ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
ახლა, როდესაც დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც ესპანელებიც და მათი ელეგანტური თამაშით აღფრთოვანებული ადამიანებიც ბედნიერები არიან[1], როდესაც ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა რამდენიმე ქვეყანა, რომელთა გუნდებმა მოსალოდნელზე უკეთ, ან საშუალო დონეზე ითამაშეს ერთთვიანი ტურნირის განმავლობაში, წარუმატებელ ფეხბურთელთა თანამემამულენი ჯერ კიდევ ბობოქრობენ. ბევრ მათგანს სიცოცხლის ბოლომდე შეაცბუნებს მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ შეირცხვინა თავი მათმა გუნდმა ან როგორ იქცა ის აღმაშფოთებელი უსამართლობის მსხვერპლად. ამგვარი ეროვნული გუნდების გულშემატკივრები, ალბათ უფრო მეტად ეწამნენ, ვიდრე ნებისმიერი მარტვილი ეკლესიის ისტორიაში, და მაინც, საეჭვოა, რომ თუნდაც ერთი მათგანი მოხვდეს სამოთხეში – ისინი ხომ გალურჯებამდე იგინებოდნენ და იწყევლებოდნენ ყოველთვის, როდესაც მათი გუნდი მარცხს განიცდიდა.
ამას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყურადღებით ვადევნებდი თვალს, 1950 წელს ბრაზილიაში ჩატარდა. იუგოსლავიის გუნდი, რომლის გულშემატკივარიც ვიყავი, ტურნირის მასპინძლებმა რიო-დე-ჟანეიროში 142 000 მაყურებლის თვალწინ დაამარცხეს ანგარიშით 2:0. მახსოვს, როგორ გაიტანეს გოლები ბრაზილიელებმა – ადემირმა და ზიზინიომ და როგორ მიიღო ჩვენმა მთავარმა მოთამაშემ, რაიკო მიტიჩმა, თავის ტრავმა თამაშის წინ, როდესაც გვირაბიდან ფეხბურთის მინდორზე გამოდიოდა – სწორედ ამიტომ დავმარცხდით. თამაშის ტრანსლაციას რადიოთი ვუსმენდი, ან, უფრო ზუსტად, ვცდილობდი, მომესმინა, რადგან პირდაპირ ეთერში კომენტატორის ხმა კარგად არ ისმოდა. ამის შემდეგ ღამე თეთრად გავათენე. ვოცნებობდი, მომდევნო დილას გაზეთებში ამომეკითხა, რომ მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდა და რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.
მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდით, მაგრამ საკუთარი შეხედულება მქონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვეთამაშა ბრაზილიელებთან და რომელი მოთამაშეები უნდა ყოფილიყვნენ ჩვენს გუნდში. დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ვნატრობდი, განუწყვეტლივ გაგვეტანა გოლები. ჩვენ, ბიჭები, ქუჩაში ვთამაშობდით ხოლმე ფეხბურთს ნაჭრის ბურთით, რომელზეც ფეხი მაგრად უნდა დაგერტყა. ამდენად, ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ბურთი მცველების ირგვლივ უნდა გვეტარებინა და კარში შეგვეგდო (იუგოსლავიას ჰყავდა ბრწყინვალე მოთამაშე, დრაგოსლავ შეკულარაჩი, რომელიც იმხანად რამდენჯერმე მეთამაშა ქუჩაში. ლიონელ მესის მსგავსი შესანიშნავი დრიბლერი იყო და, როგორც ამბობდნენ, ასე იმიტომ დაოსტატდა, რომ, თავდაპირველად, ნაჭრის ბურთით თამაშობდა). ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელსაც ყეყეჩად მივაჩნდი, ერთხელ კლასში (მნიშვნელოვანი თამაშის წინ) მითხრა, ასე ამბობენ, უამრავი რამ გცოდნია ფეხბურთის შესახებო. ჩემი აზრი აინტერესებდა.
მეც ავდექი და ძალზე მჭევრმეტყველური ლექცია წავუკითხე იმის შესახებ, თუ როგორი შანსები გვქონდა რუსეთის გუნდთან თამაშის დროს. მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც გაფაციცებით მისმენდნენ.
ასეთი ბავშვები და მოზრდილები მოიძებნებიან ყველა ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი პოპულარულია. მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი კამათობენ მეგობრებთან თავიანთი ნაკრების შანსების შესახებ. ხან იმედები აღაფრთოვანებთ, ხან კი – სრული მარცხის შესაძლებლობა აშინებთ, რაც, უმეტეს შემთხვევებში, ხდება კიდეც (მეც მინდოდა, რომ სერბეთს გაემარჯვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენი თავდამსხმელების სიზანტე ხელს უშლიდა გუნდის წარმატებას. ამასთან, მრავალი წლის განმავლობაში “არსენალის” გულშემატკივარი ვარ და, ამიტომ, ხანგრძლივი ინგლისური სეზონის შემდეგ ენერგია აღარ მრჩება, რომ ვუგულშემატკივრო ნებისმიერ ეროვნულ გუნდს. უბრალოდ, ვტკბები ხოლმე კარგი თამაშის ყურებით). ჩემი აზრით, ამქვეყნად, ერთ-ერთი უდიდესი, ამოუხსნელი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: რატომ ხდება, რომ კლუბის თერთმეტი საკმარისად გაწაფული მოთამაშე თამაშის დაწყების წინ საზეიმო გამომეტყველებით დგას მოედანზე და ცრემლებსაც კი ღვრის, როდესაც ეროვნულ ჰიმნს უკრავენ, მომდევნო ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში კი მინდორზე სრულიად უაზროდ მოქმედებს? რამ მიიყვანა საფრანგეთის ფეხბურთი თვითგანადგურებამდე? რატომ თამაშობენ ინგლისელები ესოდენ უნიათოდ? რატომაა იტალიაში ფეხბურთი ამდენად პროგნოზირებადი? რატომ დამარცხდა ბრაზილია საკმაოდ ტლანქ ჰოლანდიელებთან თამაშის დროს? რატომ მოხდა, რომ თითქოს უძლეველი არგენტინელები უმწეოდ უყურებდნენ, როგორ გაიტანეს გერმანელებმა ოთხი გოლი?
იმის თქმა, რომ საუკეთესო გუნდი იმარჯვებს, არ აკმაყოფილებს ათეულობით მილიონ იმედგაცრუებულ გულშემატკივარს. მარცხის მიზეზებს გულშემატკივრები ამგვარად განმარტავენ ხოლმე:
1. ყველაფერში დამნაშავეა მსაჯი, რომელიც ან არაკომპეტენტურია, ან ზეწოლას განიცდის ფიფას ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც მნიშვნელოვანი თანხების გაღების მეშვეობით კარნახობს მსაჯებს, ვინ უნდა გაიმარჯვოს ფინალში.
2. ჩვენი მწვრთნელი ბრიყვია – საუკეთესო მოთამაშეები მოედანზე არ გამოიყვანა და თავის გუნდს უბრძანა შეეეტიათ მოწინააღმდეგისთვის, როდესაც მათ თავი უნდა დაეცვათ, და ურჩია, ფრთხილად ეთამაშათ, როდესაც ისინი შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ.
3. ჩვენი მოთამაშეები გაქსუებული “პრიმადონები” არიან, რომელთაც ზედმეტ ფულს უხდიან და რომლებსაც არ ძალუძთ სრული კონცენტრირება თამაშზე, რადგან თავში მხოლოდ სატრფოები, აგარაკები და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული მილიონები უტრიალებთ.
4. ნაციონალისტების აზრით, წარუმატებლობის უპირველესი მიზეზია ერის დაკნინება. ყველა ჯურის იმიგრანტმა მოთამაშეებმა განაზავეს და დედაკაცთა ხროვად აქციეს ეროვნული გუნდი. უკვე აღარ ვიცით, როგორ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ერთად, როგორც ადრე ვიქცეოდით.
ეს მიზეზები (მეოთხის გარდა, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა) სიმართლის მარცვალს შეიცავს. თანამედროვე ტექნოლოგიისა და ტელევიზიის სამაუწყებლო კომპანიების წყალობით შეგვიძლია დავაკვირდეთ ყველა თამაშს სხვადასხვა რაკურსიდან. მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილებები – რაც ფეხბურთში იშვიათი მოვლენა როდია – ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და ძვირადღირებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თვით საუკეთესო მწვრთნელებმაც – მაგალითად, ინგლისში ფაბიო კაპელომ და ბრაზილიაში დუნგამ – ვერ შეძლეს თამაშის გადამწყვეტი მომენტების სწორად შეფასება და ვერ განახორციელეს სწორი ტაქტიკური ცვლილებები. რაც შეეხება მრავალი გუნდისა და შესანიშნავ ფეხბურთელთა დუნე თამაშს, რა უნდა გაეწყოთ მათ მოედნის პერიფერიაზე?
არგენტინელი მწვრთნელი მარადონა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით კოცნიდა თითოეულ მოთამაშეს, მაგრამ სიყვარულის ამ საჯარო გამოვლინებამ ვერაფერი უშველა მის გუნდს გერმანელებთან (რომლებიც ყოველთვის არაჩვეულებრივად მიზანმიმართულად თამაშობდნენ, თუმცა მათ მწვრთნელს, იოაჰიმ ლიოვს უმეტესწილად გულგრილი გამომეტყველება ეფინა სახეზე). საფრანგეთში, გუნდის მარცხის გამო, საკანონმდებლო ორგანომ გამოძიება მოითხოვა და პრეზიდენტმა სარკოზიმ გუნდის ერთ-ერთი ძველი მოთამაშე პირისპირ საუბრისთვის გამოიძახა თავის სასახლეში, ელისეს მინდვრებზე. ეს სრულიად ზედმეტი გახლდათ – პარიზშიც და მარსელშიც ყველა ოფიციანტმა და ტაქსისტმა იცოდა, რომ ეროვნული ნაკრებისL მწვრთნელი, რომელიც, თავისი არჩევანისა და ტაქტიკის შერჩევისას, როგორც ჩანს, ასტროლოგის რჩევებს ეყრდნობოდა, გაბღენძილი ყეყეჩი იყო.
2010 წლის 19 ივლისი. ნაშუადღევის 4სთ. 20 წთ.
© “არილი”
[1] სტატია დაწერილია 2010 წელს, გამოქვეყნდა The New York Review of Books-ში.