„World Literature Today-ს“ 2004 წლის ნომერში რობერტო ბოლანიოს მიერ შედგენილი სქემა იბეჭდება – მასზე ის 12 რჩევაა განაწილებული, რომლებიც, წესით, მოთხრობის წერის ხელოვნების საიდუმლოებებს უნდა ცხადყოფდეს. თითოეული რჩევა დამცინავი, ხუმრობანარევი ტონითაა დაწერილი – დამწყებ ავტორებს თავიდან ხუან რულფოს, კამილო ხოსე სელას, კორტასარისა და უმბრალის არსებობას ახსენებს; მომდევნო რჩევაში კი მკაცრად ამბობს, რომ უმბრალსა და სელას ახლოს არავინ არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროს. მოგვიანებით ბოლანიო იმ ავტორებს დასცინის, რომლებიც იოზეფ-პიერ (პეტრუს) ბორელს, დიდ ფრანგ პროზაიკოსს, სრული სერიოზულობით კითხულობენ და მისი დახვეწილი სტილის გაუაზრებელ იმიტაციაში ფლანგავენ დროს. სინამდვილეში, როგორც ბოლანიო წერს, დამწყებმა ავტორმა პეტრუს ბორელის არა სალიტერატურო, არამედ ჩაცმის სტილი უნდა გადაიღოს. წელში გამართული, მდიდრულ ფრაკში გამოწყობილი ბორელი დახვეწილია, სასაცილოდ დახვეწილი, თანაც, ფრანგი და იმდენად მედიდური, რომ თითქოს დაგვცინის.
ანას ენობრივი სტილი, ამბებისა და შინაარსისგან დამოუკიდებლად არსებული, თვითმყოფადი თხრობის სტრუქტურა პეტრუს ბორელის ჩაცმის სტილისგან დიდად არ განსხვავდება. პირველად 2005 წელს გამოქვეყნებულ კრებულში “მე, მარგარიტა”, სამწერლობო ენის თავისებურებები და სტრუქტურა უჩვეულო სიმძაფრით იკვეთება და თითოეული მოთხრობის აგებულება იმდენადვეა დახვეწილი, რამდენადაც ბორელის წელში გამოყვანილი ფრაკი თუ გაპრიალებული ფეხსაცმელი. თითოეული პერსონაჟიც თავისებურად, მდაბიურად მედიდურია, ეს მედიდურება კი, ბორელის ფრანგული სამოსისა არ იყოს, ავტორს სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
მტკიცედ მჯერა, რომ ანა თავის გიჟ ქალებზეც გულიანად იცინის, ამ ქალების გაგიჟებულ თავგზააბნეულ კაცებზეც, გადარეულ თბილისში მოხვედრილ შვედ გოგონაზეც, რიხალსკის სახლის ბედზეც, გარუჯულ ნინაზეც და ბებერ მარინაზეც; თუმცა, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, თითოეულ მათგანს თავისი პატარა ტრაგედია ამძიმებს, ტრაგედია, რომელიც ყველაზე მსუბუქ ამბავშიც კი უეცრად არსაიდან ამოტივტივდება ხოლმე. დიდმკერდიანი, ფითქინა ტანციას ტრაგედია მაშინ დაიწყო, რა წამსაც გოგონას დიდი თავადის ჩამობრძანების პატივსაცემად სადგურზე წარწერილი „სტანცია” ერგო სახელად. მუდმივი ძებნისა და ლოდინის დაუსრულებელი ციკლი ტანციას ბედისწერა აღმოჩნდა. ეს ბედისწერა კი რუსი კაცის მორთმეული შავქლიავის ჩაკბეჩით წლების შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებსაც გადასწვდა. ტანციას დიდად არ უმართლებს – მართალია, ძლივს გამოჩენილი მიხაილო ერთხელაც ტანციას აღარ დაუბრუნდება; თუმცა, ანას შემთხვევითობები უყვარს, ეს უეცარი დამთხვევები კი იმდენად ჯადოსნურია, რომ ტრაგედიის სიმძიმეს შთანთქავს ხოლმე – ტექსტის ერთადერთი კაცის გადაკარგვამდე მკითხველი იმას იგებს, მიხაილოს სახლს „სტანცია მარგარიტა” რომ რქმევია. ამგვარი შემთხვევითობები ტანცია-მარგარიტას ტრაგიკულ ბედისწერასთან, ცხადია, ვერაფერს გახდება, თუმცა, მიხაილოს სახლის სეხნიაობა სტანცია-მარგარიტასთვის თითქოს ერთადერთია, რაც მიხაილოს გადაკარგვის შემდეგ აძლებინებს. ტანცია-მარგარიტა მალევე კვდება, თუმცა, ტექსტში სევდისმაგვარი არაფერი იგრძნობა, რადგან მშობიარობას გადაყოლილი ტანციას ადგილს მარგარიტა, რიტა-მარგარიტა იკავებს; რიტა-მარგარიტას წლების შემდეგ კვლავ მორიგი მარგარიტა, მარგო, უერთდება. მათ არსებობაში მიხაილოს კვალი არსად მოჩნას. მალევე ვიგებთ, რიტა-მარგარიტა მატარებლის რელსებს რომ შევარდნია, ტექსტში კი მარგო მარტო რჩება. „მე, მარგარიტა”, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ყველაზე მეტად ბედისწერის ამბავი მგონია. სადგურზე წარწერილმა „სტანციამ” ტანციაც შეიწირა, რიტაც მის რელსებზე აღმოჩნდა სულამომავალი, მარგოს, თავის მხრივ, სოხუმის სადგური არ ანებებს თავს და ის ტექსტში ერთადერთია, რომელიც საკუთარი არსებობის სიმძაფრეს სწორედაც სადგურზე ქროლისას შეიგრძნობს. სიკვდილ-სიცოცხლის ამ ირონიულ წრებრუნვას დასასრული არ უჩანს, რადგან ყოველთვის იარსებებს ვიღაც მარგარიტა, ვისაც, კაცმა არ იცის, რა ბედი ეწევა.
* * *
ქალების გარდა ანას სახლებზე წერა უყვარს – სახლებზე, სადაც ექვსკუთხა ოთახებია, ჭერი 5 მეტრამდეა აღმართული, ბუხარზე კი ჯვრები ალაგია; სადაც კედელზე კბილებდაკრეჭილი ციყვის ფიტული კიდია, ონკანი ხრიალებს და შესასვლელში ჩუქურთმიანი ლითონის კარია; ბარნოვის სახლი, რომელიც თავის პატრონს, ალბათ, ისე უყვარს, როგორც დედა, მამა და სამშობლო, იასამნისა და კვიპაროსის ბაღებიდან დაწყებული, რიხალსკის ჭლექიანი ოჯახით დამთავრებული, უამრავ წყევლას, ცრურწმენასა და რიტუალს იტევს; რიხალსკის სახლის კედლებში ისეთი ქალების სული ტრიალებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სადაცაა დაიხოცებიან, ყოფას არ ეგუებიან, ვერცხლის კოვზს ხელიდან არ აგდებენ და ჩითის კაბას ახლოსაც არ იკარებენ. ვექილი ანას შვილიშვილს კი ძლიერ გაუმართლა, ძველებური ავეჯის გარნიტურს ბებიამისმა ამბებით გამოტენილი სახლი რომ არჩია. მაღალი ჭერისა და სინათლის გარდა, ის ადამიანები აქცევენ სახლს სახლად, შინ მისულები თავიანთი ღრიალის გადასაფარად რადიოს ბოლო ხმაზე რომ აღმუვლებენ და სამზარეულოში ტიტვლები დაიარებიან, საკუთარი თავი როგორმე რომ შეიყვარონ, სიცივეს კი არაფრით ეპუებიან.
მაღალჭერიან სახლებთან ერთად ანას ქალების ამბებს თბილისის აურზაური გასდევს ფონად; ქალაქის, სადაც ხალხით გადატენილ კაფეებში ყავაზე უსასრულო მკითხაობით იქცევენ თავს და ერთ ჭიქას ბარე ათ ღერს აყოლებენ.
ანა მწერლობასთან ერთად, საუკეთესო მთხრობელია; ალბათ, უფრო მეტადაც კია მთხრობელი, ვიდრე, უბრალოდ, გამოგონილ სტრიქონებს ამოფარებული ავტორი. ამიტომაცაა, მის ყველა მოთხრობას უსასრულოდ გადაჭიმული თხრობის ძაფი რომ აქვს. მოთხრობებში ჩატეული ისტორიები ტექსტის აბზაცებს სცდება და მისივე პერსონაჟები მის მონათხრობ ყველა ამბავში ჩუმჩუმად დაძრწიან. თბილისიც ანას, ალბათ, ისევე უყვარს, როგორც დედა და მამა. თბილისის ქუჩები და ცალკეულ პერსონაჟებად გარდაქმნილი კაფეები კი ლენკა რაინეროვას “პრაღელი ქალის ოცნების კაფეს” მოგვაგონებს; ლენკა რაინეროვასი არ იყოს, თბილისი ის ადგილია, სადაც ანა თავის პერსონაჟებთან ერთად სიზმრებში დააბიჯებს. უმახინჯესი კორპუსებით სავსე თბილისიც იმდენადვე მომნუსხველია, რამდენადაც პრაღა თავისი კამკამა ცითა და ფერად-ფერადი სახურავებით – რადგან აქ „ვისაც რა უნდა ჰკითხო, იძახის, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა სურვილი ახდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებითო… ეტყობა, რაღაც სხვანაირი სურვილები აქვთ, რომლებიც უხდებათ…” და მიუხედავად იმისა, რომ „სულ ომის სჭირთ…”, ყოველთვის იარსებებს ოცნების კაფეები, სადაც სიგარეტის კვამლში გახვეული ქალები ჩაუთქვამენ ნატვრებს პიანინოს თავზე შემომდგარ ჭიქა ყავას („თბილისი. ნოემბერი. 2004 წელი”).
თხრობის ეს ჯადოსნური ძაფი მოთხრობიდან მოთხრობაში იხლართება და ლენკა რაინეროვას აჩრდილს მატა ჰარიც უერთდება; საოცარი მატა ჰარი, რომელიც ათწლეულების წინ კიდევ უფრო საოცარი დამთხვევის შედეგად ლენკა რაინეროვას გვერდით აღმოჩნდა საკანში. „…ქუჩაში მანქანიდან მომძახოდა ხოლმე, თან ისეთი გაბრწყინებული, თითქოს მე კი არ დავენახე დამწვარი ბუმბულის ქურთუკში, არამედ მატა ჰარის ეცეკვა ამომავალი მზის საგალობელი.” ანა თითქოს ამ შემთხვევითობების ხაზის გაგრძელებას ცდილობს და მათი სტრიქონებში მოქცევით, ამ ჯადოსნური დამთხვევებს უსასრულობას უნარჩუნებს.
* * *
უსამართლობა იქნება, ანას გმირებს პერსონაჟები ვუწოდოთ და გამოგონილი სამყაროს დარანებში გამომწყვდევა მივუსაჯოთ; თითოეული გმირი იმდენადვეა ნამდვილი ადამიანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მარგარიტაც იმდენადვეა რეალური ადამიანი, რამდენადაც მატა ჰარი, რადგან ეს სახელი მატარებლით რაღაც ამოუცნობ ადგილას მიმავალი სანდლებიანი დედოფალი მარგოს ცხოვრების გამოძახილია, ანას ჩინელი პროფესორის, გუანვენ ლიუ-ყანდარელის, რომლის ნათლობის სახელიც მარგარიტაა და რომელიც, ჩვენი მარგარიტასი არ იყოს, საკუთარ ბედს სწორედაც მატარებელში გადაეყარა.
თუმცა, რთულია, მხოლოდ რეალურ ამბებზე დაფუძნებული გმირების ხარჯზე გამოიყვანო მოთხრობა სრულყოფილი. მოთხრობისთვის შინაარსი იმდენადვე ჩვეულებრივი ამბავია, რამდენადაც ცისფერი თვალი ადამიანისთვის, წერდა ერთი დიდი სამხრეთელი ქალი. ეს ქალი, ეუდორა უელთი, იმასაც ამბობდა, რომ მოთხრობის მოკრძალებული ხიბლი ყველაზე უკეთ მაშინ ვლინდება, როცა სტრიქონებიდან შინაარსი უკვალოდ ქრება, უკანასკნელ მთხრობლად კი უბრალო სიტყვებით შეკოწიწებული ფორმა რჩება. თხრობის მხოლოდ ის ძაფია უწმინდესი, რომელიც სწორედ შინაარსგამოცლილი ფორმების ხარჯზე გაიბმება. თხრობის ეს ძაფი ზოგ მოთხრობაში ბოლომდეა გადაჭიმული, ზოგან კი ამბებით დახუნძლულ სტრიქონებს შორის მიიმალება ხოლმე. თხრობის ფორმების ოსტატური მონაცვლეობით მრავალპლანიან ტექსტებს ვეჩეხებით, სადაც მკითხველი ხან მსუბუქად დაფარფატებს, ხან კი გზააბნეული დაეხეტება. თხრობის ენა დაცლილია ყოველგვარი პომპეზურობისგან, ზოგან უკიდურესად ნატურალისტურ, ლიტერატურულ სივრცეში დიდი ხნის დამკვიდრებულ „დეპეშურ”, საგაზეთო ენასაც ვხვდებით. ამგვარი კომპოზიციური სიმარტივე კი თითოეულ წინადადებას უკიდეგანო სიფრთხილისა განცდითა და დახვეწილობით ავსებს. რთულია, კრებულში შესულ 23 მოთხრობას რაიმე გამაერთიანებელი ნიშანი მოუძებნო, ყველა ამბავი თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, მიუხედავად ამისა, მაინც ამოიცნობა ის რაღაც უხილავი მაგიური ძალა, რომელიც ერთიანობის ილუზიას მთელი თავისი მონუმენტურობით გვახვევს თავს. ერთიანობის ამგვარი შეგრძნება კი უზარმაზარი თანაგრძნობით გაჟღენთილი სტრიქონების ხარჯზეა შეკოწიწებული. „ადამიანის დედამიწობისა და დედამიწის სამყაროობის”[1] ანას მტკიცედ სჯერა. მსგავსი მასშტაბი კი თითოეული ისტორიის უჩვეულო სევდასა და სიმსუბუქეში იკითხება.
* * *
2008 წლისთვის ანას თარგმნილი „საყვარლები” გამოიცა. წლების შემდეგ იელინეკის ამ საზიზღარ რომანს ინგებორგ ბახმანის “მალინა” მოჰყვა. ეს ორი რომანი სავსეა მდაბიო ქალებით, რომლებსაც მდაბიო ადამიანები უყვარდებათ, უსასრულოდ ათევენ ღამეებს ტელეფონის ზარის მოლოდინსა და უადრესატო წერილების წერაში; რომლებიც საკუთარ არსებობის მიღმა დარჩენილან და სასოწარკვეთილი ცდილობენ, როგორმე არსებობის შეგრძნება კვლავ დაიბრუნონ – ამ ქალებიდან თითქმის ყველამ იპოვა საკუთარი ადგილი ანას ტექსტებს შორის, თითქოს სათითაოდ ყველამ მიაგნო საკუთარ შესაფერის პერსონაჟს, ვის აჩრდილადაც გარდაიქმნება და შიგადაშიგ ამოყოფს ხოლმე ამბებში თავს.
ის უსახელო, არსებობაწართმეული ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, დაუდევრად არ მოიქცეს, სახით ქურაზე არ დაეცეს და კინაღამ არ დაიწვას, მასთან ერთად კი თავად ინგებორგ ბახმანი, რომელიც თავის საწოლში მოწევამ, საბოლოოდ, ფერფლად აქცია – ეს ორი ქალი არაფერია, თუ არა მეძავი რინას აჩრდილი; რინას, რომელიც ლოგინზე დაგორებული ეწეოდა, მისი შიშველი მკერდი კი სიგარეტის ფერფლს სულ ამოეწვა („წვიმს”).
ცეცხლი, როგორც ანა წერს, ყველაფერს წმენდს – რიხალსკის სახლში ჩასახლებული ავხორცი ბუბუკები და ოჯოჯოებიც ხომ სწორედ აგიზგიზებულმა ცეცხლმა შთანთქა. სხეულს რაც შეეხება, მისი წვით გამოწვეული ტკივილი, ერთგვარად, თავისუფლების ძიებაა. „ვისურვებდი, თავისუფალი ვიყო, უსაშველოდ თავისუფალი. თავისუფალი, როგორც მკვდრადშობილი” (ემილ ჩორანი, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე”). ანას თითოეული ქალიც, ბახმანისა და იელინეკის პერსონაჟებისა არ იყოს, უსაშველო თავისუფლებისკენ სწრაფვის მანკიერ წრეში ებმებიან. თუმცა კი ანას გმირები ამ ჩაკეტილობის მარწუხებისგან თავის დაღწევას ახერხებენ, ზოგი გვერდით მწოლიარე კაცს სექსის მერე ლოგინის ქვეშ დამალული ქვით უჩეჩქავს თავს, ზოგი ბროლებიანი ქვებით გატენილ ზურგჩანთას მიათრევს იმ იმედით, რომ მდინარის ზედაპირზე არ ამოტივტივდება და ზოგიც საბანში გახვეული ელის, შიმშილი როდის მოკლავს, კაცი როდის გაუგიჟდება ან თვითონ როდის ამოყოფს თავს საგიჟეთში.
[1] ბესიკ ხარანაული, “დიდი სმა”, შესავალი, გამომცემლობა “ინტელექტი”, 2019
© არილი