ისტორიკოსი მარკ მორისი ანგლო-საქსების წარმოშობის შესახებ
პირველი ანგლო-საქსონი მეფეების წარმომავლობა და ვინაობა საუკეთესოდ მათი თანამედროვე სკანდინავიელთა ისტორიებით შეიმეცნება. დაახლოებით მეექვსე საუკუნის დასაწყისში დანიას მორჭმული მეფე ჰროტგარი მშვიდობით მმართავდა, თუმცა ერთხელაც მის სამფლობელოს საზარელი ურჩხული შემოეჩვია. მონსტრი ხელმწიფის დარბაზსა და კარის-კაცებს 12 წელი აწიოკებდა, სანამ სასოწარკვეთილ მეფესა და მის ხალხს მხსნელად გითთა შორის უძლეველი გმირი არ მოევლინა. დევგმირმა ურჩხული შიშველი ხელებით განგმირა და მისი შურისმაძიებელი დედის მოსაკლავად ბნელ ჭაობებსაც მიაშურა. ჩადენილი გმირობით სამეფოს ტახტი დაიმსახურა და 40 წელი იმეფა, სანამ სიბერეში დრაკონთან ბრძოლას არ შეეწირა.
ასეთია ძალიან მოკლე შეჯამება ძველ-საქსონიური დიდი ეპიკური პოემისა, რომელიც მე-18 საუკუნიდან მოყოლებული მხსნელი დევგმირის, „ბეოვულფის“ სახელით მოიხსენიება. ლეგენდამ ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერით მოაღწია, რომელიც 1731 წლის ხანძარში ძლიერ დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება სკანდინავიაში ხდება, პოემა დაახლოებით 1000 წელს ძველ ინგლისურადაა დაწერილი. თუმცა ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ თავად ლეგენდა გაცილებით ძველია. შინაარსობრივი დეტალების გათვალისწინებით, ამბავი მე-7 საუკუნის შუა ხანებამდე ვერ შეითხზვებოდა. ხანგრძლივი აკადემიური დებატი კი ასკვნის, რომ პოემა მე-8 საუკუნის პროდუქტია.
ერთი შეხედვით, “ბეოვულფი” ისტორიულ წყაროდ არ გამოდგება. ურჩხულებითა და დრაკონებით სავსე ლეგენდამ თავის დროზე ბევრ აკადემიკოსის იმედები მწარედ გაუცრუა. ერთადერთი დეტალი, რომელიც პოემას რეალობასთან აკავშირებს ბეოვულფის ბიძა, მეფე ჰიგელაკია, რომლის პროტოტიპიც, სავარაუდოდ, 523 წელს ფრიზიაში მოლაშქრე დამპყრობელია. ასე დაასკვნეს ლეგენდის პირველმა მკვლევრებმა, რომ მოქმედება მე-6 საუკუნეში უნდა ხდებოდეს, თუმცა ამის მიღმა ისტორიის მეცნიერებისთვის ტექსტი უსარგებლოდ მიიჩნიეს.
მაგრამ, უძველესი სკანდინავიის კომპლექსური პოლიტიკური სისტემების ძიების სურვილში, აკადემიკოსთა უმეტესობას გამოეპარა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ პირველ ანგლო-საქსონ მეფეებსა და მათ ქვეშევრდომებთან ურთიერთობაზე რეალისტური წარმოდგენა შევიქმნათ. ბეოვულფის ლეგენდა თვალნათლივ ხატავს სამყაროს, სადაც მეფეები დიდი ხის დარბაზებში სახლობენ, კარის-კაცებთან ქეიფობენ, მედას სვამენ, და ძველ გმირებზე სიმღერებს უსმენენ.
მათი ხმლები, რომლებითაც სახელს იხვეჭენ, ძვირფასი ლითონებით ოსტატურადაა დამუშავებული. ერთმანეთის წინააღმდეგ დიდებაზე მეტად იბრძვიან ოქროსთვის, რომელიც ყველაფერზე მეტად ფასობს. ჰროტგარის მსგავსი დიდი მბრძანებლის დარბაზი ოქროს გობელენებითა დამშვენებული, ციხე სიმაგრის სახურავიც ოქროთია გაწყობილი. ხელმწიფე თავის ერთგულ მიმდევრებს აჯილდოებს ოქროს საბრძოლო იარაღითა და სამაჯურებით. მათ შორის ოქროს ბეჭდებით.
ამ სამყაროს დღეს ტოლკინის რომანებიდან ყველა კარგად იცნობს. ტოლკინი ოქსფორდში ანგლო-საქსურ ენას იკვლევდა და 1920-იანი წლების დასაწყისში “ბეოვულფი” თარგმნა. შესაბამისად, თავისი ცნობილი წიგნების წერისას პოემიდან არაერთი პასაჟი გამოიყენა. მაგალითად, როჰანის ხალხი ბეჭდების მბრძანებელში, არსებითად ანგლო-საქსები არიან, ტოლკინისეული ინტერპრეტაციით. მათი მეფე, თეოდენი, ცხოვრობს ოქროთი მოჭედილ დიდ დარბაზში და სცენა, როდესაც მას ეწვევიან გენდალფი, არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი, პირდაპირ იმეორებს მსგავს სცენას “ბეოვულფში”. ასევე, ჰობიტში ბილბო დრაკონს მისი განძიდან ოქროს თასის მოპარვით განარისხებს ისევე, როგორც ლეგენდაში დრაკონს ქურდობა გამოაღვიძებს.
მაგრამ ტოლკინის სამყაროზე არანაკლები ზეგავლენა ავტორის კათოლიკურმა რწმენამ იქონია. პერსონაჟები ავლენენ ქრისტიანული სათნოებებს, როგორიცაა მოწყალება და პატიება. “ბეოვულფში” კი მსგავსი არაფერია. ლეგენდაში თითქმის ყველა დამოკიდებულება და მიმართება, გინდ ერთმანეთის და გინდ ღვთაების მიმართ, წარმართულ წარსულს ირეკლავს. გმირთა მთავარი საზრუნავი მიწიერი დიდებაა.
მაგალითად, როდესაც ბეოვულფი ებრძვის დრაკონს მას აძლიერებს საკუთარი რეპუტაციის რწმენა და მარადიული დიდების მოპოვების სურვილი. ჰროტგარის დარბაზზე ურჩხულის მორიგი თავდასხმის შემდეგ ბეოვულფი განაცხადებს, რომ გლოვას შურისძიება სჯობს. ხოლო როდესაც ერთი ძმა კლავს მეორეს, მათი მამა დარდის მიუხედავად ხვდება, რომ ყველაფერი „სისხლით შურისძიების კანონის შესაბამისად მოხდა”. შესაბამისად, აღწერილია უაღრესად არასტაბილური სამყარო, სავსე ღალატით, შურისძიებითა და ძალადობით – არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემო ურჩხულები ბუდობენ, არამედ შიდა დაპირისპირებების გამო, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სისხლისღვრის გზით გადაწყდეს.
“ბეოვულფი” ბევრად უკეთესი სახელმძღვანელოა უძველესი ანგლო-საქსონი მეფეების შესასწავლად, ვიდრე ზოგიერთი, ერთი შეხედვით, უფრო კეთილსინდისიერი და საღი აზრით გაჯერებული ისტორიული წყარო. მაგალითად, ავიღოთ ჰენრი ჰანტინგდონელი, რომელმაც დაწერა „ინგლისელთა ისტორია“ მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში. ისტორიკოსი გვაუწყებს, რომ ”საქსებმა მიწის დამორჩილების შემდეგ დაადგინეს შვიდი მეფე და დააარსეს სამეფოები”. შემდეგ კი ამ ამ სამეფოებს ჩამოთვლის: კენტი, სასექსი, უესექსი, ესექსი, აღმოსავლეთ ინგლისის სამეფო, მერსია და ნორთუმბრია.
ძნელია გააზვიადო ინგლისის ისტორიის მკვლევრებზე ამ განცხადების ზეგავლენა. ჰანტინგდონელის თავდაჯერებული მსჯელობა, რომ თავდაპირველად არსებობდა შვიდი ანგლო-საქსური სამეფო, უმალ დადასტურებულ ფაქტად იქცა, და მეთექვსმეტე საუკუნეში წარმოშვა სიტყვა “ჰეპტარქია”. ტერმინი, რომელიც დღესაც სასკოლო სახელმძღვანელოებში გვხვდება, იმის მიუხედავად, რომ აკადემიკოსები ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეთანხმდნენ, რომ ის დავიწყებას უნდა მიეცეს. ჰენრის მტკიცება არცერთ ავტორიტეტს არ ეფუძნება – მან უბრალოდ ჩამოთვალა უფრო ცნობილი სამეფოები, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომ ხელნაწერებში აღმოაჩინა. მაგალითად, მხცოვანი ბედე თავის წყაროში ამ შვიდ სამეფოსთან ერთად რამდენიმე სხვასაც აღნიშნავს და ჯამში მათი რიცხვი ათეულს აღწევს. როგორც დავინახავთ, ბედეს ჯამიც ყოვლისმომცველისგან შორსაა.
კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ჰენრი ჰანტინგდონელი იყენებდა, ანგლო-საქსონური ქრონიკა/ქრონიკებია, რომლებიც მე-9 საუკუნის ბოლოს ალფრედ დიდის კარის სწავლულებმა შეადგინეს და, რომლებიც ალფრედის სამეფოს – უესექსისა და მისი მეზობლების ისტორიას აღწერს. შემდგენლები, სავარაუდოდ, ძველ ანალებს და წყაროებს ეყრდნობოდნენ, რადგან მათ მიერ ჩაწერილი ზოგიერთი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. მეხუთე საუკუნის ჩანაწერებს შორის, მაგალითად, ვხვდებით პაპების, იმპერატორებისა და ეპისკოპოსების დანიშვნის თარიღებს, რომლებიც საკმაოდ ზუსტია.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ადრეული ანგლო-საქსონი მეფეების ჩანაწერები ამგვარი სანდოობით ვერ დაიკვეხნიან. მაგალითად ერთ-ერთი ქრონიკა იმეორებს ბედეს მიერ მოთხრობილ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდნენ საქსები ბრიტანეთში სამი გემით მეფე ვორტიგერნის მოწვევითა და ძმები ჰენგლისტისა და ჰორსას ხელმძღვანელობით. თუმცა, ქრონიკა ამბავს ამატებს არაერთ დეტალს, რაზეც დუმს ბედე. მაგალითად, ფაქტად ამბობს, რომ დაპირისპირებების შემდეგ ჰენგლისტი კენტის სამეფოს აარსებს.
ასევე იდენტურ პასაჟებს ვხდებით სასექსისა და უესექსის დაარსების ისტორიებშიც. ყოველ ჯერზე დამფუძნებელი მამები ბრიტანეთში ჩადიან სამი გემით და ფიგურირებს ახალმოსულთა ხელმძღვანელთა წყვილები. ზოგჯერ ასევე ასახელებენ ადგილებს, რომლებიც დამფუძნებლებმა დაიპყრეს: ამბობენ, რომ ადგილს, სადაც სერდიკი დაფუძნდა Cerdicesora ეწოდა, ხოლო სადაც ელი – Cymensora, მისი ვაჟის, კიმენის პატივსაცემად. მსგავსად, ქრონიკა ამტკიცებს, რომ პორტსმუთის ტოპონიმი რომელიღაც საქსონი მეომრის სახელიდან – პორტიდან მოდის, კუნძული უაიტი სერდიკის ნათესავის სახელს ატარებს. ვინაიდან ვიცით, რომ პორტსმუთიც და უაითიც რომაულ პერიოდში გავრცელებული ტოპონიმები იყო (Portus, Vecta), დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმირება რეალურად პირიქით მოხდა: დამფუძნებელთა სახელები შეთხზეს ადგილების მიხედვით და არა პირიქით. გარდა ამისა, ქრონიკათა უმეტესობა ვარაუდობს, რომ ანგლო-საქსონური სამეფოების დაარსება მეხუთე საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, რაც არქეოლოგიურ მიგნებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
როგორც ჩანს, თავდაპირველად ახალმოშენენი თავისუფალ, დამოუკიდებელ ფერმერებად დაფუძნებულან. მათ საკმარისი მიწა ჰქონდათ ერთი ოჯახის შესანახად, რომელსაც საფარს უძახდნენ. ბედე აღწერს საფარს, როგორც „ერთი ოჯახის მიწას“, ხოლო მისი გერმანული ფესვი, hiwisc, გულისხმობს დაქორწინებულ წყვილს. ამ ოჯახს ეყოლებოდა არაერთი დამხმარეც, დიდი ალბათობით, დამონებული ბრიტანელები, რომლებიც ადგილზე რჩებოდნენ ან ახალ ბატონებს ვერსად გაექცნენ.
სტატუსის ასეთი დაყოფა ადრეულ საფლავებზეც აისახა: ზრდასრული მამაკაცების დაახლოებით ნახევარი დაკრძალულია რაიმე სახის იარაღით, ვინაიდან ბარბაროსულ საზოგადოებებში იარაღის ტარება თავისუფლებასთან იყო გაიგივებული. შესაბამისად, იარაღის გარეშე დამარხული მამაკაცები იყვნენ მათი მონები.
თუმცა, მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში, რამდენიმე ცვლილება ერთდროულად ხდება. დაახლოებით 570 წლიდან ამგვარი საფლავები უეცრად და დრამატულად იწყებს კლებას. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა შეგნებულად შეიზღუდა. ამავდროულად, ვხვდებით ინდივიდების უმცირესობას, რომლებიც დამარხეს ექსტრავაგანტური რაოდენობის ძვირადღირებულ ნივთებთან ერთად. ასეთი სამარხები საკმაოდ გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანის ბრიტანეთში, მაგრამ ამ პერიოდამდე 1500 წლის განმავლობაში იშვიათად თუ გვხვდება. მეექვსე საუკუნის ბოლოს მათი ხელახალი შემოღება მაღალი ფენის გაჩენაზე მიანიშნებს. ანალოგიურად, ჩნდება ბევრად უფრო დიდი და მდიდრული მასშტაბური საცხოვრებელი სახლებიც.
ეს ცვლილებები არქეოლოგიურ ჩანაწერებში კარგად ემთხვევა ტოპონიმურ მტკიცებულებებს. ანგლო-საქსონური ადგილების სახელებში ყველაზე გავრცელებულია -ing ან -ingham დაბოლოებები. ელემენტები, რომლებიც ნიშნავს “ხალხს” და “ხალხის დასახლებას”. ადგილის სახელი, როგორიცაა „რედინგი“, მაგალითად, ძველ ინგლისურად ნიშნავს „რეადას ხალხს“ და ანალოგიურად „ვოკინგჰემი“ ნიშნავს „ვოკას ხალხის დასახლებას“. მეოცე საუკუნემდე მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ეს სახელები ყველაზე ადრეულმა ახალმოსახლეებმა შემოიტანეს – რომ ადამიანები, როგორიცაა რეადა და ვოკა, უბრალოდ მოწინავე ხომალდთა მმართველები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა მას შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო უსაფუძვლო ვარაუდი, რადგან ასეთი ადგილების სახელები არ ემთხვევა დასახლების ადრეულ არქეოლოგიურ მტკიცებულებებს. ახლა, როგორც ჩანს, სავარაუდოა, რომ -ing და -ingham სახელების პირველი მაგალითები მეექვსე საუკუნის ბოლოდან სწრაფად მზარდ ელიტასთან ერთად ჩნდება. ამ ქრონოლოგიურმა მტკიცებულებამ, შესაძლოა, შეცვალოს ამგვარი ტოპონიმებისადმი ჩვენი დამოკიდებულება – ტენდენცია, რომ ისინი წარმოვიდგინოთ მყუდრო დასახლებებად, სადაც ერთად ნათესაური კავშირების გამო ცხოვრობდნენ.
“ბეოვულფი” იწყება მეფე ჰროტგარის ხალხის მოკლე ისტორიით, რომლებსაც მათი დამფუძნებელი მამის, სკილდის პატივსაცემად, “Scyld-ings“-ს უწოდებენ. პოემა გვარწმუნებს თუ რაოდენ უყვარდათ მათ თავიანთი ხელმწიფეები, როგორც წასული, ისე მოქმედი. მაგრამ ასევე აშკარაა, რომ ამ ლიდერთა გზა ბატონობისაკენ არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. როგორც ლეგენდა გვიყვება, სკილდი დაბადებით არავინ იყო, მაგრამ დიდებას მიაღწია სხვების დარბაზების გაძარცვითა და შიშით მათი დამორჩილებით.
გონივრულია ვიეჭვოთ, რომ იმავე მოხდა მეექვსე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში და რომ კაცები, როგორიცაა რეადა და ვოკა, კეთილგანწყობილი მამის ფიგურები კი არა, არამედ იყვნენ მკლავმაგარი და ხარბი მოძალადეები, რომლებმაც ძალით დაიმორჩილეს სხვები. ხოლო იმის გასაგებად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით, შეგვიძლია დავეყრდნოთ ერთი საუკუნის შემდეგ უესექსის მეფის კანონს, სადაც გაწერილია მისი ქვეშევრდომების მოვალეობები: მისი მმართველობის ქვეშ მყოფი 10 საფარისგან შემდგარ ყოველ ჯგუფს ყოველწლიურად უნდა ეხადა ათი კასრი თაფლი, 300 პური, ორი სრულფასოვანი ძროხა ან ათი თხა, ათი ბატი, ათი ქათამი, ათი ყველი, ქარვა კარაქი, ხუთი ორაგული, ოცი გირვანქა ჩალა და ასი გველთევზა.
ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მეექვსე საუკუნის ბოლოს მსგავსი ბეგარა დაეკისრათ მეტ-ნაკლებად ყველა დასახლებაში, სადაც გამოჩნდნენ ახალი, ამბიციური ბატონები. და სწორედ ამ მებატონეთაგან ყველაზე წარმატებულთა სამფლობელოებიდან ჩამოყალიბდა პირველი ანგლო-საქსური სამეფოები.
© არილი