-
-
კოტე ჯანდიერი – სიმონ ჯანაშია – ნინო გოგუაძე – პოლემიკა
-
პაატა ბერიკაშვილი – არა იპარო!
-
გია არგანაშვილი – “პლატერო და მე”
-
ელიზაბეთ ბიშოპი – ერთი ხელოვნება
-
ენ სექსტონი – მისი მსგავსი
-
სილვია პლათი
მიუნჰენის მანეკენები
ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივათვეების მწიფე მთვარეები – არსად, უმიზნოდ.
სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
არავითარი კერპი ჩემს გარდა,მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება – დედობანას
ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილითმანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ –
პარიზსა და რომს შორის მორგში.გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
ნარინჯისფერი მამალოები – ვერცხლის ჯოხებზე;ამოგლესიათ გული, გონება.
თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილის
თვისპრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;ხოლო მანამდე – ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს –გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
და ტელეფონის ყურმილებიც – კაუჭებზეშავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
თოვლი უხმოა.© “წიგნები – 24 საათი”
-
ნონა კუპრეიშვილი
წუთების დრო და გულისპირს ამოსული ბალახი
ნაირა გელაშვილი. ამბრნი, უმბრნი და არაბნი. სერია “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2005.
ოცდამეერთე საუკუნის მკითხველი სიყვარულის საგრძნობლად მივიწყებულ ანბანს ამიერიდან გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ქართული ბესტსელერით, ნაირა გელაშვილის ბრწყინვალე მოთხრობით “ამბრნი, უმბრნი, არაბნითაც” ისწავლის. ასეთ “მესიჯს” გვთავაზობს ბაკურ სულაკაურის მიერ განხორციელებული “ამბრნის” ახალი გამოცემა.
სიყვარულის ანბანის სწავლებას (თუ გახსენებას) რაც შეეხება, მასზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მცირე რომანის ჟანრში გადანაცვლებული ამ მოთხრობისათვის წამძღვარებული წინასიტყვაობა, რომლის ავტორი ლაშა ბუღაძეა.
ეს ზომაზე მეტად უტრირებული შესავალი, ნამდვილსა და დიდს ჟღარუნის ეფექტით რომ გვაპარებს, უფრო ტრივიალურ-პოპულარული და კლასიკური ლიტერატურის შერწყმის ტენდენციას ემსახურება, ვიდრე სერიოზული მწერლის წარდგენის საქმეს. თუმცა მეტისმეტად გაცხარებაც არ ღირს. ნათქვამია, მუნჯის ენა დედამ იცისო. ლაშა ბუღაძისაგან მუდმივად მოელიან დეკონსტრუქტივისტისათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმისა და თვითდაჯერების დემონსტრირებას. ისიც გარკვეულწილად ცდილობს ამ მოლოდინის გამართლებას. და სწორედ აქედან გამომდინარე ისეთ მწერალთან მიმართებაშიაც კი, როგორიც ნაირა გელაშვილია, რომლის მნიშვნელობაც მან სხვებზე არანაკლებ იცის, განუხრელად იცავს “ჟანრის კანონებს”.
არადა, იმათ, ვინც ოთხმოციან წლებში ძალიან ახალგაზრდა იყო და დაუზარელი მკითხველიც ეთქმოდა, ნაკლებად სჭირდებათ ნაირა გელაშვილის სამწერლო ფენომენის ახსნა. ერთი მახვილგონივრული შენიშვნის არ იყოს, “კუპიდონი დღევანდელობის ბიჭუნა არ არის”, ამიტომაც თანაგანცდისა და ხმამაღალი ფიქრის “უფლება” უმჯობესია იმას მივანიჭოთ, “ვისაც სიყვარულის იდუმალი ენა ესმის”.
ნაირა გელაშვილმა, როგორც შემოქმედმა, სამყაროს ნამდვილობის შესაცნობად დიდი გაბედულება და შეუპოვრობა გამოავლინა. დაძლია კიდეც “ფატალურად მოუწყობელ ქვეყანაში” მცხოვრები მწერალი-ქალის ყოველდღიურობასთან დაპირისპირება, ანუ როგორც რილკე იტყოდა, “ცხოვრებასა და დიდ საქმეს შორის არსებული მარადიული მტრობა”. გერმანულ სამყაროს ნაზიარებმა, მრავალი წელი შეალია წმინდა წყლის თეორიულ სამუშაოს, მაგრამ არასოდეს შეუქმნია უსიცოცხლო, “ანემიური, ინსტინქტისა და ენერგიისაგან დაცლილი ნაწარმოები”.
ეს განსაკუთრებით “ამბრნიზე” ითქმის, რომელიც თავის დროზე ბუტაფორიული, ყალბად მორცხვი საზოგადოების თვალწინ, მის გასაწბილებლად თუ გამოსაწვევად შეიქმნა. მოთხრობა არა მარტო ექსკურსიაზე, შატილში, აღათოს კოშკში ერთბაშად შეყრილი ქალისა და კაცის ურთიერთობაზეა, არამედ დაწერილია იმ უპირატესობის შეგრძნებით, რასაც ამგვარი “შემთხვევითი” შეხვედრების ნამდვილ მნიშვნელობათა ცოდნა ჰქვია. ის, რომ ნაირა გელაშვილი მამაკაცი-პერსონაჟის ენით ალაპარაკდა (რაც არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი) და მის ტაბუირებულ სამყაროსაც ფარდა ახადა – წარმოუდგენელ მკრეხელობად იქნა აღქმული. ახლა ვფიქრობ, განა რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?
რით განსხვავდება ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია იმისგან, რომელსაც მწერალი თხზავს? პირველ რიგში იმით, რომ “შეთხზვა” ამ შემთხვევაში ძალზე პირობითი ცნებაა. იგი უფრო ღრმა თანაგანცდას, თანაარსებობას, თანამონაწილეობას გულისხმობს. ადვილად თუ ძნელად, ჩვენ ვივიწყებთ ჩვენ მიერ განცდილ გრძნობას, მაშინ როდესაც მწერალი პიროვნულის უკან მოტოვებით, მასზე ერთგვარი ამაღლებით, მთელი თავისი შინაგანი ენერგიის დაძაბვით იწყებს თავად სიყვარულის არსში გარკვევას.
მერცია ამ მოთხრობის მთავარი გმირი-ქალია. იგი ისიცაა, რაც მინდოდა ვყოფილიყავი და შესაძლოა ვერ კი გავხდიო – ამბობს ერთგან ნაირა გელაშვილი. რეალურსა და სასურველს შორის არსებული დაუმთხვევლობის აღიარება, ცხადია, პერსონაჟთან თვითიდენტიფიცირების სურვილით როდია ნაკარნახევი, არამედ უფრო ცდომილებებს შორის არსებული იმ რეალური მანძილის გავლით, რომელმაც შექმნა კიდეც განსხვავება მწერალსა და მისი პერსონაჟის ბედს შორის.
კრიტიკოსთა უმრავლესობამ ამ “ვარდისფერ ქალში” “სხვაში რეალიზებისაკენ მუდმივი სწრაფვის” (ო. პასი) ყოვლისმომცველი ძალა დაინახა. არაჩვეულებრივი სულიერი გახსნილობა და ბუნებრივობა, რაც ქართველ ქალთა დიდ ნაწილს დღესაც არ ახასიათებს, მკითხველს მაშინვე მიანიშნებდა, რომ მერცია ერთგვარი ჯილდოა და იმავდროულად სასჯელიც იმისათვის, ვისაც ცხოვრების სისავსის, სიკვდილ-სიცოცხლის, დროისა და მარადისობის შეცნობა აქვს დაკისრებული.
გ. გაჩეჩილაძე, რომელიც “ამბრნის” ერთ-ერთი პირველი შემფასებელი იყო (სწორედ მისი წინასიტყვაობა ერთვოდა მოთხრობის პირველ გამოცემას) ტექსტში გაბნეულ სიმბოლურ სახეებზე, მთელ მეტაფიზიკურ აქსესუარებზე, განსაკუთრებით კი ქალის სახის სემანტიკაზე ამახვილებდა ყურადღებას. მერცია მან სავსებით ლოგიკურად მოაქცია წყლისა და ოქროს, სიცოცხლისა და სიკვდილის ნიშანთა სისტემაში.
მართლაც, საკუთარ თავს ასე განმსგავსებული, შიშითა და გულგრილობით ძლეული ორმოცდაორი წლის მამაკაცის შინაგანი განახლების, მისი გამოხსნის მისიით აღჭურვილი მერცია სამყაროს ერთ-ერთ პირველ ელემენტს, სიცოცხლის სტიქიას, წყალს, უნდა დაკავშირებოდა. დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოჩენილი “ძილის ქვეყანა” გამჭვირვალე სიზმართა უწმინდესი ხლართით, რომელშიც ნელ-ნელა ეშვება მერციას რჩეულის ცნობიერება, მთის კამკამა წყაროების მელოდიურობითაა აღსავსე. ბედუინებს თურმე წყლის ხმაური უმაღლეს პოეზიად მიაჩნდათ. აქაც გამუდმებით გაისმის ეს ჯადოსნური ხმა. მხოლოდ ესაა, ზოგჯერ მას ვერცხლის თუნგიდან წყლის ნაცვლად გადმოყრილი ოქროსა (ჩვენი გმირები ხომ ვაგნერის “რაინის ოქროს”შთაბეჭდილების ქვეშ არიან) და ზოგჯერაც ყამარის მამის მხედრობის, მუდმივად სხვის დასათრგუნად შემართული ამბრნი, უმბრნისა და არაბნის ცხენთა თქარუნის ხმაც არღვევს.
მწერლის მიერ მძაფრად ნაგრძნობი და დანახული (მარტო აღათო და მისი ხმით ნატირლები რად ღირს) მთელი ხევსურული აკვარელი სიყვარულით სულშეძრულ ამ ორ ადამიანს სამყაროს მთლიანობის განცდით ავსებს. თავდაპირველად სწორედ მერცია ამჟღავნებს მზაობას ამ მთლიანობის მისაღებად. მერციასავე ათქმევინებს ავტორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაზას: “გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე!”, რომელიც იქვე, მოქმედების დინამიკაში ჩართული, გაბრიელ ჯაბუშანურის თავზარდამცემი, მერციას შეფასებით “საშინელი”, მოთხრობისათვის კი კონცეპტუალური დატვირთვის მქონე ლექსის რეფრენად გარდაისახება: გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე… მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი. გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი”… ნაირა გელაშვილს დიდი ტაქტითა და სიფრთხილით მოაქვს ეს სრულიად არაორაზროვანი მოწოდება სულიერი მღვიძარებისაკენ, რომელსაც ადამიანმა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მიაღწიოს…
რაც შეეხება მეორე მთავარ პერსონაჟს, უსახელო მამაკაცს (მწერალი, მართლაც, ვერ ხედავს მისთვის სახელის დარქმევის აუცილებლობას), იგი ნაირა გელაშვილისთვის ერთსა და იმავე დროს განრიდებულ-გაუცხოებულიცაა და თავიდან ბოლომდე გაშიფრულიც. ხასიათის ძირითადი თვისებები, რაც ამ პერსონაჟს გარეგნულად მაინც, დიდად არ გამოარჩევს ათასობით რესპექტაბელური, სინამდვილეში კი სიცრუეში მცხოვრები, თანამოძმისაგან (სხვათა შორის, რესპექტაბელურობის ფასი მას შემდეგ შეუდარებლად გაიზარდა) გაუბედავ, შინაგანად ლაჩარ მამაკაცებზე, “შურისძიების” ნიშნითაა აღბეჭდილი. რაღაც შუალედური პატრიარქალურ გმირსა და ვთქვათ, ფელინის “დედიკოს ბიჭებს” შუა – მამაკაცთა ამგვარი მოდგმა ნაირა გელაშვილს აშკარად აღიზიანებს. აი, რას გვიამბობს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში: “… სტუდენტობისას რამდენიმე ლექტორის საუბარს შევესწარი. ერთი (კარგი სპეციალისტი) ამტკიცებდა, გურამ რჩეულიშვილი იმიტომ დაიხრჩო, რომ “პაკაზუხა” იყოო… შეიძლება “პაკაზუხაც” იყო, არ ვიცი, მაგრამ სხვის გადასარჩენად გადახტა წყალში… რამდენად უბადრუკი უნდა იყო ადამიანი, რომ უპირატესობა მკვდარსაც არ აპატიო. მერე მთელი ცხოვრების მანძილზე სულ ამას ვხედავდი, რომ ქართველ კაცებში დიდი შიშია დაგროვილი, წარმოუდგენლად დიდი შიში – ცხოვრების, ერთმანეთის, ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, შიში საკუთარი შესაძლებელი მარცხის წინაშე, რომელიც მათ ქმედებას ადაბლავებს”…
თუმცა ის, რაც ყოფით დონეზე შურისძიების საგანია, წარმოსახვით სამყაროში შემოქმედის მიერ თანაგრძნობით აღძრულ გამოსარჩლების სურვილად იქცევა ხოლმე. ნაირა გელაშვილი მწარედ სჯის, მაგრამ გამეტებით ვერ იმეტებს თავისი ჯავრიანი გამოხედვის მქონე პერსონაჟს, რომელიც ისე გამოუფიტავს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას, რომ აღარც სარკეში იხედება და არც დიდი თუ პატარა სიმართლეების თავი აქვს.
“ნუთუ არც ისეთი გადასაგდები კაცი ვარ?” – იტყვის იგი მოთხრობის ფინალში იმ დიდი გამოღვიძების შემდეგ, რომელიც, პოეტის თქმის არ იყოს, თავად ვერ მოუწყო საკუთარ თავს, მაგრამ სხვამ თუ სხვებმა მოუწყვეს.
მოთხრობა არაჩვეულებრივი კომპოზიციური სიზუსტითაა აგებული. მას იმდენად ფაქიზი ორგანიკა აქვს, რომ საკმარისია ერთი დისონანსური თემა, ფრაზა, სიტყვაც კი, რომ ყველაფერი დაინგრეს და, შესაბამისად, მკითხველისათვის აქ მოთხრობილი “ამბავი სიყვარულისა” დაუჯერებელი გახდეს. სწორედ ამგვარ დისონანსურ თემებად ქცევა ემუქრებოდათ ავტობუსში მჯდარ ფილოსოფიის ლექტორის საუბრებს “ევროპის დაღუპვაზე”, მთის საკმაოდ გაცვეთილ რომანტიკას, ვირტუალური და რეალური სამყაროების ვარირებას ცხადისა და ვიზიონის მონაცვლეობით, ეკოლოგიური საფრთხის, საერთოდ სამყაროს სიმყიფის შესახებ გაკეთებულ სხვადასხვა ჩანართს… მაგრამ ყველაფერი ეს საოცარი მიზანდასახულობით მუშაობს გმირთა ხასიათების ნიუანსობრივ გახსნაზე, მათი ფერებისა და ეჭვების სიღრმეში მკითხველის გარკვევაზე. არც ერთი დეტალი, თვით სიზმრიდან ამოყოლილი კვნესაც კი, არ რჩება ფუნქციის გარეშე.
საერთოდ, მთიდან ჩამობრუნებულისათვის ქალაქი დიდ გამოცდად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ ხანებში. მით უფრო გაუსაძლისია ეს შეგრძნება იმათთვის, ვინც დიდი სულიერი არჩევანის ზღვარზე დგას. ნაირა გელაშვილი ჯერ კიდევ გაურკვეველი მოლოდინით გასენილ ქუჩებში ატარებს თავის გმირებს და არა მარტო მათ, არამედ იმ სხვებსაც, ამ მოთხრობის მიღმა დარჩენილ ადამიანებსაც, რომლებიც ყოფიერების მორევში დანთქმულან, ქალაქი კი მათთვის საკუთარი თავისა და წარსულისაგან თავდასახსნელ უიმედო თავშესაფრად ქცეულა. კაცი და ქალი, ქალი და ბავშვი, ბავში და მოხუცი – რა იციან მათ წუთების დროზე, რომელიც აქ, ამ ტკბილ-მწარე “წუთისოფელში უნდა აკრიფო და იმქვეყნად გადაბარგების” წინ სანთელივით წაიმძღვარო. უმეტესობამ – თითქმის არაფერი. მწერალს კი სწორედ ამ ცოდნის გაზიარების სურვილი ამოძრავებს.
ბევრი მანკიერება, რომელიც სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების პროზამ ასახა, ტოტალიტარიზმის წნეხს ბრალდებოდა. მათ შორის შიშით შეპყრობილი ქართველი მამაკაცების არსებობაც. ახალ რეალობაში ტოტალიტარიზმის რეციდივებზე თუ შეიძლება საუბარი, “ადამიანის მიწიერი ექსისტენსის არსი” კი უფრო მიუწვდომელი და ძნელად ახსნადი ჩანს. მატერიალურ-ნივთიერ და მეტაფიზიკურ-ტრანსცენდენტურ სფეროთა შეუთავსებლობა კი სულ უფრო გვაშორებს “ამოცანას, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას აქვს დაკისრებული”. ასეთ ვითარებაში იმ მწერლის ხმა, რომელმაც “ამბრნის” შექმნა შეძლო, გაგონილ უნდა იქნას.
© “წიგნები – 24 საათი” -
ახალი წიგნები (2005)
ამელი ნოთომბი, “საკუთარ სახელთა წიგნი”
The Book of Proper Names
By Amelie Nothomb
Faber, 126 გვ.ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. პრობლემები მაშინ იწყება, როცა მშობლები თვლიან, რომ მათი შვილი გამორჩეულია, უნიკალური, განსაკუთრებული მონაცემებით დაჯილდოებული, შვილს ფსევდოდიდების კვარცხლბეკს უგებენ და იმაზე აღარ ფიქრობენ, თუ რა სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს მათი ახირება. მერე ხშირად ხდება ისე, რომ იზოლირებულ, მიმზიდველ გარემოში გაზრდილი ბავშვები ვეღარ ეგუებიან რეალურ სამყაროს და მშობელთა მიერ აგებული კვარცხლბეკიც ფეხქვეშ ემსხვრევათ. ამელი ნოთომბის გმირ ქალს პლექტრუდი ჰქვია, ეს უცნაური სახელი ცრუმორწმუნე დედამ საგანგებოდ შეარჩია ახალშობილისთვის. თუმცა, როგორც ციხის ზედამხედველი ამბობს, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის სულაც არ არის აუცილებელი ბავშვს უცნაური სახელი ერქვას. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება მერი გერქვას და გამორჩეული იყო. არა, – ამბობს დედა, – ეს სახელი მისი მფარველი იქნება, ჩემი შვილი ძლიერი გამოვა და შეძლებს დაიცვას საკუთარი თავი. ციხის ზედამხედველს ახალშობილთან რა ხელი აქვს? – ალბათ იკითხავთ. გიპასუხებთ: პლექტრუდის დედა ციხეში ზის; მან ფეხმძიმობის დროს თავისი შვილის მამა მოკლა, მერე კი, როცა ბავშვი დაიბადა, თავი ჩამოიხრჩო. პლექტრუდი დეიდა კლემენსმა იშვილა. ის ძალიან უფრთხილდებოდა თავისი დის ხსოვნას, რაღა თქმა უნდა, ოჯახურ ტრაგედიაზე კრინტი არ დაუძრავს, დისშვილს განსაკუთრებით უვლიდა, ზღაპრული პრინცესასავით აცხოვრებდა… მაგრამ ვერც დეიდამ და ვერც უცნაურმა სახელმა ვერ შეძლო გოგონას დაცვა ყოველდღიური პრობლემებისაგან. პირველი იმედგაცრუება სკოლის პერიოდში ჰქონდა. თანაკლასელებისაგან გარიყული აღმოჩნდა. მაგრამ მალე თავისი გზა იპოვა, საბალეტო სკოლაში ისე გამოიჩინა თავი, რომ ყველა მასზე ალაპარაკდა. პლექტრუდს ცნობილი ვარსკვლავის – ანა პავლოვას მომავალი უწინასწარმეტყველეს. დეიდა კლემენსი აღტყინებას ვერ მალავდა. დისშვილი მის ერთადერთ იმედად იქცა, თავის დროზე ხომ კლემენსს საბალეტო სკოლაში მიღებაზე უთხრეს უარი და ერთადერთი ოცნება დაუმსხვრიეს. თითქოს ყველაფერი კარგადააა, მაგრამ…
ნოთომბის რომანები, რომლებიც დღეს უკვე ბესტსელერებადაა ქცეული საფრანგეთში, მძაფრი სატირით გამოირჩევა. მწერალი უკიდურესი დრამატიზმით აღწერს საბალეტო სკოლის მოსწავლე გოგონების ცხოვრებას; ისინი შიმშილობენ, იტანჯებიან და, რაც ყველაზე სამწუხაროა, წონის დაკარგვასთან ერთად გრძნობებსაც კარგავენ. ტრაგედია მოახლოებულია. პლექტრუდს კალციუმის ნაკლებობა აქვს, ამას ფეხის მოტეხილობაც დაემატება და კიდევ ექიმების დაუნდობელი დასკვნა: გოგონა ვეღარასოდეს ვეღარ იცეკვებს. ესეც ნოთომბის შავი იუმორი – ბავშვი, რომელიც მეფის ასულივით იზრდებოდა, მწვავე იმედგაცრუების მსხვერპლი აღმოჩნდება.
არანაკლებ შემზარავია ფინალი – დეიდა კლემენსი, რომელიც ღვიძლი შვილივით ზრდის პლექტრუდს, უცებ ბოროტ ჯადოქრად მოგვევლინება. პლექტრუდი მისთვის სიყმაწვილის ოცნებების ასრულების ერთადერთი იმედია და როცა მიხვდება, რომ ხელიდან ეცლება ეს ბოლო იმედიც, პლექტრუდის მიმართ ეგოისტური სიყვარული სიძულვილად გადაექცევა. დეიდა გოგონას მისი დაბადების საზარელ საიდუმლოს გაუმხელს, თუმცა ბოლო მაინც კეთილია. პლექტრუდი ბოროტ ჯადოქარს თავს დააღწევს და სიყვარულსაც იპოვის. “ჭირი იქა, ლხინი აქა…”ჯონ აპდაიკი, “სოფლები”
Villages
By John Updike
Viking, 320 გვ.60-იანი წლებში, როცა ჯონ აპდაიკის “წყვილები” გამოქვეყნდა, მწერალს არც კი უფიქრია, რომ ამას დიდი მღელვარება მოჰყვებოდა. “სოფლები” აპდაიკის 21-ე რომანია და ერთგვარად “წყვილების” განწყობასაც ეხმიანება.
რომანის მთავარი გმირი ოუენ მაკენზი – კომპიუტერული პროგრამების ყოფილი დიზაინერი, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს. ნაწარმოები მაკენზის ერთი ჩვეულებრივი დილის აღწერით იწყება: მაკენზის ეღვიძება, სიზმარს იხსენებს და ა.შ. ანუ მოქმედება აწმყოში მიმდინარეობს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად სადღაც მეცხრე გვერდზე, იმის მაგივრად, რომ მწერალმა დიზაინერის რუტინულ ყოფაში რამე ინტრიგა ჩახლართოს, მას მკითხველი ჩვეული ოსტატობით გადაჰყავს წარსულში. ამგვარად აღმოვჩნდებით პენსილვანიაში, იქ, სადაც ოუენი დაიბადა და ოუენის სულის სიღრმეებშიც ჩავიხედავთ. აპდაიკის გმირის ცხოვრება მართლაც რომ გამონაკლისია. ოუენი განსხვავებული ბავშვია, გამორჩეულად მგრძნობიარე და მშფოთვარე. უცნაურობებიც მრავლად ახასიათებს. ყველაფრის ეშინია, წყლის, სიმაღლის, ობობების, სიბნელის, სარეცხი მანქანისაც კი.
ამ შიშსა და მღელვარებას ვერ იცილებს ვერც მეგობრების წრეში და ვერც ქალებთან ურთიერთობისას. გამუდმებით რაღაც ეჩვენება, გამუდმებით რაღაც საზარელი ხმები ესმის… მის შიშს ვერაფერი აქარწყლებს, – ვერც წარმატებული კარიერა, ვერც ქალები… ფაქტობრივად რომანი ოუენის სექსუალური ოდისეაა, რომელსაც ახლავს ქალთა შთამბეჭდავი კატალოგი, გარეგნული და ფიზიოლოგიური მონაცემებით. აპდაიკის გმირისთვის ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი, რომლებთანაც მას სქესობრივი კავშირი ჰქონია და მეორენი, რომლებთანაც არ ჰქონია. საინტერესო დეფინიციაა, არა?! ნიშანდობლივია ისიც, რომ ოუენის ერთ-ერთი საყვარელი მას სექსიზმში ადანაშაულებს. ოუენი ქალთან კამათში უკან იხევს და თავის “მოძველებულ” შეხედულებებს ბავშვობაში გამოტანილ დასკვნებს აბრალებს. თუმცა ამას ხმამაღლა ამბობს, გულის სიღრმეში კი დარწმუნებულია, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრად უფრო გამბედავები არიან.დერეკ უოლკოტი, “უძღები შვილი”
The Prodigal
By Derek Walcott
Faber, 112 გვ.
დერეკ უოლკოტის ახალი ეპიკური პოემის დასასრულს ასეთი დიალოგი იმართება. “თქვენ არ გინახავთ პარიზი? აუცილებლად უნდა ნახოთ. რატომ? ის თქვენს ცხოვრებას შეცვლის.” “მე მომწონს ჩემი ცხოვრება.” “თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ყველაფერია?” “ჩემთვის კი…”…
ეს დიალოგი ხანგრძლივი მოგზაურობის დამაგვირგვინებელია, დიდი განსჯისა და გააზრების შედეგი. ეს “აქ” – სენტ-ლუსიაა, უოლკოტის დაბადების ადგილი. აქ ცხოვრება მას ნებისმიერი მდიდრული ქალაქის ფუფუნებას ურჩევნია.
ბევრი უმოგზაურია, ბევრი რამ გადახდენია, ბევრი რამ უნახავს პოეტს, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდიც (აქეთ-იქით ხეტიალი განსაკუთრებით 1992 წლიდან, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ დასჩემდა), მაგრამ უოლკოტის მძაფრი ოპტიმისტური განწყობა უიმედობისა და განწირულობის ყველა განცდას აბათილებს. “ბედნიერი იყავი!” – მიმართავს საკუთარ თავს, – “აი, შენ აქ ხარ, 75 წლისა მოიყარე, გონება ისევ გიჭრის”. თუმცა დროდადრო მაინც შემოაწვება ხოლმე ნაღველი: ძირითადად ეს არის წუხილი ნაადრევად დაღუპული ტყუპისცალის, როდის, იოსიფ ბროდსკისა და სხვა მეგობრების გარდაცვალების გამო. და მაინც, უოლკოტის პოეტური აღსარება არ არის გოდება წარსულზე, ეს უფრო ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლის სამადლობელია.
ეპიკურ პოემაში მოქმედება პენსილვანიაში იწყება – მატარებელში. ლექსის რიტმი თითქოს მატარებლის ბორბლების რიტმს მიჰყვება. ლამის ნახევარ მსოფლიოს შემოივლის პოეტი: პესკარა, გენუა, მილანი, რიმინი, კართაგენი, გვადალახარა… თხრობა ხან პირველ პირშია, ხან მესამეში. მოგზაურობას არც კონკრეტული მიზანი აქვს და არც დანიშნულების ადგილი. დროდადრო მოგზაური სადმე კაფეში ან რომელიმე ხელოვნების მუზეუმში ჩერდება ხოლმე, ასეთი ადგილები ხომ უძღებ შვილთა კარგი თავშესაფარია.
ცნობილ ეპიკურ პოემაში – “ომეროსი” (1990) უოლკოტმა აქილევსი და ფილოქტეტე ადგილობრივ მეთევზეებად აქცია და მათი ცხოვრება დაგვიხატა. “უძღები შვილის” თხრობა “ომეროსული” ინერციით არ არის დამუხტული, თუმცა ძალიან საინტერესოა, ის ხომ პოეტის გონების მდინარებას ასახავს.
ეს არ არის მოგზაურობის დღიურები, ეს უფრო სალექციო ჩანაწერებს ემსგავსება, – ჩანაწერებს ხელოვნებაზე, გადასახლებაზე, რასობრივ განსხვავებაზე, იმპერიაზე, სიყვარულზე და იმ შემზარავ რუკაზე, რომელსაც ჰქვია არსად და “საითკენაც ჩვენ ყველანი მივექანებით.”
ლირიკული გმირის მოგზაურობას თან სდევს “ისტორიის სურნელი”. შვეიცარიაში ის მოხიბლულია ალპებით, იტალიაში ძლევამოსილი იმპერიის ნაშთებით, – სტრიქონებში წარსულისადმი უდიდესი პატივისცემის განცდა გამოსჭვივის და ამ წარსულის ნანგრევებქვეშ პოეტი ნებისმიერ ალაგას მშობლიური კერას პოულობს.
რომანტიკული ასოციაციები მხოლოდ ისტორიის სურნელის გამოძახილი არ არის, პირად გრძნობებსაც უკავშირდება. რას უფრო ვაღმერთებდი, ქალაქებს თუ ქალებს? – კითხულობს პოეტი და როცა ამ თემას ეხება, ყველაზე მეტად გრძნობს ასაკის სიმძიმეს. “ეს მოხუცი კაცის დაწერილი წიგნია”, – წერს უოლკოტი და თვითონაც კარგად იცის, რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მძაფრდება დაკარგული ბავშვობისა და გარდაცვლილი ტყუპისცალის მონატრების განცდა.
მგზავრობის დასასრულს პოეტი თავის დაკარგულ ხმას პოულობს. ეს ის ხმაა, რომელმაც თავის დროზე “ომეროსში” გაიჟღერა: “უძღებო შვილო, რისთვის დაეხეტები? – ეკითხება საკუთარ თავს თითქოსდა ბრალდების ტონით. თუმცა პოემას მაინც ეპიფანური დასასრული აქვს – დელფინების იდილია სენტ-ლუსიას სანაპიროზე პოეტს მხნეობას ჰმატებს. თუ, პოეტის პროგნოზის თანახმად, უოლკოტი მეტ წიგნს აღარ დაწერს, შეიძლება ითქვას, რომ “უძღები შვილის” კულმინაცია – როდესაც შუქი გადმოვა “სხვა სანაპიროდან” და პოეტი დაღუპულ ტყუპისცალს აღმოაჩენს – ფინალის ერთგვარი მაუწყებელია.მაიკლ კუსტოვი, “პიტერ ბრუკი” (ბიოგრაფია)
Peter Brook A Biography
By Michael Kustow
St. Martin’s Press, 334 გვ.მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის რეჟისორთა შორის პიტერ ბრუკმა უკვე დიდი ხანია თავისი სახელი დაიმკვიდრა. ვისაც უნახავს, არასოდეს დაავიწყდება შექსპირის პიესების ნოვატორული დადგმები 1962-1970 წლებში – “მეფე ლირი”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვა. რეჟისორი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სცენაზე, შეცვალა თეატრალური დადგმის სტილი – რიტორიკიდან მოქმედებამდე – ასე გაიცნო აუდიტორიამ პიტერ ბრუკი, რეჟისორი, რომლის წყალობითაც, ერთი კინოკრიტიკოსის ფრაზა რომ მოვიშველიოთ, “შექსპირი ჩვენი თანამედროვე გახდა”. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრუკის ახალი ნაბიჯები მხოლოდ შექსპირით არ შემოფარგლულა.
პიტერ ბრუკი 1925 წელს დაიბადა ლონდონის გარეუბანში, ლატვიელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. კინოთი და თეატრალური ხელოვნებით პატარაობიდანვე დაინტერესდა. ათი წლის ყოფილა, ოჯახის წევრებისათვის თოჯინური სპექტაკლი რომ დაუდგამს – “ჰამლეტი”. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს კი თავისი პირველი ფილმი გადაუღია, ლორენს სტერნის “სენტიმენტალური მოგზაურობა”. სარეჟისორო მოღვაწეობა ბრუკმა 1943 წელს დაიწყო. 1945-1965 წლებში მან შექსპირის პიესები დადგა შექსპირის მემორიალურ თეატრში, სტრეტფორდ-ონ-ეივონში. 1962 წლიდან შექსპირის სამეფო თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმი “ბუზთა ბატონი” გახდა, რომელიც ეკრანებზე 1963 წელს გამოვიდა. ბიოგრაფიული რომანის ავტორის, მაიკლ კუსტოვის შეფასებით, ბრუკმა ამ ფილმით ყველაზე კარგად გამოხატა თავისი მრწამსი – ის თავისუფალი მოთამაშეა. ბრუკის სცენური თუ კინოექსპერიმენტების თავისებურება პირველ რიგში ის იყო, რომ რეჟისორმა თავს სრული თავისუფლება მისცა და ავანგარდიდან სესხებას არ მოერიდა. მაქს რაინჰარდტის მერე ბრუკი ყველაზე წარმატებული რეჟისორი იყო, რომელმაც თეატრში ავანგარდული მიდგომა გამოიყენა, რევოლუციურ შედეგს მიაღწია და კლასიკური დადგმა სამუდამოდ ჩაანაცვლა ნოვატორულით. რეჟისორ მაიკლ კუსტოვის ბიოგრაფიული თხზულება ბევრ საინტერესო ამბავს გვიამბობს პიტერ ბრუკის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებიდან.© “წიგნები – 24 საათი”
-
ეკა ცხადაძე
“მემოთხრობეებსა” და მესტამბეებზე
15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, 2001-2002. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2003.
15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, 2002-2003. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.წიგნები დამაინტრიგებელი სახელწოდებით გამოვიდა ქართული წიგნების ბაზარზე და სრულიად ბუნებრივი ინტერესი გამოიწვია, ორივე კრებული სხვადასხვა წლების რჩეულ მოთხრობებს გვთავაზობს. ერთი მოიცავს 2001-2002 წლებს, მეორე 2002-2003… და მსგავსი კრებულების გამოცემას ყოველწლიურად გვპირდებიან.
სრულიად მოურიდებლად უნდა ითქვას, რომ პირველი მათგანი “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2001-2002” გაცილებით კარგია მეორეზე – “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2002-2003”. ამ დღეებში მესამეც გამოვიდა.
ცხადია, ყოველთვის ერთგვარი ეჭვი და უნდობლობა ჩნდება, როცა ესა თუ ის ჯგუფი, ორგანო ან გამომცემელი თავისი კრიტერიუმებით შერჩეულ “საუკეთესოებს” სთავაზობს საზოგადოებას. ამგვარ რჩევებს თუ გამორჩევებს მეტწილად ტუჩს უბზუებენ ხოლმე და არცთუ უსამართლოდ. როდესაც ბაკურ სულაკაური თხუთმეტ საუკეთესოს შეგვირჩევს და ამგვარ სელექციას ყოველწლიურად გვპირდება, ჩვენ ინტერესთან და მოლოდინთან ერთად ირონიული დამოკიდებულებაც გვიჩნდება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არათუ თხუთმეტის, არამედ ყოველწლიურად ხუთი საუკეთესოს შერჩევაც გაჭირდება. არ დუღს და გადმოდუღს ჩვენი ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება ისე, რომ ყოველ თორმეტ თვეში თხუთმეტი საუკეთესო ავარჩიოთ.
კარგი იქნება სხვა გამომცემლობები თავის მხრივ საკუთარ არჩევანს თუ შემოგვთავაზებენ. სხვა თუ არაფერი, მწერლობის ამბიციის მქონენი გაბედნიერდებიან, ზოგი მათგანი რამდენიმე “კრებულის ლაურეატობას” ერთბაშად გამოჰკრავს ხელს. მართალია, ყოველგვარი შერჩევა, სელექცია, კასტინგი, თანაც ქართული, უნდობლად განგვაწყობს, მაგრამ მართლაც კარგი იქნება “საუკეთესოების” გამორჩევის ბუმი თუ დაიწყება – გამოცოცხლდება ხალხი. მეტწილად ჩვენ ჩვეულებრივი, რიგითი ან მდარე “მემოთხრობენი” გვყვანან, მაგრამ ესეც ხომ სრულიად ბუნებრივია და ფონის შესაქმნელად ნებისმიერ ნიჭიერ შემოქმედს სწორედ ამგვარი რუხი მასა სჭირდება. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ წარმოდგენილ ამ ორ კრებულში ამგვარი რამ მკაფიოდ ჩანს; არის სწრაფვა მაღალხარისხოვანის და ვარგისის გამორჩევისა, მაგრამ მათში მართლაც კარგი და მოსაწონი ძალიან ცოტაა,
პირველი 2001-2002 წლების კრებული გაცილებით სჯობია მეორეს, 2002-2003-ში შერჩეულს. ზოგ ავტორს ორივე წიგნში მოხვედრის პატივი ხვდა წილად. ესენი არიან: ზურაბ ლეჟავა, აკა მორჩილაძე, ირაკლი სამსონაძე, დავით ქართველიშვილი, ნუგზარ შატაიძე, ბესო ხვედელიძე. ძირითად ბირთვად შეგვიძლია ეს მწერლები მივიჩნიოთ, აქცენტიც მათზე უნდა გაკეთდეს, თუმცა მცირე ზომის მიმოხილვაში გაჭირდება სრულყოფილი ანალიზი – რით და რატომ არის საუკეთესო მათი ტექსტები.
ზურაბ ლეჟავას “მაცივარი სექსის წილ” და “ქურდობის ქალღმერთი” გამომცემლობისთვის უპირატესის ნიშნით აღბეჭდილი სრულიად ტრივიალური თემატიკის გამო გახდებოდა, სხვა ნიშნების გამოძებნა ძალიან გაჭირდება მათთვის.
“მაცივარი სექსის წილ” ნამდვილად “მაგარი” ამბის დაწვრილებით გადმოცემას წარმოადგენს. ცხადია, იგი უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო და მადლობა ღმერთს, რომ არც დარჩა. ზურაბ ლეჟავა შესაშური გულმოდგინებით მოგვითხრობს, როგორ გაყიდა მაცივარი “აფშერონი” ალბერტმა, მოკლე რეზიუმე თავად ავტორმა ჩაატია ერთ აბზაცში: “ჟუჟუნას და ალბერტს მაცივარში შენახული არაყი და ძეხვი უნდა მიერთმიათ; შემდეგ უნდა ეკოტრიალათ ლოგინში ერთად, ხოლო ყველაფერი ამის დამაგვირგვინებელი იქნებოდა ის ღირსშესანიშნავი ფაქტი, რომ მადლიერების გრძნობით აღსავსე ალბერტი უსასყიდლოდ გადასცემდა ჟუჟუნას მაცივარს” (იხ. I კრებ., გვ. 59).
ყველაფერი ეს ჟუჟუნამ ჩაიფიქრა და აღასრულა კიდეც, მერე ეს მაცივარი საგანგებოდ გამოძახებულ ქმარს წამოაღებინა სახლში. ავტორი დაწვრილებით ჰყვება ალბერტის მიუხვედრელობასა და ქალის ტაქტიკოსობას. ბოლოს მაცივარი მაინც ისე გადაეცემა მყიდველს, როგორც მან ჩაიფიქრა: “მაცივარი სექსისა წილ!” გათავდა და მორჩა.
ზურაბ ლეჟავას სადღაც დასაწყისში კარგი ორიენტირი ჰქონდა, მას უნდოდა აღეწერა რიგითი ადამიანის უმწეო ყოფა, რომელიც მშობლებისაგან შეძენილ მემკვიდრეობას და ცოდნას ერთდროულად იყენებს, მაგრამ თხრობამ პიკანტური მიმართულება მიიღო და “ამხანაგთა სათრეველად”გამოსადეგიღა გახდა.
ზურაბ ლეჟავას ეს ამბავი რომ არ მოსწონდეს და მართლაც კარგ მოთხრობად არ მიაჩნდეს, არც დაბეჭდავდა, მაგრამ ეს “მაცივარსექსობანა” “ქომაგიდან” საგანგებოდ რომ გადმოუბეჭდეს “15 საუკეთესოში”, კიდევ უფრო განუმტკიცებდა რწმენას, რომ წერა ემარჯვება კი არადა – “თლათ მისი საქმე როა!”
მეორე კრებულში დაბეჭდილ მოთხრობას “ქურდობის ქალღმერთი” ჰქვია. როგორც ჩანს, მაცდუნებელი სათაურების შერჩევა მართლაც ეხერხება ზ. ლეჟავას, მაგრამ ამგვარ სათაურს თავად სათაურზე უფრო საინტერესო ამბავს რომ მოაყოლებდეს… თუმცა ვის როგორ! მთავარ გმირს “ჟორა-სემიჩკა” ჰქვია, მოკლედ წარმოგიდგენთ მის “უნარ-ჩვევებს” და მეტად აღარ შეგაწუხებთ, დანარჩენი თავად ნახეთ. ამ ჟორა-სემიჩკას ცხვირით ქურდობის ამბავია გასაშტერებელი: “დიახ, სწორედ ცხვირით იპარავდა! დადგებოდა დახლთან, რაღაცას ეკითხებოდა გამყიდველს, აკეთებდა ცრუ მოძრაობას ხელებით ან ფეხებით და შემდეგ, თუ ამ გზით გამყიდველის ყურადღების დაფანტვას მოახერხებდა, დაიხრებოდა და სწრაფად კენკავდა მარცვლებს ცხვირით. ჟორას დიდი, ნიყვივით უსწორმასწორო ცხვირი, ერთი შეხედვით, თითქოს უმაქნისი რამ იყო, მაგრამ სინამდვილეში საუცხოო ბუნებრივი ინსტრუმენტი გახლდათ მზესუმზირის ქურდისა” (იხ. II კრებ., გ. 39).
ამის კომენტირება აუცილებელი არ არის და შეიძლება სხვაგვარად წარმოვაჩინოთ პრობლემა, უბრალოდ დავსვათ კითხვები და გამოვთქვათ ვარაუდები. ჩემი აზრით, ჩვენი, ქართველების დიდი ნაკლია ისიც, რომ ჩვენს გარდა ვერავის ვამჩნევთ. შეიძლება ითქვას, რომ “ჟორა-სემიჩკასნაირი” ცხვირი არ გვაძლევს ცოტა შორს გახედვის საშუალებას. იქნებ ასეთ “საუკეთესო” მოთხრობებს, ამ კრებულებში რომაა, ჩვენი რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი და ქურთი თანამოქალაქეებიც წერენ? იქნებ უკეთესებიც იქმნება და ჩვენ გაგებაში არა ვართ? ან მხოლოდ “კავკასიური სახლის” პრეროგატივაა სხვათა შემჩნევა?
ძალიან საშური საქმეა ინტენსიური მთარგმნელობითი საქმიანობა, ქართულად გამოცემა ჩვენი არაქართველი მოქალაქეების ტექსტების, შემდეგ მათი ჩართვა ქართული მწერლობის ყოველდღიურობაში, ჩვენეულ კონკურსებში. იქნებ ზოგი მათგანი რომელიმე პრემიის ლაურეატიც კი გახდეს და დაჯილდოებულთა ერთ და იმავე სახელებში სიახლის სიომ დაჰბეროს. ამგვარი ქმედებით გაიზრდება ინტერესი თავად ქართულისადმი, ჩვენი მწერლობისადმი. ასე შეიძლება უფრო წაკითხვადი გავხადოთ ჩვენივე მწერლები მეზობელ სახელმწიფოებში. არა მგონია, მარტო ჩვენ გვრგებოდეს მთელი “მემოთხრობული წყალობა”. გასაგებია, რომ ეს იქნება შრომატევადი და ძნელი საქმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება იოლი არასოდეს ყოფილა.
ახლა მეორე ავტორზე “გადავიდეთ”, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს თანამედროვეობაში და მასზე ძალიან ბევრჯერ გამიმახვილებია ყურადღება; მისი “უთვალავი” ღირსებების გამო აკა მორჩილაძე სამართლიანად იმსახურებს აღიარებას. აკა მორჩილაძეს სრული გამოვლენისთვის ფართომასშტაბიანი რომანების სივრცე სჭირდება, სწორედ აქ არის იგი თავის სტიქიაში, აქ ეძლევა გასაქანი და ხშირად წარმატებებს აღწევს. რაც შეეხება კრებულებში წარმოდგენილ მოთხრობებს – პირველს ეწოდება “ჩემი ცოლის რომანი” და მეორეს – “ტფილისი, გრანტის საგრაფო”. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კრებულების მონაცემების გათვალისწინებით აკა მორჩილაძე და ზურაბ ლეჟავა თანაბარ რანგში გადიან, ორივენი სათაურს მაცდურს გვთავაზობენ და ამის იქით ვეღარ მიდიან. თუმცა ესეც ჩვენი რეალობის ასახვად შეგვიძლია მივიჩნიოთ და კარგ ტენდენციადაც დავსახოთ, ხომ რეალობაა ჩვენი ჟურნალ-გაზეთების მაშოკირებელ-მაინტრიგებელი სათაურები? დაინტერესებული კაცი იყიდი, წაიკითხავ და რაც სათაურში “აითვისე”, იმის მეტს ვერც ვერაფერს გაიგებ. ეტყობა, ჟურნალ-გაზეთების სტილია ამ შემთხვევაში ორიენტირი.
ირაკლი სამსონაძის ორი მოთხრობა: “შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება” და “ორნი ყველას წინააღმდეგ”, მწერლის საერთო შემოქმედებით კრედოს გადმოსცემენ. ეს ტექსტები დაჯერებული და აწონილ-დაწონილი ჭვრეტის შედეგია, მათში ზოგადი კონკრეტულ მაგალითზე კარგად არის ასახული. ირაკლი სამსონაძე ჩუმად და უპრეტენზიოდ ეწევა სათავისო ტვირთს, თავს არ გვაბეზრებს წარამარა გამოჩენით, მაგრამ იგი სტაბილურად არის ფორმაში და ყოველთვის კერძოზე აღმატებულ პრობლემატიკას გვთავაზობს. მისი ტექსტების წაკითხვის შემდგომ მკითხველს უჩნდება სურვილი, იფიქროს წარსულზე, წუთით მაინც დაუკვირდეს მწერლისეულ ინტერპრეტაციას და თავად გამოიტანოს დასკვნები.
დავით ქართველიშვილი ორივე კრებულში არის წარმოდგენილი, მისი “სენტიმენტალური მოთხრობა ძველებურ ყაიდაზე” ნოსტალგიური განწყობითაა აღსანიშნავი, ამგვარი განწყობა ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას მართლაც შეეფერება. თანაც დ. ქართველიშვილი აშკარად კარგი მოქართულეა, აქვს წერის კარგი მანერა და ნათელი სიმსუბუქე. იგი იმ ყაიდის შემოქმედებს მიეკუთვნება, რომელთაც უმძიმესი განწყობის კარგი რაკურსით შემოთავაზება რომ ეხერხებათ. ამის ნიმუშად მამის განწყობის გადმოცემაც გამოდგება, რომელიც გარდაცვლილ შვილს იგონებს. მიუხედავად დამთრგუნველი გარემოებისა, ავტორი ახერხებს სწორი აქცენტები ასევე სწორად გადაანაწილოს სხვადასხვა სიტუაციაზე. ძალიან კარგი მომენტია ისიც, როცა ახალგაზრდა კაცი თითქოს გამოდის მისთვის ჩვეული გარსიდან და ხანშიშესული პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას ასე მოერგება.
ამავე ავტორის მეორე ტექსტს “შეჯამება” ეწოდება, იგი გაცილებით ექსპრესიულია, მაგრამ პირველივით თბილი და ნოსტალგიური. დავით ქართველიშვილი თავის განცდებს, დამოკიდებულებას და შეფასებებს ირიბულად გადმოგვცემს, მისი პერსონაჟები თანაბრად იყოფენ მწერლისეულ იდეებს და საერთო ჯამში ჰარმონიული, კარგად წასაკითხი ტექსტი გვეძლევა.
შესაძლოა დავით ქართველიშვილისადმი ზედმეტად კეთილგანწყობილიც ვჩანვართ, მაგრამ მისი ტექსტების ენობრივი მხარე აშკარად იძლევა საამისო საბაბს. შეიძლება ჩვენი ავტორი ბევრს მუშაობს ფრაზის დახვეწაზე, ანდა სულაც ბუნებრივად გამოდის ასე. ორივე შემთხვევაში დასაფასებელია მისეული ზომიერების გრძნობა, ისიც, რომ მკითველს ზედმეტად არ ეკეკლუცება, არ არის ყალბად მანერული და ჩვენი დიდი სურვილია, სწორედ ეს შეინარჩუნოს.
ნუგზარ შატაიძე ორი ტექსტით არის წარმოდგენილი: “ქეთო გალოთებულა” და “მოგზაურობა აფრიკაში”. ორივე რეალობის ასახვას ცდილობს, მათგან “ქეთო გალოთებულა” ტექნიკური შესრულების ორიგინალობით იქცევს ყურადღებას. ნუგზარ შატაიძემ მრავალმხრივი თვალთახედა სხვადასხვა რაკურსით წარმოგვიდგინა. “მოგზაურობა აფრიკაში” ნამდვილად არ არის ნუგზარ შატაიძისთვის ორგანული, ეს მოთხრობა არის კარგად გადამუშავებული და გაშალაშინებული “ჩერნუხა” და თავისუფლად შეიძლება ერზაცად მივიჩნიოთ.
ნუგზარ შატაიძე ძალიან კარგი და ცნობილი მწერალია, ბევრი ამ კრებულებს მისი სახელის გამოც შეიძენს, მაგრამ ჩვენ გაცილებით უკეთესი მოთხრობები წაგვიკითხავს მისი. მიჩვეული ვართ მისეულ მსუყე და სავსე ფერადოვნებას, გვხიბლავს მისი გმირების შინაგანი მთლიანობა და სიპატიოსნე. “მოგზაურობა აფრიკაში” აშკარად ზედმეტად ნაფიქრ-ნალოლიავები ტექსტია, უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე მისანდო და დამაჯერებელი.
“ქეთო გალოთებულა” და “მოგზაურობა აფრიკაში” შესაძლოა მწერლის ახალ ძიებადაც მივიჩნიოთ, იმდენად განსხავდებიან ისინი ჩვენთვის ცნობილი ნუგზარ შატაიძისგან. არის მათში რაღაც ახალი ხმა, ახალი ელფერი, მაგრამ ეს “ახალი” მკაფიოდ სტილიზებულია, გარეშე და ჯერჯერობით არგათავისებული. უნდა ითქვას, რომ ნუგზარ შატაიძის წარმოდგენა “15 საუკეთესოში” იოლად შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი სახით. ამით მოიგებდა როგორც კრებული, ისე ავტორი.
ასევე ორივე კრებულში გვხვდება ბესო ხვედელიძე, რომლის “ძაღლურ ცხოვრებაზე” ადრე საგანგებოდ შევჩერდით და ახლა ბევრს ვერ ვისაუბრებთ. ბესო ხვედელიძე ახალგაზრდა თაობის იმ იშვიათ შემოქმედთ მიეკუთვნება, რომელთაც ბუნებრივად აქვთ მომადლებული ნათელი და მკაფიო წერის მანერა. მას განსაკუთრებით კარგად ეხერხება დიალოგის აგება და თბილი განწყობის ბოლომდე შენარჩუნება. “ჯადოში” კი აშკარა გაუგებრობაა, ვერაფრით მიხვდებით, რა უნდა და რის თქმას ცდილობს ავტორი.
თითო მოთხრობით წარმოდგენილ ავტორთაგან გამოვარჩევთ გურამ გეგეშიძეს.მისი “ნისლი” მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენთვის გურამ გეგეშიძე ძირითადად რომანებით არის ცნობილი, რომელთა საერთო დონე დიდად განსაზღვრავს ჩვენი თანამედროვე მწერლის სახეს. იგი იმ იშვიათ ავტორებს მიეკუთვნება, რომელიც არა მარტო “იცნობს” თავის მკითხველს, არამედ “გრძნობს” მთავარს და მარადიულს. გურამ გეგეშიძეს გაცნობიერებული აქვს პოსტსაბჭოური ყოფის ტენდენციები, აქვს დიდი გამოცდილება და იოლად შეუძლია სათანადოდ წარდგეს ნებისმიერ კრებულში.
“ნისლი” მწყემსად წასული კაცის თავგადასავალია, მისი მორიგი ხიფათიანი განსაცდელი. ავის მოლოდინი, ადამიანთა გადაგვარება, მარტოობა და მყუდრო თავშესაფრის ამაოდ ნატვრა ერთად მოექცა გურამ გეგეშიძის ამ მოთხრობაში.
“ნისლი” სულ ცოტა ხნის წინანდელ რეალობას აღწერს, რომლის რეციდივები ჯერ არ აღმოფხვრილა. მარტოსული და სიმშვიდეს მონატრებული ადამიანი ხანგრძლივად თავს ვერსად შეაფარებს, ყველგან მხეცებად ქცეული და სასტიკი თანამოძმენი არიან ჩასაფრებულნი. საკმარისია ვინმე ფანცქალამ წარმატებულ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რამდენიმე უპოვარს ხელი გაუმართოს და სამუშაო მისცეს, რომ მას მაშინვე დააყაჩაღებენ და უარეს შემთხევაში, სიცოცხლეს გამოასალმებენ. ფანცქალას მწყემსი, მყუდრო გარემოს მონატრებული კაცი, ამაოდ ცდილობს აერიდოს უბედურ და უაზრო სინამდვილეს… მოთხრობის ბოლოს ის და მისი შემთხვევითი ნაცნობები წყვდიადში მიიკვლევენ გზას.
გურამ გეგეშიძემ დინამიკური და მართალი სურათი მოგვცა, მან ჩვენი პოსტსაბჭოური სინამდვილე აღწერა, სწორედ ისეთი მძიმე და არასასურველი გარემო დახატა, რომლის გახსენება უკვე არც გვსიამოვნებს.
მთავარი ისაა, რომ მწერალი გვეუბნება, მართალია, გზა წყვდიადშია, ან შეძლებ მის გავლას, ან ვერა – მაგრამ წინ ჯიუტად უნდა გასწიოო. საინტერესოა ფინალი: “დაიძრნენ. ყაყანით, ძაგძაგით გაუდგნენ თეთრ წყვდიადში გაუჩინარებულ გზას. ადრე თუ გვიან, სადღაც ხომ მიიყვანდათ, თუ მანამ არ დახოცავდნენ ყველას?” გურამ გეგეშიძემ ერთმანეთს მოაყოლა ერთი მეორეზე მძიმე და პირქუში სურათები, მაგრამ თავის გმირს ღირსება შეუნარჩუნა. მთავარი სწორედ ესაა, საკუთარ თავთან იყო მართალი და მიუსაფრობას და სიმარტოეს სამომავლო ორიენტირებით სძლიო. მართალია, საკმაოდ მძიმე ტექსტია, მაგრამ უცებ იგრძნობთ, როგორ ავტორთან გაქვთ საქმე. თუ პირველი, 2001-2002 წლების კრებული მართლაც სჯობს მეორეს – 2002-2003-ისას, ამაში წვლილი გურამ გეგეშიძის ამ მოთხრობასაც მიუძღვის.
ოთარ ჩხეიძეც ერთი მოთხრობით არის წარმოდგენილი – “პაგანინის თითები”. მწერალი ბოლშევიკების სიმხეცეს ააშკარავებს, იგი წერს იმაზე, თუ როგორი მარადიულია უვიცობისა და ძალმომრეობის პრობლემა, როგორი განმეორებადი და უსასრულოა იგი.
“პაგანინის თითები” მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც თითქოს შორეულ წარსულშია საგულვებელი, მაგრამ საოცრად ცინცხალი და ახალი გვეჩვენება. შემოქმედისათვის თითების დაჭრის ამბავი მხოლოდ დაგვირგვინებაა რეალური პროცესების, ინფუზორიათა ტრიუმფის.
შეიძლება გადაჭრით ითქას, რომ ორივე კრებული არათანაბარი სიძლიერის მოთხრობებისგან შედგება, ტოვებს მექანიკურად და ზერელედ შედგენილის შთაბეჭდილებას. ეტყობა, ძალიან იოლად შეადგინეს, ძირითადად თავიანთი ავტორებით და კარგი ნაცნობებით შემოიფარგლნენ, არავის უზრუნია იმაზე, რომ კარგი მოთხრობის გვერდით სუსტებისა და საშუალოების კასკადი არ ყოფილიყო.
კრებულების არათანაბარი დონე ვეღარ გაამართლებს ცუდ ტექსტებს კარგების გვერდით, თავად კარგები შემთხვევით მოხვედრილებად აღიქმებიან ამ დროს.
გამომცემელი პირდაპირ გვეუბნება: “რაღა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს შერჩევა ობიექტურია” – იგი მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობის შეხედულებას გამოხატავს. ყველას აქვს უფლება, გამოსცეს მსგავსი კრებულები და შეადგინოს იგი საკუთარი გემოვნებით”. როგორც ვხედავთ, საქმე გაიოლებულია, არავის უნდა თავის შეწუხება, ცოტა უფრო ფართო მასშტაბის მიცემა საქმისთვის. შედეგიც შესაბამისი იქნება – არავითარი ნდობა და ინტერესი.
კარგი მხატვრული ტექსტის შეფასების უპირველესი კრიტერიუმი მკითხველთა ემოციაა. მთავარია, რა გვრჩება წაკითხვის შემდგომ, როგორი აზრობრივი სიახლე მოგვაპოვებინა მან, რაში დაგვაჯერა ან გადაგვაჯერა.
თავად მწერლები შესანიშნავად ხვდებიან, რას ქმნიან, ისიც კარგად უწყიან, რა ემოციებს აღუძრავენ მკითხველს. მწერლობა მაშინ არის გამართლებული, როცა მწერალი სათავისო გართობის ეტაპს ჩუმად, სათავისოდ გაივლის და მხოლოდ ამის შემდგომ შესთავაზებს მკითხველს ნაწარმოებს. ძნელია, ყველა ასე მოიქცეს, ყველა ამაღლდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ნამდვილად ასეა საჭირო.
ლადო ასათიანის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსიცოცხლო და უსახო გმირები. აბა დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი”. შეიძლება მოგვეჩენოს, რომ აგერ, ახლახან დაიწერა ეს შეფასება, იმდენად ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას.
შესაძლოა ჩვენმა სტრესულმა გარემომ და არნახულად ცვალებადმა ტემპმა მოიტანა ის ტენდენცია, რომ წერა ერთგვარი სტრესის საწინააღმდეგო თერაპია გახდა. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გამოქვეყნება ნამდვილად არ ღირს. ის, რაც მცირე სამეგობრო წრისთვის ცნობილი და მისაღებია, სრულიად სხვაგვარად ჩანს გამოქვეყნებისას. გარემოებათა გამო, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მწერლობის ამბიციის მქონე პირთა თვითცენზურაზე ვიყოთ დამოკიდებული; ხოლო ყველანაირი ერზაცის “საუკეთესოთა” შორის მოხვედრას უნდობლობით კი არა, უარესით – ირონიით შევხედოთ.© “წიგნები – 24 საათი”