გაზაფხული
არასოდეს მომიყვანია ეს გაზაფხული.
ის მოდის ხოლმე პერიოდულად – კომისია,
რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს
ჩვენი სიცოცხლის ძველი უნარი.
კომისია, ჩრდილოვანი ნაზამთრალი ეკონომიკის:
რამდენ კვირტს მალავს ხეების ტანი,
ველ-მინდვრები – რამდენ ბილილას.
რამდენ მზის სხივს – დღეების პეშვი,
ბალახს – ქვისძირი, ბელტებს – მიწა,
სილურჯეს – ზეცა, სივრცეებს – ფრთები,
რამდენ სიყვარულს – ადამიანის პატარა გული,
რამდენ ვარსკვლავს – ჩამქრალი მზერა…
მე არასდროს მომყავს ხოლმე ეს გაზაფხული,
გეფიცებით. ვის რად უნდა ამხელა სტრესი,
ამდენ სიბნელეს რა სინათლე ეყოფა მაინც?!
კანონის ენა არავის ესმის,
ყველას თავისი ზამთარი უყვარს –
ხელს შეახოცავს თავისუფლად მოკლე დღეებს და
ყველაფერს კვამლს გადააბრალებს…
თავადაც ხომ არაფრად გაგდებს,
არც გთვლის
ა რ ა ფ რ ა დ. გულს – სიცოცხლის პულსაციას
თოვლით იგრილებს.
მაგრამ , ერთ დღესაც, რომ არც ველით, გაუფრთხილებლად
კომისია აგვეტუზება,
ჰაერში ელდას დაგცემს ხოლმე ნაცნობი სუნი – აი, მოვიდა!
გაერიდეთ ამპარტავნულ ჭრელ გაზაფხულებს,
ეცადეთ, თვალში არსად მოხვდეთ ამ კომისიას,
რადგან ყველაფერს მხოლოდ ფიარის გამო აკეთებს,
დაგვაფეთებს, სხვა არაფერი
დიდი ვინმე რომ გვეგონოს, რომ გვეშინოდეს…
მთების სიმწვანეც გახრიოკდება,
ამ ტყეების აფერადებაც,
ეს ხეები ისევ ისე შეიბრუნებენ ძილს და სიყუჩეს,
ეს ქუჩებიც ისევ ისე რუხთვალება უიმედობით იქნება სავსე,
არავის ერთი თბილი სიტყვაც არ დასცდება,
ჭორფლიც განა რა,
მზეც შორსაა.
ყველაფერი ფიარია,
გაივლის, წავა
და არავინ შეგიმცირებთ დარდსა და ნაღველს –
სრული, მუდმივი შტატით არსებობს.
სიმარტოვესაც აქ არაფერი დაემუქრება,
ოღონდ ახლა გაუძელით ამოვარდნებს მზის სიზმრებიდან.
ხელის გულს ვადებ აყვავებულ ნუშის ხეს და ასე ვიფიცებ.
არასოდეს არ დამაბრალოთ,
„რომ გაზაფხული მე მოვიყვანე“.
სადღა გვაქვს ძალა ადამიანებს მისი გაძლების.
„ესეც გაივლის…“
ზღაპარი სამშობლოზე
როგორ გვაწვალებს სიტყვა „სამშობლო“.
აღარ ვიცით, სად გადავმალოთ,
სად მივუჩინოთ ადგილი, რადგან
აღარცერთი კონტექსტი ირგებს.
თავადაც ხვდება,
საკუთარი თავის კუთხეში ატუზულა უხერხულად,
დამნაშავედ თვლის უკვე ყველა. რა გაეწყობა?!
ნეტა სიზმარში ხომ არ ნახულობს
ასეთ თავის თავს?
მიუკეტეს ცხვირის წინ კარი.
აღარც ტექსტი, არც წარმოსახვა, არც სინამდვილე
არ უთმობს ადგილს.
თითქოს ვიღაცამ უჩინმაჩინის ქუდი დაჰხურა,
საფარველი დაადო თითქოს,
არის, არც არის.
ალაგ-ალაგ ნაკვალევზე მოუჩანს გერბი,
ექო ჰიმნსაც ახეთქებს ტინებს…
ჭირის დღესავით გაურბიან ხსენებას და
ახლომახლო თუ ჩაივლიან,
შეშინებული აფურთხებენ „ფუი ეშმაკსო“.
თუ შემთხვევთ სადმე შეეხნენ,
უნებურად, მაინც შეეხნენ,
იფიცებიან, „არც კი ვიცნობდით,
არასოდეს ვყოფილვართ მასთან“.
მიწისქვეშ მკვდრები იტანჯებიან,
მიწისზემოთ ცოცხალთა მოდგმა.
რამ ქნა ასეთი?
რამ შეაძულა პოეტს, მღვდელს, ვექილს,
გლეხს, დეპუტატს, მეცნიერს, სტუდენტს?
მასწავლებლები ცდილობენ მხოლოდ
სკოლების ძველ კატაკომბებში
ლექსის ძონძებში გამოახვიონ
მისი სახელი – გალოკილი ძვალი, რომელსაც
ერთადერთი, ღმერთის ნება თუ გაანედლებს.
ბავშვებს ამ ძვლის ნაფქვავს ასმევენ, ცრემლში გარეულს,
იქნებ ასე დაამახსოვრონ.
ჩვენი გულების ინკუბატორებს
დიდი ხანია გაუთიშეს იაფი დენი,
დიდი ხანია, არც იაფი გაზი იწვის
მარადიული ცეცხლის მშვიდი უდარდელობით,
აბა, სადღა გადავინახოთ, რომელ სათბურში, სახელი მაინც,
უწინ ყველას ერთნაირად რომ გვარქმევდნენ,
უნათლავებსაც?
ბიჭებს, გოგონებს ყველას გვარქმევდნენ!
ყველას გვშვენოდა, ნებისმიერ ასაკში მდგარებს,
„სამშობლო“ გვერქვა, „სამშობლო“ გვეცვა,
„სამშობლოს“ ვჭამდით, ვმღეროდით, ვწერდით…
ახლა რა ხდება, თავის თავსაც აღარ ჰქვია, არაფრად უღირს,
წვიმას სისველე აღარ ჰქონდეს,
ქარიშხლებს- ქროლვა,
მდინარეს – ჩქერი,
ზეცას – სივრცე,
ცეცხლს – სითბო და
გაზაფხულიც მხოლოდ ქვებისთვის რომ მოდიოდეს,
ასეა და რა გაეწყობა?!
ხალხი კი – წყება მოსიარულე ადამინათა,
კევსღა ღეჭავს – ბედნიერების გემოიანს.
და იზეპირებს ახალ სახელებს:
სამოქალაქო სოლიდარობა, აქტივობა, გენდერი, გრანტი,
ფემინისტი, ელგებეტე, ლიბერალი, ციანიდი, სექტა, შაურმა…
„გარდარეული სიყვარული“ სამშობლოსადმი
არტეფაქტებად შემორჩენილი ფოლკლორსა და ვენახის კვლებში,
გადაიღეთ, სანამ არსებობს, აღნუსხეთ, ზომეთ,
შეიტანეთ გულის დავთრებში,
რომ სამომავლოდ აღარ ეძებოთ საზღაპრო თემა
და მოუყვეთ თქვენს შთამომავლებს,
რომ აქ ჩვენი „სამშობლოც“ იყო,
რომ ის იყო ულამაზესი, უძველესი,
წალკოტი იყო,
რომ ზიზღის ჭია გაუჩნდა ერთხელ,
რომ ჰყავდა მტერი გამუდმებით,
რომ გმირებიც ჰყავდა სამშობლოს,
რომ მისი ხმა – მისი სიმღერა ცასა სწვდებოდა,
რომ გონიერიც ბევრი ჰყავდა, მოღალატეც, მოსიყვარულეც,
უგუნურიც, ზარმაციც, ფლიდიც,
სულ რომ ელოდა მხსნელს და რომ კლავდა,როცა იგი გამოჩნდებოდა,
სულ რომ სწამდა უკვდავება თავისი და
სულ რომ მღეროდა, დარდიანიც, ცოცხალიც, მკვდარიც…
რომ ის ხშირად ვერც იცნეს და
გლახა ეგონათ, უპოვარი ბოგანო კარზე…
საზღაპრე თემებს აქ რა დალევს,
ურჩხულები ცეცხლს რომ აფრქვევდნენ,
ყლაპავდნენ ყველას,
აგუბებდნენ მდინარეებს, ტყეებს ჩეხავდნენ,
გადარეკეს ხალხი შორეთში,
მოწამლეს ყრმები,
ბეტონით ხერგეს ქუჩები და ყლაპეს ბავშვები,
გამოიყვანეს ზომბების მოდგმა,
ო, რა ზღაპრები გვაქვს მოსაყოლი შენზე, სამშობლოვ,
მაგრამ ეგ მერე,
თუ გადავრჩით, ეგ მერე იყოს…
ახლა იმდენად უხერხულია, „სამშობლოზე“ ილაპარაკო,
და იმდენად სამარცხვინოა მისი ხსენება,
მასთან ერთად შემაღლებულზე ჯდომა, ბაასი,
რომ იქნებ ავდგე და კოდური სახელწოდება გამოგიგონო,
გადაგმალო,
სანამ ჩვენში სავსემთვარობის მგლები ყმუიან…
თოკი
ადამიანთა უმრავლესობა ხმელეთზე ცხოვრობს,
ზღვისპირელებიც, ოკეანელი კუნძულელებიც,
ჩემი ხალხი კი თოკზე დასახლდა.
თოკი გახდა მისი მამული,
რა ხანია, გადი-გამოდის ტანჯვა-წვალებით,
მანჭვა-გრეხით,
არიქა, მარჯვნივ არ გადავარდეს,
არიქა, მარცხნივ არ ჩაიჩეხოს.
მაგრამ მაინც ახერხებს იყოს,
იცხოვროს და აგარაკებიც აიშენოს
დანის პირზე,
ბეწვის ხიდზე,
ცეცხლის ალზე.
ყველაზე მჭრელ და ყველაზე ბასრ პირს ეტანება,
სასიკვდილოს,
სხვას არც კადრულობს.
თქვენ რა იცით, რად უღირს კაცს ასე ცხოვრება,
რა თვისებებით და იერ-სახით გამოირჩევა
უთვალავთაგან,
რომელიც მყარად დადის მიწაზე
და ფეხებზე მიწის მტვრის გარდა
ჰკიდია ყველა, ვინ მარჯვნივაა, ვინ მარცხნივ და
ვინ – შუაგულში.
ჩემი მოდგმა თოკზე სახლობს,
არც დამცავი ქამარი აქვს, არც გარანტია,
მარცხნივ გადახრილს რომ მარჯვენა არაფრით შეჭამს
მარჯვნივ გადახრილს რომ მარცხენა არასდროს გასრესს.
ეჩვევა ასე ცერზე სიარულს,
მუშაითივით არტისტობს კიდეც.
სანახაობა ხომ ძვირად ფასობს,
პური არცა აქვს,
ხოდა, ცდილობს ისე იაროს,
ყველასი იყოს,
ყველა აქოს,
ყველა ადიდოს,
ყველას უცინოს,
ყველას ატყუოს,
ყველას მისცეს
ხმა და
როგორმე ბრიყვი თავი გადაირჩინოს –
ყველაზე გამძლე მოდგმათა შორის!
რა მზისშვილობა,
რის მიწისმოდგმა,
ჩვენი მარადი არსებობის საიდუმლოა
ეს არჩევანი.
ერთადერთი, ჩვენ რაც გვაფხიზლებს,
ისე არ მოხდეს, უცაბედად,
ყულფად გვექცეს მშობლიური გვარლის ნამლევი…
ორმო
ადამიანად დაბადება არ მეღირსება
სხვა ცხოვრებაში,
პასუხს ვაგებ იმისთვის, რომ
ვერასოდეს ვსაუბრობდი უცხო ენებზე.
ხუთიათას ინსტრუმენტს რომ მოგცემენ და
ვერცერთს ჩაბერავ, დაისჯები. გარდუვალია.
ალბათ რვეულად აიკინძები,
და ზედ ბავშვი დაგაჯღაბნის სიტყვებს, რომლებსაც
იძულებით დაიზეპირებ.
თუ გაგიმართლა, ხედ გაჩნდები
და როცა ტანსაც გვარიანად აიყრი მზისკენ –
ძველი ენისკენ, ხსოვნის დარანებს რომ გინათებდა მისი სიტყვები,
მოგჭრიან და ფურცლად გაქცევენ, დაიმახსოვრე!
სხვა ცხოვრებაში პასუხს ვაგებ იმაზეც, რომ
არ ვფლობდი უნარს ლაპარაკისას
არც მშობლიურ ენაზე, რადგან
ეს ენა უკვე აღარ ესმოდა ირგვლივ არავის.
და თუ სხვა ენად არ აქცევდი,
იყო, არც იყო…
არ მეღირსება ადამიანად დაბადება მაგიტომაც, რომ
ვერაფრად გადავაკეთე, ის, რაც ვიყავი.
იოცნებე,
იქნებ ჩიტად მაინც მოხვიდე.
აღარ იტყვიან, გაუხვრიტეთო შუბლი მაგ უღირსს,
გაბუდაყებულს, ჩვენი წილის მითვისებით გათამამებულს.
ჩავფენ ბუდეში მიმწუხრის ყვავილს
და ფრენაზე ოცნებაში დაბერებულ ბაბუაწვერებს.
სხვა ცხოვრებაში პასუხს ვაგებ
იმისთვისაც, რომ არც ჟესტების ენა მესმოდა
და ვერავის ვაგებინებდი, ექოს ზანზარსაც,
რომელიც ჩემი სხეულიდან, გამუდმებით
მოისმოდა სისხლის ხმაურად.
უთვალავი ძრავის გამო კი,
მე არც სიჩუმის ენა მესმოდა.
ვერსად ვიპოვე ეგ დაფლული ოქროს ზოდები,
რადგან ხმაური უფრო იყო ოქრო და მეტიც,
ხმაური იყო საჭირო და ხმას ვერ ვიღებდით.
მე დავისჯები იმისთვისაც, რომ დღეის ენაც არ გამეგება,
ყველა გვამს და
ცრუ ღმერთებს რომ მშვენივრად ესმით –
ერთმანეთზე დაიმედებულ არსებებს გვანან.
იქნებ წყაროდ გავჩნდე დასჯილი –
ფესვით შეგსვამენ, სულ რომ არავინ აღმოგაჩინოს,
პასუხს ვაგებ იმისთვისაც რომ,
არ მესმოდა ადამიანის უგუნურება –
ესეც ენაა საურთიერთო,
რომელიღაც ათასმეშვიდე კი არადა,
ლამის უძლეველ ენათა შორის უპირველესი!
ასე დასჯილი ალბათ მერე, სხვა ცხოვრებაში
გაჩნდები ერთ დღეს მესიტყვედ და
სამყაროს კანონს აღასრულებ
პატიოსნად და შეუმცდარად:
იპოვი ენას, რომელზედაც ჯერ არავის უთქვამს სიტყვები.
ჩემგან აბა, სხვას რას ელოდოს გამჩენი, როცა
ჯერ ვერაფერი შევისწავლე,
სხვათა და სხვათა საბედნიერო.
მომეკითხება, რატომ ვერავის ვაგებინებ
რა მსურს, რას ვამბობ, რა მტკივა ასე?
არსებობასაც რომ ვერ ვიბრალებ და სიტყვების ილუზიებში
დედამიწას შეჯახებული კომეტის მსგავსად
სხვებს უნებურად ტკენ აუხსნელ და
სასწაულებრივ არსებობის ტკბილ ათინათებს.
აი, ორმოც!
აქაც სიტყვები ჩაბუდდებიან
დაბადებიდან დაბადებაში მოხეტიალე.
ნუ შეშინდებით უცხო ნათებით!
© არილი