ნაჯახი ტყის სიღრმეში გაფრინდება, ბასრი წვერით ხის მერქანს მოკლე ნაიარევს დაამჩნევს, ერთი-ორ ფოთოლს მოგლეჯს და დათოს კეფაში ეცემა. სისხლი ჯერ ღრმად შესული ნაჯახისგან დატოვებული კანიონიდან იფეთქებს, შემდეგ კი სწორხაზოვნად დაიწყებს დენას, კისერს ჩამოუყვება, მხრებსაც გადასწვდება და ქვემოთ, ძირისკენ გაემართება. დათო თვალებს აატრიალებს, ჯერ მუხლებზე დაეცემა, შემდეგ წინ გადაყირავდება და თავს რომელიღაც ხის ფესვს ჩამოარტყამს. წარბი გაუსკდება. დაცემისას ნაჯახი ოდნავ მარჯვნივ გადაიწევს, კანიონს გააფართოებს და სისხლიც რამდენიმე წამით გეიზერივით ამოასხამს. დათო მომენტალურად გათავდება.
1.
მიშა (სამეგობროში ”მიშო”), გამომცემლის კაბინეტში, სავარძელში ზის, ფეხი ფეხზე გადაუდია და ღერს ღერზე ეწევა.
– მერამდენეს ეწევი უკვე, ნუ? – ბრაზობს ქალი. დიახ, გამომცემლები ხანდახან ქალებიც არიან. – ისედაც იცი, სიგარეტის სუნს ვერ ვიტან.
მიშა ნახევრამდე ჩამწვარ ღერს საფერფლეში აჭყლეტს.
– გაქვს რამე იდეა?
– აი, თქვენ ხო შემეცით რა!.. – თავს აქნევს ქალი. – არ შეიძლება ერთხელ ვინმე ბუნჩულაც შემხვდეს?
– ბუნჩულა მწერალი რა ჭირად გინდა?
– კაპრიზულ ნაბიჭვარს კი მირჩევნია და…
– აჰ, უკვე ნაბიჭვარიც გავხდი, – მიშა ტუჩებს ათამაშებს.
– ყოველთვის ნაბიჭვარი იყავი… აქ მოსვლის პირველივე დღიდან. აღარც მახსოვს როდის იყო… ათი წლის წინ?
– თერთმეტი.
– ხო, თერთმეტი… თავიდანვე გეტყობოდა რა სისხლისმსმელიც იყავი.
– ახლა კი ატროფია მჭირს და შენ უნდა დამეხმარო სისხლის შესმაში.
– მიშო, მე ვეღარაფერს გიზამ… ვერ გიშველი. დიდი ხარ უკვე, დროა ტრაკის განძრევაც ისწავლო.
– ტრაკის ქიცინით ახალ წიგნს ვერ დავწერ.
– გითხარი გაანძრიე-მეთქი, შენი ტრაკის ქიცინიღა მაკლდა, რა!
მიშო ამოიხვნეშებს, მუხლებში თავს ჩარგავს და რამდენიმე წამით გაყუჩებული ზის. კაბინეტში ახალშემოსულმა დაპატარავებული, შეკუმშული მწერალი შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს.
– ჰონორარის ოც პროცენტს ახლავე მოგცემ, იყიდე სასმელი, საჭმელი, ჩაალაგე ჩემოდანი და წაბრძანდი იმ შენს აგარაკზე. მაინც ტყუილა გაქვს მიგდებული. ჩადი, მოწესრიგდი, დაისვენე. დასვენება გჭირდება, მიშო, და-სვე-ნე-ბა! აი ნახე, როგორც კი ჰაერს გამოიცვლი, თავს უკეთესად იგრძნობ.
მიშა ალმაცერად უყურებს, თითქოს დარწმუნებული არ არის ქალი ეხუმრება თუ სერიოზულად ურჩევს აგარაკზე ასვლას.
– იმ დედამოტყნულ აგარაკზე რაღა დამრჩენია? ალბათ ყარს იქაურობა. მარტო სახლის განიავება წაიღებს ერთ კვირას. თუ ფულის მოცემაა, ორმოცდაათი პროცენტი მომეცი და უელვაში წავალ. იქ უფრო დავისვენებ.
– ხო, რო ერთი ბორდელი არ გამოტოვო, არა? მიშო, მთავარი არ გესმის – ბოზები კი არა, სიმშვიდე გჭირდება შენ. ბოზი გაგართობს, წიგნს კი არ დაგიწერს.
– და იქნებ აღარ შემიძლია წიგნების წერა? ჰა? არ გიფიქრია ამაზე? უკვე სამი წელია, ერთი მოთხრობაც კი არ დამიწერია.
– მაშინ არ მესმის რას ვაკეთებთ აქ… რა გესაქმება ახლა ჩემს კაბინეტში? თუ წერა აღარ შეგიძლია და დაჩლუნგების გზას ადგახარ, რა ჯანდაბას აკეთებ მაგ სავარძელში? აღარ ვარ შენი გამომცემელი, – მართლაც ბავშვურად გამოსდის ქალს, მაგრამ ეს პერფორმანსს წამითაც არ აფერხებს. – ადექი და დაახვიე.
მიშო დამყოლად ამოიხვნეშებს. იცის, ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, მაგრამ იქნებ დროა სერიოზულად დაფიქრდეს ამ ყველაფერზე? ნუთუ მართლა დაკარგა წერის ნიჭი? ან იყო კი ის ნიჭი, რაც ამდენი წლის განმავლობაში აწერინებდა? მამა მართალს ამბობდა – ბოლოს ყველა სოფელში ბრუნდება. მართალია მიშა ქალაქში დაიბადა, მაგრამ წარსულის ნოყიერი ფესვების გაღეჭვა არასდროსაა გვიანი.
მიშო სოფელზე იწყებს ფიქრს და ფეხზე დგება. გასასვლელისკენ ნელა, გამოზომილი ნაბიჯებით მილასლასებს.
– სად მიეთრევი? – ეკითხება გაკვირვებული გამომცემელი.
– შენ არ მითხარი?.. – მიშა წინადადებას აღარ ამთავრებს. ისედაც ზედმეტად სულელურად გამოიყურება მთელი ეს სცენა. კიდევ უფრო მეტი სიყალბის შემატებას ვეღარ გაუძლებს.
”ოხხ”, თავს აქნევს გამომცემელი, მაგიდის უჯრას ხსნის და იქიდან ჩეკების ბლოკნოტს იღებს, ერთ-ერთს ხელს აწერს და მიშოს უწვდის.
– გამომართვი და დაახვიე აგარაკზე. Aა-გა-რა-კზე! გესმის?
მიშა ჩეკს ართმევს და დაუხედავად ქურთუკის ჯიბეში იტენის.
სოფელზე ფიქრს მოგვიანებით განაგრძობს.
2.
მიშა ჯერ სახლში მიდის. ერთოთახიან ბინაზე, ედგარ ალან პოს ქუჩაზე რომ მდებარეობს, პრინციპში რთულია ”სახლი” თქვა. რეალურად ამ სიტყვის მხოლოდ ორ კომპონენეტს თუ აკმაყოფილებს – ჭერი თავზე და კედლები ირგვლივ. სხვა მხრივ, ეს ბინა არაფრით წააგავს სახლს. მიშოს სჯერა, რომ ასეთ სანაგვეში მისი ამდენი წლის განმავლობაში უცვლელი ფავორიტი ავტორი, ჩარლზ ბუკოვსკიც კი არ იცხოვრებდა. იატაკზე მიმოყრილ დალაქავებულ, აყროლებულ საცვლებსა და მაისურებში, ნახევრად სავსე ან ბოლომდე დაცლილი ბოთლების ქვეშ ფურცლებს მოკრავდით თვალს. იქაურობა სავსე იყო ქაღალდით, ოღონდ ძირითადი ნაწილი ჭუჭყისა და დრომოჭმულობის საფარველქვეშ მოქცეულიყო და მშვიდად ელოდა თავის რიგს, როდის მოჰკიდებდნენ ხელს და ბოლოს და ბოლოს სანატრელ ნაგვის ყუთში, ან უკეთეს შემთხვევაში – კოცონში ჩაუძახებდნენ.
მიშო საძინებელში გადის და გახდას იწყებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში მშვიდად გამოძინებას შეძლებს, გაღვიძებისთანავე ჯერ ბანკში გაივლის, რათა ჩეკი გაანაღდოს, შემდეგ კი აგარაკზე ავა. მარტივად.
აბსოლუტურად შიშველი საწოლზე იშხლართება და თვალებს ხუჭავს. ორიოდე წუთში ძილიც მოდის.
მიშას სცივა. ასეთი თოვლი 95-ის მერე არ ახსოვს, – სადღაც მეტრანახევრამდე აღწევს. ტყავის ბათინკებში წყალი მაინც შედის და ნაბიჯის გადადგმისას სპეციფიურ ხმასაც გამოსცემს. წინდები, ალბათ ერთიანად სველია. მიშა წინ მიიწევს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს საით მიემართება. თოვლისგან გამოწვეულ სითეთრეს თანდაყოლილ ნისლში ირგვლივ რაიმეს გარჩევა წარმოუდგენელია. სახეზე ფანტელები და სუსხი რომ არ მოხვდეს, მიშას თავი დაუხრია და ჯიუტად მიიწევს წინ. ჯოჯოხეთურ სიჩუმეს მხოლოდ ქარის სუსტი ზუილი არღვევს. უეცრად დათო ჩერდება, – ფეხი რაღაც თოვლისგან განსხვავებულს, მყარს დაადგა. ყინული ნამდვილად არაა, – ფეხი ხომ მაინც აუცურდებოდა, ბოლო-ბოლო. მუხლებზე დგება და თოვლის ფერთხვას იწყებს, შემაფერხებელ საგანზე რომ გორად დამდგარა. ერთ ადგილას უკვე გამოჩნდა რაღაც შავი. მიშო სწორედ იმ ადგილას ააქტიურებს ხელების მოძრაობას. აი, ფეხებიც გამოჩნდა. ”ადამიანი”, ფიქრობს მიშა და გულის გაათმაგებულ მუშაობას მთელი სხეულით გრძნობს. უკანასკნელ ფენას მოაშორებს და უკვე დარწმუნებული, რომ მის წინაშე გვამია (რა თქმა უნდა, გვამი. აბა ამ ყინვაში, თოვლის ფენებქვეშ მოქცეული ცოცხლად როგორ გადარჩებოდა?) სახეზე აკვირდება. მამაკაცია, გრძელი, ხშირი შავი წვერითა და ლამაზი ფიზიონომიით. ერთიანად გალურჯებულ კანზე პატარა, კეხიანი ცხვირი სასაცილოდ გამოიყურება, თითქოს მიკერებულია, რაღაცნაირად კონტექსტიდან ამოვარდნილი. მიშა კარგად აკვირდება, თითქოს საკუთარ თვალებს ვერ უჯერებს… სხეულს იღლიებში ხელებს ჩაავლებს და წამომჯდარს, უკან აღმართულ თოვლის კედელს აყუდებს. ”ნამდვილად… ნამდვილად”, გაიფიქრებს მიშო და პირზე ხელებს აიფარებს (არა იმდენად გაოცებისაგან, რამდენადაც – გასათბობად). ეჭვი არ არის, – მის წინაშე თოვლის ზვინს მიყუდებული გვამი თვითონაა. ქუდიც კი იგივე ახურავს, – შავი, ყურებიანი, შიგნით მელიის ბეწვითა და წინ ნიშნით ”☪”. მიშო შეშინებული იწყებს უკან-უკან ბობღვას. ”იქნებ მეც იგივე ბედი მელის… ან იქნებ უკვე მკვდარი ვარ?”, გაიფიქრებს, თუმცა ნაფიქრის აზრსმოკლებულობა თრგუნავს. წინ მისი სხეულია. და იგი მკვდარია. როგორღა არის მაშინ თვითონ ცოცხალი? ”შეიძლება უბრალოდ ქვეცნობიერი ერთობა ასე”, იტყვის ხმამაღლა, ოღონდ წარმოდგენა არ აქვს ვის გასაგონად. შემდეგ დაამატებს: ”ნამდვილად… ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერის ხრიკებია”. წინადადებას დაამთავრებს თუ არა საჯდომით რაღაც მყარს დაეჯახება. მხოლოდ ახლა აცნობიერებს რომ თოვლში უკანალით ბობღავდა და უკვე იმდენი გაირა, გვამი აღარც კი ჩანდა. მუხლებზე წამოჯდება და თოვლის მორიგი გორის შლას იწყებს. მის ქვეშაც გვამს პოულობს. ეს ახალი ნაკლებად ჰგავს მას, წარბები ოდნავ უფრო ხშირი აქვს და ყვრიმალებიც უფრო გამოკვეთილი, მაგრამ იმის თქმა, რომ გვამი იგი არ არის, მიშოს ნამდვილად არ შეუძლია. ”რა ხდება, ეშმაკმა დასწყევლოს?”… ნისლი თანდათან იფანტება, თვალთახედვის არეში ჯერ ერთი ბეწო ხეები, შემდეგ კი მიტოვებული სახლები ჩნდება, ჩალეწილი ფანჯრებითა და მონგრეული კარებებით. ირგვლივ ათობით, ასობით, ვინ იცის – ათასობით ასეთი გორა წამოჭიმულა. მიშა ხვდება რომ თითოეულის ქვეშ ერთი და იგივე ადამიანის გვამი განისვენებს. უეცრად ტვინში ტკივილის ტალღა დაუვლის, თითქოს კეფაში მძიმე საგანი ჩაარტყეს. თოვლის ხალიჩაზე ეცემა… გონს კარგავს…
მიშას ეღვიძება. მთელ სხეულზე წებოვანი ოფლი მოსდებია. საათს უყურებს – ზუსტად ოთხი საათია გასული. თითქოს რაღაც უხილავმა ძალებმა სიზმრის ხანგრძლივობა წინასწარ განსაზღვრეს.
შხაპის ქვეშ ნახევარი საათი ჩერდება. ჩემოდნის ჩალაგებას გაცილებით ნაკლები დრო მიაქვს. ქურთუკს იცვამს, მანქანის გასაღებს იღებს და სახლიდან გადის.
ბანკში ყველაფერს ათ წუთში აგვარებს, თანხა გამოაქვს და სუპერმარკეტში მიდის. გზად ფიქრობს რისი წაღება იქნება მიზანშეწოლილი და რისი – არა. ალბათ ბევრი სასუსნავი არ არის მართებული, – ჭამისადმი განსაკუთრებული სიყვარულით არც არასდროს გამოირჩეოდა, რაღა ამ ერთ კვირაში გამსუნაგდება. ალკოჰოლი ბლომად დასჭირდება, ამაზე ორი აზრი არაა. ”ხო, ბევრი ალკოჰოლი”, ამბობს თავისთვის და სახეს ძალაუნებურად ეშმაკური ღიმილი უმახინჯებს.
სუპერმარკეტიდან გამოდის და შეკვრებს საბარგულში აწყობს. ათი ბოთლი აბსოლუტი, ორი ბოთლი კონიაკი და ერთიც ”შატო მუხრანი”, ალადასტური. თან მოყოლილ პატარა ბროშურაში მიშო კითხულობს: ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა – ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულიანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო ”ალადასტური”. დანარჩენი ფულით მიშა ადვილად მოსამზადებელ პროდუქტს ყიდულობს. ”გასტრონომიული ექსპერიმენტების დრო ახლა ნამდვილად არ არის”.
სუპერმარკეტის ავტოსადგომიდან გამოდის და რუხი ავტომობილების კოლონას უერთდება.
3.
სოფელი შიშთვილი დედაქალაქიდან ნახევარი საათის სავალზე, მაღლა, მთის მოშიშვლებულ კალთაზე მდებარეობს. სულ ხუთი ოჯახით, ეს ადგილი რომელიღაც მივიწყებულ, დაწყევლილ ფერდობს მოგაგონებთ, გარშემორტყმულს გაუვალი ტყით. ზაფხულის აუტანელ სიცხეს, ზამთრის შემზარავი ყინვა მომენტალურად ცვლის. შეიძლება ვერც კი მიხვდე ისე ჩაიფუთნო ერთი მზიანი დღის შემდეგ სქელ, დათვისბეწვიან ქურთუკში.
როგორც კი მიშა სოფელში შევიდა, თვალში უმალ უსწორმასწორო, დანგრეული გზა მოხვდა. მწერალს თვალიდან არ გამოჰპარვია რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ირგვლივ დაგებული გზები, მითუმეტეს, რომ მათზე მოძრაობდა. ”რით ვერ მიხედეს ამ დაწყევლილ ადგილს?”, გაიფიქრა და სვლა შეანელა. ოცდაათი კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობა აქ უკეთეს შემთხვევაში მოძრავი ქონების მომენტალურ დაკარგვას ნიშნავდა, უარესში – სიკვდილს. სამოცდაათი მეტრის სიმაღლეზე მიმავალი ოღროჩოღრო, თითქმის გაუვალი გზა პირდაპირ მოითხოვდა დასაწყისში ტრაფარეტი გაეკეთებინათ: ”Highway to Hell”.
თხუთმეტ წუთში მიშომ საკუთარ აგარაკს მოჰკრა თვალი, ერთმანეთისგან ორმოცდაათ-ორმოცდაათი მეტრით დაშორებულ სამ სახლს შორის ყველაზე მაღალს, სპილენძისფერი აგურით ნაშენი, უკვე ალაგ-ალაგ ჩამოფხეკილი საკვამურითა და უზარმაზარი მუხით მასსა და მეზობელ სახლს შორის.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი იყო აგებული, ბაბუამისმა რამდენიმე მანეთად იყიდა. მამა ამბობდა, რომ იმ კაცს, ვინც ეს ადგილი ბაბუას მიჰყიდა, მისი დიდი ვალი ჰქონდა, ფულს ვერა და ვერ შოულობდა და ამით გადაუხადაო. თუმცა ბაბუა ისე მოკვდა, ამხელა ტერიტორიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რამდენიმე ათეული წელიწადი უსახურ ტრამალად დატოვა. სახლის აშენებაზე მოხუცის გარდაცვალების შემდეგ მამა დაფიქრდა და 80-იან წლებში მასალაც შეაგროვა. ”სტროიკაზე” დასაქმებული ნათესავი ხელოსნები, ინჟინრები, მღებავები, მტვირთავები თუ უბრალოდ დამმხმარეები, თავისთავად არ ჩქარობდნენ, ყველაფერს ნელა, ზანტად, თუმცა ხარისხიანად აკეთებდნენ, ასე, რომ მყარი, მდგრადი, შეურყეველსაფუძვლიანი სამსართულიანი სახლის მშენებლობა მხოლოდ ოთხმოციანების მიწურულს, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დასრულდა.
მიშო ტყისკენ მიმავალ გზას დაადგა, მოგვიანებით ორად რომ იყოფოდა. ერთი ტყეს უვლიდა და მოპირდაპირე მხრიდან ისევ ქალაქისკენ მიდიოდა; მეორე კი გრადაციული სახლებისკენ იყო გაყვანილი. გაყვანილი უშუალოდ დედაბუნების მიერ.
როგორც კი ტყის მოსახვევს გასცდა, თვალში უმალ თავისი ”სასახლე” მოხვდა.
ობისა და ნესტის სუნი სახლის თითოეულ კუთხეში ღრმად ჩამჯდარიყო, მეორე სართულზე კი ამ ყველაფერს ხრწნადობის ამაზრზენი განცდა ემატებოდა. თითქოს ყველაფერი ამ სახლში ერთიანად იხრწნებოდა, პროცესი კი შეუჩერებლი, შეუქცევადი და ხანგრძლივი იყო. მთელ სახლში ფანჯრები გააღო და არომატიზატორით ყოველი კვადრატული მილიმეტრი მოიარა. საძაგელ სუნს მოტკბო, ხელოვნური სურნელება დაემატა და სახლში გაჩერება, სანამ ყველაფერი არ განიავდებოდა, შეუძლებელი აღმოჩნდა.
საღამოვდებოდა, მიშომ გარეთ გასვლა და გასეირნება რომ გადაწყვიტა. რამდენიმე საათი მაინც სახლში დაბრუნებას არ აპირებდა, სანამ იქ ცხოვრება თუ შესაძლებელი არა, მასთან მიახლოებული მაინც არ იქნებოდა. კარები გამოაღო თუ არა, ნაცნობი სახე შეეფეთა. შემოსასვლელში დათო იდგა, გვერდითა, შედარებით მოკრძალებულ სასახლეში მცხოვრები, თუ მიშას სწორად ახსოვდა, პროფესიით აქრიტექტორი, მასსავით ათასში ერთხელ რომ ჩამოდიოდა აქ. ბოლოს, ვინ იცის რამდენი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს.
– მობერებულხარ, მწერალო, – გაუღიმა დათომ და ხელი გაუწოდა.
– წლები თავისას შვება, დავით.
– როდის გნახე ბოლოს აქ? ასე მგონია მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა.
– არც მთლად მაგდენი… – უღიმის მიშა. – არ მეცალა, – მობოდიშებასავით გამოსდის, – არასდროს არ მცალია, – ამატებს სინანულით და ღიმილიც უკვალოდ ქრება.
დათო ორი ნაბიჯით უკან იხევს და სახლს შეცბუნებულ მზერას შემოატარებს.
– დღეს ჩემთან გეპატიჟები. აქ გაჩერება ალბათ შეუძლებელი იქნება.
– დიდი მადლობა… – თავის დაფასების დრო ახლა ნამდვილად არ იყო.
სახლებს შორის მანძილი არაუმეტეს 50 მეტრს შეადგენდა და ქვაფენილის ბილიკის სახით იყო წარმოდგრნილი, ირგვლივ ნაძვებით, ბოლოში კი პატარა მდინარით, ტყეში რომ შედიოდა და იქიდან გაურკვეველი მიმართულებით მიედინებოდა.
დათოს სახლში ათასგვარი ყვავილის სურნელი ტრიალებდა, – მიშას, შესვლისას თავბრუც კი დაეხვა.
– ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს, – მკაცრი სერიოზულობით უთხრა მასპინძელმა, – ფლოსტები კუთხეში აწყვია… – წამიერი პაუზის შემდეგ კი დაამატა: – არ მიყვარს სახლში ფეხსაცმლით რომ დატყლაშუნობენ.
– გასაგებია, – თავი დაუქნია მიშამ და ბათინკების გახდას შეუდგა.
სასტუმრო ოთახი თანამედროვედ იყო მოწყობილი, ტყავის, როგორც ჩანს ძვირადღირებული დივან-სავარძლებით, გალაკული ხის მაგიდით – ირგვლივ ოთხი, იმავე მასალისგან დამზადებული სკამით, სამ კედელზე პატარ-პატარა ნეონის ნათურებით, ერთზე კი უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორით, დივიდით, ხმის გამაძლიერებლებითა და მუსიკალური ცენტრით.
– დალევ რამეს? – სამზარეულოდან გასძახა ერთ-ერთ სავარძელში მოკალათებულ მწერალს დათომ.
– ალკოჰოლური რა გაქვს?
– მხოლოდ ღვინო… ხო იცი, ალკოჰოლს დიდად არ ვწყალობ.
– კარგი, იყოს ღვინო, – მორჩილად ეთანხმება მიშა, თუმცა დარწმუნებულია, მასპინძლის ძვირადღირებული ღვინისგან დიდ სიამოვნებას ვერ მიიღებს.
არ შემცდარა, – დათომ მართლაც რომელიღაც ძვირადღირებული ღვინო მოიტანა, უცნაური სახელითა (რომელიც მიშოს გონებიდან მალევე ამოიშალა) და სასიამოვნო სურნელებით, თუმცა გასინჯვის შემდეგ მწერალმა ”კაიფი ნამდვილად ვერ მიიღო”.
– ახლა რას საქმიანობ? – ბოკალი შეივსო და კითხვაც არ დააყოვნა მასპინძელმა.
– ვწერ, – მოკლედ უპასუხა მიშომ, რათა ამ პროცესის ინტიმურობისა და დელიკატურობისათვის გაესვა ხაზი.
– რამე რომანს? – არ ნებდებოდა დათო.
”რამე რომანი” მწერალს ყურში ცუდად მოხვდა, – თანამოსაუბრის ამ თემისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, აბსოლუტურ უინტერესობას და გარკვეულწილად, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც ცინიზმს გამოხატავდა.
მიშამ საუკეთესო პასუხად ”ჯერ არ ვიცი” მიიჩნია.
– წარმატებები, – იმდენად ყალბად უსურვა დათომ, მწერალი შეურაცხყოფილიც კი დარჩა. თავი ძლივს შეიკავა არ ამდგარიყო და უკანმოუხედავად არ წასულიყო.
ელემენტარული ეთიკის კოდექსის დაცვის მიზნით, მიშამ თავი ვალდებულად ჩათვალა შემდეგი კითხვები დაესვა:
– ”ჯორჯიან არქიტექტში” რა ხდება ახალი? არის რამე ცვლილება?
– რაღა დროს ეგაა, – არ დააყოვნა დათომ, – ორი წლის წინ წამოვედი… ახლა ერთი გერმანული კომპანიის ქართულ ფილიალში ვმუშაობ. მთლიანად მასიური შენობების დაპროექტებაზე გადავერთე, მომბზერდა პატარ-პატარა სისულელეებში დროის ხარჯვა.
ეს ადამიანი, როგორც მიშამ თავისთვის აღნიშნა, აშკარად გამოკვეთილი მეგალომანიით იყო შეპყრობილი და მხოლოდ და მხოლოდ სხვებზე საკუთარი აღმატებულობის გაცნობიერებაზე ორიენტირებული, უკვე არაპირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიოდა.
არა, აქ ღამემდე ნამდვილად ვერ დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებამდე სულ ორიოდე საათიღა დარჩენილიყო.
თბილისსა და ბათუმში დათოს მიერ დაპროექტებულ ცათამბჯენებზე გაწელილ ნახევარსაათიან მონოლოგს მწერალმა გმირული შემართებით გაუძლო, შემდეგ კი მასპინძელს მოუბოდიშა, სოფელში გავლას ვაპირებდი და მინდოდა შებინდებამდე მომესწრო, დაძინებით კი ჩემთან დავიძინებ, სუნი ალბათ უკვე გადასული იქნებაო, თქვა და გასასვლელისკენ გაემართა. დათო აღარ შეწინააღმდეგებია, მორჩილად უყურებდა როგორ იცვამდა ეს მოცლილი მწერლუკა ტალახიან ბათინკებს, სახლიდან გასვლისას კი ”დროებითო”, მიაძახა.
მიშამ ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, საყელო აიწია და ბილიკს გაუყვა, მდინარეზე გადებულ ფიცარზე ფრთხილად გადაიარა და ზემოთ, მთებში მიმავალ გზას დაადგა.
დილის ორი საათი სრულდებოდა სახლში რომ დაბრუნდა. დადო თუ არა ბალიშზე თავი, უმალ ღრმად ჩაეძინა.
4.
მიშას მისთვის უცნობ ადგილას გაეღვიძა. ხის პატარა კედელზე ლურსმნით, ბეწვიან ქურთუკში ჩაფუთნული, ხელში კაუჭგამოდებულთევზებიანი ორი ესკიმოსის გახუნებული ფოტო იყო მიმაგრებული. ფეხზე წამოდგომა დააპირა თუ არა საწოლმა ჭრაჭუნი დაიწყო. ოთახი შეათვალიერა – ერთ-ერთ კუთხეში მიყუდებული დაჟანგული ნაჯახის გარდა, აქ არაფერი იყო. ალაგ-ალაგ კედელი პატარა ნახვრეტებს დაეფარა, ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, თითქოს გარკვეული კანონზომიერების მიხედვით იყვნენ განაწილებულნი. ფანჯარა გაყინულიყო, – ალბათ ხელის ერთი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდებოდა ნამსხვრევებად რომ ქცეულიყო. მიშა კარებს მიუახლოვდა და გამოაღო. სახეში თოვლის მოზრდილი ფანტელები შეეყარა. უკან დაიხია და კარები მოიხურა. ქურთუკის ჯიბიდან ნაქსოვ ქუდს იღებს, თავზე იფხატებს, კისრით საყელოში ეფლობა და გარეთ გადის. ”ნუთუ ეს ის ადგილია?..”, ფიქრობს მწერალი და გულში იმედს იტოვებს, რომ ფეხს რაიმეს არ წამოკრავს… მიშამ არ იცის რამდენი ხანი დააბოტებს თოვლის სქელ ფენებზე. ასე ეჩვენება, სახლიდან გამოსვლის შემდეგ ათწლეულები გავიდა. ვერც იმ ორი ესკიმოსის სახეს იხსენებს. ან იყვნენ კი საერთოდ ესკიმოსები? შეიძლება მხოლოდ თეთრი დათვის ბეწვისგან დამზადებული ქურთუკებით, ხელში თევზითა და უკან იგლუთი ესკიმოსის ამოცნობა?.. უეცრად წინ ადამიანის სილუეტი იხატება – შავი, მაღალი, სწორხაზოვანი ფიგურა. თუმცა სახის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მიშა ნაბიჯს აუჩქარებს, – რატომღაც დარწმუნებულია, თუ სწრაფად არ მივა, უცნობი უკვალოდ გაქრება. სამი მეტრი… მიშა გრძნობს, როგორ უოფლიანდება იღლიები… ორი მეტრი… მიშას, ხელების გასათბობად გაღებულ პირში თოვლის მსხვილი ფანტელები ეყრება… ერთი მეტრი… მიშა ქშინავს, ფილტვები საჰაერო ბუშტივით ჯერ ებერება, შემდეგ – ეჩუტება. უცნობს უახლოვდება და მხარზე ხელს ადებს. სილუეტი ტრიალდება. ხშირი წვერით მიშა ხვდება რომ უცნობი კაცია. სპორტული, მუქი სათვალე უკეთია ფოსფორისფერი სარტყელით, – აი, ისეთი, მთამსვლელებს რომ უკეთიათ, როცა ყინვაში ზემოთ მიძვრებიან. მამაკაცი სათვალეს იხსნის და მწერალს შეშინებული უყურებს. მიშას არ სჯერა – მის წინ დათო დგას და დამფრთხალი თვალებით მისჩერებია. მარჯვენა ხელში სიმძიმეს გრძნობს. არ ახსოვს როდის აიღო ის დაჟანგული ნაჯახი, ოთახის კუთხეში რომ იყო მიყუდებული. ნუთუ მთელი გზა თან მოათრევდა? დათო სათვალეს იკეთებს და უეცრად გარბის, – ცდილობს გაიქცეს, – ძლიერი ქარი და შემზარავი ყინვა ბევრის საშუალებას არ აძლევს. მიშა უკან მიყვება. ცოტაც და რაღაც დიდს და შავს მიუახლოვდებიან. ორივე შეჩერდება, მოულოდნელად აღმართული დაბრკოლება ორივეს აფრთხობს. სანამ მიშა გაერკვევა, რომ ეს ”დიდი და შავი დაბრკოლება” ტყეა, დათო უკვე შიგნით შედის. ტყეში არაამქვეყნიური სიცხეა. მწერალი ჯერ ქურთუკს იხდის, შემდეგ მაისურს. უკუნ სიბნელეში რაიმეს გარჩევა თითქმის შეუძლებელია, ოფლის სქელი წვეთებიც თვალებში უვარდება. ვერ ხვდება, საიდან მოდის ასეთი ხვატი.
მარჯვნივ რაღაც გატკაცუნდება.
მიშას ინსტინქტი თავისას იზამს…
5.
დათო ხეს ეფარება. იცის, – ერთი ზედმეტი მოძრაობა და მისთვის ეს საღამო საბედისწერო აღმოჩნდება. მთვარის შუქი ფოთლებს შორის გაძრომას ახერხებს და პირდაპირ სახეზე ეცემა. ამდენი წლის განმავლობაში პირველად, პირველად გახდა მომსწრე, თუ როგორ აღწევს დაბურულ, თითქოს ღამით უხილავსაბანგადაფარებულ ტყეში თუნდაც სუსტი, მაგრამ მაინც სინათლე.
მობილურს იღებს და 022-ს კრეფს.
– სასწრაფოდ მჭირდება დახმარება!!!
– დამშვიდდით ბატონო…
…
6.
შუადღის ორი საათი იყო დაწყებული, მიშომ რომ გაიღვიძა. რამდენიმე წამის განმავლობაში აზრზე ვერ მოდიოდა – ფორსმაჟორულ სიტუაციებს შეუჩვეველი იყო და სიზმარ-რეალობის აღრევას მთელი ცხოვრება გაურბოდა. ახლა კი ვერ გაეგო რომელი რეალობა იყო მისთვის ნამდვილი და რომელი სიზმარი – ტყუილი. ალბათ, უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ მიშოს რცხვენოდა კიდეც. რცხვენოდა საკუთარი თავის და რცხვენოდა დათოსი. წინა დღით განერვიულებულმა, თხუთმეტი წლის გოგოსავით ბრაზი და წყენა გულში ჩაიდო და უკვე ღამით, სიზმრების სამყაროში გამოუშვა გალიიდან, მათი კონტროლის ქვეშ მოექცა და ასეთი საზარელი აღსასრული მოუწია საბრალო მეზობელს. კარგი იქნება, თუ ბოდიშს მოუხდის. მთავარია სისულელეების როშვა არ დაიწყოს და სიზმრები არ ახსენოს, მიზეზს კი, ბოდიშის მოსახდელად, აბა რა გამოლევს.
ფეხები ფლოსტებში გაყო და მეორე სართულზე ავიდა. აბაზანის კარები მთქნარებით შეაღო. ცხელი წყალი სან-პიერის არხივით მოედო მთელ სხეულს. სასიამოვნო შეგრძნება იყო, თითქოს გუშინდელი სიზმრისეული ყინვის შემდეგ, რეალობის ცხელმა დინებამ რელაქსაციის დამსახურებული პროცედურა შესთავაზა.
აბაზანიდან გამოსულმა, ტანი გაიმშრალა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ისევ ქვემოთ ჩავიდა. კარადიდან ”შატო მუხრანი” გამოიღო, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოკალათდა.
მწერლის ცხოვრებაში კმაყოფილებისა და ბედნიერების ის წუთები დამდგარიყო, ასე იშვიათად რომ ჰქონია აქამდე.
ტელევიზორში რაღაც სულელური კულინარიული გადაცემა გადიოდა, უშველებელი, თითქმის ორმეტრანახევრიანი დაკუნთული მოღიმარი გოლიათით და ერთი ბეწო მსუქანი ქალით, ერთმანეთს სახეში რომ შესციცინებდნენ და წინასწარ გაზეპირებულ, უკვე ათასჯერ ნათქვამ სიტყვებს იმეორებდნენ. ქალი ”ტიკა მასალაზე” საუბრობდა. გოლიათი ყურებამდე გაღიმებული უსმენდა და დროგამოშვებით თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
ქალი კერძის წარმოშობის ისტორიასაც კი გადაწვდა:
– ამ კერძის წარმომავლობა საკამათო საკითხია. 2009 წელს, გლაზგოს პარლამენტის წევრმა მუჰამედ სარვომ გამოთქვა აზრი, რომ ”ტიკა მასალა” შოტლანდიური წარმომავლობისაა. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ კერძი პირველად 70-იანებში სოჰოს რაიონში, ლონდონის პირველ ინდურ რესტორნებში წარმოიშვა. ინდოელი კულინარიული ექსპერტი დელიდან, რახულ ვერმა კი ამტკიცებს რომ კერძი არა სოჰოში, არამედ პენჯაბიში, უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში დამზადდა პირველად.
მიშა შემდეგ არხზე გადართავს, სადაც, თავისდაგასაკვირად ”შავ გედს” გადააწყდება, ასე ძალიან რომ მოეწონა ორი წლის წინ მეგობრის სახლის კინოთეატრში ნახვისას. მაშინ რეცენზიის დაწერაც კი გადაწყვიტა და სახლში მისვლისას რამდენიმე წინადადება მიჯღაბნა:
…დარენს ზოგადად უყვარს ექსპერიმენტები და ხშირ შემთხვევაში ფილმზე მუშაობისას დიდ რისკზეც მიდის – ახალბედა, ყველასთის უცნობი სცენარისტები აჰყავს. ეს ტრადიცია არც ”შავ გედში” დაარღვია და სცენარისტებს ანდრე ჰენცი მიუსვა. მარკ ჰეიმანთან მან უკვე იმუშავა ”რესტლერზე”, ასე, რომ წარსულის გახსენებაც შეძლო.
საინტერესოა, რომ არონოვსკის ხელწერა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის რთულ, ღრმა და ბევრისთვის ”მიუწვდომელ” თემებს ეჭიდება. რატომღაც დარენი არ ცდილობს აირჩიოს რომელიმე კონკრეტული მიმართულება, შეიმუშაოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი – ალბათ არ სურს ბანალური, ადვილად გამოსაცნობი რეჟისორი იყოს, თუმცა რასაც აკეთებს ყველაფერი 100 და მეტი პროცენტით გამოსდის… მიუხედავად ყველაფრისა, პედანტი მაინც შეამჩნევს ზოგიერთი ”მაესტროს” ზეგავლენას. ”პის” ყურებისას გგონია მოდიფიცირებულ ჰიჩკოკს უყურებ, ”რექვიემი” 90-იანების ბოლოსკენ, გერმანიაში დაბადებული ”ფსიქოს” პირმშო გეგონება (ინდივიდუალური სრულყოფილებით, რა თქმა უნდა!). ოლივერ ჰირშბიგელს ორი წლით ადრე რომ ეაქტიურა, არონოვსკის პლაგიატის იარლიყი მიეკერებოდა და მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებდა (ეს კი მოგეხსენებათ, ჰოლივუდში რა ქიქესია). მტკნარი სიცრუე! სწორედ ამიტომ ფურცელს ცეცხლი წაუკიდა და სამზარეულოს ნიჟარაში ჩააგდო…
მიშა ჭიქას ღვინით ავსებდა, სხვენიდან მოულოდნელად ბრაგუნის ხმა რომ ჩამოვიდა. მწერალი შეხტა კიდეც და ღვინო დივანსა და ხალიჩაზე დაესხა. შუბლი ცივი ოფლით დაენამა. ბოთლი და ჭიქა ხის პატარა, ჟურნალების მაგიდაზე დადგა და ფეხაკრეფით გაემართა ზემოთ. ყოველ საფეხურზე ოფლის წვეთების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ხოლო როცა სხვენამდე ავიდა, მაისური უკვე შესამჩნევად დასველებულიყო. ”როგორ ცხელა”, გაიფიქრა მიშამ და მიხვდა, რომ სახლში, განსაკუთრებით კი აქ, ზემოთ, საშინლად ცხელოდა, თუმცა არ ახსოვს კონდენციონერზე ტემპერატურისთვის მოემატებინოს.
სხვენის კარები შეაღო თუ არა, შიგნიდან გამოსულმა სიმყრალემ თავბრუ დაახვია და ძლივს მოასწრო სახელურს ჩასჭიდებოდა, თორემ იქვე გაადენდა ბრაგვანს. ცხვირზე ხელი აიფარა და შიგნით შევიდა. უკუნ სიბნელეში რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყო. კედელზე ხელების ფათურით ამომრთველი იპოვა და თითის ოსტატური მოძრაობით ოთახი ერთიანად განათდა… განათდა და სიმყრალის წყაროც თვალთახედვის არის ცენტრში მოექცა – სისხლის გუბეში მოტივტივე გვამი ცვილის თოჯინას ჩამოჰგავდა. მოჭრილი თავიც იქვე ეგდო. ქალაში რაღაც ბასრი საგანი გარჭობილიყო…
…მიშამ უკან დაიხია. შეშინებულს, აზროვნების უნარი წაერთვა და უკანა სვლით თითქმის ინსტინქტურად წავიდა გასასვლელისკენ… ყველაფერი წამებში მოხდა: თავი დაბალ ჭერს აარტყა, იატაკზე ფეხი აუცურდა და საკუჭნაოდან ქვემოთ კიბეებზე, თავდაყირა დაეშვა. უკანასკნელ საფეხურს თავი კიდევ ერთხელ ჩამოარტყა, – ამჯერად სისხლმაც კი გამოჟონა.
მწერალი იატაკზე გაიშხლართა და გონება დაკარგა.
7.
რამდენიმე საათის შემდეგ გამოფხიზლებულს ეგონა წლები გასულიყო მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა. თავი უსკდებოდა. კეფასთან ჭრილობას ხელი შეახო თუ არა ისევ თვალთ დაუბნელდა, თითქოს გონებაში მეხი გავარდა. თავი “კონცლაგერიდან” გამოქცეული ებრაელი ეგონა, ბოლოს და ბოლოს რომ დაიჭირეს და ჰიმლერის ლაბორატორიაში, რკინის მაგიდაზე განრთხმულს, თვალიდან გრძელი ზონდის ტვინში შეყვანით ლობოტომიას უკეთებენ. იქნებ ასეც არის? იქნებ ეს მხოლოდ სიზმარია და თავის ტკივილი რეალობაში დარჩენილი სხეულის მიერ ქვეცნობიერისადმი მოწერილი გამაფრთხილებელი წერილია? თუ ასეა, გაღვიძებისთანავე ”ბოსტნეულად” იქცევა და F07-ით სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯება. ერთი კია, – აწი აღარ მოუწევს შემოქმედებით აქტიურობასა და სპონტანურ ქმედებებზე დარდი. საერთოდაც არაფერზე ფიქრი აღარ მოუწევს და რეფლექსებსა და ასე თუ ისე შენარჩუნებულ ინსტინქტებზე დაყრდნობილ ზომბად გადაიქცევა, ხშირად ჩაიფსამს და დორბლის მოწმენდას ვერ შეძლებს.
როგორც კი თავის ტკივილმა გადაუარა, სხვენზე ნანახი გაახსენდა. დიდხანს ფიქრობდა აბრუნებულიყო თუ არა ზემოთ და დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი არ მოელანდა…
…კარები ფრთხილად შეაღო. ამჯერად ამომრთველი ადვილად იპოვა… ნათურა აკაშკაშდა და მკვეთრი ნათება უცნობის გვამს მოჰფინა… არა, არაფერი მოლანდებია!
კიბეებზე დაეშვა, პირველ სართულზე ჩაირბინა და გასასვლელისკენ გაიქცა. დათო უნდა ენახა და მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ერთად გადაწყვეტდნენ, რა უნდა მოემოქმედებინათ. გარეთ გავარდა თუ არა, მოყინულ კიბეზე ფეხი აუსრიალდა და თოვლის სქელ ფენაზე გაწვა.
”თოვლი?”
მიშა საკუთარ თვალებს არ უჯერებდა – ირგვლივ ყველაფერი თოვლს დაეფარა. ხეებზე ფენებად იდო თეთრი მასა. ჰაერში მსხვილი ფანტელები დაფრიალებდნენ. ფეხზე წამოდგა და დათოს სახლისკენ შეძლებისდაგვარად გაიქცა. დიდ, კენგურუსებრ ნაბიჯებს დგამდა. ფეხი ღრმად ჩადიოდა თოვლის ფაფუკ, თუმცა სქელ ფენაში. კიბეებზე ფრთხილად ავიდა და კარებზე დააკაკუნა. პასუხი არ ჩანდა. ხელმეორედ დააკაკუნა. შემდეგ ხელმესამედ. როცა ხელმეოთხედ დაკაკუნებისას კარი არავინ გაუღო, უკან დაიხია და შესამტვრევად მოემზადა, მაგრამ უეცრად შიგნიდან სამივე საკეტი გაჩხაკუნდა, სახელური გადატრიალდა და კარებიც გაიღო. წინკარში უთავო სხეული იდგა. მოჭრილი ადგილიდან გადმონადენი სისხლი მთელ სხეულს მანტიასავით გადაჰფარვოდა. სხეულს ცალ ხელში თავი ეჭირა. მიშო მიხვდა, რომ მის წინ დათო იდგა. მოჭრილი თავი ცბიერად უღიმოდა და გაუფერულებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა…
– შემოდი მიშა… – თქვა თავმა. – ოღონდ ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს…
ყველაფერი განათდა. მიშამ უკან დაიხია. რაიმეს გარჩევა შეუძლებელი გახდა – ზებუნებრივ სითეთრეში მწერალი საკუთარი სხეულის გარდა ვერაფერს ხედავდა. სხეული კი თანდათან პატარავდებოდა და შავი ხვრელისმაგვარ ღრმულში იკარგებოდა.
წამიც, და ყველაფერი დასრულდა!
8.
სხვენის კარები ხმაურიანად მიჯახუნდა.
9.
დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, ტყესთან ახლოს, ყველაზე დიდ სახლთან პოლიციის მანქანა რომ გაჩერდა. გუშინ ღამით შემოსული ზარის მეშვეობით ადგილმდებარეობის დადგენა მალევე მოხერხდა, თუმცა ღამით აქეთ ამოსვლა შეუძლებელი იყო, ასე, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გათენებას დაელოდა.
ლეიტენანტი ლაფაჩი მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ გაემართა. სამჯერ დააკაკუნა, მაგრამ კარები არავინ გაუღო. სახელურს ხელი მოჰკიდა და ოდნავ მიაწვა. ღია აღმოჩნდა. მართალია, ორდერის გარეშე შიგნით შესვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ შესაძლებელი მკვლელობის ფაქტი კანონის დარღვევას მოითხოვდა.
შიგნით საშინელი სუნი დახვდა. ცხვირზე ხელი აიფარა და ოთახების თვალიერებას შეუდგა. როგორც კი მეორე სართულზე ავიდა, სუნი უფრო გაძლიერდა… თავმოჭრილი, ბუზებდახვეული, უკვე ლპობაშეპარული გვამის აღმოჩენას დიდი აღარაფერი დასჭირვებია.
ლეიტენანტი ლაფაჩი პირველ სართულზე ჩამოვიდა და სანამ გარეთ გავიდოდა, – რათა მანქანიდან რაციით საპატრულოს დაკავშირებოდა და სახლში ნანახის შესახებ მოეყოლა, – დივანზე დაგდებულ გადაშლილ ლეპტოპს მოჰკრა თვალი. დესკტოპის უცნაური სურათიდან ორი მანათობელი წერტილი პირდაპირ მისკენ იყურებოდა. შეჩერდა და კარგად დააკვირდა – თუ ეს რაღაც თვალები იყო, მაშინ მზერა აშკარად მისკენ იყო მიმართული. თვალები მოიფშვნიტა თუ არა ლეპტოპიც გაქრა. ეტყობა მომეჩვენაო, გაიფიქრა ლეიტენანტმა და გარეთ გავიდა…
…გავიდა და სხვენის ფანჯრიდან გადმოგდებული ნაჯახი იმ წამსვე თავში ჩაესო. ბასრმა პირმა ტვინამდე ჩააღწია და ორად გაყო.
ლეიტენანტი ლაფაჩი იქვე ჩაიკეცა.
© “არილი”