ახალი წიგნები

მაისის ბიბლიოდღიური

მაისის ბიბლიოდღიური ძალიან მრავალფეროვანი გამოვიდა – ახალი წიგნების ჩამონათვალი ვრცელია და საინტერესო.

ამ სტატიაში კი, ტრადიციულად, მოკლედ გიამბობთ გასული თვის ლიტერატურული სიახლეების შესახებ:

ჰანა არენდტი, “აიხმანი იერუსალიმში”, მთარგმნელი: თამარ ლომიძე, გამომცემლობა “დიოგენე”

ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი კოლეგები კი აღნიშნავდნენ, რომ ჰანა არენდტი არა მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტუალი, არამედ გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ

„აიხმანი იერუსალიმში“ არენდტის ყველაზე საკამათო ტექსტია, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ესაა აიხმანის სასამართლო პროცესის ინტერპრეტაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ბანანა იოშიმოტო, „სამზარეულო“. მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი, გამომცემლობა “დიოგენე”

ბანანა იოშიმოტო 1964 წელს დაიბადა ტოკიოში. უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში აირჩია ფსევდონიმი „ბანანა“ (მწერლის ნამდვილი სახელია მაჰოკო იოშიმოტო), ბანანის ყვავილების სიყვარულის გამო. იოშიმოტო რესტორანში მიმტანად მუშაობდა და თან „სამზარეულოს“ წერდა. ამ სადებიუტო რომანმა მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგეს გარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს…

სოფი ოქსანენი, “ძაღლების პარკი”, მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი, გამომცემლობა “პალიტრა L”

ფინელ-ესტონელი ავტორის ეს საერთაშორისო ბესტსელერი პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც სუროგაციის გლობალური ბაზრის შესახებ გვიამბობს.

სოფი ოქსანენი უკრაინელი სუროგატი დედების ბედს მათი მშობლიური სოფლებიდან ჰელსინკის ქუჩებამდე მიუყვება. დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარზე ქალების შანტაჟისა და მათი სხეულების ექსპლუატაციის გზით შექმნილი ბიზნესი, ერთი შეხედვით, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს…

მაგრამ ძაღლების პარკში შვილის „დამკვეთი“ ოჯახების მოლოდინში გართული ქალები თავად ხდებიან სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო და დაუნდობელი პარკის „ბინადრები“.

ლაშა ბუღაძე, საქართველოს სახელით, სულაკაურის გამომცემლობა

ლაშა ბუღაძის ახალი რომანი 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი, რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.

ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ. აქ ავტორის ბავშვობისა და მოზარდობის ისტორიის, მისი პირადი გამოცდილების პარალელურად ვითარდება მეტისმეტად ახალგაზრდა, ქაოსით მოცული, დაბნეული საქართველოს ბიოგრაფიაც. ქვეყნის, რომლისგან გაქცევაც იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

დავიდ დიოპი, “სულიერი ძმა”, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი, სულაკაურის გამომცემლობა

“სულიერი ძმა” პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს კი ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა.

რომანი მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ.

„მინდოდა, მკითხველს საშუალება ჰქონოდა, ახალგაზრდა აფრიკელის გონებაში აღმოჩენილიყო. მინდოდა, რომ მას გაუფილტრავად შესძლებოდა ომის გამოცდილების აღქმა.“ – აღნიშნავდა ავტორი ინტერვიუში. ამიტომაც გამოიყენა ცნობიერების ნაკადი და ააჟღერა პერსონაჟის შინაგანი ხმა, რომელიც მძიმე და ემოციურ ამბავს გვიყვება.

მიგელ დე უნამუნო, „სიყვარული და პედაგოგიკა“, მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე, გამომცემლობა “სიესტა”

„სიყვარული და პედაგოგიკა“ უნამუნოს მხატვრულ შემოქმედებაში „გარდამავალ“ ნაწარმოებად ითვლება – წიგნად, რომელშიც მან უარი თქვა თავისივე ადრეული ნაწერების დოკუმენტურ რეალიზმზე და ჩაუღრმავდა ადამიანის შინაგან სამყაროს, ჩამოაყალიბა თავისი მსოფლმხედველობა, გამოავლინა ეგზისტენციალიზმის პირველი ნიშნები.

„ცხოვრება ბრძოლაა. ვინც ცხოვრებას აღიქვამს რაციონალურად და ლოგიკურად, იმ დასკვნამდეც მივა, რომ ცხოვრება აგონიაა, ადამიანისათვის არ არსებობს სხვა ნუგეში იმის გარდა, რომ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ჩვენს ტრაგიკულ ბრძოლაში და ეს არის სწორედ ჩვენი არსებობაც.“

დაისეც ტეიტარო სუძუკი, „ძენ-ბუდიზმის შესავალი“, მთარგმნელი: დათო აკრიანი, გამომცემლობა “სიესტა”

იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) ძენ-ბუდიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტური ნაშრომის ავტორია.

„ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ‘რაღაც’ თვით სიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება.”

სინკლერ ლუისი, „ეს აქ არ მოხდება“, მთარგმნელი: თაკო ჭილაძე, გამომცემლობა “სიესტა”

მწერალი და დრამატურგი სინკლერ ლუისი (1885-1951) პირველი ამერიკელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

„ეს აქ არ მოხდება“ პოლიტიკური რომანი-დისტოპიაა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სადავეებს ადოლფ ჰიტლერის მსგავსი დიქტატორი ჩაიგდებს ხელთ. რომანი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ავტორმა სადა, წარმოედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ფაშიზმი, თუკი ის ამერიკაში გაბატონდებოდა. რომანზე დიდი გავლენა ჰქონდა ლიუსის მეორე ცოლს, ჟურნალისტ დოროთი ტოპსონს, რომელმაც 1931 წელს ჰიტლერთან ინტერვიუ ჩაწერა.

ანა ბერნსი, “მერძევე”, მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი, ქარჩხაძის გამომცემლობა

ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა. მისი სადებიუტო რომანი 2001 წელს გამოქვეყნდა, ყველაზე ცნობილი და უკვე ქართულად თარგმნილი „მერძევე“ კი – 2018 წელს.

„მერძევე“ ავტორის მესამე რომანია და მოგვითხრობს 18 წლის გოგონას შესახებ, რომელიც  ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. კრიტიკოსები განსაკუთრებით მოხიბლა ამ წიგნში შექმნილმა ატმოსფერომ, ავტორის თხრობის მანერამ და იუმორმა.

„მერძევე“ 2018 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა და გახდა პირველი მწერალი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

კოლინ მაკალოუ, ბარდნარის ჩიტები, მთარგმნელები: ეკატერინე მაჩიტიძე, თამარ კოტრიკაძე, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბარდნარის ჩიტები ავსტრალიელი მწერლის, კოლინ მაკალოუს რომანია, რომელიც გამოიცა 1977 წელს და ავსტრალიური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით, „ბარნდარის ჩიტების“ 33 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნის მიხედვით გადაიღეს სერიალიც, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა.

თხრობა 1915 წლის 8 დეკემბერს იწყება და მეგი კლირს გვაცნობს, გოგონას, რომლის სიყვარულის გამოც რომანის გამოცემის შემდეგ ბავშვებს ხშირად მეგისა და მეგანს არქმევდნენ.

მირჩა ელიადე, “მეფისტოფელი და ანდროგინი”, ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ, გამომცემლობა ალეფი

„მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.

მირჩა ელიადე, “ინიციაცია, რიტუალები, საიდუმლო საზოგადოებები”, მთარგმნელი: თამარ ლომიძე, გამომცემლობა ალეფი

,,ზოგადად ინიციაციაში იგულისხმება რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა,“ – წერს ელიადე, – ,,რომლის მიზანი ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალური ცვლილება გახლავთ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური რეჟიმის ონტოლოგიურ ცვლილებას უტოლდება. ამ განსაცდელების ბოლოს ნეოფიტს სრულიად განსხვავებული არსებობა აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: იგი სხვა გახდა.“ ახლად განდობილი, რომელმაც შეიცნო მისტერიები, არის ,,ის, ვინც იცის“.

ჟან-პოლ სარტრი, “თავისუფლების გზები”, მთარგმნელი: თინათინ ღარიბაშვილი, გამომცემლობა ალეფი

რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას – თავისუფლებას – მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში და მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორის, მატიეს ცხოვრების 3 დღე.

© არილი

Facebook Comments Box