ინტერვიუ

ლევან ბრეგაძე – ჩემი ცხოვრების წიგნები

ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

არ მახსოვს პირველად რა წავიკითხე. ვიდრე კითხვას ვისწავლიდი, სხვებს ვაკითხებდი და ვუსმენდი, რაც ერთობ საამური რამ იყო! გატანჯული მყავდნენ შინაურები „წამიკითხე, წამიკითხე“-თი! ერთხელ, სოფელში (კურსებში) კბილი ამტკივდა საშინლად, მათიკო მამიდამ რაღაც წიგნი აიღო, გვერდით მომიჯდა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა. კბილის ტკივილი ეგრევე გამიჩერდა. მაშინაც გამაკვირვა ამან და ახლაც მიკვირს. ორმაგი სიამოვნება განვიცადე ერთბაშად – წაკითხულის მოსმენით და ტკივილის ელიმინაციით გამოწვეული (როგორ მოუხდა ეს უცხო სიტყვა ამ სათქმელს! არ გადამიკეთოთ!). გუშინდელივით მახსოვს ეს ამბავი. ის კი დამავიწყდა, რას მიკითხავდნენ.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

„რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები“, ელენე ვირსალაძის რედაქციით, შესავალი წერილითა და შენიშვნებით. თბილისი: სახელგამი, 1949. თვითონ წიგნი არ შემომრჩა (ეს მონაცემები ახლა დავაზუსტე ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში). გათენება იმისთვის მიხაროდა, რომ ზღაპრებს წავიკითხავდი. ყველა ზღაპარი ბევრჯერ მქონდა წაკითხული, თანაც ყოველ ჯერზე – სიამოვნებით. ერთხელ რაღაც საბავშვო მოთხრობის წაკითხვა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი – თხრობის რეალისტურმა მანერამ ვერ მომხიბლა. და გავიფიქრე – ზღაპრების გარდა არასოდეს არაფერს წავიკითხავ-მეთქი. მგონი, აქედან მოდის არამიმეტური მხატვრული თხზულებების სიყვარული, რაც დღემდე მომყვება. მოკლედ, ზღაპრების დიდად მადლიერი ვარ და ძალიან მაკვირვებს ის ამბავი, ზოგიერთი რომ ებრძვის მათ დღეს.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

პლატონის „ნადიმი“, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი. მეტადრე ის ადგილი, სადაც უკვდავების შესაძლო ორ ფორმაზეა ლაპარაკი, რომელსაც ხშირად ვიმოწმებ ხოლმე. დიახ, ამ წიგნმა შემცვალა: მასწავლა, რომ პირველი შთაბეჭდილება, რასაც საგანი ან მოვლენა ახდენს ჩვენზე, სანდო არ არის. მოვლენის არსში წვდომა სასიამოვნო პროცესად იქცა ჩემთვის მისი წაკითხვის შემდეგ.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

არამარტო ჩემი, ლამის მთელი ქართველი საზოგადოების მენტალიტეტი შეცვალა ნოდარ დუმბაძემ თავისი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონით“. ადრე მითქვამს და აქაც გავიმეორებ: ცივი საბჭოური „სერიოზულობა“ თამამი იუმორით გაალღო. გზა გაუხსნა „ღადაობას“ სახლმმართველზეც, კოლმეურნეობის თავმჯდომარეზეც, საბჭოთა მოსამართლეზეც – რასაც მანამდე ვერავინ ბედავდა! – და თვით საბჭოთა განათლების სისტემასა და მასწავლებელზეც, რომელიც – თქვენ წარმოიდგინეთ და! – ყოველთვის როდი იყო, კაცმა რომ თქვას, იდეალური!.. ხალხმა შვებით ამოისუნთქა!

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

წერის სურვილი სულ მქონდა. ადრეული ბავშვობიდან ვთხზავდი ბავშვურ ლექსებს. ლიტერატურის კრიტიკოსობისკენ კი აკაკი ბაქრაძის წიგნებმა მიბიძგა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. ერთდროულად მასზე ბრძნული და მასზე სახალისო წიგნი სხვა არ მეგულება. დაუსრულებლად შემიძლია ვიკითხო და ვიკითხო. ბევრი ნაშრომიც მაქვს მასზე გამოქვეყნებული.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

რა ჩამოთვლის! ამგვარია უმრავლესობა იმ წიგნთაგან, რაც წამიკითხავს. ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: უხარისხობაც (ასეთია ჩემთვის ყველა წიგნი, რომელიც გამიკრიტიკებია), ინტერესების ცვალებადობა (ერთ დროს მიტაცებდა სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ კარგა ხანია მისკენ გული აღარ მიმიწევს), უდროობა… სიამოვნებით გადავიკითხავდი ყველა წიგნს, რაც ახალგაზრდობაში მომწონებია. ჩემი აფორიზმია: ჯობს ერთი წიგნი წაიკითხო ხუთჯერ, ვიდრე ხუთი წიგნი თითოჯერ. მაგრამ სად არის ამის დრო!

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

რა საინტერესო თემაა! ჩემთვის და უამრავი სხვა პატარა თუ ზრდასრული მკითხველისთვის საყვარელი წიგნი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ – ძალიან გვიან წავიკითხე, მაშინ როცა უკვე ხანშიშესული ვიყავი. რატომღაც მგონია, რომ ბავშვობაში ასე არ მომეწონებოდა.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ყველა პერსონაჟთან ვაიგივებ თავს, რომელსაც ჩემი სახელი ჰქვია – სულ ერთია, რომელ ენაზე (ლევანი, ლეონ, ლევონ, ლიონ, ლევ…). იოლად ვაიგივებ თავს იმ პერსონაჟებთანაც, რომლებიც დედაქალაქში პროვინციიდან ჩამოდიან.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ჰერმან მელვილისმობი დიკი“. ძალიან მოსაწყენი რამ არის ჩემთვის. არადა, რამდენი ეთაყვანება!..

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ერთი ის არის, რომელიც წინა პასუხში მოვიხსენიე, რასაც არ ვნანობ; ხოლო რის ბოლომდე წაუკითხაობასაც ვნანობ, არის იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ და ფრანსუა რაბლეს „პანტაგრუელი“.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

წიგნებს ძირითადად პრეზენტაციებზე ვიძენ. ბოლო პრეზენტაცია, რომელსაც დავესწარი, მაია ფანჯიკიძის მიერ თარგმნილი მაქს ფრიშის „კითხვარის“ წარდგენა იყო. უფრო ხშირად ამ ბოლო დროს ელექტრონული წიგნის მაღაზიებს – lit.ge-სა და saba.com.ge-ს – ვსტუმრობ. სულ ბოლოს, მგონი, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული შევიძინე lit.ge-ზე. ელექტრონული წიგნის სმარტფონით კითხვა ერთობ მოსახერხებელია – ტექსტი მცირე „ულუფების“ სახით (მცირე მოცულობის გვერდებად) მოგვეწოდება, რის გამოც სწრაფად იკითხება. თუმცა ელექტრონული წიგნი ნაბეჭდ წიგნს ვერ „გააქრობს“, ისევე, როგორც ფერწერული ტილოს რეპროდუქცია ვერ ჩაანაცვლებს ორიგინალს. წიგნის მაღაზიაში ბოლოს შვილიშვილისთვის ვიყიდე ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ფერადნახატებიანი გამოცემა (მხატვარი მაია ბათუმაშვილი. სულაკაურის გამომცემლობა). ბედნიერებაა, პოლიგრაფიულად ლამაზ ქართულ წიგნებს რომ მოვესწარით! როგორ გვშურდა ამის გამო უცხოელებისა!

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ახალი მხატვრული ტექსტების კითხვა ჩემს ასაკში ძლიერ სტრესებს იწვევს, ამიტომ ამ საქმიანობას, რაც გაეწყობა, თავს ვარიდებ. ძველ წაკითხულებს კი ვათვალიერებ ხოლმე, უფრო მაშინ, როცა ამას რომელიმე ჩემი წერითი სამუშაო დაისაჭიროებს (მაგალითად, ახლა მჭირდება და ვათვალიერებ „წმ. ნინოს ცხოვრებას“, „ვეფხისტყაოსანს“, ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ანდაზებს).

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

თარგმნა მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ დიდი დრო მიაქვს და მისთვის ვეღარ ვიცლი. ცოტაოდენი მხატვრულიც მითარგმნია (ლექსიც, პროზაც, დრამაც), მაგრამ უფრო სამეცნიერო ლიტერატურას ვთარგმნიდი. რეცეფციული ესთეტიკა მიტაცებს ძალიან და მისი ორი დიდი წარმომადგენლის – ჰანს გეორგ გადამერისა და რომან ინგარდენის – თითო სტატია ვთარგმნე კარგა ხნის წინ (შესულია ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემაში: „ლიტერატურის თეორია, III“, 2015). დაწყებულ-დაუმთავრებელი მაქვს თარგმნა რეცეფციული ესთეტიკის მესამე გამოჩენილი მკვლევრის ჰანს რობერტ იაუსის ნაშრომისა „ლიტერატურის ისტორია როგორც ლიტერატურისმცოდნეობის პროვოკაცია“. ამის დასრულების დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ რა ვიცი… მოვასწრებ? 76-ის ვხდები.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

თუ გინდათ ვინმემ რომელიმე წიგნი არ წაიკითხოს, მისი წაკითხვა ურჩიეთ! ამიტომ, მოდით, წიგნს კი არა, ჟანრს დავასახელებ: ახალგაზრდა მკითხველებს ვურჩევ იკითხონ გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებაზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანები, – სულ ერთია კომპოზიტორები იქნებიან ისინი, მწერლები, მსახიობები, ექიმები თუ ინჟინრები. ავტორებსაც მნიშვნელობა აქვს. ჩემზე უზარმაზარი სასიკეთო ზეგავლენა იქონია შტეფან ცვაიგის, ანდრე მორუას, ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიულმა რომანებმა. ქართველი ავტორებიდან როსტომ ჩხეიძისა და ელგუჯა თავბერიძის წიგნებს დავასახელებდი.

© არილი

Facebook Comments Box