დღეს, 11 აპრილს, “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში, საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით, პროექტის კულმინაციური ღონისძიება, ონლაინ პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე “მწერლობა რთულ ეპოქაში”.
შეხვედრის გახსნისას ამერიკის საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორმა, რაიან შერმანმა სხვადასხვა კულტურის ლიტერატურული ურთიერთობისას პანელდისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უშუალოდ ქართველებმა გააცნონ საკუთარი თავი მსოფლიოს და არ ისმოდეს მხოლოდ უცხოს (მაგ. პუშკინის, ლერმონტოვისა თუ სტეინბეკის) თვალით დანახული ისტორიები კავკასიის შესახებ. ხოლო მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა ისაუბრა რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე, რომელიც იუნესკოს პროექტის “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
დისკუსიის მონაწილეებმა, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი იმ უწყვეტი სისხლისღვრის გაგრძელებაა, რომელიც უკვე მესამე ათწლეული რუსეთის მიერ იმპერიის საზღვრების აღდგენის სურვილის აქტუალიზაციისათვის გრძელდება. იგივე მოხდა აფხაზეთში 1993 წელს, როცა დისკუსიის მონაწილე ლადო ფოჩხუას, ათასობით დევნილთან ერთად, სახლის დატოვება მოუწია.
სწორედ უკრაინული გემიდან დანახული ცეცხლმოკიდებული სოხუმის ხედით იწყება გასულ წელს გამოცემული მისი სადებიუტო რომანი “ენიკი ბენიკი”. “გემზე მდგომს ერთმა მეზღვაურმა მკითხა თუ რა ხდებოდა, რატომ ტოვებდნენ ქალაქს და გავაცნობიერე, რომ თუ მას არ ესმოდა, მსოფლიოში ვერავინ გაიგებდა აფხაზეთში მომხდარს,” – ლადო ფოჩხუა.
თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით, დღეს ყველამ კარგად იცის, რა ხდება უკრაინაში. ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში ათასობით ფოტო თუ ვიდეო ვრცელდება, რისი მნიშვნელობაც განიხილეს დისკუსიისას.
როზა ალკალანმა აღნიშნა, რომ პანდემიამ იმდენად მიგვაჩვია ონლაინ პლატფორმების გამოყენებით მუდმივ მზადყოფნას, რომ დღეს ის ხალხიც კი, ვინც სიცოცხლის გადასარჩენად ტოვებს ქვეყანას, გამუდმებით გრძნობს პროცესის დოკუმენტაციის ვალდებულებას. ხოლო ენჯი კრუსიმ დასძინა, თუ რაოდენ რთულდება სწორი ფოკუსის დაჭერა, როცა ყოველგვარი ფილტრის გარეშე ამდენ ინფორმაციას ვიღებთ ყოველი მხრიდან. ამავდროულად, ბორის დრალიუკის აზრით, გავრცელებული ფოტო თუ ვიდეო მასალა, როგორც ვიზუალური ხატი, საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად, მაგრამ ინტერესისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სიტყვა, რომელიც სიღრმისეულად ახსნის მომხდარს და აქტორთა თუ დაზარალებულთა სამგანზომილებიან სურათს დახატავს.
ივა ფეზუაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი სიტუაციისთვის საუკეთესო ფილტრი დროა – როგორც ლადო ფოჩხუამ 27 წლის წინ გამოიარა ომისა თუ სახლის დაკარგვის ტრაგედია, ხოლო ტექსტში მომხდარი სულ ცოტა ხნის წინ ასახა.
“3000 ქართველი წამოვიდა ჩემთან ერთად აფხაზეთიდან. ჩვენი ენა, სლენგი, ცხოვრების წესი, ყველაფერი შეიცვალა. ამიტომაც დავწერე “ენიკი ბენიკი”, რომ დამებრუნებინა სამყარო, ის დიალოგები და გრძნობები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაქრა,” – განმარტა წიგნის ავტორმა, რომლის მეორე ნაშრომი – ყოველდღიური რეპორტაჟული პოსტების კრებული პანდემიაში ცხოვრების გამოცდილებაზე, უახლოეს მომავალში გამოვა.
რთულ პერიოდში წერის მნიშვნელობას საუკეთესოდ აჯამებს ლადო ფოჩხუას შემდეგი ფრაზა:
“პირველი წიგნი ნგრევაზე დავწერე, ახლა კი თითქმის დავასრულე მუშაობა რომანზე, რომელიც დევნილობის პირველ წელს, ახალი სამყაროს შენებას ასახავს. ჩემს გამოცდილებას სიღრმისეულად ეხმიანება დოსტოევსკის ფრაზა, რომ “მშვენიერება იხსნის კაცობრიობას”. ბევრი აბუჩად იგდებს ამ სიტყვებს, მაგრამ, პირადად ჩემი გაგებით, მშვენიერება, მართლაც, იხსნის შენს, პირად სამყაროს ნგრევისაგან.
წყნეთში ცხოვრებისას პირველი წიგნი, რომელიც კუპონებით ვიყიდე, ლორკას პოეზია იყო. იგივე წიგნი სოხუმშიც მქონდა და ბიბლიოთეკის აღდგენა მინდოდა. ვიჯექი თბილისში, ცარიელ სახლში, ვკითხულობდი ლორკას და ვიფიქრე – “კარგად ვიქნები… ლიტერატურის მშვენიერება გადამარჩენს, ჩემს სამყაროსთან ერთად”.
© არილი