პროზა

მაკა ლდოკონენი – Aurora borealis

სადაც მატერიაა, იქ გეომეტრიაც არის

ოიჰანეს კეპლერი

ფერები გვხიბლავს, როდესაც თოვლით გადათეთრებულ ფიჭვებსა თუ ძახველებს მარადმწვანე ნაძვნარი და წითელყვითელფოთლიანი ხეები ენაცვლება. და… სულაც არ გვახსენდება ამ ზღაპრული სიჭრელის გამომწვევი მეცნიერული მიზეზები. სკოლაში ვინ მოთვლის, რამდენჯერ ამოგვიხსნია ამოცანები ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ მიმავალ მგზავრებსა თუ ტრანსპორტზე. მანძილის, დროისა და სიჩქარის მაჩვენებლებს ფორმულებში ვსვამდით, მიღებულ რიცხვებს შესაბამის განზომილებებს ვუწერდით და ვერც მაშინ წარმოგვედგინა, რომ გაკვეთილზე დაგვიანების გარეშე მისვლას ჩვენი მოძრაობის სიჩქარე (გავლილი მანძილის დროსთან შეფარდება) განაპირობებდა; რომ სოლფეჯიოზე არგამოცხადება დროის გაწელვის ან გზიდან გადახვევის (დროისა და მანძილის შეგნებულად გაზრდის) ლოგიკური შედეგი იყო. ლათინურ ასოებს A, B, V, T, S… ჩვენს ყოფით ცხოვრებას ვერ ვუსადაგებდით – ისინი იქ, თავისთვის არსებობდნენ, ჩვენ აქ, ჩვენთვის ვცხოვრობდით. მეცნიერება ცხოვრებას თანდათან დაუკავშირდა, თუმცა ამოცანის ამოხსნასავით ზუსტი პასუხები მაინც ვერ მივიღეთ.

ეს ამბავიც, სხვა თავგადასავლების მსგავსად, ერთი რიგითი გადაადგილებით დაიწყო იმ სამყაროში, რომელიც საგულდაგულოდ გადაზომეს და გეომეტრიულ ფიგურებად დაჰყვეს ჰომო საპიენსებმა. საიდუმლო მაშინ გამჟღავნდა, სამხრეთული A პუნქტიდან (სადაც ნოემბრის მიწურულის მიუხედავად გაზაფხულის ამინდები იდგა) ჩრდილოური B პუნქტისკენ მიმავალი ექსპედიციის წევრებმა გზის ორი მესამედი რომ გაიარეს და… დაუზამთრდათ.

* * *

მკერდმოშიშვლებული მეზღვაურები გემბანზე შეკრებილ, მობუზულ მგზავრებს უღიმოდნენ და თავისებურად ამხნევებდნენ: ჯერ სადა ხართ, ამას სიცივე არც ჰქვია, უკანა გზაზე აქ რომ გამოივლით, გაზაფხული გეგონებათო. ჩრდილოეთში გაკაჟებულებთან თავის მოწონებას და გამძლეობის გამოცდას თბილად ჩაცმა არჩია და კაიუტისკენ გასწია პროფესორმა დავით კონსტანტინსკიმ. ჩემოდანი ნომერი ერთი კართან დახვდა, ბარგისთვის გამოყოფილ გრძელ სკამზე შემოდო და გახსნა.

ჩემოდნის მარჯვენა ბალთასთან პასტით მიეწერათ N1. უცხო თვალისთვის შეუმჩნევლი, არაფრისმთქმელი სიმბოლო და ციფრი პრიფესორისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იტევდა. ნომერ ერთ ჩემოდანში, როგორც წესი, მოგზაურობის დასაწყისში საჭირო ნივთები ეწყო. სად როგორი დარი და როგორი ყაიდის საზოგადოება, რა სახის გაუთვალისწინებელი გარემოებები თუ სასიხარულო მოულოდნელობები დაუხვდებოდა ძვირფასდათიკოს, მისმა მეუღლემ ზედმიწევნით იცოდა.

ჩემოდან ნომერ ერთს, ისევე როგორც ჩემოდან ნომერ ორს, სამსა თუ ოთხს (რაოდენობას მოგზაურობის ხანგრძლივობა განსაზღვრავდა) საგანთამისაგნებისია ახლდა სათადარიგო ასლით, რომლებიც წითელი პასტით იწერებოდა და თვალსაჩინო ადგილას მაგრდებოდა. ჩემოდანი ნომერი ერთი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა: პატრონი პირველი ბორიოს შემობერვას სათანადოდ რომ დახვედროდა, ზემოდან ეწყო ქაშმირული კაშნე, პლუშის სარჩულიანი, წყალგაუმტარი, მსუბუქი ლაბადა, ორმაგი ბამბის წინდები, წელზე შემოსახვევი, ანგორის ძაფით ნაქსოვი სარტყელი სადაფის სიფრიფანა ღილებით, ჰომეოპათიური წვეთები შემცივნების პრევენციისთვის. აქვე იყო ფლანელის ღამის პიჟამა, ნესესერი, ერთჯერადი პარფიუმერიით და ლოგიკური ფიქრის შედეგად ჩალაგებული სხვა უამრავი ნივთი.

დავით კონსტანტინსკი გათბა, ზურგში დაძაბულობის შეგრძნება გაუქრა, გალეული, წითელი ფანქარი მოიმარჯვა და მაგიდაზე გაშლილ ნახაზებს მიუჯდა. როგორც თავად ამბობდა, ამოსუნთქვისხანა დასდგომოდა: გამოცდები და საექსპედიციო გასაუბრებები გადაეგორებინა, მკაცრი ლექტორის იმიჯი უკუეგდო და სტუდენტებთან მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებდა. გამომგზავრების წინ დანიშნული შეხვედრა ჩვეული იუმორით წარმართა, სწრაფად გაიარეს საორგანიზაციო საკითხები, განიხილეს გერმანული სიზუსტისა და დისციპლინის ავ-კარგიანობა, რასაც ბუნებრივად გადაება ბლიც-ლექცია 23,4 გრადუსის ფენომენალურ ზეგავლენებზე ადამიანების ცხოვრებაში.

ზოგჯერ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ახლებურ პერსპექტივაში აღვიქვამთ და საუბრის საღერღელი გვეშლება. იმ დღესაც ასე მოხდა, თორემ სასკოლო პროგრამის გახსენებას ნამდვილად არ გეგმავდა პროფესორე (სტუდენტები, ლათინურ ყაიდაზე მიმართავდნენ ბატონ დავითს). ახალგაზრდები მშვენიერ განწყობაზე დახვდნენ, საოცნებო ექსპედიციის წევრობა განაღდებული ჰქონდათ, ახალ ამპლუას იფერებდნენ და პოზიორობდნენ – მოსალოდნელ მკაცრ კლიმატურ პირობებზე წუწუნებდნენ. ხატიამ, დისტროფიული აღნაგობის გოგონამ ბიჭური ვარცხნილობით, მეგობრებს თვალი ჩაუკრა, გაკაჟება აქედანვე უნდა დავიწყოო, სვიტერი გაიხადა და მაისური გამოამზეურა. თეთრ გულისპირზე, მკერდის გასწვრივ ლე კორბიუზიეს* სათვალე ეხატა, ქვეშ კი შავი ასოებით ეწერა: „ყველაფერი გარშემო გეომეტრიაა!“

სტუდენტებმა ხატიას მაისურს ტაში დაუკრეს, ლე კორბიუზიეს ფრთიანი ფრაზების კორიანტელი დააყენეს, რასაც სკეპტიკოსების მხრიდან შესწორებები მოჰყვა: გამოთქმებს არასწორად თარგმნიან და მათ ავტორებსაც ერთმანეთში ურევენო! ყველაზე დაჩაგრული კი კეპლერია**, მის ნააზრევს ვის აღარ მიაწერენო!

ასე შეზავდა ორიგინალური კოქტეილი ინგრენდიენტებით „კეპლერი,“ „ლე კორბიუზიე,“ „გეომეტრია,“ „არქიტექტურა,“ რომლის მეცნიერულმა არომატმა პროფესორე დაფასთან მიიყვანა და ელიფსი მოახაზინა. მალე ელიფსზე ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტების კონტურები გამოიკვეთა, მარჯვნივ გადახრილ, წარმოსახვითი ღერძსა და ეკვატორს შორის კი 23,4 გრადუსიანი კუთხე გადაიზომა.

– რომელ კლასში ვართ?!. აბა, ბავშვებოოო, გამოიცანით, მოცემული კუთხე ბლაგვია, მახვილი თუ გაშლილი?!. აზიმუტი, მადმუაზელ ხატი, აზიმუტის კუთხე ტრანსპორტირით გადაზომეთ!.. ბისექტრისა თუ გაგივლია კუთხის გვერდთა შორის, შვილო გოდერძი?! – ვერ ცხრებოდნენ აჟიტირებული სტუდენტები.

პროფესორე ცერა თითს მაღლა სწევდა, ახალგაზრდებს თავს უქნევდა და იღიმოდა. მერე ცარცი ააგდო, დაიჭირა, შეკრული მუშტით ჰაერში წრე შემოხაზა და აუდიტორიაში სიჩუმემ დაისადგურა:

– ერთი შეხედვით უ-მნიშვნელო მახვილი კუთხე, რომლის სიდიდეც 23,4 გრადუსია, ძვირფასო არქიტექტორებოოო, უ-ნიკალური გეომეტრიული სიდიდეა და-ა… მილიონობით დეტალზეა პასუხისმგებელი! მილიონობით დეტალზე ჩვენს არა თუ ყოველდღიურ, ყოველწამიერ ყოფით ცხოვრებაში! და-ა… არა მხოლოდ ცხოვრებაში, ჩვენს ყო-ველ-წა-მი-ერ მეტყ-ვე-ლე-ბა-შიც კი!.. დააკვირდით, გა-დაიხარა დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი მზისკენ (კუთხის სიდიდე 23,4 გრადუსია, გვახსოვს პირველივე კლასიდან) და-ა… დათბა-გამწვანდა-გაიღვიძა-გაიხადა-გაიღიმა სამყარომ. ნახევარ წელიწადში და-უმალა დედამიწამ ჩრდილოეთის პოლუსი მზეს (23,4 გრადუსი უცვლელი დატოვა, ცხადია) და-ააა… რადიკალურად შეგვცვალა: შეგვამცივნ-გადაგვათეთრ-მიგვანავლ-ჩაგვფუთნ-მოგვაწყინა. გეომეტრიააო გარშემო ყველაფერი, მადმუაზელ ხატიიიმ და ვეთანხმებით, როგორ არ ვეთანხმებით!.. Ubi materia, ibi geometria*, არ-ქი-ტექ-ტო-რე-ბო! ა-ნუ, „სადაც მატერიაა, იქვეა გეომეტრიაც“ – ვისაც არ უნდა ეთქვა, კეპლერს, ლე კორბიუზიეს, ჯორდანო ბრუნოს** თუ სულხან-საბას***, ის ბრუნავს! ბრუ-ნავს 23,4 გრადუსიანი მახვილი კუთხით დახრილი და ეს სიზუსტე პასუხისმგებელია ჩვენს ხასიათ-სურვილ-გეგმება-ტანსაცმელ-საკვებზე, გადადგილების საშუალებებზე, უბადრუკ ოცდაოთხ საათში დღისა და ღამის კუთვნილ საკონტროლო პაკეტზე, შემოდგომის ფოთლების პიგმენტაციასა და სხეულის გარუჯვაზე, თოვლის გუნდებისა და ყვავილების თაიგულების ფორმა-დიზაინზე, ლექსებისა და სიმღერების მოტივსა თუ მაჟორ-მინორულობაზე!.. და რაც მთავარი-ა ლექსიკის… დიახ ლექ-სი-კის სმდიდრეზეც კი! მოცემული კუთხე, შვილო გოდერძი, რომ ყოფილიყო ბლაგვი, გაშლილი ან მართი, არ იარსებებდა ისეთი მშვენიერი სიტყვები, როგორიცაა გა-ზაფხული, შე-მოდგომა, ზამთა-რი, ზაფხუ-ლი და კიდევ უამრავი, რომელზე ფიქრიც თქვენთვის მომინდვია! ხვალ კი, დილის შვიდ საათზე, ზუსტად შვიდ საათზე ვიკრიბებით და-ა… ამ სიტყვებზეც 23,4 გრადუსია პასუხისმგებელი! ///////////////////

გემის კაიუტაში შეყუჟულ-ჩაფუთნული დავით კონსტანტინსკი სწორედ იმ ბლიც-ლექციას იხსენებდა და იღიმოდა. უცებ წამოდგა, გალეული წითელი ფანქარი ააგდო, დაიჭირა, შკრული მუშტით ჰაერში წრე მოხაზა, ნახაზებიან მაგიდას მოშორდა და ილუმინატორთან გადაინაცვლა. სტუდენტები სავარადოდ გოგას ან გოდერძის კაიუტაში შეიკრიბებოდნენ. ახლა მათთან ყოფნას რა სჯობდა – წარმოიდგინა ნაქსოვი ჟაკეტებისა და კაშნეების სიჭრელე, ალკოჰოლისგან გაწითლებული ცხვირები, დაუფიქრებლად წარმოთქმული ფრაზები და უმიზეზო სიცილი. ილუმინატორს მოშორდა და ჩემოდანი ნომერი ერთი სასმელის პოვნის იმედით გადაათვალიერა. როგორი დელიკატური ტაქტიკით ჩაენაცვლებინა უმშვენიერესადიკოს ალკოჰოლის ადგილი ექიმის დანიშნულებებით, წამლებითა და მათი მიღების გრაფიკებით. არადა, ერთი სანუკვარი ბოთლი როგორ შეუმსუბუქებდა დანიშნულების პუნქტამდე მისაღწევ, ბორიოქარიან, მოსწყენ გზას.

კარზე დააკაკუნეს. გოდერძი აღმოჩნდა. ხომ არ შემოგვიერთდებითო, მორიდებით შესთავაზა. თვალებგაბრწყინებული პროფესორე ჩემოდნისკენ მკვეთრად შეტრიალდა და მეტი გულმოდგინებით შეუდგა ძებნას. ცოტა ხანში არყის ბოთლით ხელში უკან დაბრუნდა და გოდერძის თვალი ჩაუკრა:

– ნამდვილად უ-ცხო-პლანეტელია!

– რა?.. ანუ, ვინ? – დაიბნა გოდერძი.

– ყურადღებას ნუ მომაქცევ, ჩემს მეუღლეზე ვფიქრბდი, – პლუშის სარჩულიანი, წყალგაუმტარი, მსუბუქი ლაბადა სწრაფად მოიცვა და ქაშმირული კაშნე ჯიბეში ჩაიტენა დავით კონსტანტინსკიმ.

– აჰ, ცოლზე ანუ… გასაგებია.

– ცოლზე შეიძლება ხომ?

– არა, არა, ეგ არ ვიცი, თუმცა გააჩნია…

– რას გააჩნია?

– უცხოპლანეტელი სინამდვილეში არ მინახავს, მაგრამ როდესაც ამას ცოლზე ამბობთ, ანუ ვამბობთ ზოგადად, დასაშვებია რომ… მოკლედ, ცოტა დავლიე და უნდა მაპატიოთ, ძალიან ცივა, – გოდერძი გაწითლდა.

– კარგი რა, ასე სერიუზულად რატომ უდგები საკითხს. გამოცდებს ხომ მოვრჩით? – პროფესორემ არყის ბოთლი, პოლარული დათვის გამოსახულებით ეტიკეტზე, გოდერძის გადასცა და კაიუტა გამოკეტა.

გოდერძის თვალები გაუფართოვდა. გულუხვი საჩუქარი იყო, მართლაცარაამპლანეტურიგარკვეულიგაგებით, – გაიფიქრა, თუმცა ამჯერად თავი შეიკავა და არაფერი უთქვამს.

– მე ვიცი, თქვენ ზღაპრების გამოგონება რომ გიყვართ, დიახაც ვიცი-ო! – ცისფერთვალება, ლოყებღაჟღაჟა, ქერათმიანი და მკერდსავსე თინა პროფესორეს მიეჭრა, როგორც კი ის გოდერძისთან ერთად გოგას კაიუტაში შევიდა.

– ეს ვინ მოგახსენათ-ო? – ლაბადა გაიხადა და სავარძელზე გადაფინა დავით კონსტანტინსკიმ.

– თქვენი შვილიშვილი ჩემი მეგობრის მეგობარია, თბილისი რომ პატარაა, მოგეხსენებათ-ო და შემთხვევით მოვისმინე, როგორ ყვებოდა, ჩვენთვის სიტყვებს იგონებდაო, სიმღერებსო, ზღაპრებსო.

– ანუ, დღემდე ჰგონიათ, რომ ვიგონებდი. გასაგებია.

– რა არის გასაგები?

– შვილიშვილების ამბავი თქვენ რა იცით, ძცირფასო თინა-თინ, რას არ მოიმოქმედებენ, ოღონდ მეზღაპრე ბაბუად გაქციონ.

– უცხოპლანეტელი ცოლის არ იყოს! – შინაურულად ჩაუმატა გოდერძიმ და არყის ბოთლი ჰაერში ასწია, – აბა, მოვიდა თეთრი დათვის ციება!

აიტაცეს. გახსნეს. პროფესორეს ჭიქა მიაწოდეს. ჩამოასხეს. თქვეს, რომ „არქიტექტურის ისტორია არის სინათლისთვის ბრძოლის ისტორია!“ ადღეგრძელეს არქიტექტურა!.. ადღეგრძელეს სინათლე!.. ადღეგრძელეს სინათლით სავსე არქიტექტურა!.. ადღეგრძელეს ამ სიტყვების ავტორი ლე კორბიუზიე!.. თავი დაიზღვიეს, კეპლერიც მიაყოლეს და მერე ერთხმად გადაიხარხარეს.

– მოიცათ, მოიცათ, აქ რაღაც ხდება, – არ ცხრებოდა ლოყებაწითლებული თინა, – რა შუაში იყო აქ უცხოპლანეტელი ცოლი, გთხოვთ დავაკონკრეტოთ, ვისი ცოლია უცხოპლანეტელი!

– მე არაფერი ვიცი! – აიწურა გოდერძი.

– ჩემი, – განაცხადა პროფესორემ, – ჩემი ცოლი ანგელინა აპოლონსკაია, იგივე უმშვენიერესიადიკო!

– ეს როგორ?

– შემიძლია გიამბოთ, თუ ჩემი შვილიშვილებივით ცილს არ დამწამებთ, რაღაც მოზღაპრ-მოჩმახაო.

ისევ ჩამოასხეს. ამჯერად გაიხსენეს 23,4 გრადუსიანი კუთხის ზეგავლენები. ადღეგრძელეს გეომეტრია!.. ადღეგრძელეს ლინგვისტიკა!.. იქვე დასძინეს, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ანუ კეპლერის დროს, მათემატიკასა და ასტრონომიას სწორედ ხელოვნების ფაკულტეტზე ასწავლიდნენ. ადღეგრძელეს ხელოვნება!.. ადღეგრძელეს გრამატიკა!.. ადღეგრძელეს პლანეტები!.. ადღეგრძელეს მეჩვიდმეტე საუკუნისდროინდელი სილაბუსები და ისევ ერთხმად გადაიხარხარეს.

– ანუ… მოგვიყვებით, თქვენი ცოლი როგორ გაიცანით? – თავისას აგრძელებდა, აწ უკვე თეთრი დათვის გამოსახულებიანი ეტიკეტით დამშვენებული ბოთლიდან შემთბარი თინა.

– დიახ, ძვირფასო.

– აჰ, ნეტავ, ლანკაც აქ იყოოოს. არასოდეს დამიჯერებს, რომც მოვუყვე, – თინას გული აუჩუყდა, თვალები გაუწყლიანდა და პროფესორეს სავარძელთან ახლოს მოკალათდა.

– სამაგიეროდ ლანკა ზარმაცების რიგებში დაუმადლებლად ჩაეწერა. ეგეც საქმეა, – დავით კონსტანტინსკიმ გაბუტულტუჩებიან თინას გაუღიმა, მერე გოდერძის ანიშნა, ჩაიში თეთრიციების ორიოდ წვეთი ჩამისხიო და სავარძელს მოერგო, – დედამიწა თავს ევლება ერთ მნთობს, ხომ ასეა? – დაიწყო და სტუდენტებს თვალი მოავლო. ზოგიერთებმა ბეჯითად დაუქნიეს თავი, ზოგიერთებმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს და სასმელისკენ გადაინაცვლეს, ზოგიერთებმა ყურსასმენებიდან გადმოღვრილი მუსიკის რიტმს ააყოლეს სხეული, – ხოლო მეორე მნათობი… დედამიწას დაჰფოფინებსა და-ა… არის ამაში რაიმე ზღაპრული ან გამონაგონი, მშვენიერო თინა-თინ?

– გამოგონილი არა, მაგრამ ზღაპრულად ნათქვამი რომ არის, ფაქტია! – ამოიოხრა თინამ და მომუშტული ხელებს ლოყებით დაეყრდნო.

– საქმეც მაგაშია, რომ მუდამ მსგავსი პრიოვოკციების მსხვერპლი ვხდები, – პროფესორემ ალკოჰოლიანი ჩაი მოსვა. – ანუ, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: დედამიწა თავს ევლება ერთ მნთობს, მეორე მნათობი კი დედამიწას დაჰფოფინებს. ასე გახლავთ მიჩნეული დღემდე, ადამიანების დიდი… დი-დი უმრავლესობა თვლის რომ ამ ორი მნათობის ამარა ვართ.

– და ვინც ასე არ თვლის, დღეში სამჯერ აბი გლუკოზა აქვს გამოწერილი? – იკითხა გოგამ და მხრებზე გადაფენილი, გრძელი, წაბლისფერი, ტალღოვანი თმა ხატიას ნაჩუქარი, იისფერი რეზინით შეიკრა.

– არც მთლად მასეა საქმე, იმიტომ რომ კიდევ ერთი, ძალიან პატარა, ადამიანის თვალისთვის ძნელად აღსაქმელი თანამგზავრი ნამდვილად ჰყავს დედამიწას და იმ ვიწრო წრეში, სადაც მისი არსებობა აღიარებულ-დამტკიცებულია, ბორიალედ მოიხსენიებენ.

– ბორიალეოოო?! – გაიკვირვა ხატიამ.

– ვაიმე, ბორიალეეე, რა საყვარლობაა! – თვალები მოისრისა თინამ.

– აჰ, ბორიალე, სად ბორიალობ, ვისთვის რას იტყვი?! – წამოიჭრა თაზი, შავგვრემანი ბიჭი, გაბურძგნული ბაკენბარდებით, თავისი უგრძელესი მწვანე კაშნე, სტაფილოსფერი ზიგზაგებით ხატიას კისერზე შემოავლო და თავისკენ მიიზიდა.

– შემეშვი, ნუ ხარ ცინიკოსი! – შეუღრინა ხატიამ და თავი გაითავისუფლა, – პროფესორე, ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ კიდევ ერთი თანამგზავრი არსებობს და მას ვერავინ ხედავს?..

– …

– ვაუ!.. და რატომ ვერ ვხედავთ, ეგეც აგვიხსენით.

– თავად დაფიქრდი,- პროფესორემ თვალები დააწვრილა და ხატიას გამომცდელად დააკვირდა.

– ეგ რომ იცოდეს საბრალო გონებამ, – არ ცხრებოდა თაზი და თავის მწვანე კაშნეს აქეთ-იქით იქნევდა. შეწუხებულმა ხატიამ ხელი აუქნია, პროფესორესკენ გადაინაცვლა და თინას გვერდით, იატაკზე არაბივით დაჯდა:

– ანუ, თქვენ იცით ის მიზეზები, რის გამოც ვერ ვხედავთ?

– დაახლოებით ვიცი, იმის გამო რომ ყველა მნახველს საკუთარი ვერსია გვაქვს და-ა… შევეცდები ჩემებურად აგიხსნათ.

– პროფესორე, თქვენ მართლა მეზღაპრე ყოფილხართ, მაგრამ ამ გოგოებს რას ერჩით, აი, ნახეთ, რა დღეში ჩა-ჰ-ყარეთ, – თაზი ხატიას ზურგიდან მიეპარა, ჟაკეტი გაუხსნა და ყველამ დაინახა ახალი წითელი მაისური წარწერით „23,40.“ _ აშკარა ფანატიზმია სახეზე!!!

ხატიას მაისურმა ისევ ტაში დაიმსახურა. თაზის კი გოდერძის მძიმე ხელი მისწვდა და სკამი მიუჩინა. გოგამ თეთრდათვიანი არყის ბოთლს შუქზე გახედა და დარჩენილი სასმელი მსურველებს გაუნაწილა. მერე კი მასპინძლის პრივილეგიით ისარგებლა და სადღეგრძელოს უფლება ითხოვა (ყოველი შემთხვევისთვის კითხვიანი თვალებით პროფესორეს გახედა და მისგან თავის დაქნევით თანხმობა მიიღო).

წაბლისფერ, ტალღოვან თმებზე იისფერრეზინიანმა გოგამ ჭიქა ასწია და განაცხადა, რომ ამჯერად მხოლოდ ერთი დიდ ადამიანის, სულხან-საბა ორბელიანის სადღეგრძელოს დალევდნენ. კაცის, რომელმაც მზისგან გადახრილ დედამიწას ძველთაძველ ასტროლოგიურ რუკაზე რომ დახედა, ჯიგრული ქართულით მიაწერა (წითლით თეთრზე): „ზამთარ მზისგან ხედვა ქვეყნისა!“

– ვააა-უ, მაგარია! – ყველამ ერთხმად წამოიძახა.

ზამთარმზისგანხედვაქვეყნისა, რა დონე ნათქვამია! – ხატია წამოდგა, გოგას მიუახლოვდა, ხელი გადახვია და ცხვირზე ცხვირით ნაზად მიეფერა.

– ახალი მასიურის იდეაც ჩაისახა. ვივა გოგა! ვივა პროფესორე! – ჩაიცინა თინამ და ყურსასმენებიან ანიკოს, აფრიკული ნაწნავებით თვალი ჩაუკრა.

ანიკომ ცალი ყურსასმენი მოიხსნა, რა ხდებაო, თინას ხელით ანიშნა, თუმცა სადღეგრძელოების გაგონებაზე წარბები შეჰყარა, თვალები დააელამა და ყურსასმენებს დაუბრუნდა.

დანარჩენებმა ერთხმად ადღეგრძელეს სულხან-საბა ორბელიანი!.. ადღეგრძელეს „სიტყვის კონა!..“ ადღეგრძელეს „სიბრძნე სიცრუისა!..“ ზღაპრებიც ადღეგრძელეს, არქიტექტორიმეზღაპრეებიც არ გამოტოვეს და ისევ ერთხმად გადაიხარხარეს.

გოგამ ფილიპ გლასის* კომპოზიციები ჩართო, „კრონოსის კვარტეტის“ შესრულებით და კაიუტაში გადმოღვრილმა მელოდიამ საკუთარ რიტმზე დაატრიალა სამყარო. პროფესორე კი შეეცადა აეხსნა, რატომ იყო უხილავი დედამიწის მეორე თანამგზავრი. მანამდე კი უპირობოდ და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა არამატერიალურია, შეიძლება გეომეტრიული იყოს; რომ ადამიანს ზედმიწევნითი სიზუსტე და მომაკვდინებელი სერიოზულობა ანადგურებს; რომ თვალით ყველაფრის დანახვა შეუძლებელია და ულტრაიისფერი სხივები ამის უმარტივესი მაგალითია;

– თვალი მუდამ გამოსავალს დაეძებს და-ა, რას ნიშნავს გამოსავლის ძებნა?.. გა-მოს-ვლის ანუ ბუდიდან ამოხტომის სურვილს. არ გვაკმაყოფილებს არსებული „ხედვაი ქვეყნისაი“ და იძულებულნი ვართ მითები შევთხ-ზათ, რელიგიები გამოვიგო-ნოთ, ზღაპრებით ვისაზრდო-ოთ. ასე და ამგვარად თავს ვიქცევთ, ვაჯერებთ, ვიტყუებთ, სანამ ვიღაც, დიახ, ვი-ღაც ჩვენზე ფართოდ არ შეხედავს სამყაროს და იტყვის: მრგვალიაო-ბრუნავსო-იზიდავსო-ფარდობითიაო, აგერ კვარკებმა ცა გადასერესო, იქით ჰიგსისი ბოზონი ავწონეთო და დანარჩენებსაც არ დაგვაჭყეტინებს თვალებს.

– იმის თქმა გსურთ, რომ ბორიალეს დანახვაც წინ გვაქვს…

– კარგი რა, ლადი, რა გვაქვს წინ? აგერ, ნანახი აქვს ადამიანს, ვერ გაიგე?!. გეძინა აქამდე? – თინამ უკმაყოფილოდ გადახედა მრგვალსახიან, თავგადაპარსულ ბიჭს, კეფაზე ღრიანკალის ტატუთი და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

– ცნობილი თუ არის, რომელ გრძედსა და განედზე ყოფნის დროსაა შესაძლებელი მისი დანახვა, პროფესორე? – მშვიდად გააგრძელა ლადომ.

– ერთმნიშვნელოვნად ჩრდილოეთის პოლარულ ხაზს მიღმა. როცა ზამთრის მზე ჩრდილოეთს თვალს ვეღარ აწვდენს, ბორიალე პოლუსთან ისე ახლოს მიდის, გეგონება, ხელს გაიშვერ და-ა… მისი მინდვრებიდან ყვავილებს მოწყვეტო.

– ვაიმე, რა ყვავილებს, ანუ იქ სიცოცხლეც არის? არ გადამრიოთ ახლა! გოგა, დამისხი, – თინა წამოხტა, ანიკოს ეცა, ყურსასმენი მოხსნა, – რას უსმენ, გოგო, ამისთანას, მოდი ნახე, რა ხდება, მომკლა ამის აფრიკულმა პერიოდმა. ამომიტრიალეს ანბანი, ამომიტრიალეს კოორდინატები! გოგა, დამისხი!… რა გაცინებს შე უდღეურო, – ახლა თაზის შეუღრინა და მწვანე კაშნეში წაავლო ხელი, – ვაიმეეე, შენ უნდა იყო აქ და ლანკა თბილისში?

– ანუ, მზეს ემალება? – თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო, ხატიას ხმა გაისმა, – ბორიალე მზეს ემალება, პროფესორე?

– შენსავით მზეთუნახავია, – თაზი თინას დაუსხლტა და ისევ ხატიასკენ გაიწია სატაფილოსფერზიგზაგებიანი მწვანე კაშნეს ქნევით.

– ჩრდილოეთის ციალი, Aurora borealis, – ჩაეცინა ლადოს, გოდერძის თვალი ჩაუკრა, წამოდგა, ანიკოს ვერდით გადაჯდა და ყურსასმენზე თავით მიეყრდნო.

ჩრდილოეთის ციალია, ჩრდილოეთის ციალია, გამოხტა მეორე ცინიკოსი, – გამჭოლი მზერა ესროლა თინამ ლადოს კეფაზე ამოსვირინგებულ მორიელს.

– ანუ, პროფესორე, თუ ჩვენი პლანეტის დახრის კუთხე შეიცვალა და ოდესმე ზამთრის მზე მისწვდა ბორიალეს… ყველა დაინახავს? – ჩაეკითხა ხატია.

– ძვირფასო ხატი, ორმოცი წლის წინ, არსებული დახრის კუთხის პირობებშიც მშვენივრად დავინახე. მაშინ ჩრდილო პოლუსზე თქვენსავით ახალგაზრდები გავემგზავრეთ Aurora borealis ინფრასტრუქტურის დასაპროექტებლად. თქვენსავით გვციოდა, თქვენსავით ვსვამდით, თუმცა გაცილებით მძიმე პირობებში გვიწევდა ყოფნა: ფურგუნებში ვცხოვრობდით, იურთებში ვმუშაობდით… და-ა, ერთ ღამეს თუ დღეს (ერთმანეთისგან ვეღარც ვარჩევდით), მორიგ სადღეგრძელოს ვიგონებდით, ხმაური რომ შემოგვესმა, თითქოს ყინული ჩატყდაო. გარეთ გავცვივდით და ჩემოდნების წვიმა დაგვაცხრა. ავიხედე და ციდან, მერვე თუ მეცხრე ჩემოდნის შემდეგ, კარიბულ ცისფერ პალტოში გამოწყობილი ქალი მოქროდა, ხელს მიქნევდა. მოგვიანებით კი ამიხსნა, განიშნებდი, გაიწიეო, მაგრამ მე მაშინ ჯენტლმენურად მოვიქეცი, საპასუხოდ მივესალმე, ხელები გავშალე და-ა… დავიჭირე.

– ციდან… ჰაერში, – თინამ გაუბედავად დაიჩურჩულა.

– დიახ, დავიჭირე და დიდხანს ვიდექი გახევებული, ისიც გაოცებული მომჩერებოდა. ორივე სწრაფად ვსუნთქავდით, იმ განსხვავებით, რომ მე არყის ოხშივარი ამომდიოდა, მას კი კუმარუს, Dipteryx odorata სურნელი. ბიჭები ჩემს გარშემო დადგნენ, რას შვრები, დათიკო, რამ გაგაშეშაო? – ჩამეკითხნენ. ქალი დავიჭირე-მეთქი, – ვუპასუხე. რა ქალი, რის ქალი, ბელაია ხომ არ ჰქვიაო? – დაცინვა დამიწყეს.

– ვაიმეეე, ბელაია! ბელაია თუ იყო ბორიალეს დანახვის საშუალება, პირდაპირ გეთქვათ, ბატონო პროფესორე! – ისევ წამოხტა მწვანეკაშნეიანი თაზი, არაყი დაისხა, გადაჰკრა და ისევ დაისხა.

– ჩაჰქოლეთ, ეს არქიტექტორებს შემოკედლებული ინჟინერ-მშენებელი, ასეთ საინტერესო მომენტში რომ აწყვეტინებს და ხმას იღებს!.. მერე, პროფესორე, გააგრძელეთ, ანუ დანარჩენებმა რატომ ვერაფერი დაინახეს?

– სულ რამდენიმე წუთით დაბრმავდნენ. იცით, ცოტა უცნაურია, მაგრამ… ბორიალედან გადმოსულებს ყველა თვალი ინდივიდუალურად აღიქვამს, ზოგი მაშინვე, ზოგიც თანდათან.

– და საბოლოოდ?

– სანამ დაინახავდნენ, ჯერ ხმა გაიგეს: ბელა კი არა, ანგელინა ვარ აპოლონსკაიაო, და-ა… ეს გოლიათი არქიტექტორები, ინჟინრები და კონსტრუქტორები თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ აბანოსკენ. დაშინდნენ. როგორია, ხმა ესმოდათ, ქალს კი ვერ ხედავდნენ. აბანოში დიდხანს დარჩნენ, სანამ საშვილიშვილოდ არ გამოფხიზლდნენ, მგონი ჩვენს ქორწილამდე აღარ გაჰკარებიან სასმელს… თვალი მოსჭრათ უმშვენიერსმაადიკომ.

– და თქვენ?

– რა ჩვენ?

– თქვენ როგორ გააგრძელეთ, ჩამოსვით და მერე..

– რა თქმა უნდა, ჩამოვსვი, თუმცა რას ჩამოვაქვეითებდი, ჩემზე ოდნავ მაღალი აღმოჩნდა. მაშინვე ავაშორე ქუსლები ყინულს და გავიჯგიმე. თქვენი სახელიო? – სხვათაშორის მკითხა და კარიბული ცისფერი პალტოს კალთები ჩამოიბერტყა. დათიკო მქვია, ქალბატონო ანგელინა-მეთქი. ჩაეცინა და ჩემოდნების მოგროვება დაიწყო. თუმცა როგორ მოაგროვა, არ მახსოვს, თითქოს ისევ იქ იდგა, მიყურებდა, ადგილიდან არ დაძრულა და თან დაფაცურობდა, ჩემოდანს ჩემოდანზე დგამდა. რაღაც პარალელური ამბები ხდებოდა ჩემს ირგვლივ, მე კი გახევებულ-გაოგნებული ვიდექი და ვცდილობდი მათთვის გადაკვეთის წერტილები მეპოვა. ბოლოს ჩამოჯდა, ბეწვის ქუდი დაიხურა (ისიც კარიბული ცისფერი), ფეხი ფეხზე გადაიდო და სად წავიდე არ ვიცი ჯერო. ჩემთან წამობრძანდით-მეთქი, – შევთავაზე.

– სასწაული! – თინას უფრო მეტად აუწითლდა ლოყები.

მშვენიერიადიკო ბორიალედან ჩამოფრენილა, – ხატია გოგას ჩაეხუტა, მერე ლოყაზე აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა, – ხომ მაგარია?

– ასე თუ ცვივა ქალები იქიდან, მაგარია, აბა რა!- გოგამ წელზე შემოხვია ხელი და თვალებში ჩახედა, – მართლა გჯერა თუუუ… გინდა რომ გჯეროდეს?

– ნეტავ რა განსხვავებაა. გიყვარვარ თუ გინდა რომ გიყვარდე? – ისევ ჩასჩურჩულა და იისფერი რეზინი თმებიდან მოხსნა, – ასე გაშლილი უფრო მომწონს.

– ქალები თუ ცვივააა, ეგ ყოფილა მესამე კი არადა, უეჭველად უპირველესი მნათობი ჩვენს გალაკტიკაში და ყველა არდამნახავის ჩემდათავად!.. ჩამოყარეთ, – ჭიქა ჰაერში გაიშვირა თაზიმ, – გადავდივარ მეზღაპრეების ფან-კლუბში.

– გაგრია, – კბილებში გამოსცრა თინამ და თაზის ნათქვამი გადაამღერა, – ქალებითუცვივაგადმოვდივარფანკლუბში, რაღა გვიჭირს. შენ კიდევ რას უსმენ ამისთანას? – ხელი დაუქნია ანიკოს.

ანიკომ ნახევრადმძინარე ლადო მოიშორა, ცალი ყურსასმენი მოიხსნა და ისევ ხელით ანიშნა თინას, რა ხდებაო. თინამაც ჟესტებით აუხსნა: მიდი, შენთვის იყავი, არაფერი ისეთიო.

– უაიმე, დონე გოგო თინიკო, გული ხომ არ ჩაგწყდა მარტო ქალები რომ ცვივა თეთრი ციდან?.. თუმცა ეგ კიდევ გასარკვევია! – თაზიმ მწვანე კაშნეს ერთი ბოლო მიკროფონივით დაამრგვალა, ტუჩებთან მიიტანა და პროფესორესკენ გადაიხარა, – ბატონო დავით, შემთხვევით ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია, ბორიალელების ინტერვენციის სტატისტიკაზე სქესისა და ასკის მიხედვით? რაინდის იმედი თუ უნდა ვიქონიოთ და თუ კი, რა პერიოდულობით? და აქვე, კიდევ ერთ კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?

 

– ჩაფხუტით იარე, ეგ რაინდი თავისი ამუნიციით შენ არ დაგასკდეს, – თინა პლედში გაეხვია და სგარეტის მოსაწევად კომპანიონს დაუწყო ძებნა. გოდერძის მძიმე ხელი კი კვლავ თაზის მისწვდა და პროფესორეს მოაშორა.

– მშვენიერო თინათინ, დაე მე დამეცეს რაინდი, თუნდაც უჩაფხუტოს, თვექნთვის რას არ ავიტან! აი ასე, კაშნეს ამარა სიგარეტის მოსაწევადაც გამოგყვებით ქვეყნის დასალიერში! გოდერძი, შემეშვი თუ ძმა ხარ, – თავი გაითავისუფლა თაზიმ და თინას გაჰყვა.

– რატომ გადმოვხტიო, არ უთქვამს? – ისევ სიზმრისეული ხმით იკითხა ხატიამ.

– ჰქონდა თავისი მიზეზები, თანდათან რომ გამიმხილა. მოკლედ რომ გითხრათ და თავი აღარ შეგაწყონოთ, ერთი მწერლის ცოლობას გაურბოდა, მშობლებს კი მიზეზს ვერ აგებინებდა. იქ, ბორიალეზე მწერლები სასურველი საქმროები არიან. ადიკოს კი ციფრების მეტი არაფერი აინტერესებდა. ცრემლებიც კი არითმეტიკული სიმბოლოების ფორმისა ჰქონდა, ნაბიჯს რომ გადადგამდა, გარშემო სულ პარაბოლები და ჰიპერბოლები იხაზებოდა.

– აუუუ, წარმოვიდგინე და რა მაგარია! აუუუ, მეც მინდა ასე!

– მერე რა მოხდა, როგორ გადაწყვიტეთ ერთად დარჩენა? – დაბრუნდა შემცივნებული თინა ვითომდაჭკვიანებული თაზის თანხლებით.

– თავიდან, ფურგუნში კვირები სწრაფად მიქროდა: ის ანგარიშობდა, მე ვხაზავდი. მერე ის ჩემს მაკეტებში, მე კი მის ციფრებში გავერკვიე, საბოლოოდ ძალები გავაერთიანეთ და პირველი შენობაც დავასრულეთ. ოჯახს მივწერე, ცოლს ვირთავ, ოღონდ ჩვნებური არ არის და არ გადაირიოთ-მეთქი. არ ვიცი რაზე საუბრობდნენ და როგორ იქცეოდნენ ჩემს ჩამოსვლამდე, მაგრამ გემიდან რომ გადმოვედით, ყველა დამხვდურმა ერთხმად ამოისუნთქა და წარბი გახსნა.

– ანუ ეგრევე დაინახეს?

– არა, რა თქმა უნდა, წამის მეასედში ბორიალეს ქარმა გადაუარათ და თვალთ დაუბნელდათ, მაგრამ ეგ არაფერი, ქორწილამდე ყველას ყველაფერი დაავიწყდა. დღემდეც ასე გრძელდება და მიჩვეულები ვართ, პირველი მნახველი ერთბაშად ვერ უსწორებს თვალს უმშვენიერესადიკოს. აბა, რა იყო ახლა აქ გამოგონილი? რომ ჩახვალთ, Aurora borealis თავად ნახავთ, უკან რომ დავბრუნდებით, ანგელინა აპოლონსკაიასაც გაგაცნობთ. რაც შეეხება ახალ თანამგზავრს, მისი მიგნება თქვენს არქიტექტონიკაზეა დამოკიდებული და ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ.

ამის შემდეგ სტუდენტებმა რატომღაც თავები მოიფხანეს… წყვილები ერთმანეთს ჩაეხუტნენ… ფილიპ გლასის კომპოზიციები მეორე წრეზე დატრიალდა… დავით კონსტანტინსკიმ თეთრი დათვის გამოსახულებიან ცარიელ ბოთლს შესცინა, პლუშის სარჩულიანი, წყალგაუმტარი, მსუბუქი ლაბადა მოიცვა, ქაშმირული კაშნე ჯიბეში ჩაიტენა და შეუმჩნევლად დატოვა გოდერძის კაიუტაში საკუთარ რიტმზე მბრუნავი სამყარო.

მეორე დღეს იმღამინდელ საუბარს ზოგიერთი ძლივს იხსენებდა, ზოგიერთი ენთუზიაზმით აევსო და ბორიალეს ნახვა დაესახა მიზნად; იყვნენ ისეთებიც ერთი სიტყვაც რომ არ ან ვერ მოისმინეს. თუმცა საბოლოოდ თითოეული მათგანი ჩრდილოური განედების ცხოვრების წესსა და დღეღამურ რიტმს დაემორჩილა.

გადაადგილება სამხრეთული A პუნქტიდან ჩრდილოურ B პუნქტამდე იქ დასრულდა. პორტიდან სასტუმრომდე კი ათვლის ახალი წერტილები დაფიქსირდა და ამბავიც განსხვავებული დაიწყო. „Aurora borealis“ მგზავრებს ელოდა: მის ყინულისმაგვარ პარაპეტზე, კარიბულ ცისფერში შესრულებული შუქჩრდილები დაუვიწყარ ეფექტს ქმნიდა. წლების მიუხედავად, შენობას რელევანტურობა არ დაეკარგა, გარემოს კი ისე ბუნებრივად ერწყმოდა, იმდენ შუქს ატარებდა, პირველ დანახვაზე ყველას ეგონა, გამჭვირვალე კედელია აღმართულიო. მისი დათვალიერების შემდეგ კი გაიძახოდნენ, ნამდვილად არაამქვეყნიური მათემატიკური გამოთვლებით ააგესო. ექსპედიციის წევრები ჯერაც წინა ღამის შთაბეჭდლებებს უზიარებდნენ ერთმანეთს: ამბობენ, ექსპედიციის დასარულს ყოველთვის ჩამოდის ანგელინა აპოლონსკაიაო; ნეტავ, თუ დავინახავთ პირველივე შეხვედრაზეო; სკეპტიკოსებს კი ეღიმებოდათ: პორტშიც იყო მოსული ძვირფასიდათიკოს გასაცილებლად, მაგრამ ეტყობა ბორიალეს ქარმა დაგკრათ, ვერ შენიშნეთო; არც ახლა ხართ სახარბიელო დღეში, მივადექით სასტუმროს და სადაცაა შეასკდებით და იქნებ თავებს გაუფრთხილდეთ, კიდევ გამოგადგებათო.

* შვედური წარმოშობის ფრანგი არქიტექტორი (1887-1965);

** გერმანელი მათემატიკოსი და ასტროლოგი (1571-1630);

* სადაც მატერიაა, იქა გეომეტრიაც არის (იოჰანეს კეპლერი);

**იტალიელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, პოეტი, კოსმოლოგიის თეორეტიკოსი (1548-1600);

*** ქართველი მწერალი და დიპლომატი (1658-1725).

* ამერიკელი კომპოზიტორი-მინიმალისტი (დაიბადა 1937 წელს);

© არილი

Facebook Comments Box