღამეს შესულიყო სხვა ქვეყნის შემადგენლობაში. აბა, რა უნდა ამის გაგებას? ხედავ, ჯარისკაცი მოდის, ან კიდევ ვილისი, თუკი ჭკუა გაქვს, ხომ უნდა მიხვდე, რომ საზღვარი გადაგიკვეთია? პირადად მე, ერთხელ, განზრახ წავედი ჯონჯოლის საკრეფად ხსენებულ ტყეში და ისე ვიარე გუმანით, რომ ერთხელ არ შემომრღვევია საზღვარი; იმდენი ჯონჯოლი დავკრიფე, სად წამეღო, აღარ ვიცოდი. მერე ამბობდნენ: იციან, ვისი დედაც ხარ და ამიტომ არ დაგიჭირეს. დედობა რა შუაშია? არ დამირღვევია და ამიტომაც არ დამიჭირეს-მეთქი. შენ რა იცოდი, საზღვარი სად გადიოდა, იქნებ დაარღვიე კიდეც და ვერც გაიგეო. მე არ ვიცოდი, მაგრამ რომ მცოდნოდა, არ დავარღვევდი და რახან არ დამიჭირეს, მაშასადამე, არც დამირღვევია-მეთქი. მაგრამ ჩემთვის კი ვფიქრობდი, იქნებ და მართლაც შენგან იცოდნენ, ვინც ვიყავი და ამიტომაც არ მომეკარენ-მეთქი. მე ხომ ვიცი, რომ შენ იცი, სად ვარ და რას ვშვრები. სადაც არ უნდა ვიყო, გულით და სულით ვგრძნობ, როგორ მიყურებ და მისმენ, ზრუნვით როგორ მითვალთვალებ.

ისიც უნდა იცოდე, რომ ფულის გამო ხშირად ხდება ჯონჯოლის და ფიჩხის შესაგროვებლად გასულთა გატაცება. სამხედრო პიროვნება იტაცებს, როგორც საზღვრის დამრღვევს და მერე ფულს სთხოვენ ოჯახს. ოჯახს კი რა აქვს? ჯონჯოლიღა აქვს… ისიც დაუკრეფავი. ოღონდ ახლა ისე არ გამიგო, თითქოს სარჩოს შოვნის წინააღმდეგი ვიყო! ვითომ რატომ არ უნდა მოთხოვონ? აქ ჯონჯოლია ფული და ოქროს თუმნიანებს ხომ არ მოთხოვენ? გული მხოლოდ იმაზე მომდის, რომ ამასაც შენ გაბრალებენ – გეგონება, შენ გინდოდეს ამათი ფიჩხი ან მოსკოვში აღებული ამათი მკვდრის ცნობა. შენ საიდან უნდა იცოდე, აქ რა აღებ-მიცემობა ტრიალებს! შენ გაჭირვებულების მხარეს ხარ, შენ რა ჯანდაბად გინდა ამათ ღობეებში გაძვრენილი მკვდრები? შენ სამართლიანობა და სიყვარული გინდა, განა მე არ ვიცი! მაგრამ მარტო მე როგორ გაქო ამდენ ჰექტარზე? ერთმა დედამ რა უნდა იღონოს! რძალი მაინც მყოლოდა შენგან, გვერდში მედგებოდა და სიტყვას შემაწევდა – სად ერთი ქალი და სად ორი ამხელა მსოფლიოს წინაშე! მაგრამ არ მყავს შენგან რძალი და არც ის ვიცი, ცოლად ვინ გყავს ამჟამად. ან თუ გყავს საერთოდ? გაცილდი? მოკვდა? ორი ცოლი გყავს? ერთი შინაური და ერთი საგარეო? ისეთებს ამბობენ, ყურებს არ ვუჯერებ. შეიძლება დედამ არ იცოდეს, ჰყავს თუ არა თავის ღვიძლ შვილს ცოლი? ან თუ არ ჰყავს, ვინ ჰყავს? შვილები გყავს? რამდენი გყავს? ჩემს შვილიშვილებზე გეკითხები, უცხო ხალხზე ხომ არა! რა გაქვს დასამალი? ცოლი როგორ უნდა დაუმალო დედას… გინდა შინაური, გინდა საგარეო? შვილი რამდენი გყავს? აქვთ სახელები? მამაშენს პლატონი ერქვა, ქვია შენს შვილს პლატონი? არ გახსოვს მამაშენი? მე აღარ მახსოვს და შენ როგორ გემახსოვრება! აგრონომი იყო და ოთხ თვეში დამტოვა. მერე გავიცანი პიროვნება, რომელიც განაწილებით მუშაობდა ჩვენს ქალაქში და ცოლად გავყევი. სწორედ მას ჩამოვყევით ამ ქვეყანაში: შენ – შვიდი წლის ასაკში, მე… აბა, რა სათქმელია, არც მახსოვს. ათი წლის იყავი, როცა უკან გაგაბრუნე. ვერ შეეწყვე ამ პიროვნებას. ამათ რომ ბომბავ, სულ შენს მამინაცვალს აბრალებენ ესენი, ამ დროს, არ იყო ცუდი კაცი… ყოველ შემთხვევაში, ამათი დასაბომბი არაფერი უქნია. იყო უხეშობა, იყო პიროვნული შეუთავსებლობა, იყო ფიზიკური დატაკება – როგორც ჩემზე შენს თანდასწრებით, ასევე შენზე ჩემს თანდასწრებით და ჩემს დაუსწრებლად –  მაგრამ ზღვარგადასული არასდროს არაფერი უკადრებია. რთული წლები გეწყებოდა: იყო უცხოობის შიში გარეგანად და შინაგანად სხვანაირი ხალხის მიმართ, იყო მოთითება შენზე, იყო კინკლაობა აქაურ თანატოლებთან და ამიტომ ვიფიქრე, იქნებ შენთვის უკეთესიც კი ყოფილიყო სისხლით მონათესავე ჩემს ბიძაშვილთან შენი გახიზვნა. ხოდა მანდ წავაგე, მაგ გზაზე შევცდი! იმათ თავიანთი შვილი არ ჰყავდათ – შეშინდნენ, ვაითუ უკან მოგვთხოვოსო და კვალი არიეს, წერილები უკან მომიბრუნეს და სამუდამოდ დაგვაცილეს ერთმანეთს. ასეა, გინდ ბიძაშვილი იყოს და გინდ დეიდაშვილი, თუკი ბოროტი ჩაუსახლდა სულში, მით უმეტეს, უშვილოს, ყველაფერზეა წამსვლელი. მერე იყო ჩვენების კოსმოსში გაფრენა, ქვეყნის არევ-დარევა, შიმშილობა და, აბა, სადღა და როგორ მომენახე! ვიღაცამ თქვა, მშობლები დაღუპვია და უპატრონო ბავშვების აღსაზრდელს მიაბარესო. მანდ მეორედ მოვკვდი. ნეტა სიმართლეა? თუ ასეა, რატომ არ დაბრუნდი? რატომ არ გადმოკვეთე ჯონჯოლის ტყე და მუხლებში არ ჩაუვარდი დედაშენს? ერთმა დამბლადაცემულმა კაცმა როგორ შეგაშინა? ჩემი ბრალია? მე შეგაშინე?

როცა წლების წინ შენი ბრძანებით ბომბავდნენ აქაურობას, კერძოდ ჩემს სოფელში არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა. ერთადერთი, ძროხას დაეჯახა თქვენების ტანკი ტრასაზე. ხოდა აქაურები ამბობნენ, რომ რახან აქ ვცხოვრობ, ამიტომაც არ გაეცი დაბომბვის ბრძანება. გენაცვალე, მართლა ამიტომ დაგვინდე? იცოდი, რომ დედაშენი აქ იჯდა? თუ მართლა ეგრეა, გახოვდეს, ათჯერ უფრო მეტად მიყვარები, ვიდრე აქამდე მიყვარდი. მე შენი არ მეშინია! გიჟი კი არა ვარ, შვილის მეშინოდეს! განა მე არ ვიცი, როგორი გული გაქვს, ჭკუა რომ ჰქონოდა შენს ცოლს, საგარეოს, შენგან წავიდოდა სახლიდან? ყოჩაღ იმ სახლის ცოლს, თუ მართლა სახლში ზის და გარეთ არ გამოდის, რადგან ვისაც შენ უყვარხარ, ის ოთხ კედელში მჯდომიც ბენდიერი იქნება. რად უნდა მოუნდეს გარეთ გასვლა? ამიტომ აქ კი ვამბობდი, თუკი გინდათ, რომ ბომბი არ მოგხვდეთ, სანთელი ღვთისმშობელს დაუნთეთ- მეთქი, მაგრამ გულში მეც ვიცოდი, რომ სოფელში, სადაც დედაშენთან ერთად ჩამოხვედი, ერთ ბომბსაც არ ჩამოაგდებდი.

მაგრამ მაინც მინდოდა, რომ სანთელი დაენთოთ! და განა მხოლოდ თავმდაბლობის გამო, შეიძლება თავმდაბლობაც იყო, კი, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ ამათ ღმერთი დაივიწყეს, ის კი, მე ასე მესმის, თუკი ვინმეს ახსოვს ახლა, მარტო შენ! სწორედ შენ იცავ ჭეშმარიტ რწმენას გარყვნილებისა და გადაშენებისგან და ამდენი უწმინდურიც ამიტომ გესევა. თორემ რა ჯანდაბად გინდა ეს ორი მტკაველი მიწა, ამხელა სუფთა ჯაშუშობის დარაზმვა და ზევით ხსენებული ერთი გაუბედურებული ჯონჯოლის ტყე! მართალი გული გაქვს და ერთ მეტრ მიწას არ უთმობ უღმერთოთა მხედრობას. ჯერ კიდევ როდის მინდოდა შენი საზოგადოებრივი გამოსვლის დროს ჩართვა ტელევიზორებში და მთელ ქვეყანაზე გამოცხადება: ეს არაა დავა ერთი ან ორი ჰექტარისთვის, ესაა ბრძოლა ჩვენი სულების გადარჩენისთვის! რას მიქვია ერთი-ორი კაცის სიკვდილი, ან, გნებავთ, ხალხთა ჯგუფების, როცა არის შესაძლებლობა, რომ მილიონობით სული დაიღუპოს? ხომ მოგეწონებოდა ასე თქმა? ხომ გეცნობოდა დედაშენი? მაგრამ, აბა, უბრალო ხალხს რას შეაგნებინებ, სუსტები ვართ ადამიანები, ვერ ვხვდებით, ჩვენთვის რა სჯობია! აბა, როგორ დააჯერებ ვიღაც არასათანადოდ მოაზროვნე პიროვნებას, რომ მისთვის ის უფრო აჯობებს ჭეშმარიტი რწმენისთვის მოკვდეს, ვიდრე კაციობრიობის მტრებმა დაისაკუთრონ მისი მიწა-წყალი! რა ჯობია: ურწმუნოდ სიცოცხლე თუ  რწმენით სიკვდილი? ჩემთვის ასე დგას საკითხი. გაიგოს მთელმა მსოფლიომ. ამ დროს, აქ იყო რამდენიმე პიროვნება, იგივე შენი ნახევარძმა და მისი ცოლი – გული მიკვდება, ამათ რომ პირადად არ იცნობ, – ვინც პირდაპირ მეუბნებოდა იმ ომის მერე: რომ გცოდნოდა ასეთი გაიზრდებოდა და ბომბებს დაგვაყრიდა, მაინც აცოცხლებდი, არ მოიშლიდი მუცელს, ან თუ მუცელს ვერა, ბავშვობაში მაინც არ მოგუდავდიო? ეს რა სათქმელია? ჯერ ერთი, დედამ საიდან უნდა იცოდეს, შვილისგან რა გამუოვა და მეორეც, რომც იცოდეს, რაც გამოვა, მოსაკლავად როგორ გაიმეტებს?! ჭკუიდან შემცდარი თუ არ ხარ, შვილს როგორ დაღუპავ? შვილმა როგორ უნდა შეგაშინოს! მაგრამ იყო ასეთი ლაპარაკი, კი, დამფრთხალი იყო ზოგი და ჩემთვის მიუღებელ შეკითხვებს მისვამდა: მაგალითად, მკითხავს ან წმინდანის ცხოვრებით ნაღვაწ მღვდელ-მონაზონს რომ ეთქვა, ეს შენი შვილი ურიცხვ უგუნურ სულწაწყმედილს, თუმცა მაინც მოკვდავს გაისტუმრებს იმ ქვეყნად, რას იზამდი – არ აჯობებდა, რომ ასეთი არც გაზრდილიყოო? არ მოკლავდი შენი ხელითო? გესმის? სატანად მიაჩნდი ზოგიერთს. მაგრამ ვერ დაძრახავდი, ვერ ხვდებოდნენ, რამხელა ომი წამოგეწყო მათივე გადარჩენისთვის. მე არც მაშინ მერიდებოდა ამის თქმა და არც ახლა მერიდება, პირდაპირ ვამბობ: არათუ სატანა, არამედ პირიქით, ღმერთის დონეზე ხარ ჩემთვის! და არა იმიტომ, რომ ღვიძლი შვილი ხარ, მით უფრო, ასეთი სახელოვანი, დაწინაურებული, ყველაფრისმხედველი და შორსმჭვრეტელი, – შენ ჩემნაირი მშრომელების ღმერთად მიმაჩნიხარ, არავის რომ არ შეარჩენ ჩვენნაირების დაჩაგვრას და მკაცრ პასუხს მოთხოვ ყველას, ვინც ჩვენ ასეთ დღეში ჩაგვყარა – მთელი ცხოვრება რომ ვშრომობდით, წელებზე ფეხს ვიდგამდით, ღამეებს ვათენებდით და ორი კაპიკი პენსიის იმედად რომ დაგვყარეს სიკვდილის პირას! ოღონდ იმ პენსიებსაც რომ არ გვაღირსებდნენ და შიმშილით რომ გვძვრებოდა სული; წამალი რაღაა, წამლის ფული რომ არ მქონდა და არც ერთი კბილი რომ არ შემრჩა პირში. აგერ, შეხედე!

შენ უნდა იძიო შური ყველა დაჩაგრულის, ყველა საცოდავის და ყველა დაავადებულის გამო – განა მარტო პენსიონერებისას ვამბობ! ყველა საათობით რიგში მდგომთა გამოც… ერთი ცალი შავი პურის გამო რომ ვასწორებდით დღესა და ღამეს! შენ ხარ ღმერთი და მოსარჩლე ყველა იმ საწყალთა, ვინც წლებით აგროვებდა ფულს შემნახველ სალაროში და მეანაბრეებმა, მებაჟეებმა, ბანკის ხალხმა, ეშმაკებმა და ბელზებულის ნაშიერმა უხსენებლებმა შეუჭამეს ერთ დღეს! შენ უნდა იძიო შური იმათ გამო, ვინც ოთხგზის და ხუთგზის ყოფილა შრომის გმირი და ახლა ტრანსპორტში ასასვლელ შეღავათიან ბილეთს ამადლიან! ამ დროს, რად მინდა ამათი ტრანსპორტი! რა, ტროლეიბუსით უნდა ვიარო ჯონჯოლის ტყეში? თუ რომ ახვალ, ადგილს დაგითმობს ვინმე! ზიზღით გიყურებენ, ჯერაც ცოცხალი რატომ ხარო. დასაჯე და მოსპე ეს უზრდელი და საჯდომ-წამოუწეველი ხალხი, სისხლის წვიმა მოუვლინე იმათ შვილებს და ცოლებს, ვინც ჩემი ობლიგაციებით შეიძინა გინდა უძრავი, გინდა მოძრავი ქონება, ვინც თავისი პირუტყვივით ნაზარდი ოჯახობა მოასუქა კუთვნილ ცოდვის ბუდედ ქცეულ რეგიონში და მე კი უკბილოდ დამტოვა ოთხმოცი წლის ასაკში. არც ერთი კბილი არა მაქვს, შეხედე!

შეიძლება დედაშენს არ ჰქონდეს კბილები?

დასეტყვე იმ ნაძირალა გამგებლის სახლი, ვინც თავისი ქოფაკები გამოუშვა, რათა ჩვენი ბაზარი აეშალა ქალაქის შესასვლელში და სარდაფებში ჩაგვალპობინა გაუსაღებელი ხორცი, ყველი, ვაშლი და მსხალი. დასაკლავ ბურვაკს რომ მიუგავს სახე – დასცხე მის თავზე ერთი ბომბასავით მეხი, ან კიდევ უკეთესი, – ამბობენ, ღვინის სმა უყვარს მაგ მუცელამოუყორავს, ხოდა ჩააყრევინე ჭიქაში თვალით უხილავი ასაფეთქებელი, ერთიანად რომ გაუგლიჯოს გაქონილი გულ-მუცელი, როგორც ყველა იმ უწმინდურს, ვინც წინ გადაგიდგა თუნდაც შენი ქვეყნის საზღრების გარეთ. ხომ გაქვს ისეთი ბომბი, ისეთი მჟავა, სითხეში რომ ჩაწურო, გინდა წყალში, გინდა ღვინოში, გინდა ჩაიში – არც ვიცი, ჩაის თუ სვამს საერთოდ, – და სხვების საჩვენებლად, სხვების სამაგალითოდ გახეთქე! ააფეთქე, დედა გენაცვალოს, დასაჯე ჩვენი შემგინებელი და ღირსების ამყრელი, წელში გაგვასწორე, მუხლებზე წამოგვაყენე, ჩვენს უკან დადექი და ზურგი გაგვიმაგრე! გვაჩვენე ცოდვილთ მუსვრა საზოგადოებასთან შენი საჯარო შეხვედრის მსვლელობების ჟამს, რათა ცქერით მაინც ვიჯეროთ გული, გაეცი ბრძანება შეგვიშვან ბაზარში, იყიდონ ჯონჯოლი, ყველი, ვაშლი და მსხალი… ათობით დაკარგული ძროხა მყავს სახლში მოყვანილი! ბრძანე, კბილები ჩამისვან, იმის მეათედი მაინც მომცენ, რასაც წლები ვდებდი იგივე შენთვის, იგივე შენი საწყალი ნახევარძმებისთვის იმ დაწყევლილ შემნახველ სალაროში, – აგერ ჩემი სალაროს წიგნაკი, ყველაფერი აღნუსხული მაქვს! დასაჯე ყველა, ვინც ამბობს, რომ შენ ხარ ყველაზე მდიდარი დედამიწაზე, რადგან მე ვიცი, შენ მდიდარი ხარ შენი სიბრძნით და ყოვლისმცოდნეობით და არა ქონებით, მაგრამ შენი გათხვრა უნდათ და ჩემი წამება: “აი, ვინ გეიმედება”, “აი, ვინ გაგიჩენია”. ვინ გამიჩენია? საუკეთესო გავაჩინე, ოღონდ არ მიცნობს. რისი უნდა მეშინოდეს? რა ვქნა? დღე და ღამე ლოცვებში მოგმართავ, შენს სახელს ვიმეორებ! ერთხელ მაკოცნინე. როგორ მოვაღწიო შენს მისაღებამდე? სამოცი წელია ჯონჯოლის ტყეს არ გავცდენივარ. გამოგზავნე შენი ანგელოზი, რათა ხელში ამიტაცოს და საბუთის გარეშე გადმომაფრინოს კავკასიონზე! არ გაქვს შესაბამისად აღჭურვილი თვითმფრინავი? ერთი ორმოცდახუთკილოგრამიანი ქალისთვის… რა მძიმე მე ვარ? თურმე, ვისაც მოუნდება, შენს პასპორტს აიღებს და სადაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, გინდ მთაზე, გინდ ბარში, სამარადჟამოდ შენი იქნება, და თუკი ვინმე მოუნდომებს დაჩაგვრას, თუკი იმ ქოფაკების ხელით გადაუყრიან გასასაღებელ საქონელს, ამ კურთხეული პასპორტის მადლით დაწვავს! ეს პასპორტი შენი გულის საშვია, ამის ამღები შენი ნაწილი გახდება. თავზე დაგვაყარე ეს მადლიანი ქაღალდები, გადმოაფრინე შენი ვაჟკაცები და ზევიდან აძახებინე ჩვენი სახელ-გვარები! ყველასი გეცოდინება, ყველას სახელს გეტყვი, ყველაფერი აღნუსხული მაქვს, ყველანი შენი ვართ. მე ვერ მივატან შენს მომდევნო საჯარო გამოსვლამდე, ლოდინი მომსპობს, მაგრამ ისე არ მინდა მოვკვდე, ერთხელ მაინც არ ჩაგხედო თვალებში – სად იყურება შენი ცოლი, საგარეო თუ საშინაო, რა ფერი გადევს სახეზე! – ამდენ შენს მწყევლელს მე ერთმა როგორღა ვაჯობო? არ მანახო შენი დასუსტება. კარგად გძინავს? ყველგან მტრები გყავს, ათი თვალი და ყური უნდა გამოიბა, არავინ იცის, ვინ საიდან გეცემა, სად ჩაგისაფრდებიან. რომ გესროლონ? შენი აფეთქება რომ სცადონ? წყალში რომ ჩაგიგდონ უხილავი ყუმბარა? წყალი არ სვა. შენს სამდივნოს შემაერთე, მე უნდა ვიყო შენს გვერდით, თორემ წინ გადამფარებელი არ გეყოლება. შენკენ გამოსროლილ ტყვიას თავის სხეულს არავინ შეუშვერს. რამე რომ მოხდეს, ჩემი სისხლი დაგჭირდება – კიდევ ას წელიწადს გაცოცხლებს! ეს სისხლი უნდა გადაგისხან, მე არ მენანება, რადგან სისხლის მეტი ჯანსაღი აღარაფერი მაქვს. წარმოგზავნე შენი თანაშემწე, მომძებნოს, წაიღოს ჩემი სისხლი და შენ მოგამარაგოს. შენს ლოდინს შენთვის სიკვდილი ჯობია! მიმსახურე!

შემთხვევით არ მინდა, მოვკვდე!

შემთხვევითმა ბომბმა არ უნდა მომკლას!

შენგან უნდა იყოს პირადად ჩემთვის. და ესეც ჯანმრთელობის მიზეზით, აუცილებლობის გამო.

რატომ უნდა მეშინოდეს შემთხვევით სიკვდილის?

ამაში მაინც გამოგადგე. ნუ მსჯი.

ფარდა

2014, მაისი

© “არილი

Facebook Comments Box