პროზა

ნინუკა ქოიავა  – საზარელი მთების კაცის ამბავი

მახსენდება დრო, შიშის მოელვარე სარჩულში გახვეული – როდესაც ორივენი ბრიყვები და უდარდელები ვიყავით.

მახსენდება, რომ ათიოდე წლის წინათ, პატარა, მუცელსშიდა მონსტრს თავი მიწისქვეშეთის მემკვიდრე ეგონა, რაც წუთითაც არ ყოფილა იოლი. მე კი მინდოდა, დაუკითხავად ამოვსებულ სხეულში მბორგავი ჩვენი ნაშიერი სამუდამოდ იქ დარჩენილიყო და მზის ფერი და სინათლე არასოდეს შეჰხებოდა. მინდოდა, ტკბილ-ცხარე ხსოვნად შემომენახა, ეს კი მხოლოდ ფიქრებით და ფიქრების უჯრედული ნამცეცებით მიელვარებდა წარმოსახვის ბნელ მხარეებში, მაგრამ ერთხელაც ოცდაერთ თებერვალს თვალები გაახილა – და მას შემდეგ დღე და ღამ სულ მუდამ მტირალმა, ოცდაშვიდ თებერვალს დახუჭა. მისი პაწაწინა სიცოცხლე ოქროვან მორევში ჩაიკარგა, ნისლსა და ნამქერში. გაჰყვა მილეულ ათინათს, რომელიც იმ ერთადერთი ღრიჭოდან ანათებდა, ჩვენ რომ ვცხოვრობდით.

შეწყდა სიცოცხლის საზარელი ამბავი. ორ-ორ სიტყვებად. ჭიპლარი გადაჭრილი. მომყოლი გამოძევებული. მანქანა გამოძახებული. მიწა მიყრილი. ანკეტა შევსებული. სახლი ცარიელი.

სიზმრად ნანახი შორეული სარკმლები მუდამ ღიაა. ნიავი უბერავს და ჩურჩულებს:

ბეატრისს ძვირფასს, საყვარელსა და მკვდარს.“

კეთილი სათაგური

საზარელი მთების კაცის სიჩუმე სულაც არა ჰგავს მორჩილების ჩუმად ყოფნას. დანაღმულ მწვანე მინდორს ჰგავს, წონასწორობის შეგრძნებას, ზომიერად სასიამოვნო სიმძიმეს. როცა ბრაზობს, კიდევ უფრო მყარად კეტავს თავის თავში და ეს სიჩუმე ხდება დუმილი.

ერთხელ, ბნელი მთის დაღმართს მივუყვებოდით, როცა მითხრა: პირველად გაშლილ ხალხს შორის დაგინახე, ლურჯი აბრეშუმის კაბა კოჭებამდე დაგთრევდა. საზაფხულო ფეხსაცმელებით სავსე კიბეებზე ისე მოშრიალებდი, თითქოს ცეკვავდი. ეს იყო წამი, როგორც კალმახის წყლიდან გასხლეტა მთვარის შუქზე. თითქოს მწვანე ხეებიდან, ფოთლების ქარიშხლიდან გამოცხადება. მწვანე, მწვანე ტყეებიდან. არ მეგონა, თუ ჩემსავით დილამდე შემორჩებოდი. მე ვსვამდი არაყს უფასოდ ღია ბარში, შენ რა გინდოდა, რატომ დარჩი?!. როცა გაშლილ ხალხს შორის დაგინახე, შორი თვალით ვიგრძენი გრძელ კაბაში ჩუმი ფეთქვის კვირტები და გადაშლილი ყვავილები. მინდოდა, მუჭაში მომექცია და შიგნით გამლეოდა. თანაც იმ ზაფხულს არსად მქონდა ღამის გასათევი.

თქვა და ისე შემომხედა, რომ მუცელი შიშის სუსხიანი შეხებით შემეკუმშა. მასთან ახლოს მისასვლელად სიტყვები არ გამაჩნდა და მჯერა, არც არსებობდა. ამიტომ ყურთან ახლოს ვსუნთქავდი და ხელს ხელზე ისე ვკიდებდი, რომ როგორღაც მუჭაში თაგვივით ჩავძრომოდი.

მთვარე უკვე მაღლა იდგა და მეც მთვარეს ავხედე, რომ მასში მეპოვა ის მარადიული შინაგანი ძალა, ძალიან რომ მჭირდებოდა და სანამ მთვარეს ავცქეროდი და თამბაქოს ბურუსივით კვამლს ჩემი სუნთქვით ვფანტავდი, ყურში ჩამჩურჩულა: ჩვენ ერთმანეთი არ დაგვეკარგება. ჩვენ ერთმანეთი შიშვლები გვიყვარს. სიყვარული მშობიარობის ტკივილს და შვებას ჰგავს, ნაბრძოლებ, საოცარ სიცარიელეს. ეს რომ ცხოვრების უკანასკნელი ღამე იყოს, სწორედ ისეთი იქნებოდა, როგორიც ახლა არისო. და ამას ისე ამბობდა, თითქოს კვდებოდა და იმ ერთი მუჭა დროის უხილავ სიმძიმეს ჩემთვის ჰაერში ფანტავდა.

თვალები დახუჭა და თითებით კანზე შემეხო. ნაზად, მზესავით, როგორც ღვთაებრივი მუსიკა ეხება ბუსუსებზე ბიბილოებს და იმ თითებით, რომლითაც მაგიურ ცისარტყელას ღვრიდა უსიცოცხლოდ ჩაჭრილი შავ-თეთრ კუბოებად ქცეული კლავიშებიდან, გაშეშებულ სხეულს მილბობდა. და ასე აღმოვჩნდით დაუსრულებელი მშენებლობის შუაგულში – კლდის პირას, ყველასგან მივიწყებულ ადგილას, საიდანაც მდინარე და მთელი ქალაქი მოჩანდა, საიდანაც ადგილ-ადგილ სიკვდილი იყურებოდა გახელილი თვალებით, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა ფეხი აგვრეოდა, სიმთვრალისგან წაბარბაცებულებს წელი ვერ შეგვემაგრებინა, ფერდიდან მიწის ნაწილი ჩამოშლილიყო, ჩვენი სხეულები დაეფარა ანდაც ტანით რკინის კონსტრუქციებზე ჩამოვცმულიყავით, ან მდინარეში გადავცვენილიყავით და მდინარემდე სულიც ვერ ჩაგვეტანა. მაგრამ სწორედ იმ კლდის პირას, სრულიად გავშიშვლდი და ჩემი ხორბლისფერი კანით მის სითეთრეს გადავეფარე. და ჩემს გარშემო მფეთქავი სამყარო რთული აღარ იყო, არამედ საშიში. და ამ შიშის წინააღმდეგობით ყველგან ჩუმი სუნთქვა ისმოდა და ლერწამივით ზურგს უკან მოქცეული ჩემი კისერი და მისი თვალები – რომელთაგან ერთი შუშის იყო, მეორე ნამდვილი, ანათებდნენ და უზარმაზარ ბეტონის კონსტრუქციაზე განრთხმული, უზარმაზარი სხეულის შუაში მუხლებმოკეცილი ისე ვქანაობდი, თითქოს ცაში გამობმულ საქანელაზე ვეკიდე და მიწაზე მხოლოდ მის ხელებს ვეყრდნობოდი, რომელიც ჩემს ხელებს ქვემოდან ზემოთ იჭერდა, რომ მე ცაზე მეფრინა.

და ამ ღამის შემდეგ თითქოს უწყვეტად მიჰყვებოდა დღეები დღეებს და ღამეები ღამეებს. მე ბისერებით უცნაურ სამაჯურებს ვქარგავდი და საზარელი მთების კაცს მაჯაზე ვუკეთებდი. ვეზიდებოდი შინიდან კუბოკრულ ქვეშაგებს, რომ ყველგან გაგვეთია ღამე მთვარის შუქზე, კლდის პირას და სხვაგანაც, სადაც მოვისურვებდით. საჭმელს ვამზადებდი და ქილებს ვავსებდი, გადამალულ ყავის ლიქიორებს და სოფლიდან გამოგზავნილ ტანინიან ღვინოებს ვპოულობდი და ჩემი ზურგჩანთა უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა, თუმცა მისი ტარება სულაც არ მიჭირდა და რაც დრო გადიოდა, უფრო ნაკლებად მინდოდა შინ დაბრუნება, რადგან ახლა ის მკიდებდა ხელებს და ისე მკიდებდა, როგორც კეთილი სათაგური. ირგვლივ ისევ ზაფხული იყო და ეს ზაფხულიც ილეოდა. ხალხით ივსებოდა და იცლებოდა ხმაურიანი ღია ბარები, სკვერები და მოედნები, სპირტიანი, ნესტით გაჟღენთილი სოროები, ცხელი ქუჩები და ყველგან, სადაც ეს ლანდები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ და იყო სიცხე და ქალაქის ჩახუთულობა, ჩვენ თითქოს მუდმივები ვიყავით და ყველგან: წვიმაშიც, მზეშიც, ღამეშიც, ქარშიც და ვარდისფერ განთიადებშიც ყურში ჩამესმოდა – „მშვენიერო“… „მშვენიერო“… „მშვენიერო“…

ერთხელ სარდაფში ღვინის საყიდლად ჩავედით და სარდაფს ეწერა წითელი ასოებით და ფრანგულად „ღვინის სარდაფი“ და მის წინ უძველესი როლსროისი იდგა – მაღაზიის სუვენირად. ისიც ღვინოსავით წითელი და ყვავილებით მორთული – სწორედ იმ მუხის ეზოს გასწვრივ, წვიმისგან რომ თავი შევაფარეთ. საზარელმა მთების კაცმა სულ მთლად თმაგადათეთრებულ გამყიდველს თავისი მთებივით მხრებით ცხვირწინ ჩაუარა და პირდაპირ როიალთან ჩამოჯდა. თავსახური ახადა ისე, რომ ჩქამიც არ გაუღია და თითქოს კითხულობს, ერთი ბოთლი “შატო მერე” რა ღირსო, იკითხა: „შეიძლება ცოტა დავუკრა?“ და ისე უკრავდა, გეგონებოდა, ის მუსიკა მისი სულიერი საკუთრება ყოფილიყოს და ჩვენ: მე, ის თმაგათეთრებული ბერიკაცი და ათასობით ღვინის ბოთლი, მარილივით თეთრი მარცვლები თვალუწვდენელ სანაპიროზე და ის წამები მე უფრო მეტ რამეს მპირდებოდა, ვიდრე მომავალი წელიწადები და როდესაც იქიდან ამოვძვერით, იყო ისეთი აგვისტოს წვიმა, წამში რომ თავით ფეხებამდე გავილუმპეთ და სწორედ მაშინ, როდესაც მუხის დიდ ეზოს თავი შევაფარეთ, დავინახე, რომ ნაჭრის საზაფხულო ფეხსაცმელი თითებთან გამოხეოდა და ქუსლებთან სულ მთლად გალეოდა და პირდაპირ თეთრი ხორცის ნაგლეჯები უჩანდა და ეს იყო პირველი სიშიშვლე, რომელიც უეცრად შევნიშნე და იმ დაუდევრობის ნიშნად ჩავთვალე, თითქოს შინ ოხრად ეწყო წყვილ-წყვილი ფეხსაცმელები და მოუცლელი მოზარდივით სხვა საქმეებსაც რთულად აუდიოდა და მას შემდეგ არც არასდროს შემპარვია ამ ვარაუდში სიმართლის ეჭვი, რადგანაც არც იმაზე დარდობდა, რაც ჰქონდა და არც ის ადარდებდა, რაც არ ჰქონდა.

მთელ ქალაქში ვატარებდით დღეებსაც და ღამეებსაც, რადგან არსად არ გვქონდა სახლი. მთელ ქალაქში ვცხოვრობდით, გადაჯვარედინებული მკლავებით პირდაპირ მიწაზე ვწვებოდით, მარადმწვანე ხეებს ზურგით ვეკვროდით და ოფლში ჩაღვრილ კვნესას დილის რიჟრაჟზე, სუსხიან განთიადში კისკისით ვასრულებდით. და ერთმანეთს არსად გავურბოდით. იმას ვჭამდით, რასაც სხვები ტოვებდნენ, ჩამქრალ ფანჯრებიან სახლებში ქურდებივით დავიპარებოდით და სხვების ლოგინებში გვეძინა. მისვლა რომ ვიცოდით, წასვლა აღარ ვიცოდით, თუმცა წასასვლელი სულ გვქონდა და არსადაც არ გვქონდა, სანამ გვარიანად არ აცივდა და მიწისქვეშ გათხრილი ერთი უფანჯრო სარდაფის კარი ჩვენთვის არ გააღო მსუქანმა, უკბილო ლაილოლამ.

ზარი არ დარეკო

იმ სოროს შესასვლელი კიდევ უფრო ქვემოთ იყო, ვიდრე ადამიანები გზებზე ველოსიპედებით დაქროდნენ და სადაც მთავრდებოდა სოროს ჭერი, იწყებოდა ლაილოლას კიბის პირველი საფეხურები და მათ შორის იყო ღრიჭო როგორც სარკმელი, საიდანაც სარდაფში ერთადერთი სხივი შემოდიოდა. მეჩვენებოდა, რომ იქიდან სუსხიანად უსტვენდნენ ზამთრის ქარები – „ვინ მოვა ჩვენთან საშველად…“ – „ვინ მოვა ჩვენთან საშველად…“ რუხი, რკინის გისოსებით ფანჯრები იყო შემოსილი და ფანჯრები არასდროს იღებოდა. კარი იყო მძიმე, ჟანგისფერი და ხმაურიანი. კარზე ეწერა: „ზარი არ დარეკო – შენი სახელი დატოვე“.

მე და ლაილოლა ერთმანეთს თითქმის ვერ ვხვდებოდით. გასაყოფი გვქონდა სარეცხის თოკი, სადაც რიგრიგობით სველ კაბებსა და სვიტრებს ვფენდით და ზედ სარჭებს ვამაგრებდით. გასაყოფი იმ სარდაფის კედლებიც გვქონდა, რომლებიც მისი იყო და არა ჩვენი, მაგრამ შიგნით ჩვენ ვცხოვრობდით, თუმცა მაინც არ დაგვრთეს ნება, დაგვედგა გაზის გამათბობელი. დაუფიქრებელი საბაბით – რომ არ გაჭვარტლულიყო მათი სახლის ქვედა კედლები და მათ ფანჯრებთან მათთვის უცხო სურნელი არ გაჩენილიყო. სინამდვილეში კი არ უნდოდათ საკუთარი თავები კიდევ უფრო შესცოდებოდათ, როდესაც ჩვენ გამთბრებს და მაძღრებს დაგვინახავდნენ და ამიტომ იმ სველ კედლებს ვერაფრით ვაშრობდით და ვერც ვათბობდით. და ჩვენც იმ სველი კედლებივით ძვლებში ნესტი და სიცივე გვქონდა გამჯდარი.

საზარელი მთების კაცი თავის საკრავს იღლიაში ამოიჩრიდა. იმ სიმებიდან ნელა ამოსულ ნაღველში ისმოდა თბილი მოგონებები წყობისად. ისმოდა ის, რაც ირგვლივ არ იყო და წარმოსახვის ძალით ჩნდებოდა. და როდესაც თვალებს ვხუჭავდი, ყურში მძინარე კაცის სუნთქვას ვგრძნობდი. იქ შემეძლო მეცეკვა ან მეტირა, ყველაზე საოცარ რამეებზე მეფიქრა ან აბაზანაში მომეკლა თავი. ვიცოდი, რომ იმ ერთადერთი ღრიჭოდან, როდესაც სინათლე გაქრებოდა – ეს ნიშნავდა ღამეს და იმ ღამეს, როდესაც საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალს გავიგებდი, რაღაც ისეთს, რაც მანამდე ალბათ ბევრჯერ მიგრძნია, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი. სრულიად მარტო ვიყავი და შემეძლო ყოველთვის ვყოფილიყავი სრულიად მარტო.

საზარელი მთების კაცი წერდა და წერდა. მთელ გორებს აწყობდა და არ ადარდებდა. ფურცლებზე იისფერი ფოთლები დაფრინავდნენ ნაცრისფერ გზებზე, შემოდგომის მშვენიერი ძილი და ზამთრების სიკვდილი. მაგრამ სულ ცოტა დროში იატაკიდან ჭერამდე აკოკლოზინებულმა სველმა და დაობებულმა ქაღალდის ლექსებმა და სიმღერებმა ლპობა დაიწყეს. ხელს რომ ვკიდებდი, იშლებოდნენ. შავი, რუხი წერტილები უჩნდებოდათ, როგორც ჭორფლები და სოკოები და ყველა ერთად ლპებოდა ამ უფანჯრო მიწურში, სადაც უხსოვარი მთების კაცი მთების კაცი არ ყოფილა. მიყვარდა, როდესაც შიშველ მუცლებს ერთმანეთს ვადებდით. ვფიქრობდი: აი ახლა, ჭიპებიდან ნაწლავებმა მუცლები გამოარღვიეს, როგორც ყაისნაღით ნაქსოვმა ჯემპრებმა. ერთიან ძაფებად იქცნენ და ჰაერში აფრინდნენ, სადაც დანგრეული სახლების წიგნებივით გადაშლილი სახურავები ერთმანეთს ტაშს უკრავდნენ.

და მაშინვე ჩნდებოდა ისევ ის ზაფხულის ძველი გემო, სუნი და მჭიდრო რიგებად მოწოლილი ნერვების საშინელი რხევა. ისევ მკერდში ბუტბუტებდნენ მძინარე ძუძუსთავები, ისევ მთელი ტანით ვეკრობოდი და ისიც მეკრობოდა და ცხრებოდა ჩემი სიგიჟე და უკვალოდ ქრებოდა, და მისი გულის ნაღველი ჩემი გულისას ეხებოდა და ერთი მეორეში დნებოდა, და მისი წვრილი თვალები ჩემს დიდ თვალებში მოცურავდნენ, და მისი ტუჩები, როგორც კანგაცლილი ალუბლები ჩემს ბაგეებს ეკიდებოდნენ და ერთხელაც, როდესაც მისი თეთრი, ზეფირივით თეთრი კისერი ჩემს მკერდში ჩაეშვა, ვიგრძენი, რომ მუცელში ტანაკრეფით გადახოხდა პაწაწინა მატლი.

ეს იყო პირველი ბიძგი და რაღაც უჩვეულო. დილით კი იმ ერთადერთ ჭუჭრუტანაში მზის სხივმა რომ შემოაღწია, ერთმანეთში გადაწნული ხელ-ფეხით ფიცრულზე ვიწექით. მე, მის მთებივით მხრებში და მკლავებში ჩაბუდებულმა თვალები გავახილე. სიცივისგან გალურჯებული ბეჭების დანახვაზე მივხვდი, რომ მთელი ნაჭრები ჩემთვის ტანზე შემოეხვია, რომ არ შემცივებოდა და რომ ამ სიცივეს არ შევეშინებინე. ჩუმად არ გავპარულიყავი. ფიქრობდა, ზაფხულამდე გამათბობდა და მერე გამისტუმრებდა. მერე თვითონაც წავიდოდა ჩაკეტილი სურვილების ქალაქიდან და სადმე უცხო ადგილას დასახლდებოდა, სადაც დაუკრავდა სიმებზე და შავ-თეთრ კლავიშებზე. სადმე სხვაგან გაყიდდა ლექსებს და სიმღერებს ან ქუჩაში იმათხოვრებდა და ასე გაიტანდა თავს. ბალახზე გაწვებოდა, როგორც გარდაცვლილი ბელადი და იფიქრებდა, რომ მე გავქრი – როგორც ელვისებური ომი და ქალღმერთები კიდევ ერთი ხელის გაწვდენაზე იქნებოდნენ და შუშის ბოთლს გვარიანად მოიყუდებდა და იმ შუშის ბოთლზე გაახსენდებოდა ის შუშები, რომლებიც ჩვენ ახლა ზამთრისაგან ვერ გვიცავდნენ.

ამ ფიცრულზე გაუნძრევლად ვიწექით და მე ჭერის კუთხეში გაყვანილი მილის ხმას ვუსმენდი. ამ მილით იყოფოდა საზღვარი ჩვენსა და მიწაზე მცხოვრებ მდედრებსა და მამრებს შორის, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ ფეხებსა და საწოლებს ქვემოთ და კიდევ მათ იატაკს ქვემოთ, ვიღაც იწვა. იქ ჩვენ ვიყავით და ჭერის კუთხეში გაყვანილი მილიდან მოძრავი ფეკალიების ქშენას ვუსმენდით, როგორც ლოკომოტივების გრგვინვას.

მესმის, როგორ მოაქვს წყალს სხეულებიდან გამოდევნილი ნარჩენების ტოტალური ომი, თითქოს შავი და თეთრი ძალების ორთაბრძოლა. იმდენი ხანია აქ ვწევარ, თავისუფლად შემიძლია შევადგინო ფეკალიების გამდინარეობის გრაფიკი. გარწმუნებთ, ოთხშაბათისა და სხვა სამუშაო დღეების ფეკალიები საგრძნობლად განსხვავდება უქმე დღეების ფეკალიებისგან, რომ ისინი ერთად ირაზმებიან და მიედინებიან ქალაქის უკიდურესი მიწისქვეშეთისკენ, რათა ბრძოლით აამოძრაონ ნამდვილი მიწისქვეშეთის ცხოვრება და ეს მარწმუნებს, რომ სამყარო წუთითაც არ ყოვნდება. იქ, ჩვენს კიდევ ქვემოთ, ნამდვილ მიწისქვეშეთში სხვადასხვა ბანაკებად დაყოფილი დიდი ვირთხები ამ ფეკალიებისთვის ნამდვილ, არაფორმალურ ომს წამოიწყებენ და ამ ბრძოლით შეძლებენ სიცოცხლის გაახალგაზრდავებას. პირდაპირ ჩემს თავზე საშინელი სისწრაფით და ქაოსით მიქრიან გათავისუფლებული ნარჩენები და უკვე აღარ მასხამს შიშის ცივი ოფლი, რომ ერთხელაც მილები გასკდება და მთელი ეს შლამი ზედ ბეჭებზე და ხელებში ჩარგულ კისერში გადმომეღვრება, რადგან უკვე ვიცი, რომ მათი გრგვინვით ცოცხლდებიან მიწისქვეშა სახლის მკვდარი კედლები.

საზარელმა მთების კაცმა გაიღვიძა და თვალები გაახილა. დუმს. და ამ დუმილით ტანში სიგრილე შემოდის. დუმს და თვალს არ მაშორებს. ესმის სიჩუმეში ატეხილი გულისცემა, როგორც დოღის ცხენების თქარუნი წითელ მიწაზე. ყელზე მომდგარი ბორცვების, გასასროლად მომართული ცხვირის ნესტოების, მკლავებზე დაყრილი ტაოსი, ოდნავ თმისკენ აზიდული წარბების ესმის და იმის, თუ რაზე სწუხან ერთმანეთში მოქცეული ჩვენი ხელის მტევნები. ვგრძნობდი, რომ დავახლოვდით და თანაც ისე, რომ ერთმანეთისთვის ჩვენი ცხოვრება უკვე გათვლილი გვქონდა და მის განმარტებას ვფლობდით და ჩვენი მიმიკები ჩვენი ფიქრებისთვის თავსატეხი აღარ იყო.

მეც ვუყურებდი და მე არაფერი მესმოდა. აღარც ფეკალიების მილებისა და აღარც იმ ონკანის წვეთების მესმოდა, მანამდე რომ მიწყალებდნენ გულს. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ მისი თვალები ავი აღარ იყო. თითქოს უბრალოდ გაახილა და მზერა გაეყინა და მას შემდეგ გამუდმებით უსასრულობის ზღვარს მიღმა იცქირება სიცარიელესა და უკიდეგანობაში. ტოლგვერდა სხივების ყვითელ სამკუთხეს გაჰყურებდა, თვით სიკვდილისა და სიცოცხლის ზღურბლს, ამქვეყნიდან ძალიან შორს. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ მისი ერთი შუშის თვალი შეხსენებაა მზეში არსებული ხინჯისა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს ლაქები.

ნაბიჯების ხმა მოგვესმა, ნახევრად კოჭლი, მძიმე ფეხების, რომლებსაც პირველივე გაფრატუნებაზე ვცნობდით. ლაილოლა ყველა ღონეს ხმარობდა, მაგრამ ხშირად ამაოდ. შეღამებულზე გარეთ გამოდიოდა – ქარვისფერ სარაფანზე შემოცმული შავი ტყავის ქურთუკით, სატყუარა ნარჩენებით ამოვსებული სკოლის ზურგჩანთით მხარმოკიდებული და გამთენიისას უკან დაბრუნებული კოჭლობით მოუყვებოდა ტროტუარებს და ქოშინით თავისთვის ბუტბუტებდა: „მკლავები ვიღრძე“… ლაილოლა უბნის მაწანწალა ცხოველებს, მღრღნელებს და მათ ნაშიერებს იპარავდა, კეპავდა და გამურულ ქვაბში ხარშავდა. თავს ამით ირჩენდა და ისე ხარშავდა, რომ უკბილოდ ეჭამათ – რადგან კბილები არც მას ჰქონდა და არც მის ნაშიერს, რომელსაც კიდურები არ ეზრდებოდა მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეთოთხმეტე წელიწადი იყო, პატარა არსებების ხორცით კვებავდა. იმ ჩანთიდან კი ფისოების კნავილი ისმოდა ან ცუგა ლეკვების წკმუტუნი, ან თუ არაფერი ისმოდა, ეს ნიშნავდა დიდ შიმშილს, ანდაც დიდ ნადიმს და იმ ნადიმს, როდესაც ვახშამი დაემსგავსებოდა მაგიურ რიტუალს, როცა მოკლეკიდურებიან ნაშიერს კიდევ ერთხელ ჩაუფიქრებდა კიდურების გაზრდას და დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც აღარ ითვლიდნენ წლებს, მხოლოდ ითვლიდნენ ზამთრებს, რომლებიც უნდა გადაეტანათ. ლაილოლა ვერც ხალხს ცნობდა და ვერც მათ ენებს. დრო მისთვის არ იყო. და იცოდა მხოლოდ მზე, და იცოდა მხოლოდ მთვარე.

უსაჭო გემი

რაც ტანჯვაში იზრდებოდა, ახლა უკვე სმენადაა ქცეული. ჩემგან შორს მყოფი მიზეზით საზარელი მთების კაცი ხშირად ყვირის და ხელებს მუქარით იქნევს. მე ვიღებ მაკრატელს და მისი საკრავის სიმებს სათითაოდ ვჭრი და ვხედავ, რომ იმ ორივე თვალში, მართალშიც და შუშისაშიც რაღაც სატანჯველი ბრდღვიალებს და უხმოდ კიაფდება. ერთხელაც კარის სახელური გადასწია – როგორც მეომრები ტენიან ავტომატს და ქარის არეულ ხმებში გაუჩინარდა.

გადიოდა თვეები და ვჩურჩულებდი მის სახელს და თვალებს ვხუჭავდი და დედამიწას ვანილიან ნაღებში ვატრიალებდი ისეთი სევდით, როცა მთელი ტანით ვგრძნობდი – არ შეეძლო ყოველთვის ჰყვარებოდა ის, რაც ნამდვილად უყვარდა. ეს ფიქრები თავში მქონდა. იმ ნესტიან, მცირე კვადრატში და ამასობაში თითქოს ვქრებოდი მე და ჩნდებოდა ვიღაც ახალი. ბოლოს გაიბერა მუცელი, გამოსკდა და გადმოღვარა თეთრი და წითელი წყლები და მასთან ერთად პატარა ბეატრისიც, რომელმაც ექვს დღე და ღამ მუდმივად მტირალმა თვალები მალევე დახუჭა. გაიყინა. სუნთქვა შეწყვიტა და მთლად ძვლების პაწაწინა გორად გადაიქცა. ლაილოლას ჩემი ხელები ეჭირა და კისერზე თავით მეფერებოდა. ჩემთვის მშრალი პირსახოცები მოჰქონდა და ველური ღმუილით ტანზე მეკვროდა. ასე მაგებინებდა, რომ არ ვიყავი მარტო. მე კი ვუყურებდი და ვუყურებდი. ის იყო უძრავი და ცივი როგორც შუშის ნატეხი. მაინც ვერ ვტოვებდი იქაურობას. პირს ვაღებდი და ვისუნთქავდი მტვრის ნამცეცებით სავსე ჰაერს, როგორც ქვეყნად არსებულ უკანასკნელ ნუგეშს სანამ ბოლოს განაჩენივით გაისმა „დროა“. ფეხზე წამოვდექი. კისერში ჩაბუდებული უბის პაწაწინა სიკვდილით კარი გავაღე და სასაფლაოს გზას გავუყევი.

მივდიოდი და მეჩვენებოდა, რომ საზარელი მთების კაცი უფრო მკვდარი იყო, ვიდრე ცოცხალი. უფრო მკვდარი, ვიდრე ბეატრისი. ნამქერში ბუნდოვნად გამკრთალ, ზურგს უკან მოქცეულ ნაფეხურებში ჩემი სახე ნავივით მიცურავდა, როგორც ხილვებისა და სიზმრების ბურუსში. ჯერ ვარსკვლავებს ვუყურებდი და შემდეგ ასფალტში ჩაცემენტებულ ფერად კენჭებს. მივდიოდი და ნაბიჯებს ვერაფერი მინელებდა. ნაბიჯები თავად მიქროდნენ – როგორც ტუტუცური აზრები, როგორც სისხლი და ქაფქაფა შარდი, როგორც მღვდლების გრძელი ლიტურგიები, როგორც ჭირისუფლების, ადვოკატების, მოლების და განწირული ადამიანების სიტყვები, როგორც აგონიის, ისტერიის ნაკადები. ვხედავ, ვსუნთქავ, არაფერი არ მიჭირს და არც მაწუხებს. ჯადო აქვს ამ ქალაქს. სხვა რა?!

ტყვიისფერ, მუნჯ მთას მივადექი, სადაც მიწა ამოევსოთ უცხო გვამებით, სადაც გალეული ნაძვის ხეები დუმდნენ და შეჰყურებდნენ ზეცას და ჩრდილოეთს გასცქეროდნენ დარდით, საიდანაც შორს იყო ჩვენი გზები, სახლები და ქალაქის არქიტექტურა.

მიწა სველი იყო, ქორფა. ხის ნაფოტით ადვილად ამოვჩიჩქნე. მუყაოს ყუთი რამდენიმე მტკაველზე ჩავდგი. მიწით თამბაქოსფერ მუყაოს კიდურები სრულად დავუფარე და ამოთხრილი მიწა ისევ ზედ გადავაყარე. ამობრუნებული ჰამაკივით.

თენდება და სასაფლაოს ვეცლები. მტკიცე ნაბიჯებით. თითქოს ხის კიბეებით გამარჯვებული ჩამოვედი სახრჩობელადან, სადაც ვიცეკვეთ მე და ჩემში გადაჭრილმა შავმა სადენებმა რომელთაც საზარლად ჰქვია „ჭიპლარი“ – სიკვდილის და სიყვარულის დღესასწაული.

ანტენებით გადაჯღაბნილ კორპუსებს შორის ბუშტივით გამსკდარი მზე ხელახლა დაიბადა. არ ვფიქრობ ბეატრისზე, არ ვფიქრობ საზარელი მთების კაცზე. მხოლოდ ვფიქრობ, რომ ნაბიჯებში ავი თვალი მეხლართება ზურგს უკან ჩავლილი ისრებივით და ნაბიჯს ვერაფერი მინელებს – მიწურში ვბრუნდები. ყოველ ახლად შემოკლებულ მანძილზე ნერვიულად ფეთქავს მკერდი მზარდი მუხტით და შიგნით შესვლას ვერ ვბედავ. კუთხეში ვიღაც პაცნები ჯგუფად იდგნენ და ლაილოლაზე ხითხითებდნენ, ბეწვის და შეშის სუნად ყარსო. ვიღაცის სახლიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა, როგორც რადიო და ხმა შორიდან მოდიოდა.

მე იქვე, კედელთან ავიტუზე და ვინატრე, ჩემი მუყაოს დაფლეთილი ყუთი მკერდზე მიმეკრა და ლაილოლას კიბეზე უჩუმრად ავსულიყავი. საფეხურები ერთმანეთს სრულიად გაუთვალისწინებელი ინტერვალებით ენაცვლებოდნენ. ამ კიბის ცქერისას ხელი გულით მეჭირა და იმაზე ვფიქრობდი, რომ ლაილოლას სახლი წელიწადის ზოგ დღეს მეტისმეტად ჩახედულია იმაში, რაც საზარელია. ამიტომაც ცარიელი გეგონება.

შუქი ძალიან ნელა ბჟუტავს და ნათურებზე ფარვანები ჩუმად თბებიან. შესასვლელ კართან რეზინის ფლოსტები აწყვია, მის გვერდით ძველი აქანდაზი, მართკუთხედი, რკინის. მუყაოს ყუთიდან პატარა ბეატრისს ამოვიყვანდი და ამ აქანდაზზე დავაწვენდი. ცეცხლი და ნაცარი რომ მქონოდა – ზედ დავაყრიდი. კარი რომ გაეღო და გაუსაძლისი ხმაური აეტეხა – მოვკლავდი. ეს იქნებოდა ტკბილი ლუკმა პირდაპირ ფეხსაგებთან – ჩემი ძღვენი და ერთგულება.

სად იყავი, ჩემო ლურჯო აბრეშუმო?

ძალიან ცივა. ქარი უბერავს და მუხლები მეკეცება. ქარი უბერავს ისე, თითქოს ქარებმა ადამიანებს სულებიდან სიშავე აასხლიტეს და მთელს მხარეში მიმოფანტეს. ქარი უბერავს და ვნანობ, რომ ჭეშმარიტების გულიდან ამოვძვერი და დანაშაულის გრძნობით მინდა ვაღიარო, რომ მზად ვარ, მთელი ჩემი ახალგაზრდული ილუზიები, ოცნებები და ყველაფერი, რაც გამაჩნია და ვიცი, ისევ იქ ჩავიტანო – იმ ცივ მუდმივობასა და უკუნისობაში სადაც აბაზანის ფარდა ცეკვავს და ღრიჭოებში ჩაბუდებული უჩინარი ჭინკები შემზარავად ხითხითებენ.

ცივ კედლებში დანარცხებული სულის ყმუილი, რომელიც აქ დავტოვე, ამაოდ დაეძებდა წერტილს, საიდანაც გარეთ გააღწევდა და მე ისევ აქ ვარ. და ის სულის ყმუილი ისევ ჩემს გულისცემას შეუერთდა, ფიცრებისგან აწყობილ მე-ს. თვალები გავახილე. წყლით სავსე აბაზანაში ჩირივით მშრალმა, ნესტით სავსე, ძალიან ბაც კედლებში, და გაციებულ სველ ფილებზე ჩამომჯდარმა ცხელი შხაპის მდინარეებს გავატანე ჩემში გამქრალი ადამიანური თანაგრძნობა. კედლების მიღმა მზეზე ვფიქრობ, ჩემს დაკოჟრილ ფეხის თითებს დავცქერი და ყურებში ჩამესმის:

სად იყავი, ჩემო ლურჯო აბრეშუმო ?

და მე ვერ ვძრავ ენას და ვერ ვამბობ, რომ მთელი ეს გათოშილი და დახეთქილი ხელ-ფეხი იმან გააჩინა, რომ ერთი ციდა ბეატრისი მიწას მივაბარე. არ მინდა ამის გამო დამიძახოს – ქ უ რ დ ო ! მე ისევ მაქვს რაღაც დასაკარგი, მაგალითად, ნაცნობი დარდი და მისი სიჩუმე და მიწით გამქრალი ცხვირ-პირი აღარ მომცემდნენ გარდასახვის საშუალებას და რომ მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ სამყარო არც ერთი წუთით არ წყვეტს მოძრაობას, რომ ჩვენი იისფერი ბეატრისი ამ ჩვენს თავებთან გამავალ უჩინარ მილებს შეუერთდება, ლოკომოტივების გრგვინვას და რომ მისთვისაც წამოიწყებენ არაფორმალურ ომებს შორი სიღრმის ბინადრები, და რომ თვითგანადგურების საათი ისევ აწიკწიკდა და იმიტომ, რომ ეს შევაჩერო, ახლა თავს დავხრი და მორჩილად გავყვები მის მხრებს, როგორც გაცოცხლებულ არტეფაქტს, რომელმაც უძლურად ჩამოშვებული ხელები, როგორც მოტეხილი ფრთები, მხრებზე დამაწყო და ისევ მკითხა:

სად იყავი, ჩემო ლურჯო აბრეშუმო ?
მის ერთ ცოცხალ და მეორე შუშის თვალში რაღაც უფრო მეტი ანათებდა, ვიდრე

ვარსკვლავები ზაფხულის ცაზე.

მისი ხელები ცივი იყო, მაგრამ მათბობდა და მეც მოვიკუნტე, როგორც ბუდეში ბეღურა და მიუხედავად იმისა, რომ სიმწრისაგან მუხლები ლამის ნიკაპთან მომექცა, ვერაფრით გამოვიძევე თავი ჩემი გამოგონილი სამოთხიდან – ჭუჭყიანი სარდაფიდან, სადაც ბრილიანტივით ბრწყინავდა ერთი ცოცხალი და მეორე შუშის თვალი სიყვარულით.

© არილი

Facebook Comments Box