რომელია თქვენი ყველაზე ადრეული მოგონება?
ძალიან მაეჭვებს ჩემი ყველა „ადრეული მოგონება“. პირველი ავთენტიკური მოგონება, რომელიც მაქვს, ესაა – მამაჩემს ხელში ვყავარ აყვანილი, რათა დედოფალი მერის დასაფლავებისას პროცესიას ვუყურო.
ვინ არიან თქვენი გმირები?
„არც მონსტრები, არც გმირები“ იყო ფლობერის სლოგანი – თუმცა ის უფრო რომანის თემატიკაზე ლაპარაკობდა… რა თქმა უნდა, ყველაზე უსაფრთხოა, გყავდეს მკვდარი გმირები, რომლებიც მოულოდნელად ვერ გაგიცრუებენ იმედს.
ბოლოს რომელმა წიგნმა შეგიცვალათ შეხედულებები?
ალბათ იანის ვარუფაკისის „საუბარი ჩემს ქალიშვილთან ეკონომიკაზე“ – თუმცა ჩემი წინარე ცოდნა ეკონომიკის შესახებ არ შეიძლება მოვიხსენიოთ „შეხედულებად“.
რომელ პოლიტიკურ ფიგურას (ახლანდელს ან წარსულიდან) სცემთ პატივს?
როგორც დიდი ფრანგი მწერალი ჯულს რეინარდი წერდა: „პოლიტიკა საუკეთესო რამ უნდა იყოს მსოფლიოში: მოქალაქე თავისი ქვეყნის სამსახურში. არადა უმდაბლესი რამე გამოდის“. მაგრამ ძალიან მიყვარს გარიბალდი.
ვინ დახატავდა თქვენს პორტრეტს?
ლუსი მაკენზი, ვინც ნატურმორტების ხატვაშია დახელოვნებული, მაგრამ პორტრეტებიც აქვს. სურათი კი იქნებოდა ძალიან პატარა და ვერავინ დამაბრალებდა ამპარტავნებას, თუ ჩემს კედელზე ჩამოვკიდებდი.
რომელია საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?
„უნდა მისცე სხვებს იმის უფლება, რომ არ მოსწონდეთ შენი წიგნები“ და „გახსოვდეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ყველაზე მიუღებელი თვისებები“. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვითვალისწინებ ჯერჯერობით.
ამჟამად რა გაწუხებთ?
ბრექსიტი და ამაზე პასუხისმგებელი ადამიანების არაკომპეტენტურობა. ნაციონალური ჯანმრთელობის სერვისის გამიზნული ჩამოშლა. უკიდურესი სიმდიდრისა და სიღარიბის ზრდა.
სად და როდის გენდომებოდათ ცხოვრება?
მომავალს ვამჯობინებდი, რომელიმე კვაზი-სკანდინავიურ რეალობას, სადაც წინა პრობლემა მოგვარდებოდა და მომდევნო – ჩვეულებრივ რამედ იქცეოდა.
რა შეცვლიდა უკეთესობისკენ თქვენს ცხოვრებას?
ცოდნა იმისა, რომ მხოლოდ ნახევარი ცხოვრება მაქვს გავლილი.
როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
ამაზე ჩემი ბიოგრაფი გიპასუხებთ ჩემი სიკვდილის შემდეგ.
სხვა ცხოვრებაში რა სამსახურს აირჩევდით?
კარგი მღვდელი ვიქნებოდი – სავარაუდოდ, მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში, სოფლად. დავაკვირდებოდი, მოვუსმენდი და გაგებას ვეცდებოდი, როგორც რომანისტი. მაგრამ ალბათ ვერ გავუძლებდი ცდუნებას და აღსარებებს ჩავინიშნავდი.
ყველანი განწირულები ვართ?
მოკლე პერიოდში, კი. ხანგრძლივ პერიოდში – უდავოდ. მაგრამ კვლავ რენარდის ციტატა: „დედამიწაზე იმისთვის ვართ, რომ ვიცინოთ. განსაწმენდელში ან ჯოჯოხეთში ვერ შევძლებთ სიცილს. არც სამოთხისთვის იქნება სიცილი შესაფერისი“. და ვინც იცინის, უფრო დიდხანს ცოცხლობს.
© არილი