ახალი წიგნები

სიახლე „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ – „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“

„დიოგენეს ბიბლიოთეკას“ ახალი წიგნი შეემატა – „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“ კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც 1963 წელს გამოიცა და მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების შეხედულებები გარეულ ცხოველებზე.

ავტორის პირველი წიგნი 1952 წელს გამოიცა, იგი ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კანადის არქტიკაში მოგზაურობით იყო შთაგონებული. წიგნმა მოუეტი პოპულარულ და წინააღმდეგობრივ ფიგურად აქცია. მოუეტის პოპულარობას მოწმობს ისიც, რომ მისი წიგნები 52 ენაზეა თარგმნილი და 17 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

„ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“ არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას“.

მთხრობელი მათთან ურთიერთობისას მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებს და ნელ-ნელა მთლიანად ეცვლება შეხედულებები. ხვდება, რომ მგლები იშვიათად ჭამენ კარიბუს და როცა ასე იქცევიან, მხოლოდ სუსტებსა და ავადმყოფებს ესხმიან თავს. თანდათან იგებს მათი ნადირობისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ჩვევებს. ამჩნევს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მგლები მას არ ექცევიან ისე, როგორც უცხოსა და სახიფათოს. საბოლოოდ კი ასკვნის, რომ მას და მის კოლეგებს არასწორი წარმოდგენები ჰქონდათ.

რომანი მკითხველს ველური ბუნების განსხვავებულად დანახვის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილი ხშირად მიუთითებდა დეზინფორმაციასა და შეცდომებზე, რომლებიც რომანში იპოვეს.

1964 წელს გამოქვეყნებულ რეცენზიაში ვკითხულობთ, რომ მოუეტიმ მგლების ხროვაზე თავის დაკვირვებებს მრავალი შთამბეჭდავი დეკორატიული ელემენტი დაუმატა და „წითელქუდას“ შემდეგ მგლების შესახებ ჩვენს შეხედულებებზე არცერთ ამბავს არ ჰქონია ასეთი დიდი გავლენა. შემდეგ კი რეცენზიის ავტორი დასძენს: „იმედი მაქვს, ამ წიგნის მკითხველები გააცნობიერებენ, რომ ორივე ამბავს დაახლოებით ერთნაირი ფაქტობრივი საფუძველი აქვს“.

კრიტიკა შემდეგ წლებშიც გაგრძელდა: მოგვიანებით, 1996 წელს, „Saturday Night“-მა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ წიგნში აღნიშნული ფაქტები. სტატიის ავტორმა ჯონ გოდარმა აღნიშნა, რომ მხატვრული ტექსტის არამხატვრულ ტექსტად გამოქვეყნებით, მოუეტიმ მკითხველების ნდობას უღალატა.

გოდარმა შეისწავლა მოუეტის ჩანაწერებიც და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ დაასკვნა. მათ შორის ისიც, რომ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოუეტს იქ ორი წელი არ გაუტარებია, როგორც ამას წიგნში წერს. ის მხოლოდ ორი ზაფხული იმყოფებოდა იქ, ჯამში ექვს თვეზე ნაკლები და თანაც უფრო სამხრეთ ნაწილში, ვიდრე აღწერილი აქვს. ჩვეულებრივ, არც მარტო მოგზაურობდა, ის იყო წევრი კარგად ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციის და სხვ.

თავად მწერალი აღნიშნავდა, სუბიექტურ, მაგრამ არამხატვრულ ლიტერატურას ვწერდიო. თავისი საერთაშორისო წარმატების მიზეზად კი იმას მიიჩნევდა, რომ ადამიანებს დაეხმარა, თავიდან ჩამოეყალიბებინათ კავშირი ნამდვილ სამყაროსთან, რომელშიც ცხოველები არსებობდნენ. მას სურდა, ადამიანებისთვის ეთქვა, რომ მარტოები არ არიან და არც უცხოპლანეტელებად ქცეულან საკუთარ პლანეტაზე.

თუმცა კაცობრიობის შესახებ საკმაოდ პესიმისტური შეხედულებები ჰქონდა:

„ვფიქრობდი, რომ ეს წიგნები შეცვლიდნენ ადამიანების წარმოდგენას ბუნებაზე, შეცვლიდნენ მათი ცხოვრების კურსსაც, მაგრამ ჩვენ ისევ ვკლავთ ვეშაპებს. ისევ ვკლავთ მგლებს. ისევ ვაბინძურებთ ჰაერს, მიწასა და წყალს ჩვენ ირგვლივ. კვლავ მოვიხმართ და არ ვავითარებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს. […] მცდარი შეხედულება გვაქვს, რომ კარგი არსებები ვართ, სადღაც მნიშვნელოვან ადგილას წავალთ, ბოლო წუთს ჩვენს შეცდომებს გამოვასწორებთ და ღმერთი გულმოწყალედ შემოგვხედავს. ეს ბოდვაა“.

მიუხედავად იმისა, რომ არასწორადაა მიჩნეული წიგნი ნამდვილ ამბად, მას მაინც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ის დაეხმარა ადამიანებს, რომ მგლებში უფრო მეტი დაენახათ, ვიდრე უბრალოდ სასტიკი მტაცებლები, რომლებიც უნდა გაანადგურონ.

სწორედ ასეთი წინააღმდეგობრივი, საკამათო, განსხვავებულად დანახული და შეფასებული წიგნია ქართველი მკითხველის წინაშე.

„ნუ იყვირებ: მგელი, მგელი“ ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის კი თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა. წიგნი ინგლისურიდან ნანა კიკნაძემ და ალექსანდრე ქორელმა თარგმნეს.

© არილი

Facebook Comments Box