პოეზია

ნატო ინგოროყვა – სირცხვილი.  გამხელა. და სხვ. ლექსები

სირცხვილი.  გამხელა.

სიკვდილი ნამყოფია ჩემს სახლში

თვალებში შემოუხედავს,

სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში

კიდურებმომძვრალ სათამაშოს ჩავხედავდი.

 

ამდევნებია გზაშიც.

 

ნაბიჯს აუჩქარებ და

სახლში რომ დაიგულებ თავს,

თვალს არიდებ ფეხსაცმელებს,

რომლებმაც იციან შენი გულისცემის საიდუმლო

და არ გაგცემენ.

 

დაუფრთხია ძილიც.

 

მაგრამ ასეთ დროს

მოდის ჩემთან ბებია,

რომელიც, აქ ასზე მეტი წლისა,

იქ შესაძლოა ბავშვი იყოს.

 

მოდის და შეშინებულისას შემილოცავს.

 

მის საფლავზე კი ჭკნება

მარად მოყვავილე  ხელოვნური ყვავილები,

დიდი ხნის წინათ რომ დავუტოვე

და პირი დავიბანე სირცხვილთან.

 

თავის დატირება

სხვაც ბევრი რამ დამრჩა სათქმელი

ზუსტი სიტყვების არქონის გამო.

ამ ამბავს სინედლე არ უხდება.

ვერც გაახმობ.

 

სიკვდილი არ გადაიმალება

უნდა ამოვთქვა:

 

ჩემმა შვილმა კაცი მოკლა

ამბობენ – განზრახ.

 

მოვიდა ქმარი და მითხრა –

შენმა შვილმა მოკლა.

სანამ ვეტყოდი – ჩვენმა,

კარი გაიჯახუნა.

 

გამასამართლა – ყველამ

ცოცხალმაც, მკვდარმაც.

 

არავინ დამიტირა.

 

მარილის ქალაქიდან

გადაიღე,

თუნდაც გიკრძალავდნენ

შეინახე.

 

ნუ იდარდებ

ჩრდილსა და ნათელზე,

ეს არ არის შუქმგრძნობიარე  ამბავი,

გაუხუნარია.

 

თამამად გადაიღე,

მეხსიერების ბარათი

ბევრ ასეთ ამბავს დაიტევს.

 

დაიმახსოვრე ფოტოებით.

 

იფიქრე მათ ბედზე,

ვინც ხიდებს შეაბა ბოქლომი

მარად ერთად ყოფნის იმედით და ნანობს

ან  პირიქით.

 

და

 

მონიშნე ახალი ქალაქი გადასაღებად,

სადაც სიყვარული ყოველთვის  მართალია.

 

MOC_ART

სევდიანია ეს ამბავი,

როგორც სახლ-მუზეუმები,

ოდესღაც – სიცოცხლით

ახლა კი – სიჩუმით სავსე.

 

დო, რე, მი,

ჩაგესმის, როგორ ფხაჭნის

სანოტო ფურცელს კალამი  და

თვალი მოცარტინიებისკენ გაგირბის.

 

არჩევ საჩუქრად:

მარციპანით თუ  ნუშით,

ქოლგა თუ სანიშნე,

ან  სულაც მაცივარზე მისაკრავი.

 

დო, რე, მი

სალიერი  არაფერ შუაშია,

არც  მამა ლეოპოლდი აკაკუნებს კარზე

ვერც სიტყვა „ინფანტილური“ გამოხატავს სათქმელს.

 

დო, რე, მი,

მინორშია ეს რეკვიემი.

 

მცირე ამბავი სიტყვებზე

რაღაც ხომ უნდა მომხდარიყო

სიტყვების გამო

რომლებიც დაგვცდა.

 

ზოგიც – წამოგვცდა.

 

სიტყვების გამო

მნიშვნელობა რომ  მივანიჭეთ,

სახელები რომ შეიფერეს,

ადგილი რომ დაიმკვიდრეს  ჩვენს ლექსიკონში.

 

მაშინ

 

როცა დასასრულით იწყება ამბავი

ძნელია, არ გადაიტანოს მზერა მოსაუბრემ.

 

მით უფრო

 

როცა სიტყვაა – სიყვარული,

მხოლოდ სიტყვაა – სიყვარული.

 

და მაინც

 

„სიტყვაზე ვამბობ“ – ვიწყებთ ამბავს ასე,

რომელიც  შესაძლოა მომხდარიყო.

ამბავს, რომელსაც ვიგონებთ

ან რომლითაც საკუთარ თავს გავცემთ.

 

ოქროს ღილები

ელიზბარს

მარტო მოდიოდა,

შემაჩერა და მითხრა:

 

დამიჯერო უნდა –

დევ-კერპებს ვებრძოდი

და გადავრჩი.

 

შემხედე,  მხარზე მორიგე ანგელოზი მიზის

და მამხნევებს.

 

დამიჯერო უნდა –

ძნელი გზაგამოვიარე,

სანამ შეგხვდებოდი.

 

შემხედე, მხარზე იახსარი და კოპალა მიზის

და იღიმებიან.

 

დააცხვე მათთვის „სადობილო“,

ეს ხეობა ჩვენი სახლია,

ჩემი ჯუბა – პერანგი და –

ზედ ოქროს ღილად მიმაბნია.

 

ოხრა

ქალაქი

 

ლიმონისფერი და პურისფერი სახლებით,

პოეზიისთვის უხერხული სიტყვებით რომ მოვიხსენიო –

თვითმყოფადი და თვითნაბადი,

 

არა  – თვითნება.

 

და ოთხას სამოცდასამი საფეხური გუმბათამდე.

 

მე ვნახე იგი გაზაფხულზე,

ვიდექი თავდაჯერებული სანთელივით,

ვიდრე მხურვალება არ მოერევა

და შევძახე ფერდაკარგულმა:

 

ფილიპო,

 

უცბად ფეხი რომ დაგცდენოდა,

წონასწორობა რომ დაგეკარგა…

 

ღაწვზე  ღიმილმა გადაურბინა –

 

დაცემამდე ანგელოზები

მომახატავდნენ ფრთებს.

© არილი

Facebook Comments Box