ესე,  კრიტიკა

მალხაზ ხარბედია – მხატვრული ლიტერატურა სკოლაში

პედაგოგიურ საკითხებზე პირველად სულ ცოტა ხნის წინ მომიწია ფიქრი და წერა. როგორც ჩანს, როდესაც სახლში პატარა გეზრდება, ძალაუნებურად იწყებ იმაზე ზრუნვასა და გნებავთ, ოცნებასაც, თუ რა განათლება შეიძლება მიიღოს მან მომავალში, როგორ არჩევანს გააკეთებს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, რამდენად შეეგუება იგი სავალდებულო საგნებს, რამდენ დროს დახარჯავს კარგი წიგნების აღმოსაჩენად, წასაკითხად თუ სხვებისთვის გასაზიარებლად… დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა ჩავფიქრდეთ, წიგნებზე და ბავშვებზე, უფრო კონკრეტულად კი, მხატვრულ ლიტერატურაზე სკოლაში, იმაზე, თუ რა გავლენები აქვს ძველ და თანამედროვე ლიტერატურას განათლების სფეროზე.
ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ აღზრდის საკითხებზე ფიქრში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ, გადავაწყვიტე დასახმარებლად მეგობრებისთვის მიმემართა, რომლებმაც შეიძლება უფრო ზუსტი მიმართულება მომცენ თავიანთი დაკვირვებებით. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობის, განათლების, შეხედულებებისა და პროფესიისანი არიან. ზოგი მათგანი სოციალურ მეცნიერებას წარმოადგენს, სხვები ლიტერატურათმცოდნეობას, ჟურნალისტიკას ან მწერლობას. მათ ყველას ერთიდაიგივე კითხვები დავუსვი, მივიღე ძალიან საინტერესო პასუხები და მინდა სწორედ ამ პასუხებიდან ამოკრებილი რამდენიმე მოსაზრებით დავიწყოთ თემაზე საუბარი.
პირველი კითხვა ზოგადად ლიტერატურის როლს შეეხებოდა სკოლაში. რატომ უნდა ვასწავლოთ მხატვრული ლიტერატურა? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ალბათ ის არის, რომ იგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას და ფანტაზიის უნარს, მაგრამ ეს აზრი ჩვენს საუბარში უფრო საინტერესოდაც გაიშალა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ხვეწს მოზარდის ენას და მეტყველებას, ანუ აყალიბებს აზრებს და ამ აზრის გამოხატვის ხერხებს. ავითარებს ანალიტიკურ უნარებს. ლიტერატურა მოზარდს საშუალებას აძლევს გასცდეს საკუთარ ვიწრო საზღვრებს და წარმოიდგინოს სხვა კონტექსტი, განიხილოს იგი ან საკუთარი თავი ჩააყენოს ამ კონტექსტში. შესაბამისად, ლიტერატურა იწვევს სოციალურ თანაგრძნობას. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისას უჩნდებათ შესაძლებლობა დაინახონ ერთი რეალობის სხვადასხვა მხარე, გააკეთონ არჩევანი (თუნდაც მორალური არჩევანი).
დაახლოებით ასე შეიძლება რეზიუმირდეს ჩემი მეგობრების პასუხები. ისინი ასე ხედავენ ლიტერატურის როლს სკოლაში.
თავად სკოლა რაღას წარმოადგენს? ალბათ, ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა გარკვეულ სავალდებულო საქმიანობას ასრულებს, ანუ სწავლობს ბევრ ისეთ რამეს, რაც მას შეიძლება არ აინტერესებდეს, მაგრამ საჭირო იყოს. თავის დროზე ტომას სტერნზ ელიოტმა განსაზღვრა ძალიან ზუსტად განათლების არსი: „ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუკი იგი არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს. რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი, რომლისკენაც არა გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს“. შესაძლოა ეს განათლების ერთ–ერთი უმთავრესი მხარეც იყოს, რომელსაც მე ტრადიციულს ვუწოდებდი, მაგრამ არსებობს ამავე დროს განათლებისადმი და შემეცნებისადმი შედარებით ჰედონისტური, უფრო ლიბერალური და ცოცხალი დამოკიდებულება, სადაც მეტი ხალისი და ინტერესი არსებობს და თავად მოსწავლის ინიციატივაც უფრო კარგად ჩანს. ვფიქრობ მხატვრული ლიტერატურა ამგვარ თავისუფალ ინტერესებს ყველაზე კარგად და ეფექტურად ავითარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ლიტერატურა ყოველთვის წარმოადგენდა სწორედ თავისუფლების სივრცეს.
ერთ–ერთმა ჩემმა რესპოდენტმა ამასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ლიტერატურაზე, როგორც ალტერნატიული სივრცის უმთავრეს შემოქმედზე. და ეს როლი, მისი აზრით, განსაკუთრებულად აქტუალური სწორედ თანამედროვე საქართველოში გახდა, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ აზროვნებას სერიოზული პრობლემები აქვს. მხატვრული ლიტერატურა კი ამგვარი სააზროვნო კრიზისების დაძლევისა და ისტორიული წარსულისა თუ აწმყოს გადაფასება/გააზრების საშუალებას იძლევა.
კარგი ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ყოველთვის ჩნდება სრულიად ლოგიკური განცდები, რომელთაგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტისა და რეალური სამყაროთი უკმაყოფილების გრძნობა. ასეთი ლიტერატურა ყოველთვის რაღაცის შეცვლისაკენ და არსებულის კრიტიკული შეფასებიკენ უბიძგებს ადამიანს და ამ თავისუფალმა, ლაღმა კრიტიკამ, რომელსაც ჩვენ „პეპი გრძელწინდადან“ და „ჰეკლბერი ფინიდან“ ვიცნობთ, ბავშვები მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის უნდა შეამზადონ.
უმბერტო ეკო წერდა თავის წიგნში „ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში“, რომ ლიტერატურას იგივე ფუნქცია აქვს, რაც თამაშს ბავშვობაში. თამაშისას ბავშვები ცხოვრებას სწავლობენ, რადგან თამაშში ისინი იმეორებენ, უფრო სწორად წარმოადგენენ, დგამენ სიტუაციებს, რომელშიც ისინი თავად აღმოჩნდებიან, როდესაც გაიზრდებიან. ხოლო ჩვენ, უფროსები, ლიტერატურის მეშვეობით ვხვეწთ ჩვენს გარკვეულ უნარებს. და ეს უნარებია წარსულისა და აწმყოს გამოცდილების მოწესრიგება, ე.წ. ცხოვრებისეულ ქაოსში გარკვევა.
ისევ ალტერნატიურ სივრცეს დავუბრუნდები, ზემოთ რომ ვახსენე და ვიტყვი, რომ კარგი რომანი ყოველთვის გადაადგილების საშუალებას უნდა იძლეოდეს. იგი შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს, რომ ცალკე, დამოუკიდებელ სამყაროს წარმოადგენს და რომ არსებულ რეალობას იგი არაფრად აგდებს, არაფერში სჭირდება, ანდა მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ შეცვალოს იგი. თავად ამ რომანში, მის ავტონომიურ სამყაროში, ისედაც ყველაფერია, რაც საარსებოდაა საჭირო და აუცილებელი. ასეთია ყველა დიდი მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, სტივენსონის ღირსებითა და სიმამაცით სავსე „განძის კუნძულიდან“ დაწყებული – უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფას მკაცრი მხარით დამთავრებული.
გარდა ამისა, არსებობს აქტუალური და არააქტუალური ლიტერატურა, ლიტერატურა, რომელიც ფუნქციონირებს, ცოცხლობს და მწერლობა, რომელიც
მხოლოდ ლიტერატურულ კანონს მისდევს და სხვა განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. ასეთი „კომფორტული“ ნაწარმოები ძალიან ბევრი ვიცით, ზოგი მეტად იდეოლოგიზებულია, ზოგი ნაკლებად, ზოგიც სრულიად დაცლილია ყველაფრისგან და მხოლოდ კეთილხმოვანებით თუ დაგვატკბობს. აქტუალური ლიტერატურა კი მეტ რეფლექსიას მოითხოვს, მეტ თვითიდენტიფიკაციას, გამოსავლის ძიებას, პასუხისმგებლობას.
ხშირია ხოლმე, რომ მასწავლებლები იწუნებენ და გვერდზე გადადებენ ხოლმე ამ ე.წ. აქტუალურ ლიტერატურას, როგორც არასანდოს, საეჭვოს, საფრთხის მატარებელს. ხანდახან მათ უწევთ წიგნის დაწუნება იმის გამო, რომ იგი წერის მიღებულ სტილისტიკას არ შეესაბამება, უცხოა, არადა მთავარი ის კი არაა, რამდენად ნაცნობი, ახლობელი და შინაურულია ესათუის ტექსტი და ბოლოსდაბოლოს, არც ის, რამდენი შეცდომაა დაშვებული წერისას. როგორც მარიო ვარგას ლიოსა ამბობს თავის ერთ–ერთ წიგნში, მნიშვნელობა არა აქვს სტილი გამართულია თუ არა, მთავარია ეს სტილი ფუნქციონირებდეს. ფუნქციონირებს კი მხოლოდ მაშინ, როდესაც სიცოცხლის ილუზიას ქმნის, სიმართლეზე გველაპარაკება, დამაჯერებელია… რამდენი გვინახავს სტილურად დახვეწილი, გაკრიალებული ნაწარმოები, რომელსაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოუხდენია მოზარდ მკითხველზე.
კლასგარეშე ლიტერატურის არჩევისას უფრო თამამები შეიძლება გავხდეთ. მხოლოდ ლიტერატურული ნორმების დაცვით შექმნილი, ე.წ. გადახვევებისა და დარღვევების გარეშე დაწერილი ზედმეტად ზრდილობიანი ლიტერატურა უბრალოდ უინტერესო იქნება ახალგაზრდა მკითხველისთვის. მას სიახლე სჭირდება, სიახლე კი პირველ რიგში თანამედროვე ლიტერატურაა. ბავშვები უნდა დავარწმუნოთ, უნდა ჩავუნერგთ მათ იმის რწმენა თუ მოლოდინი, რომ დიდი ლიტერატურა დღესაც იქმნება. მათ არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დარჩა და 100 ან 50 წლის წინ შეიქმნა. თანაც უბრალოდ, უხერხულია, უფრო მეტიც, სირცხვილია, როდესაც თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მოზარდი თანამედროვე ლიტერატურას არ იცნობს, არ ესმის და არ კითხულობს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ლიტერატურა ნაკლებად ასოცირდება თანამედროვეობასთან, არამედ რაღაც დამყაყებულთან, მოძველებულთან, მკერდს მიდებულ ქნართან და ა.შ. იქნებ ამიტომაა, რომ ბევრი თაკილობს ლიტერატურის კითხვას და გაზიარებას? იქნებ ცოტა სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ მხატვრული ლიტერატურა? ტექსტებიც ხომ არ გადაგვეხალისებინა? დარწმუნებული ვარ, უახლეს ტექსტებში ამოკითხული ერთიორი გაბედული ფრაზა, მწარე სიმართლე ან კარგი ხუმრობა უფრო მეტ სააქმეს გააკეთებს, ვიდრე „ოთარაანთ ქვრივის“ გარჩევები.
რა ვუყოთ წარსულის ლიტერატურას? მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია, პირველ რიგში კი ის, რომ იგი ბავშვს ისტორიულ განზომილებაში ჩააყენებს და მისცემს საშუალებას გაითავისოს ისეთი დეტალები, რომელსაც დღეს ვეღარ ნახავს, ეზიარება ტრადიციებს, რომელიც ქრება ან უკიდურესად დამახინჯდა. ძველი ლიტერატურა საოცარ სიღრმეს და სიბრძნეს ინახავს, მე თავად კლასიკური ფილოლოგია მაქვს დამთავრებული და კარგად ვიცი ძველი, მაგრამ უბერებელი ტექსტების ყადრი, რომელთა ყოველი სიტყვაც ლამის ოქროსგანაა ჩამოსხმული. ამ ტექსტებს ენის წარსულში გადაყავხარ, გასწავლის, თუ როგორ უნდა გაერკვე სემანტიკურ ქაოსში და როგორ აღმოაჩინო ის ერთად–ერთი სწორი მნიშვნელობა, რომელიც ამათუიმ სიტყვის მიღმა დგას, მნიშვნელობა, რომელიც იმ კონკრეტულ ეპოქას გვიხასიათებს, ან კონკრეტულ ავტორს გვაცნობს. მოზარდებს, როგორც წესი, ზოგადი განცდები აქვთ და დაკონკრეტება უჭირთ ხოლმე, ხოლო ლიტერატურა იმას ახერხებს, რომ იგი წვრილმანებისკენ მიაპყრობს მათ ყურადღებას, ზუსტია და შესაბამისად კი ნამდვილ პოეტურ განცდებს აღძრავს მასში და არა ყალბს, რაც ძირითადად „პოეტურობის ნიშნებით“ ჟონგლიორობაში ვლინდება ხოლმე და რისი მაგალითებიც საკმარისად გვაქვს საქართველოში.
ჩემს დროს ბევრი მასწავლებელი ძალიან ამახინჯებდა ბავშვების ენას ერთ თარგზე მოჭრილი „თემების“ წერით, სადაც ადვილად ამოიცნობდით კონსტანტინე გამსახურდიას და სხვა ძველი თუ ახალი ყაიდის ნაციონალისტურ დისკურსს, რომელიც მოწოდებული იყო ყოველ წელს, გამუდმებით ერთიდაიგივეზე ეწერა: პატრიოტულ თემატიკაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან, სიყვარულზე და მეგობრობაზე ვეფხისტყაოსანში, გიორგის და არჩილის შედარებით დახასიათებაზე და სხვ. მაშინ ლიტერატურას უბრალოდ “ევალებოდა” ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელიც სისტემისათვის მისაღები სოციალური უნარებით იქნებოდა აღჭურვილი. და ეს ნაწილობრივ მხატვრული ენის მეშვეობითაც ხდებოდა, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს, ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში კულტურული აუტიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ხოლმე.
საქართველოში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში ლიტერატურა რაღაც ჩაკეტილ სივრცესთან, დაავადებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სამყაროს ან ტექსტის ცოცხალ აღქმასთან. ლიტერატურა გარკვეულ წრეებში კულტურული აუტიზმის ერთგვარ ფორმად იქცა: ფსიქოლოგიური და სოციალური კარჩაკეტილობა, ერთიდაიგივე აუდიტორია, ლიტერატურული კლანები, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. ეს პრობლემა დღეს ქართველი მწერლების ყველა თაობაშია, ძალიან ბევრი წერს კლიშეებით, უმიზნოდ, უშედეგოდ, რეფლექსიის გარეშე, ტრადიცია მხოლოდ ხმაურის სახით არსებობს მათში, თანამედროვეობა კი საერთოდ ვერ აღწევს ამ ჯურღმულებამდე. რა თქმა უნდა, მომავლის მწერლებსაც ვერ ვუწოდებთ მათ, რადგან არაფერი ახალი მათ ნაწერში არაა.
ერთი მხრივ ასეთი ლიტერატურა ან ძალიან ჰერმეტულია ხოლმე და ხშირად ბოდვასაც უახლოვდება, მეორე მხრივ კი იგი ზედმეტად ცხად თემებს ამღერებს, რაც ასევე ბოდვად აღიქმება. კარგი ლიტერატურა კი ორივე ამ ცდუნებისგან იცავს მოზარდს, იგი აყალიბებს ღია, ურთიერთობისთვის გახსნილ, მახვილგონიერ ადამიანს, რომელიც კარგად ორიენტირდება გუგლისა და ბლოგების ეპოქაში.
ცალკე საკითხია კონკრეტულად რას უნდა კითხულობდნენ მოზარდები სკოლის დამამთავრებელ კლასებში. ამაზე მომავალ წერილში ვისაუბრებთ, სადაც შევეცდები თემატურად ჩამოვწერო რეკომენდაციები. აქ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ქართული და უცხოური ლიტერატურის ზუსტი შეხამება, ისევე, როგორც ძველი და თანამედროვე ტექსტებისა. და კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც აფხაზურ და ოსურ ლიტერატურას შეეხება. არიან ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები აუცილებლად უნდა იყოს პროგრამაში. ჩემი აზრით, ეს საინტერესო სიახლე იქნება, და გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების თემაზე შექმნილ არაერთ ნაწარმოებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია. მომდევნო სტატიაში ამ პრობლემაზეც ვისაუბრებთ.
© “მასწავლებელი”
Facebook Comments Box

3 Comments

  • ქ.გურასაშვილი

    მერე სად არის ის ოქროს შუალედი, რას სთავაზობთ თქვენ სკოლას, გაქვთ თუ არა პროექტი,რა მხატვრული ლიტერატურა უნდა შეირჩეს ახალგაზრდების დასაინტერესებლად ძველი და ახალი მასალებიდან? თქვენი ფიქრის პროდუქტი რა არის, სანამდე მიდის, ასე შუაში წყდება თუ იქნებ შეგეთავაზებინათ სასარგებლო და საინტერესო ლიტერატურის ნუსხა?.. მე, პირადად, გულწრფელად ვენდობი თქვენს პროფესიულ ალღოს და გემოვნებას.

  • arili

    ახლა ვწერ ზუსტად ამ რჩევებს. ძალიან ვითრევ ფეხs, ძალიან დიდი რისკია, მაგრამ სხვა გზა არ არის :))

  • Anonymous

    დიდი ინტერესით ველოდებით ამ თემის გაგრძელებას 🙂