1963 წელს ალბანეთში ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ გამოიცა. ალბანელმა ლიტერატორებმა წიგნი ჯერ გააკრიტიკეს, მერე კი საერთოდ უგულებელყვეს. ისე, თითქოს არც დაწერილა. მიზეზი ის გახლდათ, რომ კადარემ სოციალისტური რეალიზმი უარყო და რომანი მკვეთრად განსხვავდებოდა მისი თანამედროვე ავტორების ტექსტებისგან, რომლებიც კომუნისტურ რევოლუციას ადიდებდა. მიუხედავად ამისა, რომანის შესახებ მოგვიანებით არაერთი დადებითი გამოხმაურება დაიწერა. რომანის მიხედვით სამი ფილმი გადაიღეს და „მკვდარი არმიის გენერალი“ ავტორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ წიგნად იქცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „მკვდარი არმიის გენერალი“ Le Monde-ს საუკუნის ას საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და საერთაშორისო ბუკერის პრემიის პირველ გამარჯვებულადაც დასახელდა.
1960-ანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. გენერლის მისია ეროვნული ღირსების გამოხატულებად არის აღქმული და ისიც საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით იწყებს შესრულებას, მაგრამ ნელ-ნელა გენერლის შეხედულებები იცვლება, მისი უდარდელი თავდაჯერება კი ირყევა. განუყრელი თანამგზავრი, მღვდელი, ალბანელთა ბუნების შესახებ ელაპარაკება და უხსნის, რომ ალბანელები მოითხოვენ ომს, რადგან მშვიდობისას დუნდებიან და მხოლოდ ნახევრად ცოცხლობენ, როგორც გველი ზამთარში. ასე რომ, ალბანელის სასიცოცხლო ძალები მთელი თავისი სიმძაფრით მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ის იბრძვის.
ტექსტში საინტერესოდაა გადმოცემული გენერლის ფიქრები: როგორ წარმოიდგენს, რომ მკვდარი კაცების მთელი არმია შექმნა და ეს არმია, მისი მეთაურობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბრძოლებში იმარჯვებს.
ისმაილ კადარემ ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიაც მიიღო 2020 წელს. ჟიურიმ მისი ნომინირებისას აღნიშნა, რომ ფრანც კაფკას შემდეგ ტოტალიტარიზმის ჯოჯოხეთური მექანიზმები და მისი გავლენა ადამიანებზე ისე ღრმად არავის გამოუკვლევია, როგორც ეს კადარემ შეძლო.
თავად ავტორი ამბობდა, რომ ლიტერატურას მანამ დაუახლოვდა, სანამ გაიგებდა, რა არის თავისუფლება, ამიტომაც იგი თავისუფლებასთან სწორედ ლიტერატურამ მიიყვანა. სჯერა, რომ შემოქმედებითი პროცესი და წერა ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც ადამიანს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლისას ეხმარება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავს „პოლიტიკურ მწერლად“ არ მიიჩნევს.
ცოტა ხნის წინ ქართულად „მკვდარი არმიის გენერალი“ პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა. კადარე ამბობდა, რომ ნებისმიერი მწერლის კარიერაში მთარგმნელებს უნიკალური როლი აქვთ, რადგან ისინი ქმნიან მათ საერთაშორისო რეპუტაციას. მთარგმნელები პროფესიონალიზმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სწორედ ეს განაპირობებს, რამდენად იღბლიანია ავტორი. ამ კუთხით, საკუთარი თავი იღბლიანად მიაჩნია.
პაატა ჯავახიშვილის მიერაა თარგმნილი „გახლეჩილი აპრილიც“, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს მწერლის შემოქმედებაში. ამ რომანის მთავარი გმირი 26 წლის ჯორჯ ბერიშაა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრი, რომელიც თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდება ტრადიციის ნაწილი, საუკუნოვანი „კანუნის“, რომელიც სისხლის აღებას და სასტიკი წესების ერთგულებას ავალდებულებს. დაუსრულებელი სისხლიანი წრე, რომლისგანაც ადგილობრივებს თავისი დაღწევა არ შეუძლიათ, მთელი თავისი ტრაგიზმით იჩენს თავს, როცა ქალაქელი წყვილი ჩამოდის და ეგზოტიკურ სანახაობად აღიქვამს იმას, რაც, სინამდვილეში, ადგილობრივების უმძიმესი ცხოვრებაა. კონტრასტული სამყაროების ერთმანეთთან შეხვედრა წიგნის კულმინაციაა. წუთი, როცა ლეგენდები, თქმულებები და წარმოდგენები სინამდვილედ განსხეულდება და რაღაცას, ძნელად ასახსნელს, სამუდამოდ ცვლის. ჯორჯ ბერიშასთან ერთად სიკვდილიც რომანის მთავარი გმირია, რომლის სიახლოვეც ყოველ გვერდზე იგრძნობა და სადაც უნდა გაიხედო, ყოველთვის თვალში გეჩხირება მისი ჩრდილი, ძალიან ნაცნობი და ამ ნაცნობობის გამო – ნაკლებად საშიში.
სწორედ ასეთი სიახლოვე იგრძნობა ახლახან გამოცემულ რომანშიც „მკვდარი არმიის გენერალი“, რომელიც განახლებულ „ლიტოდისეას“ უკვე შეემატა.
© არილი