პროზა

ლევან სებისკვერაძე – აპრილის საბანი

გავარტყი იმ დღეს, როცა პირველი ონლაინ-ტოტალიზატორი შეიქმნა! წყეულიც იყოს გამაზვების ინტერნეტში გადატანის მომგონი უკუნისამდე! (ძირს დახრისას მუხლები საზარლად რომ არ მიჭრიალებდეს,  ამ დროს 12 მეტანიასაც კი გავაკეთებდი). მძულს და მესაძაგლება ყოველივე, რაც ებრძვის დიდ ოთახს, ოთახში ბევრ ხალხს, ბევრი ფურცლის შარიშურს, მელნით დათხვრილი მაგიდის კიდეებს, დარდიან ამოოხვრებს და, რაც მთავარია, სიხარულის ყიჟინას სასურველი გოლის გატანის შემდეგ…

მე როლანდი ვარ – მაზავიკთაგან როლანდ დე ბურად წოდებული. პაპაჩემ ევგენას მიერ მუხიანში დატოვებული ერთოთახიანი ბინა ამ ხუთი წლის წინ ტოტალიზატორში (რა თქმა უნდა) წავაგე და იმის შემდეგ სულ ორი რამ შევიცვალე – საცხოვრებელი ადგილი და სიგარეტი. მოწევით ისევ ვეწევი, მაგრამ რასაც ახლა ვეწევი, იმ უიაფეს სიგარეტის კოლოფს თეთრ-მწვანეზოლიანი დროშა ახატია მასზე გამოსახული სეპარატისტული წითელი ხელით. ჩემი სახლი კი ესაა! ეს კედლები, ეს მრავლისდამტევი სარკმლები, საიდანაც სიხარულით აკანკალებული ხელით მრავალს აუღია მოგება და კიდევ ბევრი აიღებდა, რომ არა ორი დედაარღნიანობა – ორი, როგორც ბუფონი და ტოლდო, როგორც შოთა და აჩი, როგორც ირინა შეიკის ძუძუები და როგორც „ბაკავოი“ მსაჯები.

ეს  ორი დედაარღნიანობაა თბილისური ტოტალიზატორების მასობრივი დახურვა და კიდევ უფრო მასობრივი პანდემია.

ეს პანდემია ახლა, მგონი, ყველას აშინებს, ჩემ გარდა, რადგან შიშის გრძნობა მას მერე დავკარგე, როდესაც მამაძაღლობაში დახელოვნებულ უბნის ბიჭებს ჩუმად გავაღებინე ორი წლის წინ დაკეტილი, სარდაფში გახსნილი ერთ დროს ლეგენდარული ტოტალიზატორის კარი და ახლა აქ ვარ გამაგრებული, როგორც თბილისის „დინამოს“ დაცვა როტერდამის „ფეინოორდთან“ იმ დიად 81-ის გაზაფხულზე.

მე ვარ ტოტალიზატორის მოჩვენება, რომელსაც უბნის ბიჭბუჭობაღა ემეგობრება. მაგრად მესმის იმ ბიჭბუჭობის. ჩემს ბავშვობაშიც ყველას მოგვწონდა უცნაური, ცოტა საშიში, ცოტა მოკრიმინალო, ცოტა ისეთი ტიპები, რომლებთან მისვლასაც მშობლები გვიშლიდნენ, მაგრამ გული მაინც მიგვიწევდა მათკენ. მაგალითად, ჩემს უბანში იყო ერთი ეგეთი მამუკა, რომელიც საშინელ ჯურღმულში მარტო ცხოვრობდა. სულ მიგვქონდა მასთან არაყი, ლარიანი უსაძაგლესი ძეხვი და ვუსმენდით მის ბოდვებს „კაცობაზე“, „ქურდულზე“ და ხანდახან რუსეთის ციხიდან მოფრენილ მუსიკალურ ჰანგებსაც გვასმენინებდა საბჭოური მინჯღრეული ერთკასეტიანი „ელექტრონიკათი“. ხომ გახსოვთ ეგ მაგნიტოფონი?! აი, კასეტა ზემოთ რომ ამოდიოდა რაღაცნაირად მახინჯად და მერე ეს ამოსასვლელი მექანიზმი მალი-მალ ფუჭდებოდა, „პლიტასთან“ გაზრდილი თბილისელი ქურდებივით.

ამ ბიჭბუჭობამ მასწავლა მეც მობილურ ტელეფონში „გამაზვა“, დავარცხნილად კი – „ფსონის დადება“. მე კი ვდებდი ამ ვირტუალურ ფსონებს, მაგრამ რა ხეირია აქედან?! წარმოიდგინეთ, იანვარია, მაგრად ცივა, ვწევარ ერთმანეთზე მიდგმულ, ერთ დროს საფსონე ქაღალდებით სავსე მაგიდებზე, მაფარია ჩემი ბიჭების მიერ სახლებიდან მოპარული ადიალა-საბნები, ვაწკაპუნებ იმ ძველ, დებილ ტელეფონს და დამპალი ზედა მეზობლიდან მოპარული ViFi-ის მეოხებით  ვცდილობ, „დეპორტივოს“ ე. წ. ლაბავოი დვოიკა ავიღო. არ მემორჩილება ტელეფონის დაკაწრული ეკრანი, არ მემორჩილება გაყინული თითები და ჩასარიცხი აპარატიდან ანგარიშზე შეტანილი კაპიკებიდანაც სულ ლარ-ნახევარიღაა დარჩენილი. გავარტყი ასეთ დაფსონებას და ასეთ ცხოვრებას! გავარტყი და მერე როგორ გავარტყი! აი 78-ში ცხონებულმა რესენბრიკმა რომ გაარტყა ბურთი არგენტინის კარის ძელზე  – იმაზე მეტად და ჯიგრიანად!

იმ ძველი ამბებიდან ყველაფერი მახსოვს და მაშინდელი ხალხი გონებაში ისე მოულოდნელად ამომიხტება ხოლმე, როგორც ვირუსები ძველ კომპიუტერში. მახსოვს ორი უცხო სომეხი ბიჭი, რომლებიც, როგორც ჩანს, მაშინ პირველად შემოეხეტნენ ტოტალიზატორში. აი, აქ ისხდნენ, ზუსტად აქ! დიდ ფანჯარასთან, მონიტორის ძირში, როდესაც ერთმა მეორეს გახარებულმა მიარტყა ფეხი ჩურჩულით: „სლიშიშ, არმენია ვიიგრალა!“ გაიგო, რა რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბილეფილდის „არმინიამ“ „ბოხუმი“ მოსპო. ბილეფილდური გუნდი სომხეთის ნაკრები ეგონა იმ კაი კაცს და ჟოზე მოურინიოს აწგაცვეთილ პალტოსა ვფიცავ, შევძელით და არავის გაგვცინებია.

მერე იყო ერთი ტიპი, რომელსაც „ემოციური“ დავარქვით. არადა, ყველაფერი იყო ემოციურის გარდა. დიდი ქვეშქვეშა მაიმუნი ვინმე იყო. მოვიდოდა, გახამებული პერანგის ჯიბიდან ამოაცოცებდა სახლში წინასწარ შედგენილ ბილეთს, დადებდა 50-ლარიან ფსონს და ხალხნო!.. ღმერთებო!.. სულ იგებდა, სულ! მოდიოდა აი აქ, ამ ახლა უკვე უფანჯრებო სარკმლებთან, გადაყოფდა გამხდარ, დაძარღვულ ხელს და იქ კიდევ ჩაულაგებდნენ, ჩაუთვლიდნენ შოთა რუსთაველებსა და თამარ მეფეებს. მივდიოდით, ვთხოვდით, გვაჩვენე – რა მოიგეო, როგორ მოიგეო… მაგრამ ისეთი თუქსუსი ვინმე იყო, მოგებულ ბილეთსაც კი არ გვაჩვენებდა, მოფიქრებულ თამაშებს ხომ ცოცხალი თავით ვერ ამოგლეჯდი პირიდან. იყო სულ ჩუმად და გვიყურებდა დამცინავად. ერთხელ, კაცო, 10 ათასი ლარი მოიგო და ერთი სიხარულის ზმუილიც კი არ ამოსვლია პირიდან. იმიტომაც დავარქვით „ემოციური“. ეგეთი გინახავთ რამე? არ მინდა მაგის გახსენება…

ახლა, როცა მთელი ქალაქი გაჩერებულია, აღარც ბურთი დაგორავს სადმე, აღარც ჩემი ბიჭბუჭობა მომიდის და როცა უკვე ნათლად ვხედავ, რომ შიმშილობა კარზე მომადგა, სარდაფიდან აღარც ამოვდივარ. აი, რომ ამოვიდე, რა ვქნა? ვის რა მსაჯის სასტვენზე ვკიდივარ? ერთმანეთზე მიწყობილ მაგიდებზე ვწევარ და ძველ ამბებს ვიხსენებ. კარგად მახსოვს, 1992 წელი იყო, როდესაც თბილისში პირველად ჰუმანიტარული ტანსაცმელი შემოიტანეს. ტელევიზორიდან ერთი შავწვერა კაცი სიამაყითა და სიხარულით გვამცნობდა, რომ „დასავლეთს შევეცოდეთ და უფასო ტანსაცმელი გამოგვიგზავნა“. კაცი იფიქრებდა, მაშინდელ მძიმე და უპერსპექტივო ყოფაში  მართლა გარდატეხა მომხდარაო…

ეს ამბავი ნამდვილად არ დაგვაინტერესებდა ფეხბურთზე გადარეულ მაშინდელ მოსწავლეებს, ქალაქში ხმა რომ არ გავარდნილიყო, გემით შემოტანილ ჰუმანიტარულ ტანსაცმელში, უცხოური სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების მაისურებიც ურევია და ვინც მოინდომა, ისეთი მაისურები იშოვა, თბილისში მისი ნახვა წარმოუდგენელი რომ იყოო.

ერთი სიტყვით, შევიკრიბეთ რამდენიმე ბიჭი. ყველანი ფეხბურთზე გადარეულები, ფეხბურთის ცქერის სურვილის გამო შუაღამობით ჩაბნელებულ ქალაქში პატარა ტელევიზორებისა და ავტომობილის აკუმულატორების მთრეველები. ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის მამის მიერ მოკვლეულ მისამართზე, ვაგზლის მოედანთან ახლოს მივედით იქ, სადაც მეორადი ტანსაცმელი და, შესაბამისად, ნანინანატრი მაისურებიც გვეგულებოდა. ზოგს ფული მიგვქონდა მაისურების შესაძენად, ზოგს კი იმის იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე მაისურს უფულოდაც არ დაგვამადლიდნენ ფეხბურთზე თავიდან ფეხებამდე შეყვარებულ ბავშვებს.

თავიდანვე შევამჩნიეთ ერთსართულიანი შენობის წინ მდგარი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ყოველგვარი რიგის გარეშე, ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და დიდ მსჯელობაში იყვნენ. როგორც გაირკვა, ეს ადამიანები იყვნენ ე.წ. გადამყიდველები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოსთვის საჩუქრად გამოგზავნილ ტანსაცმელს ერთიანად ყიდულობდნენ და შემდეგ იმათზე ყიდდნენ, ვისაც, წესით, საჩუქრად უნდა მიეღოთ. იდგნენ და იმაზე მსჯელობდნენ, ვის რამდენი უნდა გადაეხადა ერთ შეკვრაში და ფუთებიდან ვის როგორი ტანსაცმელი ამოუვიდა წინა მისვლაზე.

მივედით და დავდექით. გვინდა გავერკვეთ სიტუაციაში, მაგრამ ბავშვები ვართ და მორიდებისა თუ ჩვენი ასაკის გამო ვერ ვბედავთ გავიგოთ, რა ხდება და როგორ ხდება. ბოლოს, ჩვენში ყველაზე დიდმა და ყველაზე მოხერხებულმა გაბედა, გადამყიდველთა ერთ-ერთ ჯგუფთან მივიდა და უთხრა – ბიჭებს ფეხბურთის მაისურების ყიდვა გვინდა და აქ მოგვასწავლესო. რა მაისურებიო – გაიკვირვეს გადამყიდველებმა. ეგეთ რამეს აქ რა უნდაო?!… მივხვდით, რომ ის გაცვეთილი ხალხი აშკარად რაღაცას გვატყუებს, მაგრამ მაინც გარეუბნელი ბიჭები ვართ და არ გვყოფნის სითავხედე, რომ ჩავეკითხოთ – აბა, რას დამდგარხართ ამდენი ხალხი და რას ყაყანებთ ამ ფუთაში ეს შარვალი ამომივიდა და იმ ფუთაში ის მაისურიო…

მოკლედ, ვართ ასე დაბნეულები და გაკვირვებულები. სხვებზე ნაკლებად არც მე დავბნეულვარ, მაგრამ რაღაც უცნაურმა სურვილმა თუ ძალამ მიბიძგა, იმ უფროსი ხალხის დაუკითხავად გავმძვრალიყავი წინ, გამეღო რკინის პატარა კარი და იქ მყოფი მუშებისთვის შემეჩივლა: ასე და ასეა, ბიჭები მაისურებზე ვოცნებობთ და გარეთ მდგომები გვატყუებენ – აქ ეგეთი რამე არ არისო. მუშები მაინც სულ სხვა ხალხია! უბრალოები, გამგებები, დარდის მოზიარენი… ერთი ამათიცო – მითხრა ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც შემდეგში კახად გამეცნო და მანიშნა, უკან გამომყევიო. მეც უთქმელად წავყევი და ვგრძნობდი, დაბნეულობა საერთოდ რომ გამქრობოდა. მუშამ ძველი, საბჭოური ტიპის შუშაბანდიან დიდ შენობასთან მიმიყვანა, კარი ორმაგი გასაღებით გააღო და უცნაური ჩურჩულით მითხრა: მიდი, უცებ რასაც ნახავ აიღე, თორემ მოვა უფროსობა და გამიხურებსო. მეც შევედი და ვიხილე გახსნილ თუ გაუხსნელ ფუთათა მთები, გორები, ზვირთები და კოშკები. იდგა ნაფთალინისა და რაღაც ჩემთვის სრულიად უცხო სუნი, რომელსაც მერე მადლიერმა ქართველმა ერმა „სექენჰენდის სუნი“ უწოდა.

და გადავეშვი ტანსაცმლის ზღვაში… ვქექავდი შუბებსა და პალტოებს, მაისურებსა და ქალის ქვედაბოლოებს, ფეხსაცმელებსა და მაღალყელიან წინდებს. და ჰოი, საოცრებავ, ვპოულობდი „რომას“ მაისურს, უკან „ბლაზიტო“ რომ ეწერა, ბრაზილიის ნაკრების რამდენიმენაირ ფორმას, მადრიდის „რეალის“ სულ ახალ, იისფერ მაისურს,  საღებავით დალაქავებულ „ჰამბურგის“ შორტებს, პატარა ზურგჩანთას, რომელსაც „ბარსელონას“ ემბლემა ამშვენებდა და ამ ყველაფერს ზამთრის მომლოდინე ციყვივით ერთ ადგილზე ვაგროვებდი, სანამ იმ დალოცვილმა მუშამ არ შემოყო თავი და არ დამიძახა – გეყო, ახლა, კაცო, გამოდიო!

იმ დღეს მე ვიყავი გმირი! გადამყიდველები გვიყურებდნენ, თუ როგორ ვურიგებდი სიხარულით გაცისკროვნებულ ბიჭებს ამ ნივთებს (სხვათა შორის, ერთი კამათი და შელაპარაკებაც კი არ მოგვსვლია – მე ეს მაისური მინდა და ის არაო) და ვგრძნობდი, რომ გადამყიდველებს, იმ საცოდავ, გაჭირვების გამო გატლანქებულ ხალხს რცხვენოდათ თავიანი საქციელის. ყაყანი შეეწყვიტათ, იდგნენ და ჩუმად უყურებდნენ ჩვენს ბავშვურ ზეიმსა და აღტკინებას. ქუჩა სველი იყო და ნესტიანი, იდგა 1992 წელი და იმ ჩაჟამებულ ადგილზე და ბნელ ქალაქში მარტო ჩვენ ვიყავით ყველაზე, ყველაზე ბედნიერები! ახლანდელ ყოფას, მაშ, ის დრო არ ჯობდა?! როგორ არ ჯობდა!..

გუშინ, ზედა მეზობლიდან დენის კაბელის ჩუმად ჩამოყვანისას, ერთ-ერთი ფეხებმორყეული მაგიდის კიდეზე წარწერა ამოვიკითხე და ჩემი ამ დამპალი ცხოვრების მანძილზე სულ რომ არასოდეს მიტირია, პირველად წამომცვივდა ცრემლები. მაგარი სანახაობა კია ისე, 40 წელს გადაცილებული, გაბომჟებული კაცი რომ ზიხარ ჩაბნელებულ სარდაფში და სლუკუნებ. მაგიდაზე ეწერა: „1400 ლარი, მე და ბიგვავამ ამოვდეთ ამ ბოზებს!“. ეს იცით ვინ დაწერა? არ იცით! ეგ იყო ვინც იყო. მგონი, სულ პირველი მაზავიკი იყო მთელს უბანში კი არადა, შეიძლება, თბილისშიც ერთ-ერთი პირველი იყო. ძია ზაზა – დიდი, საბჭოთა, მილებიდან მუდამ კვამლამოსული ქარხნის ყოფილი ბუღალტერი, რომელსაც ზოგზოგიერთივით იმ დედაარღნიან ცხოვრებაში არც ფულის მოტეხა შეეძლო და არც დირექტორის წითელ ტრაკზე კოცნა, რომ ბლომად ეშოვა ფული და საბჭოეთის მიძაღლების მერე მთლად მშიერი არ დარჩენილიყო. არ ქნა, არ იცოდა ეგეთი რამე და იმიტომ! აბა, შენ ყოფილიყავი იმის ადგილზე? ბებიაშენისამ ისე გაჩერდებოდი რა?!  ის კიდე, აი, ეგეთი ვინმე იყო, არ იცოდა ქრთამები და ამბები და დარჩა სულ ისე.

ჩემამდე ეს ზაზა იყო ტოტალიზატორის ღამის მოჩვენება – პირველი მოჩვენებათაგანი. ტრადიციას ვაგრძელებ, რაღა! თან ჩემსავით კი არ იმალებოდა?! იყო სიმბოლო სრულიად მეფსონეებისა და ამიტომაც ტოტალიზატორის უფროსობა აძლევდა ნებას, ღამით დარბაზში დარჩენილიყო. იქ როგორ ეძინა და ჩემსავით მასაც მოუჩანდა თუ არა ფეხები ნაჩუქარი საბნების ზღვიდან – ეს არ ვიცი, მაგრამ მე ის კაცი დაუვარცხნელი და ბეჩავად მუხლებზე სპორტულშარვალგამობერილი არასოდეს მინახავს. რას ჭამდა და სად წესრიგდებოდა – ეს ხომ საერთოდ გამოცანად დარჩა. გამოცანა იყო მისი სიკვდილიც. დილით იპოვეს ტოტალიზატორის სკამზე ჩამომჯდარი. ხელში მისი კბილებით დაღრღნილი კალამი ეჭირა, თითქოს ორ უეჭველ თამაშს გაარტყა და იმ წამს აპირებდა საფსონო ბილეთის ჩამოწიკწიკებას. ეჰ, ზაზა, შენი ხსოვნა იყოს, ძმაოჯან! არც არაყი დამრჩა ეს ოხერი, რომ გაგიხსენო როგორც საჭიროა…

გარეთ კომენდანტის საათია, ავჭალიდან ქარი უბერავს და ფანჯრიდან სარდაფის წინ მდგარი გარინჩასავით ირიბად გადაღუნული ელექტრობოძის სილუეტის გარდა არაფერი ჩანს. შიმშილმა თითქოს გადამიარა, მაგრამ დაძინება განა ასე ადვილია… ახლა ნათიას და ეკას ვიხსენებ. გოგოები, ჩვენი გოგოები, ბილეთზე ბეჭდის დამრტყმელნი, მოგების გამცემნი, ჩვენი იმედი და მოთამაშეთა ცრურწმენის ხატებანი. ყველას გვჯეროდა, რომ თუ დილით დადებდი ფსონს, დაბღვერილ, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფრისგან დაღლილ ეკასთან მისვლა ჯობდა. საღამოს კი კისკისა ნათია თუ მიიღებდა ფსონს – მოგება ხელში გეჭირა. სულ გვებუზღუნებოდნენ – კალმები რომ მიგაქვთ, რატომ არ აბრუნებთო, საფსონო პროგრამების ფურცლებს აგრე ჰაიჰარად ნუ ფანტავთო, ტანსაცმელზე თქვენი მოწეული სიგარეტის კვამლის სუნის გამო ქმრები სახლში გვეჩხუბებიანო, მაგრამ მაინც ჩვენი გოგოები იყვნენ და ხანდახან ჩვენ უფრო მეტად გვეცოდებოდნენ ისინი, ვიდრე მათ ჩვენ. გაჭირვება და სიბეჩავე რომ  არა, აქ ამ ჯურღმულში, იმ ყაყანსა და კვამლში, იმ შეშლილ და საცოდავ ხალხთან მუშაობა იქნებოდა?! როდესაც ტოტალიზატორი დაიხურა და დედაარღნიან „ონლაინში“ გადავიდა, ერთმანეთს ძველი მეფსონენი და ეს გოგოები ომის თანამებრძოლებივით დავშორდით. მახსოვს, ნათიას ცრემლიც კი ჩამოუგორდა.

გაბრაზებულმა პაპაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა – ეს სადა ვკვდები, ხალხოო…  აი, იმ პაპამ, რომლის დანატოვარი ბინაც ხუთი წლის წინ 16 ათას დოლარად გავყიდე და დღესაც ვერ გადამიწყვეტია, ვის ვაგინო – ესპანეთის პრიმერადივიზიონს, ვიგოს „სელტას“ თუ საკუთარ თავს, რომელსაც გინება არც არასოდეს აკლდა და, ღვთის მადლით, არც არასოდეს მოაკლდება.

თითქოს ხომ აპრილია, მაგრამ რაღაც ძალიან მურტლად აცივდა, კაცო. აცივდა და ამ სიბნელეში იმ ტურტლიანი ადიალების ძებნა არ გინდა? არა, მე ახლა აქედან ცოცხალი თავით ამდგომი არა ვარ! ნეტა, ვინმე მოვიდოდეს, თბილი საბანი დამაფაროს, კოხტად შემომიკეცოს და ზღაპრის მოყოლა საჭირო აღარაა.

უკვე დიდი ბიჭი ვარ და მაინც აღარ მჯერა ზღაპრების.

© არილი

Facebook Comments Box