ფრანგი მწერლის, ფრანსუაზ საგანის დაუმთავრებელი რომანი მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ლეილა სლიმანსა თუ ანა ბერესტს რომანის დასრულებას სთავაზობდნენ, ბოლოს მაინც თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა.
ეს გახლავთ გულის ოთხი საკანი, რომელიც ახლახან ითარგმნა ინგლისურად. რომანი გვიყვება მარი-ლორას შესახებ, რომლის ქმარი, ლუდოვიკი, სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ბრუნდება სახლში. საქმე ისაა, რომ ლუდოვიკი საშინელ ავტოავარიაში მოხვდა და დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოცდილება ავტორსაც ჰქონდა – 1957 წელს, როცა ფრანსუაზ საგანი თავისი დიდების მწვერვალზე იყო, იგივე რამ შეემთხვა, რაც მის პერსონაჟს, მაგრამ ავტოავარიამ ვერ გაუქრო მანქანების სიყვარული – საგანი გამოჯანმრთელების შემდეგ პარიზიდან მონტე-კარლომდე კვლავ დააქროლებდა ხოლმე მანქანას.
ლუდოვიკის დაბრუნების შემდეგ მარი-ლორასთან ჩამოდის დედამისი – სწორედ ასე ირღვევა „იდილია“ და იწყება ოჯახური დრამა: ლუდოვიკსა და მამამისს მარი-ლორას დედა უყვარდებათ. ამგვარად, ეს ორასგვერდიანი, დაუსრულებელი რომანიც, როგორც ავტორს ახასიათებს, „მდიდარი და უსაქმური“ ბურჟუების შესახებაა, მის ცენტრში კი კვლავ სასიყვარულო სამკუთხედია.
საგანის ხელნაწერები 2011 წელს, მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ აღმოაჩინა მისმა ვაჟმა, დენი ვესთჰოფმა. მან რომანის გამოქვეყნება საგანის გამომცემელს შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, ამიტომ თვითონ გადაწყვიტა მისი რედაქტირება.
საგანი ორიგინალ ხელნაწერში რომანის შესახებ წერს: „ზოგიერთი აბზაცი მეორდება, სიუჟეტში ბევრია შეუსაბამობა, ზოგიერთი წინადადება არ ვარგა, არეულია სიტყვები და აკლია დასასრული“.
როცა ხელნაწერი ფრანგულ გამომცემლობა Éditions Plon-ს გადასცეს, მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომელიმე ცნობილი მწერლისთვის ხომ არ ეთხოვათ წიგნის დასრულება. ეს შესთავაზეს ვესთჰოფსაც, მაგრამ მან უარი თქვა:
„არასოდეს მნდომებია ამ რომანის დასრულება, ძირითადად, მორალური მიზეზების გამო,“ – აღნიშნა მან The Guardian-თან საუბრისას: „მეტისმეტად დიდ პატივს ვცემ მის ავტორს – ადამიანს, ვინც დაწერა, დედაჩემს – იმისათვის, რომ მისი ნაწარმოების შეცვლის უფლება მივცე თავს და ტექსტს რამე დავამატო“.
ფრანსუაზ საგანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა პირველივე რომანის გამოცემისას – სალამი, სევდავ ჯერ კიდევ 18 წლისამ დაწერა და მაშინვე მიიპყრო მკითხველების ყურადღება. საერთო ჯამში, მან გამოაქვეყნა 20 რომანი, 9 პიესა, მოთხრობების – სამი და არამხატვრული ტექსტების რამდენიმე კრებული.
როგორც ვესთჰოფი იხსენებს, როცა ხელნაწერი იპოვა, წამითაც არ უფიქრია, რომ შეძლებდა მის გამოქვეყნებას. მით უფრო ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ამ რომანით ამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა. მაშინ დედამისის წიგნები უკვე ძნელად იყიდებოდა, რაც იმითაც უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ფრანსუაზ საგანი გაერიდა გარე სამყაროს, ჩამოშორდა მეგობრებს, რედაქტორებს და, ზოგადად, „პარიზის სცენას“.
Éditions Plon-მა ხსენებული რომანი 2009 წელს გამოსცა. უნდა ითქვას, რომ ვესთჰოფმა რაღაცები მაინც შეცვალა ტექსტში: ამოიღო რამდენიმე აბზაცი და ერთ-ერთი პერსონაჟის ვრცელი აღწერა (რადგან ეს პერსონაჟი ტექსტის დანარჩენ ნაწილში სულ სხვაგვარად იყო დახასიათებული).
მისივე თქმით, ეს რომანი არაფერს ახალსა და განსაკუთრებულს არ სთავაზობს მკითხველს, თუმცა, იგი მაინც რჩება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერლის შემოქმედების უნიკალურ და განუყოფელ ნაწილად.
მწერლის, რომელსაც პირველი რომანის გამოქვეყნების შემდეგ „18 წლის კოლეტი უწოდეს“. იმ ქალის, რომელიც ერთხელ ასე დაახასიათეს: „ნახევრად ჯუდი გარლანდი და ნახევრად სკოტ ფიცჯერალდი“.
გარდაცვალებამდე ფრანსუაზ საგანი, რომელსაც ახალგაზრდობისას, პირველი რომანის დამსახურებით (გამოცემიდან ორი წლის განმავლობაში მხოლოდ საფრანგეთში მისი 350 000 ეგზემპლარი გაიყიდა), არც ფული აკლდა და არც პოპულარობა, ნელ-ნელა გაკოტრდა. იმედგადაწურული მეგობრები უყურებდნენ, როგორ ინადგურებდა მწერალი თავს და უშედეგოდ ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, როცა მან თავი ქალაქგარეთ სახლში გამოიკეტა.
ფრანსუაზ საგანი 2004 წელს გარდაიცვალა.
© არილი