რეცენზია

ნონა კუპრეიშვილი

წუთების დრო და გულისპირს ამოსული ბალახი

ნაირა გელაშვილი. ამბრნი, უმბრნი და არაბნი. სერია “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2005.

ოცდამეერთე საუკუნის მკითხველი სიყვარულის საგრძნობლად მივიწყებულ ანბანს ამიერიდან გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ქართული ბესტსელერით, ნაირა გელაშვილის ბრწყინვალე მოთხრობით “ამბრნი, უმბრნი, არაბნითაც” ისწავლის. ასეთ “მესიჯს” გვთავაზობს ბაკურ სულაკაურის მიერ განხორციელებული “ამბრნის” ახალი გამოცემა.
სიყვარულის ანბანის სწავლებას (თუ გახსენებას) რაც შეეხება, მასზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მცირე რომანის ჟანრში გადანაცვლებული ამ მოთხრობისათვის წამძღვარებული წინასიტყვაობა, რომლის ავტორი ლაშა ბუღაძეა.
ეს ზომაზე მეტად უტრირებული შესავალი, ნამდვილსა და დიდს ჟღარუნის ეფექტით რომ გვაპარებს, უფრო ტრივიალურ-პოპულარული და კლასიკური ლიტერატურის შერწყმის ტენდენციას ემსახურება, ვიდრე სერიოზული მწერლის წარდგენის საქმეს. თუმცა მეტისმეტად გაცხარებაც არ ღირს. ნათქვამია, მუნჯის ენა დედამ იცისო. ლაშა ბუღაძისაგან მუდმივად მოელიან დეკონსტრუქტივისტისათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმისა და თვითდაჯერების დემონსტრირებას. ისიც გარკვეულწილად ცდილობს ამ მოლოდინის გამართლებას. და სწორედ აქედან გამომდინარე ისეთ მწერალთან მიმართებაშიაც კი, როგორიც ნაირა გელაშვილია, რომლის მნიშვნელობაც მან სხვებზე არანაკლებ იცის, განუხრელად იცავს “ჟანრის კანონებს”.
არადა, იმათ, ვინც ოთხმოციან წლებში ძალიან ახალგაზრდა იყო და დაუზარელი მკითხველიც ეთქმოდა, ნაკლებად სჭირდებათ ნაირა გელაშვილის სამწერლო ფენომენის ახსნა. ერთი მახვილგონივრული შენიშვნის არ იყოს, “კუპიდონი დღევანდელობის ბიჭუნა არ არის”, ამიტომაც თანაგანცდისა და ხმამაღალი ფიქრის “უფლება” უმჯობესია იმას მივანიჭოთ, “ვისაც სიყვარულის იდუმალი ენა ესმის”.
ნაირა გელაშვილმა, როგორც შემოქმედმა, სამყაროს ნამდვილობის შესაცნობად დიდი გაბედულება და შეუპოვრობა გამოავლინა. დაძლია კიდეც “ფატალურად მოუწყობელ ქვეყანაში” მცხოვრები მწერალი-ქალის ყოველდღიურობასთან დაპირისპირება, ანუ როგორც რილკე იტყოდა, “ცხოვრებასა და დიდ საქმეს შორის არსებული მარადიული მტრობა”. გერმანულ სამყაროს ნაზიარებმა, მრავალი წელი შეალია წმინდა წყლის თეორიულ სამუშაოს, მაგრამ არასოდეს შეუქმნია უსიცოცხლო, “ანემიური, ინსტინქტისა და ენერგიისაგან დაცლილი ნაწარმოები”.
ეს განსაკუთრებით “ამბრნიზე” ითქმის, რომელიც თავის დროზე ბუტაფორიული, ყალბად მორცხვი საზოგადოების თვალწინ, მის გასაწბილებლად თუ გამოსაწვევად შეიქმნა. მოთხრობა არა მარტო ექსკურსიაზე, შატილში, აღათოს კოშკში ერთბაშად შეყრილი ქალისა და კაცის ურთიერთობაზეა, არამედ დაწერილია იმ უპირატესობის შეგრძნებით, რასაც ამგვარი “შემთხვევითი” შეხვედრების ნამდვილ მნიშვნელობათა ცოდნა ჰქვია. ის, რომ ნაირა გელაშვილი მამაკაცი-პერსონაჟის ენით ალაპარაკდა (რაც არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი) და მის ტაბუირებულ სამყაროსაც ფარდა ახადა – წარმოუდგენელ მკრეხელობად იქნა აღქმული. ახლა ვფიქრობ, განა რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?
რით განსხვავდება ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია იმისგან, რომელსაც მწერალი თხზავს? პირველ რიგში იმით, რომ “შეთხზვა” ამ შემთხვევაში ძალზე პირობითი ცნებაა. იგი უფრო ღრმა თანაგანცდას, თანაარსებობას, თანამონაწილეობას გულისხმობს. ადვილად თუ ძნელად, ჩვენ ვივიწყებთ ჩვენ მიერ განცდილ გრძნობას, მაშინ როდესაც მწერალი პიროვნულის უკან მოტოვებით, მასზე ერთგვარი ამაღლებით, მთელი თავისი შინაგანი ენერგიის დაძაბვით იწყებს თავად სიყვარულის არსში გარკვევას.
მერცია ამ მოთხრობის მთავარი გმირი-ქალია. იგი ისიცაა, რაც მინდოდა ვყოფილიყავი და შესაძლოა ვერ კი გავხდიო – ამბობს ერთგან ნაირა გელაშვილი. რეალურსა და სასურველს შორის არსებული დაუმთხვევლობის აღიარება, ცხადია, პერსონაჟთან თვითიდენტიფიცირების სურვილით როდია ნაკარნახევი, არამედ უფრო ცდომილებებს შორის არსებული იმ რეალური მანძილის გავლით, რომელმაც შექმნა კიდეც განსხვავება მწერალსა და მისი პერსონაჟის ბედს შორის.
კრიტიკოსთა უმრავლესობამ ამ “ვარდისფერ ქალში” “სხვაში რეალიზებისაკენ მუდმივი სწრაფვის” (ო. პასი) ყოვლისმომცველი ძალა დაინახა. არაჩვეულებრივი სულიერი გახსნილობა და ბუნებრივობა, რაც ქართველ ქალთა დიდ ნაწილს დღესაც არ ახასიათებს, მკითხველს მაშინვე მიანიშნებდა, რომ მერცია ერთგვარი ჯილდოა და იმავდროულად სასჯელიც იმისათვის, ვისაც ცხოვრების სისავსის, სიკვდილ-სიცოცხლის, დროისა და მარადისობის შეცნობა აქვს დაკისრებული.
გ. გაჩეჩილაძე, რომელიც “ამბრნის” ერთ-ერთი პირველი შემფასებელი იყო (სწორედ მისი წინასიტყვაობა ერთვოდა მოთხრობის პირველ გამოცემას) ტექსტში გაბნეულ სიმბოლურ სახეებზე, მთელ მეტაფიზიკურ აქსესუარებზე, განსაკუთრებით კი ქალის სახის სემანტიკაზე ამახვილებდა ყურადღებას. მერცია მან სავსებით ლოგიკურად მოაქცია წყლისა და ოქროს, სიცოცხლისა და სიკვდილის ნიშანთა სისტემაში.
მართლაც, საკუთარ თავს ასე განმსგავსებული, შიშითა და გულგრილობით ძლეული ორმოცდაორი წლის მამაკაცის შინაგანი განახლების, მისი გამოხსნის მისიით აღჭურვილი მერცია სამყაროს ერთ-ერთ პირველ ელემენტს, სიცოცხლის სტიქიას, წყალს, უნდა დაკავშირებოდა. დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოჩენილი “ძილის ქვეყანა” გამჭვირვალე სიზმართა უწმინდესი ხლართით, რომელშიც ნელ-ნელა ეშვება მერციას რჩეულის ცნობიერება, მთის კამკამა წყაროების მელოდიურობითაა აღსავსე. ბედუინებს თურმე წყლის ხმაური უმაღლეს პოეზიად მიაჩნდათ. აქაც გამუდმებით გაისმის ეს ჯადოსნური ხმა. მხოლოდ ესაა, ზოგჯერ მას ვერცხლის თუნგიდან წყლის ნაცვლად გადმოყრილი ოქროსა (ჩვენი გმირები ხომ ვაგნერის “რაინის ოქროს”შთაბეჭდილების ქვეშ არიან) და ზოგჯერაც ყამარის მამის მხედრობის, მუდმივად სხვის დასათრგუნად შემართული ამბრნი, უმბრნისა და არაბნის ცხენთა თქარუნის ხმაც არღვევს.
მწერლის მიერ მძაფრად ნაგრძნობი და დანახული (მარტო აღათო და მისი ხმით ნატირლები რად ღირს) მთელი ხევსურული აკვარელი სიყვარულით სულშეძრულ ამ ორ ადამიანს სამყაროს მთლიანობის განცდით ავსებს. თავდაპირველად სწორედ მერცია ამჟღავნებს მზაობას ამ მთლიანობის მისაღებად. მერციასავე ათქმევინებს ავტორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაზას: “გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე!”, რომელიც იქვე, მოქმედების დინამიკაში ჩართული, გაბრიელ ჯაბუშანურის თავზარდამცემი, მერციას შეფასებით “საშინელი”, მოთხრობისათვის კი კონცეპტუალური დატვირთვის მქონე ლექსის რეფრენად გარდაისახება: გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე… მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი. გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი”… ნაირა გელაშვილს დიდი ტაქტითა და სიფრთხილით მოაქვს ეს სრულიად არაორაზროვანი მოწოდება სულიერი მღვიძარებისაკენ, რომელსაც ადამიანმა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მიაღწიოს…
რაც შეეხება მეორე მთავარ პერსონაჟს, უსახელო მამაკაცს (მწერალი, მართლაც, ვერ ხედავს მისთვის სახელის დარქმევის აუცილებლობას), იგი ნაირა გელაშვილისთვის ერთსა და იმავე დროს განრიდებულ-გაუცხოებულიცაა და თავიდან ბოლომდე გაშიფრულიც. ხასიათის ძირითადი თვისებები, რაც ამ პერსონაჟს გარეგნულად მაინც, დიდად არ გამოარჩევს ათასობით რესპექტაბელური, სინამდვილეში კი სიცრუეში მცხოვრები, თანამოძმისაგან (სხვათა შორის, რესპექტაბელურობის ფასი მას შემდეგ შეუდარებლად გაიზარდა) გაუბედავ, შინაგანად ლაჩარ მამაკაცებზე, “შურისძიების” ნიშნითაა აღბეჭდილი. რაღაც შუალედური პატრიარქალურ გმირსა და ვთქვათ, ფელინის “დედიკოს ბიჭებს” შუა – მამაკაცთა ამგვარი მოდგმა ნაირა გელაშვილს აშკარად აღიზიანებს. აი, რას გვიამბობს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში: “… სტუდენტობისას რამდენიმე ლექტორის საუბარს შევესწარი. ერთი (კარგი სპეციალისტი) ამტკიცებდა, გურამ რჩეულიშვილი იმიტომ დაიხრჩო, რომ “პაკაზუხა” იყოო… შეიძლება “პაკაზუხაც” იყო, არ ვიცი, მაგრამ სხვის გადასარჩენად გადახტა წყალში… რამდენად უბადრუკი უნდა იყო ადამიანი, რომ უპირატესობა მკვდარსაც არ აპატიო. მერე მთელი ცხოვრების მანძილზე სულ ამას ვხედავდი, რომ ქართველ კაცებში დიდი შიშია დაგროვილი, წარმოუდგენლად დიდი შიში – ცხოვრების, ერთმანეთის, ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, შიში საკუთარი შესაძლებელი მარცხის წინაშე, რომელიც მათ ქმედებას ადაბლავებს”…
თუმცა ის, რაც ყოფით დონეზე შურისძიების საგანია, წარმოსახვით სამყაროში შემოქმედის მიერ თანაგრძნობით აღძრულ გამოსარჩლების სურვილად იქცევა ხოლმე. ნაირა გელაშვილი მწარედ სჯის, მაგრამ გამეტებით ვერ იმეტებს თავისი ჯავრიანი გამოხედვის მქონე პერსონაჟს, რომელიც ისე გამოუფიტავს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას, რომ აღარც სარკეში იხედება და არც დიდი თუ პატარა სიმართლეების თავი აქვს.
“ნუთუ არც ისეთი გადასაგდები კაცი ვარ?” – იტყვის იგი მოთხრობის ფინალში იმ დიდი გამოღვიძების შემდეგ, რომელიც, პოეტის თქმის არ იყოს, თავად ვერ მოუწყო საკუთარ თავს, მაგრამ სხვამ თუ სხვებმა მოუწყვეს.
მოთხრობა არაჩვეულებრივი კომპოზიციური სიზუსტითაა აგებული. მას იმდენად ფაქიზი ორგანიკა აქვს, რომ საკმარისია ერთი დისონანსური თემა, ფრაზა, სიტყვაც კი, რომ ყველაფერი დაინგრეს და, შესაბამისად, მკითხველისათვის აქ მოთხრობილი “ამბავი სიყვარულისა” დაუჯერებელი გახდეს. სწორედ ამგვარ დისონანსურ თემებად ქცევა ემუქრებოდათ ავტობუსში მჯდარ ფილოსოფიის ლექტორის საუბრებს “ევროპის დაღუპვაზე”, მთის საკმაოდ გაცვეთილ რომანტიკას, ვირტუალური და რეალური სამყაროების ვარირებას ცხადისა და ვიზიონის მონაცვლეობით, ეკოლოგიური საფრთხის, საერთოდ სამყაროს სიმყიფის შესახებ გაკეთებულ სხვადასხვა ჩანართს… მაგრამ ყველაფერი ეს საოცარი მიზანდასახულობით მუშაობს გმირთა ხასიათების ნიუანსობრივ გახსნაზე, მათი ფერებისა და ეჭვების სიღრმეში მკითხველის გარკვევაზე. არც ერთი დეტალი, თვით სიზმრიდან ამოყოლილი კვნესაც კი, არ რჩება ფუნქციის გარეშე.
საერთოდ, მთიდან ჩამობრუნებულისათვის ქალაქი დიდ გამოცდად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ ხანებში. მით უფრო გაუსაძლისია ეს შეგრძნება იმათთვის, ვინც დიდი სულიერი არჩევანის ზღვარზე დგას. ნაირა გელაშვილი ჯერ კიდევ გაურკვეველი მოლოდინით გასენილ ქუჩებში ატარებს თავის გმირებს და არა მარტო მათ, არამედ იმ სხვებსაც, ამ მოთხრობის მიღმა დარჩენილ ადამიანებსაც, რომლებიც ყოფიერების მორევში დანთქმულან, ქალაქი კი მათთვის საკუთარი თავისა და წარსულისაგან თავდასახსნელ უიმედო თავშესაფრად ქცეულა. კაცი და ქალი, ქალი და ბავშვი, ბავში და მოხუცი – რა იციან მათ წუთების დროზე, რომელიც აქ, ამ ტკბილ-მწარე “წუთისოფელში უნდა აკრიფო და იმქვეყნად გადაბარგების” წინ სანთელივით წაიმძღვარო. უმეტესობამ – თითქმის არაფერი. მწერალს კი სწორედ ამ ცოდნის გაზიარების სურვილი ამოძრავებს.
ბევრი მანკიერება, რომელიც სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების პროზამ ასახა, ტოტალიტარიზმის წნეხს ბრალდებოდა. მათ შორის შიშით შეპყრობილი ქართველი მამაკაცების არსებობაც. ახალ რეალობაში ტოტალიტარიზმის რეციდივებზე თუ შეიძლება საუბარი, “ადამიანის მიწიერი ექსისტენსის არსი” კი უფრო მიუწვდომელი და ძნელად ახსნადი ჩანს. მატერიალურ-ნივთიერ და მეტაფიზიკურ-ტრანსცენდენტურ სფეროთა შეუთავსებლობა კი სულ უფრო გვაშორებს “ამოცანას, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას აქვს დაკისრებული”. ასეთ ვითარებაში იმ მწერლის ხმა, რომელმაც “ამბრნის” შექმნა შეძლო, გაგონილ უნდა იქნას.


© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box