პოეზია

ლელა სამნიაშვილი – ახალი ლექსები

არქანგელოზებს

ჰეი, ვინ დარჩით მანდ უკვდავები –

ამოიბრუნეთ ფრთებიდან სახე,

ვიდრე განკითხვის მარშს დაუკრავენ

აჩვენეთ დროის მსვლელობის მნახველ

მრევლს – სხეულები ფანტასტიკური –

მაგ ღმერთკაცური მიზნების მადლმა –

მიეცით მოკვდავ ხალხსაც სტიმული,

გამოუღვიძეთ სიცოცხლის მადა,

თორემ წაიღო ამ მოკვდაობამ

თვალები, გული, სხეული, ტვინი,

მორჩა როკი და მორჩა გალობა

ერთი ტემბრი აქვს სიცილს და ტირილს

და მეგობრებიც ისე მიდიან,

ან უნდა გაჰყვე და ან გაქვავდე,

გრძნობდე – წისქვილის ლოდად გვკიდია,

სიყვარული რომ ერქვა აქამდე.

***

საძოვრის ზანტი მერცხლები –

მთას შეფენიან ფურები –

მზე თავის თავთავს ძოვს

მზეს როგორ გამოეცალა

ჩრდილები – ჩვენებურების –

ვინც გაყოლია დროს

დროს – რა? დრო – თავის ტყავშია –

არსად წავა და არ მოვა

მიასრიალებს გზებს

არც სწყურია და არც შია

არც ჩავა და არც ამოვა

თუნდაც იცვლიდეს ზნეს

ზოგჯერ მოუვლის სიზანტე –

ტკივილად გაიწელება –

ნერვად უტოკავს კბილს

ზოგჯერ წამია – სიზმრამდე

გაიკლაკნება – ელვებად

ბგერის სიჩქარით რბის

ბოლოს – მთები და ტკეცილი

გზა – ერთმანეთში ეწყობა –

პარალელური წრფე –

არ კვეთს ერთმანეთს – ამკვეთრებს,

და ყველა წამი აწმყოა

და ანგარიში – ფრე.

დეჟავუ

ადვილად ვივიწყებთ კატასტროფებს.

ერთი კვირა საკმარისია

და აღარც გვსურს ზედაპირზე დავინახოთ,

რაც ჩაიმარხა.

კატასტროფა უერთდება ძველ ლეგენდებს –

ახალ წარღვნამდე – გველეშაპი არის ისევ

საიმედოდ დაპურებული.

ჩვენ-ჩვენ საქმეებს ვუბრუნდებით,

ჩვენ-ჩვენ ბრძოლებს,

დამარცხებებს და გამარჯვებებს,

მდინარეებიც გუბდებიან ისევ ჭის წყლებში,

თვინიერი მხეცებივით იტრუნებიან,

ვიდრე ეყოფათ მოთმინება,

ვიდრე ყელში არ ამოუვათ ორმო, ჯებირი.

და ასე –

თვალებს ვაცლით ბოლო შემზარავ კადრებს.

ჭირისუფლებს ვუტოვებთ გლოვას.

გველეშაპი არის ისევ საიმედოდ დაპურებული

და ახლა სხვა ზღაპრების დროა.

რაც ზაფხულისგან დარჩა –

გვსურს, რომ ჰგავდეს ახალ თავგადასავალს

სერფინგს, ალპინიზმს, ზღვარს, რომელსაც ერთად გადავალთ.

ჰერბარიუმიც გავაშენეთ ზღვის ნიჟარაში

გარეთ ტალღების ხმაურია, შიგნით ბაღნარი,

სამეფოები – თაროებზე – წიგნს თუ გადაშლი –

ვერსად იქნება უკეთესი თავშესაფარი –

რომელიმეში გამოჩნდება კოშკი მაღალი,

რომელიმეში ნაპრალი და ვიწრო სანგარი,

გზა არ დაგკარგავს არც უცნობი და არც ნაცნობი

და ზედ ტერფებთან გაჩერდება ყველა ღვარცოფი.

ეს უკვე იყო.

ათი, ასი, ათასი წლის და

იმის გადაღმაც – აშენებდა ადამიანი

და საკუთარ თავს გამუდმებით ძერწავდა, წვრთნიდა

და სულ ეგონა, რომ ბუნებაც სადავიანი

ბედაურია – მანქანაა – მბრუნავი საჭით.

გვეგონა, მაგრამ უხომალდო წარღვნაში ჩავრჩით.

გვეგონა – სივრცე – მანქანაა – მბრუნავი საჭით.

გვეგონა, მაგრამ უხომალდო წარღვნაში ჩავრჩით.

ისევ გვესიზმრა –

ტყის სარტყელი აიფოფრა,

აიშალა მიწის მერქანი,

ხმა, ქვესკნელებში ჩაბუდებული –

ზედაპირზე ამოიღვარა

გარბოდა ხალხი, ერთმანეთზე ლამაზები, ფერადები,

მთის სიმწვანით და სიმაღლით მიტყუებული.

დრო, რომელიც გამჭვირვალეა

და გვმარხავს ფრთხილად, უმტკივნეულოდ,

ამოივსო ბნელი სიმართლით –

ნიღაბზე წამით შეიზილა ნამდვილი სახე –

ქვა და ტალახი,

თიხა, რომლითაც ჩვენი ძვლები და სახეებიც მოზელილია,

კონცენტრირდა ერთადერთ წამში

და მკვდრებს და ცოცხლებს –

განურჩევლად –

გადაგვიარა.

და განცხადებაც გააკეთა –

ხელმძღვანელმა –

საგანგებო სიტუაციის სამსახურის

მართვის, ვერ მართვის –

სამყაროს არ ჰყავს ვერტმფრენები,

რომ მოგვძებნოს, გადაგვარჩინოს.

ტაო   

დრო წყლის ურჩხულია და ფრთები გაშალა

ყველა ცის თაღამდე, ყველა სამეფოში

და გადაუარა ძველ ტაძრებს კაშხალმა

და კაშხლებს მოუწყო მდინარემ დებოში –

ვიცით და მოწმეებს არც კი საჭიროებს,

მაგრამ მოწმეები – ფართოდ გახელილი

თვალებით – ბადეში – საკუთარ ჭრილობებს –

მუნჯი ლაყუჩებით დავყურებთ. მნახველი –

მხოლოდ მსხვერპლი თუა. წინასწარმეტყველი

ტაოს ეკლესიის კედლიდან დასცქერის

დატბორილ სამკვიდროს, გემბანის ტყვესავით –

ჩაძირვის ლოდინში. დღეების საცერი

წვეთსაც ვერ ატარებს და ამბის მომტანიც

არ რჩება არავინ. ალბათ ლიტონია

ყველა მონაყოლი, ყალბი მეტანია

წარღვნებზე, რომელიც ხაპა ისტორიამ.

მშიერი ზურგჩანთა

რას აღარ ნახავთ –

ფერად წიგნებს – რომ ცდილობენ თავში შეფრენას,

კოლოფს ფანქრებით –

მბზინავ ზოლს რომ თორმეტ ფერში სვამენ სქელ ფენად

ფურცელზე, ფრჩხილის ლაქსაც ნახავთ, ტუჩის საცხსაც, დაგრეხილ დამტენს,

ნახავთ აი-პედს, აი-ფონს და ვინ იცის რამდენ

აი – რვეულებს, აი – სათლელს, კალკულატორს, აი – საფულეს,

თხელი თითები წამდაუწუმ რომ ამოყრის და ჩააბრუნებს

ხურდას, დაკეცილ ბარათებსაც – ზედ გულებით,

საღეჭ რეზინას,

ყველაფერს, თვალებს რაც მოსწყურდა, რაც დაესიზმრა.

რას აღარ ნახავთ –

ნახმარ წიგნებს – ხელები რომ გამოიარეს

და მასთან მოხვდნენ, დამეგობრდნენ,

ალბათ მთელი წელი კი არა

მთელი სიცოცხლე – თან წაიღებს

ამ ფორმულებს და ამ სტრიქონებს

უკვე ათასჯერ გადაღეჭილს

და თვითონაც გამოიგონებს

ახალს. ახლა კი – ეს კალმები,

ეს ფანქრები – წვეტწამტვრეული,

ეს სახაზავი, ეს საშლელი, ეს წყლის ბოთლი და ეს რვეული

და საჭმლის ყუთი – ცარიელი, ერთადერთი ორცხობილათი –

მთელი ცხოვრების საგზალია

და რომც იყოს გზაზე ხიფათი,

რომ ვერ განათდეს, ისეთი გზა, ისეთი ტყე აბა სად არის,

მაღაროებსაც ანათებდა მამის ფარანი.

ყვავილს, ვარსკვლავს, ადამიანს

ზოგი მარტოობა კაშკაშაა –

თვალის მომკვრელს გააჩერებს,

აიძულებს დამახსოვრებას –

თითქოს მართლა ერთადერთია მთელ სამყაროში.

ყვავილს, ვარსკვლავს, ადამიანს –

ალბათ თვალი უნდა მოკრა მარტოობაში,

რომ შეგიყვარდეს.

მერე თუნდაც მათ გარშემო გაშენდეს ბაღი,

მოიჭედოს ცა, ხმების ტალღით აივსოს ქუჩა –

ვერ დაკარგავ, ვერ დატოვებ,

იქნებიან სამუდამოდ ერთადერთები.

ზღვის კენჭსაც მაშინ გამოარჩევ,

თუ ზედ დაკრავს მარტოობის ნიშანი, ფერი –

კონტრასტული – თუნდაც უფრო მკვეთრ ფერებთან –

მის ახლომახლო.

ის გახდება მთავარი კენჭი –

ჩანთის ფსკერზე, თაროზე თუ აკვარიუმში.

ყვავილს, ვარსკვლავს, ადამიანს –

უნდა მიუსწრო მარტოობაში.

მაგრამ მთავარი პირობაა –

მანამდე არ ჩააცქერდე შენს მარტოობას

ისე, რომ სულმთლად გადაფაროს

სხვების ნათება.

© არილი

Facebook Comments Box