პროზა (თარგმანი)

ელაბას ბაღიროვი – ლამაზი

ელაბას ბაღიროვი (1957) – აზერბაიჯანელი მწერალი და მთარგმნელი. არის არაერთი

ვრცელი მოთხრობისა და რომანის ავტორი. მისი თხზულებები

თარგმნილია რუსულ და თურქულ ენებზე. ეროვნული წიგნის

კონკურსის სპეციალური პრემიის ლაურეატია.

 

მამიდაჩემის სოფელში მობრუნებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თითქმის მთელი სიფელი ამაზე ლაპარაკობდა.

საწყალი ქალი ქუჩაში ვერ გამოდიოდა, მაშინვე ჭორის საბაბი ხდებოდა. და სანამ იგი თვალს მიეფარებოდა, ათასი მზერა

მიაცილებდა მიმავალს.

დეიდა შაესთასავით დანარჩენებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ მამიდას გასაჭორად. აქედან ვასკვნიდი, რომ მამიდაჩემი მათ თვალში ერთობ სახიფათო და მოსარიდებელი არსება იყო.

სინამდვილეში ეს ასე არ გახლდათ. მთელმა დუნიამ იცოდა, რომ იყო დრო, როცა მამიდას სილამაზეზე მეზობელ სოფლებშიც კი აღფრთოვანებულები ლაპარაკობდნენ.

ახლაც მახსოვს, ჯერ კიდევ ქალიშვილობისას როგორ შურდათ მის თანატოლებსა და მასზე გაცილებით უფროსებსაც კი.

ახლა? ახლა ქუჩა იქით იყოს და, სახლშიც მოსვენებას არ აძლევდნენ საწყალ მამიდას. თითქოს დედაჩემი და მამაჩემიც სულ უფრო უნდობლები ხდებოდნენ ამ ადამიანის იმართ.

ისინი ერთი წლის წინ, ან თუნდაც ნახევარი წლის წინ სულ

სხვანაირები იყვნენ. მოკლე დროში მკვეთრად შეიცვალნენ მის

მიმართ. მაგიდასთან მამიდასთან ურთიერთობისას უაღრესად

სიტყვაძუნწობდნენ; მის გაკეთებულ საქმეს აგდებულად

უყურებდნენ; სათქმელი რომ გამოელეოდათ, უბრალოდ,

დასცინოდნენ. ამას მამიდაც გრძნობდა, მაგრამ რატომღაც სდუმდა, არაფერს ამბობდა.

იგი მხოლოდ მე მესაუბრებოდა გულითადად. ზოგჯერ ერთმანეთს რჩევასაც კი ვაძლევდით. მაგრამ ნათლად ვხედავდი, რომ მამიდა ზაფხულის მარილივით თვალსა და ხელსშუა ილეოდა.

ერთხელ, როცა იგი დუქნიდან დაბრუნდა, ისე მკითხა, როგორც თავმობეზრებული ავადმყოფი იკითხავს განუკურნელი სენის გამო: რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რა ვქნა? რა ვქნა, რომ ქვეყანა რეგვენებითაა სავსე?

როგორ არ ვეცადე, მაგრამ მამიდამ მეტი არაფერი მითხრა.

როგორც ყოველთვის ხდებოდა, სათქმელი თვალებზე მომდგარი

ცრემლებით დააბოლოვა.

ასეთი ამბები შემდეგშიც არაერთხელ განმეორდა. ეს მხიარული ქალი ქმრისა და წყვილი შვილის სიკვდილის შემდეგ ერთბაშად შეიცვალა.

სოფელში ყველა ამბობდა, რომ ბევრი არ უკლია, მალე გაგიჟდებაო.

მაშინ სოფელში ისეთი კომლი არ იყო, რომ ერთ დღეში ერთი ოჯახიდან სამი სული ერთდროულად არ წაეყვანა განგებას.

ძია სეიმურას მოხალისეთა ბატალიონმაც კი –- მათგანაც სამი კაცი დაიღუპა – იმ დღეს სოფელი ამ მოულოდნელი უბედურებისგან ვერ იხსნა.

ის ამბავი რომ მოხდა, მამიდა ჩვენთან იყო. რაღაცის წასაღებად მოსულიყო.

მოულოდნელად წივილ-კივილის ხმა გაისმა. ხმა სოფლის ზემო

ნაწილიდან მოისმოდა. მამიდაჩემის სახლიც იქით იყო.

სოფელში დიდი შეხლა-შემოხლა დაიწყო. უწყვეტი ტყვიის ხმით

შეძრწუნებული ადამიანები გარბოდნენ, ყვიროდნენ, ერთმანეთს

შემზარავი ხმით ეძახდნენ.

როცა ჩვენი სახლის მახლობლად მდებარე გორაზე ავირბინეთ,

მამიდას სახლი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული, ალი ლამის

ზეცას სწვდებოდა.

დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, სახლიდან, რომელსაც

გულბოროტნი ყოველთვის შურის თვალით უყურებდნენ, მხოლოდ

შემურული კედლებიღა დარჩა.

დაჭრილი ცხოველი რომ თავის სისხლს ლოკავს, აი ისე ლოკავდა

მუხლებზე დავარდნილი მამიდა დამწვარი სახლის კედლებს. მისი

ორი პირმშო და უსაყვარლესი ქმარი ამ კედლებში დაიწვნენ და

ფერფლად იქცნენ.

მოსაღამოვებულზე ამ საშინელების თვითმხილველნი

ყვებოდნენ, რომ მამა-შვილი ორჯერ გამოვარდა ცეცხლწაკიდებული

სახლიდან, მაგრამ მხეცებმა ისინი ორჯერვე შეიპყრეს და

დაუნდობლად შეაგდეს ცეცხლში. ქალები ამას რომ ისმენდნენ,

წიოდნენ და გულამოსკვნილნი მოსთქვამდნენ. სახეს იხოკავდნენ, თმებს იგლეჯდნენ და საზიზღარ მტერს წყევლა-კრულვას უთვლიდნენ. უიარაღო კაცებმა არ იცოდნენ, რა ექნათ, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ შური ეძიათ და მოღალატე მეზობლებისთვის საკადრისი პასუხი გაეცათ.

იმ დღეს, როცა მამიდას ის უბედურება დაატყდა თავს, კიდევ სამ

ოჯახს მიუკაკუნა კარზე სიკვდილმა.

ომის დაწყების შემდეგ, უბედურება კარდაკარ დადიოდა;

ერთ ოჯახში რომ შეივლიდა, იქიდან გამოდიოდა და მეორესთან

მიდიოდა, როგორც ბილწი მათხოვარი, რომელიც სულებზე

მათხოვრობს. ერთხელ დავჯექი და გონების თვალი გადავავლე

სოფელს. მაინტერესებდა, დარჩა კი სოფელში ისეთი სახლი,

რომელსაც არ დაატყდა თავს ომის უბედურება?

ხალხის ნათქვამიდან ისე გამოდიოდა, რომ მათ არათუ თავს არ

გადახდენიათ ისეთი შემზარავი საშინელება, რაც მამიდას გადახდა, მსგავსის შესახებ არც კი სმენიათ. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ნამდვილი უბედურება, რომელიც მამიდას საბოლოოდ გააცამტვერებდა, ჯერ კიდევ წინ მოელოდა.

ერთ დღეს სოფელში ხმა გავარდა, რომ ვენახში ვაზის

სხვნელები აუყვანიათ ტყვედ. ამ ამბის შემდეგ ძია სეიმურას ლომები – სოფელში მათ ყველა ასე ეძახდა – ხალხის თვალში საკმაოდ

დამცირდნენ: უკვე დღისით-მზისითაც კი უბედურება უბედურებას

მოსდევდა…

ტყვედ ჩავარდნილებს შორის მამიდაჩემიც აღმოჩნდა. ეს

ჩვენთვის, განსაკუთრებით კი მამაჩემისთვის, ნამდვილ ტრაგედიად

იქცა…

მას თავი გარეთ ვერ გამოეყო, არ იცოდა, ვინ დაედანაშაულებინა,

რომ გული ოდნავ მაინც მოეოხებინა. როცა მამიდას ორი შვილი და

მეუღლე აალებულ სახლში ჩაიფერფლნენ, იგი ასე არ

დამწუხრებულა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც მამიდა ტყედ ჩავარდა, მის

მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. ალბათ, იმ დღეს მამიდა ხელში

რომ ჩავარდნოდა, თავისი ხელით დაახრჩობდა. მას ვერაფრით

ვერ აეხსნა, მამიდა რატომ ვერ დაეტია შინ, ვენახში რა ესაქმებოდა?

სინამდვილეში, ყველას აცრუებოდა ცხოვრებაზე გული და საერთოდ

აღარავის ჰქონდა ხვალის იმედი. მამიდა კი ცდილობდა, თავი საქმეში

ჩაერგო, ეგებ ამნაირად დარდი განექარვებინა. საპასუხოდ კი ეს

მიიღო…

თავიდან მეგონა, რომ მამას მრისხანება დედაჩემზე იყო

გათვლილი. მას უყვარდა დედაჩემის თანდასწრებით გულზე

მჯიღების ცემა. მაგრამ როცა ორი ხელი თავში შემოირტყა და თქვა:

„ქვეყანაზე როგორ მომეჭრა თავი, ღმერთო, გევედრები, ამ გოგოს

ერთი იაფი სიკვდილი მოუვლინე!“ – მაშინ მივხვდი, მამიდას სიკვდ –

ილს, მართლაც, გულით ნატრობდა.

დედა მის დამშვიდებას შეეცადა:

– რაც მოსახდენია, ხდება. ბედს ვერ გაექცევი.

იმ დღეს ჩვენი დარდის გასაზიარებლად მოსული

თანასოფლელების წინაშე მამა ისეთი დამცირებული ჩანდა, რომ

ამისი ყურება მეც კი მიმძიმდა. როცა იმ ამბის შემსწრენი, რომლებიც

მტერს გამოექცნენ და ტყვედ ჩავარდნას თავი დააღწიეს, დარბევაზე

დაწვრილებით საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მამიდა, მტრისგან

თავდაღწევის მიზნით კლდეზე გადახტაო, დარდისგან ნახშირივით

გაშავებულ მამას ცოტათი გულზე ეშვებოდა და გულის სიღრმიდან

წამოსულ ოხვრას დარდს ამოაყოლებდა ხოლმე. ისინი მამას

შეძლებისდაგვარად ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, გული დარდს

არ გადააყოლო, განგებას ბევრი სიმწარე მოაქვს, უფალი კი მოწყალეა…

ამ ამბიდან თვენახევარი იყო გასული, სოფელში ხმა დაირხა, რომ

იმ დღეს დატყვევებული კაცები დაუხვრეტიათო. მათგან მარტო ძია

ფარუხი დაუტო ვებიათ ცოცხალი, ეგეც იმიტომ,რომ თავიანთ

ტყვეებში გადაეცვალათო.

მოხუცი, რომლის სიცოცხლესა და სიკვდილს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა. არავინ იცოდა, იგი იმ დღეს ვენახში როგორ და რა მიზნით იყო წასული…

ცხედრების დაბრუნებისთვის დიდ თანხას მოითხოვდნენ.

ჩემი აზრით, მაგდენ ფულს ვერავინ იშოვიდა. ადამიანი, რომელიც

ამქვეყნად აღარაა, მისი პატრონისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად

იმყოფება იგი? მაგრამ ვინ დაუგდებდა ყურს ჩემს აზრს? მალე ცხრა

ეზოში ქელეხის სამზადისი დაიწყო. როცა მამას ვკითხე, ცხედრების გამოსყიდვითა და გაპატიოსნებით, რისი თქმა უნდათ მეთქი, ღრმა ფიქრებში წასულმა მამამ ცივად მომიგო:

– ნეტავ, ასეთი ბედნიერება დღეს ჩვენც გვწვეოდა. ღმერთის

სახელს ვფიცავ, ლხინის სუფრას გავშლიდი ამ ეზოში. – წამიერი

დუმილის შემდეგ ღრმად ამოიოხრა. მამა-შვილური ურთიერთობა

ადამიანთან, რომელიც თავისი ახალგაზრდა, ღვიძლი დის სიკვდილს

ასე ნატრობს, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. უცებ გულში ვინატრე:

იქ, სადაც მამიდაა, ნეტავ, მის ნაცვლად მამა ყოფილიყო!…

მამიდა! უკვე რამდენი ხანია, მათ შესახებ დამნამდვილებით

არავინ არაფერი იცოდა. ამის სანაცვლოდ ბევრი მითქმა-მოთქმა

დადიოდა ხალხში. პირველად ასეთი ამბები სოფელში ძია სათიბის

ბიჭმა აბდულალიმ გაავრცელა. ეს ბიჭი სიტუაციის დაძაბვისთანავე

ბაქოში აითესა. ახლა კი შიგადაშიგ სოფელში ჩამოდიოდა, რომ

ათასგვარი ჭორის მარცვალი ჩაეგდო ხალხში და ისევ

გადაკარგულიყო. ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც მოსწონდათ ეს

ჭორის ბუდე, რადგანაც ბაქოდან ჩამოსვლისას, უშოვარს იშოვიდა და

ჩამოჰქონდა სოფელში. განსაკუთრებით კი საკვები პოდუქტები.

როგორც კი აბდულალის სიტყვა წამოსცდებოდა, მაშინვე მოედებოდა

ხოლმე სოფელს. გაგონილს ერთ იმდენსაც თავად მიამატებდნენ და

ლაპარაკობდნენ. თუ ეტყოდი, დაუჯერებელიაო, მაშინვე

მოგიგებდნენ, რაც გავიგე, იმას გელაპარაკებიო. ასეთების რიცხვი

სოფელში დღითდღე მატულობდა. ზორჯერ ასეთ ლაპარაკს ერთობ

სერიოზული ადამიანებიც კი არ ერიდებოდნენ. ასეთი ხმაც დაირხა,

რომ მამიდაანი ცენტრში, ანუ ერევანში წაუყვანიათ. იქ მათ ათასგვარი

საზიზღრობა დამართესო, მორიდებულად, მაგრამ ამასაც ამბობდნენ.

აბულალიმ პირდაპირ მითხრა:

– მამიდაშენი მარტო რომ ყოფილიყო, რა უჭირდა? იმ მატყლის

ჯოხის მაგივრობასაც ეგ გასწევდაო. – „მატყლის ჯოხს“ სისუსტისა

და სიგამხდრის გამო დეიდა გულფუთას ეძახდნენ მეტსახელად.

აბდულალისგან ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამიდა ისე შემებრალა,

რომ თავის დროზე ასე არ შემცოდებია შაისტა დეიდაც კი, რომელსაც

იმის გამო, რომ ყურანზე ტყუილად დაიფიცა, პირი მოეღრიცა.

აბდულალის რომ უღმერთობა გამოეჩინა და ეთქვა, ისინი უცხოეთში

გაყიდესო, მაგას რას ვუზამდი, მარტო მაღალმა ღმერთმა იცის.

ჩემთვის ნამდვილი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ეს ამბავიც

გავიგე. მანამდე ვიმედოვნებდი, რომ მამიდაზე რაც არ უნდა გამეგო, სინამდვილეს ვერ შეცვლიდა, ადრე, თუ გვიან იგი სახლში დაბრუნდებოდა.

ყველა ამბობდა, რომ როცა სჭირდებათ, ქალებს, ბავშვებსა და

მოხუცებსაც არ ინდობენ, ძირითადად კი კაცებს, განსაკუთრებით კი

ახალგაზრდა მამაკაცებს ენითაღუწერელი სისასტიკით აწამებენო.

გულში ღმერთს ვევედრებოდი, რაც გინდა მოხდეს, ოღონდ მამიდა

უცხოეთში არ გაეყიდონ. ამიტომაც იმ ამბავმა, რომ ლამაზ ქალებს იქ

კინოში იღებენო, არც ისე ძლიერ შემძრა.

მხოლოდ როცა მამიდას ამჟამინდელ ადგილ-სამყოფელზე

ვფიქრობდი, ლამის გავგიჟებულვიყავი. გამუდმებით იმედის პატარა

ნაპერწკალს დავატარებდი გულში, მამიდა თუ იტყვის, რომ სახლ-

კარი გადამიწვეს, ქმარ-შვილიც სახლშივე ნაცარ-ტუტად მიქციესო,

შეიძლება იგი შეიბრალონ. მას თავისი წილი უბედურება

გადატანილი ჰქონდა. ერთხანობას გულში მამიდას ვსაყვედურობდი,

იმის გამო, რომ ალბათ გადატანილი უბედურების შესახებ რატომღაც

მათ არაფერს ეუბნებოდა. შეიძლება იხტიბარს არ იტეხდა, თავს არ

იმცირებდა და იმიტომ…

სიამაყე მისი ოდინდელი თვისება გახლდათ.

დაახლოებით თვენახევარმაც გაიარა. ერთ დღეს სოფლამდე

სასიხარულო ამბავმაც მოაღწია, თქვეს, მამიდაანი მალე მტრის

ტყვეებზე უნდა გადაცვალონო.

ვიღაცას ფარულად სხვა ამბავიც მოეტანა, მტრებს ამავე დროს

გვარიანი თანხაც მოუთხოვიათო. ეს, ძირითადად, ქალების

გამოსასყიდად იყო გათვალისწინებული. მამამ ეს ამბავი რომ გაიგო,

ერთბაშად თავისთავში ჩაიკეტა. ვერ გაიგებდი, ეს ამბავი გაეხარდა,

თუ პირიქით. მაგრამ როცა ვნახე, დედა რარიგ ცდილობდა, იგი

როგორმე დაეყაბულებინა, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

შეიძლება, მამას ყოყმანი შეატყო და ამიტომაც დაუყონებლივ ჩაერია

საქმეში, რამეთუ მამა არც ჰოს ამბობდა და არც არას. ღვთის წინაშე,

დედას უფლება ჰქონდა, სიფრთხილე გამოეჩინა, ვაი თუ ხვალ

ყველაფერი სხვანაირად შემობრუნებულიყო და მამას ყველაფერი

მისთვის გადაებრალებინა, მაშინ როგორ?…

– ხვალ ხალხი იტყვის, ელხანს ფული დაენანაო. აი, მაშინ ჩვენ

ნუ გაგვამტყუნებ! – ჩემის აზრით, მამაზე დედაჩემის ამ სიტყვებმა

იმოქმედეს. ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, და მისია.

ხალხის თვალშიც ღვიძლი დის გამო პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

მერე ჩამეძინა და ამ საუბრის გაგრძელება ვეღარ მოვისმინე. როცა

გათენდა, ის კი ვნახე, რომ ხუთი სული ძროხიდან ეზოში მხოლოდ

ერთიღა დარჩენილიყო.

მას შემდეგ, რაც მამაჩემი მამიდაჩემის მოსაყვანად წავიდა

მეზობელ რაიონში, – ტყვეები იქ უნდა გაეცვალათ, – დედამ

აბდულალის მისამართით ლოცვა-კურთხევა აღავლინა და თქვა:

ღმერთმა უშველოს, რა ფასადაც მაგან იყიდა ჩვენი ძროხები, ამ

გაწამაწიაში იმ ფასად არავინ იყიდიდაო. ამ ქალაჩუნა

ჭორიკანასადმი, რომელიც საზღვრის გადაღმელებთანაც კი რაღაც

კავშირში იყო, ახლა რაღაცნაირი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა,

მაგრამ ვიცოდი, რომ გარემოების გამო მისდამი გაჩენილი ეს გრძნობა

წარმავალი და დროებითია.

მამა და მამიდა სამი დღის მერე დაბრუნდნენ. მამიდა ისეთ დღეში იყო ჩავარდნილი, რომ ძლივს ვიცანი, მანამდე კი გაკვირვებული ვაკვირდებოდი. ამისი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მამიდა, რომელიც ოდესღაც თავისი მედიდური სიარულით ყველას ხიბლავდა, ახლა საშინელ მდგომარეობაში მამაჩემს კოჭლობით მოსდევდა. ამის შემხედვარემ ვიგრძენი, რომ ყელზე მოწოლილი ბოღმა მაღრჩობს. მონატრებულები ერთმანეთს გადავეხვიეთ. როცა მამიდა აქვითინდა, მაშინ ვიგრძენი, რომ მის სულში საშინელი საფრთხის გრძნობა გამჯდარიყო. იგი თანასოფლელებსაც აუხსნელი ძრწოლით ხვდებოდა. შემდეგ იგი შუაში ჩავიყენეთ და სახლში წავიყვანეთ. ქალთაგან რომელიღაცას მისთვის ხელკავი ჰქონდა გაყრილი, ყველა ჩუმად ქვითინებდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელია, ქვეყნად ასეთი სიხარულიც არსებობდეს.

იმ დღეს ძია ფარუხი და დეიდა გულბათაც გაათავისუფლეს, მიუხედავად ამისა, რატომღაც ყველამ ჩვენთან მოიყარა თავი. მამიდას შეკითხვებს სეტყვასავით აყრიდნენ: მას შემდეგ, რაც ისინი დაიჭირეს, სად წაიყვანეს, აწამებდნენ თუ არა, სად ჰყავდათ გამომწყვდეული, დღეში რამდენჯერ აჭმევდნენ და სხვა… მამიდა, რომელსაც შუბლსა და ლოყებზე ჩალურჯებული ლაქები ჰქონდა, ერთსა და იმავეს ხუთი წუთის წინ რომ მოყვებოდა, ხუთი წუთის შემდეგ სხვას უყვებოდა, მერე ათი წუთიც არ გადიოდა და სხვა ახალ მოსულს იმავეს ხელახლა უამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივეს მეათეჯერ ისმენდნენ, ყოველ ჯერზე პირდაფჩენილები მიაჩერდებოდნენ ხოლმე მამიდას. განსაკუთრებით, როცა მამიდამ თქვა, რომ მისი მკურნალი ექიმი ბაქოელი სომეხი იყო და მას მადლიერების გრძნობით ეპყრობოდა, ქალებმა ყველა კეთილი ადამიანის მიმართ გულითადი ლოცვა აღავლინეს.

ამის შემდეგ მამიდა თითქმის გადაავიწყდათ, თვითეული მათგანი იხსენებდა იმ კეთილ ადამიანს, ვინც ცხოვრების გზაზე შეხვედროდა. მამიდას ნაამბობიდან ყველაზე მეტად ის დამახსომდა, რაც წამებით მოკლულ ადამიანებს შეეხებოდა. რარიგ ძნელიც არ უნდა ყოფილიყო, მინდოდა, მამიდას მხოლოდ ამის შესახებ მოეთხრო, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გასაჭირში მყოფთ სულ ბოლო წამში რომელიღაც სასწაულის შემწეობით შური უნდა ეძიათ თავიანთ მტრებზე.

შემდეგ დღეებშიც მამიდას არაერთხელ მოუწია ამ ამბების

მოყოლა, რადგანაც ჩვენს სახლში მიმოსვლა არ წყდებოდა, ყვებოდა

მამიდა, მაგრამ სასწაული არ ხდებოდა, წამებულნი წამებით

აღესრულებოდნენ მხოლოდღა. მართალია, მამა უფრო უბირი და

დაღვ-რემილი გახდა, მაგრამ ტყვეთა დაბრუნებამ სხვა სადარდელი

თითქმის გადაგვავიწყა. მისი ასეთი სულიერი განწყობა შეუმჩნევლად

დედასაც გადაედო. შეუძლებელი იყო, მამიდას ეს არ ეგრძნო.

დღითიდღე ისიც რაღაცნაირ გაუცხოებას განიცდიდა თითქოს,

ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა, ერთთავად ეგონა, მასზე

აუგს ლაპარაკობენ. ერთხელ, როცა მამიდამ თქვა, საჭიროა,

მოტეხილი ფეხი ექიმს ვუჩვენოო, – ფეხი კლდიდან გადახტომისას

მოსტეხოდა, – მამამ ისეთი სახე მიიღო და ისე მკვახედ უპასუხა,

ბებიაც რომ წამოგეყენებინა საფლავიდან, ძნელად თუ ვინმეს

დააჯერებდი, რომ ისინი და-ძმანი იყვნენ. ამის შემდეგ მამიდაც

სდუმდა ამის შესახებ, ტკივილსა და დარდს დიდი ტანჯვის ფასად

უძლებდა, მათ გულში იკლავდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა.

მის ჩალურჯებულ ფეხის თითებს რომ ვუყურებდი, ვრწმუნდებოდი,

რომ მამა საკმაოდ გულქვა ადამიანი იყო. როგორ არ ვეცადე, მაგრამ

მამიდა ჩემთან ერთად ექიმთან წასვლაზე ვერ დავიყოლიე. როცა

მამას ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა იგი ექიმთან, მას სახეზე რუხი

ლიბრი გადაეკრა და მომიგო:

– ბავშვი ხარ და წადი, შენს ბავშურ საქმეებს მიხედე… – მერე კი

უფრო მკაცრი ტონით დასძინა, – ერთი ამ ჭკუის დამრიგებელს

დამიხედე!..

ერთხელ, რაღაცნაირად მამიდას ვკითხე, იქ ის კინოში თუ

გადაიღეს?

გაკვირვებისაგან მან შუბლი შეიჭმუხნა:

– რა კინო? რისი კინო?

ჩემის აზრით, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ჩემი ეს შეკითხვა

მასში მრავალ გახსენებას აწეწავდა. ალბათ, იფიქრებდა, ბავშვმა რაღაც იცის და იმიტო მეკითხებაო.

– ესე იგი ასეთი ჭორებიც დადის, – თქვა ძილბურანში მყოფი

ადამიანივით. მერე ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ღრმად

ჩაფიქრებული ფანჯარასთან მივიდა.

– აბდულალი ამბობს, მაგნაირ კინოებში ყველაზე ლამაზ ქალებს

იღებან, ამბობს, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში ახლა ასეთი

კინოებია მოდაში. რადგანაც ასეთ ფილმებს კარგი ფული მოქვსო.

– მე ხომ ლამაზიც კი არ ვარ, მამიდა შემოგევლოს, შენ რატომ

გჯერა ყველა სულელის ნათქვამი?! – ეს თქვა და თვალი მოარიდა

ქუჩას, სადაც ადამიანები მიმოდიოდნენ და ჩემკენ შემოტრიალდა.

მისი შეკითხვისთვის პასუხი არ გამიცია. მამიდა ოთახში

დავტოვე და გარეთ გავედი. სინამდვილეში, იმიტომ გავედი, რომ

უკვე ვნანობდი იმას, რაც ვთქვი. მიწას რომ პირი ეყო, შიგ

ჩავძვრებოდი. ალბათ, იგი ვერასოდეს გაიგებს იმას, რომ ხალვათად

რამდენჯერ მიტირია მის შესახებ ახალი ამბის გაგონებისას.

იმისთვის, რომ მას ეს სცოდნოდა, მაშინ ყველაფერი რაც მქონდა

გაგონილი მისთვის უნდა მომეთხრო დაწვრილებით. ორი დღე

ვერიდებოდი მამიდასთან შეხვედრას, მგონი, არც მას სურდა

მაინცდამაინც ჩემთან პირისპირ შეყრა.

მეორე დღეს ხშირფოთლებიანი თუთის ხის ტოტზე ვიჯექი და თუთას შევექცეოდი. მამიდა წყაროდან მოდიოდა. ვიგრძენი, რომ მან

შორიდან მომავალი სეიმური დაინახა და ფეხი აითრია. როცა იგი

მამიდას გაუსწორდა, შეჩერდა. მამიდა მიესალმა. სეიმურმა არ

უპასუხა, მაგრამ ერთმანეთი თვალით სხვანაირად აწონ-დაწონეს. არ

ველოდი, რომ ძია სეიმური მამიდას სალამს სალმითვე არ

უპასუხებდა. სოფელში ყველამ იცოდა, რომ ეს კაცი, რომელიც თავის

დროზე მამიდაზე გიჟდებოდა, დღემდე მის გამო არ ეკიდებოდა

ოჯახს. ესეც რომ არ იყოს, თუ სალამი, მართლაც, ღვთისაა, მაშინ

სალმის უპასუხოდ დატოვება ხომ სეიმურს ცოდვაში ეთვლებოდა.

გარდა ამისა, ისედაც გულგა ტეხილი მამიდას დამცირება არც ვაჟკაცს

ეკადრებოდა და არც სინდისის ჩარჩოში თავსდებოდა. გეგონება, იგი ის ადამიანი არ გახლდათ, ვინც სულ რაღაც ხუთი-ექვსი წლის წინ

მეხვეწებოდა, მისი წერილი მამიდასთვის მიმეტანა. მაგრამ ვინ იცის,

იქნებ სეიმურსაც გაეგონა ყველა ფერი ის, რაც მე მომისმენია.

შეიძლება, ისეთი რაღაცეებიც იყო, რაც მე არ ვიცოდი და რაც არ

გამეგებოდა.

მან მამიდა ირონიულად შეათვალიერა და გზა განაგრძო.

ეს ლამაზი ქალი არასოდეს მენახა ასეთი დამცირებული. არ ვიცი,

სეიმურმა რა იფიქრა, მაგრამ ცოტა რომ წავიდა, შედგა, მერე უკან

მობრუნდა, მამიდა კიდევ ერთხელ თავით-ფეხებამდე ირონიული

მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე შეტრიალდა და წავიდა.

ცოტა ხანში აივანზე ვიყავი ასული, ამ დროს დედაჩემის ხმა გავიგონე. იგი მამიდას ისე ელაპარაკებოდა, როგორც ბავშვს. იმ საღამოს მამიდა დილამდე თავისი ოთახიდან არ გამოსულა. რამდენჯერმე ოთახის კართან მივედი და საკლიტურიდან შევიჭყიტე, იგი იჯდა და გულამოსკვნილი ტიროდა. ჩვენებმა, ბოლო დროს დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, მამიდას სავახშმოდ ამჯერადაც არ დაუძახეს. მას შემდეგ, რაც მათ დაეძინათ, მე საჭმელი მოვიხელთე და მამიდასკენ გავემართე. ჩემი მიტანილი საჭმლის დანახვაზე, სევდიანად გაიღიმა. ასე უდროოდ და ეგზომ აღელვებული რომ დავადექი თავზე, იგი უმალვე მიხვდა საქმის ვითარებას. საჭმელი მაგიდაზე დავდე და მის პირდაპირ გავჩერდი. ისეთი შესახედავი იყო, თითქოს მკვდრეთით აღმდგარიყოს. უფალიც რომ ჩამოსულიყო, ვერ დამარწმუნებდა, რომ მამიდა ხვალამდე ცოცხალი გასტანდა. შეძრწუნებულს რომ არ მეკივლა, ყელზე შემოვეჭდე და ძლიერ მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი.

მამიდა ალბომში ჩაკრულ სურათებს ათვალიერებდა.

– მეც. – მითხრა და გაიღიმა, მაგრამ თვალები არ უღიმოდნენ.

მიუხედავად ამისა, მამიდა როგორც ყოველთვის, ლამაზი იყო. ბებიაც

ყოველთვის იტყოდა ხოლმე, ამ გოგოს ბედი არა და გარეგნობა

ლამაზი ერგო. საწყალმა ბებომ, სული მისი დარდით დალია.

– როცა გაიზრდები, ეს სურათი გაადიდე, – როცა ჩამოვჯექი,

მამიდამ გამომიწოდა სურათი, რომელიც გვერდზე გადაედო. – არავის

აჩვენო, წიგნში ჩადე და შეინახე.

– აუცილებლად! – მე, როგორც კაცებმა იციან, სევდაშეპარულად

შევპირდი და ისე, რომ ეჭვი არაფერზე მიმიტანია, მათი საოჯახო

ფოტო შევათვალიერე, სადაც ოთხნი იყვნენ გამოსახული. თანაც

გამიკვირდა, რომ ამ გაწამაწიაში მამიდამ ეს სურათი მონახა და

საიმედოდ გადასამალად, მართლაც, საიმედო ადგილი დაიგულა:

ისეთი წიგნი მქონდა, რომ ერთხელაც არ გადამეშალა…

ცოტა ხნის შემდეგ თვალამღვრეულმა მამიდამ მთხოვა, წადიო.

სინამდვილეში, არც მე ვაპირებდი დიდხანს დარჩენას. ვფიქრობდი,

წავალ, დაე წყნარად და მადიანად ივახშმოს-მეთქი.

მეორე დილით ძია ალამდარის სულისშემძვრელმა ხმამ უთენია

გაგვაღვიძა:

– ხანძარიო! – ისე კიოდა, გეგონება ხორცს აჭრიანო.

მართალია, ასეთ წივილ-კივილს კარგა ხანია, შეჩვეულები

ვიყავით, მაგრამ მაინც აივანზე გამოვცვივდით. ჩვენი ეზოს

შუაგულში რაღაც იწვოდა. ირგვლივ უცნაური სუნი იდგა.

შემაძრწუნებელ სურათს ქმნიდნენ სილუეტები ადმიანებისა,

რომლებიც ცეცხლის გარშემო დარბოდნენ და მის ჩაქრობას

ლამობდნენ. მათ შორის მხოლოდ მამიდა არ ჩანდა. დაუყონებლივ

სახლში შევვარდი, რომ ეს ამბავი მისთვისაც მეცნობებინა. ოთახში

არავინ დამხვდა. წუხელ ჩემი მოტანილი ვახშამიც მაგიდაზე

ხელუხლებელი იდო. კვლავ ეზოში გავარდი და ვინც პირველად

თვალში მეცა, ეს იყო მამა, რომელიც ნახევრად შიშველ

მდგომარეობაში იდგა და ჩუმად, თავისთვის ტიროდა. მერე ვიღაცამ

მამიდას სახელი ახსენა. ახლადმოსულებიც  მამიდას სახელს

იმეორებდნენ. მე როდის-როდის მივხვდი, თუ რა ხდებოდა და

უცებ ვიკივლე:

– მა-მი-და! – ისე ვიკივლე, მეგონა, ჩემმა ხმამ მთელი სოფელი

შეძრა. – მამი-დააა!…

მამიდას სანაცვლოდ ხელავტომატიანი, სახეგამურული სეიმური

შემრჩა ხელში. მას სახეს უნათებდა ცეცხლი, რომელიც მამიდას

სწვავდა. იმ წუთში რატომღაც მომეჩვენა, რომ ის იყო ყველაფერში

დამნაშავე.

© არილი

Facebook Comments Box