პროზა (თარგმანი)

რეი ბრედბერი – ბაბუაწვერას ღვინო

თავისი ვრცელი მოთხრობა – თუ მცირე რომანი – “ბაბუაწვერას ღვინო” ამერიკელმა მწერალმა რეი ბრედბერიმ 1957 წელს გამოაქვეყნა. ეს ავტორი უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ფანტასტიკის ბრწყინვალე ნიმუშებითაა ცნობილი, თუმცა ვინც კარგად იცნობს ბრედბერის შემოქმედებას, დამეთანხმება იმაში, რომ ფანტასტიკის ჟანრული ელემენტები მისთვის მხოლოდ სათქმელის უკეთ გამოხატვის საშუალებაა, – ერთ-ერთი საშუალება. ასეთსავე ფანტასტებად შეიძლება ჩათვალოთ ჰესე, ორუელი და მრავალი სხვა…
ამის საუკეთესო მტკიცებულება სწორედ “ბაბუაწვერას ღვინო” გახლავთ: ის არც კოსმიურ მოგზაურობებზე გვიამბობს, როგორც ბრედბერის მრავალი არაჩვეულებრივი მოთხრობა და, რა თქმა უნდა, მისი დაუვიწყარი “მარსის ქრონიკა” (თუნცა ეს ნაწარმოებიც, ჩემის აზით, უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ფანტასტიკური), არც ანტიუტოპიას წარმოადენს, როგორც საშინელი “ფარენჰაიტ 45”. ეს წიგნი 12 წლის ილინოისელი ბიჭის, დაგლას სპოლდინგის ერთი ზაფხულია, თავიდან ბოლომდე, დღითიდღე მოთხობილი. თანაც, არა ერთ-ერთი რომელიმე, არამე სწორედ ის ზაფხული, როდესაც მას თითქოს თვალი ეხილება და ის სამყაროს ახლებურად აღქმას სწავლობს. აქ გამოქვეყნებული ფრაგმენტი წიგნის პირველი თავებია. მასში ამ ჯადოსნური ზაფხულის დასაწყისისა და დაგლასის სულში მომხდარი გადატრიალების მომსწრენი ვხდებით.

მთარგმნელი

მშვიდად თენდებოდა. ქალაქს ჯერ კიდევ წყვდიადის საბანი ეფარა და ძილში ნებივრობდა. ზაფხული გროვდებოდა ჰაერში, ეს უკვე ნიავსაც ეტყობოდა. სამყარო ღრმად, თბილად და აუჩქარებლად სუნთქავდა. საკმარისი იყო, ლოგინიდან ამდგარიყავი და ფანჯრიდან გადაგეხედა, რომ იგრძნობდი: თავისუფლება და სიცოცხლე სწორედ ახლა იწყება, იმიტომ, რომ ეს ზაფხულის პირველი დღეა.
თორმეტი წლის დაგლას სპოლდინგმა გაღვიძებისთანავე შეისრუტა ზაფხულის გარიჟრაჟის ეს ნაკადი. მესამე სართულზე იწვა თავის თაღიან საძინებელში და, ივნისის ქარზე ამხედრებული, არაჩვეულებრივ სიმაღლესა და ძალას გრძნობდა: ის ხომ ქალაქის ყველაზე მაღალ კოშკში იმყოფებოდა. ღამ-ღამობით, როცა ხეები ერთმანეთს ტალღებად ეხლებოდნენ, ბიჭის მზერა შუქურას სხივივით სწვდებოდა ყველა მიმართულებით მღელვარე თელების, მუხებისა და ნეკერჩხლების ოკეანეს. ახლა კი…
– ბიჭოო… – ჩურჩულით წარმოსთქვა დაგლასმა.
მთელი ზაფხული მის წინაშე იყო, თითოეული დღე თავის ნებაზე შეეძლო გამოეყენებინა და შემდეგ კალენდარში გადაეხაზა. თავი ტურისტულ გზამკვლევში გამოსახულ ღვთაება შივად იგრძნო: მისი ხელებიც ერთდროულად ყველგან გაიელვებდა, – მკვახე ვაშლებს დასწვდებოდა, ატმებსა და ღამეულ ქლიავებს მოწყვეტდა. უკვე გრძნობდა, როგორ შეიმოსებოდა ხეებით, ბუჩქებითა და მდინარეებით. რა სიამოვნებით გაიყინებოდა ნაყინის მაღაზიის დათრთვილულ მაცივარში. რა ნეტარებით შეიბრაწებოდა ბებოს სამზარეულოში ათიათას ვარიასთან ერთად.
ახლა კი ჩვეული მოვალეობის შესრულება მოუწევდა. კვირაში ერთხელ ნება ჰქონდა დართული, მძინარე დედ-მამა და უმცროსი ძმა ტომი მათ პატარა სახლში მიეტოვებინა და პაპას მანსარდის ჩაბნელებული ხვეული კიბე ამოერბინა, რათა აქ, თავის მისნურ კოშკში, ჭექა-ქუხილებსა და ხილვებთან ერთად გაეტარებინა ღამე, დილით კი რძის ბოთლების კრისტალისებრი წკარუნისათვის დაესწრო ადგომა და ჩვეული ჯადოქრობა აღესრულებინა.
რიჟრაჟის ბინდში ღია ფანჯარასთან დადგა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
ქუჩის ლამპიონები მუქ ტორტში ჩარჭობილი სანთლებივით ერთბაშად ჩაქრა. ბიჭმა კვლავაც ძლიერად ამოუშვა მკერდიდან ჰაერი და თანდათან ყველა ვარსკვლავიც გაჰქრა ციდან.
დაგლასს გაეღიმა. თითი გაიშვირა.
აი, აქ და, აი, აქ. ახლა კი იქ და, ააი, იქ…
ჩაბნელებულ მიწაზე ერთიმეორის მიყოლებით ყვითელი კვადრატები გამოიჭრა, როცა სახლებმა დააჭყიტეს განათებული თვალები. ფანჯრების შუქები ნათელ წერტილებად მოეფინა დაბინდულ მიდამოს.
– აბა, ყველამ დაამთქნაროს. ყველა წამოდგეს.
დიდი სახლი შეინძრა მის ქვეშ.
– პაპა, წყლიანი ჭიქიდან ამოიღე შენი პროტეზი! – ამის შემდეგ იმდენ ხანს შეიცადა, რამდენსაც ზრდილობა მოითხოვდა, – აბა, ბებოებო, ბლინები დააცხეთ!
შებრაწული ცომის თბილი სურნელი გავრცელდა ბუნდოვნად მოხაზულ დერეფნებსა და ოთახებში, ძილი გაუფრთხო სახლის მაცხოვრებლებს: ბიძებს, დეიდებს, სტუმად ჩამოსულ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს.
– მოხუცების ქუჩავ, გაიღვიძე! მის ელენ ლუმის, პოლკოვნიკო ფრილაი, მის ბენტლი! დაახველეთ, ადექით, თქვენ-თქვენი აბები მიიღეთ, ამოძრავდით! მისტერ ჯონას, შეკაზმეთ თქვენი ცხენი, გამოაგორეთ ნაგვის ორთვალა და ქუჩებს ჩამოუარეთ!
ქალაქს რომ შუაზე კვეთდა, იმ ხევის გადაღმა მდგარმა პირქუშმა მდიდრულმა სახლებმაც გაახილეს ურჩხულის საზარელი თვალები. მალე დილის ქუჩებში ორი მოხუცებული ქალი გამოჩნდა, თავიანთ ელექტრულ “მწვანე მანქანას” მოასრიალებდნენ და ყველა შემხვედრ ძაღლს უქნევდნენ ხელს.
– მისტერ ტრიდენ, ფარეხისაკენ, ცოცხლად!
ცოტა ხნის შემდეგ ქალაქის ტრამვაი აგურით მოკირწყლულ ქუჩებში გამოცურდა, თან ზევიდან ცისფერ ნაპერწკლებს ყრიდა.
– ჯონ ჰაფ, ჩარლი ვუდმენ, მზად ხართ? – ჩურჩულით მიმართა დაგლასმა ბავშვების ქუჩას, – მზად ხართ, მოიმარჯვოთ გაზონების ნამით ღრუბელივით გაჟენთილი ბეისბოლის ბურთები? მზად ხართ, იქანაოთ ხეებზე ჩამოკიდებულ ბაგირებზე?..
– დედა, მამა, ტომ, გაიღვიძეთ.
მოშორებით მაღვიძარები აწკრიალდა. ბოხი ხმით ჩამორეკა მერიის შენობის საათმა. ჩიტები ჟრიამულით გაიფანტნენ ხეებიდან და ბიჭის ნატყორცნ ბადესავით მოეფინენ ზეცას. დაგლასმა დირიჟორის ჟესტით ცის აღმოსავლეთისაკენ გაიშვირა ხელი.
მზე ამოდიოდა.
ბიჭმა მკლავები მკერზე გადააჯვარედინა და გრძნეული ღიმილით გაიბადრა. აი, ასე, გაიფიქრა, ჩემს სიტყვებზე ყველა წამოხტა და აფუსფუსდა. მშვენიერი სეზონი იქნება.
თითების ერთი გატკაცუნებით უკანასკნელი ნიშანი მისცა ქალაქს.
ხმაურით გაიღო კარებები, ხალხი გარეთ გამოდიოდა.
1928 წლის ზაფხული დაიწყო.

*

იმ დილით გაზონზე რომ გადაირბინა, დაგლას სპოლდინგმა ობობის ქსელი გააპო სახით. ჰაერში გაჭიმული უხილავი ბაწარი საფეთქელზე ოდნავ შეეხო და უხმოდ გაწყდა.
ამ უფაქიზესმა, მოუხელთებელმა შემთხვევამ ბიჭს ანიშნა: ეს დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ის კიდევ იმიტომაც იქნებოდა განსაკუთრებული, რომ, როგორც მამა უხსნიდა გზაში, როდესაც დაგლასი და მისი ათი წლის ძმა ტომი ქალაქგარეთ მიჰყავდა მანქანით, არის დღეები, მთლიანად სურნელისაგან რომ შედგება. ასეთ დღეებში სამყარო შემოდის შენში ერთი ნესტოდან, მეორედან კი გადის და ყნოსვის გარდა სხვა შეგრძნებები თითქოს არც კი არსებობს. არის კიდევ ისეთი დღეები, განაგრძობდა მამა, როცა შენს ყურს ყოველი გაფაჩუნება და ყოველი შრიალი სწვდება, რასაც კი მსოფლიო გამოსცემს. ზოგი დღე დასაგემოვნებლადაა ხელსაყრელი, ზოგი კიდევ ხელით შეხებისათვის. ზოგიც ყველა შეგრძნებას ერთბაშად გიმძაფრებს. აი, დღეს, მაგალითად, თავი გაიქნია მამამ, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს მთებს იქით ერთ ღამეში ხეხილის ბაღი ამოსულა და ახლა მთელი ხილული მიდამო მისი თბილი ქორფა სუნთქვითაა ავსებული. ჰაერში წვიმის სუნი ტრიალებს, თუმცა ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ ჩანს. ყოველ წამს შესაძლებელია, ჭალაში ვიღაც უცნობმა გადაიხარხაროს, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით დუმს…
დაგლასი გაჰყურებდა ფანჯარაში მქროლ არემარეს. ის ვერც ბაღის სურნელს გრძნობდა, ვერც წვიმის მოახლოვებას, იცოდა: ვაშლის ხეებისა და ღრუბლების გარეშე არც ერთი იყო შესაძლებელი, არც მეორე. და რაც შეეხება ტყეში მოხარხარე უცნობს… რა ვიცი…
და მაინც უეჭველია – დაგლასს გააჟრჟოლა კიდეც, – ეს დღე, რაღაც დაუდგენელი მიზეზის გამო, ყოვლად გამორჩეული იქნება.
მანქანა მდუმარე ჭალის შუაგულში გაჩერდა.
– ბიჭებო, აბა, წესიერად.
ისინი ერთმანეთს იდაყვებს ჰკრავდნენ.
– ჰო, მამა.
მანქანიდან გადმოვიდნენ, ცისფერი თუნუქის ვედროებასხმულებმა ტალახიანი შარაგზიდან ნაწვიმარი მიწის სუნით გაჟღენთილ ტყეში გადააბიჯეს.
– ფუტკრებს დააკვირდით, – უთხრა მამამ, – ფუტკრები ისევე არ სცილდებიან ველურ ყურძენს, როგორც ბიჭები სამზარეულოს. დაგლას!
დაგლასი შეკრთა და მამას ახედა.
– სადღაც მილიონი კილომეტრის იქით ხარ, – უთხრა მამამ, – გამოფხიზლდი. არ ჩამოგვრჩე.
– ჰო, მამა.
ჭალაში მოაბიჯებდნენ, მამა ძალიან მაღალი იყო, დაგლასი მის ჩრდილში მოდიოდა, ტომს კი, ყველაზე პატარას, ძმის ჩრდილი ფარავდა. პატარა აღმართი აიარეს და ბორცვიდან გადმოიხედეს.
– აგერ, იქ, ხედავთ? – ანიშნა მამამ, – იქ, ქვევით ცხოვრობენ ზაფხულის თბილი მძლავრი ქარები, ვეშაპების აჩრდილებივით უხილავად დასრიალებენ მწვანე სიღრმეში.
დაგლასმა სწრაფად გაიხედა, ვერაფერი დაინახა და იგრძნო, რომ მამა მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებდა. მასაც, პაპასავით, გამოცანებზე მეტად არაფერი უყვარდა. და მაინც… მაინც… დაგლასი გაყუჩდა და მიაყურადა.
ჰო, რაღაც უნდა მოხდეს, გაიფიქრა, ნამდვილად ვიცი!
– აქ გვიმრაა, – მამამ ვედროს ჟღარუნით გვერდზე ჩაუარა, – გრძნობთ ამას? – მიწას დაჰკრა ფეხი, – აქ მილიონი წლის მანძილზე ჩამოცვენილი ფოთლების ნეშომპალა აფენია. წარმოიდგინეთ, რამდენმა შემოდგომამ გაიარა, ვიდრე ეს პოხიერი ნიადაგი მომზადდებოდა!
– აუ, ინდიელივით დავდივარ, – თქვა ტომმა, – რბილად და უხმოდ.
დაგლასმაც მოსინჯა, მაგრამ ვერ იგრძნო მიწის სირბილე. გაფაციცებული, ყურს უგდებდა არემარეს. ალყაში ვართ! გაიფიქრა. აი, ახლა უნდა მოხდეს! რა? ბიჭი გაიტრუნა. გამოდი, სადაც ხარ, ვინცა ხარ! დაიყვირა უხმოდ.
ტომი და მამა ნება-ნება აგრძელებნენ გზას მდუმარე მიწაზე.
– ამაზე თხელი მაქმანი არ არსებობს, – მშვიდად თქვა მამამ და ბავშვებს მაღლა, დაფოთლილ ტოტებზე მიანიშნა, რათა კარგად დაჰკვირვებოდნენ, თუ როგორ ჩაწნულან ფოთლები ცის ქსოვილში, თუ პირიქით, ცა იყო ფოთლებში ჩაწნული, – ეს თავადაც ვერ გაერკვია. ასეა თუ ისე, გაეღიმა მამას, მათ წინაშე საუცხოო ნაქარგობა იყო, ცისფერი და მწვანე, და თუ კარგად დააკვირდებოდნენ, შეამჩნევდნენ, რომ ტყე ახლაც აგრძელებს მუშაობას თავის მოზუზუნე დაზგაზე. მამა მოხერხებულად იდგა, სიტყვებს მსუბუქად ამოთქვამდა, სიამოვნებდა ასე ლაპარაკი, ხან რაზე, ხან რაზე. უფრო ხშირად თავადვე ეცინებოდა საკუთარ ნათქვამზე და ამით საქმეს აიოლებდა. თქვა, მიყვარს სიჩუმისათვის ყურის გდებაო, და განაგრძო: თუკი საერთოდ შეიძლება ყური დაუგდო სიჩუმეს, იმიტომ, რომ ასეთ სიჩუმეში, როგორიც ახლაა, ისმის, ყვავილების მტვერი როგორ დაფარფატებს ფუტკრებისაგან გაცხელებულ ჰაერში. ჰო, ღმერთმანი, ჰაერი მართლაც ფუტკრებისგანაა გაცხელებული! უსმინეთ! იმ ხეებს იქით ჩიტების ჭიკჭიკის ჩანჩქერი ხმაურობს!
აი, ახლა, გაიფიქრა დაგლასმა, საცაა მოვა! მოქრის! ვერ ვხედავ! მოქრის! ლამისაა შემეჯახოს!
– ყურძენი! – წამოიძახა მამამ, – ნახეთ, როგორ გაგვიმართლა!
არა! აღმოხდა დაგლასს.
მაგრამ ტომი და მამა უკვე დაიხარნენ და ხელები ბუჩქებში ააფათურეს. ტოტების ტკაცუნმა დაამსხვრია ჯადოსნური წამი. ის დიდებული, ფრთაშესხმული მოხეტიალე, გოროზი სულთამბყრობელი უკვალოდ გამქრალიყო.
დაგლასი მუხლებზე დაეცა, სახტად დარჩენილი და დაცარიელებული. დაინახა, როგორ ჩაეფლო მისი თითები მწვანე წყვდიადში, ხოლო ისევ რომ ამოსწია, ისეთი ფერის ლაქებით ჰქონდა მოთხვრილი, თითქოს ტყის ღია ჭრილობაში ამოევლო ხელის მტევნები.

– ბიჭებო, ხემსის დროა!
ვედროები სანახევროდ გაევსოთ ველური ყურძნითა და ტყის მარწყვით და ასე, ფუტკრების გარემოცვაში, რომლებიც, აღნიშნა მამამ, არც მეტი არც ნაკლები, თვით სამყაროს მოგუდული ღიღინიაო, მწვანედ დახავსებულ მორზე ჩამომსხდარნი, სენდვიჩებს შეექცეოდნენ და ცდილობდნენ, ისევე დაეგდოთ ყური ტყისათვის, როგორც ეს მამას შეეძლო. დაგლასი გრძნობდა, მამას მშვიდი, გაოცებული მზერა მისკენ რომ მიეპყრო. მამას რაღაცის თქმა უნდოდა, რამაც უეცრად გაუელვა თავში, მაგრამ ამის მაგიერ სენდვიჩი ჩაკბიჩა და უეცარ ფიქრს ჩაუღრმავდა.
– როცა სენდვიჩს ღია ცის ქვეშ ჭამ, ეს უკვე აღარ არის უბრალო სენდვიჩი, სულ სხვა გემო აქვს, ვიდრე შინ, დაჰკვირებიხართ? მეტი სიმძაფრე აქვს. პიტნის და ფიჭვის ნაყენის გემო დაჰკრავს. სულ რომ არ გშიოდეს, მადა მაინც მოგივა.
დაგლასმა დაკვირვებით ამოუსვა ენა პურისა და შებოლილი ლორის წიაღში. არა… არა… ჩვეულებრივი სენდვიჩი იყო.
ტომმა ღეჭვა-ღეჭვით დაუქნია თავი.
– ჰო, მესმის, რასაც გულისხმობ, მამა!
ცოტაც, და მოხდებოდა, ფიქრობდა დაგლასი. არ ვიცი რა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვეება იყო, ღმერთო ჩემო, უზარმაზარი! რაღაცამ დააფრთხო. ნეტავ, სად არის ახლა? ამ ბუჩქებს იქით! არა, ჩემს ზურგს უკან! არა, აქ… თითქმის, აი, აქ… სხვებისათვის შეუმჩნევლად მოისრისა მუცელი.
თუ დაველოდები, დაბრუნდება. საშიში არ არის; რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს დამიშავებს. მაშ, რა არის? რა? რა?
– იცი, რამდენჯერ ვითამაშეთ ბეისბოლი წელს, და შარშან, და იმის წინ? – უცებ, ისე, არაფერთან დაკავშირებით, ჰკითხა ტომმა.
დაგლასი თვალს ადევნებდა ტომის მოფარფატე ტუჩებს.
– სულ ჩაწერილი მაქვს! ათასხუთასსამოცდარვაჯერ! რამდენჯერ გამოვიხეხე კბილები ათი წლის მანძილზე? ექვსიათასჯერ! დავიბანე ხელები: თხუთმეტიათასჯერ. მეძინა: სადღაც ოთხიათასჯერ, ცოტ-ცოტა ხნით თვალის მოტყუებას თუ არ ჩავთვლით. შევჭამე: ექვსასი ცალი ატამი, რვაასი ვაშლი. მსხალი: ორასი ცალი. მსხალზე დიდად არ ვგიჟდები. რაც გინდა დამისახელე, ყველაფრის სტატისტიკა მაქვს ჩამოწერილი! ზოგი რამე, რაც ათი წლის მანძილზე მაქვს გაკეთებული, მილიარდებამდე ადის.
აი, გაიფიქრა დაგლასმა, ისევ მიახლოვდება. რატომ? ტომი რომ ლაპარაკობს, იმიტომ? რატომ მაინცდამაინც ტომი? ტომი ლაქლაქებს, პირი საწებელით აქვს მოთხუპნული, მამა, ჯიქივით გაფაციცებული, მორზე წამოწოლილა, ტომის პირიდან კი გაზიანი წყლის ბუშტებივით იფრქვევა სიტყვები.
– სულ ოთხასი წიგნი მაქვს წაკითხული. ახლა რა და რა ფილმები მაქვს ნანახი: ბაქ ჯონსის მონაწილეობით – ორმოცი, ჯექ ჰოქსიანი – ოცდაათი, ტომ მიქსის – ორმოცდახუთი, ჰუთ გიბსონის – ოცდაცხრამეტი, კატა ფელიქსის მულტფილმის ასოთხმოცდათორმეტი სერია, დაგლას ფერბენკსის ათი კინო, რვაჯერ ვნახე “ოპერის მოჩვენება” ლონ ჩეინის მონაწილეობით, ოთხი კინო – მილტონ სილსის და ერთი რაღაც სიყვარულზე, ადოლფ მენჯუ თამაშობდა, ოღონდ მთელი ფილმის დროს კინოთეატრის ტუალეტში ველოდე, როდის მორჩებოდა ეგ დებილობა, იმიტომ, რომ მერე უნდა დაწყებულიყო “კატა და კანარის ჩიტი”, თუ არა: “ღამურა”, ის, რომლის დროსაც ყველა ერთმანეთს ებღაუჭება და მთელ ორ საათს შეუჩერებლად კივის. სეანსების განმავლობაში, ჩემი გამოთვლებით, ასე ოთხმოცამდე საწუწნი კანფეტი, სამასი შოკოლადის ფილა და შვიდასი ნაყინის “ლოლო” მაინც მექნება შეჭმული…
ასე მშვიდად და რიტმულად განაგრძობდა კიდევ ხუთ წუთს, ვიდრე მამა არ შეეკითხა:
– რამდენი კენკრა გაქვს მოკრეფილი სიცოცხლეში, ტომ?
– ზუსტად ორასორმოცდათექვსმეტი ცალი! – მომენტალურად უპასუხა ტომმა.
მამას გაეცინა, და ხემსიც დასრულდა, სამივემ ისევ ბუჩქნარისაკენ გასწია, ისევ ყურძენსა და მარწყვს დაუწყეს ძებნა. ხან ერთი ჩაიხრებოდა, ხან მეორე, ხან მესამე. მათი ხელები აქეთ-იქით მიმოდიოდა, ვედროები თანდათან უმძიმდებოდათ, დაგლასი კი, სუნთქვაშეკრული, ფიქრობდა: ჰო, ისევ მიახლოვდება! აი, უკვე ჩემს ზურგს უკანაა, საცაა კეფით მის სუნთქვას ვიგრძნობ! არ მიიხედო! იმუშავე. განაგრძე კრეფა, გაავსე ვედრო. თუ მიიხედავ, ისევ დააფრთხობ. ამჯერად მაინც უნდა მოიხელთო! მაგრამ როგორ შემოაბრუნებ ისე, რომ აქ, შენს წინაშე აღმოჩნდეს, რომ თვალი გაუსწორო? როგორ? როგორ?
– ჰო იცი, ფიფქი მაქვს ასანთის კოლოფში, – წარმოსთქვა უცებ ტომმა, თან ყურძნის წვენის ხელთათმანით შემოსილ თავის ხელს აკვირდებოდა ღიმილით.
დაგლასს უნდოდა დაეყვირა: მოკეტე, რა! მაგრამ არა, მისი ხმა ექოს გამოიწვევდა და იმას დააფრთხობდა!
თანაც, მოიცადე… რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა ტომი, მით უფრო ახლოს მოდიოდა ის რაღაც ვეება, მას ტომისა აშკარად არ ეშინოდა, ტომი მას თავისი სუნთქვით იზიდავდა, ტომი თვითონაც მისი ნაწილი იყო!
– თებერვალში, – ამბობდა ტომი, – ქარბუქში ასანთის კოლოფი მაღლა ავწიე და ერთი ფიფქი შიგ ჩავარდა, მერე დავხურე, შინ შევვარდი და საყინულეში შევაგდე!
ახლოსაა, სულ ახლოს. დაგლასი ტომის მოუსვენარ ტუჩებს მიშტერებოდა. ხტუნვის დაუოკებელი ჟინი მოეძალა, იმიტომ, რომ ჭალას იქით უზარმაზარი ტალღის აზვირთება იგრძნო. ის სულ ერთ წამში დაბლა დაენაცხებოდა და მათაც თან ჩაიტანდა…
– მართლა, მართლა, – თავისთვის მსჯელობდა ტომი, თან ყურძნის კრეფას განაგრძობდა, – მთელ ილინოისში ერთადერთი ბიჭი ვარ, ვისაც ზაფხულში თოვლის ფიფქი აქვს. ის ახლა ბრილიანტებზე უფრო ძვირად ფასობს, ნაღდად. ხვალ უნდა გავხსნა. დაგ, შენც შეგახედებ, თუ გინდა…
ნებისმიერ სხვა დროს დაგლასი ჩაიფრუტუნებდა, ხელს აუქნევდა, გაუცამტვერებდა მთელ ოცნებებს. მაგრამ ახლა, როცა ის ვეება მისკენ მოიჩქაროდა და, აგერ, უკვე მის თავზე ეშვებოდა კრიალა ჰაერში, ისღა შეეძლო, თვალდახუჭულს უხმოდ დაექნია თავი.
ასეთი უჩვეულო თანხმობით გაოცებულმა ტომმა კენკრის კრეფაც კი შეწყვიტა და ძმას მიაშტერდა. ბალახში ჩახრილი დაგლასი საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენდა. ტომი ახტა, შეჰყვირა, ძმას ზედ დაახტა. ბიჭები ერთმანეთს მიეხალნენ, გადაყირავდნენ და ბალახში გაგორდნენ.
არა! დაგლასი შინაგანად შეიკუმშა. არა! და უცბად… ჰო, ყველაფერი რიგზეა! ვარდნას, თავბრუდამხვევ კოტრიალსა და აურზაურს არ შეუჩერებია აზვირთებული ზღვა, ის ახლა ნიაღვრად ჩამოექცათ თავზე, ორივენი წალეკა და ბალახის სანაპიროზე, ტყის სიღრმეში გამორიყა. დაგლასს ტუჩებში მუშტი მოხვდა. პირში სისხლის თბილი, მომწკლარტო გემო იგრძნო, ტომს მაგრად ჩაეჭიდა, მკლავებში მოიქცია და ასე გაშეშდნენ ძირს გართხმულები. მათ გულებს ბაგა-ბუგი გაუდიოდათ, ნესტოებიდან სისინით უშვებდნენ ჰაერს. როგორც იქნა, დაგლასმა ძალიან ნელა გაახილა ცალი თვალი: ეშინოდა, ვაი, თუ აღარაფერი დამხვდესო.
მაგრამ ყველაფერი, სულ ყველაფერი თავ-თავის ადგილას იყო. და სამყაროც, ახლადგახელილი გიგანტური თვალივით, მას უყურებდა.
ახლა კი მიხვდა, რა იყო ეს, ასე მძლავრად რომ მიეხალა და სამუდამოდ რომ შეერწყა მის არსებას.
მე ცოცხალი ვარ, გაიფიქრა ბიჭმა.
ათრთოლებული, სისხლით მოსვრილი თითები რაღაც უცნაური დროშის ნაგლეჯებს მიამსგავსა, რომელიც, ის-ის იყო, ეპოვნა, და ახლა ცდილობდა გამოეცნო, თუ რა ქვეყანას ეკუთვნოდა ეს დროშა და რა იდუმალი ვალი მიუძღოდა ამ ქვეყნის წინაშე. ტომი კვლავაც მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული, ოღონდ მისი არსებობა სულ გადაავიწყდა. თავისუფალი ხელი სისხლიან თითებზე მოისვა. შემდეგ ტომი მოიცილა. თავად ისევ გულაღმა იწვა, მკლავი ცისკენ ჰქონდა აშვერილი. მისი მთელი არსება ახლა თავში იყო კონცენტრირებული, ის უცნაურ ციხე-გალავნად იქცა, რომლის ასაწევ გისოსს მიღმა თვალები გუშაგებად იდგნენ და გრძელი ხიდის – მკლავის – გაყოლებაზე, შორს, მზეზე მოცახცახე მეწამულ ალამს გაჰყურებდნენ.
– რა მოგივიდა, დაგ? – ჰკითხა ტომმა.
ძმის ხმა საიდანღაც შორიდან, წყლის სიღრმიდან, მწვანე, დახავსებული ჭის ფსკერიდან მოესმა.
დაგლასის ბეჭებქვეშ ბალახი აჩურჩულდა. მკლავი დაუშვა და უცებ იგრძნო, როგორ შეიმოსა ის ღინღლის საფარით, ხოლო შორს, ქვევით, ფეხსაცმელებში ფეხის თითები როგორ გაეხახუნა ერთი მეორეს. მის ნიჟარისებრ ჩახვეულ ყურებში ქარმა ამოიოხრა. სამყარომ თვალების მომრგვალებული მინის გასწრივ ჩაუქროლა ჯადოსნურ სფეროში მოციმციმე გამოსახულებებივით. ყვავილები თურმე მზეები ყოფილან, თუ ზეცის მოელვარე ნაგლეჯები, ვიღაცის ხელს უხვად რომ მიმოეფანტა ტყის მდელოზე. ცა ფართო, გადმოპირქვავებულ ტბად იქცა, მის ზედაპირზე ჩიტები მარჯვედ ნასროლი ქვებივით მიხტოდნენ. ბიჭმა კბილებს შორის სუნთქვა გამოსცრა: ის ყინულად შევიდა და ცეცხლად გამოვიდა. ჰაერი მწერების ელექტრული ვიბრაციით მონუსხულიყო. დაგლასის თავზე თმის ათიათასი დამოუკიდებელი ღერი წამში დუიმის ერთი მემილიონედით იზრდებოდა. ყურებში ორი ტყუპი გულის ბაგა-ბუგი გაიგონა, მესამე ყელში უფართხალებდა, კიდევ ორი გული პულსირებდა მის მაჯებში, ხოლო ნამდვილი გული მკერდში რეკდა დიდრონი ზარივით. სხეულის ზედაპირზე მილიონი ფორა გაეხსნა სამყაროს შესახვედრად.
მე მართლა ცოცხალი ვარ! იფიქრა ბიჭმა. აქამდე ეს არ ვიცოდი, ან იქნებ არ მახსოვდა!
მან დაიყვირა ეს სიტყვები ძალიან ხმამაღლა, მაგრამ უხმოდ, კიდევ და კიდევ! წარმოგიდგენია? წარმოგიდგენია? თორმეტი წლის ვარ და მხოლოდ ახლა მივხვდი ამას! მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე ეს უიშვიათესი ქრონომეტრი, ეს ოქროს საათი უვადო გარანტიით. აქ, ხის ქვეშ დამრჩენია ოდესღაც და აი, ამ წუთას, ტომთან ჭიდაობისას, კვლავ ვიპოვე.
– დაგ, კარგად ხარ?
დაგლასმა დაიღრიალა, ტომს ჩაებღაუჭა და მასთან ერთად გაგორდა მიწაზე.
– დაგ, გაგიჟდი?
– გავგიჟდი!
ბიჭები დაღმართზე ჩაკოტრიალდნენ. ღია პირებში და ფართოდ გახელილ თვალებში მზე ლიმნისფერ ნამსხვრევებად ეფანტებოდათ. ნაპირზე გამოყრილი კალმახებივით აქოშინებულებმა იმდენი იცინეს, ვიდრე ცრემლები არ წასკდათ.
– დაგ, მართლა ხომ არ გაგიჟდი?
– არა, არა, არა, არა, არა!
დაგლასის დახუჭული თვალების წინაშე შავ ფონზე რბილად ჩაიარეს ლაქებიანმა ლეოპარდებმა.
– ტომ! – ხმას ცოტა დაუწია, – ტომ… მსოფლიოში ყველამ იცის… რომ ცოცხალია?
– ჰო. ჰო, აბა რა?
ლეოპარდებმა უხმოდ გასწიეს უფრო ბნელი მხარეებისკენ, სადაც მათ დაგლასის თვალის კაკლები ვეღარ გაჰყვებოდნენ.
– რა კარგია, – ჩაიჩურჩულა დაგლასმა, – ნეტავ მართლა ყველამ იცოდეს ეს.
დაგლასმა თვალები გაახილა. მამა თავს წასდგომოდა, სადღაც ძალიან მაღლა იყო, მწვანეფოთლებიან ცაში, დოინჯშემოყრილი იდგა და იცინოდა. ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. დაგლასი იმწამსვე გამოფხიზლდა. გაიფიქრა: მამამ ყველაფერი იცის. ყველაფერი წინასწარ ყოფილა ჩაფიქრებული. აქ განგებ მოგვიყვანა, რათა ეს მომსვლოდა! ის ამ თამაშშია ჩართული და ახლა ისიც იცის, რომ მე ყველაფერს ჩავწვდი.
ჰაერიდან ჩამოსული ხელი ბიჭს ჩაეჭიდა და ფეხზე წამოაყენა. ბარბაცით იდგა მამასა და ტომის გვერდით, ჯერაც დაბეჟილი და გაჩეჩილი, გაოცებული და მონუსხული, სათუთად ისრესდა გახევებულ იდაყვს და ნეტარებით ილოკდა გახლეჩილ ტუჩს. ბოლოს მამასა და ტომს გადახედა.
– ყველა ვედროს მე წამოვიღებ, – თქვა დაგლასმა, – ამჯერად ყველაფერი მე მომანდეთ.
მათ ირონიული ღიმილით გაუწოდეს ვედროები.
დაგლასი ოდნავ ბარბაცებდა. ჩამოწელილ მკლავებზე ეკიდა მარცვალ-მარცვალ შეგროვებული ტყე, ტკბილი წვენით გაჟღენთილი და დამძიმებული. გაიფიქრა: მინდა, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი შევიგრძნო, დაღლილობაც, ნამდვილი დაღლილობა. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ცოცხალი ვარ. ახლა ხომ უკვე ვიცი, ჰოდა, ეს დღეს საღამოსაც უნდა მახსოვდეს, ხვალაც და ზეგაც.
უკან გაიყოლა ფუტკრები და ყურძნისა და ყვითელი ზაფხულის სურნელი. მძიმედ დატვირთული და გაბრუებული მიტორტმანებდა, თითები უცნაურად დაუბუჟდა, მკლავები დაუმძიმდა, ერთი-ორჯერ ფეხიც დაუცდა, ისე, რომ მამამ ხელი შეაშველა.
– არა, – ჩაიბურტყუნა დაგლასმა, – არ მიჭირს, მოვდივარ.
ნახევარი საათი დასჭირდა საიმისოდ, რომ ბალახთან, ფესვებთან, ხავსიანი მორის ქერქთან შეხების ანაბეჭდები წაშლოდა ხელ-ფეხიდან და ზურგიდან. ვიდრე ამ განცდებს ემშვიდობებოდა, მათ თანდათანობით ქრობას, აორთქლებას აკვირდებოდა, უმცროსი ძმა და უშფოთველი მამა უკან მიჰყვებოდნენ: დაე, თავად გაიკვლიოს გზა ტყიდან იმ დაუჯერებელი, არარსებული შარაგზისაკენ, რომელმაც სამივენი ქალაქში უნდა დააბრუნოს…

*

ქალაქი, იმავე დღის ნაშუადღევს.
და კიდევ ერთი ჭირნახულის აღება.
პაპა ფართო პარმაღზე იდგა და კაპიტანივით გადაჰყურებდა გასული სეზონის მოსავალს, მის წინაშე ოკეანის მშვიდი ზედაპირივით რომ გადაშლილიყო. მდუმარე შეკითხვით მიმართა ნიავს, მიუწვდომელ ზეცასა და გაზონს, რომელზედაც დაგლასი და ტომი იდგნენ და მხოლოდ მისთვის მიეპყროთ კითხვით სავსე მზერა.
– პაპა, მზად არის? უკვე დროა?
პაპამ ნიკაპი მოისრისა.
– ხუთასი, ათასი, სულაც ორიათასი ცალი იქნება. ჰო, ნამდვილად მშვენიერი მარაგია. შეაგროვეთ ფრთხილად, სათითაოდ შეაგროვეთ. დასაწურად ჩაბარებულ თითო ტომარაში ათცენტიანს მიიღებთ!
– ჰეი!
გაბადრული ბიჭები ბალახში ჩაიხარნენ და ოქროსფერი ყვავილების კრეფა დაიწყეს. ყვავილებს მთელი ქვეყანა დაეტბორათ, გაზონებიდან ქვაფენილ ბილიკებზე გადმოღვრილიყვნენ, სარდაფის ფანჯრის მინებზე რბილად აკაკუნებდნენ, აბობოქრებულ ტალღებად მოსდებოდნენ ყველაფერს, ისე, რომ სამყარო დამდნარი მზის ბრჭყვიალა ნათელით ღუოდა.
– ყოველ წელს, – წარმოსთქვა პაპამ, – აი, ასე გიჟდებიან. მე ხელს არ ვუშლი. გეგონება, ეზოში ლომების პრაიდი დასეირნობსო. დიდხანს რომ უყურო, თვალის ბადურას ამოგწვავს. სულ უბრალო ყვავილია, კაცმა რომ თქვას, სარეველა. სხვა მას ვერც კი შეამჩნევს. მაგრამ ჩვენთვის კეთილშობილი რამაა: ბაბუაწვერა.
სათითაოდ შეგროვებული ბაბუაწვერები ტომრებით ჩაიტანეს სარდაფში. მათმა მობრძანებამ ქვესკნელის სიბნელე გაანათა. ღვინის წნეხი კი, თავახდილი და ცივი, იდგა და მათ ელოდა. ყვავილების ნიაღვარმა გაათბო იგი. პაპამ დაატრიალა ხრახნი და წნეხი ფრთხილად შეუდგა ძვირფასი მოსავლის სრესას.
– ასე… აი, ასე…
ოქროს ნაკადმა, წელიწადის ყველაზე ხალასი თვის დვრიტამ და სიცოცხლემ, ქვევიდან გამოყვანილ ღარში დაიწყო დენა, რათა, ბოლოს და ბოლოს, გამოხდილ-გამჭვირვალებული, კეტჩუპის სუფთა ბოთლებში მომწყვდეული, მბზინავ რიგებად ჩაწყობილიყო სარდაფის წყვდიადში.
ბაბუაწვერას ღვინო.
ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდნენ. თავად ღვინო კი შეჩერებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ. მას შემდეგ, რაც დაგლასმა შეიტყო, რომ ცოცხალია, სურდა სამყაროს ყველა საგანი ხელითა და თვალით მოეცვა და ახლა ადრინდელზე უფრო უპრიანადაც მიაჩნდა ის, რომ ამ ახალი ცოდნის, ამ ყოვლად განსაკუთრებული არდადეგების თუნდაც მცირე ნაწილი, ცხრაკლიტულში საიმედოდ შემონახული, იანვრის სუსხიან დღეებამდე მიატანდა, იმ დრომდე, როცა ყოველივე თოვლით დაიფარება, მზე კვირაობით ან თვეობით არ გამოჩნდება და, ვინ იცის, იქნებ მის გულშიც სასწაულის განცდა გახუნდეს და განელდეს. აი, როდის დასჭირდება მას კვლავ აღორძინება! ეს ხომ ყოვლად მოულოდნელი თავგადასავლების ზაფხული იქნება და რა კარგია, რომ ყოველწუთს შეგეძლება თითისწვერებზე ჩაუყვე ბნელ კიბეს და ხელით მოსინჯო ის სიბნელეში, ეტიკეტებს მიღმა საიმედოდ შემონახული!
ასე, მწყობრებად იდგება ბაბუაწვერის ღვინო: მტვრის თხელი ფენის ქვეშ განთიადზე გაშლილი ყვავილები იბრწყინებენ და ივნისის მზეც უწყვეტად იბრჭყვიალებს მასში. გაიხედავ ჭურჭელში ზამთრის დღეს და დამდნარი თოვლი წამში ბალახად გადაიქცევა, შიშველი ხეები ჩიტებით, ფოთლებით, ყვავილებით დაიხუნძლება, – თითქოს ყველაფერს პეპლების ფარფატით აღძრულმა ზღაპრულმა სიომ შემოუქროლაო. გაიხედავ ჭიქაში და ლითონისფერ ცას ლაჟვარდი გადაეკრობა.
შეძლებ, ჭიქაში ჩამოსხმული ზაფხული ხელში დაიკავო, – ეს, რა თქმა უნდა, ძალზე პატარა ჭიქა იქნება, ყველაზე ციცქნა, ერთყლუპიანი წკრიალა ჭურჭელი, რაც კი მთელ სახლში მოიძებნება, სპეციალურად ბავშვებისათვის. შეძლებ, ზაფხული ბაგესთან მიიტანო, ყელში გადაუშვა და სისხლძარღვებში აიჩუხჩუხო.
– მზადაა! ახლა წვიმის წყლის კასრთან გაიქეცით!
რა თქმა უნდა, არანაირი სხვა წყალი აქ არ გამოდგება. მხოლოდ ის კრისტალური წყლები, უშორესი ტბებიდან და უტკბესი დილის ნამიანი მინდვრებიდან გამოხმობილი, ცაში ცხრაათასი მილის სიმაღლეზე აზიდული და გაქათქათებულ ღრუბლის ზეწრებში ნარწევ-ნატარები, შემდეგ ყინულოვან ქარში გამონაწრთობი და მაღალი ძაბვით დამუხტული. აი, ამ წყლის ყოველ წვეთში ზეცის მთელი ენერგიაა მოქცეული. ის სამხრეთის ქარსაც ეზიარა, აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარებსაც და, საბოლოოდ, წვიმად ჩამოიქცა, წვიმა კი, თავის მხრივ, ახლა ღვინოდ გარდაიქმნება.
დაგლასი დაიქცა და კასრიდან სავსე ჩამჩა ამოიღო.
– მომაქვს!
წყალი აბრეშუმივით ბზინავდა ჭურჭელში: ქათქათა, ოდნავ მოცისფრო აბრეშუმივით. თუ შესვამდი, ბაგეზე, ყელზე და გულზე გელამუნებოდა. ეს წყალი სარდაფში ვედროებითა და ჩამჩებით უნდა ჩაეტანათ, რათა გრილ წყაროებად, მთის ნაკადულებად გადასხმოდა დასრესილ ბაბუაწვერებს.
სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით ბებოც კი, – თებერვლის რომელიმე სუსხიან დღეს, როცა ქარბუქი თავბრუს დაახვევს არემარეს, დააბრმავებს ფანჯრებს, პირიდან სუნთქვას ამოგართმევს, – აი, ასეთ დღეს თვით ბებოც კი ჩაიპარება ხოლმე სარდაფში.
მაღლა, უზარმაზარი სახლი სავსე იქნება ხველით, ცემინებით, ხრიალითა და კვნესით, ბავშვების სიცხეებით, ყასბის დახლზე გამოფენილი ხორცივით გაწითლებული ყელებითა და დაღვინებული ალუბლების მსგავსი ცხვირებით და ყველგან უხილავი მიკრობი იბატონებს.
აი, სწორედ მაშინ ბებო ივნისის ქალღმერთივით ამოყვინთავს სარდაფიდან, რაღაცას მალულად ჩაიკრავს გულში, ნაქსოვი შალის ნაკეცებში მაინც რომ ამოიცნობა. ამ რაღაცას ავადმყოფობებით გატანჯულ ყოველ ოთახში შემოატარებს და ერთი ზომის ჭიქებში ჩამოასხამს, რათა ყველამ ზუსტი დოზით შესვას ეს სულ სხვა დროის წამალი, მზის ელექსირი და, მასთან ერთად, – აგვისტოს უზრუნველი შუადღეები, აგურის ქვაფენილებზე სანაყინე ურიკის ბორბლების ხმა, ვერცხლისფერი ფეიერვერკების შხუილი, ჭიანჭველების სამოსახლოებზე გადატარებული გაზონის საკრეჭი მანქანის ზუზუნი… და ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი – ერთ ჭიქაში.
დიახ, თვით ბებოსაც ხანდახან გაუწევს გული სარდაფში დავანებული ივნისის განცდისაკენ. ისიც, პაპას, მამას, ძია ბერტის ანდა რომელიმე მდგმურის მსგავსად, მხოლოდ საკუთარ გულს განდობილი, გაირინდება ბოთლების თაროებთან და იდუმალ საუბარს გაუბამს დიდი ხნის წინათ მოხეულ კალენდრის ფურცლებს: მთელ ამ პიკნიკებსა და შხაპუნა წვიმებს, პურის ყანებს, ცხელ-ცხელ ბატიბუტსა და მოსათიბად წაწოლილ ბალახს. თვით ბებოც კი კვლავაც და კვლავაც გაიმეორებს ამ საოცარ, ოქროვან სიტყვებს, ახლა, ამ წუთშიც რომ ისმის, როცა ყვავილები წნეხის ქვეშაა, და არც ზამთარში, – არც ერთ ზამთარში, – დავიწყებას არ მიეცემა. მის ბაგეზე ეს სიტყვები ღიმილად გაიშლება და, კვლავაც და კვლავაც, მზის სხივივით უეცრად გააპობს წყვდიადს.
ბაბუაწვერას ღვინო. ბაბუაწვერას ღვინო. ბაბუაწვერას ღვინო.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box

3 Comments

  • Anonymous

    იგეგმება ამ ნაწარმოების მთლიანად ქართულად თარგმნა და გამოცემა? თუ უბრალოდ ნაწყვეტით დავკმაყოფილდეთ?

  • არილი

    ტექსტი მთლიანადაა თარგმნილი. იმედია მალე გამოსცემს ვინმე.

  • mekodato

    მშვენიერიაა… ბოლო დროს ხშირად ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და ძალიან მომწონს… წარმატებები მთარგმნელს