იდეალური ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?
ინგლისურ საჩაიეში ჯდომა და მშვიდი საუბარი ან ცოლთან, ან მეგობართან, ან, უბრალოდ, საინტერესო უცნობთან. და კარგი ნამცხვარიც აუცილებელია.
რომელი თვისება გაღიზიანებთ სხვა ადამიანებში ყველაზე მეტად?
რესტორნის მომსახურე პერსონალთან უხეშობისკენ მიდრეკილება.
რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?
ჩემი 1986 წლის martin hd28v-ის აკუსტიკური გიტარა, მიუხედავად იმისა, რომ ორი დიდი ბზარი აქვს და ზედა სიმი ყოველთვის ზუზუნებს.
რას ნანობთ ყველაზე მეტად?
იაპონური ენა რომ დავივიწყე მას შემდეგ, რაც ხუთი წლისამ დავტოვე იაპონია. კარგი იქნებოდა, დიდებული იაპონური ფილმები სუბტიტრების გარეშე მენახა.
რა შემთხვევაში იტყუებით?
როცა ვიღაც მთხოვს, რომ მისი ასაკი გამოვიცნო.
თქვენს გარეგნობაში რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?
ამ დღეებში შევამჩნიე, რომ ჩემი სახის ერთი მხარე უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე მეორე. ორივე ერთნაირი რომ ყოფილიყო, თუნდაც საშინელი, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და დაბალანსებული იქნებოდა.
რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?
ჩემი ცოლი, ლორნა. ჩემი ქალიშვილი, ნაომი. ლიტერატურა, ფილმები, პოპულარული მუსიკა.
რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?
ჩვენი ქორწინება – 37 წელი და კიდევ გრძელდება. ჩემი რომანები – არასოდეს გამიშვა და დღის მიწურულს.
რისი ნიჭი გინდათ, რომ გქონდეთ?
პიანინოზე რომ ვუკრავდე ჯაზს, ბილ ევანსის ან კიტ ჯარეტის სტილში.
ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ საკუთარ თავში, რას შეცვლიდით?
ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა მეორე კუჭი, რომელსაც თან ვატარებდი ჩანთით და რომლის მიმაგრებასაც შევძლებდი ჩემს ნამდვილ კუჭთან, როცა რესტორანში დავჯდებოდი. ასე შევძლებდი ბევრი რამის ჭამას და წონაში არასოდეს მოვიმატებდი.
ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?
დოსტოევსკი, კაფკა, შარლოტა ბრონტე, ჯეინ ოსტინი. ჩვენი ეპოქიდან: მურაკამი, კორმაკ მაკარტი, გაბრიელ გარსია მარკესი. ელიზაბეტ სტრაუტი და მარიანა ენრიკესიც მნიშვნელოვანი აღმოჩენები არიან ჩემთვის.
სად იცხოვრებდით?
თუ სადმე გადავიდოდი საცხოვრებლად, ვენა კარგი იქნებოდა. ვენაში კაფეები არაჩვეულებრივია; შეგიძლია, საათობით დარჩე იქ ისე, რომ არავინ შეგაწუხოს.
ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
წიგნებში – შერლოკ ჰოლმსი. ლეიტენანტი კოლუმბო – ტელევიზორში.
თქვენი საყვარელი სახელები რომლებია?
ის სახელები მომწონს, რომლებიც ადგილებს უკავშირდება. ინდიანა ჯონსი, მინესოტა ფატსი, შანხაი ლილი.
რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენი გმირები?
ბობ დილანი, ჯონი მიჩელი, ჯილიან უელჩი, ლეონარდ კოენი. ჩემი თაობისთვის ნელსონ მანდელა იქცა საუკეთესო მაგალითად არა მხოლოდ იმის, როგორ უნდა იბრძოლო უკეთესი სამყაროსთვის, არამედ იმისაც, როგორ უნდა მართო სამართლიანად და პატიოსნად.
როგორ ისურვებდით სიკვდილს?
ისე, როგორც ჯოელ მაკკრეის პერსონაჟი მოკვდა ფილმის Ride the high country ბოლოს (ის ამბობს რაღაცას იმის შესახებ, რომ შინ მართალი დაბრუნდა, მერე წამოჯდება მხოლოდ იმიტომ, უკანასკნელად რომ შეავლოს თვალი პეიზაჟს და ბოლოს კმაყოფილი, ნელ-ნელა გადის კადრიდან) ან ისე, როგორც ჩვენს ფილმში „ცხოვრება“ ბილ ნაიი კვდება.
© არილი