ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
ბავშვობაში, სლოკინი რომ ამიტყდებოდა, დედაჩემი უკანა კარის გასაღებს გამოიტანდა, კისერთან საყელოს გადამიწევდა და ცივი ლითონის ნივთს ზურგზე ჩამისრიალებდა ხოლმე. მაშინ ეს ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურა მეგონა, რომლის შესრულება დედებსაც შეეძლოთ. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ დავფიქრდი იმაზე, სლოკინის შეწყვეტას, უბრალოდ, ყურადღების გადატანა ხომ არ იწვევდა. ალბათ მედიცინის ენაზე ამას სხვა ახსნაც მოეძებნებოდა – ერთი შეგრძნება ხომ უშუალოდ ზემოქმედებს მეორე შეგრძნებაზე.
ოცი წლისა უიმედოდ ვიყავი შეყვარებული ერთ გათხოვილ ქალზე, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მიყვარდა და რა სურვილები მწვავდა. აი, სწორედ ამ დროს კანზე რაღაც დამემართა – რაღაც სენი შემეყარა, რომლის სახელიც აღარ მახსოვს. მაჯებიდან კოჭებამდე ტანი ერთიანად ამიწითლდა. პირველ დღეებში ქავილს კალამინიანი ლოსიონიც ვერ მიქრობდა, მერე კანი ნელ-ნელა ამექერცლა, ბოლოს კი ერთიანად გადამძვრა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეწარმავალივით ტყავი გამოვიცვალე. სად აღარ ეყარა ჩემი წვრილ-წვრილი ნაფლეთები: ჩემსავე პერანგებსა თუ შარვლებზე, საწოლის თეთრეულზე, ხალიჩაზე. მხოლოდ სახე არ მეწვოდა და არ მექავებოდა და კიდევ – ხელის მტევნები, ტერფები და საზარდული. ექიმისთვის არ მიკითხავს, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი და არც იმ ქალისთვის ამიხსნია სიყვარული.
როცა ცოლს გავშორდი, ჩემმა ექიმმა მეგობარმა, ბენმა მთხოვა, ერთი, შენი ხელები მაჩვენეო. ვკითხე, თანამედროვე მედიცინა ისევ ქირომანტიასა და წურბელებით მკურნალობას ხომ არ დაუბრუნდა-მეთქი და ისიც დავამატე, თუ ასეა, მაშინ ასტროლოგია, ჰუმორალიზმი და მაგნეტიზმის თეორია კარგა შორს ჩამოუტოვებია-მეთქი. მან კი მიპასუხა, შენი ხელის მტევნებისა და თითის წვერების ფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრს სვამო.
ცოტა ხნის შემდეგ დავეჭვდი: იმიტომ ხომ არ მომატყუა, რომ ნაკლები დამელია. ვკითხე, მაშინ იხუმრე თუ უბრალოდ, მიხვდი-მეთქი. ხელის მტევნები ამომიბრუნა, ხელისგულებზე დამხედა და კმაყოფილების ნიშნად, თავი დაიქნია. მითხრა: გადავხედავ ერთი, გასათხოვარ ქალ ექიმებს შორის ვინმე ისეთი ხომ არ არის, ვისაც შენზე გული მიუვა და ძალიან აუტანელიც არ მოეჩვენებიო.
ის ქალი სწორედ ბენის წვეულებაზე გავიცანი. დედასთან ერთად იყო მოსული. დაკვირვებიხართ წვეულებაზე ერთად მოსულ დედებს და ქალიშვილებს? გიცდიათ იმის გარკვევა, ვინ ვისზე ზრუნავს? ქალიშვილი დედას იქაურობას ათვალიერებინებს თუ დედა ეძებს იმ კაცებს, რომლებსაც მისი ქალიშვილი გულში ჩაუვარდებათ? იქნებ ასეც არის და ისეც. მაშინაც კი, როდესაც საუკეთესო მეგობრებივით იქცევიან, მათ ურთიერთობაში ზედმეტი ფორმალურობა მაინც შეინიშნება. უკმაყოფილებას საერთოდ არ გამოთქვამენ, ან მეტისმეტად ცხადად გამოხატავენ: თვალებს აატრიალებენ, თეატრალურ პოზას მიიღებენ და ამბობენ: “ვერც კი ამჩნევს, აქ თუ ვარ”.
ერთად ვიდექით და ვიღაც მეოთხეც იდგა ჩვენ გვერდით – აღარ მახსოვს, ვინ იყო. ის ქალი პირისპირ, დედამისი კი მარცხნივ მედგა. ვცდილობდი, ბუნებრივად მოვქცეულიყავი, ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ და აი, ეს კაცი ყველასთვის მისაღები ყოფილიყო, დიდად სასიამოვნო თანამოსაუბრე თუ ვერ იქნებოდა. იმას ვგულისხმობ, დედის თვალში სასიამოვნო თანამოსაუბრედ თუ ვერ გამოჩნდებოდა. იმდენად გამბედავი არ ვიყავი, რომ ქალის გული ასე პირდაპირ მომეგო, მით უფრო, სხვების თანდასწრებით. არ მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ საუბარი კი მშვენივრად ავაწყვეთ – ალბათ იმ დავიწყებულმა მეოთხემ იმარჯვა. ჰოდა, აი, რა მახსოვს: ქალს მარჯვენა მკლავი ჩამოშვებული ჰქონდა და როდესაც დაინახა, რომ შევხედე, ჩუმად მაჩვენა მწეველების ჟესტი – საჩვენებელი და შუა თითები გამოშლილი და ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული რომ არის, ცერი და დანარჩენი თითები კი მოღუნული და დამალულია. გავიფიქრე, ექიმი რომ ეწევა, ეს კარგი ნიშანია-მეთქი. საუბრის დროს “მარლბორო ლაითის” კოლოფი ამოვიღე და მისთვის არც შემიხედავს – ხელი მეც ჩამოშვებული მქონდა და ყველაფერს ისე ვაკეთებდი – ერთი ღერი სიგარეტი ამოვაძრე, კოლოფი ისევ ჯიბეში ჩავიდე, ის ღერი ფილტრით დავიჭირე, დედამისის ზურგს უკან გავაცურე და ვიგრძენი, როგორ გამომაცალეს თითებიდან. შევნიშნე, რომ ქალი შეყოვნდა და ხელი ისევ ჯიბეში ჩავიყავი, ახლა ასანთის თხელი კოლოფი ამოვიღე, იმ ბოლოთი დავიჭირე, რომელზე გაკვრითაც ცეცხლი ჩნდება და ისევ ვიგრძენი, როგორ გამომაცალეს თითებიდან. მერე დავინახე, როგორ მოუკიდა, როგორ შეისუნთქა ბოლი, როგორ დახურა ასანთის კოლოფი და დედამისის ზურგს უკან გამომიწოდა. ფრთხილად გამოვართვი – ისევ იმ ბოლოთი, რომლითაც გავუწოდე.
ისიც უნდა ვთქვა, რომ დედამისისთვის ცხადზე ცხადი იყო, რასაც ვაკეთებდით. მას არაფერი უთქვამს, არც ამოუოხრია, არც მკაცრად შემოუხედავს, არც ნარკომოვაჭრეობაში ვუმხელივარ. ამის გამო მაშინვე მომეწონა და გავიფიქრე, რომ ეს ქალი ჩემი და მისი ქალიშვილის თანამზრახველობას ამართლებდა. იქნებ სულაც სტრატეგიული მიზნით, განზრახ შეგვაქცია ზურგი. თუმცა ეს სულ არ მანაღვლებდა, უფრო სწორად, მეგონა, რომ არ მანაღვლებდა და მერჩივნა, უბრალოდ, მისი თანხმობა მიმეღო. არა, სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. დედამისი რა შუაში იყო?! მთავარი ის სამი წამი იყო, როდესაც ნივთმა ერთი ადამიანის თითებიდან მეორის თითებში გადაინაცვლა.
იმ საღამოს და მომდევნო კვირებშიც ქალს ამაზე მეტად ვერ მივუახლოვდი.
გითამაშიათ ის თამაში, როცა თვალდახუჭულები ან თვალახვეულები წრეში სხედხართ და მხოლოდ შეხებით უნდა გამოიცნოთ, რა ნივთი გიჭირავთ ხელში? მერე სხვას რომ უნდა გადააწოდოთ ის ნივთი და იმ სხვამაც რომ უნდა გამოიცნოს? ვარაუდებს მანამდე არ ამხელთ, სანამ პასუხს ყველა მოთამაშე არ მოიფიქრებს, ბოლოს კი ყველა ერთად ამბობთ. ბენმა მითხრა, ერთხელ, თამაშის დროს, მოცარელა ჩამოატარეს და სამმა მოთამაშემ თქვა, ძუძუს იმპლანტანტიაო. შეიძლება ასე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები გეხუმრონ, მაგრამ როცა თვალებს ხუჭავ, რაღაცნაირად უფრო დაუცველი ხდები და წარმოსახვაც შავ-ბნელ სურათებს წამოგიშლის – განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩამოტარებული ნივთი რბილი და სლიპინაა. ეს თამაში ბევრჯერ მითამაშია და გამოსაცნობად ყველაზე რთული რამ, რაც ყველას გულს გაუხეთქავდა, გათლილი ჩინური ხილი – ლიჩი იყო.
არ ვიცი, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ – ათი? თხუთმეტი? – რაც ბრუტალისტურად დადგმული “მეფე ლირი” ვნახე იმ სცენაზე, რომლის სიღრმეშიც მხოლოდ აგურის კედლები იყო აღმართული. არ მახსოვს, ვინ დადგა ან მთავარ როლს ვინ თამაშობდა, მაგრამ გლოსტერის დაბრმავება კი კარგად მახსოვს. ამ დროს გრაფი, ჩვეულებრივ, ხელებშეკრული და სკამზე დამხობილია ხოლმე. კორნუოლი მსახურებს ეუბნება: “მოდით, დამიჭით”*, მერე კი გლოსტერს მიმართავს: “ჯერ მაგ შენს თვალებს გაგისრესავ ჩემის ფეხითა”. ერთ თვალს ამოსთხრის და უცებ რეგანას შემზარავი სიტყვები ისმის: “მეორეცა და!… თორემ დაშრეტილს თვალს დაუწყებს იგი დაცინვას”. რამდენიმე წუთში ცნობილი რეპლიკის დრო დგება: “გა და გაერთხი დედამიწას, მურტალო ლორწო!” გლოსტერს ფეხზე წამოაყენებენ და ყველა ხედავს, როგორ ჩამოსდის სახეზე რაღაც სისხლის მსგავსი.
იმ წარმოდგენაში, მე რომ ვნახე, გლოსტერს თვალებს კულისებში სთხრიან. მახსოვს, როგორ იქნევდა ფეხებს, რომლებიც აგურის ერთ-ერთი კედლის უკნიდან ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა შეიძლება ეს ჩემი წარმოსახვის ნაყოფიც იყოს. მახსოვს გლოსტერის კივილი, რომელიც წარმოუდგენლად თავზარდამცემი იყო იმის გამო, რომ კულისებიდან ისმოდა – ალბათ ის, რასაც ვერ ხედავ, უფრო მეტად გაშინებს, ვიდრე ნანახი. პირველი თვალის ამოთხრის შემდეგ ეს თვალი სცენაზე გადმოადგეს. წარმოსახვით – გონების თვალით – ახლაც ვხედავ, როგორ მოგორავს ის მაყურებლებისკენ და სულ ოდნავ პრიალებს კიდეც. ისევ კივილი და ახლა მეორე თვალი გადმოადგეს აგურის კედლის უკნიდან.
მიხვდებოდით, ესენი გათლილი ჩინური ლიჩები იყო და სხვა არაფერი. მერე კი, აი, რა მოხდა: აწოწილმა და ერთიანად გამხეცებულმა კორნუოლმა სცენაზე გამოალაჯა, ლიჩები მოძებნა და გლოსტერს თვალები მეორედ დაუვსო – სულ ფეხით ჩაუჩეჩქვა.
კიდევ ერთი თამაში მახსენდება, რომელსაც მაშინ ვთამაშობდი, დაწყებითი სკოლის ერთი სლოკინა მოსწავლე რომ ვიყავი. დილის შესვენებაზე ავტორალებში მონაწილე ავტომობილების მოდელებს ვაჯიბრებდით ხოლმე ასფალტით დაფარულ მოედანზე. ლითონისგან ჩამოსხმული ოთხდუიმიანი მანქანები იყო, წითელი რეზინის საბურავებით, რომლებსაც სულ იოლად მოხსნიდი, თუ თამაშის დროს მანქანის გარაჟში გაჩერება და ნაწილების გამოცვლა მოგინდებოდა. სათამაშოებიც ისეთივე ხასხასა ფერებად იყო შეღებილი, როგორც ავტორალებში მონაწილე იმდროინდელი მარკები: ალისფერი “მასერატი”, მწვანე “ვანუოლი”, ცისფერი… ალბათ რომელიმე ფრანგული მარკა.
მარტივი თამაში იყო: ვისი მანქანაც ყველას გაასწრებდა, მოგებულიც ის იყო. ცერს მოგრძო კაპოტის შუაში აჭერდი და დანარჩენ თითებს ოდნავ ღუნავდი, მერე კი, დათქმულ ნიშანზე, მანქანას ცერით სწრაფად უბიძგებდი ისე, რომ წინ, რაღაც მანძილზე გასრიალებულიყო. არსებობდა გარკვეული ტექნიკა, რომლის წყალობითაც მანქანისთვის მაქსიმალური ბიძგის მიცემა შეგეძლო. არსებობდა საფრთხეც, რომ შუა თითის სახსარი, რომელიც მოედნის ასფალტს მხოლოდ ერთი დუიმით სცდებოდა, მას გაეხახუნებოდა, კანი გადაგეგლიჯებოდა და ავტორალს გამოეთიშებოდი. ნატკენ ადგილას კანი მოგიხმებოდა და ახლა სხვანაირად უნდა დაგეჭირა ხელი, საფრთხეში მეოთხე თითის სახსარი უნდა ჩაგეგდო. თუმცა ასე საჭირო სისწრაფეს ვერ აღწევდი და ამიტომ მალევე უბრუნდებოდი ჩვეულ ტექნიკას, რომლის დროსაც ისევ შუა თითის იმედი გქონდა. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ახლად პირმომხმარ იარაზე კანი ხელმეორედ გძვრებოდა.
მშობლები სწორ გაფრთხილებებს არასდროს გაძლევენ, არა? ან მხოლოდ მაშინ გაფრთხილებენ, თუ საფრთხე იქვე, იმავე წამს გემუქრება. მარჯვენა შუა თითის სახსარს გიხვევენ და გეუბნებიან, თუ არ გაფრთხილდი, შეიძლება ინფექცია შეგეჭრასო. გიხსნიან, რომ კბილის ექიმი კი გატკენს, მაგრამ ეს ტკივილი მალე გაგივლის. საგზაო მოძრაობის წესებს გასწავლიან, ყოველ შემთხვევაში, იმ წესებს მაინც, რომლებიც მცირეწლოვანმა ქვეითად მოსიარულეებმა უნდა იცოდნენ. ერთხელ მე და ჩემი ძმა ქუჩაზე უნდა გადავსულიყავით, როცა მამამ მტკიცე ხმით გვითხრა: “დადექით ტროტუარის ნაპირზე!” მაშინ იმ ასაკში ვიყავით, როცა ენის პრიმიტიულად აღქმას მისი შესაძლებლობებით გამოწვეული თავბრუსხვევა ემატება. მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთს შევხედეთ და დავიყვირეთ: “თათები ტროტუარის ნაპირზე!” მერე კი ჩავიცუცქეთ და გაშლილი ხელები ქუჩისა და ტროტუარის გამყოფ ზოლზე დავაწყვეთ. მამას ეს დიდ სისულელედ მოეჩვენა, ალბათ იმის გამოთვლაც კი დაიწყო, რამდენ ხანს ვიმასხრებდით ასე.
ბუნება გვაფრთხილებდა, მშობლები გვაფრთხილებდნენ. მივხვდით, რომ სახსართან კანის მოშუშება და ქუჩაში მოძრაობის წესების ცოდნა საჭირო იყო. ვისწავლეთ, რომ კიბეზე ასვლისას ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რათა ცუდად დაფენილი საფენისთვის ფეხი არ წამოგვეკრა. ერთხელ ბებომ კინაღამ კისერი მოიტეხა, როცა ერთ-ერთი თითბერის ჯოხი, კიბეზე დაფენილ ხალიჩას რომ აკავებდა, მორიგი ყოველწლიური გაპრიალების შემდეგ წესიერად არ დაამაგრეს. ვისწავლეთ, რომ შეიძლება თხელი ყინული ჩაგვიტყდეს, შეიძლება ზამთარში კიდურები მოგვეყინოს, თავზეხელაღებულმა ბიჭებმა კი შეიძლება კენჭები და საპარსი ფირფიტები ჩადონ თოვლის გუნდებში, თუმცა მსგავს რამეებს არასდროს გადავყრივართ და არც ეს გაფრთხილებები გამოგვდგომია. ვისწავლეთ, რომ ჭინჭარსა და ნარშავას უნდა ვერიდოთ, რომ ისეთი უწყინარი რამეც კი, როგორიც ბალახია, შეიძლება უცებ ქაღალდივით აალდეს და ცეცხლში გაგვხვიოს. გაგვაფრთხილეს, რომ დანებსა და მაკრატლებს ხიფათის მოტანა შეუძლიათ, ისევე, როგორც ერთმანეთზე გადაბმულ ფეხსაცმლის ზონრებს. გაგვაფრთხილეს, შეიძლება სხვანაირმა კაცებმა ავტომობილებში ან სატვირთო მანქანებში შეგიტყუონო, ჩვენ კი წლები დაგვჭირდა იმის მისახვედრად, რომ “სხვანაირი” არ ნიშნავდა “უცნაურად ჩაცმულს”, “კუზიანს”, “დორბლიანს”, “ჩიყვიანს” – კიდევ როგორი შეიძლება იყოს სხვანაირი ადამიანი? – ამ შემთხვევაში, ის, უბრალოდ, “სხვას, უცნობს” ნიშნავდა. გაგვაფრთხილეს, ცუდ ბიჭებს არ გადაეყაროთო, მოგვიანებით დაამატეს – არც ცუდ გოგოებსო. Bუნებისმეტყველების მასწავლებელმა მორცხვად გვითხრა, ვენერიულ სნეულებებს უფრთხილდითო და თან შეცდომით აგვიხსნა, რომ ამ სნეულებებს “აღვირახსნილი სექსუალური კავშირი” იწვევდა. გაგვაფრთხილეს, რომ ღორმუცელები და ზარმაცები არ უნდა ვყოფილიყავით და სკოლის მოლოდინი არ უნდა გაგვეცრუებინა, რომ ძუნწები და ხარბები არ უნდა ვყოფილიყავით და ოჯახის მოლოდინი არ უნდა გაგვეცრუებინა, რომ შურიანები და რისხვით ანთებულები არ უნდა ვყოფილიყავით და სამშობლოს მოლოდინი არ უნდა გაგვეცრუებინა.
არავის გავუფრთხილებივართ, რომ შეიძლებოდა საყვარელ ადამიანს ჩვენთვის გული ძალიან ეტკინა.
ზემოთ სიტყვა “თანამზრახველობა” ვიხმარე. მომწონს ეს სიტყვა. ჩემთვის ის ორ ადამიანს შორის უსიტყვო გაგებას, თუ გნებავთ, სიახლოვის ერთგვარ წინათგრძნობასაც კი აღნიშნავს. ეს პირველი ნიშანია, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდო, სანამ იმ გრძელ გზას შეუდგები, რომლის გავლისასაც თანდათან გაარკვევ, გაქვთ თუ არა “საერთო ინტერესები”, ერთნაირი მეტაბოლიზმი, სექსუალურად შეთავსებადი წყვილი ხართ თუ არა, ორივეს გინდათ შვილების ყოლა თუ არა – განა სწორედ ასეთი გაცნობიერებული რამეებით არ ვამართლებთ ხოლმე გაუცნობიერებლად მიღებულ ჩვენს გადაწყვეტილებებს? მერე, როცა უკან მოვიხედავთ, გავაფეტიშებთ და ცამდე ავიყვანთ პირველ შეხვედრას, პირველ კოცნას, ერთად გატარებულ პირველ უქმეებს, სინამდვილეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რაც საჯაროდ გაცხადებულ ამბამდე მოხდა: ის წამი, როცა ფიქრს წინ გრძნობამ გაუსწრო და… ჰო, ამ ქალთან… ჰო, ამ კაცთან…
წვეულებიდან ერთ-ორ დღეში ბენისთვის ამის ახსნა ვცადე. ბენმა, რომელიც კროსვორდების მოყვარული, ლექსიკონებზე შეყვარებული პედანტია, განმიმარტა, რომ “თანამზრახველობა” დანაშაულში, ცოდვაში ან რაიმე უღირს ქმედებაში თანამონაწილეობას გულისხმობს. ის რაღაც ცუდის ერთობლივად დაგეგმვას ნიშნავს.
მე კი მირჩევნია, ისე ვიხმარო ეს სიტყვა, როგორც მესმის. ჩემთვის ის რაღაც კარგის ერთობლივად დაგეგმვას ნიშნავს. მე და ის ქალი თავისუფალი, ზრდასრული ადამიანები ვიყავით და შეგვეძლო, გადაწყვეტილებებიც თავად მიგვეღო. აქამდე რაღაც ცუდის დაგეგმვაზე ვინმემ რამე თქვა?
კინოში წავედით. ჯერ კიდევ არ მქონდა მკაფიო წარმოდგენა ამ ქალის ხასიათსა თუ ჩვევებზე. ვერ გეტყოდით, პუნქტუალური იყო თუ არაპუნქტუალური, უდარდელი იყო თუ ნერვიული, დამთმობი იყო თუ მომთხოვნი, მხიარული იყო თუ დეპრესიული, საღად აზროვნებდა თუ მაგრად ჰქონდა გარეკილი. შეიძლება ამას უხეშად ვამბობ – მეორე ადამიანის გაგება ხომ პასუხების გასწვრივ ცარიელი გრაფების შევსება არ არის. სულ თავისუფლად შეიძლება, რომ ის მხიარულიც იყოს და დეპრესიულიც, უდარდელიც იყოს და ნერვიულიც. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ქალის ხასიათის ძირითადი თავისებურებების გარკვევას ვცდილობდი.
დეკემბრის ცივი შუადღე იყო. კინოში მანქანებით ცალ-ცალკე მივედით, რადგან შეიძლებოდა ის ნებისმიერ წუთს საავადმყოფოში გამოეძახებინათ. ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი, თან მის რეაქციებს ფხიზლად ვაკვირდებოდი: ღიმილი, სიჩუმე, ცრემლები, ძალადობის სცენების დროს შეკრთომა – ეს ყველაფერი უხმო ნიშნები იქნებოდა, რომლებიც ინფორმაციას მომაწვდიდნენ. კინოთეატრში საკმარისი სითბო არ იყო და სანამ იქ ვისხედით და სავარძლის სახელურზე იდაყვები გვერდიგვერდ გვედო, იმაზე ვფიქრობდი, თუ რა იყო ჩემსა და ამ ქალს შორის. პერანგის სახელო, სვიტერი, ქურთუკი, საწვიმარი ლაბადა, დაბამბული ქურთუკი, ჯემპრი – სხვა რა? ნუთუ მეტი არაფერი იყო სხეულიდან სხეულამდე? მაშ, სულ ექვსი ფენა ყოფილა ჩვენ შორის, იქნებ შვიდიც, თუ პერანგის ქვეშ რაღაც გრძელმკლავიანი ეცვა.
ფილმი დამთავრდა. მისი მობილური ტელეფონი არც კი შერხეულა. მომწონდა, როგორ იცინოდა. უკვე ბნელოდა, გარეთ რომ გამოვედით. მანქანებისკენ ნახევარი გზა გავლილი გვქონდა, როცა გაჩერდა, მარცხენა ხელი ასწია და ხელისგული მაჩვენა.
– შეხედე, – მითხრა.
არ ვიცოდი, რისთვის უნდა შემეხედა: ალკოჰოლიზმის კვალი უნდა მეძებნა თუ სიცოცხლის ხაზი? ახლოს მივედი და ქუჩაში მიმავალი მანქანების შუქზე შევნიშნე, რომ მისი საჩვენებელი თითის, შუა თითისა და არათითის წვერებს მოყვითალო ფერი ედო.
– ოცი იარდი გავიარე ისე, რომ ხელთათმანები არ მკეთებია, – მითხრა, – იმის მერე ასე მემართება.
სინდრომის სახელიც თქვა. ამის მიზეზი სისხლის მიმოქცევის დარღვევა იყო, სიცივის დროს სისხლძარღვები ვიწროვდებოდა და სისხლს მცირე რაოდენობით ატარებდა.
ჯიბეებში ხელთათმანები მოძებნა: როგორც მახსოვს, მუქი ყავისფერები იყო. ცოტა არ იყოს, უმიზნოდ ჩაიცვა, მერე კი თითები ერთმანეთს გადააჭდო, რათა შალის ქსოვილი თითოეულის ძირამდე ჩასულიყო. გავისეირნეთ, ფილმი განვიხილეთ, შევჩერდით, ერთმანეთს გავუღიმეთ, ისევ შევჩერდით და ერთმანეთს დავშორდით. ჩემი მანქანა მისი მანქანიდან ათი იარდის დაშორებით იყო გაჩერებული. როცა კარს ვაღებდი, დავინახე, რომ ის ისევ ტროტუარზე იდგა და ქვემოთ იხედებოდა. ორიოდე წამს მოვიცადე, მერე კი გადავწყვიტე, რომ რაღაც დაემართა და ისევ მასთან დავბრუნდი.
– მანქანის გასაღები, – ისე მითხრა, ჩემთვის არ შემოუხედავს. იქაურობა ცუდად იყო განათებული და ქალი ჩანთაში იქექებოდა, რაღაცას ასე, ხელით ეძებდა.
– რა დებილი ხარ, რა, – მოულოდნელი გააფთრებით თქვა.
წამით დავიჯერე, რომ მე მეუბნებოდა. მერე მივხვდი: მხოლოდ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები – იმაზე, რომ გასაღებს ვერ პოულობდა და ალბათ იმაზეც, რომ მის გაბრაზებას მე შევესწარი. ჩემს თვალში კი ამ ქალს არაფერი დაკლებია. იქ რომ ვიდექი და მის თავგანწირულ მცდელობას ვუყურებდი, ორი რამ მოხდა: რაღაც ისეთი ვიგრძენი, რასაც სინაზეს დავარქმევდი, ასეთი მძაფრი რომ არ ყოფილიყო და ეს ჩემი სირიც მოულოდნელად ამიდგა.
გამახსენდა, კბილის ექიმმა ნემსი პირველად რომ გამიკეთა. სანამ გამაყუჩებელი იმოქმედებდა, ის კაცი გარეთ გავიდა, ცოტა ხანში კი ოთახში ენერგიულად შემოაბიჯა, პირში თითები ჩამიყო, იმ კბილის ძირი მომისინჯა, რომლის ამოღებასაც აპირებდა და მკითხა, რამეს თუ გრძნობო. გამახსენდა ის გაშეშება, რომელიც მაშინ გემართება, როცა ძალიან დიდხანს ზიხარ ფეხზე ფეხშემოდებული. გამახსენდა იმ ექიმების მონათხრობი, რომლებსაც პაციენტისთვის ფეხში ქინძისთავი უჩხვლეტიათ, იმას კი საერთოდ ვერაფერი გაუგია.
ძალიან მინდოდა, მცოდნოდა: უფრო გამბედავი რომ ვყოფილიყავი, მარჯვენა ხელი ისე რომ ამეწია, როგორც ქალმა ასწია მარცხენა, ხელისგული ფრთხილად რომ მიმედო მის ხელისგულზე, თითებით მის თითებს ისე რომ შევხებოდი, როგორც შეყვარებულებს სჩვევიათ, მერე კი ჩემი საჩვენებელი თითის, შუა თითის და არათითის წვერები მისი ამავე თითების წვერებისთვის რომ მიმედო, ნეტა რამეს იგრძნობდა? ნეტა რა შეგრძნებაა, როცა ვერაფერს გრძნობ? საინტერესოა, ის რას იგრძნობდა და მე რას ვიგრძნობდი. ის ხედავს, როგორ ვეხები თითებით მის თითებს და ვგრძნობ ამ შეხებას, მაგრამ ვიცი, რომ ვერაფერსაც ვერ გრძნობს.
და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს კიდევ ერთ შეკითხვას ვუსვამდი, უფრო მრავლისმომცველსა და შემაშფოთებელს.
იმაზეც ვფიქრობდი, როცა ერთ ადამიანს ხელთათმანები აცვია და მეორეს არა – რა შეგრძნებაა, კანს რომ შალი ედება და შალს კანი?
ვცდილობდი, ყველა ის ხელთათმანი წარმომედგინა, რომელსაც ჩაიცვამდა, ახლაც და მომავალშიც, თუ საერთოდ იქნებოდა ისეთი მომავალი, რომელშიც მეც ვიგულისხმებოდი.
ყავისფერი შალის ხელთათმანები უკვე ნანახი მქონდა. გადავწყვიტე, რომ, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენიმე წყვილი სხვადასხვა ფერის ხელთათმანი უნდა ჰქონოდა. ცივი დღეებისა და ღამეებისთვის ამობრუნებული ტყავის თბილი ხელთათმანები ექნებოდა, რომლებიც, ჩემი წარმოდგენით, შავი უნდა ყოფილიყო – მის შავ თმას ასეთი მოუხდებოდა – ჭრელი კურდღლის ბეწვით გაწყობილი, სათითურების გაყოლებაზე მსხვილი თეთრი ნაკერით. ალბათ ერთი წყვილი ისეთი ხელთათმანიც ექნებოდა, თათებს რომ ჰგავს – ცერისთვის გამოყოფილი სათითურით, დანარჩენი თითებისთვის კი ერთიანი გასაყოფით.
სამსახურში, სავარაუდოდ, ქირურგის ხელთათმანები ეცმეოდა – თხელი ლატექსისა, რათა, რაც შეიძლება, მცირე ბარიერი ყოფილიყო ექიმსა და პაციენტს შორის, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესი ბარიერიც კი მთლიანად სპობს სხეულების შეხებისას გაჩენილ განცდას. ქირურგებს მჭიდროდ მორგებული ხელთათმანები აცვიათ, დანარჩენ ექიმებსა თუ ექთნებს კი – ნაკლებად მოჭერილი, აი, ისეთი, დელიკატესების მაღაზიებში მომუშავეები რომ იცვამენ, როცა ლორს სპეციალური მბრუნავი საჭრელით თხელ ნაჭრებად ჭრიან.
ნეტა მებაღეობით გატაცებული ხომ არ იყო, ან მომავალში ხომ არ იქნებოდა? ალბათ სწორედ ლატექსის ხელთათმანებს ჩაიცვამდა გაფხვიერებულ მიწაზე მსუბუქი სამუშაოების შესრულებისას, ბოლქვების, ჩითილებისა და ნორჩი ფოთლების გადარჩევისას. თუმცა მერე, შედარებით მძიმე სამუშაოებისთვის, უფრო გამძლე ხელთათმანებიც დასჭირდებოდა – ალბათ თხელი ტყავისგან და დაზოლილი ბრეზენტისგან შეკერილი – გასხვლისთვის, მოფოცხვისთვის, ხვართქლისა და ჭინჭრის ფესვიანად დაგლეჯისთვის.
ნეტა ისეთ ხელთათმანებს თუ იცვამდა, რომლებსაც თითების გასაყოფები წაჭრილი აქვთ? მათ ჩაცმაში დიდ აზრს ვერსადროს ვხედავდი. ვინ იცვამს ასეთებს, რუსი მემარხილეებისა და იმ ბებერი ძუნწების გარდა, დიკენსის სატელევიზიო ეკრანიზაციებში რომ გვხვდებიან? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რაც ამ ქალს თითის წვერებზე დაემართა, საფიქრებელია, რომ ასეთებს არ ჩაიცვამდა.
ნეტა სისხლის მიმოქცევა ტერფებშიც დარღვეული ხომ არ ჰქონდა? ამ შემთხვევაში, საწოლში წინდები ეცმეოდა. როგორი იქნებოდა ის წინდები? იქნებ დიდი და შალისა – ყოფილი საყვარლის რაგბის წინდები, რომლებიც კოჭებთან ჩამოეჩაჩებოდა, როგორც კი ეს ქალი საწოლიდან წამოდგებოდა? ან იქნებ ქალური, ფეხზე კოხტად მომდგარი წინდები ეცვა? ერთი გაზეთის საოჯახო დამატებაში ფერადი წინდები ვნახე, რომლებსაც ფეხის თითოეული თითისთვის ცალკე სათითური ჰქონდა. ნეტა ასეთი რამე ჩვეულებრივად მომეჩვენებოდა, კომიკურად თუ ცოტა ეროტიკულად?
კიდევ რა? იქნებ თხილამურებზე სრიალი უყვარდა და ერთი წყვილი გაბერილი ხელთათმანი ჰქონდა, რომელიც მის გაბერილ ქურთუკს უხდებოდა? ჰო, რა თქმა უნდა, რეცხვისას გამოსაყენებელი ხელთათმანები – ასეთები ხომ ყველა ქალს აქვს! ისინი ყოველთვის მყვირალა ფერისაა: ყვითელი, ვარდისფერი, ღია მწვანე, ღია ლურჯი. როგორი გარყვნილი უნდა იყო, რომ რეზინის ხელთათმანები ეროტიკულად მოგეჩვენოს. როგორი ეგზოტიკურიც არ უნდა იყოს – ბორდოსფერი, შაბიამნისფერი, თამბაქოსფერი, წვრილად დაზოლილი თუ შოტლანდიური კუბოკრული – ჩემზე სულ მცირე ზემოქმედებასაც კი ვერ მოახდენს.
არავინ ამბობს: “ხელით მოსინჯე პარმეზანის ნაჭერი” – ასეა, არა? თუმცა ალბათ პარმეზანის ოსტატები ამბობენ.
ზოგჯერ, როცა ლიფტში მარტო ვარ, ღილაკებს თითებით მსუბუქად გადავურბენ ხოლმე. ისე კი არ ვაწვები, რომ კარი სხვა სართულზე გაიღოს, უბრალოდ, ბრაილის შრიფტის ამობურცულ წერტილებს ვეხები. ვფიქრობ, ნეტა როგორია, როცა ამათ ეხებიან-მეთქი.
როცა პირველად დავინახე სათითე ვიღაცის ხელზე, ვერ ვიჯერებდი, რომ მის ქვეშ ნამდვილი თითი იყო.
სულ ოდნავადაც რომ დაგიზიანდეს ყველაზე უმნიშვნელო თითი, მთელი ხელი გაწუხებს. უმარტივესი მოქმედებების შესრულებაც კი – წინდის ჩაცმა, ღილის შეკვრა, ტანსაცმლის გამოცვლა – რთული და საწვალებელი ხდება. ხელი ხელთათმანში ვერ გეტევა, რეცხვისას თავს გახსენებს, ღამით ისე უნდა გედოს, რომ ზედ არ დააწვე და ასე შემდეგ.
წარმოიდგინეთ, რა იქნება სექსი იმ დროს, როცა მკლავი მოტეხილი გაქვს.
უცებ ისეთი მწველი სურვილი ვიგრძენი, რომ ამ ქალს ცუდი რამე არასდროს დამართოდა.
ერთხელ მატარებელში ერთი კაცი დავინახე, რომელსაც ხელის ნაცვლად კაუჭი ჰქონდა. თერთმეტი-თორმეტი წლისა ვიყავი და კუპეში მარტო ვიჯექი. იმ კაცმა დერეფანი გამოიარა, კუპეში შემოიხედა, ნახა, რომ დაკავებული იყო და გზა გააგრძელა. იმხანად თავში სულ მეკობრეები და საფრთხეები მიტრიალებდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ დავფიქრდი იმაზე, რამდენ რამეს ვერ გააკეთებ უხელოდ. გავიდა დრო და იმ ადამიანების არარსებულ, მოჩვენებით ტკივილებზეც დავფიქრდი, რომლებსაც მოჭრილი კიდურები აქვთ.
ჩვენმა თითებმა, ისევე, როგორც ჩვენმა გრძნობებმა, ერთობლივად უნდა იმოქმედონ. თითოეული მათგანი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამავე დროს ერთგვარ წინათგრძნობასაც უჩენს დანარჩენებს. ხილის სიმწიფეს შეხებით ვგრძნობთ, ხორციანი კერძის მომზადებისასაც ხელით ვსინჯავთ სახსარს, რათა მივხვდეთ, მზად არის თუ არა. ჩვენი შეგრძნებები ერთობლივად მოქმედებენ და კარგ საქმესაც აკეთებენ: მე ვიტყოდი, რომ ისინი თანამზრახველები არიან.
იმ საღამოს ქალს თმა აწეული და კუს ბაკნის სავარცხლებით დამაგრებული ჰქონდა, თან ოქროს სამაგრიც ეკეთა. ეს თმა მისი თვალებივით შავი არ იყო, მაგრამ მის ფონზე სელის პიჯაკი გახუნებული და მოთელილი მოუჩანდა. ჩინურ რესტორანში ვისხედით და მიმტანები სათანადო ყურადღებას უთმობდნენ. იქნებ მისი თმა ჩინელისას წააგავდა. ან იქნებ მათ იცოდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მისი გული მოეგოთ, ვიდრე ჩემი. ალბათ უფრო ის იცოდნენ, რომ მის გულს თუ მოიგებდნენ, ამით ჩემს გულსაც მოიგებდნენ. რადგან აქაურობის ხშირი სტუმარი გახლდით, ქალმა მთხოვა, კერძები შენ შეუკვეთეო და მეც, ტრადიციულად, ის ავირჩიე, რაც მიყვარდა: წყალმცენარეების სალათი, ბლინები ბოსტნეულისა და ხორცის გულსართით, მწვანე ლობიო ყვითელი ლობიოს სოუსით, დაბრაწული იხვი, ჩაშუშული ბადრიჯანი და მოხარშული ბრინჯი. გარდა ამისა, ერთი ბოთლი “გევიურცტრამინერი” და წყალიც შევუკვეთე.
რესტორანში შესვლისას მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი, მაგრამ რომ გეკითხათ, როგორი სუნი იყოო, საგონებელში ჩავვარდებოდი. არადა, სუნის აღსაწერად მარტივ სიტყვებს ვიყენებ ხოლმე: მშვენიერი, აუტანელი, სასიამოვნო, სექსუალური, ყველაფრის წამლეკავი, გულისამრევი – სულ ეს არის სუნთან დაკავშირებული ჩემი ლექსიკა. ყოველ შემთხვევაში, რესტორნის სუნმა მალევე გადაფარა ქალის სუნი – მაშინვე, როგორც კი სხვა მაგიდისკენ მიმავალმა მიმტანმა ლანგარზე დახვავებული ღორის ნეკნები ჩვენს მაგიდასთან ჩაატარა. ალბათ ჩინური კერძების სუნს უფრო მძაფრად ვგრძნობთ, ვიდრე სხვა ქვეყნების ტრადიციული კერძებისას, რადგან თასი პირთან უფრო ახლოს მიგვაქვს, ნებისმიერი ფორმის თეფშისაგან განსხვავებით. იმ ღამით მოხარშულ ბრინჯსაც კი რაღაც სახასიათო და თავისებური სუნი ასდიოდა.
მუსიკა, რომელიც ჩვენს ვახშამს ფონად გასდევდა, სავარაუდოდ, ბაზრის კვლევის შედეგად უნდა ყოფილიყო შერჩეული: მსუბუქი ჩინური და მარტივი დასავლური მელოდიები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ყურადღებას არც კი მიაქცევდი, თუ ყურს რამე კარგად ნაცნობი არ მოხვდებოდა. აღვნიშნე, რომ თუ «ლარას თემას» გაუშვებდნენ “ექიმი ჟივაგოდან”, მაშინვე უნდა გავქცეულიყავით და ის სასამართლოში უნდა დაგვეცვა. ქალმა გამიღიმა და მკითხა, ნუთუ კანონი ნამდვილად იცავს მათ, ვისაც რაღაცის გაკეთებას აიძულებენო. ამაზე ძალიან დიდხანს ვილაპარაკე. მერე პროფესიულ სფეროებს შევეხეთ და იმის გარკვევა ვცადეთ, როდის იჭრებოდა კანონი მედიცინაში და როდის – მედიცინა კანონში. მოწევაზეც ვისაუბრეთ და იმაზეც, ზუსტად როდის მოვუკიდებდით სიგარეტს, მოწევა აკრძალული რომ არ ყოფილიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მთავარი კერძისა და ბოსტნეულის სალათების შემდეგ, დესერტის შემოტანამდე (სულ ერთია, დესერტს მოვინდომებდით თუ არა) – ასე შევთანხმდით. რა აღარ ვთქვით: სიგარეტმა შეიძლება საკვების მონელებას შეუწყოს ხელიო, შეიძლება ყელი ჩაგვიწმინდოსო. ერთიც და მეორეც ვთვლიდით, რომ მსუბუქი მწეველები ვიყავით. მერე ცოტა ბავშვობაზეც ვილაპარაკეთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად. ვკითხე, რამდენი წლის იყავი, როცა სიცივეში თითის წვერების გაყვითლება დაგეწყო-მეთქი და ისიც ვკითხე, ბევრი ხელთათმანი გაქვს თუ არა-მეთქი. ამაზე, რატომღაც, გაეცინა. კინაღამ ამ ხელთათმანების აღწერაც ვთხოვე, მაგრამ გავიფიქრე, რომ სწორად ვერ გამიგებდა.
შუა ვახშმობისას მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა “ყველაფერში” მხოლოდ საღამოს ერთად გატარებას ვგულისხმობდი და სხვას არაფერს. Aარცერთს უცებ მთქნარება არ აგვიტყდებოდა, არც შინ დაბრუნება მოგვინდებოდა, არც ხელის ჩაქნევამდე მივიდოდა საქმე. ალბათ ისიც ამავეს გრძნობდა, რადგან როცა დესერტის დრო მოვიდა, გადაიფიქრა და თქვა, კი, მინდაო. ოღონდ რაღაც წებოვანი და კრემიანი არ უნდოდა, ჰოდა, ჩინური ლიჩები მიირთვა. გადავწყვიტე, მისთვის არაფერი მეთქვა იმ თამაშზე, დიდი ხნის წინ რომ ვითამაშე და არც “მეფე ლირის” იმ დადგმაზე, თუმცა გავიფიქრე: თუ აქ კიდევ მოვალთ – არა, მომდევნო შეხვედრაზე კი არა, სულ სხვა დროს – მაშინ შეიძლება ვუთხრა-მეთქი. იმედი მქონდა, რომ ბენთან ის თამაში არასდროს ეთამაშა და არც მოცარელა დაეჭირა ხელში.
სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როცა ხმის გამაძლიერებლებიდან “ლარას თემა” გადმოიღვარა. ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ, მან კი უცებ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სკამის უკან გაწევას და წამოდგომას აპირებდა და ალბათ შიშიც შენიშნა ჩემს თვალებში, რადგან მაშინვე გამიცინა და ხელსახოცი ხუმრობით დააგდო მაგიდაზე. ამ მოძრაობის შესრულებისას ხელი მაგიდის შუამდე გამოშალა.
არც წამომდგარა და არც სკამი გაუწევია უკან, უბრალოდ, იღიმებოდა და ხელი ისევ ხელსახოცზე ედო, ოდნავ მოხრილი თითებით, ჩემკენ მომართული თითის წვერებით. და, აი, მაშინ შევეხე.
*ივანე მაჩაბელის თარგმანი.
© “ცხელი შოკოლადი”