ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  დრამატურგია,  თარგმანი

,,სულაკაურის გამომცემლობამ” ესქილეს ტრაგედიების სრული კრებული დაბეჭდა

,,სულაკაურის გამომცემლობამ’’ ესქილეს ტრაგედიების სრული კრებული დაბეჭდა. წიგნი შვიდი ტრაგედიას აერთიანებს. ესენია:„მავედრებელი ქალები“, „სპარსელები“, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“, ტრილოგია: „ორესტეა“და „მიჯაჭვული პრომეთევსი“. კრებულში ასევე შეტანილია ჩვენამდე მოუღწეველი დრამების ფრაგმენტები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ უმნიშვნელოვანეს გამოცემას თან ერთვის მთარგმნელის, ლევან ბერძენიშვილის ვრცელი წინასიტყვაობა, კომენტარები და ლექსიკონი.

ანტიკური თეატრის ერთადერთ გადარჩენილ ტრილოგიაზე საუბრისას ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს: ,,მან ავტორს პირველი ადგილი მოუტანა ძვ.წ. 458 წ. დიდი დიონისიების დღესასწაულზე გამართულ ტრაგიკოსთა ასპარეზობაზე. ეს იყო ესქილეს უკანასკნელი გამარჯვება სიცოცხლეში (ორი წლის შემდეგ ესქილე გარდაიცვალა, თუმცა მისი ტრაგედიები იმარჯვებდნენ ტრაგიკოსის სიკვდილის შემდეგაც). ბევრი მკვლევრის მიერ ,,ორიესტეა’’ მიიჩნევა ესქილეს შემოქმედების მწვერვალად. ტრილოგიის მთავარი თემაა კონტრასტი შურისძიებასა და სამართალს შორის, ისევე, როგორც გადასვლა პერსონალური ვენდეტიდან ორგანიზებულ სასამართლო დავაზე. (…) ,,ორესტეა’’ ესქილეს უკანასკნელი მცდელობაა, თავის წარმოდგენებსა და ათენელების ცნობიერებაში ერთმანეთთან შეარიგოს ბედისწერა და ღვთაებრივი სამართლიანობა. (…) ,,ორესტეის’’ სამიდან პირველი ტრაგედიაა ,,აგამემნონი’’, რომლის სიუჟეტსაც საფუძველი დაუდო ტროიდან ჩამოსული აგამემნონის მოკვლამ მეუღლის, კლიტემნესტრას მიერ. მეორე ტრაგედია, რომელსაც ეწოდება ,,ქოეფორები’’, გვიჩვენებს, რომ აგამემნონის ვაჟმა, ორესტემ, შური იძია მამის მკვლელობისთვის და მოკლა საკუთარი დედა, კლიტემნესტრა, რის გამოც ღმერთების რისხვა დაიმსახურა. მესამე ტრაგედიაში,,,ევმენისებში’’ ვხედავთ ორესტესს, რომელსაც დევნიან ერინისები, შურისძიების ქალღმერთები. (…) თუკი ყურადღებით მივადევნებთ თვალს ბედისწერის ყოვლისშემძლეობას მთელ ტრილოგიაში, რომელიც ჯერ არაადამიანურ სიხისტით ხასიათდება და ბოლოს სამართლიანობად იქცევა – შევძლებთ, დავინახოთ ესქილეს ამ შედევრის უჩვეულო სილამაზე. საქმე ისაა, რომ ,,ორესტეაში’’ კონფლიქტი ორ დონეზე მიმდინარეობს: აქ, მიწაზე და მიწის ქვეშ ერთმანეთს ეჯახება ადამიანური, ხოლო მიწასა და ზეცაში -ღვთაებრივი ინტერესები. (…) საბოლოო ჯამში, ადამიანურ-ღვთაებრივი კონფლიქტი გადაიზრდება ღირებულებათა კონფლიქტში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ფუნდამენტური ადამიანური ღირებულება: სისხლით ნათესაობა და კანონით გამყარებული მოყვრობა. საბოლოოდ გაიმარჯვებს კანონი და დამყარდება უნივერსალური სამართლიანობა. სიმფონიის ამ მაჟორული ფინალით დაემშვიდობა ესქილე ათენელ მაყურებელს.’’

© არილი

Facebook Comments Box