ინტერვიუ

ბლიცი მკითხველთან – ნინო ბექიშვილი – „აქ მხოლოდ ოცნება შეიძლება ხარისხიან და პირუთვნელ კრიტიკაზე“

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც არიან.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია ნინო ბექიშვილი:

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონი, რომელიც უმეტესწილად რეალობასაც ასახავს ხოლმე.

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ?

ვიქნები ბანალური – ადამიანი და მისი მიმართება მეორე ადამიანთან.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში?

აღაზა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

ბევრი რამ არ წამიკითხავს ძალიან. მაგალითად, ჯონ აპდაიკის არაფერი წამიკითხავს.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება?

ამჟამად – ქალი ავტორები.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი.

აკა მორჩილაძე, თამთა მელაშვილი, კოტე ჯანდიერი.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

მელანია მაცუკოს „ვიტა“.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი. 

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ?

პასუხისმგებლიანი (ვინ მოიგონა?)

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)?

ბრიყვი! ასე, ძახილის ნიშნით!

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი.

„ობოლე“, ვაჰ, სოფელო“, „შაშვი, შაშვი, მაყვალი.“

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა.

დეტექტივები არ მიყვარს.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

ვუბრუნდები საყვარელ წიგნებს, მაგრამ არ ვიცი, რამდენადაა ეს უცნაურობა.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის.“

საყვარელი სტრიქონები „ვეფხისტყაოსნიდან,“ რატომ?

„ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნაღველსა ამონაწები“… – რა უნდა იყოს უფრო ვნებიანი, არ ვიცი…

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

აკაკი წერეთლის „განთიადი“

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ორზე – ქართულად და რუსულად. პოეზიას – ინგლისურადაც.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

მადამ შოშა, კარს რომ აჯახუნებს სულ!

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ნიკო სამადაშვილს და შოთა ჩანტლაძეს შევხედავდი შორიდან.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„ეს ამბავი დიდს, დაბურულს ტყეში მოხდა. რა ამბავიაო, იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზედ მოგახსენებთ.“

რომელია საუკეთესო დასასრული?

„და უფსკრულს დასცქერს პირიმზე, მოღერებულის ყელითა…“

ენა თუ ამბავი? რატომ?

ორივე, არ გამოდის უერთმანეთოდ.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

ინტერესი არ გაუნელდეს.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ?

10 წლის ვიყავი, „რომეო და ჯულიეტა“ რომ წავიკითხე. მერე – დანარჩენი შექსპირიც, მაგრამ ეგრე არაფერს ავუღელვებივარ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

აქ მხოლოდ ოცნება შეიძლება ხარისხიან და პირუთვნელ კრიტიკაზე, ძალიან პატარა, სამხრეთის ქვეყანა ვართ. ისე, ყოველთვის მაინტერესებდა, რას წერენ მწერლები ერთმანეთზე.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ბევრია, ძალიან ბევრი. მაგალითად, „შაგრენის ტყავი“, რა ხდება?

ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ.

მალევე მივხვდი, რომ ცუდი წიგნები არ უნდა ვიკითხო. როგორც წესი, ვწყვეტ კითხვას.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

თომას მანის „ჯადოსნურ მთას“.

ახლა რას კითხულობთ?

თომას ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო!“

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

ცოცხალი და ჩემთვის საინტერესო ლიტერატურული პროცესია.

რომელია, თქვენი აზრით, „არილის“ საუკეთესო ნომერი?

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც ერთი ნომერია. მოდით, არ გავამხელ, რომელი.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა „არილის“ რომელ ნომერს ჰქონდა?

მერაბ მამარდაშვილს რომ ეძღვნებოდა, იმ ნომერს, ალბათ 2000-იანების დასაწყისში.   

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

ბოლოს ის ნომერი, ანი ერნო რომაა ყდაზე.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად „არილში“ აღმოაჩინეთ?

ძალიან ბევრია ასეთი, 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში „არილი“ ყველაზე ძვირფასი რამ იყო, რაც გვქონდა და რასაც ველოდით.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

უკეთესიც შეიძლებოდა. ამ ბოლო დროს მეც ბევრ დროს ვკარგავ სოციალურ ქსელებში.

© არილი

Facebook Comments Box