თარგმანი,  ინტერვიუ,  ლიტერატურათმცოდნეობა

როგორ იქცა პეპლის გენიტალია ნაბოკოვის შედევრების ინსპირაციად

“არ არის გამორიცხული, რუსეთში რევოლუცია რომ არ დაწყებულიყო, თავი მთლიანად ლეპიდოპტეროლოგიისთვის მიმეძღვნა და ერთი რომანიც არ დამეწერა,” – უთხრა ვლადიმერ ნაბოკოვმა Paris Review-ს 1967 წელს, როცა უკვე მისი 15 რომანი და 6 მოთხრობების კრებული იყო გამოცემული.

როგორც ნაბოკოვის უმეტესი მკითხველისთვისაა ცნობილი, დიდი რუსი-ამერიკელი მწერალი პეპლებით იყო გატაცებული. ლეპიდოპტრიის დარგში 18 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და 1942 წლიდან 1948 წლამდე ჰარვარდის შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში დე ფაქტო კურატორის როლიც ეკავა. როგორც მკვლევარმა, ყველაზე გაბედული ჰიპოთეზა ლურჯი პეპლების სამხრეთ ამერიკული ქვეოჯახის წარმომავლობის შესახებ წამოაყენა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ამ ნარკვევმა ექსპერტთა უმეტესობის ყურადღება ვერ დაიმსახურა, 2011 წელს ჰარვარდის სკოლის ზოოლოგებმა გენეტიკური კვლევის საფუძველზე დაამტკიცეს ნაბუკოვის ჰიპოთეზის მართებულობა.

 

ე.წ. ნაბოკოვის გენიტალიის კაბინეტი თავის ყოფილ ოფისში ჰარვარდის უნივერსიტეტის შედარებითი ზოოლოგიის განყოფილებაში.

წლებია ლიტერატურათმცოდნეები ნაბოკოვის შემოქმედებაზე ლეპიდოპტერიის გავლენას აკვირდებიან. როგორც მერი ელენ ჰანიბალი 2013 წელს Nautilus Quarterly-ში წერდა, „ისე იყვნენ მის წიგნებში პეპლები გახლართულები, რომ 1951 წლის ზაფხულში დაწერილი რომანის კულმინაციური სცენა იმ ქალაქში გაათამაშა, სადაც მდედრი Lycaeides sublivens აღმოაჩინა, ეს ფაქტი რომ აღენიშნა”. 1948 წელს კი ერთ-ერთი ეტიმოლოგიური ბარათის უკანა მხარეს ახალი რომანისთვის ჩანიშვნები გააკეთა, რომელთა მიხედვითაც შემდეგ “ლოლიტა” დაწერა.

სტივენ ბლექველმა, ტენესის უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა, და მისმა კოლეგამ, კურტ ჯონსონმა, ახლახან გამოსცეს “სახვითი ხაზები: ვლადიმერ ნაბოკოვის სამეცნიერო ხელოვნება” – უმეტესად გამოუქვეყნებელი 154 პეპლის ილუსტრაციისა და 10 ლიტერატურათმცოდნეს ესეის კოლექცია.

წინამდებარე ინტერვიუში წიგნის ავტორი ბლექველი ნაბუკოვის შემოქმედებასა და ცხოვრებაში ხელოვნებისა და მეცნიერების კვეთაზე საუბრობს:

რატომ არ აღიქვამდნენ ნაბოკოვის სამეცნიერო მოღვაწეობა სერიოზულად?

გააჩნია, მისი ცხოვრების რომელ ეტაპს დავაკვირდებით. სანამ აღიარებული მწერალი გახდებოდა ექსპერტები მას მოყვარულად აღიქვამდნენ ვინაიდან, როგორც ჩემმა კოლეგამ, კურტ ჯონსონმა, აღნიშნა, მისი ჰიპოთეზები იმ დროინდელ ავტორიტეტულ ტენდენციებთან წინააღმდეგობაში ხშირად მოდიოდა. და უკვე როცა საზოგადოებამ ნაბოკოვი გაიცნო, როგორც ხელოვანი სტერეოტიპულად გადაწყვიტეს, რომ სერიოზული მეცნიერი ვერ იქნებოდა.

რა გავლენა ჰქონდა მეცნიერებას მის შემოქმედებაზე და პირიქით?

პეპლებით 7 წლის ასაკში დაინტერესდა. შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ კი ლეპიდოპტეროლოგი გახდა და გარეგნული მახასიათებლების მიხედვით დახარისხების ნაცვლად, მწერების შინაგანი მექანიზმების შესწავლა დაიწყო, რამაც მისი ლიტერატურული ტექსტების სტრუქტურაც უფრო ღრმა და კომპლექსური გახდა. პეპლების ცალკეული სახეობების კლასიფიკაციის ძირითადი საშუალება სასქესო ორგანოებზე დაკვირვებაა, ამიტომაც ნაბოკოვი დიდ დროს უთმობდა მათ შესწავლას. შემდეგ კი ცდილობდა თავის ტექსტებზე მუშაობისას ბუნებისთვის მიებაძა და კვეთისას აღმოჩენილი ფაქიზი სტრუქტურები რომანებში გადაეტანა.

შეგიძლიათ გვითხრათ მეცნიერული სიზუსტის ერთი მაგალითი მისი შემოქმედებიდან? 

ჯეიმს რამიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობს “ფერმკრთალ ალში” აღმოჩენილ მინიშნებებზე, სტრატეგიულად დაშვებულ შეცდომებზე, რომლებსაც რომანის ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნამდე მივყავართ. ეს პატარა დეტალი მკითხველს მკვლევრის როლის მორგების შესაძლებლობას აძლევს. მინიშნებების ჯაჭვს ნაბოკოვი მექანიკური სიზუსტითა და ხელოვანისთვის სახასიათო მოხდენილობით აგებს.

რამ შთაგაგონათ ნაბოკოვის ილუსტრაციები ფართო საზოგადოებისთვის გაგეზიარებინათ?

დისერტაციის დაცვისას “საჩუქარზე” მუშაობისას არაერთი მეცნიერული დეტალი შევნიშნე. ამ დროს გამიჩნდა იდეა, ნაბოკოვის სამეცნიერო და სალიტერატურო გატაცებების კვეთა მეკვლია. საკითხს რაც უფრო ჩავუღრმავდი, მით მეტმა დეტალმა იჩინა თავი. მის ათასობით წერილსა და ჩანახატებში სხვადასხვა მეცნიერულ დაკვირვებას წავაწყდი და დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფერს დღის სინათლე უნდა ეხილა.

© არილი

Facebook Comments Box