***
ვზივარ და ვსწავლობ ჯდომას,
ვწევარ და ვსწავლობ წოლას,
ვამთავრებ წამის კენკვით
მარადისობის სკოლას.
მოსვლით ვისწავლე მოსვლა,
წასვლის გაკვეთილს ვაცდენ,
რა დროს წასვლაა, როცა
კოვიდზე ორჯერ ამცრეს.
ვაფრენ და ვსწავლობ ფრენას,
მერცხლებს ვიჭერ და ვაფრენ,
უდაბნოსაკენ ვაფრენ,
აფრიკისაკენ ვაფრენ.
გავანახევრე საქმე
და ველოდები ფინალს,
მერცხალს ვუშენებ ბუდეს,
აქეთაც გადმოფრინავს.
ვზივარ და ვსწავლობ ჯდომას,
ვწევარ და ვსწავლობ წოლას,
ვამთავრებ წამის კენკვით
უსასრულობის სკოლას.
***
ამდენი ათასი ნერვი,
უჯრედი, ძალიან ბევრი,
უჯრედშორისი წამი
და წამებს შორის მტვერი,
ყველაფრის მცოდნე სისხლი,
ატომი, პირადი ბირთვით.
…და ასეულობით ძვალი
და ძვალთა შორის ხრტილი
და ხრტილის იქით ხორცი
და ხორცის იქით კანი
და კანის იქით თმები
და თმების იქით თმენა
და თმენის იქით ბედი
და ბედის იქით ასო
და ასოს მერე სიტყვა
ქმენი და როგორ ქმენი.
შეგექმნა პატარა მილი,
თავსა და ბოლოში ღია
და მილში ივლიდა წყალი
და წყალში ივლიდნენ თევზნი.
***
ჩიტი ვარსკვლავებს იპარავს,
ფოსტალიონი წერილებს,
ძილი სიკვდილის ასლია,
სიზმრებს გიგზავნი მეილზე.
არაფრის იქით ბოლო ცა,
თითები წერილს კენკავენ,
მე ძილი უნდა მენახა,
სიზმრიდან გამოგეპარე.
***
წიგნი, ნათურა,
ყვითელი ზოლი,
გინდ დაიჯერეთ,
გზაზე წევს ზებრა.
გაზეთში ორი
ამბავი არის,
კარგი და ცუდი,
ცუდი და ყველა.
ჰაერის ზვავი
მიწიდან მოდის,
არის სიჩუმე
ყოველთვის გვიან,
ვიდრე სინათლე
სინათლე არის
და სინათლესთან
სინათლე მიაქვს.
***
ახლა ცხადში უნდა გაიღვიძო,
სიზმარს მიედები, მოედები,
ხედავ, არსებული სახეები,
როგორ იცვლებიან მოედნებზე.
გარეთ ამინდია არჩევაზე,
გზები ერთმანეთზე ლაგდებიან,
მიდის ავტობუსი ხალხის თხოვნით
და დრო, ყველა შხამზე მავნებელი.
ღამე, რომელ ცაზე ჩაიკეცა,
მახსოვს მისამართის გაორებით,
ახლა ცხადში უნდა გაიღვიძო,
სანამ ამინდები აურევენ.
***
მიდიოდა ცაზე კაცი,
მიდიოდა სახლში ის
და მიჰქონდა ერთი მთვარე,
ორი პური, ბოთლი – რძის.
სანამ მთვარეს აანთებდნენ,
აანთებდნენ სანამ მზეს,
პირად ჩრდილში იდგა კაცი
და იმ ჩრდილზე იდო გზა.
…და სიბნელე იყო მაინც,
კაცის ტოლი სიბნელე,
სანამ მთვარეს აანთებდნენ,
აანთებდნენ სანამ მზეს.
***
ცა – ერთი დიდი ფანჯარა,
იმედის ერთი ნაპირი,
ბავშვმა თვალებით შეჭამა
ნაყინი.
ცივი და თეთრი სიშორე,
მონათესავე ფანჯრიდან,
ვკითხულობ თოვლზე, კედლებზე,
მარცხენა უდრის მარჯვენას.
ყოფნა, თუ გარემოება,
რომელი რომელს აჯობებს,
თუ წამი არის მათ შორის
და ერთი, გიჟი ფანჯარა.
***
სიზმარი, სხვისი ღამიდან
და არსაიდან მოსული,
შენი თვალები – ჩასული
და ბედი, ძლევამოსილი.
კარებზე არის წარწერა,
აუცილებლად შეაღეთ,
მოვედი დროის მანქანით,
მაგრამ ხელით ვერ შეგეხე.
არარსებული მანძილი,
სინათლე უკვე დრეკადი,
სიზმარი, სხვისი ნომრიდან
სხვის ფიქრში გადარეკილი.
სიზმარი, სხვისი ღამიდან
და არსაიდან მოსული,
შენი თვალები – ჩასული,
ვით ბედი, ძლევამოსილი.
***
სინათლის ათვლის წერტილი,
სინათლე მოდის საიდან,
მე ვიცი, საით მივდივარ,
რომ ამომშლიან სიიდან.
დამახსოვრებულ სიჩუმეს,
კალენდარს, ზოგჯერ ნაკიანს
და სიზმარს – სულის იდეას,
თავისუფლება აკლიათ.
ქალაქში დადის ამბავი,
ამბობენ, უნდა დაღამდეს,
საიდან მოდის სინათლე,
ან საით მიდის,
ნახვამდის.
სინათლის ათვლის წერტილი,
სინათლე მოდის საიდან,
მე ვიცი, საით მივდივარ,
მეც ამომშლიან სიიდან.
***
სიზმრის ძეგლი, როგორც ფიფქი,
ფიფქი, თითქმის თეთრი ღამე,
ცხრა სიცოცხლე გქონდეს, მიჯრით,
ბედმა თუ არ გაგიღიმა.
გაზეთების იდგა რიგი,
ჩიტი ცაზე აღესრულა,
გზიდან ცისკენ გასასვლელით
მზე სხვის თვალში გადასული.
კედლის საათს ფიფქი აზის
და ერთ სიზმარს ვხედავთ ყველა,
მომიყევი, რა იგრძენი,
მამალმა რომ დაიყივლა.
***
ჩიტები არღვევენ საზღვარს,
სინათლეს სინათლე ადევს,
რაც უფრო შორს არის სახლი,
სახლიდან გადიხარ ადრე.
სიტყვებში ოცნების ტყეა,
ქაღალდზე სიტყვების დეპო,
შენ ხარ არსებულზე ცოტა
და არარსებულზე მეტი.
***
ეს ფანჯარა, იმ ფანჯრის,
უკვე მეგობარია,
ერთი ქუჩის და სახლის
ერთ კედელზე არიან.
ერთს რომ ბავშვის თითები
და ტუჩები ლოკავენ,
ამ მეორეს, ფარდების
ენებს დაუმოკლებენ.
სახლებს შორის ქუჩები,
ჰაერს გაატარებენ
და ჩვენ შორის დრო იდგეს,
იმედივით პატარა.
აწვალებენ ცრემლები
მაგ თვალების საკეტებს,
მოდის მერე სიბნელე
და საკეტებს აკეთებს.
მან, მე, როცა მასწავლა,
თვლა თითებზე, ათამდე,
ზოგი სკოლას (დიდ სკოლას)
და მე სიზმრებს ვამთავრებ.
ეს ფანჯარა, იმ ფანჯრის,
უკვე მეგობარია,
ერთი ქუჩის და სახლის
ერთ კედელზე დადიან.
***
ეძებენ გზები ხიდებს,
თვალები – მზეზე ლაქებს,
სიცოცხლის გადამკიდემ
ვეღარაფერი ვნახე.
ნამდვილი სიზმრის ბოლო
სოფლის ბოლოზე გადის,
ხსნიან საიდუმლოებს
ამომხსნელები მათი.
***
…და სიზმარში შევიხედე,
საქმე მქონდა არაფერი,
წამის გვერდზე იდგა სკამი,
სკამზე ჩიტი, გადამფრენი.
ბრწყინვალებდა დარდის თოვლი,
სინანული – ქვაზე ჭრელი,
ყველაფერი იყო ლანდი,
გზებიც, გზების გადამჭრელი.
მერე ლანდმა ლანდი შობა,
ყველაფერი გახდა ჩემი,
სიმარტოვეც, სკამზე ჩიტიც,
დანარჩენიც.
***
დუმს ღმერთი და ეს დუმილი –
არც ოქრო,
არც ორთქლი,
ან რამე,
არარსებობა არის
არარსებობის ბრალი.
გზაზე ფოთოლი გარბის
და უსწრებს ავტომობილს,
ცაზე – კედელი,
კედელზე – სიზმრების კატალოგი.
ქვით განგმირული ჩიტი,
იმ ქვასთან ერთად გდია,
და ეს დუმილი, მათი,
უცნაურია ფრიად.
***
ან რა ძალა ჰქონდა სიტყვას,
რა სინაზე დაჰყვა ლურსმანს,
იმეორებს სარკე იმას,
სიმარტოვე რასაც უსმენს.
განა ცუდი ბიჭი იყო
(რა გაგრძელდეს, რაც არ სუნთქავს)
კიბეები აირბინა,
მზეს მალავდა კედლის უკან.
***
ჩათრევას ჩაყოლა ჯობია,
ათრევას – აყოლა, ალბათ,
გზაზე ცხოველების ჯოგია,
ან, ბან.
განდგომილ ცხოველებს სიშტერე
ხიდან ჩამოსვლისას დაჰყვათ,
შენ უსასრულობით ისვენებ,
ყველაზე დაღლილი, ალბათ.
***
ცამ მითხრა, აღტაცებულმა,
შენი ადგილი აქ არის,
ფოთლები როგორ დადიან
სამქარიანი მანქანით.
დგას სიზმრის შემოსახვევში
სამეფო, უკიდეგანო,
უსასრულობა სინათლით
შემოღობილი მეგონა.
ვფურცლავ ღრუბლების სიშორეს,
ჩიტი მიქრის და ცანცარებს,
ღმერთის დუმილში შეფრინდეს,
რომ სიტყვა ამოაცალოს.
***
ხეს ჭრიან,
ჩიტები ტირიან,
მდინარე ამოდის აღმა,
სიჩუმის ლანდები ჩნდებიან,
დგებიან სინათლის ნაღმზე.
დღეები საათებს ითვლიან,
ყველაფერს გავცვლიდი წამზე
მენახა მზედ როგორ იქეცი,
მამალმა იყივლა სამჯერ.
***
ფოთლის ფარდა,
ნისლის მინა,
ცას ღრუბელი აბიბინებს,
კალენდარზე სიზმარია,
სადღაც გარბის ლოკოკინა.
სიზმარია,
სიმწვანეა,
სიმრგვალეა მოედნების,
გამოვედი სინათლიდან,
სხვა სინათლეს მოვედები.
გაიხედე,
მზისგან მარჯვნივ,
დევს სიზმრების იმპერია,
ყველაფერი სიჩუმეა,
ყველაფერი გზის მტვერია.
ნისლის ფარდა,
ფოთლის მინა,
ცას ღრუბელი აბიბინებს,
კალენდარზე სიზმარია
ლოკოკინის.
© არილი